Facebook Twitter

საქმე №ას-597-2020 18 ივნისი, 2021 წელი

ქ. თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატა

შემადგენლობა:

ნინო ბაქაქური (თავმჯდომარე, მომხსენებელი),

ზურაბ ძლიერიშვილი, ეკატერინე გასიტაშვილი

საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი განხილვის გარეშე

განმცხადებელი – სს „ა.ე.კ–ო.“ (მოპასუხე)

მოწინააღმდეგე მხარე – თ.ბ–ძე (მოსარჩელე)

განმცხადებლის მოთხოვნა – საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2020 წლის 10 დეკემბრის გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილში დაშვებული უსწორობის გასწორება

დავის საგანი – სახელფასო დავალიანების და პირგასამტეხლოს ანაზღაურება

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი

1. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2020 წლის 10 დეკემბრის გადაწყვეტილებით სს „ა.ე.კ–ო“-ს საკასაციო საჩივარი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ. გაუქმდა თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2020 წლის 31 მარტის განჩინება იმ ნაწილში, რომლითაც უცვლელად დარჩა თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2019 წლის 27 თებერვლის გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის მე-2 და მე-5 პუნქტები და ამ ნაწილში მიღებულ იქნა ახალი გადაწყვეტილება; სს „ა.ე.კ–ო.“-ს თ.ბ–ძის სასარგებლოდ დაეკისრა შრომის ანაზღაურების დავალიანების სახით 5730,25 ლარის გადახდა (საშემოსავლო გადასახადის გარეშე); თ.ბ–ძეს (პ/ნ: .....) სს „ა.ე.კ–ო.“-ს (ს/კ: .......) სასარგებლოდ დაეკისრა 262,88 (ორას სამოცდაორი ლარი და ოთხმოცდარვა თეთრი) ლარის გადახდა ამ უკანასკნელის მიერ სააპელაციო და საკასაციო საჩივრებზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟის ასანაზღაურებლად; სს „ა.ე.კ–ო.“-ს (ს/კ: ......) სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ (ქ. თბილისი, „სახელმწიფო ხაზინა“ ბანკის კოდი TRESGE22, მიმღების ანგარიშის №200122900, სახაზინო კოდი 3 0077 3150) დაეკისრა 163,57 (ას სამოცდასამი ლარი და ორმოცდაჩვიდმეტი თეთრი) ლარის გადახდა; დანარჩენ ნაწილში გასაჩივრებული განჩინება დარჩა უცვლელად.

2. 2021 წლის 19 თებერვალს სს „ა.ე.კ–ო.“-ს წარმომადგენელმა, გ.ი–ძემ განცხადებით მომართა საკასაციო სასამართლოს, მოითხოვა საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2020 წლის 10 დეკემბრის გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილში დაშვებული უსწორობის გასწორება, სახელმწიფო ბაჟის სახით ზედმეტად გადახდილი თანხის უკან დაბრუნება და სააღსრულებო ფურცლის გაუქმება.

3. განმცხადებელმა მიუთითა, რომ:

3.1. მოსარჩელე მოპასუხისათვის 7740,85 ლარის დაკისრებას ითხოვდა. სახელმწიფო ბაჟის სახით მან აღნიშნული თანხის 3% - 239,6 ლარი გადაიხადა. მოსარჩელემ მოსამზადებელ სხდომაზე შეამცირა სასარჩელო მოთხოვნა. სასამართლოს გადაწყვეტილებით მოსარჩელეს მიეკუთვნა იმაზე მეტი, ვიდრე იგი სასარჩელო მოთხოვნის შემცირებამდე ითხოვდა - 8813,73 ლარი. მოპასუხე იძულებული გახდა სააპელაციო საჩივარზე სახელმწიფო ბაჟის სახით გადაეხადა არარსებული დავის საგნის ღირებულების - 8813,73 ლარის 4%, ხოლო საკასაციო საჩივარზე - 5%;

3.2. მოსარჩელის მიერ სახელმწიფო ბაჟის სახით გადახდილი თანხის - 239,6 ლარის გათვალისწინებით, მოცემულ საქმეზე სამივე ინსტანციის სასამართლოში საქმის წარმოებისათვის სახელმწიფო ბაჟის სახით გადასახდელი თანხა მაქსიმუმ შეიძლებოდა ყოფილიყო 7740,85 ლარის 12% - 928,902 ლარი. მოპასუხემ საქმის სააპელაციო და საკასაციო ინსტანციის სასამართლოებში განხილვისათვის გადაიხადა 8813,73 ლარის 9% - 793,2357 ლარი. ამ თანხას დამატებული მოსარჩელის მიერ პირველი ინსტანციის სასამართლოში გადახდილი 239,66 ლარი შეადგენს 1032,8957 ლარს. მხარეებმა სახელმწიფო ბაჟის სახით სამივე ინსტანციის სასამართლოში გადაიხადეს 1032,8957 ლარი, მაშინ როდესაც 928,902 ლარი უნდა გადაეხადათ;

3.3. სააპელაციო ინსტანციის სასამართლოში ბაჟის ოდენობა შეიძლება ყოფილიყო მაქსიმუმ 7740,85 ლარის 4% - 309,634 ლარი, ხოლო საკასაციო ინსტანციის სასამართლოში - 387,0425 ლარი, საერთო ჯამში - 696,6765 ლარი. მოპასუხემ ზედმეტად გადაიხადა თანხა, სხვაობა გადახდილსა და გადასახდელ 696,6765 ლარს შორის;

3.4. მოპასუხეს მოსარჩელისთვის უნდა გადაეხადა 5730,25 ლარის 3% - 171,9075 ლარი, პირველი ინსტანციის სასამართლოში საქმის განხილვისთვის. მოსარჩელეს უნდა დაკისრებოდა სარჩელის დაუკმაყოფილებელი ნაწილის - 2010,6 ლარის (7740,85 - 5730,25) 3% - 60,318 ლარი. მოსარჩელეს უნდა დაკისრებოდა სააპელაციო და საკასაციო ინსტანციის სასამართლოებში საქმის განხილვისთვის მოპასუხის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის ნაწილი - 2010,6 ლარის 9% - 180,954 ლარი.

4. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2021 წლის 13 მაისის განჩინებით სს „ა.ე.კ–ო.“-ს განცხადება საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2020 წლის 10 დეკემბრის გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილში დაშვებული უსწორობის გასწორების, სახელმწიფო ბაჟის სახით გადახდილი თანხის უკან დაბრუნებისა და სააღსრულებო ფურცლის გაუქმების თაობაზე არ დაკმაყოფილდა.

5. 2021 წლის 8 ივნისს სს „ა.ე.კ–ო.“-ს წარმომადგენელმა, გ.ი–ძემ განმეორებით მომართა განცხადებით საკასაციო სასამართლოს და კვლავ მოითხოვა საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2020 წლის 10 დეკემბრის გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილში დაშვებული უსწორობის გასწორება.

6. განმცხადებელმა მიუთითა, რომ:

6.1. მოსარჩელემ სარჩელის ფასად მიუთითა 7988,99 ლარი, ხოლო სახელმწიფო ბაჟის ოდენობა განსაზღვრა 239,6697 ლარით. 2019 წლის 30 იანვარს მან წარადგინა შუამდგომლობა, რომელშიც მიუთითა, რომ ამცირებს სასარჩელო მოთხოვნის ოდენობას, რომელიც შეადგენს 7501,19 ლარს. მოსარჩელემ აღნიშნული თანხით განსაზღვრა დავის საგანი. თბილისის საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილებით სარჩელი დაკმაყოფილდა „ნაწილობრივ“ და მოსარჩელეს მიეკუთვნა იმაზე მეტი, ვიდრე ის ითხოვდა - 8651,19 ლარი;

6.2. მოპასუხემ სააპელაციო საჩივრისთვის სახელმწიფო ბაჟი გადაიხადა არა დავის საგნის (7501,19 ლარი) ღირებულებიდან, არამედ პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილებით დადგენილი 8651,19 ლარიდან, ანუ მოპასუხემ სააპელაციო საჩივრის განხილვისათვის ზედმეტად გადაიხადა თანხა. საკასაციო საჩივრის განხილვისთვის მოპასუხემ გადაიხადა ასევე 8651,19 ლარის 5%;

6.3. მოსარჩელეს პირველი ინსტანციის სასამართლოში გადახდილი ჰქონდა 239,6697 ლარი. საერთო ჯამში მხარეებმა სამივე ინსტანციის სასამართლოში საქმის განხილვისათვის გადაიხადეს დავის საგნის ღირებულების - 7501,19 ლარის 12%-ზე მეტი. შესაბამისად, მხარეებს სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ არ შეიძლება დაეკისროთ თანხა, რადგან სააპელაციო და საკასაციო ინსტანციის სასამართლოებში გადახდილი თანხის ოდენობის გათვალისწინებით, გადახდილია იმაზე მეტი, ვიდრე კანონი ითვალისწინებს.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი

7. საკასაციო სასამართლო წარმოდგენილი განცხადების შესწავლის შედეგად მიიჩნევს, რომ იგი განუხილველად უნდა დარჩეს შემდეგ გარემოებათა გამო.

8. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 260-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სასამართლოს შეუძლია მხარეთა თხოვნით ან თავისი ინიციატივით გაასწოროს გადაწყვეტილებაში დაშვებული უსწორობანი ან აშკარა არითმეტიკული შეცდომები. თუ სასამართლოს მიზანშეწონილად მიაჩნია, შესწორებათა შეტანის საკითხი შეიძლება გადაწყდეს სასამართლო სხდომაზე. მხარეებს ეცნობებათ სხდომის დრო და ადგილი, მაგრამ მათი გამოუცხადებლობა არ წარმოადგენს დაბრკოლებას გადაწყვეტილებაში შესწორების შეტანის საკითხის განხილვისათვის.

9. განმცხადებელი 2021 წლის 8 ივნისს წარმოდგენილ განცხადებაში საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2020 წლის 10 დეკემბრის გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილში დაშვებული უსწორობის გასწორების შესახებ ამავე მხარის მიერ 2021 წლის 19 თებერვალს წარმოდგენილი და უკვე განხილული განცხადების იდენტურ გარემოებებზე უთითებს. 2021 წლის 19 თებერვლის განცხადება საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2021 წლის 13 მაისის განჩინებით არ დაკმაყოფილდა, ვინაიდან განმცხადებლის მიერ უსწორობის გასწორების გარემოებად მითითებული საფუძვლები ვერ აკმაყოფილებდა სსსკ-ის 260-ე მუხლის პირველი ნაწილით დადგენილ დანაწესს.

10. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-3 მუხლი (სსსკ-ის 3.1. მუხლი: მხარეები იწყებენ საქმის წარმოებას სასამართლოში, ამ კოდექსში ჩამოყალიბებული წესების შესაბამისად, სარჩელის ან განცხადების შეტანის გზით. ისინი განსაზღვრავენ დავის საგანს და თვითონვე იღებენ გადაწყვეტილებას სარჩელის (განცხადების) შეტანის შესახებ) განამტკიცებს დისპოზიციურობის პრინციპს სამოქალაქო საპროცესო სამართალში, რაც ნიშნავს მხარეთა თავისუფლებას განკარგონ თავიანთი მატერიალური და საპროცესო უფლებები. აღნიშნული, ცხადია, გულისხმობს მხარეთა თავისუფლებას, გაასაჩივრონ სასამართლოს გადაწყვეტილებები (განჩინებები) ან უარი თქვან მათ გასაჩივრებაზე. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 368-ე მუხლის პირველი ნაწილის „დ“ ქვეპუნქტის თანახმად, სააპელაციო საჩივარი უნდა შეიცავდეს მითითებას იმის თაობაზე, თუ გადაწყვეტილების რა ნაწილია გასაჩივრებული. ამავე კოდექსის 396-ე მუხლის პირველი ნაწილის „დ“ ქვეპუნქტის თანახმად, საკასაციო საჩივარი უნდა შეიცავდეს მითითებას იმის თაობაზე, თუ გადაწყვეტილების რა ნაწილია გასაჩივრებული. ამრიგად, მხარეები თავად უთითებენ თუ რა ნაწილში ასაჩივრებენ სასამართლოს გადაწყვეტილებას (განჩინებას), რაც, შესაბამისად, წარმოადგენს სააპელაციო/საკასაციო საჩივრის დავის საგანს.

11. განმცხადებელი მიუთითებს, რომ მოპასუხემ სააპელაციო და საკასაციო საჩივრებისთვის სახელმწიფო ბაჟი გადაიხადა არა სარჩელის დავის საგნის (7501,19 ლარი) ღირებულებიდან, არამედ პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილებით დადგენილი 8651,19 ლარიდან, რის გამოც მოპასუხე მიიჩნევს, რომ მან სააპელაციო და საკასაციო საჩივრების განხილვისათვის ზედმეტად გადაიხადა თანხა.

12. როგორც საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2021 წლის 13 მაისის განჩინებაში აღინიშნა, თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2019 წლის 27 თებერვლის გადაწყვეტილებით სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ და მოპასუხეს მოსარჩელის სასარგებლოდ, საერთო ჯამში, 8813,73 ლარის გადახდა დაეკისრა. პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება სააპელაციო საჩივრით გაასაჩივრა მოპასუხემ იმ ნაწილში, რომლითაც სარჩელი დაკმაყოფილდა. შესაბამისად, მოპასუხის სააპელაციო საჩივრის დავის საგნის ღირებულება 8813,73 ლარი იყო და მოპასუხემ სახელმწიფო ბაჟის სახით აღნიშნული თანხის 4% მართებულად გადაიხადა. რაც შეეხება საკასაციო საჩივარს, თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2020 წლის 31 მარტის განჩინებით მოპასუხის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა და თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2019 წლის 27 თებერვლის გადაწყვეტილება დარჩა უცვლელი, რაც საკასაციო საჩივრით სრულად გაასაჩივრა მოპასუხემ. შესაბამისად, საკასაციო ინსტანციაში დავის საგანი იყო კვლავ 8813,73 ლარი და მოპასუხეს სახელმწიფო ბაჟის სახით უნდა გადაეხადა სწორედ აღნიშნული თანხის 5%.

13. რაც შეეხება განმცხადებლის მითითებას, რომ მას სააპელაციო საჩივარზე სახელმწიფო ბაჟის სახით 8813,73 ლარის 4%-ის, ხოლო საკასაციო საჩივარზე 5%-ის გადახდა იმიტომ მოუწია, რომ თბილისის საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილებით მოსარჩელეს მიეკუთვნა იმაზე მეტი, ვიდრე ის სარჩელით ითხოვდა, საკასაციო პალატა მიუთითებს, რომ აღნიშნული საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2020 წლის 10 დეკემბრის გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილში უსწორობის არსებობას არ ადასტურებს.

14. საკასაციო პალატა მიუთითებს, რომ პირველი ინსტანციის სასასამართლოს გადაწყვეტილებით მოპასუხისთვის თანხის დაკისრებისას, სააპელაციო საჩივრის დავის საგნის ღირებულება სწორედ იმის მიხედვით განისაზღვრება, თუ პირველი ინსტანციის სასასამართლოს მიერ მისთვის თანხის რა ნაწილის დაკისრებას ასაჩივრებს მხარე. მოცემულ შემთხვევაში მოპასუხემ პირველი ინსტანციის სასასამართლოს გადაწყვეტილება მისთვის 8813,73 ლარის დაკისრების ნაწილში გაასაჩივრა, შესაბამისად, მისი სააპელაციო საჩივრის ღირებულება განისაზღვრება 8813,73 ლარით, მიუხედავად იმისა, მხარეს მართებულად დაეკისრა თუ არა აღნიშნული თანხა. მსგავსი პრინციპით განისაზღვრება საკასაციო საჩივრის დავის საგნის ღირებულებაც. თუმცა ამ საკითხს საკასაციო სასამართლო ითვალისწინებს შემაჯამებელი გადაწყვეტილების გამოტანისას და, საბოლოოდ, აპელანტი/კასატორი მხარის მიერ სააპელაციო/საკასაციო საჩივარზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟის ანაზღაურებას აკისრებს მოწინააღმდეგე მხარეს იმის პროპორციულად, თუ საკასაციო სასამართლოში დამდგარი შედეგის გათვალისწინებით სააპელაციო/საკასაციო საჩივრის დავის საგნის რა ნაწილი დაკმაყოფილდა.

15. მოცემულ შემთხვევაში, როგორც საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2021 წლის 13 მაისის განჩინებაში მიეთითა, მართალია, მოპასუხემ სააპელაციო საჩივარზე გადაიხადა 8813,73 ლარის 4% - 352,55 ლარი, თუმცა რადგან საკასაციო პალატის გადაწყვეტილებით განსაზღვრული სამართლებრივი შედეგიდან გამომდინარე, მოპასუხემ მოიგო 2920,94 ლარი, ანუ დავის საგნის 33,14%, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, მოსარჩელეს მოპასუხის სასარგებლოდ დაეკისრა მოპასუხის მიერ სააპელაციო საჩივარზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 352,55 ლარის 33,14% ანუ 116,84 ლარი. რაც შეეხება საკასაციო საჩივარს, მოპასუხემ საკასაციო საჩივარზე გადაიხადა 8813,73 ლარის 5% - 440,69 ლარი (მოპასუხემ საკასაციო საჩივარზე სახელმწიფო ბაჟის სახით გადაიხადა 453,9 ლარი, საიდანაც 13,21 ლარი ზედმეტად არის გადახდილი, რაც საკასაციო სასამართლომ გაითვალისწინა მოპასუხისათვის სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ თანხის დაკისრებისას), თუმცა რადგან საკასაციო პალატის გადაწყვეტილებით განსაზღვრული სამართლებრივი შედეგიდან გამომდინარე, მოპასუხემ მოიგო 2920,94 ლარი ანუ დავის საგნის 8813,73 ლარის 33,14%, მოსარჩელეს მოპასუხის სასარგებლოდ დაეკისრა მოპასუხის მიერ საკასაციო საჩივარზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 440,69 ლარის 33,14% ანუ 146,04 ლარის ანაზღაურება.

16. ამრიგად, რადგან საკასაციო სასამართლოს გადაწყვეტილებით დადგინდა, რომ მოპასუხეს პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილებით არასწორად დაეკისრა 2920,94 ლარი, რაც ძალაში დარჩა სააპელაციო სასამართლოს განჩინებით, მოწინააღმდეგე მხარეს (მოსარჩელეს) მოპასუხის სასარგებლოდ დაეკისრა სახელმწიფო ბაჟის ანაზღაურება შესაბამისი პროპორციით. აღნიშნულის გამო, არასწორია განმცხადებლის მსჯელობა, რომ მოპასუხეს სახელმწიფო ბაჟის სახით ზედმეტად აქვს გადახდილი თანხა. საკასაციო პალატა აქვე აღნიშნავს, რომ მოსარჩელე მის მიერ წარდგენილი სააპელაციო და საკასაციო შესაგებლებით არ იზიარებდა მოპასუხის მითითებას პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ მოპასუხისთვის თანხის არასწორად დაკისრების შესახებ და ეთანხმებოდა თბილისის საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილებით დამდგარ შედეგს. შესაბამისად, საკასაციო სასამართლოს გადაწყვეტილებით მოსარჩელეს მართებულად დაეკისრა მოპასუხისათვის სახელმწიფო ბაჟის ანაზღაურება სააპელაციო და საკასაციო საჩივრების დაკმაყოფილებული ნაწილის პროპორციულად.

17. ყოველივე ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, საკასაციო პალატა კიდევ ერთხელ მიუთითებს, რომ საკასაციო სასამართლოს 2020 წლის 10 დეკემბრის გადაწყვეტილებით მოპასუხე მხარეს სახელმწიფო ბაჟის ანაზღაურება დაეკისრა სარჩელის დაკმაყოფილებული ნაწილის პროპორციულად, მის მიერ ორივე ინსტანციის სასამართლოში გადახდილი სახელმწიფო ბაჟის ოდენობის გათვალისწინებით.

18. განმცხადებელი მის მიერ წარმოდგენილ პირველ განცხადებაში მიუთითებდა, რომ მოპასუხემ სააპელაციო და საკასაციო საჩივრებზე გადაიხადა არარსებული დავის საგნის ღირებულების - 8813,73 ლარის 4% და 5%. როგორც საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2021 წლის 13 მაისის განჩინებაში აღინიშნა, წინამდებარე საქმეში სარჩელის ფასი 8813,73 ლარს შეადგენდა. შესაბამისად, აღნიშნული თანხის 4%-ისა და 5%-ის გადახდა არარსებული დავის საგნის შესაბამისი სახელმწიფო ბაჟის გადახდას ვერ გაუთანაბრდება, რასაც ვერ შეცვლის პირველი და მეორე ინსტანციის სასამართლოების მიერ მოპასუხისათვის დასაკისრებელი თანხის გარკვეულ ნაწილში არასწორი დაანგარიშება, ვინაიდან სწორედ ამგვარ საკითხებზე მსჯელობა წარმოადგენს სააპელაციო და საკასაციო სასამართლოების დანიშნულებას, შესაბამისი საჩივრების წარდგენის შემთხვევაში.

19. რაც შეეხება განმცხადებლის მითითებას, რომ მოსარჩელემ პირველი ინსტანციის სასამართლოში სახელმწიფო ბაჟის სახით 239,6697 ლარი გადაიხადა, როგორც საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2021 წლის 13 მაისის განჩინებაში აღინიშნა, მართალია, მოსარჩელემ სარჩელზე სახელმწიფო ბაჟის სახით 240 ლარი გადაიხადა, თუმცა მას აღნიშნული თანხა პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილებით უკან დაუბრუნდა, რადგან „სახელმწიფო ბაჟის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-5 მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად, მოსარჩელე სარჩელზე ბაჟის გადახდისაგან გათავისუფლებული იყო, რაც საკასაციო სასამართლოს გადაწყვეტილებით არ შეცვლილა. შესაბამისად, სარჩელზე სახელმწიფო ბაჟი გადახდილი არ არის. საკასაციო სასამართლოს გადაწყვეტილებით, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 55-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, მოპასუხისათვის სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ დაკისრებული თანხა სწორედ პირველი ინსტანციის სასამართლოში საქმის განხილვისათვის სარჩელის დაკმაყოფილებული ნაწილის პროპორციულად სახელმწიფო ბაჟის ანაზღაურების მიზანს ემსახურება.

20. საკასაციო პალატა მიუთითებს, რომ 2021 წლის 8 ივნისს მოპასუხე მხარის მიერ წარმოდგენილი განცხადება იმავე საფუძვლებსა და არგუმენტებს ეყრდნობა, რომლებიც უკვე განხილული და უარყოფილია საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2021 წლის 13 მაისის განჩინებით. აღნიშნული განჩინებით საკასაციო სასამართლომ არ გაიზიარა განმცხადებლის პრეტენზია, რომ მოპასუხემ სახელმწიფო ბაჟის სახით ზედმეტად გადაიხადა თანხა. ამდენად, არსებობს მოპასუხის მიერ 2021 წლის 8 ივნისს საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2020 წლის 10 დეკემბრის გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილში დაშვებული უსწორობის გასწორების თაობაზე განმეორებით წარმოდგენილი განცხადების განუხილველად დატოვების საფუძველი.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი

საკასაციო პალატამ იხელმძღვანელა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 260-ე მუხლის პირველი ნაწილით, 284-ე მუხლით და

დ ა ა დ გ ი ნ ა

1. სს „ა.ე.კ–ო.“-ს განცხადება საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2020 წლის 10 დეკემბრის გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილში დაშვებული უსწორობის გასწორების შესახებ დარჩეს განუხილველი;

2. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.

თავმჯდომარე ნ. ბაქაქური

მოსამართლეები: ზ. ძლიერიშვილი

ე. გასიტაშვილი