Facebook Twitter

საქმე №ას-617-2020 4 ნოემბერი, 2020 წელი

ქ. თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატა

შემადგენლობა:

ნინო ბაქაქური (თავმჯდომარე, მომხსენებელი),

ზურაბ ძლიერიშვილი, ეკატერინე გასიტაშვილი

საქმის განხილვის ფორმა _ ზეპირი განხილვის გარეშე

I საკასაციო საჩივრის ავტორი – ნ.ხ–ლი (მოპასუხე)

მოწინააღმდეგე მხარეები – გ.ბ–ა, დ.გ–ძე (მოსარჩელეები)

II საკასაციო საჩივრის ავტორი – გ.ბ–ა (მოსარჩელე)

მოწინააღმდეგე მხარე – ნ.ხ–ლი (მოპასუხე)

მესამე პირი – სსიპ სახელმწიფო ზრუნვისა და ტრეფიკინგის მსხვერპლთა, დაზარალებულთა დახმარების სააგენტო

გასაჩივრებული გადაწყვეტილება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2020 წლის 18 თებერვლის გადაწყვეტილება

I კასატორის მოთხოვნა – გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღება

II კასატორის მოთხოვნა – გასაჩივრებული გადაწყვეტილების ნაწილობრივ გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღება

დავის საგანი – ბავშვთან ურთიერთობის წესის განსაზღვრა

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი

1. ნ.ხ–ლსა (შემდგომში - „მოპასუხე“, „პირველი კასატორი“ ან „დედა“) და გ.ბ–ას (შემდგომში - „პირველი მოსარჩელე“, „მეორე კასატორი“ ან „მამა“) ქორწინების პერიოდში, 2009 წლის 22 იანვარს, შეეძინათ შვილი - ა.ბ–ა (შემდგომში - „არასრულწლოვანი“ ან „ბავშვი“). მხარეები განქორწინდნენ 2011 წლის 29 ივლისს და ერთ ოჯახად აღარ ცხოვრობენ. არასრულწლოვანი ცხოვრობს დედასთან ერთად.

2. თბილისის სოციალური მომსახურების საქალაქო ცენტრის ვაკე-საბურთალოს სერვისცენტრის დასკვნის მიხედვით, სოციალური მუშაკი იმყოფებოდა პირველი მოსარჩელის კუთვნილ სამსართულიან სახლში, მდებარე: ქ. თბილისი, ...... სახლში წესრიგი და სისუფთავეა, დაცულია სანიტარულ-ჰიგიენური ნორმები, ბავშვის ოთახი აღჭურვილია ინდივიდუალური განვითარებისა და ასაკის შესაბამისი სათამაშოებით.

3. თბილისის სოციალური მომსახურების საქალაქო ცენტრის ვაკე-საბურთალოს სერვისცენტრის დასკვნის მიხედვით, მოპასუხე არასრულწლოვან შვილთან ერთად ცხოვრობს შემდეგ მისამართზე: ქ. თბილისი, ........ საცხოვრებელ ბინაში წესრიგი და სისუფთავეა, დაცულია სანიტარულ-ჰიგიენური ნორმები. ბავშვის ოთახი აღჭურვილია ინდივიდუალური განვითარებისა და ასაკის შესაბამისი ნივთებით. ვიზიტის მიმდინარეობის დროს მოხდა გასაუბრება არასრულწლოვანთან. ბავშვი არის, ზოგადად, კეთილგანწყობილი, ფიზიკურად და გონებრივად ასაკის შესაბამისად განვითარებული. ბავშვის თქმით, მას უყვარს მამა, დედა, მამინაცვალი, ბებიები და ნათესავები. ვიზიტის დროს სახლში იმყოფებოდა მოპასუხის მეუღლე, რომელიც ბავშვის ბიოლოგიურ მამასთან მიმართებით მკვეთრად უარყოფით დამოკიდებულებას აფიქსირებდა დედასთან ერთად. მათი თქმით, ბავშვს ბიოლოგიურ მამასთან ურთიერთობას უკრძალავენ მხოლოდ იმიტომ, რომ ბავშვთან მამა და ბებია მოპასუხეს მუდმივად შეურაცხმყოფელი სიტყვებით მოიხსენიებენ, რასაც იგი განიცდის. მოპასუხის ოჯახს ჰყავს თანადგომის ძლიერი ქსელი (ბებია, ახლობლები, ნათესავები), რაც მნიშვნელოვანია და ხელს უწყობს ბავშვის სოციალიზაციას. ოჯახში შექმნილი გარემო შეესაბამება ბავშვის აღზრდა-განვითარების ინტერესებს.

4. მეურვეობისა და მზრუნველობის ორგანოს მიერ მომზადებული დასკვნის მიხედვით, სოციალური მუშაკის შეფასებით, პირველ მოსარჩელეს აქვს მშობლის მორალური და ადამიანური სრული პასუხისმგებლობის გრძნობა. მის საცხოვრებელში შექმნილია კეთილსაიმედო გარემო. ბავშვის სწორად აღზრდა-განვითარებისთვის კი, მნიშვნელოვანია, რომ ორივე მშობელმა თანაბრად იზრუნოს ბავშვის აღზრდაზე.

5. თბილისის სოციალური მომსახურების საქალაქო ცენტრის ფსიქოლოგის მიერ 2019 წლის 18 თებერვალს მომზადებული ფსიქოლოგიური გამოკვლევის შედეგების მიხედვით, არასრულწლოვნის შემეცნებითი სფეროს თავისებურებები, ლექსიკური მარაგი და ზოგადი ცოდნის დონე შეესაბამება ასაკს. არასრულწლოვანი, ერთი მხრივ, დადებით დამოკიდებულებას გამოხატავს მამის მიმართ და ამბობს, რომ უყვარს და უნდა, რომ მივიდეს მის სანახავად სკოლაში, მეორე მხრივ კი, უარს ამბობს მასთან წასვლასა და დარჩენაზე. იგი ვერ იხსენებს იმ პერიოდის დეტალებს, როცა მამასთან მიდიოდა და ღამითაც რჩებოდა, თუმცა, ამბობს, რომ ,,იქ არაფერი იყო კარგი, ვერ ვერთობოდი, არ მახსოვს“. ითვლება, რომ ყველაფერი კარგის მსგავსი, კატეგორიული უარყოფა, თავისთავად არაობიექტური და საეჭვოა. არასრულწლოვანი ფლობს ინფორმაციას და ყურადღებას ამახვილებს ისეთ საკითხებზე, რისი მომსწრეც თვითონ არ ყოფილა და მოვლენას აფასებს უფროსი ადამიანის პოზიციიდან. მის საუბარში ვლინდებოდა მოლოდინი, რომ შესაძლოა ეჭვი შეეტანათ მის ნათქვამში.

6. ფსიქოლოგიური გამოკვლევის შედეგების მიხედვით, არასრულწლოვანი არცერთი მშობლის მიმართ არ არის გაუცხოვებული. ამ ეტაპზე მას დედასთან მეტი მიჯაჭვულობა აქვს. ბავშვის მიერ მამის მიმართ გამოხატულ დამოკიდებულებასთან ერთად ვლინდება დედისადმი მოკავშირეობის ფენომენი, რაც გულისხმობს მშობლების განქორწინების შემდეგ უპირატესობას ერთ-ერთი მათგანის მიმართ და შეზღუდულ კონტაქტს მეორე მშობელთან. დედის კატეგორიული პოზიცია, პირდაპირ თუ ირიბად, აისახება ბავშვზე. ბავშვის კეთილდღეობისათვის აუცილებელია, რომ მან შეინარჩუნოს თბილი და თანაბარი ურთიერთობა ორივე მშობელთან. დაუშვებელია, რომელიმე მშობელი ან ბავშვის უახლოესი გარემოცვა მას უარყოფითად განაწყობდეს მეორე მშობლის მიმართ. ამით ბავშვს შეიძლება გამოუსწორებელი ზიანი მიადგეს.

7. მამამ და ბებიამ - დ.გ–ძემ (შემდგომში - „მეორე მოსარჩელე“ ან „ბებია“) სარჩელი აღძრეს სასამართლოში მოპასუხის მიმართ და მოითხოვეს ბავშვთან ურთიერთობის წესის განსაზღვრა. კერძოდ, მამამ მოითხოვა: 1) ყოველი კვირის პარასკევს 16:00 საათიდან კვირის 10:00 საათამდე, ასევე, ყოველი წლის 22 იანვარს (ბავშვის დაბადების დღე) დღის მეორე ნახევარში ბავშვთან ერთად ყოფნის უფლება; 2) ზაფხულისა და ზამთრის არდადეგების პერიოდში ბავშვის დასასვენებლად წაყვანის უფლება - 14 დღე აგვისტოში და 14 დღე იანვარში; 3) დედის მივლინებაში ყოფნის პერიოდში არასრულწლოვანის მამასთან დარჩენის უფლება. ბებიამ მოითხოვა ყოველი კვირის ხუთშაბათს 16:00 საათიდან პარასკევს 10:00 საათამდე ბავშვთან ურთიერთობის უფლება. მათი განმარტებით, დედამ განქორწინების შემდგომ მამასა და ბებიას აუკრძალა ბავშვან ურთიერთობა.

8. მოპასუხემ სარჩელი არ ცნო.

9. თბილისის საქალაქო სასამართლოს განჩინებებით - სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს ვაკე-საბურთალოს სერვისცენტრს დაევალა არასრულწლოვნის ინტერესების დაცვის მიზნით წარმომადგენლის დანიშვნა, მხარეთა სოციალური გარემოს, მათი საცხოვრებელი პირობებისა და კანონით გათვალისწინებული სხვა საკითხების შესწავლა. ასევე, ბავშვის შეხედულებების გამორკვევა და შესაბამისი დასკვნის მომზადება; წინამდებარე საქმეში ჩაება თავად არასრულწლოვანი, ხოლო მასთან გასაუბრებაზე დასწრების მიზნით, სასამართლო სხდომაზე მიწვეულ იქნა თბილისის სოციალური მომსახურების საქალაქო ცენტრის ფსიქოლოგი; საქმეში, ასევე, ჩაბმულ იქნა ფსიქოლოგი და აღნიშნულის უზრუნველყოფა, ამ უკანასკნელის მიერ წერილობითი მოსაზრების (ფსიქოლოგიური გამოკვლევის) წარდგენის სახით, დაევალა სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს (მეურვეობისა და მზრუნველობის ორგანოს).

10. მოსარჩელეთა შუამდგომლობის საფუძველზე, თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2019 წლის 03 ივნისის განჩინებით მიღებულ იქნა დროებითი განკარგულება, რომლის საფუძველზეც გადაწყვეტილების კანონიერ ძალაში შესვლამდე, მამას არასრულწლოვანთან ურთიერთობისთვის განესაზღვრა ყოველი კვირის შაბათი დღე - 10:00 საათიდან 18:00 საათამდე.

11. თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2019 წლის 03 ივნისის გადაწყვეტილებით სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ; პირველ მოსარჩელეს განესაზღვრა არასრულწლოვანთან ურთიერთობის შემდეგი წესი: 1) ყოველი კვირის პარასკევს 16:00 საათიდან წაყვანით, ღამით დარჩენის უფლებით და შაბათს - 18:00 საათზე დედის საცხოვრებელ ადგილას დაბრუნების ვალდებულებით, ბავშვის ყოველდღიური რეჟიმის დაურღვევლად და მისი ინტერესების გათვალისწინებით (2.1. პუნქტი); 2) ყოველი წლის 22 იანვარს - არასასწავლო დღის შემთხვევაში, 14:00 საათიდან 18:00 საათამდე, ხოლო, სასწავლო დღის შემთხვევაში, სასწავლო პროცესის დასრულების შემდეგ 18:00 საათამდე, წაყვანითა და დედის საცხოვრებელ ადგილას დაბრუნების ვალდებულებით, ბავშვის ინტერესების გათვალისწინებით (2.2. პუნქტი); 3) ყოველი წლის ზამთრის არდადეგებზე 07 იანვრიდან 14 იანვრის ჩათვლით, ასევე, ზაფხულის არდადეგებზე 01 აგვისტოდან 14 აგვისტოს ჩათვლით, წაყვანითა და დედის საცხოვრებელ ადგილას დაბრუნების ვალდებულებით, ბავშვის ინტერესების გათვალისწინებით (2.3. პუნქტი); მეორე მოსარჩელეს არასრულწლოვანთან ურთიერთობისათვის განესაზღვრა გადაწყვეტილების 2.1., 2.2., და 2.3. პუნქტებით მამასთან დადგენილი ურთიერთობის წესის იგივე პერიოდი, ბავშვის სურვილის შემთხვევაში.

12. მოსარჩელეებმა, ასევე მოპასუხემ საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილებაზე წარადგინეს სააპელაციო საჩივრები.

13. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2020 წლის 18 თებერვლის გადაწყვეტილებით პირველი მოსარჩელის სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ; ნაწილობრივ გაუქმდა თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2019 წლის 03 ივნისის გადაწყვეტილება და სარეზოლუციო ნაწილის 2.1., 2.2. და 2.3 პუნქტების შეცვლით მიღებულ იქნა ახალი გადაწყვეტილება; სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ; მამას არასრულწლოვანთან ურთიერთობისათვის განესაზღვრა: 1) ყოველი კვირის პარასკევი დღე, 15:00 საათიდან წაყვანით, ღამით დარჩენის უფლებით და შაბათს 20:00 საათზე დედის საცხოვრებელ ადგილას დაბრუნების ვალდებულებით, ბავშვის ყოველდღიური რეჟიმის დაურღვევლად და მისი ინტერესების გათვალისწინებით; 2) ყოველი წლის 22 იანვარს - არასასწავლო დღის შემთხვევაში, 14:00 საათიდან 20:00 საათამდე, ხოლო სასწავლო დღის შემთხვევაში, სასწავლო პროცესის დასრულების შემდეგ 18:00 საათამდე, წაყვანითა და დედის საცხოვრებელ ადგილას დაბრუნების ვალდებულებით, ბავშვის ინტერესების გათვალისწინებით; 3) ყოველი წლის ზამთრის არდადეგებზე 07 იანვრიდან 14 იანვრის ჩათვლით, ასევე, ზაფხულის არდადეგებზე 01 აგვისტოდან 14 აგვისტოს ჩათვლით, წაყვანითა და დედის საცხოვრებელ ადგილას დაბრუნების ვალდებულებით, ბავშვის ინტერესების გათვალისწინებით; 4) არასრულწლოვნის დედის სამსახურებრივ მივლინებაში წასვლის შემთხვევაში, მამის საცხოვრებელ ადგილას წაყვანით და დედის დაბრუნების შემდეგ, დედის საცხოვრებელ ადგილას დაბრუნების ვალდებულებით, ბავშვის ინტერესების გათვალისწინებით; მეორე მოსარჩელისა და მოპასუხის სააპელაციო საჩივრები არ დაკმაყოფილდა; გადაწყვეტილება დანარჩენ ნაწილში დარჩა უცვლელი.

14. სააპელაციო პალატამ დადგენილად მიიჩნია წინამდებარე განჩინების 1-6 პუნქტებში მითითებული ფაქტობრივი გარემოებები.

15. სააპელაციო სასამართლოს მითითებით, სააპელაციო სასამართლოში მიმდინარე სხდომებზე სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს წარმომადგენელმა არაერთგზის განმარტა, რომ არასრულწლოვანი ბავშვის ინტერესებიდან გამომდინარე, აუცილებელია, ბავშვს ურთიერთობა ჰქონდეს როგორც დედასთან, ისე მამასთან, რაც დადებითად იმოქმედებს ბავშვის ფსიქო-ემოციურ და ფიზიკურ განვითარებაზე. მისი მოსაზრებით, რაიმე საფრთხე ან საშიშროება არ გამოკვეთილა, რაც, შესაძლოა, ბავშვს მამასთან ურთიერთობის შემთხვევაში შექმნოდა. სოციალური სამსახურის შეფასებით, მიზანშეწონილია, მამამ არასრულწლოვანი წაიყვანოს თავის საცხოვრებელ სახლში და მან ერთი ღამე მაინც გაატაროს მამასთან ერთად, რათა თანდათან აღდგეს და ჩამოყალიბდეს მათ შორის ნდობაზე დამოკიდებული, ნორმალური და ჯანსაღი ურთიერთობა. ამასთან, ვინაიდან ბებიასა და შვილიშვილის ურთიერთობაში იყო წყვეტა, მეურვეობისა და მზრუნველობის ორგანოს წარმომადგენელმა მიიჩნია, რომ ამ ეტაპზე ბებიას ცალკე არ უნდა განსაზღვროდა შვილიშვილთან ურთიერთობისათვის დრო. მას შეეძლო ბავშვთან ურთიერთობა ჰქონოდა მაშინ, როდესაც არასრულწლოვანი იქნებოდა მამასთან.

16. სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს წარმომადგენელმა, ასევე განმარტა, რომ არასრულწლოვნის მამინაცვლი უხეშად ერეოდა ბავშვისა და მეურვეობისა და მზრუნველობის ორგანოს წარმომადგენელთან გასაუბრებებში, ხდებოდა ბავშვის ადგილმდებარეობის დამალვა, ზაფხულის განმავლობაში დედა მათ არ ატყობინებდა შეცვლილ მისამართს, რათა არ მომხდარიყო ამ ინფორმაციის მამისათვის გამჟღავნება და ამ უკანასკნელს არ ეცადა ბავშვის ნახვა. სააგენტოს განმარტებით, მამაც და შვილიც მზად არიან ურთიერთობისთვის, ხოლო დედის და მისი ოჯახის მხრიდან ხელი უნდა შეეწყოს მამა-შვილს შორის ურთიერთობის აღდგენას.

17. თბილისის სააპელაციო სასამართლოში 2020 წლის 28 იანვარს გამართულ სასამართლო სხდომაზე განხორციელდა არასრულწლოვანთან გასაუბრება. სასამართლოს შეფასებით, არასრულწლოვანს აქვს უნარი გარკვევით და ნათლად ჩამოაყალიბოს თავისი მოსაზრება, მას უყვარს დედა და მასთან და მის ამჟამინდელ მეუღლესთან მიმართებით აქვს კარგი დამოკიდებულება. რაც შეეხება მამასთან ურთიერთობას, იგი განმარტავდა, რომ არ სიამოვნებდა და არ სურდა მამის საცხოვრებელ სახლში წასვლა და იქ დარჩენა, არ სურდა ახლად შეძენილი დის გაცნობაც, მამასთან ურთიერთობის განხილვისას იძაბებოდა და ტიროდა, არასრულწლოვანი საუბრობდა იმაზეც, რომ მას მხოლოდ სკოლის ტერიტორიაზე, ეზოში ან შენობაში, შესვენების დროს სურს მამის ნახვა.

18. სააპელაციო სასამართლომ აღნიშნა, რომ მსგავსი კატეგორიის დავების განხილვისას სასამართლოს მთავარ საკვლევ გარემოებას წარმოადგენს ბავშვის საუკეთესო ინტერესის გამოვლენა და მისი უპირატესი ინტერესის გათვალისწინებით, ცალკე მცხოვრებ მშობელთან ურთიერთობის განსაზღვრის წესის დადგენა.

19. სააპელაციო პალატის მითითებით, არასრულწლოვნის დედა წინააღმდეგია მისმა შვილმა გარკვეული დრო გაატაროს მამასთან, ვინაიდან მამა დედისა და მამინაცვლის მისამართით შეურაცხმყოფელ ტერმინებს და ფრაზებს იყენებს, რაც ბავშვზე უარყოფით ზეგავლენას ახდენს, ამავდროულად, თავად არასრულწლოვანს არ სურს მამასთან კონტაქტი. სააპელაციო პალატამ ყურადღება გაამახვილა სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს წარმომადგენლის ახსნა-განმარტებაზე, რომლის თანახმად, იკვეთება დედისადმი მოკავშირეობის ფენომენი, რაც გულისხმობს მშობლების განქორწინების შემდეგ უპირატესობას ერთ-ერთი მათგანის მიმართ და შეზღუდულ კონტაქტს მეორე მშობელთან, ამავდროულად, დედის კატეგორიული პოზიცია აისახება ბავშვზეც. შედეგად, სააპელაციო სასამართლოს მოსაზრებით, წახალისებულია და, შესაძლოა, პროვოცირებულია მამასთან შეზღუდული ურთიერთობა, რასაც მოწმობს არასრულწლოვანთან გასაუბრების შედეგად მის მიერ ემოციურად გამოვლენილი დამოკიდებულება მამის მიმართ და პარალელურად სურვილი, ნახოს იგი მცირე ხნით, სკოლის ტერიტორიაზე. ეს დამოკიდებულება იმდენად მძაფრია, რომ გოგონა იმეორებს დედის მოსაზრებებს და მეტად მტკივნეულად რეაგირებს მამის ხსენებაზე, რაც თავისთავად ტკივილს აყენებს ბავშვს. აღნიშნულიდან გამომდინარე, სააპელაციო სასამართლომ მიზანშეწონილად არ მიიჩნია მამასა და შვილს შორის ურთიერთობისათვის პირველი ინსტანციის სასამართლოსაგან სრულიად განსხვავებული შედეგის დადგენა. სააპელაციო სასამართლოს მითითებით, როგორც ბავშვთან გასაუბრებიდან გამოიკვეთა, ყოველი ახალი შეხვედრა უარყოფით ემოციას იწვევს მეორე მშობელში, რომელსაც არ აქვს გაცნობიერებული ბავშვის მამასთან ურთიერთობის აუცილებლობა. სავარაუდოდ, იგივე შეიძლება ითქვას მის მამინაცვალზეც, რაც აისახება ბავშვის ფსიქიკაზე და სულიერ ტრავმას აყენებს მას. სწორედ ეს განაპირობებს იმას, რომ ბავშვი მტკივნეულად რეაგირებს მამის ხსენებაზე, თუმცა, იმავდროულად ვერ ასახელებს კონკრეტულ მიზეზს, თუ რატომ არ უნდა მამასთან ურთიერთობა ან რატომაა კარგი მამინაცვალი.

20. სააპელაციო სასამართლომ, ასევე აღნიშნა, რომ ოჯახში, რომელშიც იზრდება ბავშვი, მძაფრად გამოხატულ უარყოფით დამოკიდებულებას ავლენენ ბავშვის მამის მიმართ და ყოველი ახალი შეხვედრა დაკავშირებულია მათ მიერ გამოვლენილ უარყოფით განწყობასთან, რაც სრულად ისახება ბავშვის ცნობიერებაზე და ტკივილს განაცდევინებს მას. ამის დასტურია სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს წარმომადგენლის განმარტება (იხ. წინამდებარე განჩინების მე-17 პუნქტი). აღნიშნულიდან გამომდინარე, სააპელაციო სასამართლომ მიიჩნია, რომ დამატებითი დღეების დაწესება გამოიწვევდა ბავშვზე ზეწოლის განხორციელების დამატებით შემთხვევებს, რაც არ არის მიზანშეწონილი ბავშვის ფსიქიკური მდგომარეობისათვის, შესაბამისად, პალატამ გონივრულად ჩათვალა არა შეხვედრების რაოდენობის, არამედ შეხვედრების ხანგრძლივობის გაზრდა.

21. სააპელაციო პალატამ მიზანშეწონილად არ მიიჩნია კვირა დღეს ბავშვის მამასთან დატოვება. სასამართლოს მოსაზრებით, ვინაიდან ბავშვს სკოლიდან დასვენების მხოლოდ ორი დღე აქვს, აქედან ერთი დღე უნდა დარჩეს მამასთან, მეორე დღე კი, სასურველია გაატაროს იქ, სადაც მუდმივად ცხოვრობს.

22. სააპელაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1200-ე, 1202-ე მუხლებით და არასრულწლოვანის ასაკის, ფსიქოლოგის დასკვნების, მხარეთა და სოციალური მუშაკის ახსნა-განმარტებების გათვალისწინებით მიიჩნია, რომ არ არსებობდა მამასა და შვილს შორის ურთიერთობისათვის ხელისშემშლელი გარემოება. რაც შეეხება ბებიას, ვინაიდან ბებიისა და შვილიშვილის ურთიერთობაში არსებობდა წყვეტა, სააპელაციო პალატამ ჩათვალა, რომ ამ ეტაპზე ბებიას ცალკე არ უნდა განსაზღვროდა შვილიშვილთან ურთიერთობისათვის დრო. მას ბავშვთან ურთიერთობა შესაძლოა ჰქონოდა არასრულწლოვნის მამასთან ყოფნის პერიოდში.

23. სააპელაციო სასამართლოს ზემოაღნიშნულ გადაწყვეტილებაზე მოპასუხემ წარადგინა საკასაციო საჩივარი. მან მოითხოვა გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღება.

24. საკასაციო საჩივარი ემყარება შემდეგ საფუძვლებს:

24.1. არასრულწლოვანი უკიდურესად უარყოფითად არის განწყობილი მამის მიმართ და არ სურს მასთან ურთიერთობა. აღნიშნულის შესახებ მან განაცხადა როგორც მოსამართლეების, ისე სოციალური მომსახურების სააგენტოს წარმომადგენლების წინაშე, თუმცა სასამართლომ გამოიტანა საპირისპირო გადაწყვეტილება, რამაც დაამძიმა ბავშვის მდგომარეობა;

24.2. გადაწყვეტილებაში არ არის დასაბუთებული რატომ არ დაკმაყოფილდა მოპასუხის სააპელაციო საჩივარი, ან რის საფუძველზე მიიჩნია მიზანშეწონილად სააპელაციო სასამართლომ პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ განსაზღვრული ნახვის საათების გაზრდა. ბავშვის პოზიცია ცალსახაა. მას ტანჯავს მიმდინარე სასამართლო პროცესები და მამასთან ურთიერთობის სურვილი არ აქვს. იგი ფიზიკურად ცუდად ხდება, როდესაც იხსენებს მასთან გატარებულ დროს;

24.3. ნაცვლად იმისა, რომ მამამ ფრთხილად მოიპოვოს შვილის ნდობა, სიყვარული და გაუჩინოს მასთან ურთიერთობის სურვილი, იგი შეურაცხმყოფელი სიტყვებით მოიხსენიებს დედას და მის მეუღლეს, აძალებს მასთან შეხვედრას. პირველი ინსტანციის სასამართლოში გამოკითხვამდე მამამ ბავშვს უთხრა, რომ თავს მოიკლავდა, თუკი იგი მასთან ურთიერთობის სურვილს არ გამოხატავდა. აღნიშნული გაჟღერდა სასამართლო პროცესზეც, რაც პირველმა მოსარჩელემ დაადასტურა და განაცხადა, რომ „უბრალოდ ისე“ უთხრა ბავშვს;

24.4. სასამართლომ მართებულად გამოიყენა საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1197-ე მუხლი, თუმცა არასწორად განმარტა იგი;

24.5. სასამართლომ, ასევე არასწორად განმარტა საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1199-ე მუხლი. მართალია, ორივე მშობელს აქვს შვილის აღზრდის უფლება და ვალდებულება, მაგრამ ამ უფლებით ბოროტად სარგებლობა დაუშვებელია. მამა ითხოვს ბავშვთან ხანგრძლივი დროით ურთიერთობას და მის სახლში წაყვანას მაშინ, როდესაც ბავშვს კატეგორიულად არ სურს მასთან ურთიერთობა;

24.6. ის გარემოება, თითქოს მამის საცხოვრებელ სახლში არის ბავშვის აღზრდისათვის კარგი გარემო, სიმართლეს არ შეესაბამება. სოციალური სამსახურის წარმომადგენლის თითო ვიზიტით ვერ დადგინდება, თუ როგორი გარემოა სინამდვილეში ბავშვის აღზრდა-განვითარებისათვის. სუფთა საცხოვრებელი არ ნიშნავს ბავშვის სწორ აღზრდას. მხოლოდ კეთილმოწყობილი გარემო არ უწყობს ხელს ბავშვის ნორმალურ განვითარებას. მას სჭირდება ჯანსაღი ოჯახი, ჯანსაღი დამოკიდებულებით მეორე მშობლის მიმართ. ბავშვი ბედნიერია დედასთან ურთიერთობით და იტანჯება მამასთან ურთიერთობით. ამ ეტაპზე მისი განწყობა ასეთია და ვიდრე მამა არ მოიპოვებს მის სიყვარულსა და ავტორიტეტს, ბავშვისთვის მამის ნახვის იძულება უკიდურესად უარყოფითად იმოქმედებს მის ფსიქიკაზე;

24.7. დედის მეუღლის უარყოფითი დამოკიდებულება პირველი მოსარჩელის მიმართ ბუნებრივია, ვინაიდან მოპასუხისა და მისი მეუღლის დაქორწინების დღიდან, იგი ცდილობს მათი ურთიერთობის გაუარესებას;

24.8. სასამართლომ არასწორად დაადგინა, რომ არასრულწლოვანი იმყოფება რაიმე ზეგავლენის ქვეშ. იგი უკვე იმ ასაკშია, რომ თავისუფლად შეუძლია აზრის გამოხატვა, მით უფრო იმის გათვალისწინებით, რომ იგი ძალიან გონიერი და ჭკვიანი ბავშვია.

25. სააპელაციო სასამართლოს ზემოაღნიშნულ გადაწყვეტილებაზე პირველმა მოსარჩელემ წარადგინა საკასაციო საჩივარი. მან მოითხოვა გადაწყვეტილების ნაწილობრივ გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღება.

26. საკასაციო საჩივარი ემყარება შემდეგ საფუძვლებს:

26.1. სასამართლომ გაიზიარა მოპასუხის ოჯახის წევრების მხრიდან მამისა და ბებიის მიმართ არასრულწლოვნისათვის წლების განმავლობაში ჩანერგილი დამოკიდებულება და გადაწყვეტილება ამ ვითარებაზე დაყრდნობით გამოიტანა;

26.2. სასამართლოში ბავშვის გამოკითხვამ აჩვენა, რომ იგი დედის აზრებს იმეორებს, საუბრობს მის დაბადებამდე მომხდარ ფაქტებზე, რაც ცხადყოფს ბავშვზე ფსიქოლოგიურ ზეწოლას მამისა და ბებიის შესაძულებლად. სასამართლო დაეყრდნო ბავშვის მიწოდებულ იმ ინფორმაცის, რომლის მომსწრეც არასრულწლოვანი არ ყოფილა;

26.3. სასამართლომ არ მისცა შეფასება იმ გარემოებას, რომ მოპასუხემ უარი განაცხადა სასამართლოს დავალების შესრულებაზე, განეხორციელებინათ ერთობლივი ვიზიტები ფსიქოლოგთან;

26.4. სასამართლომ არ გამოიყენა „ბავშვის უფლებათა კონვენციის“ მე-19 მუხლი;

26.5. სასამართლომ ვერ დაადგინა რა იყო ბავშვის ჭეშმარიტი ინტერესი, რაც იმაში გამოიხატა, რომ გადაწყვეტილებაში აისახა დედასთან არსებული მდგომარეობისა და ვითარების შესაბამისი პირობები, ანუ მამა-შვილის შეხვედრისა და ურთიერთობის ვადები და პირობები შეიზღუდა;

26.6. გადაწყვეტილებაში საუბარი არ არის იმასთან დაკავშირებით, თუ როგორ უნდა მოიქცეს მამა, თუკი პარასკევი დღე დაემთხვევა დასვენების დღეს ან ბავშვი სკოლას გააცდენს. სავარაუდოდ, იგულისხმება, რომ ბავშვი სახლიდან უნდა წაიყვანოს მამამ, თუმცა რადგანაც გადაწყვეტილებაში ამაზე მითითება არ არის, ცხადია, მას ბავშვს არ გააყოლებენ;

26.7. სასამართლო აღნიშნავს, რომ სასურველია კვირაში ერთი დასვენების დღე ბავშვმა დედასთან გაატაროს, რამაც განაპირობა პირველი მოსარჩელის მოთხოვნაზე უარის თქმა, თუმცა მოთხოვნაში მითითებული იყო ბავშვის დედასთან დაბრუნება კვირას დილის 10:00 საათზე, რაც კვირა დღის სრულად დედასთან გატარებას ნიშნავს;

26.8. გადაწყვეტილებაში სასამართლო აღნიშნავს, რომ გასაუბრებისას ბავშვმა მამასთან ურთიერთობის სურვილი გამოთქვა მხოლოდ სკოლის ტერიტორიაზე, შესვენების დროს, თუმცა, კოვიდ-19-ით გამოწვეული პანდემიის გამო სკოლაში სწავლა მიმდინარეობს დისტანციურ რეჟიმში. შესაბამისად, იმ პირობებში, როდესაც მოპასუხე ტელეფონს არ პასუხობს, არ აძლევს შვილთან ლაპარაკის საშუალებას და არც სხვაგვარად ეკონტაქტება, გაუგებარია როგორ უნდა ჰქონდეს მამას შვილთან ურთიერთობა. მოპასუხე ცდილობს ბავშვი არ შეახვედროს მამას და ამისათვის ხელოვნურ ბარიერებს ქმნის, ბავშვს განაწყობს მამის წინააღმდეგ. ბავშვის სიტყვები, რომ არ სურს მამასთან ურთიერთობა გამომდინარეობს მასზე განხორციელებული ფსიქოლოგიური ძალადობიდან და ვერ იქნება განხილული, როგორც მისი ჭეშმარიტი სურვილი;

26.9. მამასთან ვიზიტების დროს ბავშვი არ იძაბება, არანაირი ემოციური და მტკივნეული დამოკიდებულება არ არსებობს. არასრულწლოვანი კარგად იცნობს პირველი მოსარჩელის მეორე მეუღლეს და მასთან კარგი ურთიერთობა აქვს;

26.10. მეორე კასატორმა იშუამდგომლა საკასაციო საჩივრის ზეპირი მოსმენით განხილვის შესახებ.

27. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2020 წლის 27 ივლისის განჩინებით სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს უფლებამონაცვლედ ცნობილ იქნა სსიპ სახელმწიფო ზრუნვისა და ტრეფიკინგის მსხვერპლთა, დაზარალებულთა დახმარების სააგენტო.

28. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2020 წლის 27 ივლისისა და 2020 წლის 11 სექტემბრის განჩინებებით პირველი მოსარჩელისა და მოპასუხის საკასაციო საჩივრები მიღებულ იქნა წარმოებაში, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მიხედვით, დასაშვებობის შესამოწმებლად.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი

29. საკასაციო სასამართლო საქმის შესწავლისა და საკასაციო საჩივრების დასაშვებობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ საკასაციო საჩივრები არ აკმაყოფილებს საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მოთხოვნებს, რის გამოც მიჩნეულ უნდა იქნეს დაუშვებლად.

30. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მე-5 ნაწილის თანახმად, საკასაციო საჩივარი ქონებრივ ან არაქონებრივ დავაზე დასაშვებია, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს; ზ) გასაჩივრებულია სააპელაციო სასამართლოს მეორე დაუსწრებელი გადაწყვეტილება ან განჩინება დაუსწრებელი გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების თაობაზე.

31. საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივრები არ არის დასაშვები საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლით გათვალისწინებული არცერთი საფუძვლით.

32. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 407-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, სააპელაციო სასამართლოს მიერ დამტკიცებულად ცნობილი ფაქტობრივი გარემოებები სავალდებულოა საკასაციო სასამართლოსათვის, თუ წამოყენებული არ არის დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია (შედავება). დასაბუთებულ პრეტენზიაში იგულისხმება მითითება იმ პროცესუალურ დარღვევებზე, რომლებიც დაშვებული იყო სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვის დროს და რამაც განაპირობა ფაქტობრივი გარემოებების არასწორად შეფასება-დადგენა, მატერიალურ-სამართლებრივი ნორმის არასწორად გამოყენება ან/და განმარტება.

33. საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ კასატორებს სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებთან მიმართებით დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია (შედავება) არ წარმოუდგენიათ.

34. მოცემულ შემთხვევაში, საკასაციო სასამართლოს მსჯელობის საგანია მამისათვის არასრულწლოვან შვილთან ურთიერთობისათვის განსაზღვრული წესის მართლზომიერება.

35. პირველი კასატორი არ ეთანხმება სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებას იმ ძირითადი დასაბუთებით, რომ არასრულწლოვანს არ სურს მამასთან ურთიერთობა. თავის მხრივ, მეორე კასატორი დავობს, რომ სასამართლომ სათანადოდ ვერ შეაფასა ბავშვის საუკეთესო ინტერესი და გადაწყვეტილება მიიღო მოპასუხის ოჯახის წევრების მხრიდან მამის მიმართ არასრულწლოვნისთვის ჩანერგილი დამოკიდებულების გათვალისწინებით.

36. საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ საქართველოს კონსტიტუციით, საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულებებით, მათ შორის, „ბავშვის უფლებების შესახებ“ გაერთიანებული ერების ორგანიზაციის 1989 წლის კონვენციით, ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციითა და საქართველოს შიდასაკანონმდებლო აქტებით აღიარებულია მშობლების თანასწორუფლებიანობის პრინციპი შვილების მიმართ და ბავშვის უფლება ცხოვრობდეს და იზრდებოდეს ოჯახში. ბავშვისა და მშობლების ურთიერთობის უფლება შეიძლება შეიზღუდოს ან გამოირიცხოს მხოლოდ მაშინ, თუ ეს აუცილებელია ბავშვის საუკეთესო ინტერესებისათვის.

37. „ბავშვის უფლებების შესახებ“ კონვენცია აწესებს ბავშვის უფლებების დაცვის იმ მინიმალურ სტანდარტებს, რომლებიც საზოგადოების არასრულწლოვანი წევრის ღირსეულ პიროვნებად ჩამოყალიბებისა და ნორმალური განვითარების ამოცანას ემსახურება და ავალდებულებს წევრ სახელმწიფოებს, ყველა ღონე იხმარონ არასრულწლოვნის უპირატესი ინტერესების დაცვისათვის. კონვენციის პრეამბულაში აღიარებულია, რომ ბავშვის პიროვნების სრული და ჰარმონიული განვითარებისათვის აუცილებელია იგი იზრდებოდეს ოჯახურ გარემოში, ბედნიერების, სიყვარულისა და ურთიერთგაგების ატმოსფეროში.

38. დასახელებული კონვენციის მე-3 მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, ბავშვების მიმართ ყველა მოქმედებაში, იმის მიუხედავად, მიმართავენ მას სოციალური უზრუნველყოფის საკითხებზე მომუშავე სახელმწიფო თუ კერძო დაწესებულებები, სასამართლოები, ადმინისტრაციული თუ საკანონმდებლო ორგანოები, უპურველესი ყურადღება ეთმობა ბავშვის საუკეთესო ინტერესების უზრუნველყოფას. კონვენციის მე-18 მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, მონაწილე სახელმწიფოები ყოველ ღონეს ხმარობენ, რათა უზრუნველყონ ბავშვის აღზრდისა და განვითარებისათვის ორივე მშობლის საერთო და თანაბარი პასუხისმგებლობის პრინციპის აღიარება. მშობლებს ან, შესაბამის შემთხვევებში, კანონიერ მეურვეებს აკისრიათ ძირითადი პასუხისმგებლობა ბავშვის აღზრდისა და განვითარებისათვის. ბავშვის საუკეთესო ინტერესები მათი ძირითადი ზრუნვის საგანია.

39. ბავშვის საუკეთესო ინტერესების უპირატესობა დადგენილია, ასევე, ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტული სამართლით.

40. ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციის მე-8 მუხლით გარანტირებულია ყველას უფლება, პატივი სცენ მის ოჯახურ ცხოვრებას. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტული გადაწყვეტილებების მიხედვით, მითითებული დებულება ფართო განმარტებას ექვემდებარება და მასში მოიაზრება ოჯახური ცხოვრების ყველა ის ასპექტი, რომელიც დამკვიდრებულია დემოკრატიულ საზოგადოებაში და ემსახურება ამ საზოგადოების კეთილდღეობას, მათ შორისაა არასრულწლოვანთა ოჯახური ცხოვრების უზრუნველყოფის ასპექტიც (იხ. სუსგ საქმე №ას-1112-1047-2015, 04 მარტი, 2016 წელი).

41. ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ მშობლების ბავშვთან ურთიერთობასთან დაკავშირებულ დავებზე არაერთხელ აღნიშნა, რომ ბავშვის ინტერესები არის განსაკუთრებული მნიშვნელობის (Krasicki v. Poland, § 83). ბავშვის საუკეთესო ინტერესები უნდა იყოს უპირველესი საზრუნავი (Gnahore v. France, § 59) და შესაძლებელია, თავისი შინაარსიდან და სერიოზულობიდან გამომდინარე, გადასწონოს მშობლების ინტერესი (Sahin v. Gernamy, § 66).

42. აღნიშნულმა პრინციპმა ასახვა ჰპოვა საქართველოს კანონმდებლობაშიც. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1202-ე მუხლის შესაბამისად, მშობლებს თანაბრად აქვთ ყველა უფლება და მოვალეობა თავიანთი შვილების მიმართ, მიუხედავად იმისა, რომ ისინი განქორწინებული არიან ან ცალ-ცალკე ცხოვრობენ. იმავე კოდექსის 1199-ე მუხლის თანახმად, მშობლების უფლებები არ უნდა განხორციელდეს ისე, რომ ამით ზიანი მიადგეს ბავშვის ინტერესებს.

43. ბავშვის უფლებათა კოდექსის მე-5 მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ბავშვს უფლება აქვს, მასთან დაკავშირებული ნებისმიერი გადაწყვეტილების მიღებისას უპირატესობა მიენიჭოს მის საუკეთესო ინტერესებს. იმავე კოდექსის 24-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ბავშვს უფლება აქვს, ცხოვრობდეს და იზრდებოდეს ოჯახში, სადაც შექმნილია პირობები მისი ჰარმონიული აღზრდისა და განვითარებისთვის და კეთილდღეობისთვის.

44. დასახელებული სამართლებრივი ნორმების ანალიზი იძლევა ცალსახა დასკვნის გაკეთების შესაძლებლობას, რომ მშობელთა უპირველესი მოვალეობა ბავშვის ჰარმონიული აღზრდა-განვითარება, ოჯახური გარემოს შექმნაა და ამ კუთხით მისაღები ნებისმიერი გადაწყვეტილებისას, უპირატესობა არასრულწლოვნის ჭეშმარიტ ინტერესებს ენიჭება, შესაბამისად, ჩარევის პროპორციულობის დასაშვები ზღვარი იმისი უალტერნატივოდ დადგენაა, რომ ამგვარი ჩარევა წარმოადგენს ერთადერთ სწორ და მისაღებ გადაწყვეტილებას არასრულწლოვნის/მცირეწლოვნის, როგორც საზოგადოების მომავალი სრულუფლებიანი და ღირსეული წევრის, განვითარებაში (იხ. სუსგ საქმე №ას-458-440-2016, 15 ივლისი, 2016 წელი).

45. როგორც ზემოთ აღინიშნა, პირველი კასატორი სადავოდ ხდის სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებით მამისათვის განსაზღვრულ ბავშვთან ურთიერთობის წესს. მისი განმარტებით, არასრულწლოვანს არ სურს მამასთან ურთიერთობა.

46. ერთ-ერთ საქმეზე საკასაციო სასამართლომ განმარტა, რომ მშობლების განქორწინების შემდეგ ბავშვთან კონტაქტის უფლება მშობელს, რომელთანაც შვილი არ ცხოვრობს, არათუ უნარჩუნდება, არამედ ის ვალდებულიცაა ურთიერთობა ჰქონდეს შვილთან, რომელიც ეფექტური და შეძლებისდაგვარად რეგულარული უნდა იყოს. რასაკვირველია, ამ საკითხის გადაწყვეტის დროს, პირველ რიგში, ბავშვის ინტერესების გათვალისწინება უნდა მოხდეს, რომელიც ორ ასპექტს გულისხმობს: ერთი მხრივ, ბავშვის ინტერესებშია, რომ იგი განვითარდეს ჯანსაღ გარემოში და მშობელს არ მიეცეს ისეთი ნაბიჯის გადადგმის შესაძლებლობა, რომელიც ზიანს მიაყენებს მის ჯანმრთელობასა და განვითარებას; მეორე მხრივ, ცხადია, ბავშვისთვის მნიშვნელოვანია ისიც, რომ შენარჩუნდეს მისი კავშირი მამასთან, რათა გაძლიერდეს მამის როლი და მისი აქტიური ჩართულობა ბავშვის ცხოვრებაში. შესაბამისად, თუ არ არსებობს საგამონაკლისო გარემოება, მოსარჩელეს ბავშვის თავისთან დროებით წაყვანის უფლება არ უნდა შეეზღუდოს (იხ. სუსგ საქმე №ას-63-59-2017, 13 ნოემბერი, 2018 წელი).

47. განსახილველ შემთხვევაში, საკასაციო პალატა ყურადღებას ამახვილებს თბილისის სოციალური მომსახურების საქალაქო ცენტრის ფსიქოლოგის მიერ 18.02.2019წ. მომზადებულ ფსიქოლოგიური გამოკვლევის შედეგებზე, რომლის თანახმად, არასრულწლოვანი არცერთი მშობლის მიმართ არ არის გაუცხოებული, ბავშვის კეთილდღეობისათვის აუცილებელია, რომ მან შეინარჩუნოს თბილი და თანაბარი ურთიერთობა ორივე მშობელთან; ასევე, სსიპ სოციალური მომსახურების წარმომადგენლის მიერ სასამართლო სხდომაზე მიცემულ განმარტებაზე, რომლის მიხედვით, ბავშვის ინტერესებიდან გამომდინარე, აუცილებელია, მას ურთიერთობა ჰქონდეს როგორც დედასთან, ისე მამასთან, რაც დადებითად იმოქმედებს ბავშვის ფსიქო-ემოციურ და ფიზიკურ განვითარებაზე. მისი შეფასებით, მიზანშეწონილია, მამამ წაიყვანოს არასრულწლოვანი თავის საცხოვრებელ სახლში და მან ერთი ღამე მაინც გაატაროს მამასთან, რათა თანდათან აღდგეს და ჩამოყალიბდეს მათ შორის ნდობაზე დამოკიდებული, ნორმალური და ჯანსაღი ურთიერთობა. მამაც და შვილიც მზად არიან ურთიერთობისათვის, ხოლო დედისა და მისი ოჯახის მხრიდან ხელი უნდა შეეწყოს მამა-შვილს შორის ურთიერთობის აღდგენას. აღსანიშნავია, ის გარემოებაც, რომ სოციალური მუშაკის მიერ მამის საცხოვრებელი პირობები დადებითადაა შეფასებული. ამასთან, არ გამოვლენილა რაიმე საფრთხე ან საშიშროება რამაც შესაძლოა დააბრკოლოს ბავშვის მამასთან ურთიერთობა.

48. აღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო იზიარებს სააპელაციო სასამართლოს დასკვნას, რომ არ არსებობს მამა-შვილს შორის ურთიერთობისათვის ხელისშემშლელი გარემოებები.

49. რაც შეეხება დედის მითითებას, რომ არასრულწლოვანს არ სურს მამასთან ურთიერთობა, საკასაციო სასამართლო მიუთითებს 18.02.2019წ. ფსიქოლოგიური გამოკვლევის შედეგებზე (იხ. წინამდებარე განჩინების მე-6 პუნქტი) და ეთანხმება სააპელაციო სასამართლოს მსჯელობას, რომ დედის დამოკიდებულება მამის მიმართ აისახება ბავშვზეც, რის შედეგადაც წახალისებული და, შესაძლოა, პროვოცირებულია მამასთან შეზღუდული ურთიერთობა, რაც, რა თქმა უნდა, უარყოფითად აისახება ბავშვის ფსიქო-ემოციურ მდგომარეობაზე.

50. ერთ-ერთ საქმეზე ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ განმარტა, რომ მშობლისა და ბავშვის მიერ მათი ერთად ყოფნით სიამოვნების მიღება ქმნის ოჯახური ცხოვრების ფუნდამენტურ ელემენტს (იხ. „ნ.წ. და სხვები საქართველოს წინააღმდეგ“). შესაბამისად, უკიდურესი და გამონაკლისი შემთხვევების გარდა, თითოეული მშობლის მიერ წახალისებული უნდა იყოს ბავშვის მეორე მშობელთან ურთიერთობა, ვინაიდან აღნიშნული წარმოადგენს ბავშვის სრულყოფილი აღზრდა-განვითარებისათვის აუცილებელ წინაპირობას.

51. ზემოთ დასახელებული გარემოებების გათვალისწინებით, საკასაციო პალატა არ იზიარებს პირველი კასატორის პრეტენზიას საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1197-ე და 1199-ე მუხლების არასწორ განმარტებასთან დაკავშირებით და მიიჩნევს, რომ სააპელაციო სასამართლოს მიერ მამისათვის განსაზღვრული ბავშვთან ურთიერთობის წესი სრულად შეესაბამება არასრულწლოვნის საუკეთესო ინტერესებს. მამას აქვს მართლზომიერი უფლება ურთიერთობა იქონიოს არასრულწლოვან შვილთან. ასეთი ურთიერთობის არ ქონა ან ხელშეშლა, პირველ რიგში, თავად არასრულწლოვნის ინტერესებს დააზარალებს.

52. საკასაციო სასამართლო არ იზიარებს არც მეორე კასატორის პრეტენზიებს და მიიჩნევს, რომ მამის მიმართ არასრულწლოვნის ფსიქო-ემოციური დამოკიდებულების გათვალისწინებით (იხ. წინამდებარე განჩინების მე-5 და მე-17 პუნქტები), სააპელაციო სასამართლოს მიერ განსაზღვრული ურთიერთობის წესი, სრულად შეესაბამება ბავშვის საუკეთესო ინტერესებს და არ ქმნის რაიმე დაბრკოლებას მამა-შვილის ურთიერთობისა და ბავშვის უპირატესი ინტერესის დაცვის თვალსაზრისით.

53. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ მოცემულ შემთხვევაში კასატორებს არ წარმოუდგენიათ იმგვარი დასაშვები და დასაბუთებული საკასაციო პრეტენზიები, რომლებიც გასაჩივრებული განჩინებით დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების გაბათილებისა და საკასაციო საჩივრის არსებითად განსახილველად დაშვების შესაძლებლობას მისცემდა სასამართლოს.

54. სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმე არ არის განხილული საპროცესო დარღვევებით, ვერც საკასაციო საჩივრის ავტორები მიუთითებენ რაიმე ისეთ დარღვევაზე, რომელსაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე.

55. ამასთან, გასაჩივრებული განჩინება არ განსხვავდება ამ კატეგორიის საქმეებზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან (იხ. მაგ. სუსგ საქმე №ას-557-516-2017, 15 სექტემბერი, 2017 წელი; №ას-198-2019, 28 მაისი, 2019 წელი; №ას-1837-2019, 16 ივნისი, 2020 წელი), რის გამოც საკასაციო საჩივრების განხილვისა და საკასაციო სასამართლოს ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს არც სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების თვალსაზრისით; არც დასაბუთებული პოზიციაა წარმოდგენილი ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციასთან ან/და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალთან წინააღმდეგობის საფუძვლით.

56. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო არ არის უფლებამოსილი დაუშვას საკასაციო საჩივრები, რის გამოც მათ უარი უნდა ეთქვათ განხილვაზე.

57. მეორე კასატორმა იშუამდგომლა საკასაციო საჩივრის ზეპირი მოსმენით განხილვის შესახებ. აღნიშნულთან დაკავშირებით საკასაციო პალატა განმარტავს, რომ საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2020 წლის 27 ივლისის განჩინებით მეორე კასატორის საკასაციო საჩივარი, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის შესაბამისად, მიღებულ იქნა წარმოებაში და დადგინდა დასაშვებობის შემოწმება ზეპირი მოსმენის გარეშე, რის თაობაზეც ეცნობათ მხარეებს.

58. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ამ კოდექსის 391-ე მუხლით დადგენილ მოთხოვნათა შესაბამისად საკასაციო საჩივრის დასაშვებობას ამოწმებს სასამართლოს კოლეგიური შემადგენლობა. კოლეგია უფლებამოსილია აღნიშნული საკითხი ზეპირი განხილვის გარეშე გადაწყვიტოს. საკასაციო საჩივრის დასაშვებად ცნობის შემთხვევაში კი, სასამართლო მსჯელობს საქმის ზეპირი მოსმენით განხილვის მიზანშეწონილობაზე.

59. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, ვინაიდან მეორე კასატორის საკასაციო საჩივარი დაუშვებლად იქნა მიჩნეული, ვერ დაკმაყოფილდება შუამდგომლობა მისი ზეპირი მოსმენით განხილვის შესახებ.

60. მეორე კასატორმა საკასაციო საჩივარში მიუთითა ახალ გარემოებებზე, რომლებზეც მას საქმის პირველ და სააპელაციო ინსტანციებში განხილვისას არ მიუთითებია, კერძოდ, პანდემიით გამოწვეულ ბავშვთან ურთიერთობის სირთულეებზე, თუმცა, ვინაიდან საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 407-ე მუხლის პირველი ნაწილიდან გამომდინარე [საკასაციო სასამართლო იმსჯელებს მხარის მხოლოდ იმ ახსნა-განმარტებაზე, რომელიც ასახულია სასამართლოთა გადაწყვეტილებებში ან სხდომათა ოქმებში. გარდა ამისა, შეიძლება მხედველობაში იქნეს მიღებული ამ კოდექსის 396-ე მუხლის პირველი ნაწილის „ვ“ ქვეპუნქტში მითითებული ფაქტები] ახალ გარემოებებზე მითითება საქმის საკასაციო წესით განხილვისას დაუშვებელია, მათზე საკასაციო სასამართლო ვერ იმსჯელებს.

61. რაც შეეხება მეორე კასატორის მიერ წარმოდგენილ ახალ მტკიცებულებებს, საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ მოქმედი სამოქალაქო საპროცესო კანონმდებლობა ითვალისწინებს მხარეთა მიერ მათი მოთხოვნების დასასაბუთებლად და მითითებული ფაქტების დასამტკიცებლად საჭირო მტკიცებულებების წარდგენის საკმაოდ მკაცრად გაწერილ პროცედურას, რომლის შესაბამისად, მხარეებს მტკიცებულებათა წარდგენა შეუძლიათ პირველი ინსტანციის სასამართლოში საქმის განხილვისას შესაბამისი წესების დაცვით. გამონაკლის შემთხვევაში, კანონით დადგენილი წინაპირობების არსებობისას, დასაშვებია ახალი მტკიცებულების წარდგენა სააპელაციო ინსტანციის სასამართლოშიც (სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 380-ე მუხლი), თუმცა საქმის საკასაციო სასამართლოში განხილვისას მხარე ასეთ შესაძლებლობას მოკლებულია. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 407-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, საკასაციო სასამართლო იმსჯელებს მხარის მხოლოდ იმ ახსნა-განმარტებაზე, რომელიც ასახულია სასამართლოთა გადაწყვეტილებებში ან სხდომათა ოქმებში. გარდა ამისა, შეიძლება მხედველობაში იქნეს მიღებული ამ კოდექსის 396-ე მუხლის პირველი ნაწილის „ვ“ ქვეპუნქტში მითითებული ფაქტები. აღნიშნულ წესზე გავლენას ვერ მოახდენს მხარის მითითება, რომ მისთვის კონკრეტული გარემოების ან მტკიცებულების არსებობის შესახებ ცნობილი გახდა სააპელაციო სასამართლოს მიერ გადაწყვეტილების მიღების შემდეგ ან დოკუმენტები, რომელთა წარდგენაც მხარეს სურდა, შეიქმნა სააპელაციო სასამართლოს მიერ გადაწყვეტილების მიღების შემდეგ. ამგვარი მტკიცებულებები მოცემული დავის ფარგლებში საკასაციო პალატის მსჯელობის საგანი ვერ გახდება. ამასთან, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 104-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სასამართლო არ მიიღებს, არ გამოითხოვს ან საქმიდან ამოიღებს მტკიცებულებებს, რომლებსაც საქმისათვის მნიშვნელობა არ აქვთ. დასახელებული სამართლებრივი ნორმებიდან გამომდინარე, მეორე კასატორს უნდა დაუბრუნდეს საკასაციო სასამართლოში მის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებები (არდადეგებისა და დასვენების დღეების განრიგი; 2020 წლის 9 ივნისის ცნობა; 2020 წლის 10 ივნისის ცნობა), მთლიანობაში „5“ ფურცლად (ტომი 2, ს.ფ. 185-189).

62. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, თუ საკასაციო საჩივარი დაუშვებლად იქნება ცნობილი, პირს დაუბრუნდება მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 70 პროცენტი. ამდენად, საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ პირველ კასატორს უნდა დაუბრუნდეს საკასაციო საჩივარზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 300 ლარის 70% – 210 ლარი.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე, 401-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა

1. ნ.ხ–ლისა და გ.ბ–ას საკასაციო საჩივრები, როგორც დაუშვებელი, დარჩეს განუხილველი;

2. გ.ბ–ას შუამდგომლობა საქმის ზეპირი მოსმენით განხილვის თაობაზე არ დაკმაყოფილდეს;

3. ნ.ხ–ლს (პ/ნ: .....) დაუბრუნდეს გ.ც–ას (პ/ნ: .....) მიერ 2020 წლის 7 აგვისტოს №0 საგადასახადო დავალებით გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 300 (სამასი) ლარის 70% – 210 (ორას ათი) ლარი შემდეგი ანგარიშიდან: ქ. თბილისი, „სახელმწიფო ხაზინა“ ბანკის კოდი TRESGE22, მიმღების ანგარიშის №200122900, სახაზინო კოდი 3 0077 3150;

4. გ.ბ–ას დაუბრუნდეს საკასაციო სასამართლოში მის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებები (არდადეგებისა და დასვენების დღეების განრიგი; 2020 წლის 9 ივნისის ცნობა; 2020 წლის 10 ივნისის ცნობა), მთლიანობაში „5“ ფურცლად (ტომი 2, ს.ფ. 185-189);

5. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.

თავმჯდომარე ნ. ბაქაქური

მოსამართლეები: ზ. ძლიერიშვილი

ე. გასიტაშვილი