საქმე№ას-1262-2019 19 მარტი, 2021 წელი,
ქ. თბილისი,
სამოქალაქო საქმეთა პალატა
შემადგენლობა:
ეკატერინე გასიტაშვილი (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
მოსამართლეები: ზურაბ ძლიერიშვილი,
ბესარიონ ალავიძე
საქმის განხილვის ფორმა _ ზეპირი განხილვის გარეშე
კასატორი – საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო
მოწინააღმდეგე მხარე - შპს „ა–სა“
გასაჩივრებული განჩინება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2019 წლის 30 მაისის განჩინება
კასატორის მოთხოვნა _ გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და, ახალი გადაწყვეტილების მიღებით, სარჩელის სრულად დაკმაყოფილება
დავის საგანი _ თანხის დაკისრება
საკითხი, რომელზედაც მიღებულია განჩინება - საკასაციო საჩივრის დაუშვებლად ცნობა
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
1. საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროსა (შემდეგში: მეიჯარე, სამინისტრო, მოსარჩელე, აპელანტი ან კასატორი) და შპს „ა–სას“ (შემდეგში: მოპასუხე, კომპანია ან მოიჯარე) შორის 2012 წლის 2 ივლისს №7 იჯარის ხელშეკრულება გაფორმდა, რომლის საფუძველზე მოიჯარემ მეიჯარის კუთვნილ ტერიტორიაზე სავაჭრო აპარატები განათავსა.
2. ხელშეკრულების 2.1 პუნქტის თანახმად, საიჯარო (სარგებლობაში გადაცემის) ქირად თითოეულ განსათავსებელ აპარატზე თვეში 60 ლარი განისაზღვრა. ხელშეკრულების 6.1 პუნქტის მიხედვით, ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებების შეუსრულებლობის შემთხვევაში მოიჯარე წერილობითი სახით მიიღებდა გაფრთხილებას, სადაც დარღვევის გამოსწორების ვადა და გადასახდელი პირგასამტეხლოს ოდენობა იქნებოდა მითითებული /საიჯარო ქირის თანხის გადაუხდელობის შემთხვევაში - წლიური საიჯარო ქირის 0.1% დარღვევის დღიდან ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე/(იხ. ს.ფ.28).
3. მხარეებს შორის, 2015 წლის 14 იანვარს, 2012 წლის 2 ივლისის №7 ხელშეკრულებაზე შეთანხმება დაიდო, რომლითაც, ხელშეკრულების მე-6 მუხლში ცვლილება შევიდა და განისაზღვრა, რომ მოიჯარის მიერ ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებების შეუსრულებლობის შემთხვევაში პირგასამტეხლო - გადაუხდელი თანხის 0.1%-ის ოდენობით, დარღვევის დღიდან ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე, დაეკისრებოდა (იხ. ს.ფ.35-36).
4. მოიჯარემ, 2012 წლის 2 ივლისის №7 იჯარის ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულება დაარღვია, რის გამოც დავალიანება ძირითადი თანხის - 3 516.13 ლარის და პირგასამტეხლოს 9 576.05 ლარის ოდენობით, დაერიცხა.
5. მხარეებს შორის, 2015 წლის 14 იანვარს №1 იჯარის ხელშეკრულება გაფორმდა, რომლის საფუძველზე მოიჯარემ მეიჯარის კუთვნილ ტერიტორიაზე სავაჭრო აპარატები განათავსა (იხ. ს.ფ. 20-24).
6. ხელშეკრულების 2.1 პუნქტის თანახმად, საიჯარო (სარგებლობაში გადაცემის) ქირად თითოეულ განსათავსებელ აპარატზე თვეში 100 ლარი, საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული გადახდების ჩათვლით, განისაზღვრა. ხელშეკრულების 4.1 პუნქტის თანახმად, მოიჯარის მიერ ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებების შეუსრულებლობის შემთხვევაში, მას პირგასამტეხლო - გადაუხდელი თანხის 0.1%-ის ოდენობით, დარღვევის დღიდან ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე, დაეკისრებოდა.
7. მოიჯარემ, 2015 წლის 14 იანვრის №1 იჯარის ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულება დაარღვია, რის გამოც დავალიანება ძირითადი თანხის - 400 ლარის და დარიცხული პირგასამტეხლოს - 1 501.40 ლარის ოდენობით დაერიცხა.
8. მეიჯარესა და მოიჯარეს შორის 2014 წლის 30 დეკემბერს შედგა შეთანხმება, რომლითაც განისაზღვრა, რომ , მხარეებს შორის არსებული საიჯარო ხელშეკრულებების (2011 წლის 01.11.11; 2012 წლის 2 ივლისის #6; 2012 წლის 2 ივლისის #7; 2013 წლის 20 ნოემბრის #10) პირობების შეუსრულებლობის გამო, მოიჯარეს საიჯარო დავალიანება (პირგასამტეხლოს ჩათვლით) 2014 წლის 19 დეკემბრის მდგომარეობით 54 599.13 ლარს შეადგენს. ამავე შეთანხმებით მოიჯარე იღებს პასუხისმგებლობას ზემოაღნიშნული თანხა (54 599.13 ლარი) 2015 წლის 01 იანვრიდან - 2017 წლის 01 იანვრამდე (24 თვის განმავლობაში) ყოველთვიურად, თანაბარ წილად 2 274.96 ლარი გადაიხადოს. შეთანხმებით ნაკისრი ვალდებულებების შეუსრულებლობის შემთხვევაში, მოიჯარეს პირგასამტეხლო - გადაუხდელი თანხის 0.2%-ის ოდენობით, დარღვევის დღიდან ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე ეკისრება (იხ. ს.ფ 18-19).
9. თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის გადაწყვეტილებით საქმეზე #2/39787-16 სამინისტროს (მეიჯარის) სარჩელი მოიჯარე კომპანიის მიმართ ნაწილობრივ დაკმაყოფილდა. მოიჯარეს მეიჯარის სასარგებლოდ 72 486 ლარის გადახდა დაეკისრა (საიდანაც ძირითადი თანხაა 65 548.17 ლარი, ხოლო ჯარიმა - 6 938.31 ლარი). დასახელებული გადაწყვეტილების 3.1.5 პუნქტის თანახმად, სასამართლოს მიერ უდავოდ დადგენილი ფაქტობრივი გარემოებაა, რომ 2014 წლის 30 დეკემბერს, მხარეებს (სამინისტროს და კომპანიას) შორის შეთანხმების აქტი შედგა, რომლის საფუძველზე მოიჯარე კომპანიამ ზემოთ დასახელებული იჯარის ხელშეკრულებებიდან გამომდინარე დავალიანება - 54 599.13 ლარი აღიარა და იკისრა ვალდებულება აღნიშნული თანხა 2015 წლის 1 იანვრიდან 2017 წლის 4 იანვრამდე, ყოველთვიურად 2 274 ლარის ოდენობით, გადაეხადა. ამავე შეთანხმების მე-3 პუნქტის თანახმად, მოიჯარის მიერ ვალდებულებების დარღვევის შემთხვევაში, პირგასამტეხლოს სახით გადაუხდელი თანხის 0.2%, ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე, დაეკისრებოდა (იხ. სასამართლოს 01.06.2016წ. გადაწყვეტილება- ს.ფ. 54-60).
10. სარჩელის საფუძვლები
10.1 მეიჯარემ 2018 წლის 29 მაისს სარჩელი აღძრა მოიჯარე კომპანიის წინააღმდეგ და მოპასუხისათვის არსებული დავალიანების - 19 339.54 ლარის დაკისრება მოითხოვა.
10.2. მოსარჩელემ თავისი სასარჩელო მოთხოვნა წინამდებარე განჩინების 1-9 პუნქტებში დასახელებულ გარემოებებს დააფუძნა და განმარტა, რომ მოპასუხემ 2014 წლის 30 დეკემბრის შეთანხმებით ნაკისრი ვალდებულება ნაწილობრივ შეასრულა და დავალიანების - 54 599.13 ლარიდან, მხოლოდ ნაწილი = 11 456 ლარი გადაიხადა. ვინაიდან, მოსარჩელეს საქალაქო სასამართლოსათვის უკვე მიმართული აქვს ზემოხსენებული საიჯარო ხელშეკრულებებიდან და შეთანხმების აქტიდან გამომდინარე, 2016 წლის 1 დეკემბრამდე დავალიანების გადახდის თაობაზე, მოპასუხის დარჩენილი დავალიანება, შეთანხმების აქტის მიხედვით 2016 წლის 1 დეკემბრიდან 2018 წლის 14 აპრილამდე პერიოდისთვის 2 274.96 ლარს, ხოლო დარჩენილი დავალიანების გამო, ზემოაღნიშნულ პერიოდამდე დარიცხული საურავი 2 071 ლარს შეადგენს. შესაბამისად, ჯამში გადასახდელი თანხა 4 345.96 ლარით განისაზღვრება. შესაბამისად, მოსარჩელემ 2016 წლის 1 დეკემბრიდან 2018 წლის აპრილის მდგომარეობით მოითხოვა მოპასუხისათვის სულ 19 339.54 ლარის დაკისრება (იხ. სარჩელი - ს.ფ.5, 8, 10).
11. მოპასუხის შესაგებელი
11.1 მოპასუხემ წერილობით წარდგენილი შესაგებლით სარჩელი ნაწილობრივ ცნო, კერძოდ 2015 წლის 14 იანვრის იჯარის ხელშეკრულებიდან გამომდინარე ძირითადი თანხის 400 ლარისა და 2012 წლის 2 ივლისის იჯარის ხელშეკრულებიდან გამომდინარე ძირითადი თანხის 3 516.13 ლარის ნაწილში, ხოლო დაკისრებული პირგასამტეხლო შეუსაბამოდ მაღალ ოდენობად მიიჩნია.
11.2 მოპასუხემ მიუთითა, რომ 2014 წლის 30 დეკემბრის შეთანხმების აქტიდან გამომდინარე მოთხოვნაზე, რაც თბილისის საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილებით საქმეზე #2/39787-16 უკვე ნამსჯელია და აქედან გამომდინარე არ არსებობს ამ ნაწილში სასარჩელო მოთხოვნის დაკმაყოფილების საფუძველი.
12. თბილისის საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება და დასკვნები
12.1 თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 6 აგვისტოს გადაწყვეტილებით მეიჯარის სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა და მოპასუხეს (მოიჯარე კომპანიას) მოსარჩელის სასარგებლოდ იჯარის ხელშეკრულებებიდან გამომდინარე, ჯამში 4466.13 ლარის (2.07.2012 წლის ხელშეკრულებიდან გამომდინარე ძირითადი თანხა - 3516.13 ლარი; ჯარიმა - 500 ლარი; 14.01.2015 წლის ხელშეკრულებიდან გამომდინარე ძირითადი თანხა - 400 ლარი; ჯარიმა - 50 ლარი). გადახდა დაეკისრა. სასარჩელო მოთხოვნა მოპასუხისთვის 2014 წლის 30 დეკემბრის შეთანხმებიდან გამომდინარე, პირგასამტეხლოს დაკისრების თაობაზე არ დაკმაყოფილდა.
12.2 საქალაქო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო კოდექსის (შემდეგში: სსკ) 316-ე, 317-ე, 327-ე, 581-ე, 417-ე, 420-ე მუხლებითა და საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის (შემდეგში: სსსკ) მე-3, 208-ე მუხლებით.
12.3 სასამართლომ მიუთითა, რომ ვინაიდან, მოპასუხემ მოსამზადებელ ეტაპზე იჯარის ხელშეკრულებებიდან გამომდინარე სარჩელი ცნო ნაწილობრივ, (3516.13 ლარის და 400 ლარის ნაწილში) სარჩელი ამ ნაწილში საფუძვლიანია და სსსკ-ის 208-ე მუხლის საფუძველზე უნდა დაკმაყოფილდეს.
12.4 საქალაქო სასამართლომ მოსარჩელის მიერ იჯარის ხელშეკრულებებიდან გამომდინარე, მოთხოვნილი პირგასამტეხლოს მოცულობა, შეუსაბამოდ მაღალ ოდენობად მიიჩნია და იგი სსკ-ის 420-ე მუხლის „სასამართლოს შეუძლია საქმის გარემოებათა გათვალისწინებით შეამციროს სეუსაბამოდ მაღალი პირაგასამტეხლო“ შესაბამისად, იჯარის ხელშეკრულებებიდან ჯამომდინარე, ჯამში 550 ლარამდე შეამცირა.
12.5 სასამართლომ უსაფუძვლოდ მიიჩნია 2014 წლის 30 დეკემბრის შეთანხმებიდან გამომდინარე პირგასამტეხლოს დაკისრების თაობაზე სასარჩელო მოთხოვნა, ვინაიდან აღნიშნულ საკითხზე თბილისის საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილებით საქმეზე #2/39787-16 უკვე ნამსჯელია და არ არსებობდა ამ ნაწილში სამინისტროს სარჩელის დაკმაყოფილების საფუძველი.
13. სამინისტროს სააპელაციო საჩივარი
13.1 თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 6 აგვისტოს გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა მოსარჩელემ (მეიჯარემ) გასაჩივრებული გადაწყვეტილების ნაწილობრივ გაუქმებისა და, ახალი გადაწყვეტილების მიღებით, სარჩელის სრულად დაკმაყოფილების მოთხოვნით.
14. სააპელაციო სასამართლოს განჩინება და დასკვნები
14.1 თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2019 წლის 30 მაისის განჩინებით, მოსარჩელის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა, უცვლელად დარჩა გასაჩივრებული გადაწყვეტილება.
14.2 სააპელაციო სასამართლომ გაიზიარა გასაჩივრებული გადაწყვეტილებით დადგენილი ფაქტობრივი გარემოებები (სსსკ-ის 390.3.-ე მუხლის ,,გ“ ქვეპუნქტი) და მიუთითა მათზე.
14.3 სააპელაციო სასამართლომ აღნიშნა, რომ პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილების მხოლოდ ის ნაწილია გასაჩივრებული, რომლითაც მოსარჩელეს სასარჩელო მოთხოვნის დაკმაყოფილებაზე ეთქვა უარი. შესაბამისად, სასამართლოს შესაფასებელ გარემოებათა წრეს მოპასუხისთვის 2016 წლის 1 დეკემბრის მდომარეობით საიჯარო ქირის - 2274.96 ლარის და მისი გადაუხდელობის გამო დარიცხული პირგასამტეხლოს 2071 ლარის დაკისრებაზე უარის თქმისა და მოპასუხისთვის დაკისრებული პირგასამტეხლოს შემცირების მართლზომიერება წარმოადგენს.
14.4 სააპელაციო სასამართლომ ყურადღება გაამახვილა თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის გადაწყვეტილებაზე საქმე #2/39787-16, სადაც მოპასუხეს, მოსარჩელის სასარგებლოდ 72 486 ლარის გადახდა დაეკისრა (საიდანაც სესხის ძირითადი თანხაა - 65 548.17 ლარი, ჯარიმა 6938.31 ლარი). აღნიშნული გადაწყვეტილება სააპელაციო სასამართლოს მიერ პირგასამტეხლოს დაკისრების ნაწილში გაუქმდა და მოპასუხეს დამატებით 5000 ლარის გადახდა დაეკისრა.
14.5 სააპელაციო სასამართლომ მხარეებს შორის ხელმოწერილ 2014 წლის 30 დეკემბრის შეთანხმების აქტზეც მიუთითა, რომლითაც მოპასუხემ იჯარის ხელშეკრულებებიდან გამომდინარე, დავალიანება 54 599.13 ლარი აღიარა და 2015 წლის 1 იანვრიდან 2017 წლის 4 იანვრამდე, ყოველთვიურად 2274 ლარის გადახდის ვალდებულება იკისრა. ამავე შეთანხმებით, ვალდებულების შეუსრულებლობის შემთხვევაში, მოპასუხეს პირგასამტეხლოს სახით გადაუხდელი თანხის 0.2% ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე დაეკისრებოდა. სააპელაციო სასამართლომ გაიზიარა საქალაქო სასამართლოს 2018 წლის 6 აგვისტოს გადაწყვეტილებაში მითითებული მსჯელობა და დასკვნა, რომ ზემოხსენებული შეთანხმების აქტიდან გამომდინარე, მოპასუხისთვის პირგასამტეხლოს დაკისრების თაობაზე, სასამართლოს გადაწყვეტილებაში საქმეზე #2/39787-16 უკვე არსებითად ნამსჯელი აქვს. შესაბამისად, პირგასამტეხლოს დაკისრების ნაწილში მეიჯარის სასარჩელო მოთხოვნას ფაქტობრივ-სამართლებრივი საფუძველი არ გააჩნია.
14.6 სააპელაციო სასამართლომ არ გაიზიარა აპელანტის (მოსარჩელის) მსჯელობა, რომ სასამართლოს გადაწყვეტილებაში იანვრის თვის საიჯარო ქირის დაკისრებაზე არ უმსჯელია, ვინაიდან იმ დროისათვის ვადამოსულ მოთხოვნას არ წარმოადგენდა. სააპელაციო სასამართლოს შეფასებით, განსახილველი მოთხოვნის საფუძველი უკვე განხილული დავის იდენტურია, კერძოდ, მოსარჩელე მოპასუხეს იმავე ხელშეკრულებიდან გამომდინარე წარმოშობილ დავასთან მიმართებით ედავება. ის გარემოება, რომ მოთხოვნა სარჩელის აღძვრის დროს ვადამოსული არ იყო, დასაბუთებულ შედავებას არ წარმოადგენს, ვინაიდან სასარჩელო მოთხოვნის დაკმაყოფილებას სამოქალაქო საპროცესო კანონმდებლობა მოსარჩელეზე დაკისრებული მტკიცების ტვირთის წარმატებით დაძლევას უკავშირებს, განსახილველ შემთხვევაში კი, სწორედ აპელანტის (მოსარჩელის) მტკიცების ტვირთს წარმოადგენდა სასამართლოსთვის იმ გარემოების დადასტურება, რომ იანვრის თვის საიჯარო ქირის მოთხოვნის შესაძლებლობა სასამართლოში უკვე განხილული დავის ფარგლებში, ობიექტურად არ გააჩნდა, კერძოდ მას უნდა დამტკიცებინა, , რომ სსსკ-ის 83-ე მუხლის მე-2 ნაწილით მისთვის მინიჭებული საპროცესო უფლების გამოყენება და მოთხოვნის გაზრდის შესაძლებლობა არ ჰქონდა, ამგვარი მტკიცების არარსებობის პირობებში კი, სააპელაციო სასამართლო მოკლებულია შესაძლებლობას გაიზიაროს აპელანტის მოსაზრება და სარჩელი ამ ნაწილში დააკმაყოფილოს.
14.7 სააპელაციო სასამართლომ არ გაიზიარა აპელანტის პრეტენზია პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ პირგასამტეხლოს შეუსაბამოდ ცნობასთან მიმართებით და მიუთითა, რომ ძირითადი ვალდებულების მოცულობის, შინაარსის, დარღვევის ხასიათის, ზიანის არარსებობისა და იმ გარემოების გათვალისწინებით, რომ მოპასუხე მხარემ პირველი ინსტანციის სასამართლოში სარჩელი ნაწილობრივ ცნო, მოთხოვნილი პირგასამტეხლოს ოდენობა შეუსაბამოდ მაღალი იყო. შესაბამისად სსკ-ის 420-ე მუხლით სასამართლოსთვის მინიჭებული დისკრეცია მართებულად იქნა გამოყენებული და სააპელაციო საჩივრის დაკმაყოფილების ფაქტობრივ-სამართლებრივი საფუძვლები არ არსებობს.
15. საკასაციო საჩივრის საფუძვლები
15.1 მოსარჩელემ (მეიჯარემ) საკასაციო წესით გაასაჩივრა თბილისის სააპელაციო სასამართლოს განჩინება მისი გაუქმებისა და, ახალი გადაწყვეტილების მიღებით, სარჩელის დაკმაყოფილება მოითხოვა.
15.2 კასატორის მტკიცებით, სააპელაციო სასამართლომ არასწორად დატოვა უცვლელად პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება პირგასამტეხლოს შეამცირების ნაწილში, ასევე არასწორად არ დააკმაყოფილა შეთანხმების აქტიდან გამომდინარე, იანვრის თვის გადასახდელი ძირითადი თანხისა და პირგასამტეხლოს თანხის დაკისრების სასარჩელო მოთხოვნა.
15.3 კასატორმა წინამდებარე განჩინების პირველი, მე-5 და მე-8 პუნქტებში ასახულ ფაქტობრივ გარემოებებზე მიუთითა და განმარტა, რომ მოპასუხის მხრიდან შეთანხმების აქტით ნაკისრი ვალდებულება ნაწილობრივ შესრულდა. მან მხოლოდ 11 456 ლარი გადაიხადა. ამის შემდეგ, მოსარჩელემ სასამართლოს სარჩელით მიმართა და მოპასუხისთვის 2016 წლის 1 დეკემბრის მდგომარეობით არსებული დავალიანების დაკისრება მოითხოვა.
15.4 სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებულ განჩინებაში დაშვებულია შეცდომა, ვინაიდან მოსარჩელე სადავოდ ხდიდა N1 და N2 ხელშეკრულებიდან გამომდინარე პირგასამტეხლოს ოდენობის შემცირებას, ხოლო შეთანხმების აქტთან მიმართებით სასამართლომ არასწორად იმსჯელა. საქმის მასალებიდან ირკვევა, რომ სასამართლოს გადაწყვეტილებით, მოპასუხეს შეთანხმების აქტით დაეკისრა 40868.17 ლარის და ასევე პირგასამტეხლოს 5000 ლარის გადახდა. მოპასუხეს აღიარებული ჰქონდა 54 599.13 ლარი, ხოლო 2016 წლის 1 დეკემბრის მდგომარეობით დავალიანება 40 868.17 ლარი იყო. შესაბამისად, მოპასუხეს გადასახდელი ჰქონდა (54 599.13-40868.17) 2274.96 ლარი (შეთანხმების აქტის მოქმედების ვადა განისაზღვრა 2015 წლის 1 იანვრიდან 2017 წლის 4 იანვრამდე), რომელსაც 2071 ლარის ოდენობით პირგასამტეხლო (0.2% დღიური) დაერიცხა. ჯამში, მოპასუხის დავალიანება 4345.96 ლარია.
15.5 სააპელაციო სასამართლომ საქმის მასალები სრულად არ შეაფასა, ვინაიდან ნათელია, რომ 2016 წლის 1 დეკემბრის მდგომარეობით, დავალიანების დათვლა იმის გამო განხორციელდა, რომ სასამართლოში დავა მიმდინარეობდა სხვადასხვა ხელშეკრულებებიდან გამომდინარე, რომელთა მოქმედების ვადა უკვე ამოწურული იყო. შესაბამისად, შეთანხმების აქტს, N1 და N7 ხელშეკრულებებს ჯერ კიდევ ჰქონდათ მოქმედების ვადა და სწორედ ამიტომ მოითხოვა სამინისტრომ მოთხოვნის დაყენება 2016 წლის 1 დეკემბრიდან 2018 წლის 14 აპრილამდე.
15.6 კასატორის განმარტებით, გაუგებარია რა საფუძვლით დაადგინა სასამართლომ (სსსკ-ის 83-ე მუხლზე მითითებით), რომ წარდგენილი ფაქტობრივი გარემოებებიდან გამოდინარე, სამინისტროს უნდა ემტკიცებინა, რომ ვადამოსულ მოთხოვნას არ წარმოადგენდა შეთანხმების აქტიდან გამომდინარე იანვრის თვის გადასახადი.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლო საქმის შესწავლის, მტკიცებულებათა გაანალიზების, საკასაციო საჩივრის დასაშვებობის იურიდიული დასაბუთებულობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ მოსარჩელის (მეიჯარის) საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს სსსკ-ის 391-ე მუხლის მოთხოვნებს, რის გამოც დაუშვებელია, შემდეგი არგუმენტაციით:
16. სსსკ-ის 391-ე მუხლის მეხუთე ნაწილის შესაბამისად, საკასაციო საჩივარი ქონებრივ და სხვა არაქონებრივ დავებში დასაშვებია, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს; ზ) გასაჩივრებულია სააპელაციო სასამართლოს მეორე დაუსწრებელი გადაწყვეტილება ან განჩინება დაუსწრებელი გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების თაობაზე. ზემოაღნიშნული ნორმები განსაზღვრავს იმ მოთხოვნებს, რომელთაც საკასაციო საჩივარი უნდა შეიცავდეს და ეფუძნებოდეს.
17. საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სსსკ-ის 391-ე მუხლით გათვალისწინებული არც ერთი ზემოხსენებული საფუძვლით.
18. საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ საკასაციო საჩივარი დასაშვებიც რომ ყოფილიყო, მას არა აქვს წარმატების პერსპექტივა შემდეგ გარემოებათა გამო:
ა) განსახილველ შემთხვევაში, არ არსებობს სსსკ-ის 391-ე მუხლის მეხუთე ნაწილის "ე" ქვეპუნქტით დადგენილი საკასაციო საჩივრის დასაშვებობის წინაპირობაც, რომლის მიხედვითაც, საკასაციო საჩივარი დასაშვებია, თუ სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმე განხილულია მნიშვნელოვანი საპროცესო დარღვევით, რომელსაც შეეძლო, არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე;
ბ) სსსკ-ის 407.2-ე მუხლის თანახმად, სააპელაციო სასამართლოს მიერ დამტკიცებულად ცნობილი ფაქტობრივი გარემოებები სავალდებულოა საკასაციო სასამართლოსათვის, თუ წამოყენებული არ არის დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია. სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილად ცნობილ ფაქტობრივ გარემოებებთან დაკავშირებით კასატორს დასაბუთებული პრეტენზია არ წარმოუდგენია.
19. საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ სააპელაციო სასამართლოს საქმის გადასაწყვეტად სამართლებრივად მნიშვნელოვანი ყველა გარემოება აქვს გამოკვლეული.
20. საკასაციო სასამართლოს შეფასების საგანია, სააპელაციო სასამართლოს მიერ პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების მართლზომიერება მოიჯარისათვის დაკისრებული პირგასამტეხლოს შემცირების თაობაზე.
21. საკასაციო სასამართლო საქმის გარემოებათა გაანალიზების შედეგად მიიჩნევს, რომ ქვემდგომი ინსტანციის სასამართლომ მართებულად გამოიყენა სსკ-ის 420-ე მუხლი (სასამართლოს შეუძლია საქმის გარემოებათა გათვალისწინებით შეამციროს შეუსაბამოდ მაღალი პირგასამტეხლო). საკასაციო სასამართლო ვერ გაიზიარებს კასატორის პრეტენზიას, პირგასამტეხლოს უსაფუძვლოდ შემცირებასთან დაკავშირებით და აღნიშნავს, რომ ქვემდგომი სასამართლოს მიერ დაკისრებული პირგასამტეხლო, ჯამში 550 ლარის ოდენობით სახელშეკრულებო ვალდებულების ვადაგადაცილებით შესრულების კომპნესირებისათვის ადეკვატურ რაოდენობას წარმოადგენს.
22. საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ პირგასამტეხლო, უპირველესად, კრედიტორის ინტერესების უზრუნველმყოფი საკანონმდებლო მექანიზმია, რომელიც კრედიტორის სახელშეკრულებო რისკებს ამცირებს, თუმცა იმისთვის, რომ თავიდან იქნეს აცილებული კრედიტორის მხრიდან ამ ინსტიტუტის ფარგლებში უფლების ბოროტად გამოყენება, ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში შესაფასებელი და იმავდროულად დასაცავი ღირებულებაა სახელშეკრულებო წონასწორობა/ბალანსი, ერთი მხრივ, პირგასამტეხლოს, როგორც სახელშეკრულებო თავისუფლების გამოხატულებას და, მეორე მხრივ, მოვალის დაცვას, როგორც ამ თავისუფლების ლეგიტიმურ შეზღუდვას შორის.
23. ამდენად, პირგასამტეხლოს იურიდიული ძალა მხოლოდ მაშინ აქვს, თუ ის იმავდროულად უზრუნველყოფს მოვალის გონივრული ფარგლებით დაცვას. სსკ-ის 420-ე მუხლში დეკლარირებული სასამართლოს უფლებამოსილება, ჩაერიოს თუნდაც მხარეთა ურთიერთთანმხვედრი ნებით დაწესებული პირგასამტეხლოს გონივრულობის განსაზღვრაში და, საჭიროების შემთხვევაში შეამციროს კიდეც მისი ოდენობა, სწორედ სახელშეკრულებო წონასწორობისა და კრედიტორის ზნეობრივად გაუმართლებელი ქმედების უკუქცევას ემსახურება, მართალია, მოვალე თავისუფალი ნების გამოვლენის პირობებში თანხმდება კრედიტორის მიერ შეთავაზებულ პირგასამტეხლოს განსაზღვრის წესს, მაგრამ ამ დროს გასათვალისწინებელია მოვალის სუბიექტური დამოკიდებულება ვალდებულების შესრულების მიმართ, გარიგების დადების ინტერესის სანაცვლოდ, პირი შესაძლებელია, დათანხმდეს არაგონივრულ პირგასამტეხლოს, ვინაიდან ხელშეკრულების დადების ეტაპზე ხშირია ვალდებულების დაურღვევლობის რწმენა მოვალის მხრიდან და, ამავდროულად, სარგებლიან გარიგებაში კონტრაჰირების სურვილი (იხ. სუსგ Nას-1699-2018, 30.04.2020წელი).
24. საკასაციო სასამართლო პირგასამტეხლოს შემცირების საფუძვლიანობის თაობაზე დამკვიდრებულ სასამართლოს ერთგვაროვანი პრაქტიკასაც მოიხმობს. საკასაციო სასამართლომ პირგასამტეხლოს თაობაზე არაერთ საქმეზე განმარტა, „მიუხედავად იმისა, რომ კანონმდებლობით პირგასამტეხლო მხარეთა მიერ ნების თავისუფალი გამოვლენის გზით მიღწეული შეთანხმებაა, იგი არ წარმოადგენს მხარეთა აბსოლუტურ უფლებას და კვალიფიციური შედავების პირობებში, სასამართლო უფლებამოსილია, შეაფასოს კრედიტორის მიერ მოთხოვნილი ოდენობით პირგასამტეხლოს თანაზომიერება ვალდებულების დარღვევასთან მიმართებით. სასამართლოს მხრიდან მხარეთა თავისუფალი ნების გამოვლენით მიღწეულ შეთანხმებაში ჩარევის კანონისმიერ საფუძველს წარმოადგენს სასამართლოსათვის დაკისრებული ერთგვარი საჯარო წესრიგის უზრუნველმყოფელი ვალდებულება (იხ. სუსგ-ები: Nას-708-678-2016, 27 იანვარი, 2017 წელი; №ას-1199-1127-2015, 13 აპრილი, 2016 წელი; №ას-222-209-2015, 06 მაისი, 2015 წელი)“. საკასაციო სასამართლო, ზემოაღნიშნული მსჯელობიდან გამომდინარე, განმარტავს, რომ, მართალია, პირგასამტეხლოს განსაზღვრა მხარეთა უფლებაა და ამ კუთხით მოქმედებს სახელშეკრულებო ურთიერთობებში დამკვიდრებული მხარეთა ნების ავტონომიის პრინციპი, თუმცა სსსკ-ის 420-ე მუხლი შესაძლებლობას აძლევს სასამართლოს, შეამციროს შეუსაბამოდ მაღალი პირგასამტეხლო მხარეთა მიერ გამოვლენილი ნების მიუხედავად.
25. საკასაციო სასამართლოს შეფასებით, კასატორის პრეტენზიას პირგასამტეხლოს შემცირების მიზანშეუწონლობის ნაწილში არ გააჩნია სამართლებრივად ვარგისი საფუძველი, შესაბამისად, ქვემდგომმა ინსტანციის სასამართლომ მართებულად იმსჯელა პირგასამტეხლოს შემცირებაზე სსკ-ის 420-ე მუხლით მინიჭებული დისკრეციული უფლებამოსილების ფარგლებში.
26. კასატორის პრეტენზია ისიცაა, რომ 2014 წლის 30 დეკემბრის შეთანხმების აქტთან მიმართებით სააპელაციო სასამართლომ არასწორად იმსჯელა. კასატორი სასარჩელო მოთხოვნის აღძვრის საფუძვლად ამჯერად ვალდებულების შესრულების სხვა პერიოდს უკავშირებს.
27. საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ, როგორც უზენაესი სასამართლოს არაერთ გადაწყვეტილებაშია განმარტებული, სასამართლოს უპირველესი ამოცანაა, დაადგინოს, თუ რას ითხოვს მოსარჩელე მოპასუხისაგან და რის საფუძველზე, ანუ რომელ ფაქტობრივ გარემოებებზე ამყარებს თავის მოთხოვნას. სასამართლომ მხარის მიერ მითითებული მოთხოვნის ფარგლებში უნდა მოძებნოს ის სამართლებრივი ნორმა (ნორმები), რომელიც იმ შედეგს ითვალისწინებს, რისი მიღწევაც მხარეს სურს. ამასთან, მოთხოვნის სამართლებრივ საფუძვლად განხილული ნორმა (ან ნორმები) შეიცავს იმ აღწერილობას (ფაქტობრივ შემადგენლობას), რომლის შემოწმებაც სასამართლოს პრეროგატივაა და რომელიც უნდა განხორციელდეს ლოგიკური მეთოდების გამოყენების გზით, ანუ სასამართლომ უნდა დაადგინოს, ნორმაში მოყვანილი აბსტრაქტული აღწერილობა რამდენად შეესაბამება კონკრეტულ ცხოვრებისეულ სიტუაციას და გამოიტანოს შესაბამისი დასკვნები. ის მხარე, რომელსაც აქვს მოთხოვნა მეორე მხარისადმი, სულ მცირე, უნდა უთითებდეს იმ ფაქტობრივ შემადგენლობაზე, რომელსაც სამართლის ნორმა გვთავაზობს. აქედან გამომდინარე, შეგვიძლია დავასკვნათ, რომ მოთხოვნის სამართლებრივი საფუძვლის რომელიმე ფაქტობრივი წანამძღვრის (სამართლებრივი წინაპირობის) არარსებობა გამორიცხავს მხარისათვის სასურველი სამართლებრივი შედეგის დადგომას (იხ. სუსგ №ას-1529-1443-2012, 9 დეკემბერი, 2013 წელი; დიდი პალატის გადაწყვეტილება №ას-664-635-2016, 2 მარტი, 2017 წელი, §187).
28. საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ თანამედროვე საპროცესო სამართლებრივი დოქტრინა სარჩელს განსაზღვრავს, როგორც დაინტერესებული პირის მიმართვას სასამართლოსადმი დარღვეული ან სადავო უფლების დაცვის მოთხოვნით, უფლების შესახებ დავის გადაწყვეტის გზით.
29. საკასაციო სასამართლო იზიარებს სააპელაციო სასამართლოს მსჯელობას სადავო საკითხთან მიმართებით და მიაჩნია, რომ მოცემულ შემთხვევაში გამოვლენილია 2014 წლის 30 დეკემბრის შეთანხმების აქტიდან გამომდინარე მოთხოვნა, რომელზეც საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილებაში საქმეზე #2/39787-16 არსებითად უკვე ნამსჯელი აქვს, რაც იმას ნიშნავს, რომ გადაწყვეტილება მიღებულია.
30. მოცემულ შემთხვევაში საკასაციო სასამართლო ყურადღებას ამახვილებს შემდეგ ფაქტებზე: საქმის მასალებით დადგენილია, რომ მოპასუხემ (მოიჯარემ), 2014 წლის 30 დეკემბრის შეთანხმების აქტით, მოსარჩელის (მეიჯარის) წინაშე იჯარის ხელშეკრულებებიდან გამომდინარე არსებული დავალიანება 54 599.13 ლარი აღიარა, რომელიც ყოველთვიურად 2274 ლარის ოდენობით, 2015 წლის 1 იანვრიდან 2017 წლის 1 იანვრამდე უნდა გადაეხადა. შეთანხმებით ნაკისრი ვალდებულებების შეუსრულებლობის შემთხვევაში, მოიჯარეს პირგასამტეხლო - გადაუხდელი თანხის 0.2%-ის ოდენობით, დარღვევის დღიდან ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე ეკისრებოდა. მოსარჩელემ ვალდებულების შეუსრულებლობის გამო, სარჩელით მიმართა მოპასუხის წინააღმდეგ და, 2016 წლის 1 დეკემბრის მდგომარეობით, ზემოხსენებული შეთანხმების აქტით აღიარებული საიჯარო დავალიანების და მასზე დარიცხული პირგასამტეხლოს დაკისრება მოითხოვა. დადგენილია, რომ პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილებით საქმეზე #2/39787-16 სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა: მოპასუხეს იჯარის ხელშეკრულებებიდან და 2014 წლის 30 დეკემბრის შეთანხმების აქტიდან გამომდინარე, ჯამში 72 486 ლარის გადახდა დაეკისრა(იხ. წინამდებარე განჩინების მე-9 პუნქტი).
31. წინამდებარე დავაში, მოსარჩელის ერთ-ერთ მოთხოვნაა ამავე შეთანხმებიდან გამომდინარე საიჯარო ქირის და მასზე დარიცხული პირგასამტეხლოს 2016 წლის 1 დეკემბრიდან 2018 წლის 14 აპრილამდე დაკისრება. კასატორის მტკიცებით, 2014 წლის 30 დეკემბრის შეთანხმების აქტიდან (იხ. წინამდებარე განჩინების მე-8 პუნქტი) გამომდინარე სასარჩელო მოთხოვნების დაყოფა პირველი სარჩელის აღძვრის დროისათვის შეთანხმების აქტის მოქმედების ვადების არსებობით იყო განპირობებული.
32. საკასაციო სასამართლო არ იზიარებს კასატორის მსჯელობას და განმარტავს, რომ მას თავდაპირველი სარჩელის წარდგენის დროსაც შეეძლო მოეთხოვა შეთანხმების აქტის მოქმედების სრულ პერიოდზე სადავო თანხის დაკისრება. განსახილველ შემთხვევაში, გამოვლენილი არ არის ახალი სასარჩელო მოთხოვნა, არამედ მოსარჩელემ ფაქტობრივად თავდაპირველი მოთხოვნა (30.12.2014წ. შეთანხმების აქტიდან გამომდინარე) გაზარდა, რაც დაუშვებელია. სასარჩელო მოთხოვნის დაზუსტების ან გაზრდის უფლებას სსსკ-ის 83.2-ე მუხლი ითვალისწინებს და ამგვარი შესაძლებლობა მოსარჩელეს საქმის წინასწარი სასამართლო განხილვისათვის მომზადების დამთავრებამდე აქვს და ამის შესახებ სასამართლო მოპასუხეს ატყობინებს, რათა არ დაირღვეს კანონის წინაშე მხარეთა თანასწორობის პრინციპი.
33. საკასაციო სასამართლო იზიარებს სააპელაციო სასამართლოს მსჯელობას და დასკვნას, რომ მოსარჩელე მოპასუხეს იმავე შეთანხმების აქტიდან გამომდინარე მოთხოვნას უყენებს, რაც უკვე იყო სასამართლოს არსებითი მსჯელობისა და გადაწყვეტის საგანი. საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ ამ შემთხვევაში წინამდებარე შეთანხმების აქტის საფუძველზე წარმოშობილი მოთხოვნა და თავდაპირველი სარჩელის ფაქტობრივ-სამართლებრივი დასაბუთება იდენტურია, კერძოდ, ორივე შემთხვევაში, განხილვის საგანია 2014 წლის 30 დეკემბრის შეთანხმების აქტის საფუძველზე წარმოშობილი მოთხოვნები.
34. ამრიგად, საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ კასატორმა აღძრა იგივე სასარჩელო მოთხოვნა, იმავე მხარის მიმართ საქმეზე, რომელზეც არსებობს სასამართლოს გადაწყვეტილება. ხოლო კასატორის მიერ დასახელებული გარემოება, რომ კონკრეტული მოთხოვნა სარჩელის აღძვრის დროს ვადამოსული არ იყო, რამაც განაპირობა 2016 წლის 1 დეკემბრამდე პერიოდზე სარჩელის აღძვრა, დაუსაბუთებულ შედავებას წარმოადგენს.
35. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება კანონიერია, ხოლო საკასაციო საჩივრის დასაშვებობის წინაპირობები არ არსებობს, რაც მისი დაუშვებლად ცნობის სამართლებრივი საფუძველია.
36. კასატორი სახელმწიფო ბაჟის გადახდის ვალდებულებისაგან, „სახელმწიფო ბაჟის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-5 მუხლის საფუძველზე, გათავისუფლებულია.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 284-ე, 285-ე, 391-ე, 401-ე, 408.3-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საკასაციო საჩივარი, როგორც დაუშვებელი, დარჩეს განუხილველად;
2. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე ე. გასიტაშვილი
მოსამართლეები: ზ. ძლიერიშვილი
ბ. ალავიძე