Facebook Twitter

საქმე №ას-505-2021 25 ივნისი, 2021 წელი,

თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატა

შემადგენლობა:

ლევან მიქაბერიძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),

მირანდა ერემაძე, ვლადიმერ კაკაბაძე

საქმის განხილვის ფორმა - ზეპირი განხილვის გარეშე

კერძო საჩივრის ავტორები - ა.ძ–ი, ბ.ძ–ი (მოპასუხე)

მოწინააღმდეგე მხარე - სს „ბ–ი“ (მოსარჩელე)

გასაჩივრებული განჩინება - ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2021 წლის 15 მარტის განჩინება

კერძო საჩივრის ავტორების მოთხოვნა - გასაჩივრებული განჩინების გაუქმება

დავის საგანი - უკანონო მფლობელობიდან ნივთის გამოთხოვა, მესაკუთრისათვის გამონთავისუფლებულ მდგომარეობაში გადაცემა

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :

1. სს „ბ–მა“ (შემდგომ – მოსარჩელე, მოწინააღმდეგე მხარე) სარჩელი აღძრა სასამართლოში ა.ძ–ისა (შემდგომ - პირველი მოპასუხე, პირველი აპელანტი, პირველი კერძო საჩივრის ავტორი) და ბ.ძ–ის (შემდგომ - მეორე მოპასუხე, მეორე აპელანტი, მეორე კერძო საჩივრის ავტორი) მიმართ, უკანონო მფლობელობიდან უძრავი ნივთის გამოთხოვისა და მესაკუთრისათვის გამოთავისუფლებულ მდგომარეობაში გადაცემის შესახებ.

2. წყალტუბოს მაგისტრატი სასამართლოს 2020 წლის 23 სექტემბრის გადაწყვეტილებით, სარჩელი დაკმაყოფილდა; სადავო უძრავი ნივთი გამოთხოვილ იქნა მოპასუხეთა უკანონო მფლობელობიდან და ამ უკანასკნელებს დაევალათ გამოთავისუფლებული უძრავი ნივთის მესაკუთრისათვის გადაცემა;

3. პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრეს მოპასუხეებმა, რომლებმაც გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და, ახალი გადაწყვეტილების მიღებით, სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა მოითხოვეს.

4. ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2021 წლის 15 მარტის განჩინებით, სააპელაციო საჩივარი განუხილველად დარჩა შემდეგი საფუძვლებით:

5. სააპელაციო სასამართლოს განმარტებით, სააპელაციო საჩივარს 2021 წლის 8 თებერვლის განჩინებით ხარვეზი დაუდგინდა.

6. სააპელაციო საჩივარზე ხარვეზის დადგენის შესახებ განჩინება აპელანტების წარმომადგენელ ი.კ–ვას გაეგზავნა და მის მეუღლეს - ლ.ნ–ძეს 2021 წლის 15 თებერვალს ჩაჰბარდა, შესაბამისად, ხარვეზის შესავსებად საპროცესო ვადის დენა 2021 წლის 16 თებერვალს დაიწყო და იმავე წლის 25 თებერვალს დასრულდა. სასამართლოს მიერ განსაზღვრული ვადის დაცვით აპელანტებს ხარვეზი არ შეუვსიათ და არც რაიმე შუამდგომლობით არ მიუმართავთ სასამართლოსათვის.

7. ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, სააპელაციო სასამართლომ საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის (შემდგომ - სსსკ) მე-60 მუხლის მეორე ნაწილის, 61-ე მუხლის, 70-ე მუხლის პირველი ნაწილის, 74-ე მუხლის პირველი ნაწილის, 368-ე მუხლის მეხუთე ნაწილის, 372-ე მუხლისა და 374-ე მუხლის საფუძველზე მიიჩნია, რომ სააპელაციო საჩივარი განუხილველად უნდა დარჩენილიყო.

8. სააპელაციო სასამართლოს ზემოაღნიშნული განჩინება აპელანტებმა კერძო საჩივრით გაასაჩივრეს და ამ განჩინების გაუქმება მოითხოვეს შემდეგი საფუძვლებით:

9. კერძო საჩივრის ავტორთა განმარტებით, ხარვეზის შესახებ განჩინება, ისევე, როგორც სააპელაციო საჩივრის განუხილველად დატოვების შესახებ განჩინება არ ჩაჰბარებიათ. როგორც მათთვის ცნობილი გახდა, ხარვეზის დადგენის შესახებ გაჩინება ჩაჰბარდა წინამდებარე განჩინების მე-6 პუნქტში მითითებულ წარმომადგენელს, რომელსაც მათ უარი უთხრეს წარმომადგენლობაზე, იმ მიზეზით, რომ ვერ შეძლეს ადვოკატის ხარჯების გადახდა.

10. კერძო საჩივრის ავტორთა მტკიცებით, ვინაიდან მათთვის უცნობი იყო სააპელაციო საჩივარზე დადგენილი ხარვეზის შესახებ, არსებობს გასაჩივრებული განჩინების გაუქმების ფაქტობრივ-სამართლებრივი წინაპირობები.

11. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2021 წლის 4 ივნისის განჩინებით, კერძო საჩივარი მიღებულ იქნა განსახილველად.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

12. საკასაციო სასამართლო კერძო საჩივრის საფუძვლების შესწავლისა და გასაჩივრებული განჩინების იურიდიული დასაბუთების შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ კერძო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს, ხოლო გასაჩივრებული განჩინება დარჩეს უცვლელად შემდეგ გარემოებათა გამო:

13. განსახილველ შემთხვევაში, საკასაციო სასამართლოს შეფასების საგანია, სააპელაციო საჩივარზე დადგენილი ხარვეზის გამოუსწორებლობის გამო, სააპელაციო საჩივრის განუხილველად დატოვების შესახებ განჩინების კანონიერება.

14. სსსკ-ის 368-ე მუხლის მეხუთე ნაწილის თანახმად, თუ სააპელაციო საჩივარი არ უპასუხებს ამ ნორმის მოთხოვნებს, ან სახელმწიფო ბაჟი არ არის გადახდილი, სასამართლო ავალებს საჩივრის შემტან პირს შეავსოს ხარვეზი, რისთვისაც მას ვადას უნიშნავს. თუ ამ ვადაში ხარვეზი არ იქნება შევსებული, სააპელაციო საჩივარი აღარ მიიღება და, იმავე კოდექსის 374-ე მუხლის პირველი ნაწილის გათვალისწინებით, დარჩება განუხილველად დაუშვებლობის გამო.

15. ამდენად, თუ სააპელაციო საჩივარი ხარვეზიანია, სასამართლო განსაზღვრავს იმ საპროცესო მოქმედებებს, რომლებიც ხარვეზის შევსების მიზნით უნდა განხორციელდეს და აპელანტს დაუნიშნავს ვადას, რომლის განმავლობაშიც ის ვალდებულია, შეასრულოს განჩინებაში მითითებული მოქმედებები. წინააღმდეგ შემთხვევაში, სააპელაციო საჩივარი დარჩება განუხილველად.

16. გასაჩივრებული განჩინებით, სააპელაციო საჩივარი დარჩა განუხილველად იმ საფუძვლით, რომ აპელანტებმა ხარვეზი არ შეავსეს სასამართლოს მიერ დადგენილ ვადაში.

17. საქმის მასალებით დადგენილია, რომ თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2021 წლის 8 თებერვლის განჩინებით, სააპელაციო საჩივარი მიჩნეულ იქნა ხარვეზიანად და აპელანტებს დაევალათ განჩინების ასლის გადაცემიდან 10 დღის ვადაში სააპელაციო სასამართლოში წარედგინათ: ა) სახელმწიფო ბაჟის - 80 ლარის გადახდის დამადასტურებელი საბუთის დედანი; ბ) სააპელაციო საჩივრის ელექტრონული ვერსია (შესრულებული word-ის ფაილში CD დისკის სახით).

18. საკასაციო პალატა მიუთითებს საქმეში არსებულ მასალებზე, რომლითაც დასტურდება, რომ ხარვეზის დადგენის შესახებ განჩინება აპელანტების წარმომადგენელს - ი.კ–ვას გაეგზავნა და 2021 წლის 15 თებერვალს მის მეუღლეს - ლ.ნ–ძეს ჩაჰბარდა ადრესატისათვის გადასაცემად (ს.ფ. 87).

19. კერძო საჩივრის ავტორთა პრეტენზია აგებულია იმ მსჯელობაზე, რომ მათ სააპელაციო საჩივარზე ხარვეზის დადგენის შესახებ განჩინება არ ჩაჰბარებიათ. აღნიშნული ი.კ–ვას გაეგზავნა, რომელიც მათი წარმომადგენლობას აღარ ახორციელებს სასამართლოში.

20. სსსკ-ის 70-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, მხარეს ან მის წარმომადგენელს სასამართლო უწყებით ეცნობება სასამართლო სხდომის ან ცალკეული საპროცესო მოქმედების შესრულების დრო და ადგილი. უწყება მხარისათვის და მისი წარმომადგენლისათვის ჩაბარებულად ჩაითვლება, თუ იგი ჩაჰბარდება ერთ-ერთ მათგანს ან ამ კოდექსის 74-ე მუხლით გათვალისწინებულ სუბიექტებს. ამ ნორმის თანახმად, შესაძლებელია, საჭირო საპროცესო დოკუმენტები სასამართლომ გაუგზავნოს უშუალოდ მხარეს ან, ასეთის არსებობის შემთხვევაში, მის წარმომადგენელს. სასამართლო უფლებამოსილია, თავად გადაწყვიტოს, ჩამოთვლილ პირთაგან კონკრეტულად რომელს ჩააბაროს გზავნილი. საპროცესო დოკუმენტების მხარის წარმომადგენლისათვის ჩაბარება მათი უშუალოდ მხარისათვის გადაცემას უთანაბრდება.

21. საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ მომჩივანთა ზემოაღნიშნული არგუმენტები უსაფუძვლოა და არ წარმოადგენს გაშვებული საპროცესო ვადის საპატიოდ მიჩნევის კანონისმიერ საფუძველს, კერძოდ, პირველი ინსტანციის სასამართლოში 2020 წლის 9 სექტემბრის სხდომა გადაიდო პირველი მოპასუხის შუამდგომლობის საფუძველზე, რომლითაც ეს უკანასკნელი დამატებით დროს ითხოვდა ადვოკატის ასაყვანად, ვინაიდან საკუთარი ინტერესებს დამოუკიდებლად ვერ დაიცავდა. ამის შემდგომ, მოპასუხეებმა საკუთარი ინტერესების დაცვა ხ.კ–ძესა და ი.კ–ვას მიანდეს და შესაბამისი მინდობილობა 2020 წლის 21 სექტემბერს 10 წლის ვადით გააფორმეს (იხ. ტ.1. ს.ფ. 45-47). სწორედ წინამდებარე განჩინების მე-6 პუნქტში მითითებული წარმომადგენელი მიუთითეს სააპელაციო საჩივარშიც წარმომადგენლად, მისივე საკონტაქტო მონაცემების აღნიშვნით.

22. საკასაციო პალატა მიუთითებს, რომ ზემოაღნიშნული გარემოებები სასამართლოს აძლევს იმ პრეზუმფციის დაშვების შესაძლებლობას, რომ წინამდებარე განჩინების მე-6 პუნქტში მითითებული წარმომადგენელი შეტყობინების ჩაბარებაზე უფლებამოსილი პირია. საწინააღმდეგოს მტკიცება, პრეზუმფციის გაქარწყლება კი, კერძო საჩივრის ავტორებს ევალებოდათ. საქმის მასალებით არ დასტურდება და არც კერძო საჩივრის ავტორებს არ წარმოუდგენიათ სსსკ-ის 102-ე მუხლის დაცვით ზემოაღნიშული რწმუნებულების გაუქმების დამადასტურებელი დოკუმენტი, რაც საშუალებას მისცემდა სასამართლოს, აპელანტთა მიერ ხარვეზის შეუვსებლობის საპატიო მიზეზების შესახებ ემსჯელა. აღნიშნულის საწინააღმდეგოდ კი დასტურდება, რომ აპელანტთა ინტერესებს პირველი ინსტანციიდან მოყოლებული წინამდებარე განჩინების 21-ე პუნქტში მითითებული წარმომადგენლები იცავდნენ, სწორედ ერთ-ერთმა წარმომადგენელმა ჩაიბარა 2020 წლის 23 ოქტომბერს პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილებაც. ამასთან, არც აპელანტებს და არც წარმომადგენლებს საქმის განხილვის არცერთ ეტაპზე სასამართლოსათვის არ უცნობებიათ წინამდებარე განჩინების 21-ე პუნქტში მითითებული მინდობილობის გაუქმების შესახებ, რაც კერძო საჩივრის ავტორთა მიერ მითითებული გარემოებების გაზიარების საფუძველს გამორიცხავს.

23. საკასაციო პალატა ზემოაღნიშნულისა და წინამდებარე განჩინების მე-20 პუნქტში მითითებული სამართლებრივი დანაწესიდან გამომდინარე განმარტავს, რომ ი.კ–ვასათვის სააპელაციო საჩივარზე დადგენილი ხარვეზის შესახებ განჩინების ჩაბარება, აპელანტებისთვისაც განჩინების ჩაბარებად ითვლება.

24. სსსკ-ის მე-60 მუხლის მეორე ნაწილის თანახმად, წლებით, თვეებით ან დღეებით გამოსათვლელი საპროცესო ვადის დენა იწყება იმ კალენდარული თარიღის ან იმ მოვლენის დადგომის მომდევნო დღიდან, რომლითაც განსაზღვრულია მისი დასაწყისი. ამავე კოდექსის 61-ე მუხლის მეორე და მესამე ნაწილების მიხედვით კი, საპროცესო მოქმედება, რომლის შესასრულებლადაც დადგენილია ვადა, შეიძლება შესრულდეს ვადის უკანასკნელი დღის ოცდაოთხ საათამდე. თუ ვადის უკანასკნელი დღე ემთხვევა უქმე და დასვენების დღეს, ვადის დამთავრების დღედ ჩაითვლება მისი მომდევნო პირველი სამუშაო დღე.

25. საკასაციო პალატა იზიარებს სააპელაციო სასამართლოს დასკვნას, რომ აპელანტებისთვის ხარვეზის შესავსებად დადგენილი ათდღიანი საპროცესო ვადის დენა დაიწყო ხარვეზის განჩინების მათი წარმომადგენლისათვის ჩაბარების მომდევნო დღეს − 2021 წლის 16 თებერვალს და იმავე წლის 25 თებერვალს ამოიწურა.

26. პალატა მიიჩნევს, რომ აპელანტებს გონივრული ვადა (10 დღე) მიეცათ ხარვეზის გამოსასწორებლად, თუმცა სასამართლოს მიერ დადგენილ ვადაში იგი არ გამოუსწორებიათ და არც საპროცესო ვადის გაგრძელების შესახებ ან რაიმე სხვა სახის შუამდგომლობით მიუმართავთ სააპელაციო სასამართლოსათვის.

27. სსსკ-ის 59-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, საპროცესო მოქმედება სრულდება კანონით დადგენილ ან სასამართლოს მიერ განსაზღვრულ ვადაში. ამავე კოდექსის 63-ე მუხლის თანახმად, საპროცესო მოქმედების შესრულების უფლება ქარწყლდება კანონით დადგენილი ან სასამართლოს მიერ დანიშნული ვადის გასვლის შემდეგ. საჩივარი ან საბუთები, რომელიც შეტანილია საპროცესო ვადის გასვლის შემდეგ, განუხილველი დარჩება. ამ ნორმებიდან გამომდინარეობს, რომ მხარე ვალდებულია, სასამართლოს მიერ განსაზღვრული ვადის მიხედვით შეასრულოს დავალებული საპროცესო მოქმედება, წინააღმდეგ შემთხვევაში, იგი კარგავს შესაბამისი მოქმედების შესრულების უფლებას.

28. განსახილველ შემთხვევაში, ვინაიდან უდავოა სააპელაციო სასამართლოს მიერ სააპელაციო საჩივარზე დადგენილი ხარვეზის დანიშნულ ვადაში შეუვსებლობის ფაქტი, საკასაციო პალატას, სსსკ-ის 368-ე მუხლის მე-5 ნაწილის ბოლო წინადადების საფუძველზე, კანონიერად მიაჩნია სააპელაციო საჩივრის განუხილველად დატოვების შესახებ გასაჩივრებული განჩინება.

29. სსსკ-ის 420-ე მუხლის თანახმად, კერძო საჩივრის განხილვა ზემდგომ სასამართლოებში წარმოებს შესაბამისად ამ სასამართლოებისათვის გათვალისწინებული წესების დაცვით. ამავე კოდექსის 410-ე მუხლის მიხედვით კი, საკასაციო სასამართლო არ დააკმაყოფილებს საკასაციო საჩივარს, თუ: ა) კანონის მითითებულ დარღვევას არა აქვს ადგილი; ბ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებას საფუძვლად არ უდევს კანონის დარღვევა; გ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება არსებითად სწორია, მიუხედავად იმისა, რომ გადაწყვეტილების სამოტივაციო ნაწილი არ შეიცავს შესაბამის დასაბუთებას.

30. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ სააპელაციო პალატის გასაჩივრებული განჩინების გაუქმების სამართლებრივი საფუძველი არ არსებობს, ხოლო წარმოდგენილ კერძო საჩივარს უარი უნდა ეთქვას დაკმაყოფილებაზე.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 419-ე, 420-ე მუხლებით

დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. ა.ძ–ისა და ბ.ძ–ის კერძო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;

2. ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2021 წლის 15 მარტის განჩინება დარჩეს უცვლელად;

3. სახელმწიფო ბაჟი გადახდილია;

4. განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.

მოსამართლეები: ლევან მიქაბერიძე

მირანდა ერემაძე

ვლადიმერ კაკაბაძე