საქმე №ას-47-47-2018 10 ივნისი, 2021 წელი
ქ. თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატა
შემადგენლობა:
ნინო ბაქაქური (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
ზურაბ ძლიერიშვილი, ბესარიონ ალავიძე
საქმის განხილვის ფორმა _ ზეპირი განხილვის გარეშე
საკასაციო საჩივრის ავტორები – ი.ც–ის უფლებამონაცვლეები ფ.ც–ი და ა.ც–ი (მოსარჩელეები)
მოწინააღმდეგე მხარე – თ.ბ–ძე (მოპასუხე)
გასაჩივრებული განჩინება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2017 წლის 8 ნოემბრის განჩინება
კასატორების მოთხოვნა – გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის სრულად დაკმაყოფილება
დავის საგანი – უღირს მემკვიდრედ ცნობა
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი
ი.ც–მა (შემდგომში „მოსარჩელე“) სარჩელი აღძრა სასამართლოში თ.ბ–ძის (შემდგომში „მოპასუხე“) მიმართ უღირს მემკვიდრედ ცნობის თაობაზე.
მოპასუხემ სარჩელი არ ცნო.
თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2016 წლის 16 ივნისის გადაწყვეტილებით სარჩელი არ დაკმაყოფილდა, რაც სააპელაციო წესით გაასაჩივრა მოსარჩელემ.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2017 წლის 8 ნოემბრის განჩინებით სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა. უცვლელად დარჩა თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2016 წლის 16 ივნისის გადაწყვეტილება.
სააპელაციო სასამართლოს განჩინებაზე საკასაციო საჩივარი შეიტანა მოსარჩელემ და მოითხოვა გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის სრულად დაკმაყოფილება.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2018 წლის 22 თებერვლის განჩინებით ი.ც–ის საკასაციო საჩივარი მიღებულ იქნა წარმოებაში, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მიხედვით, დასაშვებობის შესამოწმებლად.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2019 წლის 8 აპრილის განჩინებით ი.ც–ის უფლებამონაცვლეებად ცნობილ იქნენ მისი კანონისმიერი პირველი რიგის მემკვიდრეები, შვილები - ფ.ც–ი და ა.ც–ი.
2019 წლის 29 ოქტომბერს საკასაციო სასამართლოს განცხადებით მომართა თ.ბ–ძის ყოფილმა წარმომადგენელმა უ.მ–ძემ, რომელმაც წარმოადგინა თ.ბ–ძის გარდაცვალების მოწმობა და იშუამდგომლა მისი უფლებამონაცვლის დადგენამდე საქმის წარმოების შეჩერების თაობაზე არაუმეტეს ერთი წლით. განმცხადებელმა აღნიშნა, რომ თ.ბ–ძეს დარჩა ერთი შვილი და იშუამდგომლა საქმეში თ.ბ–ძის უფლებამონაცვლის, მისი შვილის - ბ.ბ–ძის მხარეს დამოუკიდებელი სასარჩელო მოთხოვნის გარეშე უ.მ–ძის მესამე პირად ჩართვის თაობაზე.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2019 წლის 12 ნოემბრის განჩინებით შეჩერდა საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის წარმოებაში არსებული სამოქალაქო საქმის №ას-47-47-2018 (კასატორები - ი.ც–ის უფლებამონაცვლეები ფ.ც–ი და ა.ც–ი, მოწინააღმდეგე მხარე - თ.ბ–ძე) წარმოება აწ გარდაცვლილი თ.ბ–ძის უფლებამონაცვლის დადგენამდე, არა უმეტეს ერთი წლის ვადით.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2020 წლის 5 ნოემბრის განჩინებით სსიპ საქართველოს ნოტარიუსთა პალატას დაევალა მოცემული განჩინების ჩაბარებიდან 5 დღის ვადაში საქართველოს უზენაეს სასამართლოში წარმოედგინა ინფორმაცია თ.ბ–ძის (პირადი ნომერი ......) სახელზე რეგისტრირებული სამკვიდრო ქონების კონკრეტული პირების მხრიდან მიღება/არმიღებასთან დაკავშირებით.
ამავე სასამართლოს 2020 წლის 5 ნოემბრის განჩინებით ი.ც–ის უფლებამონაცვლეებს ფორია და ა.ც–ებს დაევალათ მოცემული განჩინების ჩაბარებიდან 5 დღის ვადაში: ა) დაესახელებინათ არის თუ არა ბ.ბ–ძე თ.ბ–ძის მემკვიდრე ან მიეთითებინათ მოპასუხის უფლებამონაცვლე პირი (პირი, რომელმაც სამკვიდრო ქონება მიიღო); ბ) წარმოედგინათ ინფორმაცია, ითხოვენ თუ არა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 281-ე მუხლის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად საქმის წარმოების შეჩერებას დამატებით 6 თვით.
2020 წლის 7 დეკემბერს საკასაციო სასამართლოში წარმოდგენილ იქნა სსიპ საქართველოს ნოტარიუსთა პალატის 2020 წლის 7 დეკემბრის N16/12170 წერილი, რომლითაც დასტურდება, რომ ერთიან ელექტრონულ სამემკვიდრეო რეესტრში არ არის რეგისტრირებული ჩანაწერი თ.ბ–ძის სამკვიდრო ქონების შესახებ სამემკვიდრეო საქმის წარმოების მიმდინარეობისა და/ან განხორციელების თაობაზე.
2020 წლის 8 დეკემბერს საკასაციო სასამართლოს შუამდგომლობით მომართეს ი.ც–ის უფლებამონაცვლეებმა ა. და ფ.ც–ებმა და დაადასტურეს, რომ გარდაცვლილი თ.ბ–ძის უფლებამონაცვლეს წარმოადგენს მისი შვილი - ბ.ბ–ძე. შუამდგომლობის ავტორებმა მოითხოვეს შესაბამისი დოკუმენტების წარმოსადგენად საქმის წარმოების დამატებით, 6 თვით შეჩერება.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2020 წლის 8 დეკემბრის განჩინებით შეჩერდა დამატებით ექვსი თვის ვადით საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის წარმოებაში არსებული სამოქალაქო საქმის №ას-47-47-2018 წარმოება აწ გარდაცვლილი თ.ბ–ძის უფლებამონაცვლის დადგენამდე.
სასამართლოს მიერ დამატებით დადგენილ ექვსი თვის ვადაში ა. და ფ.ც–ებს სასამართლოში არ წარმოუდგენიათ დოკუმენტები იმის დასტურად, რომ ბ.ბ–ძე არის თ.ბ–ძის უფლებამონაცვლე - შვილი. ამასთან, 2021 წლის 10 ივნისს ა. და ფ.ც–ებმა საკასაციო სასამართლოში წარმოადგინეს განცხადება და აღნიშნეს, რომ უარს აცხადებენ მათ საკასაციო საჩივარზე და თანახმა არიან ძალაში დარჩეს ქვემდგომი ინსტანციის სასამართლოების გადაწყვეტილებები.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი
საკასაციო სასამართლო საქმის მასალებისა და საკასაციო საჩივრის ავტორების განცხადების შესწავლის შედეგად მიიჩნევს, რომ მოცემულ საკასაციო საჩივარზე საქმის წარმოება უნდა შეწყდეს.
საქმის მასალებით დასტურდება, რომ საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2018 წლის 22 თებერვლის განჩინებით ი.ც–ის საკასაციო საჩივარი მიღებულ იქნა წარმოებაში, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მიხედვით, დასაშვებობის შესამოწმებლად.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2019 წლის 8 აპრილის განჩინებით ი.ც–ის უფლებამონაცვლეებად ცნობილ იქნენ მისი კანონისმიერი პირველი რიგის მემკვიდრეები, შვილები - ფ.ც–ი და ა.ც–ი.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2019 წლის 12 ნოემბრის განჩინებით შეჩერდა საქმის წარმოება აწ გარდაცვლილი თ.ბ–ძის უფლებამონაცვლის დადგენამდე, არა უმეტეს ერთი წლის ვადით.
ამავე სასამართლოს 2020 წლის 8 დეკემბრის განჩინებით შეჩერდა დამატებით ექვსი თვის ვადით სამოქალაქო საქმის წარმოება აწ გარდაცვლილი თ.ბ–ძის უფლებამონაცვლის დადგენამდე.
სასამართლოს მიერ დამატებით დადგენილ 6 თვის ვადაში ი.ც–ის უფლებამონაცვლეებს ა. და ფ.ც–ებს სასამართლოში არ წარმოუდგენიათ დოკუმენტები იმის დასტურად, რომ ბ.ბ–ძე არის თ.ბ–ძის უფლებამონაცვლე - შვილი.
დადგენილია ასევე, რომ კასატორები, ი.ც–ის უფლებამონაცვლეები ა. და ფ.ც–ები უარს აცხადებენ მათ საკასაციო საჩივარზე და თანახმა არიან ძალაში დარჩეს ქვემდგომი ინსტანციის სასამართლოების გადაწყვეტილებები.
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის (შემდგომში - სსსკ) 283-ე მუხლის თანახმად, საქმის წარმოება განახლდება იმ გარემოებათა აცილების შემდეგ, რომლებმაც გამოიწვია წარმოების შეჩერება. წარმოების განახლების შემდეგ საქმის განხილვა ხდება საერთო წესით. დასახელებული მუხლის დანაწესიდან გამომდინარე, სასამართლო განაახლებს შეჩერებული საქმის წარმოებას მას შემდეგ, რაც დაადგენს, რომ აღარ არსებობს ის გარემოება, რომელიც საქმის წარმოების შეჩერებას დაედო საფუძვლად.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, ვინაიდან აღარ არსებობს საქმის წარმოების შეჩერების საფუძველი, შესაბამისად, საქმის წარმოება უნდა განახლდეს.
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 399-ე მუხლის თანახმად, საქმის განხილვა საკასაციო სასამართლოში წარმოებს იმ წესების დაცვით, რომლებიც დადგენილია სააპელაციო სასამართლოში საქმეთა განხილვისათვის, გარდა იმ გამონაკლისებისა, რასაც სსსკ-ის XLIX თავი შეიცავს.
სსსკ-ის 372-ე მუხლის თანახმად, საქმის განხილვა სააპელაციო სასამართლოში წარმოებს იმ წესების დაცვით, რაც დადგენილია პირველი ინსტანციით საქმეთა განხილვისათვის, სსსკ-ის XLVI თავში მოცემული ცვლილებებითა და დამატებებით. ამავე კოდექსის 378-ე მუხლის შესაბამისად, სააპელაციო საჩივარზე უარის თქმა დასაშვებია სააპელაციო სასამართლოს მიერ გადაწყვეტილების გამოტანამდე. სააპელაციო საჩივარზე უარის თქმის შემთხვევაში სასამართლო შეწყვეტს საქმის წარმოებას, რის შედეგადაც მხარეს ერთმევა უფლება, კვლავ გაასაჩივროს სასამართლოს გადაწყვეტილება სააპელაციო წესით. სსსკ-ის 272-ე მუხლის „გ“ ქვეპუნქტის თანახმად, სასამართლო მხარეთა განცხადებით ან თავისი ინიციატივით შეწყვეტს საქმის წარმოებას, თუ მოსარჩელემ უარი თქვა სარჩელზე.
სსსკ-ის მე-2 მუხლით დამკვიდრებულია პირის უფლება მიმართოს სასამართლოს თავისი დარღვეული ან სადავო უფლების დაცვის მიზნით, ხოლო, ამავე კოდექსის მე-3 მუხლი განამტკიცებს დისპოზიციურობის პრინციპს სამოქალაქო საპროცესო სამართალში, რაც ნიშნავს მხარეთა თავისუფლებას განკარგონ თავიანთი მატერიალური და საპროცესო უფლებები. აღნიშნული, ცხადია, გულისხმობს მხარეთა თავისუფლებას, გაასაჩივრონ სასამართლოს გადაწყვეტილებები (განჩინებები) ან უარი თქვან მათ გასაჩივრებაზე.
კასატორებმა საკასაციო საჩივარზე უარის თქმით განახორციელეს სსსკ-ის მე-3 მუხლით მინიჭებული საპროცესო უფლება, რაც სავალდებულოა საკასაციო სასამართლოსათვის, ვინაიდან სსსკ-ის 409-ე მუხლის შესაბამისად, საკასაციო სასამართლოს უფლებამოსილება სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილების (განჩინების) შეცვლისადმი განისაზღვრება მხარეთა მოთხოვნის ფარგლებით.
სსსკ-ის 399-ე მუხლიდან გამომდინარე, ამავე კოდექსის 378-ე და 272-ე მუხლების საფუძველზე, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ კასატორის მიერ საკასაციო საჩივარზე უარის თქმით მოცემულ საქმეზე საკასაციო საჩივრის საქმის წარმოება უნდა შეწყდეს.
საკასაციო სასამართლო, სსსკ-ის 399-ე და 378-ე მუხლების საფუძველზე, კასატორებს განუმარტავს, რომ საკასაციო საჩივარზე უარის თქმით, მათ უფლება ერთმევათ კვლავ გაასაჩივრონ სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება (განჩინება) საკასაციო წესით.
იმის გათვალისწინებით, რომ საქმის წარმოება უნდა შეწყდეს, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ აღარ არსებობს უ.მ–ძის შუამდგომლობაზე, საქმეში მესამე პირად ჩართვის თაობაზე, მსჯელობის საფუძველი და აღნიშნული შუამდგომლობა უნდა დარჩეს განუხილველად.
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 49-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, თუ სასამართლოს მთავარ სხდომამდე მოსარჩელე უარს იტყვის სარჩელზე, მოპასუხე ცნობს სარჩელს ან მხარეები მორიგდებიან, მხარეები მთლიანად თავისუფლდებიან სახელმწიფო ბაჟის გაადახდისაგან. ამავე მუხლის მე-4 ნაწილის მიხედვით, სააპელაციო და საკასაციო სასამართლოებში სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან მთლიანად გათავისუფლება ან სახელმწიფო ბაჟის ოდენობის განახევრება ხდება ამ მუხლით დადგენილი წესით, მხოლოდ ამ ინსტანციებისათვის განსაზღვრული სახელმწიფო ბაჟის ოდენობის ფარგლებში.
კანონის აღნიშნული დანაწესიდან გამომდინარე, საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ საქმის არსებითად განხილვამდე ი.ც–ის უფლებამონაცვლეების ა. და ფ.ც–ების მიერ საკასაციო საჩივარზე უარის თქმის გამო, კასატორებს სრულად უნდა დაუბრუნდეთ, სახელმწიფო ბაჟის სახით, მ.ჯ–ძის (პ/ნ .......) მიერ 2018 წლის 15 თებერვლის N15907084 საგადახდო დავალებით გადახდილი 300 ლარი სახელმწიფო ბიუჯეტიდან.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-3, 49-ე, 272-ე, 273-ე, 372-ე, 378-ე, 399-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა
1. განახლდეს სამოქალაქო საქმის №ას-47-47-2018 (კასატორები - ი.ც–ის უფლებამონაცვლეები ფ.ც–ი და ა.ც–ი, მოწინააღმდეგე მხარე - თ.ბ–ძე) წარმოება;
2. ი.ც–ის უფლებამონაცვლეების ა. და ფ.ც–ების განცხადება დაკმაყოფილდეს;
3. ი.ც–ის უფლებამონაცვლეების ა. და ფ.ც–ების საკასაციო საჩივარზე შეწყდეს წარმოება;
4. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2017 წლის 8 ნოემბრის განჩინება დარჩეს უცვლელად;
5. განემარტოთ მხარეებს, რომ საქმის წარმოების შეწყვეტის შემთხვევაში სასამართლოსათვის ხელმეორედ მიმართვა დავაზე იმავე მხარეებს შორის, იმავე საგანზე და იმავე საფუძვლით არ შეიძლება;
6. უ.მ–ძის შუამდგომლობა საქმეში მესამე პირად ჩართვის თაობაზე დარჩეს განუხილველად;
7. კასატორებს ი.ც–ის უფლებამონაცვლეებს ა.ც–ს (პ/ნ ......) და ფ.ც–ის (პ/ნ ......) სახელმწიფო ბიუჯეტიდან (ქ. თბილისი, „სახელმწიფო ხაზინა“, ბანკის კოდი TRESGE22, მიმღების ანგარიშის №200122900, სახაზინო კოდი 300773150) დაუბრუნდეთ მ.ჯ–ძის (პ/ნ ......) მიერ 2018 წლის 15 თებერვლის N15907084 საგადახდო დავალებით გადახდილი 300 ლარი;
8. საკასაციო პალატის განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.
თავმჯდომარე ნ. ბაქაქური
მოსამართლეები: ზ. ძლიერიშვილი
ბ. ალავიძე