საქმე №ას-426-2020 10 თებერვალი, 2021 წელი,
ქ. თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატის
შემადგენლობა:
გიორგი მიქაუტაძე (თავმჯდომარე)
მირანდა ერემაძე (მომხსენებელი),
ვლადიმერ კაკაბაძე
საქმის განხილვის ფორმა _ ზეპირი განხილვის გარეშე
კასატორი – აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტრო (მოსარჩელე)
მოწინააღმდეგე მხარე – შპს „ი.ე.მ.მ“ (მოპასუხე)
გასაჩივრებული განჩინება – ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2020 წლის 12 თებერვლის განჩინება
კასატორის მოთხოვნა – გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის სრულად დაკმაყოფილება
დავის საგანი – პირგასამტეხლოს ანაზღაურება
საკითხი, რომელზედაც მიღებულ უნდა იქნეს განჩინება - საკასაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმება
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი
1. აჭარის ა/რ მთავრობის თავმჯდომარის (შემდეგში: მთავრობის თავმჯდომარე) 2009 წლის 6 იანვრის №1 ბრძანებით, შპს ,, I.G.C.M. M.“-ს (შემდეგში: მოპასუხე, მყიდველი, კომპანია), ვალდებულების შესრულების პირობით, პირდაპირი მიყიდვის ფორმით, 118 026 ლარად საკუთრებაში გადაეცა, ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის სოფელ ........ მდებარე 39 342 კვ.მ. მიწის ნაკვეთი, საკადასტრო კოდით ...... (ტ.1,ს.ფ. 23-24).
2. აჭარის ა/რ ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროსა (შემდეგში: მოსარჩელე, აპელანტი, გამყიდველი, სამინისტრო ან კასატორი) და მოპასუხეს შორის, 2009 წლის 6 იანვარს გაფორმებული ნასყიდობის ხელშეკრულების (ტ.1,ს.ფ.25-40) 3.2 მუხლის მიხედვით, მყიდველმა აიღო შემდეგი ვალდებულებები:
2.1. დადგენილ ვადაში გადაეხადა ნასყიდობის ფასი და მიეწოდებინა გამყიდველსათვის აღნიშნულის დამადასტურებელი დოკუმენტები;
2.2. ხელშეკრულების ხელმოწერიდან 5 (ხუთი) წლის განმავლობაში უზრუნველეყო მეტალის კონსტრუქციების საწარმოს მშენებლობა და ექსპლუატაციაში შეყვანა, რისთვისაც უნდა განეხორციელებინა არანაკლებ 10 (ათი) მილიონი ევროს ინვესტიცია, მათ შორის 2009 წლის განმავლობაში-არანაკლებ ერთი მილიონი ევროს ინვესტიცია;
2.3. 2009 წლის განმავლობაში უზრუნველეყო ქონებაზე არანაკლებ 20 (ოცი) საქართველოს მოქალაქის დასაქმება, 2010 წლიდან-საწარმოს ექსპლუატაციაში შეყვანამდე-არანაკლებ 100 (ასი) საქართველოს მოქალაქის დასაქმება, მათ შორის, ძირითადად აჭარის ავტონომიურ რესპუბლიკაში მუდმივად მცხოვრები საქართველოს მოქალაქეების დასაქმება;
2.4. ქარხნის ექსპლუატაციაში შეყვანის მომენტისათვის უზრუნველეყო არანაკლებ 300 (სამასი) საქართველოს მოქალაქის დასაქმება და ეზრუნა დასაქმებულთა რაოდენობის შენარჩუნებისათვის. მათ შორის, ძირითადად აჭარის ავტონომიურ რესპუბლიკაში მუდმივად მცხოვრები საქართველოს მოქალაქეების დასაქმება.
3. მთავრობის თავმჯდომარის, ქონების პრივატიზების შესახებ 2009 წლის 6 იანვრის №1 ბრძანებაში (ტ.1,ს.ფ.23), მთავრობის თავმჯდომარის 2010 წლის 13 იანვრის №2, 2011 წლის 10 თებერვლის №30, 2012 წლის 16 მაისის №108 და 2013 წლის 9 ოქტომბრის №233 ბრძანებებით შეტანილია ცვლილებები საპრივატიზებო პირობებში და ხელშეკრულებით ნაკისრი სხვადასხვა პირობების: ინვესტიციის ჩადების, საწარმოს მშენებლობის, მოქალაქეთა დასაქმების მხრივ ნაკისრი ვალდებულებების შესრულების თარიღი გადავადდა.
4. მხარეთა შორის, 2013 წლის 2 დეკემბერს, კვლავ გაფორმდა შეთანხმების აქტი, რომლითაც 2009 წლის 6 იანვარს გაფორმებულ ხელშეკრულებაში შეტანილია ცვლილებები და ვალდებულებები ჩამოყალიბდა შემდეგნაირად:
4.1. 2014 წლის ბოლომდე უზრუნველეყო 3D პანელის მეტალის კონსტრუქციების, ასევე სხვა სამშენებლო მასალის საწარმოს ექსპლუატაციაში შეყვანა, რისთვისაც უნდა განეხორციელებინა არანაკლებ 6 (ექვსი) მილიონი ევროს ინვესტიცია, მათ შორის 2014 წლის 1 მაისამდე, არანაკლებ 1 (ერთი) მილიონი ევროს ინვესტიცია;
4.2. 2014 წლის 1 მაისამდე, საწარმოს ექსპლუატაციაში შეყვანამდე დაესაქმებინა არანაკლებ 42 (ორმოცდაორი) მოქალაქე, ხოლო 2014 წლის ბოლომდე გაეზარდა დასაქმებულთა რაოდენობა არანაკლებ 100 (ასი) მოქალაქემდე, უზრუნველეყო საწარმოში დასაქმებულთა საერთო რაოდენობის არანაკლებ 80%-მდე საქართველოს მოქალაქის დასაქმება და დასაქმებულთა რაოდენობის არანაკლებ 3 (სამი) წლის განმავლობაში შენარჩუნება.
5. მხარეთა მიერ ვალდებულების შეუსრულებლობისთვის ხელშეკრულებით განისაზღვრა პირგასამტეხლო - ინვესტიციის განხორციელების ვალდებულების შეუსრულებლობის შემთხვევაში ჯარიმა - განსახორციელებელი ინვესტიციის 0.1% ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე, სხვა ვალდებულების შეუსრულებლობისთვის ქონების ნასყიდობის ფასის 1%, ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე, ხელშეკრულების ცალმხრივად შეწყვეტის შემთხვევაში, ნასყიდობის საგნის საფასურის 50%.
6. უდავოა, რომ მოპასუხემ შეთანხმებულ ვადაში ვერ უზრუნველყო 3D პანელის, მეტალის კონსტრუქციების, ასევე, სხვა სამშენებლო მასალის საწარმოს მშენებლობა და ექსპლუატაციაში შეყვანა. ვერ განახორციელა არანაკლებ ექვსი მილიონი ევროს ინვესტიცია, მათ შორის, 2014 წლის პირველ მაისამდე არანაკლებ ერთი მილიონი ევროს ინვესტიცია. 2014 წლის პირველ მაისამდე საწარმოს ექსპლუატაციაში შეყვანამდე ვერ დაასაქმა არანაკლებ ორმოცდაორი მოქალაქე. შესაბამისად, 2014 წლის ბოლომდე ვერ გაზარდა მოქალაქეთა რაოდენობა არანაკლებ ას მოქალაქემდე. ვერ უზრუნველყო დასაქმებულთა რაოდენობის შენარჩუნება არანაკლებ სამი წლის განმავლობაში.
7. მოპასუხემ შეასრულა მხოლოდ გარკვეული სახის სამუშაოები, კერძოდ: მოასწორა ბორცვებიანი დაჭაობებული ტერიტორია, რისთვისაც შეიტანა ქვა-ღორღი, წამოწია ტერიტორია და გაუსწორა ცენტრალური მაგისტრალის ნიშნულს. ტერიტორია შემოღობა ერთი კილომეტრი სიგრძის მეტალო კონსტრუქციის რკინა-ბეტონის შეღებილი ღობით. ტერიტორიაზე მოეწყო ბეტონის საძირკვლები, ქარხნის ძირითადი საწარმო კომპლექსის პირველი საამქროსათვის. მომავალი ქარხნის საჭიროებისათვის სამი ახალგაზრდა სპეციალისტი კომპანიის ხარჯებით იტალიაში გაიგზავნა სასწავლებლად, კომპანიის აპარატში დასაქმდნენ იმ ეტაპის საჭიროების სპეციალისტები.
8. მოსარჩელემ, 2014 წლის 22 ივნისის №ს-457 ბრძანებით ხელშეკრულება ცალმხრივად მოშალა და ხელშეკრულებიდან გავიდა.
9. სარჩელის მოთხოვნა
9.1. გამყიდველმა, სარჩელი აღძრა სასამართლოში, მოპასუხე კომპანიის წინააღმდეგ, მოპასუხისთვის 371 903.72 ევროს ეკვივალენტი ლარისა და 561 803.76 ლარის დაკისრება მოითხოვა.
10. საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება
10.1. ბათუმის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2019 წლის 10 ივლისის გადაწყვეტილებით სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ, კომპანიას, სამინისტროს სასარგებლოდ დაეკისრა 800 000 ლარის გადახდა.
11. სააპელაციო საჩივრის მოთხოვნა
11.1. ბათუმის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2019 წლის 10 ივლისის გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა სამინისტრომ, გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის სრულად დაკმაყოფილება მოითხოვა.
12. ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს განჩინება და დასკვნები
12.1. ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2020 წლის 12 თებერვლის განჩინებით სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა, გასაჩივრებული განჩინება დარჩა უცვლელი.
12.2. სააპელაციო სასამართლომ გაიზიარა საქალაქო სასამართლოს მიერ დადგენილი გარემოებები (იხ. წინამდებარე განჩინების 1-8 პუნქტები; საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის, შემდეგში: სსსკ, 390.3-ე მუხლის „გ“ ქვეპუნქტი) და მიუთითა მათზე.
12.3. სააპელაციო სასამართლოს განმარტებით, ვინაიდან მხარეთა შორის შეთანხმებული იყო პირგასამტეხლო, ამასთან, სადავოდ არ გამხდარა განსახორციელებული ინვესტიციისა და ვადაგადაცილებული დღეების რაოდენობა, დასაბუთებული იყო სამივე საფუძვლით პირგასამტეხლოს დაკისრების მოთხოვნა.
12.4. დადგენილი იყო, რომ 371 903.72 ევროს ეკვივალენტი ლარის დაკისრებას მოსარჩელე ვადაგადაცილებული დღეების გათვალისწინებით, ითხოვდა პირგასამტეხლოს 1%-ზე გაანგარიშებით, კერძოდ, 842 284.9 ევროს განსახორციელებელი ინვესტიციისათვის, ვადაგადაცილებულ 343 დღეზე გაანგარიშებით - 288 903.72 ევროს, ხოლო ერთი მილიონი ევროს განსახორციელებელი ინვესტიციისათვის, 83 ვადაგადაცილებულ დღეზე - 83 000 ევროს. 561 803.76 ლარის გადახდის დაკისრებას კი ითხოვდა პირგასამტეხლოს 0,1%-ზე გაანგარიშებით, კერძოდ, ქონების ნასყიდობის ფასის 118 026 ლარიდან გაანგარიშებით, ვადაგადაცილებულ 343 დღეზე - 404 829,18 ლარს, ხოლო 83 ვადაგადაცილებულ დღეზე - 97 961,58 ლარს. დასახელებული თანხა (561 803.76 ლარი) მოიცავდა ნასყიდობის ხელშეკრულების 4.3 პუნქტით გათვალისწინებულ პირგასამტეხლოს, ქონების ნასყიდობის ფასის - 118 026 ლარის 50% - 59 013 ლარს.
12.5. სააპელაციო სასამართლოს განმარტებით, პირველი ინსტანციის სასამართლომ მოსარჩელის მიერ მოთხოვნილი პირგასამტეხლო შეამცირა 1.9-ჯერ, თითოეული საფუძვლით დაკისრებული პირგასამტეხლო სხვადასხვაგვარად შემცირდა - 0.01% შემცირდა 0.05%-მდე, 1% შემცირდა 0.5%-მდე, ხოლო, 50% შემცირდა - 26.3%-მდე. შესაბამისად, მოსარჩელის მიერ ჯამში მოთხოვნილი პირგასამტეხლო - 371 903.72 ევროს ეკვივალენტი ლარი და 561 803.76 ლარი შემცირდა და შეადგინა 800 000 ლარი.
12.6. სააპელაციო სასამართლომ საქმეზე დადგენილი ფაქტების, ნასყიდობის საგანი გამყიდველს დაუბრუნა, ხოლო, ნასყიდობის საფასური არ დაბრუნებულა, ასევე, მოპასუხეს პროექტის ნაწილობრივ განხორციელებაში დახარჯული ჰქონდა 1 111 970 ლარი, რაც ასევე არ დაბრუნებია კომპანიას, გათვალისწინებით, მიზანშეწონილად და დასაბუთებულად პირგასამტეხლოს პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ დადგენილ ზღვრამდე შემცირება.
13. სამინისტროს საკასაციო საჩივარი
13.1. ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2020 წლის 12 თებერვლის განჩინება, საკასაციო წესით გაასაჩივრა სამინისტრომ, გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის სრულად დაკმაყოფილება მოითხოვა.
13.2. საკასაციო საჩივრის ავტორი, სააპელაციო საჩივრის პრეტენზიების მსგავსად, მოპასუხე კომპანიის მიერ ხელშეკრულებით გათვალისწინებულ ვალდებულებათა შეუსრულებლობაზე მიუთითებს და განმარტავს, რომ ქვემდგომი ინსტანციის სასამართლოებმა არასწორად დააკისრეს შემცირებული პირგასამტეხლო. ამასთან, კასატორის მტკიცებით, სამოქალაქო კოდექსის მიხედვით შეთანხმებული პირგასამტეხლო, მხოლოდ მხარის შესაბამისი პრეტენზიის საფუძველზე და ფარგლებში შეიძლებოდა შემცირებულიყო.
14. საკასაციო სამართალწარმოების ეტაპი
14.1. საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2020 წლის 2 ივლისის განჩინებით საკასაციო საჩივარი წარმოებაში იქნა მიღებული სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მიხედვით დასაშვებობის შესამოწმებლად.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლო საქმის შესწავლის, მტკიცებულებათა გაანალიზების, საკასაციო საჩივრის დასაშვებობის იურიდიული დასაბუთებულობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ მოსარჩელის საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს სსსკ-ის 391-ე მუხლის მოთხოვნებს, რის გამოც დაუშვებელია, შემდეგი არგუმენტაციით:
15. სსსკ-ის 391-ე მუხლის მეხუთე ნაწილის შესაბამისად, საკასაციო საჩივარი ქონებრივ და სხვა არაქონებრივ დავებში დასაშვებია, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს; ზ) გასაჩივრებულია სააპელაციო სასამართლოს მეორე დაუსწრებელი გადაწყვეტილება ან განჩინება დაუსწრებელი გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების თაობაზე. ზემოაღნიშნული ნორმები განსაზღვრავს იმ მოთხოვნებს, რომელთაც საკასაციო საჩივარი უნდა შეიცავდეს და ეფუძნებოდეს.
16. საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სსსკ-ის 391-ე მუხლით გათვალისწინებული არც ერთი ზემოხსენებული საფუძვლით.
17. საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ სააპელაციო სასამართლოს საქმის გადასაწყვეტად სამართლებრივად მნიშვნელოვანი ყველა გარემოება აქვს გამოკვლეული და დამატებით განმარტავს, რომ წინამდებარე შემთხვევაში საკასაციო სასამართლოს შეფასების საგანს კომპანიის მიერ ვალდებულების არაჯეროვანი შესრულების გამო მოთხოვნილი პირგასამტეხლოს შემცირების მართლზომიერება წარმოადგენს.
18. საკასაციო პალატა განმარტავს, რომ პირგასამტეხლოს მომწესრიგებელი ნორმების გამოყენების კუთხით, საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიერ დამკვიდრებულია ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკა, მაგალითად, ერთ-ერთ საქმეზე საქართველოს უზენაესმა სასამართლომ განმარტა, რომ „პირგასამტეხლოს ოდენობის განსაზღვრისას ყურადღება ექცევა რამდენიმე გარემოებას, მათ შორის: პირგასამტეხლოს, როგორც სანქციის ხასიათის მქონე ინსტრუმენტის ფუნქციას, დარღვევის სიმძიმესა და მოცულობას, კრედიტორისათვის წარმოქმნილი საფრთხის ხარისხს, პირის ბრალეულობის ხარისხს. პირგასამტეხლოს ოდენობაზე მსჯელობისას, გასათვალისწინებელია მოვალის მიერ ვალდებულების შეუსრულებლობის ხანგრძლივობა. მიუხედავად იმისა, რომ კანონმდებლობით პირგასამტეხლო მხარეთა მიერ ნების თავისუფალი გამოვლენის გზით მიღწეული შეთანხმებაა, მასში ჩარევის კანონისმიერ საფუძველს წარმოადგენს სასამართლოსათვის დაკისრებული ერთგვარი საჯარო წესრიგის უზრუნველმყოფელი ვალდებულება და, რაც უმთავრესია, ყოველი კონკრეტული საქმის ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინება, სახელდობრ, ის სუბიექტური და ობიექტური ფაქტორები, როგორიცაა: მხარეთა ქონებრივი მდგომარეობა, ვალდებულების დარღვევის ხარისხი, კრედიტორის მოლოდინი ვალდებულების ჯეროვანი შესრულების მიმართ და ა.შ. სსკ-ის 420-ე მუხლის თანახმად, პირგასამტეხლოს შემცირებისას, სასამართლო ითვალისწინებს მხარის ქონებრივ მდგომარეობასა და სხვა გარემოებებს, კერძოდ, იმას, თუ როგორია შესრულების ღირებულების, მისი შეუსრულებლობისა და არაჯეროვანი შესრულებით გამოწვეული ზიანის თანაფარდობა პირგასამტეხლოს ოდენობასთან (შდრ. სუსგ ას-144-140-2016, 19.04.2016 წ., ას-1455-2018, 10.01.2020).
19. ამდენად, ზემოაღნიშნულის, საკასაციო სასამართლოს მყარად დადგენილი პრაქტიკის (იხ. სუსგ.-ები 28.12.2012წ. საქმე Nას-1560-1463-2012; 16.05.2014წ.-ის საქმე Nას-1200-1145-2013, ასევე, შდრ. სუსგ-ები Nას-848-814-2016, 28.12.2016; N ას-816-767-2015, 19.11.2015; N ას-953-918-2016, 22.11.2016; Nას-1451-1371-2017), ქვემდგომი ინსტანციის სასამართლოების მიერ დადგენილი გარემოებების (იხ. წინამდებარე განჩინების 1.-8 პუნქტები და 12.3-12.6 ქვეპუნქტები) გამო, საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ დაკისრებული პირგასამტეხლო მართებულად შემცირდა 800 000 ლარამდე, მით უფრო იმის გათვალისწინებით, რომ კომპანიას ნაწილობრივ, გარკვეული ხარჯები გაწეული აქვს ხელშეკრულების საგანზე, პირველადი საბაზისო სამუშაოები ჩატარებულია, ნასყიდობის საგანი დაბრუნებულია გამყიდველის საკუთრებაში, ქონების გადახდილი საფასური უკან არ დაბრუნებულა, ამასთან, ქონება შედარებით უკეთეს მდგომარეობაშია, ვიდრე, თავდაპირველი გაყიდვისას იყო.
20. საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ სსკ-ის 420-ე მუხლის დანაწესის გამოყენებისას, სასამართლომ უნდა შეაფასოს კონტრაჰენტთა, როგორც ხელშემკვრელ პირთა, სტატუსი და როდესაც საკითხი მეწარმე სუბიექტის მიერ შეუსრულებელ ვალდებულებას ეხება, მას ფიზიკური პირისაგან განსხვავებული პასუხისმგებლობითა და სტანდარტით უნდა მოეთხოვოს შეუსრულებელი ვალდებულების გამო მხარისათვის მიყენებული ზიანის კომპენსაცია. (იხ. სუსგ.№ას-1031-992-2016; 23.05.2017). მართალია, განსახილველ შემთხვევაში, მოვალე მეწარმე სუბიექტია, შესაბამისად, ივარაუდება, რომ ფიზიკური პირისგან განსხვავებული პასუხისმგებლობა აკისრია ვალდებულების შესრულების მიმართ, თუმცა, საკასაციო სასამართლოს მიერ უკვე მითითებული გარემოებების გამო დაკისრებული პირგასამტეხლოს ოდენობა განსახილველ შემთხვევაში გონივრულად უნდა იქნეს მიჩნეული.
21. კასატორი, სახელმწიფო ბაჟის შესახებ საქართველოს კანონის მე-5 მუხლის პირველი პუნქტის „უ“ ქვეპუნქტის შესაბამისად გათავისუფლებულია სახელმწიფო ბაჟის გადახდისგან.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 284-ე, 285-ე, 391-ე, 401-ე, 408.3-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროს საკასაციო საჩივარი, როგორც დაუშვებელი დარჩეს განუხილველი;
2. განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე გ. მიქაუტაძე
მოსამართლეები: მ. ერემაძე
ვ. კაკაბაძე