Facebook Twitter

საქმე №ას-224-2021 22 ივნისი, 2021 წელი

ქ. თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატა

შემადგენლობა:

ნინო ბაქაქური (თავმჯდომარე, მომხსენებელი),

ზურაბ ძლიერიშვილი, ეკატერინე გასიტაშვილი

საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი მოსმენის გარეშე

კერძო საჩივრის ავტორი – ა.ც–ა (მოსარჩელე)

მოწინააღმდეგე მხარე – ი.რ–ა (მოპასუხე)

გასაჩივრებული განჩინება – ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2021 წლის 27 იანვრის განჩინება

კერძო საჩივრის ავტორის მოთხოვნა – გასაჩივრებული განჩინების გაუქმება

დავის საგანი – სააპელაციო საჩივრის დასაშვებად ცნობა

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი

1. ა.ც–ამ (შემდგომში - „მოსარჩელე“, „აპელანტი“, „განმცხადებელი“ ან „კერძო საჩივრის ავტორი“) სარჩელი აღძრა სასამართლოში ი.რ–ას მიმართ (შემდგომში - „მოპასუხე“) და მოითხოვა მოპასუხეს მოსარჩელის სასარგებლოდ უსაფუძვლო გამდიდრებით წარმოშობილი ზიანის ასანაზღაურებლად დაკისრებოდა 241 000 ლარი.

2. მოპასუხემ წარდგენილი შესაგებლით სარჩელი არ ცნო.

3. ზუგდიდის რაიონული სასამართლოს 2020 წლის 24 აგვისტოს გადაწყვეტილებით სარჩელი არ დაკმაყოფილდა. რაიონული სასამართლოს მითითებით, სარჩელი ხანდაზმულია.

4. ზუგდიდის რაიონული სასამართლოს 2020 წლის 24 აგვისტოს გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა მოსარჩელემ. აპელანტმა სააპელაციო საჩივარში აღნიშნა, რომ არის პენსიონერი, აქვს ჯანმრთელობის მძიმე მდგომარეობა (ჰეპატიტი „C“) და მოითხოვა სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან გათავისუფლება.

5. ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2020 წლის 30 ოქტომბრის განჩინებით აპელანტის შუამდგომლობა სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან გათავისუფლების შესახებ არ დაკმაყოფილდა; სააპელაციო საჩივარი მიჩნეულ იქნა ხარვეზიანად და აპელანტს დაევალა განჩინების ასლის ჩაბარებიდან ათი დღის ვადაში სასამართლოსთვის წარედგინა სახელმწიფო ბაჟის, 5 000 ლარის გადახდის დამადასტურებელი დოკუმენტი.

6. 2020 წლის 25 ნოემბერს სააპელაციო სასამართლოს შუამდგომლობით მიმართა აპელანტმა, ეკონომიკური და ჯანმრთელობის მდგომარეობიდან გამომდინარე მოითხოვა სახელმწიფო ბაჟის ოდენობის 2 000 ლარამდე შემცირება და ხარვეზის შესავსებად დადგენილი ვადის 15 დღით გაგრძელება.

7. ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2020 წლის 4 დეკემბრის განჩინებით აპელანტის შუამდგომლობა სახელმწიფო ბაჟის შემცირების თაობაზე არ დაკმაყოფილდა, ხოლო შუამდგომლობა ხარვეზის შევსებისათვის დადგენილი ვადის გაგრძელების თაობაზე დაკმაყოფილდა და იგი განისაზღვრა განჩინების ასლის აპელანტისათვის ჩაბარებიდან 15 დღით.

8. 2021 წლის 18 იანვარს აპელანტმა შუამდგომლობით მიმართა სააპელაციო სასამართლოს და სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან გათავისუფლება ან მისი გადახდის გადავადება მოითხოვა.

9. ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2021 წლის 27 იანვრის განჩინებით აპელანტის შუამდგომლობა სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან გათავისუფლების ან მისი გადახდის გადავადების თაობაზე არ დაკმაყოფილდა; სააპელაციო საჩივარი დარჩა განუხილველი.

10. სააპელაციო სასამართლოს მითითებით, ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2020 წლის 30 ოქტომბრის განჩინებით აპელანტს უარი ეთქვა სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან გათავისუფლების მოთხოვნაზე, ხოლო ამავე სასამართლოს 2020 წლის 4 დეკემბრის განჩინებით მისი ოდენობის შემცირებაზე და სახელმწიფო ბაჟის გადახდისათვის სასამართლოს მიერ განსაზღვრული ვადა გაუგრძელდა, თუმცა ხარვეზი დადგენილ ვადაში არ შევსებულა.

11. სააპელაციო პალატის მითითებით, აპელანტმა განმეორებით წარდგენილ განცხადებაში ბაჟის გადახდისგან გათავისუფლების ან მისი გადახდის გადავადების მოთხოვნის საფუძვლად კვლავ ჯანმრთელობის მძიმე მდგომარეობაზე მიუთითა, თუმცა არც ამ ფაქტისა და არც მძიმე ქონებრივი მდგომარეობის დამადასტურებელი მტკიცებულება სასამართლოსათვის არ წარუდგენია.

12. სააპელაციო სასამართლომ იხელმძღვანელა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 70-ე-78-ე მუხლებით და აღნიშნა, რომ ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს 2020 წლის 4 დეკემბრის განჩინება აპელანტს მის მიერ მითითებულ მისამართზე 2020 წლის 16 დეკემბერს პირადად ჩაბარდა, შესაბამისად, მას ხარვეზის შევსებისათვის ვადა 2020 წლის 31 დეკემბრის 24:00 საათამდე ჰქონდა, თუმცა ხარვეზი არ შევსებულა.

13. სააპელაციო სასამართლოს განჩინებაზე აპელანტმა შეიტანა კერძო საჩივარი, მოითხოვა მისი გაუქმება და საქმის ხელახლა განსახილველად იმავე სასამართლოსათვის დაბრუნება.

14. კერძო საჩივრის ავტორმა მიუთითა გასაჩივრებული განჩინების გაუქმების შემდეგ საფუძველზე: განმცხადებელმა სააპელაციო სასამართლოს ეკონომიკური და ჯანმრთელობის მძიმე მდგომარეობის გამო მიმართა და მოითხოვა შეღავათის გაწევა; კერძო საჩივრის ავტორი არის პენსიონერი, ხოლო ცნობა ჯანმრთელობის მძიმე მდგომარეობის შესახებ ერთვის საქმეს; განმცხადებელმა აღნიშნა, რომ მის მიერ მითითებული გარემოებები სახელმწიფო ბაჟისაგან გათავისუფლების საფუძველი უნდა ყოფილიყო, გასაჩივრებული განჩინებით კი შუამდგომლობა არ დაკმაყოფილდა. შესაბამისად, არსებობს სააპელაციო სასამართლოს განჩინების გაუქმებისა და საქმის ხელახლა განსახილველად დაბრუნების საფუძველი.

15. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2021 წლის 22 აპრილის განჩინებით კერძო საჩივარი მიღებულ იქნა განსახილველად.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი

16. საკასაციო სასამართლო კერძო საჩივრის საფუძვლების ანალიზის, საქმის მასალების შესწავლისა და გასაჩივრებული განჩინების იურიდიული დასაბუთების შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ კერძო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს.

17. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 420-ე მუხლის თანახმად, კერძო საჩივრების განხილვა ზემდგომ სასამართლოებში წარმოებს შესაბამისად ამ სასამართლოებისათვის გათვალისწინებული წესების დაცვით. ამავე კოდექსის 410-ე მუხლის თანახმად კი, საკასაციო სასამართლო არ დააკმაყოფილებს საკასაციო საჩივარს, თუ: ა) კანონის მითითებულ დარღვევას არა აქვს ადგილი; ბ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებას საფუძვლად არ უდევს კანონის დარღვევა; გ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება არსებითად სწორია, მიუხედავად იმისა, რომ გადაწყვეტილების სამოტივაციო ნაწილი არ შეიცავს შესაბამის დასაბუთებას.

18. გასაჩივრებული განჩინებით სააპელაციო საჩივარი დარჩა განუხილველი იმ საფუძვლით, რომ აპელანტმა ხარვეზი არ შეავსო სასამართლოს მიერ განსაზღვრულ ვადაში.

19. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლოს მსჯელობის საგანს სააპელაციო საჩივრის განუხილველად დატოვების მართლზომიერება წარმოადგენს.

20. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 368-ე მუხლის მეხუთე ნაწილის თანახმად, თუ სააპელაციო საჩივარი არ უპასუხებს ამ ნორმის მოთხოვნებს ან სახელმწიფო ბაჟი არ არის გადახდილი, სასამართლო ავალებს საჩივრის შემტან პირს შეავსოს ხარვეზი, რისთვისაც მას ვადას უნიშნავს. თუ ამ ვადაში ხარვეზი არ იქნება შევსებული, სააპელაციო საჩივარი აღარ მიიღება.

21. საქმის მასალებით დადგენილია, რომ ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2020 წლის 30 ოქტომბრის განჩინებით აპელანტის შუამდგომლობა სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან გათავისუფლების შესახებ არ დაკმაყოფილდა და აპელანტს დაევალა განჩინების ასლის ჩაბარებიდან ათი დღის ვადაში სასამართლოსთვის წარედგინა სახელმწიფო ბაჟის, 5 000 ლარის გადახდის დამადასტურებელი დოკუმენტი (იხ. ს.ფ. 233 - 238). ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2020 წლის 4 დეკემბრის განჩინებით კი აპელანტის შუამდგომლობა სახელმწიფო ბაჟის შემცირების თაობაზე არ დაკმაყოფილდა, ხოლო შუამდგომლობა ხარვეზის შევსებისათვის დადგენილი ვადის გაგრძელების თაობაზე დაკმაყოფილდა და იგი განისაზღვრა განჩინების ასლის აპელანტისათვის ჩაბარებიდან 15 დღით (იხ. ს.ფ. 241- 244).

22. აპელანტმა ვადაში მიმართა სააპელაციო სასამართლოს, თუმცა მოითხოვა სახელმწიფო ბაჟის გადახდისგან გათავისუფლება ან მისი გადახდის გადავადება, სახელმწიფო ბაჟის გადახდის დამადასტურებელი დოკუმენტი კი სასამართლოსათვის არ წარუდგენია.

23. ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2021 წლის 27 იანვრის განჩინებით აპელანტის შუამდგომლობა სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან გათავისუფლების ან მისი გადახდის გადავადების თაობაზე არ დაკმაყოფილდა; სააპელაციო საჩივარი დარჩა განუხილველი (იხ. ს.ფ. 250 – 255).

24. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 70-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, მხარეს ან მის წარმომადგენელს სასამართლო უწყებით ეცნობება სასამართლო სხდომის ან ცალკეული საპროცესო მოქმედების შესრულების დრო და ადგილი. უწყება მხარისათვის და მისი წარმომადგენლისათვის ჩაბარებულად ჩაითვლება, თუ იგი ჩაჰბარდება ერთ-ერთ მათგანს. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 70-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად სასამართლო შეტყობინების ადრესატისათვის ჩაბარება სასამართლოს მიერ დადგენილი საპროცესო ვადის დენის დაწყების საფუძველს წარმოადგენს. ამავე კოდექსის მე-60 მუხლის მეორე ნაწილის თანახმად, წლებით, თვეებით ან დღეებით გამოსათვლელი საპროცესო ვადის დენა იწყება იმ კალენდარული თარიღის ან იმ მოვლენის დადგომის მომდევნო დღიდან, რომლითაც განსაზღვრულია მისი დასაწყისი. ამავე კოდექსის 61-ე მუხლის მე-3 ნაწილის მიხედვით, საპროცესო მოქმედება, რომლის შესასრულებლადაც დადგენილია ვადა, შეიძლება შესრულდეს ვადის უკანასკნელი დღის ოცდაოთხ საათამდე. ამავე კოდექსის 63-ე მუხლის თანახმად კი, საპროცესო მოქმედების შესრულების უფლება გაქარწყლდება კანონით დადგენილი ან სასამართლოს მიერ დანიშნული ვადის გასვლის შემდეგ. საჩივარი ან საბუთები, რომლებიც შეტანილია საპროცესო ვადის გასვლის შემდეგ, განუხილველი დარჩება. ამ ნორმებიდან გამომდინარეობს, რომ მხარე ვალდებულია, სასამართლოს მიერ განსაზღვრულ ვადაში შეასრულოს დავალებული საპროცესო მოქმედება, წინააღმდეგ შემთხვევაში, იგი კარგავს შესაბამისი მოქმედების შესრულების უფლებას.

25. ზემოაღნიშნული ნორმების შესაბამისად, აპელანტისათვის ხარვეზის შესავსებად დადგენილი ვადის დენა დაიწყო ხარვეზის დადგენის შესახებ განჩინების მისთვის ჩაბარების მომდევნო დღეს – 2020 წლის 17 დეკემბერს და ამოიწურა ამავე წლის 31 დეკემბერს, თუმცა საქმის მასალებით დასტურდება, რომ აპელანტმა სააპელაციო სასამართლოს მიერ განსაზღვრულ ვადაში ხარვეზი არ შეავსო.

26. კერძო საჩივრის ავტორის პრეტენზიასთან დაკავშირებით, რომელიც ეხება სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან გათავისუფლებას ან მისი გადახდის გადავადებას, საკასაციო სასამართლო მიუთითებს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 47-ე მუხლის პირველ ნაწილზე, რომლის თანახმად, სასამართლოს, მოქალაქის ქონებრივი მდგომარეობის გათვალისწინებით, თუ მოქალაქე დაასაბუთებს სასამართლო ხარჯების გადახდის შეუძლებლობას და სასამართლოს წარუდგენს უტყუარ მტკიცებულებებს, შეუძლია მთლიანად ან ნაწილობრივ გაათავისუფლოს იგი სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ სასამართლო ხარჯების გადახდისაგან, რის თაობაზედაც მოსამართლეს გამოაქვს მოტივირებული განჩინება. ამავე კოდექსის 48-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად კი სასამართლოს, მხარეთა ქონებრივი მდგომარეობის გათვალისწინებით, შეუძლია ერთ ან ორივე მხარეს გადაუვადოს სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ სასამართლო ხარჯების გადახდა ან/და შეამციროს მათი ოდენობა, თუ მხარე სასამართლოს უტყუარ მტკიცებულებებს წარუდგენს. შუამდგომლობის ავტორი მხარე ვალდებულია, სასამართლოს წინაშე, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე მუხლის მე-3 ნაწილით დადგენილი წესით, სათანადო მტკიცებულებების წარდგენის გზით დაადასტუროს მისი მძიმე ქონებრივი მდგომარეობა, რათა სასამართლოს გაუჩნდეს მყარი შინაგანი რწმენა, რომ მხარეს არ შეუძლია გადაიხადოს სახელმწიფო ბაჟი და სწორედ კანონით გათვალისწინებული შეღავათების გამოუყენებლობა გამოიწვევს სადავოდ მიჩნეული უფლების სასამართლოს წესით დაცვის რეალიზების შეზღუდვას მოდავე მხარის მიმართ.

27. მოცემულ შემთხვევაში, კერძო საჩივარში მითითებულია, რომ აპელანტმა სააპელაციო სასამართლოს წარუდგინა ინფორმაცია იმის შესახებ, რომ არის პენსიონერი, იმყოფება მძიმე ეკონომიკურ მდგომარეობაში და აქვს ჯანმრთელობის მძიმე მდგომარეობა, თუმცა როგორც ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2021 წლის 27 იანვრის განჩინებით არის დადგენილი, მას არ წარუდგენია მტკიცებულება, რომ არ გააჩნია რაიმე შემოსავალი. მართალია, 2021 წლის 18 იანვრის შუამდგომლობას თან ერთვის ჯანმრთელობის ცნობა, თუმცა აღნიშნული არ არის საკმარისი იმ გარემოების დასადასტურებლად, რომ განმცხადებელს მძიმე ქონებრივი (მატერიალური) მდგომარეობიდან გამომდინარე არ აქვს საშუალება გადაიხადოს სახელმწიფო ბაჟი.

28. საკასაციო პალატა განმარტავს, რომ მხოლოდ პენსიის მიღების ფაქტი ვერ ჩაითვლება გადახდისუუნარობის დამადასტურებელ უტყუარ მტკიცებულებად, ვინაიდან იგი სრულად არ ასახავს პირის ქონებრივ მდგომარეობას და არ გამორიცხავს შემოსავლის სხვა წყაროს არსებობის შესაძლებლობას. აღნიშნული გარემოება სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან გათავისუფლების საფუძველს შესაძლოა წარმოადგენდეს მხოლოდ მხარის ქონებრივი მდგომარეობის ამსახველ სხვა მტკიცებულებებთან (მაგალითად, როგორიცაა: ცნობები ყოველთვიური შემოსავლის, საბანკო ანგარიშებზე არსებული თანხის, ამა თუ იმ ვალდებულების შესახებ და სხვა) ერთობლიობაში. საკასაციო პალატა აქვე აღნიშნავს, რომ სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 105-ე მუხლის პირველი და მეორე ნაწილების შესაბამისად, სასამართლოსათვის არავითარ მტკიცებულებას არა აქვს წინასწარ დადგენილი ძალა. სასამართლო აფასებს მტკიცებულებებს თავისი შინაგანი რწმენით, რომელიც უნდა ემყარებოდეს მათ ყოველმხრივ, სრულ და ობიექტურ განხილვას, რის შედეგადაც მას გამოაქვს დასკვნა საქმისათვის მნიშვნელობის მქონე გარემოებების არსებობის ან არარსებობის შესახებ (იხ. სუსგ საქმე №ას-1023-2019, 25 სექტემბერი, 2019 წელი).

29. მოცემულ შემთხვევაში აპელანტს თავისი მძიმე ქონებრივი მდგომარეობის დადასტურების მიზნით სააპელაციო სასამართლოსთვის სათანადო მტკიცებულებები არ წარუდგენია. ამასთან, არც კერძო საჩივარს ერთვის რაიმე მტკიცებულება აპელანტის ქონებრივი მდგომარეობის შესახებ. საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ მძიმე ფინანსური მდგომარეობის თაობაზე მხოლოდ მხარის მითითება, რომელიც გამყარებული არ არის უტყუარი მტკიცებულებებით, სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან აპელანტის გათავისუფლების საფუძველი ვერ გახდება. შესაბამისად, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ სააპელაციო პალატამ მართებულად არ დააკმაყოფილა აპელანტის შუამდგომლობა სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან გათავისუფლების ან გადავადების შესახებ.

30. საქართველოს კონსტიტუციის 31-ე მუხლით გარანტირებული პირის უფლება, თავის უფლებათა დასაცავად მიმართოს სასამართლოს, არ არის აბსოლუტური და სამოქალაქო პროცესში შეიძლება შეიზღუდოს სამართალწარმოების ეკონომიურობისა და მხარეთა თანასწორობის დაცვის პრინციპებით. ამასთან, გასათვალისწინებელია, რომ არ არსებობს უფლება უფასო სასამართლო პროცედურებზე. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს განმარტებით, „სასამართლოსადმი ხელმისაწვდომობის უფლება არ არის აბსოლუტური და იგი შეიძლება დაექვემდებაროს შეზღუდვებს; აღნიშნული გამომდინარეობს იმ დასკვნიდან, რომ სასამართლოსადმი ხელმისაწვდომობის უფლება „თავისი ბუნებით ექვემდებარება სახელმწიფო რეგულირებას; რეგულაცია შეიძლება განსხვავდებოდეს დროისა და ადგილის მიხედვით, საზოგადოებისა და ინდივიდების რესურსებისა და საჭიროებების საფუძველზე“ (იხ. Ashingdane v. The United Kingdom, №. 8225/78, გვ, 20, §57, 28 მაისი, 1985 წელი).

31. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კანონმდებლობა სააპელაციო საჩივრის დასაშვებობას უდგენს გარკვეულ შეზღუდვებს, კანონით გათვალისწინებული გამონაკლისების გარდა (სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 46-48-ე მუხლები), აწესებს სააპელაციო საჩივარზე სახელმწიფო ბაჟის წინასწარ გადახდის ვალდებულებას (სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 38-ე მუხლის „ვ“ ქვეპუნქტი, 39-ე მუხლის პირველი ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტი, 52-ე მუხლი) და გარკვეულ მოთხოვნებს უყენებს თავად სააპელაციო საჩივარს ფორმისა და შინაარსის თვალსაზრისით (სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 372-ე მუხლი, 177-ე მუხლის მესამე ნაწილი და 368-ე მუხლის პირველი ნაწილი), რომელთა შესრულება სავალდებულოა აპელანტისათვის. იმ შემთხვევაში, თუ აპელანტი არ შეასრულებს კანონით დადგენილ ვალდებულებებს და სასამართლოს მითითებებს, იგი ვეღარ დაეყრდნობა სამართლიანი სასამართლოს უფლებას და ვერ მოითხოვს მისი საქმის განხილვას, ვინაიდან მის მიმართ დადგება ის უარყოფითი საპროცესო შედეგი, რასაც ითვალისწინებს საპროცესო კანონმდებლობა კანონით დადგენილი ვალდებულებებისა თუ სასამართლოს მითითებების შეუსრულებლობისათვის (სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 59-ე და 63-ე მუხლები, 368-ე მუხლის მე-5 ნაწილი და 374-ე მუხლის პირველი ნაწილი).

32. ყოველივე ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ, რადგან აპელანტმა სასამართლოს მიერ განსაზღვრულ ვადაში არ გამოასწორა ხარვეზი, სააპელაციო სასამართლომ მართებულად დატოვა განუხილველად სააპელაციო საჩივარი. ამდენად, არ არსებობს საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 410-ე მუხლის შესაბამისად, კერძო საჩივრის დაკმაყოფილების საფუძველი.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 419-ე, 420-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა

1. ა.ც–ას კერძო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;

2. უცვლელი დარჩეს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2021 წლის 27 იანვრის განჩინება;

3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.

თავმჯდომარე ნ. ბაქაქური

მოსამართლეები: ზ. ძლიერიშვილი

ე. გასიტაშვილი