Facebook Twitter

საქმე №ა-3082-შ-78-2016 17 მაისი, 2021 წელი

ქ. თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატა

შემადგენლობა:

ნინო ბაქაქური (თავმჯდომარე, მომხსენებელი)

მოსამართლეები:

ზურაბ ძლიერიშვილი, ბესარიონ ალავიძე

საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი განხილვის გარეშე

შუამდგომლობის ავტორი – ბელორუსის რესპუბლიკის გადასახადებისა და მოსაკრებლების სამინისტროს გომელის ოლქის ინსპექცია

მოწინააღმდეგე მხარე – „G.L.“

გადაწყვეტილება, რომლის საქართველოს ტერიტორიაზე ცნობასა და აღსრულებას შუამდგომლობის ავტორი მოითხოვს – ბელორუსის რესპუბლიკის ქალაქ გომელის ოლქის ეკონომიკური სასამართლოს 2016 წლის 28 მარტის გადაწყვეტილება

დავის საგანი – საბაჟო გადასახდელების გადახდევინება

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი

ბელორუსის რესპუბლიკის ქალაქ გომელის ოლქის ეკონომიკური სასამართლოს 2016 წლის 28 მარტის გადაწყვეტილებით „G.L“-ს (საქართველო, თბილისი, 0154, წყალტუბოს ქუჩა 19) დაეკისრა გომელის საბაჟოს (ქალაქი გომელი, ...... ქუჩა 30) სასარგებლოდ საბაჟო გადასახდელების გადახდა - 498 042 472 ბელორუსული რუბლის ოდენობით და სახელმწიფოს სასარგებლოდ სახელმწიფო ბაჟის გადახდა - 17 941 274 რუბლის ოდენობით.

ბელორუსის რესპუბლიკის გადასახადებისა და მოსაკრებლების სამინისტროს გომელის ოლქის ინსპექციამ საქართველოს უზენაეს სასამართლოში წარმოდგენილი შუამდგომლობით მოითხოვა ბელორუსის რესპუბლიკის ქალაქ გომელის ოლქის ეკონომიკური სასამართლოს 2016 წლის 28 მარტის გადაწყვეტილების სახელმწიფო ბაჟის დაკისრების ნაწილში ცნობა და აღსრულება.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2016 წლის 12 სექტემბრის განჩინებით შუამდგომლობა მიღებულ იქნა განსახილველად.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2017 წლის 24 მარტის განჩინებით გომელის საბაჟოს შუამდგომლობა დაკმაყოფილდა. საქართველოს ტერიტორიაზე ცნობილ იქნა და დაექვემდებარა აღსრულებას ბელორუსის რესპუბლიკის ქალაქ გომელის ოლქის ეკონომიკური სასამართლოს 2016 წლის 28 მარტის გადაწყვეტილება, რომლითაც: G.L“-ს (საქართველო, თბილისი, 0154, .....) დაეკისრა გომელის საბაჟოს (ქალაქი გომელი, ........) სასარგებლოდ საბაჟო გადასახდელების გადახდა - 498 042 472 ბელორუსული რუბლის ოდენობით და სახელმწიფოს სასარგებლოდ სახელმწიფო ბაჟის გადახდა - 17 941 274 რუბლის ოდენობით;

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი

საკასაციო სასამართლო საქმის მასალების შესწავლის შედეგად მიიჩნევს, რომ საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2017 წლის 24 მარტის განჩინებაში უნდა გასწორდეს უსწორობა.

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 260-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სასამართლოს შეუძლია მხარეთა თხოვნით ან თავისი ინიციატივით გაასწოროს გადაწყვეტილებაში დაშვებული უსწორობანი ან აშკარა არითმეტიკული შეცდომები. თუ სასამართლოს მიზანშეწონილად მიაჩნია, შესწორებათა შეტანის საკითხი შეიძლება გადაწყდეს სასამართლო სხდომაზე. მხარეებს ეცნობებათ სხდომის დრო და ადგილი, მაგრამ მათი გამოუცხადებლობა არ წარმოადგენს დაბრკოლებას გადაწყვეტილებაში შესწორების შეტანის საკითხის განხილვისათვის.

მოცემულ შემთხვევაში საკასაციო პალატამ მიზანშეწონილად არ მიიჩნია ამავე პალატის განჩინებაში დაშვებული უსწორობის გასწორების საკითხის გადაწყვეტა სასამართლო სხდომაზე.

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ საკუთარი ინიციატივით უნდა გაასწოროს საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2017 წლის 24 მარტის განჩინებაში დაშვებული უსწორობა საქმეზე №ა-3082-შ-78-2016. კერძოდ, შუამდგომლობის ავტორად ნაცვლად „გომელის საბაჟო“, მიეთითოს - „ბელორუსის რესპუბლიკის გადასახადებისა და მოსაკრებლების სამინისტროს გომელის ოლქის ინსპექცია“. განჩინების აღწერილობითი ნაწილის მეორე აბზაცი ნაცვლად არსებულისა ჩამოყალიბდეს შემდეგი სახით - „ბელორუსის რესპუბლიკის გადასახადებისა და მოსაკრებლების სამინისტროს გომელის ოლქის ინსპექციამ საქართველოს უზენაეს სასამართლოში წარმოდგენილი შუამდგომლობით მოითხოვა ბელორუსის რესპუბლიკის ქალაქ გომელის ოლქის ეკონომიკური სასამართლოს 2016 წლის 28 მარტის გადაწყვეტილების ცნობა და აღსრულება იმ ნაწილში, რომლითაც „G. L“-ს (საქართველო, თბილისი, 0154, .....) დაეკისრა ბელორუსის რესპუბლიკის სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ სახელმწიფო ბაჟის გადახდა - 17 941 274 რუბლის ოდენობით“.

აღნიშნულიდან გამომდინარე, გასწორდეს საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2017 წლის 24 მარტის განჩინების სარეზოლუციო ნაწილის მე-2 პუნქტში დაშვებული უსწორობა და აღნიშნული პუნქტი ნაცვლად არსებულისა ჩამოყალიბდეს შემდეგი სახით - „საქართველოს ტერიტორიაზე ცნობილ იქნას და დაექვემდებაროს აღსრულებას ბელორუსის რესპუბლიკის ქალაქ გომელის ოლქის ეკონომიკური სასამართლოს 2016 წლის 28 მარტის გადაწყვეტილება, რომლითაც: „G.L“-ს (საქართველო, თბილისი, 0154, .......) დაეკისრა ბელორუსის რესპუბლიკის სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ სახელმწიფო ბაჟის გადახდა - 17 941 274 რუბლის ოდენობით“.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 260-ე, 284-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა

1. გასწორდეს საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2017 წლის 24 მარტის განჩინებაში დაშვებული უსწორობა;

2. შუამდგომლობის ავტორად მიეთითოს - „ბელორუსის რესპუბლიკის გადასახადებისა და მოსაკრებლების სამინისტროს გომელის ოლქის ინსპექცია“;

3. განჩინების აღწერილობითი ნაწილის მეორე აბზაცი ნაცვლად არსებულისა ჩამოყალიბდეს შემდეგი სახით - „ბელორუსის რესპუბლიკის გადასახადებისა და მოსაკრებლების სამინისტროს გომელის ოლქის ინსპექციამ საქართველოს უზენაეს სასამართლოში წარმოდგენილი შუამდგომლობით მოითხოვა ბელორუსის რესპუბლიკის ქალაქ გომელის ოლქის ეკონომიკური სასამართლოს 2016 წლის 28 მარტის გადაწყვეტილების ცნობა და აღსრულება იმ ნაწილში, რომლითაც „G.L“-ს (საქართველო, თბილისი, 0154, .....) დაეკისრა ბელორუსის რესპუბლიკის სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ სახელმწიფო ბაჟის გადახდა - 17 941 274 რუბლის ოდენობით“;

4. განჩინების სარეზოლუციო ნაწილის მე-2 პუნქტი ნაცვლად არსებულისა ჩამოყალიბდეს შემდეგი სახით - „საქართველოს ტერიტორიაზე ცნობილ იქნას და დაექვემდებაროს აღსრულებას ბელორუსის რესპუბლიკის ქალაქ გომელის ოლქის ეკონომიკური სასამართლოს 2016 წლის 28 მარტის გადაწყვეტილება, რომლითაც: „G. L“-ს (საქართველო, თბილისი, 0154, ......) დაეკისრა ბელორუსის რესპუბლიკის სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ სახელმწიფო ბაჟის გადახდა - 17 941 274 რუბლის ოდენობით“;

5. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.

თავმჯდომარე ნ. ბაქაქური

მოსამართლეები: ზ. ძლიერიშვილი

ბ. ალავიძე