Facebook Twitter

საქმე №ას-629-2021

23 ივნისი, 2021 წელი თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატის

მოსამართლე ვლადიმერ კაკაბაძე

საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი მოსმენის გარეშე

კერძო საჩივრის ავტორები – ნ.რ–ი, დ.მ–ა, ნ.მ–ა, ა.მ–ა (მოპასუხეები)

მოწინააღმდეგე მხარე – ი.ყ–ი (მოსარჩელე)

გასაჩივრებული განჩინება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2021 წლის 20 მაისის განჩინება

კერძო საჩივრის ავტორის მოთხოვნა – გასაჩივრებული განჩინების გაუქმება

დავის საგანი – უკანონო მფლობელობიდან ნივთის გამოთხოვა

აღწერილობითი ნაწილი:

თბილისის საქალაქო რაიონული სასამართლოს 2020 წლის 2 ივლისის გადაწყვეტილებით ი.ყ–ის სარჩელი უკანონომფლობელობიდან ნივთის გამოთხოვის შესახებ დაკმაყოფილდა. მოპასუხეების უკანონო მფლობელობიდან გამოთხოვილ იქნა ქ. თბილისში, ............, შენობა-ნაგებობის ჩამონათვალი: #1 საერთო ფართით 110.92 კვ.მ., საკადასტრო კოდი: .... და დადგინდა აღნიშნული ქონების მოსარჩელისათვის გამოთავისუფლებულ მდგომარეობაში გადაცემა.

პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრეს მოპასუხეებმა.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2021 წლის 20 მაისის განჩინებით სააპელაციო საჩივარი დარჩა განუხილველად.

სააპელაციო სასამართლოს განჩინებაზე კერძო საჩივარი შეიტანეს მოპასუხეებმა და მოითხოვეს გასაჩივრებული განჩინების გაუქმება.

სამოტივაციო ნაწილი

საკასაციო სასამართლო საქმის მასალების განხილვის შედეგად მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი კერძო საჩივარი განუხილველად უნდა დარჩეს შემდეგ გარემოებათა გამო:

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის (შემდეგში სსსკ) 420-ე მუხლის თანახმად, კერძო საჩივრის განხილვა ზემდგომ სასამართლოებში წარმოებს შესაბამისად ამ სასამართლოებისათვის გათვალისწინებული წესების დაცვით. ამდენად, კერძო საჩივრის დასაშვებობის საკითხის გადაწყვეტისას გამოყენებული უნდა იქნეს საპროცესო ნორმები საკასაციო საჩივრის დასაშვებობის შესახებ.

სსსკ-ის 396-ე მუხლის მე-4 ნაწილით, საკასაციო საჩივრის შემოსვლიდან 10 დღის ვადაში მომხსენებელმა მოსამართლემ უნდა შეამოწმოს, შეტანილია თუ არა საკასაციო საჩივარი/კერძო საჩივარი ამ მუხლით დადგენილ მოთხოვნათა დაცვით. აღნიშნული მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, თუ საკასაციო/კერძო საჩივარი არ არის შეტანილი კანონით დადგენილ ვადაში, საკასაციო საჩივარი განუხილველი დარჩება.

სსსკ-ის 416-ე მუხლის თანახმად, კერძო საჩივრის შეტანის ვადაა 12 დღე. ამ ვადის გაგრძელება ან აღდგენა დაუშვებელია. იგი იწყება მხარისათვის განჩინების გადაცემის მომენტიდან ან მხარისათვის სასამართლო სხდომაზე მისი გამოცხადებიდან, თუ განჩინების გამოცხადებას ესწრებოდა კერძო საჩივრის შეტანის უფლების მქონე პირი. განჩინების გადაცემის მომენტად ითვლება განჩინების ასლის მხარისათვის ჩაბარება უშუალოდ სასამართლოში ან ამ კოდექსის 70-ე-78-ე მუხლების შესაბამისად.

მოცემული საქმის მასალებიდან იკვეთება, რომ თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2021 წლის 20 მაისის განჩინება კერძო საჩივრის ავტორებს გაეგზავნათ საქმეში არსებულ მისამართზე (ქ. თბილისი, ......). საქმის მასალებში არსებული საფოსტო ბარათით ირკვევა, რომ სასამართლო გზავნილი კერძო საჩივრის ავტორს ნ.მ–ას (რომელიც არის ნ.რ–ის, დ.მ–ასა და ა.მ–ას ოჯახის წევრი) ჩაბარდა 2021 წლის 28 მაისს (იხ. ტომი პირველი, ს.ფ - 125).

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 59-ე მუხლის თანახმად, საპროცესო მოქმედება სრულდება კანონით დადგენილ ან სასამართლოს მიერ განსაზღვრულ ვადაში ხოლო მე-60 მუხლის მე-2 ნაწილის და 61-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, წლებით, თვეებით ან დღეებით გამოსათვლელი საპროცესო ვადის დენა იწყება იმ კალენდარული თარიღის ან იმ მოვლენის დადგომის მომდევნო დღიდან, რომლითაც განსაზღვრულია მისი დასაწყისი. საპროცესო მოქმედება, რომლის შესასრულებლადაც დადგენილია ვადა, შეიძლება შესრულდეს ვადის უკანასკნელი დღის ოცდაოთხ საათამდე. თუ საჩივარი, საბუთები ან ფულადი თანხა ფოსტას ან ტელეგრაფს ჩაბარდა ვადის უკანასკნელი დღის ოცდაოთხ საათამდე, ვადა გასულად არ ჩაითვლება.

კერძო საჩივრის ავტორებისათვის განჩინების გასაჩივრების 12 დღიანი ვადის დენა დაიწყო გასაჩივრებული განჩინების ჩაბარების მომდევნო დღიდან, ანუ 2021 წლის 29 მაისს და ამოიწურა 2021 წლის 9 ივნისს.

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 63-ე მუხლის თანახმად, საპროცესო მოქმედების შესრულების უფლება გაქარწყლდება კანონით დადგენილი ან სასამართლოს მიერ დანიშნული ვადის გასვლის შემდეგ. საჩივარი ან საბუთები, რომლებიც შეტანილია საპროცესო ვადის გასვლის შემდეგ, განუხილველი დარჩება. დასახელებული ნორმიდან გამომდინარე, მხარე კანონით ან სასამართლოს მიერ დადგენილი ვადის განმავლობაში ვალდებულია, განახორციელოს მისთვის დაკისრებული მოქმედება, წინააღმდეგ შემთხვევაში იგი კარგავს ამ საპროცესო მოქმედების შესრულების უფლებას.

განსახილველ შემთხვევაში, კერძო საჩივარი შეტანილია კანონით დადგენილი ვადის დარღვევით, 2021 წლის 10 ივნისს.

ყოველი ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ ნ.რ–ის, დ.მ–ას, ნ.მ–ასა და ა.მ–ას კერძო საჩივარი განუხილველად უნდა იქნეს დატოვებული.

სამოტივაციო ნაწილი:

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 399-ე, 401-ე, 416-ე, 420-ე მუხლებით და

დაადგინა:

1. ნ.რ–ის, დ.მ–ას, ნ.მ–ასა და ა.მ–ას კერძო საჩივარი თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2021 წლის 20 მაისის განჩინებაზე განუხილველად იქნეს დატოვებული.

2. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

მოსამართლე ვლადიმერ კაკაბაძე