Facebook Twitter

№ას-1766-2019 19 მაისი, 2021 წელი

ქ. თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატის

შემადგენლობა:

მირანდა ერემაძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),

მოსამართლეები: ვლადიმერ კაკაბაძე,

ლევან მიქაბერიძე

საქმის განხილვის ფორმა _ ზეპირი განხილვის გარეშე

კასატორი – სს „დ–ი“

მოწინააღმდეგე მხარე – შპს „ო.ქ–ი“

გასაჩივრებული განჩინება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2019 წლის 11 ივნისის განჩინება

კასატორის მოთხოვნა _ გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა

დავის საგანი _ თანხის დაკისრება, ზიანის ანაზღაურება

საკითხი, რომელზედაც მიღებულ უნდა იქნეს განჩინება - საკასაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმება

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი

1. შპს „ო.ქ–ს“ (შემდგომში „მოსარჩელე“, „მოსარჩელე კომპანია“, „მსესხებელი“ ან „მოვალე“) სს „კავკასიის განვითარების ბანკი - საქართველოს“ (ამჟამად სს „დ–ის“) (შემდგომში „მოპასუხე“, „კრედიტორი“, „კასატორი“ ან „საკასაციო საჩივრის ავტორი“) მიმართ გააჩნდა სასესხო დავალიანება 2 286 281.95 ლარი.

2. 2017 წლის 8 თებერვალს მოსარჩელე კომპანიის დირექტორმა მიმართა მოპასუხეს და გამოთქვა მზადყოფნა დაეფარა სესხის ძირითადი თანხა და საპროცენტო სარგებელი, თუ მოპასუხე გაათავისუფლებდა მას დარიცხული ჯარიმისგან და აიღებდა ვალდებულებას მოსარჩელის კუთვნილ უძრავ ნივთზე მოეხსნა იპოთეკა.

3. 2017 წლის 1 მარტის წერილით მოსარჩელეს მოპასუხე კომპანიის ლიკვიდატორმა განუმარტა, რომ თუ უახლოესი ერთი კვირის განმავლობაში დაფარავდა დავალიანებას (ძირითად თანხას და მასზე დარიცხულ საპროცენტო სარგებელს), მოუხსნიდა დარიცხულ ჯარიმას და გააუქმებდა უძრავ ნივთებზე რეგისტრირებულ იპოთეკას.

4. მხარეთა შორის შეთანხმდა ვალდებულების აშშ დოლარში შესრულება.

5. 2017 წლის 1 მარტს მოსარჩელემ მოპასუხის სალიკვიდაციო ანგარიშზე სს „თ.ბ–ის“ მეშვეობით გადარიცხა - 896 792.17 აშშ დოლარი. საგადახდო დავალებაში მითითებულია, რომ გადახდის დღისათვის ეროვნული ბანკის მიერ დადგენილი გაცვლითი კურსი აშშ დოლარსა და ლარს შორის შეადგენდა 2.5494 ერთეულს.

6. 2017 წლის 1 მარტისთვის გადარიცხული თანხა შეადგენდა 2 286 281.95 ლარს.

7. მოპასუხეს, რომლისთვისაც ცნობილი იყო მოსარჩელის ნება ძირითადი თანხის სრულად დაფარვით უზრუნველყოფის გაუქმების თაობაზე, მაშინვე არ განუცხადებია პრეტენზია კურსთა შორის სხვაობის გამო თანხის არასაკმარისობის შესახებ.

8. თანხის გადარიცხვიდან მე-20 დღეს, 2017 წლის 20 მარტს მოპასუხის ლიკვიდატორმა მოსარჩელეს აცნობა, რომ მას ერიცხებოდა სასესხო დავალიანება - 59 726.35 ლარი და მხოლოდ აღნიშნული თანხის გადახდის შემდგომ უზრუნველყოფდა ბანკი იპოთეკისა და გირავნობის გაუქმებას.

9. 2017 წლის 21 მარტს მოსარჩელემ გადაიხადა მოპასუხის მიერ მითითებული თანხა , ხოლო იმავე წლის 30 მარტს მოსთხოვა ბანკს დასაბუთებული პასუხი, თუ რატომ გახდა საჭირო დამატებითი თანხის გადარიცხვა.

10. 2017 წლის 10 აპრილის წერილით მოსარჩელეს განემარტა, რომ მის მიერ 2017 წლის 1 მარტს ჩარიცხული თანხა, ეროვნულ ბანკში მივიდა იმავე დღეს, სამუშაო საათების დასრულების შემდეგ და მოპასუხის სალიკვიდაციო ანგარიშზე აისახა 2017 წლის 1 მარტის თარიღით, ხოლო ანგარიშის ამონაწერი მოპასუხემ მიიღო 2017 წლის 2 მარტს, 11:36 საათზე. ლიკვიდატორის განმარტებით, ვინაიდან სასესხო დავალიანება იყო ლარში, ხოლო ჩარიცხვა განხორციელდა აშშ დოლარში (2017 წლის 2 მარტს არსებული ოფიციალური გაცვლითი კურსით 1 აშშ დოლარი = 2.48.28 ლარს), სწორედ 2 მარტსა და 1 მარტს ვალუტის გაცვლით კურსებს შორის არსებულმა სხვაობამ წარმოშვა დავალიანება 59 726,35 ლარი.

11. მოსარჩელის მოთხოვნა

11.1. მსესხებელმა სარჩელი აღძრა ბანკის მიმართ და მოითხოვა მოპასუხის მიერ უსაფუძვლოდ მიღებული თანხის, 59 726.35 ლარის, მოსარჩელისთვის დაბრუნება, ასევე მოთხოვნილ თანხაზე წლიური 8.5% სარგებლის გადახდა 2017 წლის 22 მარტიდან დავალიანების სრულ დაფარვამდე.

11.2. მოსარჩელის განცხადებით, მან პირნათლად შეასრულა მხარეთა შორის არსებული შეთანხმება და სრულად გადაიხადა დავალიანება, თუმცა ვინაიდან მოპასუხე მაინც უარს აცხადებდა მოეხსნა იპოთეკა მოსარჩელის კუთვნილ უძრავ ქონებაზე, მოსარჩელე იძულებული გახდა საკუთარი ქონების დასაცავად, ყოველგვარი სამართლებრივი საფუძვლის გარეშე გადაეხადა მოთხოვნილი თანხა, 59 726.35 ლარი, რისი როგორც უსაფუძლოდ მიღებულის, უკან დაბრუნების უფლებაც ჰქონდა მოსარჩელეს.

12. მოპასუხის პოზიცია

13.1. მოპასუხემ წარდგენილი შესაგებლით სარჩელი არ ცნო და განმარტა, რომ მოსარჩელემ სადავო თანხა, როგორც სასესხო ვალდებულების არასრული შესრულებიდან დარჩენილი თანხა, მოპასუხეს გადაურიცხა ნებაყოფლობით. შესაბამისად, არ არსებობს სარჩელის დაკმაყოფილების საფუძველი.

14. საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება

14.1. თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 17 ივლისის გადაწყვეტილებით სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ; მოპასუხეს მოსარჩელის სასარგებლოდ დაეკისრა 59 726.35 ლარის გადახდა, ასევე ვალდებულების სრულ შესრულებამდე, მაგრამ არაუმეტეს 3 წლისა, სარგებლის გადახდა დავალიანების ძირითადი თანხის - 59 726.35 ლარის - წლიური 7% (რაც ყოველთვიურად შეადგენს 348 ლარს).

15. მოპასუხის სააპელაციო საჩივარი

15.1. გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა მოპასუხემ, მოითხოვა გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა.

16. სააპელაციო სასამართლოს განჩინება და დასკვნები

16.1. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2019 წლის 11 ივნისის განჩინებით, სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა, გასაჩივრებული გადაწყვეტილება დარჩა უცვლელი.

16.2. სააპელაციო სასამართლომ დადგენილად მიიჩნია წინამდებარე განჩინების 1-10 პუნქტებში ასახული ფაქტობრივი გარემოებები.

16.3. სასამართლომ იხელმძღვანელა სამოქალაქო კოდექსის 361-ე მუხლით, ამავე კოდექსის 386-ე, 427-ე მუხლებით და დაასკვნა, რომ ვინაიდან მოსარჩელემ მოპასუხეს მოთხოვნილი თანხა გადაურიცხა 2017 წლის 1 მარტს, მხარეთა შორის ვალდებულებითი ურთიერთობა შეწყდა სწორედ ამ დღეს, რადგან ბანკს, სურვილის შემთვევაში, იმავე დღეს შეეძლო განეკარგა ფულადი თანხა იმგვარდ, როგორც ამას შეძლებდა თანხა ნაღდი ანგარიშსწორებით რომ მიეღო.

16.4. სააპელაციო სასამართლოს მოსაზრებით, ის გარემოება, რომ 2017 წლის 1 და 2 მარტს არსებულ გაცვლით კურსებს შორის სხვაობა შეადგენს 59 726.36 ლარს, გავლენას ვერ მოახდენს უკვე შესრულებით შეწყვეტილ სამართლებრივ ურთიერთობაზე. შესაბამისად, პალატამ გაიზიარა საქალაქო სასამართლოს დასკვნა, რომ კრედიტორის ანგარიშზე ჩარიცხვის მომენტიდან ვალუტის კურსის ცვლილების რისკი გადადის მოპასუხის მხარეზე, რომლის ფაქტობრივ გამგებლობაში 2017 წლის 1 მარტს ვალდებულების შესრულების შედეგად გადავიდა თანხა. ამდენად, სააპელაციო სასამართლომ მიიჩნია, რომ მოპასუხეს არ გააჩნდა სამართლებრივი საფუძველი მოეთხოვა მოსარჩელისაგან კურსის ცვლილებით გამოწვეული დანაკლისის შევსება.

16.5. სასამართლომ ასევე იხელმძღვანელა სამოქალაქო კოდექსის 976-ე მუხლით და დაასკვნა, რომ არსებობდა ამ ნორმის შესაბამისად მოპასუხის მიერ მიღებული თანხის მოსარჩელისთვის დაბრუნების საფუძველი.

16.6. რაც შეეხება სადავო თანხის მოსარჩელის მიერ ნებაყოფლობით გადახდის ფაქტს, აღნიშნულთან დაკავშირებით სააპელაციო პალატამ განამარტა, რომ იმ პირობებში, როდესაც მითითებული თანხის გადახდამდე მოპასუხე უარს აცხადებდა მოეხსნა იპოთეკა მოსარჩელის ქონებაზე (რის შემდგომაც მოსარჩელემ გადაიხადა მოთხოვნილი თანხა), ასეთი გადახდა სამართლებრივად არ შეიძლებოდა შეფასებულიყო ნების თავისუფალი გამოვლენის პირობებში ვალდებულების ნებაყოფლობით შესრულებად და ამ გზით მისი შედავების კანონისმიერი უფლების შეზღუდვის საფუძვლად.

16.7. მიუღებელი შემოსავლის მოთხოვნის ნაწილში სააპელაციო სასამართლომ ასევე გაიზიარა საქალაქო სასამართლოს დასკვნა, იხელმძღვანელა სამოქალაქო კოდექსის 408-ე, 411-ე მუხლებით, ასევე მსგავს სამართლებრივ საკითხზე უზენაესი სასამართლოს მიერ დადგენილი პრაქტიკით და სამართლიანად მიიჩნია მოპასუხისთვის სადავო თანხაზე წლიური 7%-იანი სარგებლის გადახდის დაკისრება.

17. მოპასუხის საკასაციო საჩივარი

17.1. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2019 წლის 11 ივნისის განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრა მოპასუხემ, გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა მოითხოვა.

17.2. საკასაციო საჩივრის ავტორის განცხადებით, სააპელაციო სასამართლომ არასწორად გამოიყენა სამოქალაქო კოდექსის 361-ე, 427-ე მუხლები, ასევე, არასწორად განმარტა სსკ 386-ე და 976-ე მუხლები.

18. სასამართლომ არასწორად დაადგინა, რომ მხარეთა შორის არსებობდა ზეპირი სახის შეთანხმება სესხის თანხის აშშ დოლარში დაბრუნების შესახებ. მსგავს შეთანხმებას ადგილი არ ჰქონია. მიუხედავად იმისა, რომ ხელშეკრულების თანახმად, ლარში აღებული სესხი უნდა დაფარულიყო იმავე ვალუტაში, მსესხებელმა, ხელშეკრულების პირობების საწინააღმდეგოდ, მოითხოვა მისი დოლარში დაფარვა, რასაც გამონაკლისის სახით დაეთანხმა ლიკვიდატორი, თუმცა იმთავითვე ცხადი იყო, რომ თანხის კონვერტაციასთან დაკავშირებული ყველა რისკი თავად მსესხებელს უნდა აეღო თავის თავზე და საწინააღმდეგოზე მხარეები არ შეთანხმებულან. მსგავსი სახის შეთანხმება აუცილებლად წერილობით იდება, რაც მოცემულ შემთხვევაში არ მომხდარა. ბანკმა წერილობით განუმარტა მსესხებელს სადავო თანხის გადმორიცხვის საფუძველი, შესაბამისად, სასამართლოს საერთოდ არ უნდა გამოეყენებინა სსკ 976-ე მუხლი, ვინაიდან მოსარჩელემ თანხა გადარიცხა დარჩენილი დავალიანების დაფარვის მიზნით და სრულიად ნებაყოფლობით. შესაბამისად, უსაფუძვლო გამდიდრების ნიშნები მოცემულ დავაში საერთოდ არ იკვეთება. არანაირი ზეწოლა ან სხვა სახის ზემოქმედება ბანკის მხრიდან მსესხებელზე არ მომხდარა, რითაც კიდევ ერთხელ დასტურდება მოსარჩელის მოთხოვნის უსაფუძვლობა და დაუსაბუთებლობა.

19. კასატორის განცხადებით, ვინაიდან მოსარჩელის მიერ მოპასუხისთვის 2017 წლის 1 მარტს გადარიცხული თანხა იმავე დღეს, სამუშაო საათების ამოწურვის შემდეგ ჩაირიცხა მოპასუხის სალიკვიდაციო ანგარიშზე და მისი ლარში დაკონვერტირება მოხდა მომდევნო დღეს, 2017 წლის 2 მარტს, სწორედ 2017 წლის 1 და 2 მარტის გაცვლით კურსებს შორის არსებულმა სხვაობამ წარმოშვა დავალიანება - 59 726.36 ლარი, რომლის გადახდაც ევალებოდა მსესხებელს.

20. საკასაციო სამართალწარმოების ეტაპი

20.1. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2019 წლის 17 დეკემბრის განჩინებით საკასაციო საჩივარი წარმოებაში იქნა მიღებული, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მიხედვით, დასაშვებობის შესამოწმებლად.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი

საკასაციო სასამართლო საქმის შესწავლის, მტკიცებულებათა გაანალიზების, საკასაციო საჩივრის დასაშვებობის იურიდიული დასაბუთებულობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს სსსკ-ის 391-ე მუხლის მოთხოვნებს, რის გამოც დაუშვებელია, შემდეგი არგუმენტაციით:

21. სსსკ-ის 391-ე მუხლის მეხუთე ნაწილის შესაბამისად, საკასაციო საჩივარი ქონებრივ და სხვა არაქონებრივ დავებში დასაშვებია, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს; ზ) გასაჩივრებულია სააპელაციო სასამართლოს მეორე დაუსწრებელი გადაწყვეტილება ან განჩინება დაუსწრებელი გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების თაობაზე. ზემოაღნიშნული ნორმები განსაზღვრავს იმ მოთხოვნებს, რომელთაც საკასაციო საჩივარი უნდა შეიცავდეს და ეფუძნებოდეს.

22. საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სსსკ-ის 391-ე მუხლით გათვალისწინებული არცერთი ზემოხსენებული საფუძვლით.

23. მოცემულ შემთხვევაში, კასატორი სადავოდ ხდის ქვედა ინსტანციის სასამართლოების მიერ სსკ 361-ე, 427-ე მუხლების არასწორად გამოყენებას, ასევე სსკ 386-ე, 976-ე მუხლების არასწორად განმარტებას და მიიჩნევს, რომ არ არსებობდა სარჩელით მოთხოვნილი თანხის მისთვის დაკისრების ფაქტობრივ-სამართლებრივი საფუძველი.

24. საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ ვალდებულებითი სამართლის ერთ-ერთ მნიშვნელოვან ინსტიტუტს წარმოადგენს ვალდებულების შეწყვეტა. შეწყვეტის შემდეგ ვალდებულება აღარ არსებობს. მის მონაწილეებს ერთმანეთთან აღარ აკავშირებთ უფლებები და მოვალეობები. ვალდებულების შეწყვეტას იწვევს განსაზღვრული გარემოებები, რომლებსაც ვალდებულების შეწყვეტის საფუძვლებს უწოდებენ. საქართველოს სამოქალაქო კოდექსით გათვალისწინებულია ვალდებულების შეწყვეტის სხვადასხვა საფუძვლები. ვალდებულებითსამართლებრივი ურთიერთობის მიზანი არის ვალდებულებით გათვალისწინებული შესრულების მიღება მხარეების მიერ, ე.ი. შესრულებით მიიღწევა ის მიზანი, რასაც ვალდებულების მონაწილეები ისახავდნენ. ამის შემდეგ უკვე აღარ არსებობს ამ ურთიერთობის გაგრძელებისათვის სამართლებრივი საფუძველი. ვალდებულების შესრულება წარმოადგენს ვალდებულების შეწყვეტის ყველაზე გავრცელებულ საფუძველს. სსკ-ის 427-ე მუხლის თანახმად, ვალდებულებითი ურთიერთობა წყდება კრედიტორის სასარგებლოდ ვალდებულების შესრულებით (შესრულება).

25. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატამ არაერთხელ განმარტა სსკ-ის 427-ე მუხლის დისპოზიციური შინაარსი, რომლის მიხედვით, იმისათვის, რომ სსკ-ის 427-ე მუხლის საფუძველზე, ვალდებულება კრედიტორის სასარგებლოდ შესრულებით შეწყდეს, სახეზე უნდა იყოს შესრულების მიზნით განხორციელებული ქმედება, რომელიც განხორციელებულია : ა) ჯეროვნად, ბ) კეთილსინდისიერად, გ) დათქმულ დროსა და ადგილას, დ) უფლებამოსილი პირის მიმართ. ჩამოთვლილი წინაპირობები კუმულატიურად უნდა იყოს დაკმაყოფილებული. ასეთი შესრულება ვალდებულების შეწყვეტას ნიშნავს და ასეთ შემთხვევაში, კრედიტორს არა აქვს უფლება, ხელმეორედ მოითხოვოს შესრულება (შდრ. სუსგ №ას-736-704-2016, 25 ნოემბერი, 2016 წელი).

26. კასატორის ზემოაღნიშნული პრეტენზიის შემოწმების მიზნით, საკასაციო პალატა, პირველ რიგში, ყურადღებას მიაქცევს სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ შემდეგ ფაქტობრივ გარემოებებს:

1) მოსარჩელეს მოპასუხის მიმართ გააჩნდა სასესხო დავალიანება 2 286 281.95 ლარი;

2) მხარეები შეთანხმდნენ, რომ მსესხებელი ვალდებულებას შეასრულებდა ძირითადი თანხისა და საპროცენტო სარგებლის გადახდით, ხოლო სანაცვლოდ, ბანკი გააუქმებდა იპოთეკას მსესხებლის კუთვნილ უძრავ ქონებაზე;

3) მხარეთა შორის ასევე შეთანხმდა ვალდებულების აშშ დოლარში შესრულება;

4) 2017 წლის 1 მარტს მოსარჩელემ მოპასუხის სალიკვიდაციო ანგარიშზე სს „თ.ბ–ის“ მეშვეობით გადარიცხა - 896 792.17 აშშ დოლარი. მითითებული თანხა გადახდის დღეს შეადგენდა 2 286 281.95 ლარს, რაც ზუსტად შეესაბამება მოპასუხის მიერ განსაზღვრულ სესხის ჯამურ ოდენობას ლარში;

5) თანხის გადახდის მიუხედავად, მოპასუხემ არ მოხსნა იპოთეკა მოსარჩელის კუთვნილ უძრავ ქონებაზე და მოითხოვა დამატებით, 59 726.36 ლარის გადახდა. მითითებული თანხის გადარიცხვის შემდგომ კი, მოპასუხემ გაათავისუფლა იპოთეკისგან მოსარჩელის ქონება.

27. საკასაციო სასამართლო ვერ გაიზიარებს კასატორის პრეტენზიას იმის შესახებ, რომ ვინაიდან მოსარჩელის მიერ მოპასუხისთვის 2017 წლის 1 მარტს გადარიცხული თანხა იმავე დღეს, სამუშაო საათების ამოწურვის შემდეგ ჩაირიცხა მოპასუხის სალიკვიდაციო ანგარიშზე და მისი ლარში დაკონვერტირება მოხდა მომდევნო დღეს, 2017 წლის 2 მარტს, სწორედ 2017 წლის 1 და 2 მარტის გაცვლით კურსებს შორის არსებულმა სხვაობამ წარმოშვა დავალიანება - 59 726.36 ლარი, რომლის გადახდაც ევალებოდა მსესხებელს.

28. როგორც უკვე აღინიშნა, მოცემულ შემთხვევაში, მხარეთა შორის სადავო არ არის მოვალის მიერ ვალდებულების უნაღდო ანგარიშსწორების გზით შესრულების ფაქტი, შესაბამისად, პრაქტიკული მნიშვნელობისაა საკითხი, თუ რა მომენტიდან ჩაითვლება შესრულება განხორციელებულად.

29. სამოქალაქო კოდექსის 386-ე მუხლის თანახმად, შესრულების ადგილის საეჭვოობისას ფულადი ვალდებულება უნდა შესრულდეს კრედიტორის ადგილსამყოფელის (საცხოვრებელი ადგილი (20-ე I მუხლი) ან იურიდიული მისამართი) მიხედვით. თუ კრედიტორს აქვს ფულის ჩარიცხვისათვის გამიზნული საბანკო ანგარიში იმ ადგილას ან იმ ქვეყანაში, სადაც გადახდა უნდა მოხდეს, მაშინ მოვალეს შეუძლია ამ ანგარიშზე ჩარიცხვით შეასრულოს თავისი ფულადი ვალდებულება, გარდა იმ შემთხვევისა, როცა კრედიტორი ამის წინააღმდეგია.

30. საკასაციო სასამართლოს არაერთ განჩინებაშია მითითებული, რომ უნაღდო ანგარიშსწორებისას ვალდებულება შესრულების გზით შეწყვეტილად ითვლება მხოლოდ იმ მომენტიდან, როცა ფული დაჯდება კრედიტორის ანგარიშზე და მას შესაძლებლობა აქვს განკარგოს ეს თანხა. ,,უნიდროას” პრინციპები ფულადი ვალდებულებების შესრულების ადგილთან მიმართებით აგრეთვე ითვალისწინებს მიდგომას, რომლის მიხედვით, მოვალის მიერ კრედიტორის მიმართ გადარიცხვის გზით ფულადი ვალდებულება ჩაითვლება შესრულებულად, როდესაც მოხდება კრედიტორის საბანკო ანგარიშზე თანხის ჩარიცხვა (6.1.8-ე მუხლის მე-2 პუნქტი). გადარიცხვა ჩაითვლება განხორციელებულად მაშინ, როდესაც თანხის მიმღებს შეეძლება განკარგოს ფულადი თანხები იმგვარად, როგორც ამას შეძლებდა, თანხა ნაღდი ანგარიშსწორებით რომ მიეღო (UNIDROIT, Principles of International Commercial Contracts, Rom, 1994. Uniform Law Reviev, 2004) (შდრ. იხ. სუსგ საქმე №ას-1003-924-2017, 01 დეკემბერი, 2017 წელი)

31. ზემოაღნიშნული განმარტებებისა და იმ გარემოების მხედველობაში მიღებით, რომ მხარეთა შორის სადავო არ არის 2017 წლის 1 მარტს, მოვალის მიერ სესხის თანხის მოპასუხისთვის გადარიცხვის ფაქტი, არც ის გარემოება, რომ იმავე დღეს აღნიშნული თანხა დაირიცხა მოპასუხის სალიკვიდაციო ანგარიშზე, საკასაციო სასამართლო იზიარებს სააპელაციო პალატის დასკვნას, რომ მოვალის მიერ ვალდებულება შესრულდა ჯეროვნად და კეთილსინდისიერად ვალდებულების შესრულების დღეს არსებული გაცვლითი კურსის შესაბამისად, რაც სრულად ფარავდა კრედიტორის მიმართ არსებულ დავალიანებას ეროვნულ ვალუტაში. შესაბამისად, თანხის გადარიცხვის მომდევნო დღეს ვალუტის კურსის ცვლილება გავლენას ვერ მოახდენდა შესრულებული ვალდებულების ოდენობაზე.

32. საკასაციო სასამართლო ვერ გაიზიარებს კასატორის პრეტენზიას იმის შესახებ, რომ სააპელაციო სასამართლოს მოცემული დავის განხილვისას არ უნდა ეხელმძღვანელა სამოქალაქო კოდექსის 976-ე მუხლით, რადგან სახეზე არ არის მოპასუხის უსაფუძვლო გამდიდრება.

33. სსკ 976-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა” ქვეპუნქტით დადგენილია ქცევის იმგვარი წესი, რომლის თანახმად, პირს, რომელმაც სხვას ვალდებულების შესასრულებლად რაიმე გადასცა, შეუძლია მოსთხოვოს ვითომ-კრედიტორს (მიმღებს) მისი უკან დაბრუნება, თუ: ვალდებულება გარიგების ბათილობის ან სხვა საფუძვლის გამო არ არსებობს, არ წარმოიშობა ან შეწყდა შემდგომში.

34. საკასაციო პალატის მოსაზრებით, ნორმის მიზნიდან გამომდინარეობს ერთმნიშვნელოვანი დასკვნა იმის თაობაზე, რომ კონდიქციური ვალდებულების წარმოშობისათვის სახეზე უნდა იყოს ერთი პირის გამდიდრება მეორის ხარჯზე და ასეთი გამდიდრება მოკლებული უნდა იყოს სამართლებრივ საფუძველს, რომელიც ან თავიდანვე არ არსებობდა, ან შემდგომში მოიშალა. ამასთან, მნიშვნელობა არა აქვს იმ გარემოებას თუ, რის შედეგად დადგა უსაფუძვლო გამდიდრების ფაქტი – თავად დაზარალებულის მოქმედების, გამდიდრებულის მოქმედების, თუ მესამე პირთა მოქმედების შედეგად ან განხორციელდა იგი მათი ნების საწინააღმდეგოდ. ასევე, არ აქვს მნიშვნელობა ამ სამართალურთიერთობაში მონაწილე სუბიექტთა ბრალეულობას, კეთილსინდისიერებასა და მათ მიერ განხორციელებული მოქმედებების მართლზომიერებას, თუ მართლწინააღმდეგობას. კონდიქციური ვალდებულების არსებობის სამართლებრივი საფუძვლით, სარჩელის დასაკმაყოფილებლად მნიშვნელოვანია დადგინდეს მხოლოდ ობიექტური შედეგი, რაც გულისხმობს ერთი პირის მიერ მეორე პირის ხარჯზე რაიმე სამართლებრივი სიკეთის შეძენას (დაზოგვას) შესაბამისი სამართლებრივი საფუძვლის არსებობის გარეშე. ასევე, აუცილებელია, რომ გამდიდრება მოხდეს სხვის ხარჯზე, რის შედეგადაც ერთი პირის ქონების გაზრდა ხდება მეორე პირის ქონების შესაბამისი შემცირების ხარჯზე (სუსგ საქმე №ას-360-342-2015, 3 ივნისი, 2015 წელი).

35. მოცემულ შემთხვევაში, ვინაიდან დადგენილია, რომ 2017 წლის 1 მარტს მოვალემ კრედიტორის მიმართ ხელშეკრულებით გათვალისწინებული სასესხო ვალდებულება (2 286 281.95 ლარის ოდენობით) შეასრულა სრულად, ხოლო ბანკმა მისგან ყოველგვარი სამართლებრივი საფუძვლის გარეშე დამატებით მიიღო 59 726.35 ლარი, სახეზეა მოსარჩელის ხარჯზე მოპასუხის უსაფუძვლო გამდიდრება, რაც აღნიშნული თანხის უკან მოთხოვნის უფლებას წარმოშობს (სსკ 976-ე მუხლი).

36. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ განსახილველ შემთხვევაში სააპელაციო სასამართლომ მართებულად გამოიყენა და განმარტა ფულადი ვალდებულების შესრულების მარეგულირებელი ნორმები (სსკ 386-ე, 427-ე მუხლები), ასევე მართებულად იხელმძღვანელა სსკ 976-ე მუხლით (ვითომ-კრედიტორისგან მოთხოვნის საფუძვლები) და მართებულად განახორციელა ის საპროცესო მოქმედებები, რომლებიც, მხარეთა თანასწორუფლებიანობის პირობებში, საჭირო იყო საქმის გარემოებათა დადგენისა და, მხარეთათვის დაკისრებული მტკიცების ტვირთის შესაბამისად, მათ მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებების შეფასებისათვის, რაც ცხადყოფს, რომ სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმე არ არის განხილული საპროცესო დარღვევებით, ვერც კასატორი მიუთითებს რაიმე ისეთ საპროცესო დარღვევაზე, რომელსაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე.

37. საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები არც სააპელაციო სასამართლოს განჩინების საკასაციო სასამართლოს სტაბილური პრაქტიკისაგან განსხვავების არსებობის საფუძვლით, ვინაიდან სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება არ განსხვავდება საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან, არც დასაბუთებული პოზიციაა წარმოდგენილი ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციათან ან/და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალთან წინააღმდეგობის საფუძვლით.

38. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო არ არის უფლებამოსილი, დაუშვას საკასაციო საჩივარი, რის გამოც მას უარი უნდა ეთქვას განხილვაზე.

39. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, თუ საკასაციო საჩივარი დაუშვებლად იქნება ცნობილი, პირს დაუბრუნდება მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 70 პროცენტი. ამდენად, საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ კასატორს უნდა დაუბრუნდეს მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის, 3 240 ლარის 70% - 2 268 ლარი.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 284-ე, 285-ე, 391-ე, 401-ე, 408.3-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

1. შპს „დ–ის“ საკასაციო საჩივარი, როგორც დაუშვებელი დარჩეს განუხილველი;

2. შპს „დ–ს“ (........) სახელმწიფო ბიუჯეტიდან (ქ.თბილისი, „სახელმწიფო ხაზინა“, ბანკის კოდი TRESGE22, მიმღების ანგარიშის №200122900, სახაზინო კოდი 300773150) დაუბრუნდეს საკასაციო საჩივარზე გადახდილი 3 240 ლარის (საგადახდო დავალება N100, გადახდის თარიღი 2019 წლის 11 ივლისი), 70% - 2 268 ლარი;

3. განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

თავმჯდომარე მ. ერემაძე

მოსამართლეები: ვ. კაკაბაძე

ლ. მიქაბერიძე