Facebook Twitter

№ას-367-2019 19 მაისი, 2021 წელი

ქ. თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატის

შემადგენლობა:

მირანდა ერემაძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),

მოსამართლეები: ვლადიმერ კაკაბაძე,

ლევან მიქაბერიძე

საქმის განხილვის ფორმა _ ზეპირი განხილვის გარეშე

კასატორი – რ.ლ–ვა

მოწინააღმდეგე მხარე - სს „თ.ბ–ი“

გასაჩივრებული განჩინება – ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2018 წლის 01 მარტის გადაწყვეტილება

კასატორის მოთხოვნა _ გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა

დავის საგანი _ თანხის დაკისრება

საკითხი, რომელზედაც მიღებულ უნდა იქნეს განჩინება - საკასაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმება

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი

1. 2013 წლის 21 იანვარს სს „ბ.კ–სა“ და ზ.თ–ას (შემდგომში „მსესხებელი“) შორის დაიდო საბანკო კრედიტის ხელშეკრულება, რომლის საფუძველზეც მსესხებელზე გაიცა კრედიტი 3000 აშშ დოლარი. ხელშეკრულებით განისაზღვრა კრედიტის ვადა 24 თვე, წლიური საპროცენტო განაკვეთი - 33 %. კრედიტი უნდა დაფარულიყო ყოველი თვის 18 რიცხვში. ხელშეკრულებით ასევე განისაზღვრა ფიქსირებული პირგასამტეხლო პირველი 10 დღის ვადაგადაცილების შემთხვევაში, გადასახდელი თანხის 3% ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე, ხოლო 10 დღეზე მეტი ვადაგადაცილების შემთხვევაში - გადასახდელი თანხის 1% ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე.

2. საბანკო კრედიტის ხელშეკრულების უზრუნველსაყოფად 2013 წლის 21 იანვარს თავდებობის ხელშეკრულება გაფორმდა ბანკსა და გ.თ–ას, ასევე ბანკსა და რ.ლ–ვას შორის და თავდები პირების პასუხისმგებლობის მაქსიმალური თანხა 3900 აშშ დოლარით განისაზღვრა.

3. მსესხებელმა ბოლო გადახდა ბანკში განახორციელა 2013 წლის 18 ნოემბერს.

4. მსესხებელი გარდაიცვალა 2015 წლის 6 ივლისს.

5. 2015 წლის 20 იანვარს რეორგანიზაციის საფუძველზე მოხდა სს „ბ.კ–ტას“ შერწყმა სს „თ.ბ–თან“.

6. მოსარჩელის მოთხოვნა

6.1. 2017 წლის 10 იანვარს სს „თ.ბ–მა“ (შემდგომში „ბანკი“, „მოსარჩელე“ ან „კრედიტორი“) სარჩელი აღძრა სასამართლოში გ.თ–ასა და რ.ლ–ვას (შემდგომში „მოპასუხეები“ ან „თავდები პირები“) მიმართ და მოითხოვა საკრედიტო ხელშეკრულებიდან გამომდინარე დავალიანების, 3315.12 აშშ დოლარის (საიდანაც ძირითადი თანხაა 2275.84 ლარი, საპროცენტო სარგებელი - 371.07 აშშ დოლარი და ჯარიმა - 668.21 აშშ დოლარი) მოპასუხეებისთვის სოლიდარულად დაკისრება.

7. მოპასუხეების პოზიცია

7.1. მოპასუხეებმა წარდგენილი შესაგებლით სარჩელი არ ცნეს და მიუთითეს მოთხოვნის ხანდაზმულობაზე.

8. საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება

8.1. ზუგდიდის რაიონული სასამართლოს 2017 წლის 4 მაისის გადაწყვეტილებით სარჩელი არ დაკმაყოფილდა. რაიონულმა სასამართლომ მოთხოვნა ხანდაზმულად მიიჩნია.

9. მოსარჩელის სააპელაციო საჩივარი

9.1. გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა მოსარჩელემ, მოითხოვა გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის დაკმაყოფილება.

10. სააპელაციო სასამართლოს განჩინება და დასკვნები

10.1. ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2018 წლის 1 მარტის განჩინებით, სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა, გასაჩივრებული გადაწყვეტილება დარჩა უცვლელი.

11. მოსარჩელის საკასაციო საჩივარი

11.1. ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2018 წლის 1 მარტის განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრა მოსარჩელემ, გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის დაკმაყოფილება მოითხოვა.

12. საკასაციო სასამართლოს განჩინება

12.1. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2018 წლის 6 ნოემბრის განჩინებით მოსარჩელის საკასაციო საჩივარი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ; გაუქმდა სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება 2014 წლის 10 იანვრის შემდგომ პერიოდულად შესასრულებელი ვალდებულების განხორციელების ნაწილში და ამ ნაწილში საქმე ხელახლა განსახილველად დაუბრუნდა იმავე სასამართლოს.

14. სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება და დასკვნები

14.1. ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2019 წლის 31 იანვრის გადაწყვეტილებით მოსარჩელის სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ; გაუქმდა ზუგდიდის რაიონული სასამართლოს 2017 წლის 4 მაისის გადაწყვეტილება და მიღებულ იქნა ახალი გადაწყვეტილება, რომლითაც სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ; თავდებ პირებს ბანკის სასარგებლოდ სოლიდარულად გადასახდელად დაეკისრათ 2014 წლის იანვრიდან 2014 წლის დეკემბრის ჩათვლით დავალიანების, 2 238.28 აშშ დოლარის გადახდა, ასევე ძირითადი თანხის, 1861.03 აშშ დოლარის ყოველწლიური 10% 2016 წლის 16 სექტემბრიდან გადაწყვეტილების აღსრულებამდე.

14.2. სააპელაციო სასამართლომ დადგენილად მიიჩნია წინამდებარე განჩინების 1-5 პუნქტებში ასახული ფაქტობრივი გარემოებები, ასევე, დაადგინა, რომ ბანკმა თანხის ანაზღაურების მოთხოვნით სარჩელი აღძრა 2017 წლის 10 იანვარს.

14.3. სააპელაციო პალატამ იხელმძღავნელა სამოქალაქო კოდექსის 129-ე, 130-ე მუხლებით, ასევე მიუთითა უზენაესი სასამართლოს მიერ მსგავსი კატეგორიის საქმეებზე დადგენილ პრაქტიკაზე (საკრედიტო ურთიერთობიდან გამომდინარე ხანდაზმულობის ვადის განსაზღვრის შესახებ) და აღნიშნა, რომ თანხის გადახდის თითოეული პერიოდისთვის ვალდებულების შეუსრულებლობა ცალ-ცალკე განიხილება, როგორც პირის უფლების დარღვევა და ხანდაზმულობის ვადის ათვლა თავიდან დაიწყება.

14.4. სასამართლომ დაადგინა, რომ მსესხებელს კრედიტის გადახდა ევალებოდა ნაწილ-ნაწილ, წინასწარ შეთანხმებული გრაფიკის მიხედვით. ამასთან, ვინაიდან მან ბოლო გადახდა განახორციელა 2013 წლის 18 ნოემბერს, ხანდაზმულობის ვადის ათვლა დაიწყო 2013 წლის 18 დეკემბრიდან და სარჩელის აღძვრის დროისთვის (2017 წლის 10 იანვარი) აღნიშნული გადახდის მიმართ კანონით განსაზღვრული სამწლიანი ვადა გასული იყო. რაც შეეხება მომდევნო გადახდებს, სააპელაციო სასამართლომ ყურადაღება მიაქცია საქმეში განთავსებულ კრედიტის გადახდის გრაფიკს და დაადგინა, რომ 2014 წლის 10 იანვრის შემდგომ მსესხებელს გადასახდელი ჰქონდა: 2014 წლის 20 იანვარს - 172,41 აშშ დოლარი, 18 თებერვალს - 172,41 აშშ დოლარი, 18 მარტს - 172,41 აშშ დოლარი, 18 აპრილს - 172,41 აშშ დოლარი, 19 მაისს - 172,41 აშშ დოლარი, 18 ივნისს - 172,41 აშშ დოლარი, 18 ივლისს - 172,41 აშშ დოლარი, 18 აგვისტოს - 172,41 აშშ დოლარი, 18 სექტემბერს -172,41 აშშ დოლარი, 20 ოქტომბერს - 172,41 აშშ დოლარი, 18 ნოემბერს - 172,41 აშშ დოლარი, 18 დეკემბერს -172,41 აშშ დოლარი, ხოლო 2015 წლის 15 იანვარს - 169,36 აშშ დოლარი. ამრიგად, სააპელაციო პალატამ დაასკვნა, რომ 2014 წლის 10 იანვრის შემდგომ გადახდებზე სამწლიანი ხანდაზმულობის ვადა გასული არ არის და ამ ნაწილში არსებობს სარჩელის დაკმაყოფილების საფუძველი.

14.5. სასამართლომ იხელმძღვანელა სამოქალაქო კოდექსის 403-ე მუხლით და მიუთითა, რომ ვინაიდან აღნიშნული ნორმა ზიანის ანაზღაურებას უკავშირებს მხარეთა შორის შეთანხმების არსებობას, სარჩელის შეტანამდე პერიოდზე (რომლითაც შეწყდა მხარეთა შორის სახელშეკრულებო ურთიერთობა) არსებობდა მოპასუხეთათვის საპროცენტო სარგებლის დაკისრების საფუძველი.

14.6. რაც შეეხება ხელშეკრულების შეწყვეტის შემდეგ დამდგარ ზიანს, სასამართლომ იხელმძღვანელა სამოქალაქო კოდექსის 408-ე, 411-ე, 412-ე მუხლებით და აღნიშნა, რომ საბაზრო ეკონომიკის პირობებში ფული განისაზღვრება, როგორც ყველაზე ბრუნვაუნარიანი საგანი და მისი ფლობა უპირობოდ იძლევა შემოსავლის მიღების პრეზუმფციას (საბანკო - საფინანსო ორგანიზაციის საქმიანობა ფულიდან მოგების მიღებას გულისხმობს (ფულის გასესხება)), შესაბამისად, გონივრული და სამართლიანი ანაზღაურების სახით, სავარაუდო ზიანად უნდა განსაზღვრულიყო გადაუხდელი ძირითადი თანხის ყოველწლიური 10% და მოპასუხეებს მისი გადახდა ხელშეკრულების შეწყვეტიდან გადაწყვეტილების აღსრულებამდე უნდა დაკისრებოდათ.

15. თავდები პირის საკასაციო საჩივარი

15.1. ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2019 წლის 31 იანვრის გადაწყვეტილება საკასაციო წესით გაასაჩივრა თავდებმა, რ.ლ–ვამ (შემდგომში „კასატორი“ ან „საკასაციო საჩივრის ავტორი“), გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა მოითხოვა.

15.2. კასატორის განმარტებით, სააპელაციო სასამართლომ არასწორად განმარტა სამოქალაქო კოდექსის 129-ე და 130-ე მუხლები და ბანკის მიერ წარდგენილი სარჩელი არასწორად არ მიიჩნია ხანდაზმულად. სასამართლოს ლოგიკით, 10-წლიანი სესხის ხელშეკრულების დარღვევისას, თუკი სესხის გადახდის პირველივე წელს დაარღვია მოვალემ ვალდებულება, კრედიტორს შესაძლებლობა აქვს ბოლო, მეათე წელს შეწყვიტოს ხელშეკრულება და შემდგომ მოითხოვოს შეუსრულებელი ვალდებულების შესრულება მიუხედავად იმისა, რომ ზედიზედ ორჯერ გადაუხდელობის გამო მას აქვს ხელშეკრულების შეწყვეტის უფლება. მოცემულ შემთხვევაში, ვინაიდან ბოლო გადახდა მსესხებელმა განახორციელა 2013 წლის 18 ნოემბერს, 18 დეკემბრიდან უკვე ბანკს ჰქონდა შესაძლებლობა მოეთხოვა ვალდებულების შესრულება და სწორედ ამ თარიღიდან უნდა აეთვალა სასამართლოს მოთხოვნის ხანდაზმულობის 3-წლიანი ვადა.

15.3. სასამართლომ თანხის დაკისრებისას არ გაითვალისწინა ის გარემოებაც, რომ კრედიტის აღების დროისთვის არსებული 1 აშშ დოლარის ღირებულება თითქმის ორჯერ ნაკლებია ვალდებულების წარმოშობის დროისთვის არსებულ კურსზე, შესაბამისად, მას უნდა ეხელმძღვანელა სამოქალაქო კოდექსის 389-ე მუხლით, რომლის შესაბამისად, მოვალე ვალდებულია გადაიხადოს იმ კურსით, რომელიც ვალდებულების წარმოშობის დროს შეესაბამება. ვალდებულების შესრულების დროში კი იგულისხმება დრო, როდესაც ვალდებულება უნდა შესრულდეს, ანუ ვალდებულება ვადამოსულია ან არსებობს კრედიტორის მოთხოვნა და მოვალე ვალდებულია შეასრულოს ვალდებულება. ასევე, გასათვალისწინებელია სესხზე დარიცხული საპროცენტო სარგებლის ოდენობა, რომელიც არაგონივრულია.

16. საკასაციო სამართალწარმოების ეტაპი

16.1. საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2018 წლის 15 მარტის განჩინებით საკასაციო საჩივარი წარმოებაში იქნა მიღებული სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მიხედვით დასაშვებობის შესამოწმებლად.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი

საკასაციო სასამართლო საქმის შესწავლის, მტკიცებულებათა გაანალიზების, საკასაციო საჩივრის დასაშვებობის იურიდიული დასაბუთებულობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს სსსკ-ის 391-ე მუხლის მოთხოვნებს, რის გამოც დაუშვებელია, შემდეგი არგუმენტაციით:

17. სსსკ-ის 391-ე მუხლის მეხუთე ნაწილის შესაბამისად, საკასაციო საჩივარი ქონებრივ და სხვა არაქონებრივ დავებში დასაშვებია, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს; ზ) გასაჩივრებულია სააპელაციო სასამართლოს მეორე დაუსწრებელი გადაწყვეტილება ან განჩინება დაუსწრებელი გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების თაობაზე. ზემოაღნიშნული ნორმები განსაზღვრავს იმ მოთხოვნებს, რომელთაც საკასაციო საჩივარი უნდა შეიცავდეს და ეფუძნებოდეს.

18. საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სსსკ-ის 391-ე მუხლით გათვალისწინებული არც ერთი ზემოხსენებული საფუძვლით.

19. მოცემულ შემთხვევაში, კასატორის ძირითადი საკასაციო პრეტენზია ეხება სააპელაციო პალატის მიერ მოთხოვნის ხანდაზმულობის საკითხის არასწორად შეფასებას. საკასაციო საჩივრის ავტორის აზრით, ვინაიდან მსესხებელმა ბოლო გადახდა ბანკში განახორციელა 2013 წლის 18 ნოემბერს, ვალდებულების შესრულების მოთხოვნით სარჩელის წარდგენის სამწლიანი ხანდაზმულობის ვადის ათვლა უნდა დაიწყოს 18 დეკემბრიდან.

20. საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ მითითებული საკითხი არსებითად შეფასდა აღნიშნული დავის ფარგლებში საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის მიერ 2018 წლის 6 ნოემბერს მიღებული განჩინებით, სადაც უზენაესი სასამართლოს პრაქტიკაზე დაყრდნობით განიმარტა პერიოდულად შესასრულებელი ვალდებულების დარღვევიდან გამომდინარე მოთხოვნის მიმართ ხანდაზმულობის ვადის ათვლის წესი და პირობები (იხ. ტ. 1. ს.ფ 306-314), თუმცა საკასაციო პალატა საჭიროდ მიიჩნევს კიდევ ერთხელ მიუთითოს მასზე.

21. სამოქალაქო კოდექსის 128-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, ხანდაზმულობის ვადა ვრცელდება სხვა პირისაგან რაიმე მოქმედების შესრულების ან მოქმედებისაგან თავის შეკავების მოთხოვნის უფლებაზე. ამავე კოდექსის 130-ე მუხლის შესაბამისად, ხანდაზმულობა იწყება მოთხოვნის წარმოშობის მომენტიდან. მოთხოვნის წარმოშობის მომენტად კი ჩაითვლება დრო, როცა პირმა შეიტყო ან უნდა შეეტყო უფლების დარღვევის შესახებ.

22. დასახელებული ნორმებიდან გამომდინარეობს, რომ პირის უფლება, სრული მოცულობით მოახდინოს საკუთარი კანონიერი ინტერესების რეალიზება ან სასამართლო წესით დაცვა, შეზღუდულია სამოქალაქო კანონმდებლობით სხვადასხვა სამართლებრივი ურთიერთობებისათვის განსხვავებულად დადგენილი ვადებით. კანონმდებელი განსაზღვრავს ხანდაზმულობის ვადის გამოანგარიშების წესს და მის ათვლას უკავშირებს დროს, როდესაც მხარისათვის ცნობილი გახდა საკუთარი უფლების დარღვევის ფაქტი, ან დროს, როდესაც მას ასეთის თაობაზე ობიექტურად უნდა შეეტყო.

23. სსკ-ის 129-ე მუხლის მეორე ნაწილის მიხედვით, ხანდაზმულობის ვადა იმ მოთხოვნებისა, რომლებიც წარმოიშობა პერიოდულად შესასრულებელი ვალდებულებებიდან, სამი წელია.

24. კანონის მითითებული დანაწესი ითვალისწინებს ერთგვარ სპეციფიკას იმ ვალდებულებათა მიმართ ხანდაზმულობის ვადის ათვლასთან დაკავშირებით, რომლებიც გარკვეული პერიოდულობით სრულდება, რაც იმაში მდგომარეობს, რომ ხსენებული ვადა აითვლება ყოველი პერიოდულად შესასრულებელი ვალდებულებისათვის დამოუკიდებლად (სუსგსაქმე №ას-868-830-2014 19.03.2015წ.).

25. თანხის გადახდის თითოეული პერიოდისათვის ვალდებულების შეუსრულებლობა ცალ-ცალკე განიხილება როგორც პირის უფლების დარღვევა და ხანდაზმულობის ვადის ათვლა თავიდან იწყება (სუსგ საქმე №ას-599-562-20101.12.2010წ.).

26. საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ ხანდაზმულობის ვადაში იგულისხმება დრო, რომლის განმავლობაშიც უფლებამოსილ პირს შეუძლია თავისი უფლების რეალიზაცია ან დაცვა. ხანდაზმულობის ინსტიტუტის სპეციფიკურობა ისაა, რომ დადგენილი ვადის გასვლის შემდეგ მოთხოვნის უფლება ობიექტურად არსებობს, თუმცა, იგი იძულებით ვერ განხორციელდება, ანუ ამ უფლების რეალიზება სრული მოცულობით დამოკიდებულია მოთხოვნის ადრესატის ნება-სურვილზე (სსკ-ის 144.1-ე მუხლი).

27. როგორც ზემოთ უკვე აღინიშნა, სსკ-ის 130-ე მუხლი ხანდაზმულობის დაწყებას მოთხოვნის წარმოშობის მომენტს უკავშირებს, ხოლო მოთხოვნის წარმოშობის მომენტად მიიჩნევა დრო, როდესაც პირმა შეიტყო ან უნდა შეეტყო უფლების დარღვევის შესახებ. ამდენად, ხანდაზმულობის ვადის სწორად გამოსათვლელად უმნიშვნელოვანესია მისი დენის დაწყების მომენტის განსაზღვრა. ხანდაზმულობის ვადის დასაწყისი შეესაბამება დღეს, როდესაც წარმოიშვა მოთხოვნის უფლება, გარდა კანონით პირდაპირ გათვალისწინებული შემთხვევებისა, როდესაც მოთხოვნის წარმოშობის ვადის განსაზღვრა ზოგადი წესისაგან განსხვავებულადაა რეგულირებული, მისი წარმოშობა დაკავშირებულია მომენტთან, როდესაც პირმა გაიგო ან უნდა გაეგო უფლების დარღვევის თაობაზე.

28. განსახილველ შემთხვევაში, უდავოა, რომ საკრედიტო ხელშეკრულების თანახმად, მსესხებელს ბანკისათვის კრედიტის დაბრუნება არა ერთდროულად, არამედ ნაწილ-ნაწილ, წინასწარ შეთანხმებული გრაფიკის მიხედვით ევალებოდა (სსკ-ის 873-ე მუხლი). შესაბამისად, მითითებული გარიგება წარმოშობს სწორედ პერიოდულად შესასრულებელ ვალდებულებებს (სუსგ საქმე №ას-1432-1351-2012 20.05.2013წ., საქმე №ას-934-899-2016 14.02.2017წ.) და ხანდაზმულობის ვადის გამოთვლაც პერიოდულად შესასრულებელი ვალდებულებებისათვის დადგენილი წესის მიხედვით უნდა მოხდეს.

29. მოცემულ დავაში დადგენილია, რომ ბოლო გადახდა მსესხებელმა ბანკში განახორციელა 2013 წლის 18 ნოემბერს, ხოლო, სარჩელი ვალდებულების შესრულების მოთხოვნით წარდგენილია 2017 წლის 10 იანვარს (დაახლოებით სამი წლისა და ორი თვის შემდეგ), 2014 წლის 10 იანვრამდე გადასახდელი თანხის ანაზღაურების ნაწილში მოთხოვნა მართებულად იქნა მიჩნეული ხანდაზმულად. რაც შეეხება 2014 წლის 10 იანვრის შემდგომ პერიოდს, ვინაიდან, სადავო არ არის არც ის გარემოება, რომ ამ დროიდან 2015 წლის 15 იანვრამდე მსესხებელს ბანკისთვის ყოველთვიურად გადასახდელი ჰქონდა სხვადასხვა თანხები, რაც მას არ გადაუხდია, საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ სააპელაციო სასამართლომ მითითებულ გადახდებზე მართებულად არ მიიჩნია ხანდაზმულობის ვადა გასულად.

30. რაც შეეხება კასატორის მითითებას, რომ ბანკს მოვალის მიერ ვალდებულების ზედიზედ ორჯერ დარღვევის შემთხვევაში ჰქონდა ხელშეკრულების შეწყვეტის უფლება, რაც მას არ გამოუყენებია, საკასაციო პალატის მოსაზრებით, ასევე ვერ მიიჩნევა იმგარ დასაბუთებულ პრეტენზიად, რაც სასამართლოს ხანდაზმულობის ვადის სხვაგვარად განსაზღვრის შესაძლებლობას მისცემდა.

31. საკასაციო პალატა მიუთითებს სამოქალაქო კოდექსის 873-ე მუხლზე (კრედიტის გამცემს შეუძლია შეწყვიტოს საკრედიტო ურთიერთობა, თუ გათვალისწინებულია კრედიტის დაბრუნება ნაწილ-ნაწილ და კრედიტის ამღებმა გადააცილა ზედიზედ, სულ ცოტა, ორ ვადას. შეწყვეტა ძალაში შედის მაშინ, თუ ორკვირიანი დამატებითი ვადის მიცემის შემდეგაც არ მოხდება გადახდა), რომელიც კრედიტის ნაწილ-ნაწილ დაბრუნებისას საკრედიტო ურთიერთობის შეწყვეტას დასაშვებად მიიჩნევს იმ შემთხვევაში, თუ კრედიტის ამღები ნაკისრ ვალდებულებას ზედიზედ ორჯერ მაინც არ შეასრულებს (იხ. სუსგ საქმე # ას-921-960-2011, 25 ნოემბერი, 2011 წელი). მოცემული ნორმა წარმოადგენს კრედიტორის ინტერესების დამცავ აღმჭურველ ნორმას და საბანკო კრედიტის გამცემს ანიჭებს უფლებას, ვალდებულების დარღვევისას, შესაბამისი პირობების დაცვით მოშალოს ხელშეკრულება, თუმცა თავად უფლების არსიდან გამომდინარე, იგი არ შეიძლება გაიგივდეს ვალდებულებასთან და მისი გამოყენება, მხოლოდ უფლების მქონე პირის ნებაზეა დამოკიდებული - კრედიტის გამცემს შეუძლია მოითხოვოს ხელშეკრულების შეწყვეტა ან გააგრძელოს სახელშეკრულებო ურთიერთობა (იხ. სუსგ საქმე #ას-145-135-2015, 23 აპრილი, 2015 წელი).

32. ამასთან, ხელშეკრულების დადების, ისევე როგორც შეწყვეტის უფლება, თავისუფალი კონტრაჰირების ერთ-ერთი გამოვლინებაა, რაც იმას ნიშნავს, რომ კრედიტორი თავად წყვეტს, მიუხედავად კონტრაჰენტის მიერ ვალდებულებების დარღვევისა, დარჩეს სახელშეკრულებო ურთიერთობაში თუ შეწყვიტოს იგი. ხელშეკრულების შეწყვეტის უფლება კი წარმოადგენს კრედიტის გამცემის უფლებას და არა მის ვალდებულებას.

33. ამრიგად, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ მოცემულ შემთხვევაში, ვინაიდან კრედიტორს არ გამოუყენებია ხელშეკრულების ცალმხრივად შეწყვეტის უფლება, არ შეიძლება გაზიარებულ იქნეს კასატორის მოსაზრება მოვალის მიერ ხელშეკრულების ზედიზედ მეორედ დარღვევიდან ხანდაზმულობის ვადის ათვლის შესახებ. ამრიგად, არ არსებობს არც საკასაციო საჩივრის ავტორის მითითებული პრეტენზიის გაზიარების საფუძველი.

34. საკასაციო პალატა ასევე ვერ გაიზიარებს კასატორის მოსაზრებას იმის შესახებ, რომ თანხის დაკისრებისას სააპელაციო სასამართლოს უნდა ეხლმძღვანელა სსკ 389-ე მუხლით.

35. უზენაესმა სასამართლომ არაერთ საქმეში განმარტა, რომ „ამ ნორმის გამოყენება შესაძლებელია მხოლოდ იმ შემთხვევაში, როცა ადგილი აქვს დენომინაციას, ანუ ფულის ერთეულის (კურსის) გაზრდას ან შემცირებას. ასევე, ვალუტის შეცვლას და ეროვნული ვალუტის ჰიპერინფლაციას. ვინაიდან, ქართული ეროვნული ვალუტის – ლარის მიმართ ზემოთმითითებულ პროცესებს არ ჰქონია ადგილი, ფულადი ვალდებულებების შესრულების დროს დაუშვებელია სსკ-ის 389-ე მუხლის გამოყენება. ამ მუხლის გამოყენება დაუშვებელია ასევე, ფულის კურსის ნორმალური გაუარესების დროსაც, რადგანაც აღნიშნული პროცესი ყველა ქვეყანაში აღინიშნება. შესაბამისად, ნორმის ფუნქციური დანიშნულება მდგომარეობს შემდეგში: იგი გამოიყენება მაშინ, როდესაც სახელმწიფო ფულის ნომინალს ცვლის ან კიდევ მაშინ, როდესაც ადგილი აქვს ჰიპერინფლაციას (ძალიან მაღალი ინფლაცია, რომელიც ხშირად განისაზღვრება, როგორც ინფლაცია, რომლის ყოველთვიური დონე, დროის ხანგრძლივი მონაკვეთის განმავლობაში აღემატება 50 პროცენტს.) თუ სახელმწიფოს მიერ ნომინალის შეცვლას ან ჰიპერინფლაციას არ ექნება ადგილი, 389-ე მუხლის გამოყენება დაუშვებელია“ (შდრ. სუსგ საქმე №ას-54-54-2018, 13.02.2018წ; საქმე №ას-130-122-2017, 24.03.2017).

36. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ განსახილველ შემთხვევაში სააპელაციო სასამართლომ მართებულად გამოიყენა და განმარტა საკრედიტოსამართლებრივი ურთიერთობის მარეგულირებელი შესაბამისი ნორმები, ასევე მართებულად განახორციელა ის საპროცესო მოქმედებები, რომლებიც, მხარეთა თანასწორუფლებიანობის პირობებში, საჭირო იყო საქმის გარემოებათა დადგენისა და, მხარეთათვის დაკისრებული მტკიცების ტვირთის შესაბამისად, მათ მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებების შეფასებისათვის, რაც ცხადყოფს, რომ სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმე არ არის განხილული საპროცესო დარღვევებით, ვერც კასატორი მიუთითებს რაიმე ისეთ საპროცესო დარღვევაზე, რომელსაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე.

37. საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები არც სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილების საკასაციო სასამართლოს სტაბილური პრაქტიკისაგან განსხვავების არსებობის საფუძვლით, ვინაიდან სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული გადაწყვეტილება არ განსხვავდება საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან, არც დასაბუთებული პოზიციაა წარმოდგენილი ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციათან ან/და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალთან წინააღმდეგობის საფუძვლით.

38. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო არ არის უფლებამოსილი, დაუშვას საკასაციო საჩივარი, რის გამოც მას უარი უნდა ეთქვას განხილვაზე.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 284-ე, 285-ე, 391-ე, 401-ე, 408.3-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

1. რ.ლ–ვას საკასაციო საჩივარი, როგორც დაუშვებელი დარჩეს განუხილველი;

2. განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

თავმჯდომარე მ. ერემაძე

მოსამართლეები: ვ. კაკაბაძე

ლ. მიქაბერიძე