საქმე №ას-361-2021 29 ივნისი, 2021 წელი
ქ. თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატა
შემადგენლობა:
ნინო ბაქაქური (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
ზურაბ ძლიერიშვილი, ეკატერინე გასიტაშვილი
საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი მოსმენის გარეშე
კერძო საჩივრის ავტორი – მ.ჩ–ძე (მოპასუხე)
მოწინააღმდეგე მხარე – გ.ხ–ი (მოსარჩელე)
თავდაპირველი მოპასუხე – ე.მ–ი
გასაჩივრებული განჩინება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2020 წლის 30 ივლისის განჩინება
კერძო საჩივრის ავტორის მოთხოვნა – გასაჩივრებული განჩინების გაუქმება
დავის საგანი – სააპელაციო საჩივრის დასაშვებად ცნობა
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი
1. გ.ხ–მა (შემდგომში - „მოსარჩელე“) სარჩელი აღძრა სასამართლოში მ.ჩ–ძისა (შემდგომში − „პირველი მოპასუხე“, „აპელანტი“ ან „კერძო საჩივრის ავტორი“) და ე.მ–ის (შემდგომში - „მეორე მოპასუხე“) მიმართ თანხის დაკისრებისა და ქონების რეალიზაციის თაობაზე.
2. მეორე მოპასუხემ სარჩელი არ ცნო, ხოლო პირველ მოპასუხეს შესაგებელი არ წარუდგენია.
3. თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2020 წლის 13 მარტის გადაწყვეტილებით სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ; პირველ მოპასუხეს მოსარჩელის სასარგებლოდ დაეკისრა:
3.1. სესხის ძირითადი თანხის - 10 913 აშშ დოლარისა და 2015 წლის 10 თებერვლიდან 2015 წლის 10 აგვისტომდე დარიცხული სარგებლის - 1 542 აშშ დოლარის გადახდა;
3.2. პირგასამტეხლოს გადახდა 2014 წლის 4 აპრილიდან 2015 წლის 10 თებერვლამდე ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე 1 აშშ დოლარის ოდენობით, რაც შეადგენს 280 აშშ დოლარს;
3.3. პირგასამტეხლოს გადახდა 2015 წლის 2 აგვისტოდან 2018 წლის 2 აგვისტომდე ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე 1 აშშ დოლარის ოდენობით, რაც შეადგენს 1 095 აშშ დოლარს;
3.4. პირგასამტეხლოს გადახდა 2018 წლის 10 აგვისტოდან სასამართლოს მიერ მიღებული გადაწყვეტილების აღსრულებამდე ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე 1 აშშ დოლარის ოდენობით;
3.5. მეორე მოპასუხის საკუთრებაში არსებული ქ. თბილისში, ...... №4 კორპუსში მდებარე №40 ბინა (საკადასტრო კოდით: .......) დავალიანების დაფარვის მიზნით მიექცა სარეალიზაციოდ;
3.6. სასამართლოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება მიექცა დაუყოვნებლივ აღსასრულებლად.
4. საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება სააპელაციო საჩივრით გაასაჩივრა როგორც მოსარჩელემ, ისე პირველმა მოპასუხემ.
5. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2020 წლის 30 ივლისის განჩინებით პირველი მოპასუხის სააპელაციო საჩივარი განუხილველი დარჩა.
6. სააპელაციო სასამართლომ იხელმძღვანელა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 369-ე მუხლის პირველი ნაწილით, ამავე კოდექსის 2591 მუხლის პირველი ნაწილით და აღნიშნა, რომ საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი 2020 წლის 13 მარტს გამოცხადდა, რომელსაც ესწრებოდა მოპასუხის უფლებამოსილი წარმომადგენელი. გადაწყვეტილების გამოცხადებიდან 30-ე დღე იყო 12 აპრილი. მხარეს შეეძლო მითითებულ პერიოდში სასამართლოში გამოცხადება და გადაწყვეტილების ასლის ჩაბარება. საქმეში არსებული მასალებით დასტურდება, რომ არც პირველი მოპასუხე და არც მისი წარმომადგენელი აღნიშნულ პერიოდში სასამართლოში არ მისულან და გადაწყვეტილების ასლის ჩაბარება არ მოუთხოვიათ. შესაბამისად, სააპელაციო საჩივრის წარდგენის 14 დღიანი ვადის ათვლა დაიწყო 2020 წლის 13 აპრილს და ამოიწურა ამავე წლის 27 აპრილს. სააპელაციო საჩივარი სასამართლოში წარდგენილია 2020 წლის 14 მაისს (სააპელაციო საჩივარი ფოსტით მეშვეობით გაგზავნილია 2020 წლის 13 მაისს), ხოლო დათარიღებულია 2020 წლის 12 მაისით. სააპელაციო საჩივარი სასამართლოში წარდგენილია დადგენილი ვადის დარღვევით, რაც საპელაციო საჩივრის განუხილველად დატოვების საფუძველია.
7. სააპელაციო სასამართლოს განჩინებაზე პირველი მოპასუხის წარმომადგენელმა თ.გ–ძემ წარადგინა კერძო საჩივარი და მოითხოვა გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და სააპელაციო საჩივრის განხილვის ეტაპიდან საქმის იმავე სასამართლოსათვის დაბრუნება.
8. კერძო საჩივრის ავტორმა მიუთითა გასაჩივრებული განჩინების შემდეგ საფუძვლებზე:
8.1. პირველი მოპასუხის წარმომადგენელი, თ.გ–ძე ესწრებოდა თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის გადაწყვეტილების გამოცხადებას და, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 2591-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, არაერთხელ მივიდა სასამართლოში დასაბუთებული გადაწყვეტილების ჩასაბარებლად, უკავშირდებოდა მოსამართლის თანაშემწესაც, თუმცა დასაბუთებული გადაწყვეტილება მომზადებული არ იყო. მართალია, აპელანტს დასაბუთებული გადაწყვეტილების ჩაბარების მოთხოვნით წერილობითი განცხადება არ წარუდგენია სასამართლოში, თუმცა არსებობს სატელეფონო საუბრები, რომლებიც ადასტურებს, რომ დასაბუთებული გადაწყვეტილება არ იყო მომზადებული. საკასაციო სასამართლოს შეუძლია გამოითხოვოს აღნიშნული სატელეფონო აქტები. სააპელაციო სასამართლომ არ გაითვალისწინა, რომ აპელანტის წარმომადგენელს დასაბუთებული გადაწყვეტილება სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 2591-ე მუხლის დარღვევით ჩაბარდა;
8.2. 2020 წლის 16 აპრილს აპელანტის წარმომადგენელს გარდაეცვალა დედა, რომელიც საბერძნეთში იმყოფებოდა. სწორედ ამიტომ მას გარკვეული ქმედებების განხორციელება მოუწია. მიუხედავად ამისა, წარმომადგენელი მიდიოდა საქალაქო სასამართლოში და 2020 წლის 28 აპრილს ჩაიბარა დასაბუთებული გადაწყვეტილება. აპელანტის წარმომადგენლის გარდაცვლილი დედის ჩამოსვენება 2020 წლის 5 მაისს მოხდა. გარდაცვლილი რაიონში, ხონში იქნა დასაფლავებული. ზემოაღნიშნული მძიმე ოჯახური მდგომარეობის გამო სააპელაციო საჩივარი გაიგზავნა ფოსტის მეშვეობით, თუმცა დარჩა განუხილველი, რამდენადაც სააპელაციო სასამართლომ არ გაითვალისწინა ის გარემოება, რომ დასაბუთებული გადაწყვეტილება კანონის დარღვევით ჩაბარდა აპელანტის წარმომადგენელს და მას გასაჩივრების ვადა არ დაურღვევია.
9. მოსარჩელემ, რომელიც ასევე ასაჩივრებდა საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილებას, 2021 წლის 25 თებერვალს განცხადებით მიმართა სააპელაციო სასამართლოს, აღნიშნა, რომ უარს აცხადებდა მის მიერ წარდგენილ სააპელაციო საჩივარზე და მოითხოვა საქმის წარმოების შეწყვეტა.
10. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2021 წლის 11 მარტის განჩინებით მოსარჩელის მიერ წარდგენილი სააპელაციო საჩივარი დარჩა განუხილველი.
11. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2021 წლის 29 აპრილის განჩინებით კერძო საჩივარი მიღებულ იქნა განსახილველად.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი
12. საკასაციო სასამართლო კერძო საჩივრის საფუძვლების ანალიზის, საქმის მასალების შესწავლისა და გასაჩივრებული განჩინების იურიდიული დასაბუთების შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ კერძო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს.
13. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 420-ე მუხლის თანახმად, კერძო საჩივრების განხილვა ზემდგომ სასამართლოებში წარმოებს შესაბამისად ამ სასამართლოებისათვის გათვალისწინებული წესების დაცვით. ამავე კოდექსის 410-ე მუხლის თანახმად კი, საკასაციო სასამართლო არ დააკმაყოფილებს საკასაციო საჩივარს, თუ: ა) კანონის მითითებულ დარღვევას არა აქვს ადგილი; ბ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებას საფუძვლად არ უდევს კანონის დარღვევა; გ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება არსებითად სწორია, მიუხედავად იმისა, რომ გადაწყვეტილების სამოტივაციო ნაწილი არ შეიცავს შესაბამის დასაბუთებას.
14. მოცემულ შემთხვევაში, საკასაციო სასამართლოს შეფასების საგანს სააპელაციო საჩივრის წარდგენის ვადის დარღვევის გამო სააპელაციო საჩივრის განუხილველად დატოვების მართლზომიერება წარმოადგენს.
15. კერძო საჩივრის ავტორი მიუთითებს გასაჩივრებული განჩინების გაუქმების ორ ძირითად საფუძველზე: 1) გადაწყვეტილება კანონით დადგენილ ვადაში არ მომზადებულა და აპელანტს ჩაბარდა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 2591-ე მუხლის დარღვევით და 2) პირველი მოპასუხის წარმომადგენელს, თ.გ–ძეს გარდაეცვალა დედა, რის გამოც სააპელაციო საჩივრი ფოსტით იქნა გაგზავნილი.
16. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 369-ე მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით, სააპელაციო საჩივრის შეტანის ვადაა 14 დღე. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია და იგი იწყება მხარისათვის დასაბუთებული გადაწყვეტილების გადაცემის მომენტიდან. დასაბუთებული გადაწყვეტილების გადაცემის მომენტად ითვლება დასაბუთებული გადაწყვეტილების ასლის მხარისათვის ჩაბარება ამ კოდექსის 70-ე–78-ე მუხლების ან 2591-ე მუხლის შესაბამისად, ასევე 2591-ე მუხლის პირველი ნაწილით დადგენილი ვადის გასვლის შემდეგ.
17. ამავე კოდექსის 2591-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, თუ გადაწყვეტილების გამოცხადებას ესწრება გადაწყვეტილების გასაჩივრების უფლების მქონე პირი, ან თუ ასეთი პირისათვის საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით ცნობილი იყო გადაწყვეტილების გამოცხადების თარიღი, გადაწყვეტილების გასაჩივრების მსურველი მხარე (მისი წარმომადგენელი) ვალდებულია გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს 20 და არა უგვიანეს 30 დღისა გამოცხადდეს სასამართლოში და ჩაიბაროს გადაწყვეტილების ასლი; წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება გადაწყვეტილების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია.
18. აღნიშნული ნორმიდან გამომდინარე, გადაწყვეტილების გასაჩივრებისათვის დადგენილი ვადის დენა გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან 30-ე დღეს მხოლოდ იმ შემთხვევაში იწყება, თუ მხარე ამავე მუხლით განსაზღვრულ ვადაში სასამართლოში არ გამოცხადდება და გადაწყვეტილებას არ ჩაიბარებს.
19. მოცემულ შემთხვევაში, საქმის მასალებით დადგენილია, რომ თბილისის საქალაქო სასამართლოს 2020 წლის 13 მარტის სხდომას, რომელზეც გამოცხადდა გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი ესწრებოდა პირველი მოპასუხის წარმომადგენელი, ნ.ბ–ი, რომლის უფლებამოსილებაც დასტურდება საქმის მასალებში წარდგენილი მინდობილობით (იხ. ს.ფ. 90).
20. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 99-ე მუხლის თანახმად, მარწმუნებელს უფლება აქვს საქმის წარმოების ყველა სტადიაზე გააუქმოს თავის მიერ გაცემული მინდობილობა და შეწყვიტოს წარმომადგენლის უფლებამოსილება, რის შესახებაც იგი წერილობით აცნობებს სასამართლოსა და წარმომადგენელს. წინამდებარე შემთხვევაში დადგენილია, რომ კერძო საჩივრის ავტორს რწმუნებულის უფლებამოსილების შეწყვეტის თაობაზე სასამართლოსათვის არც ერთ ეტაპზე არ მიუმართავს, [მხოლოდ 2020 წლის 7 მაისს გაცემული მინდობილობით დასტურდება, რომ მან როგორც პირველი მოპასუხის წარმომადგენელმა, თ.გ–ძეს მიანიჭა წარმომადგენლობითი უფლებამოსილება (იხ. მინდობილობა, ს.ფ. 228)] შესაბამისად, წარმომადგენლის, ნ.ბ–ის უფლებამოსილება ეჭვს არ იწვევდა.
21. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 93-ე მუხლის მეორე ნაწილის თანახმად, მხარეებს შეუძლიათ, საქმე აწარმოონ სასამართლოში წარმომადგენლის მეშვეობით. ამავე კოდექსის 96-ე მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით, წარმომადგენლის უფლებამოსილება უნდა ჩამოყალიბდეს კანონის შესაბამისად გაცემულ და გაფორმებულ მინდობილობაში. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 98-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, უფლებამოსილება სასამართლოში საქმის წარმოების შესახებ უფლებას აძლევს წარმომადგენელს, მარწმუნებლის სახელით შეასრულოს ყველა საპროცესო მოქმედება, გარდა სარჩელის აღძვრისა, არბიტრაჟისათვის საქმის გადაცემისა, სასარჩელო მოთხოვნაზე მთლიანად ან ნაწილობრივ უარის თქმისა, სარჩელის ცნობისა, სარჩელის საგნის შეცვლისა, მორიგებისა, სასამართლო გადაწყვეტილების გასაჩივრებისა, სააღსრულებო ფურცლის გადასახდევინებლად წარდგენისა, მიკუთვნებული ქონების ან ფულის მიღებისა. წარმომადგენლის უფლებამოსილება ამ მუხლში აღნიშნული თითოეული მოქმედების შესრულებისათვის სპეციალურად უნდა იქნეს აღნიშნული მარწმუნებლის მიერ გაცემულ მინდობილობაში. განსახილველ შემთხვევაში, დადასტურებულია, რომ მოპასუხის მიერ წარმომადგენლის სახელზე გაცემული მინდობილობით წარმომადგენელს მიენიჭა აღნიშნული მოქმედებების შესრულების უფლებაც.
22. ყოველივე ზემოთქმულიდან გამომდინარეობს, რომ წარმომადგენელი მხარესა და სასამართლოს შორის ერთგვარი დამაკავშირებელი რგოლია. მის მიერ მხარისაგან მინიჭებული უფლებამოსილების ფარგლებში შესრულებული ყოველი საპროცესო მოქმედება აღიქმება და უთანაბრდება თავად მხარის მხრიდან მათ განხორციელებას (იხ. სუსგ №ას-1138-1084-2014, 22 დეკემბერი, 2014 წელი).
23. ამდენად, პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებაზე პირველი მოპასუხის წარმომადგენლის, ნ.ბ–ის ყოფნა იძლევა საფუძველს, საკასაციო სასამართლომ მიიჩნიოს, რომ თავად მოპასუხისათვის ცნობილი იყო გადაწყვეტილების შინაარსისა და მისი გასაჩივრების წინაპირობების წარმოქმნის შესახებ.
24. საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ არც აპელანტს და არც მის წარმომადგენელს, ნ.ბ–ს გადაწყვეტილების გამოცხადებიდან არაუადრეს მე-20 (2020 წლის 2 აპრილი) და არაუგვიანეს 30-ე დღისა (2020 წლის 12 აპრილი) გადაწყვეტილების ასლის ჩაბარების მოთხოვნით სასამართლოსთვის არ მიუმართავთ. შესაბამისად, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 2591-ე მუხლის პირველი ნაწილიდან გამომდინარე, მხარისათვის გადაწყვეტილების გასაჩივრების კანონით დადგენილი 14-დღიანი ვადის ათვლა დაიწყო განჩინების გამოცხადებიდან 30-ე დღის გასვლის შემდგომ, 2020 წლის 13 აპრილს და ამოიწურა 2020 წლის 26 აპრილს.
25. საქმის მასალებით დადგენილია, რომ სააპელაციო საჩივარი სასამართლოში წარდგენილია 2020 წლის 14 მაისს (სააპელაციო საჩივარი ფოსტით მეშვეობით გამოგზავნილია 2020 წლის 13 მაისს) (იხ. ს.ფ 216-229), გასაჩივრების 14-დღიანი ვადის დარღვევით.
26. საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 2591-ე მუხლის თანახმად, გასაჩივრების მსურველ მხარეს გააჩნია არა უფლება, არამედ ვალდებულება ჩაიბაროს გასასაჩივრებელი გადაწყვეტილება. ამ ვალდებულების შეუსრულებლობა აისახება მხარის მიერ გადაწყვეტილების გასაჩივრების წესზე. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 2591-ე მუხლით განსაზღვრულ გასაჩივრების წესს საფუძვლად უდევს გადაწყვეტილების ჩაბარების ინსტიტუტი, კერძოდ, სასამართლო შეტყობინების (უწყების) ჩაბარების მსგავსად, გასაჩივრების უფლების მქონე მხარისათვის გადაწყვეტილების ასლის ჩაბარებაში იგულისხმება როგორც უშუალოდ ამ მხარისათვის (ან მისი წარმომადგენლისათვის) გადაწყვეტილების ჩაბარება, ასევე ამ გადაწყვეტილების ჩაბარების პრეზუმფცია, რომელიც გულისხმობს, რომ გასაჩივრების უფლების მქონე მხარემ ჩაიბარა გადაწყვეტილება. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 2591-ე მუხლის დათქმა იმის შესახებ, რომ „წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება გადაწყვეტილების გამოცხადებიდან 30-ე დღეს,“ მიგვითითებს პრეზუმფციაზე, რომლის თანახმად, კანონი ადგენს გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან 30-ე დღეს დაინტერესებული მხარისათვის გადაწყვეტილების ასლის ჩაბარებისათვის. აღნიშნული ფაქტი უკავშირდება საპროცესო მოქმედების შესრულების ზუსტ კალენდარულ თარიღს (სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 369-ე მუხლის პირველი ნაწილი), რომლის ათვლის საპროცესო წესი მოცემულია ამავე კოდექსის მე-60 მუხლის მეორე ნაწილით. შესაბამისად, გადაწყვეტილების ასლის ჩაბარების ინსტიტუტი მოიცავს, როგორც უშუალოდ დაინტერესებული მხარისათვის (ან მისი წარმომადგენლისათვის) გადაწყვეტილების ასლის ჩაბარებას, ასევე ამ ჩაბარების ფაქტის არსებობის პრეზუმფციასაც, რაზეც ვრცელდება საპროცესო ვადის გამოთვლის ერთიანი საპროცესო წესი (საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-60 მუხლი) (იხ. საქართველოს უზენაესი სასამართლოს დიდი პალატის 2014 წლის 30 დეკემბრის №ას-1161-1106-2014 განჩინება).
27. როგორც ზემოთ აღინიშნა, პირველი მოპასუხის წარმომადგენელი, ნ.ბ–ი ესწრებოდა გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებას, შესაბამისად, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 2591-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, გადაწყვეტილების გასაჩივრების მსურველი მხარე (ან მისი წარმომადგენელი) ვალდებული იყო გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს მე-20 და არა უგვიანეს 30-ე დღისა გამოცხადებულიყო სასამართლოში და ჩაებარებინა გადაწყვეტილების ასლი. საკასაციო პალატა განმარტავს, რომ იმ შემთხვევაში, თუ მოპასუხე შეასრულებდა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 2591-ე მუხლით მისთვის დაკისრებულ ვალდებულებას და გამოცხადდებოდა სასამართლოში დასაბუთებული განჩინების ასლის ჩაბარების მიზნით, ხოლო სასამართლო ვერ უზრუნველყოფდა მისთვის დასაბუთებული განჩინების ასლის ჩაბარებას განჩინების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უგვიანეს 30-ე დღისა, მაშინ გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყებოდა იმ დღიდან, როდესაც სასამართლო ჩააბარებდა მხარეს დასაბუთებულ განჩინებას. საქმის მასალებით არ დგინდება სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 2591-ე მუხლის პირველი ნაწილით დადგენილ ვადაში მოპასუხის სასამართლოში გამოცხადების ფაქტი. კერძო საჩივარში კი აღნიშნულია, რომ პირველი მოპასუხის წარმომადგენელი, თ.გ–ძე მიდიოდა სასამართლოში დასაბუთებული გადაწყვეტილების ჩასაბარებლად, უკავშირდებოდა მოსამართლის თანაშემწესაც, თუმცა დასაბუთებული გადაწყვეტილება მომზადებული არ იყო. თ.გ–ძე აღნიშნავს, რომ არსებობს სატელეფონო საუბრები, რომლებიც აღნიშნულ გარემოებას ადასტურებს.
28. საკასაციო პალატა კერძო საჩივრის ავტორის ამ პრეტენზიასთან დაკავშირებით აღნიშნავს, რომ თ.გ–ძე 2020 წლის 7 მაისის ჩათვლით არ გახლდათ პირველი მოპასუხის წარმომადგენელი, არამედ საქმის განხილვაში შესაბამისი მინდობილობის საფუძველზე მონაწილეობდა, როგორც მეორე მოპასუხის წარმომადგენელი. დასაბუთებული გადაწყვეტილების ჩაბარების მოთხოვნის ბოლო (30-ე) დღე კი იყო 2020 წლის 12 აპრილი. ასეც რომ არ იყოს, მხარე თავად არის ვალდებული სასამართლოს წარუდგინოს მის მიერ მითითებული გარემოებების დამადასტურებელი მტკიცებულებები, რასაც მოცემულ საქმეში ადგილი არ ჰქონია. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, გასაჩივრების ვადა ავტომატურად დაიწყო განჩინების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამასთან, საქმის მასალებში არც იმის დამადასტურებელი ცნობა მოიპოვება, რომ სასამართლომ გვიან მოამზადა დასაბუთებული განჩინება.
29. შესაბამისად, საკასაციო სასამართლო ვერ გაიზიარებს კერძო საჩივრის ავტორის შედავებას, რომ მან სააპელაციო საჩივარი სასამართლოში კანონით დადგენილ ვადაში წარადგინა და მიუთითებს, რომ საქმის მასალებში აღნიშნული გარემოების დამადასტურებელი მტკიცებულება წარმოდგენილი არ არის.
30. კერძო საჩივარში აღნიშნულია, რომ 2020 წლის 16 აპრილს აპელანტის წარმომადგენელს, თ.გ–ძეს გარდაეცვალა დედა, რომელიც საბერძნეთში იმყოფებოდა, რის გამოც მას გარკვეული ქმედებების განხორციელება მოუწია, საქალაქო სასამართლოს კი 2020 წლის 28 აპრილს მიმართა და ამავე დღეს ჩაიბარა დასაბუთებული გადაწყვეტილება. აპელანტის წარმომადგენლის გარდაცვლილი დედის ჩამოსვენება 2020 წლის 5 მაისს მოხდა. გარდაცვლილი რაიონში, ხონში იქნა დასაფლავებული.
31. აღნიშნულ პრეტენზიასთან დაკავშირებით საკასაციო სასამართლო კვლავ აღნიშნავს, რომ თ.გ–ძე პირველი მოპასუხის წარმომადგენელი გახდა 2020 წლის 7 მაისიდან, რასაც ადასტურებს შესაბამისი მინდობილობა. ამ თარიღამდე მისი, როგორც პირველი მოპასუხის წარმომადგენლის უფლებამოსილება არ დასტურდება. მართალია, საქმის მასალებში მოიპოვება ხელწერილი, რომლითაც დასტურდება, რომ თ.გ–ძემ ნამდვილად 2020 წლის 28 აპრილს ჩაიბარა თბილისის საქალაქო სასამართლოს 2020 წლის 13 მარტის გადაწყვეტილება, თუმცა ამავე დოკუმენტში მითითებულია, რომ იგი მოქმედებდა როგორც ე.მ–ის წარმომადგენელი. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, პირველი აპელანტის მიერ გასაჩივრების ვადის დარღვევის საპატიო მიზეზი ვერ იქნება თ.გ–ძის დედის გარდაცვალება, რამდენადაც გასაჩივრების პერიოდში მისი, როგორც პირველი აპელანტის წარმომადგენლობა, შესაბამისი მტკიცებულებით არ დასტურდება.
32. ასეც რომ არ იყოს, საკასაციო სასამართლო გასაჩივრებული განჩინების გაუქმებისა და დარღვეული საპროცესო ვადის აღდგენის საფუძვლად ვერ მიიჩნევს კერძო საჩივრის ავტორის ზემოაღნიშნულ პრეტენზიას, რასთან დაკავშირებითაც განმარტავს, რომ საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-2 მუხლის პირველი ნაწილით უზრუნველყოფილი სასამართლოსადმი ხელმისაწვდომობის უფლება არ არის აბსოლუტური და იგი შეიძლება გარკვეულ ლეგიტიმურ შეზღუდვებს ექვემდებარებოდეს. ამავე ნორმის მე-2 ნაწილის თანახმად, განცხადების მიღებასა და საქმის განხილვაზე უარის თქმა სასამართლოს შეუძლია მხოლოდ ამ კოდექსით დადგენილი საფუძვლებითა და წესით. მითითებული ნორმა თანაბრად ვრცელდება როგორც პირველი ინსტანციის, ისე - ამ ინსტანციის გადაწყვეტილების ზემდგომი წესით გასაჩივრების უფლებაზე.
33. სასამართლოსადმი ხელმისაწვდომობის უფლების შეზღუდვის ერთ-ერთ მაგალითს საპროცესო ვადა წარმოადგენს, კერძოდ, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 59-ე მუხლის პირველი და მე-4 ნაწილების თანახმად, საპროცესო მოქმედება სრულდება კანონით დადგენილ ვადაში. სასამართლო გადაწყვეტილებებისა და განჩინებების გასაჩივრების კანონით განსაზღვრული ვადების გაგრძელება ან აღდგენა დაუშვებელია. სააპელაციო გასაჩივრების უფლების რეალიზაციისათვის სპეციალურ დანაწესს გვთავაზობს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 369-ე მუხლი, რომლის პირველი ნაწილის თანახმად, სააპელაციო საჩივრის შეტანის ვადაა 14 დღე. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია და იგი იწყება მხარისათვის დასაბუთებული გადაწყვეტილების გადაცემის მომენტიდან. აღნიშნული სპეციალური ნორმა იმპერატიულად ადგენს, რომ სააპელაციო საჩივრის შეტანის ვადის აღდგენა დაუშვებელია ანუ იმ პირობებშიც კი, თუ საქმეზე წარდგენილი მტკიცებულებებით დადასტურდება გასაჩივრების უფლებამოსილების მქონე პირის მიერ სასამართლოში საჩივრის საპატიო მიზეზით წარდგენის შეუძლებლობა, კანონი არ უშვებს დარღვეული საპროცესო ვადის აღდგენას.
34. სასამართლოსადმი მიმართვის უფლების შეზღუდვის შესაძლებლობას უშვებს საერთაშორისო პრაქტიკაც. ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ არაერთ საქმეზე დაადგინა, რომ სასამართლოს ხელმისაწვდომობაზე უფლება საჭიროებს სახელმწიფოს მხრიდან რეგლამენტაციას, რომელიც შეიძლება განსხვავდებოდეს დროისა და ადგილის, საზოგადოებისა და პირის მოთხოვნილებებისა და რესურსების მიხედვით. საქმეზე „აშინგდეინი გაერთიანებული სამეფოს წინააღმდეგ“ ევროპულმა სასამართლომ განსაზღვრა უფლების შეზღუდვის ზოგადი ფარგლები. შეზღუდვები შეესაბამება ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე-6 მუხლს იმ შემთხვევაში, თუ: ა) ემსახურება კანონიერ მიზანს, ბ) დაცულია გონივრული თანაბარზომიერება დაწესებულ შეზღუდვასა და დასახულ მიზანს შორის (Ashingdane v. The United Kingdom, №8225/78, §57, 28 მაისი, 1985 წელი). ამ პირობების დაცვა აუცილებელია, რადგან შეზღუდვები არ უნდა ამცირებდეს პირისათვის ნებადართულ ხელმისაწვდომობას იმ ზღვრამდე, რომ თავად უფლების არსი შეილახოს.
35. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ სააპელაციო სასამართლომ სააპელაციო საჩივარი მართებულად დატოვა განუხილველი გასაჩივრების ვადის გასვლის გამო და არ არსებობს საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 410-ე მუხლის შესაბამისად, კერძო საჩივრის დაკმაყოფილების საფუძველი.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 419-420-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა
1. მ.ჩ–ძის კერძო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;
2. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2020 წლის 30 ივლისის განჩინება დარჩეს უცვლელი;
3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.
თავმჯდომარე ნ. ბაქაქური
მოსამართლეები: ზ. ძლიერიშვილი
ე. გასიტაშვილი