საქმე №ას-617-2020 2 დეკემბერი, 2020 წელი
ქ. თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატა
შემადგენლობა:
ნინო ბაქაქური (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
ზურაბ ძლიერიშვილი, ეკატერინე გასიტაშვილი
საქმის განხილვის ფორმა _ ზეპირი განხილვის გარეშე
საკასაციო საჩივრის ავტორი _ დ.გ–ძე (მოსარჩელე)
მოწინააღმდეგე მხარე _ ნ.ხ–ი (მოპასუხე)
მოსარჩელე _ გ.ბ–ია
მესამე პირი _ სსიპ სახელმწიფო ზრუნვისა და ტრეფიკინგის მსხვერპლთა, დაზარალებულთა დახმარების სააგენტო
გასაჩივრებული გადაწყვეტილება _ თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2020 წლის 18 თებერვლის გადაწყვეტილება
კასატორის მოთხოვნა _ გასაჩივრებული გადაწყვეტილების ნაწილობრივ გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღება
დავის საგანი _ ბავშვთან ურთიერთობის წესის განსაზღვრა
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი
1. გ.ბ–იამ (შემდგომში - „პირველი მოსარჩელე“ ან „მამა“) და დ.გ–ძემ (შემდგომში - „მეორე მოსარჩელე“, „კასატორი“ ან „ბებია“) სარჩელი აღძრეს სასამართლოში ნ.ხ–ის (შემდგომში - „მოპასუხე“ ან „დედა“) მიმართ და მოითხოვეს არასრულწლოვან შვილთან/შვილიშვილთან - ა.ბ–თან (შემდგომში - „შვილი“, „შვილიშვილი“, „არასრულწლოვანი“ ან „ბავშვი“) ურთიერთობის წესის განსაზღვრა. კერძოდ, მამამ მოითხოვა: ყოველი კვირის პარასკევს 16:00 საათიდან კვირის 10:00 საათამდე, ასევე, ყოველი წლის 22 იანვარს (ბავშვის დაბადების დღე) დღის მეორე ნახევარში ბავშვთან ერთად ყოფნის უფლება; 2) ზაფხულისა და ზამთრის არდადეგების პერიოდში ბავშვის დასასვენებლად წაყვანის უფლება - 14 დღე აგვისტოში და 14 დღე იანვარში; 3) დედის მივლინებაში ყოფნის პერიოდში არასრულწლოვანის მამასთან დარჩენის უფლება. მეორე მოსარჩელემ მოითხოვა ყოველი კვირის ხუთშაბათს 16:00 საათიდან პარასკევს 10:00 საათამდე ბავშვთან ურთიერთობის უფლება.
2. სარჩელი ემყარება შემდეგ ფაქტობრივ გარემოებებს:
2.1. პირველი მოსარჩელე და მოპასუხე 2008 წლიდან 2011 წლამდე იმყოფებოდნენ რეგისტრირებულ ქორწინებაში. ქორწინების პერიოდში შეეძინათ შვილი. ქორწინების შეწყვეტის შემდგომ მოპასუხე გადავიდა სხვა ბინაში და თან წაიყვანა არასრულწლოვანი შვილიც;
2.2. განქორწინების შემდგომ მოპასუხემ მამას აუკრძალა შვილთან ურთიერთობა. მას ბავშვის ნახვის საშუალება ეძლევა მხოლოდ შორიდან, მისი სკოლაში ყოფნის პერიოდში;
2.3. მოპასუხეს, სამსახურებრივი მოვალეობის შესრულების გამო, ხშირად უწევს მივლინებაში წასვლა, რა დროსაც ბავშვი რჩება მამინაცვალთან მაშინ, როცა მას ჰყავს ბიოლოგიური მამა;
2.4. შვილთან ურთიერთობის აკრძალვის მიუხედავად, მამას არ შეუწყვეტია ბავშვზე ზრუნვა. ამ წლების განმავლობაში იგი იხდიდა კერძო ბაღის გადასახადს, ასევე, იხდის კერძო სკოლის საფასურსაც;
2.5. მამას ბავშვისთვის სახლში მოწყობილი აქვს კომფორტული საძინებელი, ასევე, შექმნილი აქვს მისთვის საჭირო ყველა პირობა;
2.6. რაც შეეხება ბებიას, მას ძალიან უყვარს თავისი შვილიშვილი, თუმცა იმის გამო, რომ მოპასუხემ აუკრძალა მისი ნახვა, 2011 წლის შემდეგ ბავშვი მხოლოდ შორიდან ჰყავს ნანახი. მიუხედავად ამისა, იგი ზრუნავს შვილიშვილზე და ბანკში მის სახელზე გახსნილი აქვს ანაბარი არასრულწლოვანის მომავლის უზრუნველსაყოფად.
3. მოპასუხემ სარჩელი არ ცნო და განმარტა შემდეგი:
3.1. მოსარჩელეებს აქვთ ბავშვთან ურთიერთობის საშუალება და ისინი შეუზღუდავად ამყარებენ მასთან პირდაპირ კონტაქტს;
3.2. მოპასუხის მივლინებაში ყოფნის დროს ბავშვი ცხოვრობს საკუთარ სახლში, სადაც მასზე ის ადამიანები (მოპასუხის და, მეუღლე და დედა) ზრუნავენ, რომლებიც მთელი დანარჩენი დროის განმავლობაში იღებენ მონაწილეობას მის აღზრდაში. არ იცვლება ბავშვის დღის განრიგი და აქვს ზუსტად ის პირობები, რაც დედასთან ყოფნის დროს;
3.3. მამა ბოროტად იყენებს შვილთან ურთიერთობის უფლებას და მასთან ყოფნის განმავლობაში შეურაცხყოფას აყენებს ბავშვის დედას, მის ოჯახს და უკრძალავს მათთან კონტაქტს;
3.4. ბებია უარყოფით გავლენას ახდენს ბავშვზე, შეურაცხყოფას აყენებს ბავშვისათვის ყველაზე ძვირფას და ავტორიტეტულ ადამიანს - დედას და მოიხსენიებს მას დამამცირებელი სიტყვებით, რაც ბავშვს მორალურ ზიანს აყენებს.
4. თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2017 წლის 08 დეკემბრის განჩინების საფუძველზე წინამდებარე საქმის მასალები გაეგზავნა საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს ტერიტორიულ ორგანოს - სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს ვაკე-საბურთალოს სერვისცენტრს; მასვე დაევალა არასრულწლოვნის ინტერესების დაცვის მიზნით წარმომადგენლის დანიშვნა, მხარეთა სოციალური გარემოს, საცხოვრებელი პირობების, კანონით გათვალისწინებული სხვა გარემოებების შესწავლა, განსახილველ საკითხთან დაკავშირებით ბავშვის შეხედულებების გარკვევა და დასკვნის მომზადება.
5. თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 13 აპრილის ადგილზე თათბირით მიღებული განჩინებით წინამდებარე საქმეში ჩაება არასრულწლოვანი და, მასთან გასაუბრებაზე დასწრების მიზნით, სასამართლო სხდომაზე მიწვეულ იქნა თბილისის სოციალური მომსახურების საქალაქო ცენტრის ფსიქოლოგი.
6. თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 13 აპრილის ადგილზე თათბირით მიღებული განჩინებით წინამდებარე საქმეში ჩაბმულ იქნა ფსიქოლოგი და აღნიშნულის უზრუნველყოფა, ამ უკანასკნელის მიერ წერილობითი მოსაზრების (ფსიქოლოგიური გამოკვლევის) წარდგენის სახით, დაევალა სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს (მეურვეობისა და მზრუნველობის ორგანოს).
7. მოსარჩელეთა შუამდგომლობის საფუძველზე, თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2019 წლის 03 ივნისის განჩინებით მიღებულ იქნა დროებითი განკარგულება, რომლის თანახმად გადაწყვეტილების კანონიერ ძალაში შესვლამდე, მამას არასრულწლოვან შვილთან ურთიერთობისათვის განესაზღვრა ყოველი კვირის შაბათი დღე - 10:00 საათიდან 18:00 საათამდე.
8. თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2019 წლის 03 ივნისის გადაწყვეტილებით სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ; პირველ მოსარჩელეს განესაზღვრა არასრულწლოვან შვილთან ურთიერთობის შემდეგი წესი: 1) ყოველი კვირის პარასკევს 16:00 საათიდან წაყვანით, ღამით დარჩენის უფლებით და შაბათს - 18:00 საათზე დედის საცხოვრებელ ადგილას დაბრუნების ვალდებულებით, ბავშვის ყოველდღიური რეჟიმის დაურღვევლად და მისი ინტერესების გათვალისწინებით (2.1. პუნქტი); 2) ყოველი წლის 22 იანვარს - არასასწავლო დღის შემთხვევაში, 14:00 საათიდან 18:00 საათამდე, ხოლო, სასწავლო დღის შემთხვევაში, სასწავლო პროცესის დასრულების შემდეგ 18:00 საათამდე, წაყვანითა და დედის საცხოვრებელ ადგილას დაბრუნების ვალდებულებით, ბავშვის ინტერესების გათვალისწინებით (2.2. პუნქტი); 3) ყოველი წლის ზამთრის არდადეგებზე 07 იანვრიდან 14 იანვრის ჩათვლით, ასევე, ზაფხულის არდადეგებზე 01 აგვისტოდან 14 აგვისტოს ჩათვლით, წაყვანითა და დედის საცხოვრებელ ადგილას დაბრუნების ვალდებულებით, ბავშვის ინტერესების გათვალისწინებით (2.3. პუნქტი); მეორე მოსარჩელეს შვილიშვილთან ურთიერთობისათვის განესაზღვრა გადაწყვეტილების 2.1., 2.2., და 2.3. პუნქტებით მამასთან დადგენილი ურთიერთობის წესის იგივე პერიოდი, ბავშვის სურვილის შემთხვევაში.
9. მხარეებმა საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილებაზე წარადგინეს სააპელაციო საჩივრები.
10. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2020 წლის 18 თებერვლის გადაწყვეტილებით პირველი მოსარჩელის სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ; ნაწილობრივ გაუქმდა თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2019 წლის 03 ივნისის გადაწყვეტილება და სარეზოლუციო ნაწილის 2.1., 2.2. და 2.3 პუნქტების შეცვლით მიღებულ იქნა ახალი გადაწყვეტილება; სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ; მამას არასრულწლოვან შვილთან ურთიერთობისათვის განესაზღვრა: 1) ყოველი კვირის პარასკევი დღე, 15:00 საათიდან წაყვანით, ღამით დარჩენის უფლებით და შაბათს 20:00 საათზე დედის საცხოვრებელ ადგილას დაბრუნების ვალდებულებით, ბავშვის ყოველდღიური რეჟიმის დაურღვევლად და მისი ინტერესების გათვალისწინებით; 2) ყოველი წლის 22 იანვარს - არასასწავლო დღის შემთხვევაში, 14:00 საათიდან 20:00 საათამდე, ხოლო სასწავლო დღის შემთხვევაში, სასწავლო პროცესის დასრულების შემდეგ 18:00 საათამდე წაყვანითა და დედის საცხოვრებელ ადგილას დაბრუნების ვალდებულებით, ბავშვის ინტერესების გათვალისწინებით; 3) ყოველი წლის ზამთრის არდადეგებზე 07 იანვრიდან 14 იანვრის ჩათვლით, ასევე, ზაფხულის არდადეგებზე 01 აგვისტოდან 14 აგვისტოს ჩათვლით, წაყვანითა და დედის საცხოვრებელ ადგილას დაბრუნების ვალდებულებით, ბავშვის ინტერესების გათვალისწინებით; 4) არასრულწლოვნის დედის სამსახურებრივ მივლინებაში წასვლის შემთხვევაში, მამის საცხოვრებელ ადგილას წაყვანით და დედის დაბრუნების შემდეგ, დედის საცხოვრებელ ადგილას დაბრუნების ვალდებულებით, ბავშვის ინტერესების გათვალისწინებით; მეორე მოსარჩელისა და მოპასუხის სააპელაციო საჩივრები არ დაკმაყოფილდა; გადაწყვეტილება დანარჩენ ნაწილში დარჩა უცვლელი.
11. სააპელაციო სასამართლომ დადგენილად მიიჩნია საქმის გადაწყვეტისათვის მნიშვნელობის მქონე შემდეგი ფაქტობრივი გარემოებები:
11.1. პირველ მოსარჩელესა და მოპასუხეს ქორწინების პერიოდში, 2009 წლის 22 იანვარს, შეეძინათ შვილი. მხარეები განქორწინდნენ 2011 წლის 29 ივლისს და ერთ ოჯახად აღარ ცხოვრობენ. არასრულწლოვანი ცხოვრობს დედასთან ერთად;
11.2. თბილისის სოციალური მომსახურების საქალაქო ცენტრის დიდუბე-ჩუღურეთის სერვისცენტრის დასკვნის მიხედვით, სოციალური მუშაკი იმყოფებოდა ბებიის საცხოვრებელ ბინაში, მდებარე: ქ. თბილისი, ....... №2, ბინა №60. ბინა არის სამოთახიანი, სადაც დამაკმაყოფილებელი საყოფაცხოვრებო პირობები და სანიტარულ-ჰიგიენური მდგომარეობაა. ბავშვისათვის ბინაში გამოყოფილია საკუთარი ოთახი და ყველა საჭირო ინვენტარი. სოციალურ მუშაკთან საუბრისას გაირკვა, რომ ბებია ზრუნავს შვილიშვილის მომავალზე, ბანკში ბავშვის სახელზე გახსნილი აქვს ანაბარი. სოციალური სამსახურის შეფასებით, ბებიის ოჯახში საკმაოდ ჯანსაღი და უსაფრთხო გარემოა არასრულწლოვნის ნორმალური ცხოვრებისა და განვითარებისათვის;
11.3. თბილისის სოციალური მომსახურების საქალაქო ცენტრის ვაკე-საბურთალოს სერვისცენტრის დასკვნის მიხედვით, სოციალური მუშაკი იმყოფებოდა პირველი მოსარჩელის კუთვნილ სამსართულიან სახლში, მდებარე: ქ. თბილისი, ........... სახლში წესრიგი და სისუფთავეა, დაცულია სანიტარულ-ჰიგიენური ნორმები, ბავშვის ოთახი აღჭურვილია ინდივიდუალური განვითარებისა და ასაკის შესაბამისი სათამაშოებით;
11.4. თბილისის სოციალური მომსახურების საქალაქო ცენტრის ვაკე-საბურთალოს სერვისცენტრის დასკვნის მიხედვით, მოპასუხე არასრულწლოვან შვილთან ერთად ცხოვრობს შემდეგ მისამართზე: ქ. თბილისი, ........ საცხოვრებელ ბინაში წესრიგი და სისუფთავეა, დაცულია სანიტარულ-ჰიგიენური ნორმები. ბავშვის ოთახი აღჭურვილია ინდივიდუალური განვითარებისა და ასაკის შესაბამისი ნივთებით. ვიზიტის მიმდინარეობის დროს მოხდა გასაუბრება არასრულწლოვანთან. ბავშვი არის, ზოგადად, კეთილგანწყობილი, ფიზიკურად და გონებრივად ასაკის შესაბამისად განვითარებული. ბავშვის თქმით, მას უყვარს მამა, დედა, მამინაცვალი, ბებიები და ნათესავები. ვიზიტის დროს სახლში იმყოფებოდა მოპასუხის მეუღლე, რომელიც ბავშვის ბიოლოგიურ მამასთან მიმართებით მკვეთრად უარყოფით დამოკიდებულებას აფიქსირებდა დედასთან ერთად. მათი თქმით, ბავშვს ბიოლოგიურ მამასთან ურთიერთობას უკრძალავენ მხოლოდ იმიტომ, რომ ბავშვთან მამა და ბებია მოპასუხეს მუდმივად შეურაცხმყოფელი სიტყვებით მოიხსენიებენ, რასაც იგი განიცდის. მოპასუხის ოჯახს ჰყავს თანადგომის ძლიერი ქსელი (ბებია, ახლობლები, ნათესავები), რაც მნიშვნელოვანია და ხელს უწყობს ბავშვის სოციალიზაციას. ოჯახში შექმნილი გარემო შეესაბამება ბავშვის აღზრდა-განვითარების ინტერესებს;
11.5. მეურვეობისა და მზრუნველობის ორგანოს მიერ მომზადებული დასკვნის მიხედვით, სოციალური მუშაკის შეფასებით, პირველ მოსარჩელეს აქვს მშობლის მორალური და ადამიანური სრული პასუხისმგებლობის გრძნობა. მის საცხოვრებელში შექმნილია კეთილსაიმედო გარემო. ბავშვის სწორად აღზრდა-განვითარებისათვის კი, მნიშვნელოვანია, ორივე მშობელმა თანაბრად იზრუნოს ბავშვის აღზრდაზე, რაც საქართველოს კანონმდებლობით, მშობლების ვალდებულებაა;
11.6. თბილისის საქალაქო სასამართლოს 2018 წლის 13 აპრილის განჩინების საფუძველზე, 2019 წლის 18 თებერვალს თბილისის სოციალური მომსახურების საქალაქო ცენტრის ფსიქოლოგის მიერ მომზადდა ფსიქოლოგიური გამოკვლევის შედეგები. შეფასების მიხედვით, არასრულწლოვნის შემეცნებითი სფეროს თავისებურებები, ლექსიკური მარაგი და ზოგადი ცოდნის დონე შეესაბამება ასაკს. არასრულწლოვანი, ერთი მხრივ, დადებით დამოკიდებულებას გამოხატავს მამის მიმართ და ამბობს, რომ უყვარს და უნდა, რომ მივიდეს მის სანახავად სკოლაში, მეორე მხრივ კი, უარს ამბობს მასთან წასვლასა და დარჩენაზე. იგი ვერ იხსენებს იმ პერიოდის დეტალებს, როცა მამასთან მიდიოდა და ღამითაც რჩებოდა, თუმცა, ამბობს, რომ ,,იქ არაფერი იყო კარგი, ვერ ვერთობოდი, არ მახსოვს“. ითვლება, რომ ყველაფერი კარგის მსგავსი, კატეგორიული უარყოფა, თავისთავად, არაობიექტური და საეჭვოა. არასრულწლოვანი ფლობს ინფორმაციას და ყურადღებას ამახვილებს ისეთ საკითხებზე, რისი მომსწრეც თვითონ არ ყოფილა და მოვლენას აფასებს უფროსი ადამიანის პოზიციიდან. მის საუბარში ვლინდებოდა მოლოდინი, რომ შესაძლოა ეჭვი შეეტანათ მის ნათქვამში;
11.7. მოცემულ საქმეზე ჩატარებული ფსიქოლოგიური გამოკვლევის შედეგების მიხედვით, არასრულწლოვანი არცერთი მშობლის მიმართ არ არის გაუცხოვებული. ამ ეტაპზე მას დედასთან მეტი მიჯაჭვულობა აქვს. ბავშვის მიერ მამის მიმართ გამოხატულ დამოკიდებულებასთან ერთად ვლინდება დედისადმი მოკავშირეობის ფენომენი, რაც გულისხმობს მშობლების განქორწინების შემდეგ უპირატესობას ერთ-ერთი მათგანის მიმართ და შეზღუდულ კონტაქტს მეორე მშობელთან. დედის კატეგორიული პოზიცია პირდაპირ თუ ირიბად აისახება ბავშვზე. ბავშვის კეთილდღეობისათვის აუცილებელია, რომ მან შეინარჩუნოს თბილი და თანაბარი ურთიერთობა ორივე მშობელთან. დაუშვებელია, რომელიმე მშობელი ან ბავშვის უახლოესი გარემოცვა მას უარყოფითად განაწყობდეს მეორე მშობლის მიმართ. ამით ბავშვს შეიძლება გამოუსწორებელი ზიანი მიადგეს.
12. სააპელაციო სასამართლოს მითითებით, სააპელაციო სასამართლოში მიმდინარე სხდომებზე სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს წარმომადგენელმა არაერთგზის განმარტა, რომ ბავშვის ინტერესებიდან გამომდინარე, აუცილებელია, მას ურთიერთობა ჰქონდეს როგორც დედასთან, ისე მამასთან, რაც დადებითად იმოქმედებს ბავშვის ფსიქო-ემოციურ და ფიზიკურ განვითარებაზე. მისი მოსაზრებით, რაიმე საფრთხე ან საშიშროება არ გამოკვეთილა, რაც შესაძლოა ბავშვს მამასთან ურთიერთობის შემთხვევაში შექმნოდა. სოციალური სამსახურის შეფასებით, მიზანშეწონილია, მამამ წაიყვანოს არასრულწლოვანი თავის საცხოვრებელ სახლში და მან ერთი ღამე მაინც გაატაროს მამასთან ერთად, რათა თანდათან აღდგეს და ჩამოყალიბდეს მათ შორის ნდობაზე დამოკიდებული, ნორმალური და ჯანსაღი ურთიერთობა. ამასთან, ვინაიდან ბებიასა და შვილიშვილის ურთიერთობაში იყო წყვეტა, მეურვეობისა და მზრუნველობის ორგანოს წარმომადგენელმა მიიჩნია, რომ ამ ეტაპზე ბებიას ცალკე არ უნდა განსაზღვროდა შვილიშვილთან ურთიერთობისათვის დრო. მას შეეძლო ბავშვთან ურთიერთობა ჰქონოდა მაშინ, როდესაც არასრულწლოვანი იქნებოდა მამასთან.
13. სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს წარმომადგენელმა ასევე განმარტა, რომ არასრულწლოვანის მამინაცვლი უხეშად ერეოდა მეურვეობისა და მზრუნველობის ორგანოს წარმომადგენელთან ბავშვის გასაუბრებებში, ხდებოდა ბავშვის ადგილმდებარეობის დამალვა, ზაფხულის განმავლობაში დედა მათ არ ატყობინებდა შეცვლილ მისამართს, რათა არ მომხდარიყო ამ ინფორმაციის მამისათვის გამჟღავნება და ამ უკანასკნელს არ ეცადა ბავშვის ნახვა. სააგენტოს განმარტებით, მამაც და შვილიც მზად არიან ურთიერთობისთვის, ხოლო დედის და მისი ოჯახის მხრიდან ხელი უნდა შეეწყოს მამა-შვილს შორის ურთიერთობის აღდგენას.
14. თბილისის სააპელაციო სასამართლოში 2020 წლის 28 იანვარს გამართულ სასამართლო სხდომაზე განხორციელდა არასრულწლოვანთან გასაუბრება. სასამართლოს შეფასებით, არასრულწლოვანს აქვს უნარი გარკვევით და ნათლად ჩამოაყალიბოს თავისი მოსაზრება, მას უყვარს დედა და მასთან და მის ამჟამინდელ მეუღლესთან აქვს კარგი დამოკიდებულება. რაც შეეხება მამასთან ურთიერთობას, იგი განმარტავდა, რომ არ სიამოვნებდა და არ სურდა მამის საცხოვრებელ სახლში წასვლა და იქ დარჩენა, არ სურდა ახლადშეძენილი დის გაცნობაც, მამასთან ურთიერთობის განხილვისას იძაბებოდა და ტიროდა, არასრულწლოვანი საუბრობდა იმაზეც, რომ მას მხოლოდ სკოლის ტერიტორიაზე, ეზოში ან შენობაში, შესვენების დროს სურს მამის ნახვა.
15. სააპელაციო სასამართლომ აღნიშნა, რომ მსგავსი კატეგორიის დავების განხილვისას სასამართლოს მთავარ საკვლევ გარემოებას წარმოადგენს ბავშვის საუკეთესო ინტერესის გამოვლენა და მისი უპირატესი ინტერესის გათვალისწინებით, ცალკე მცხოვრებ მშობელთან ურთიერთობის განსაზღვრის წესის დადგენა.
16. სააპელაციო პალატამ მიუთითა საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1198-ე მუხლზე და განმარტა, რომ აღნიშნული მუხლის თანახმად, მშობლებს ენიჭებათ უფლება და ეკისრებათ ვალდებულება, ჰქონდეთ ურთიერთობა თავიანთ შვილებთან, განსაზღვრონ თავიანთ შვილებთან მესამე პირთა ურთიერთობის უფლება და ა.შ. მშობელი უფლებამოსილია, ბავშვთან დაკავშირებით მიიღოს ყველა ის მნიშვნელოვანი გადაწყვეტილება, რომელსაც ბავშვის ინტერესის უპირატესი გათვალისწინებით, ყველაზე უფრო მიზანშეწონილად და გამართლებულად მიიჩნევს, თუმცა, სადავოობის შემთხვევაში სასამართლოს აღნიშნული გადაწყვეტილებების მართებულობისა და ბავშვის საუკეთესო ინტერესთან შესაბამისობის დადგენის მოვალეობა ეკისრება.
17. სააპელაციო სასამართლოს განმარტებით, განსახილველ შემთხვევაში არასრულწლოვნის დედა წინააღმდეგია მისმა შვილმა გარკვეული დრო გაატაროს მამასთან, ვინაიდან მამა დედისა და მამინაცვალის მისამართით შეურაცხმყოფელ ტერმინებს და ფრაზებს იყენებს, რაც ბავშვზე უარყოფით ზეგავლენას ახდენს, ამავდროულად, თავად არასრულწლოვანს არ სურს მამასთან კონტაქტი. სააპელაციო პალატამ ყურადღება გაამახვილა სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს წარმომადგენლის ახსნა-განმარტებაზე, რომლის თანახმად, იკვეთება დედისადმი მოკავშირეობის ფენომენი, რაც გულისხმობს მშობლების განქორწინების შემდეგ უპირატესობას ერთ-ერთი მათგანის მიმართ და შეზღუდულ კონტაქტს მეორე მშობელთან, ამავდროულად, დედის კატეგორიული პოზიცია აისახება ბავშვზეც. შედეგად, სააპელაციო სასამართლოს მოსაზრებით, წახალისებული და, შესაძლოა, პროვოცირებულია მამასთან შეზღუდული ურთიერთობა, რასაც მოწმობს არასრულწლოვანთან გასაუბრების შედეგად მის მიერ ემოციურად გამოვლენილი დამოკიდებულება მამის მიმართ და პარალელურად სურვილი, ნახოს იგი მცირე ხნით, სკოლის ტერიტორიაზე. ეს დამოკიდებულება იმდენად მძაფრია, რომ გოგონა იმეორებს დედის მოსაზრებებს და მეტად მტკივნეულად რეაგირებს მამის ხსენებაზე, რაც თავისთავად ტკივილს აყენებს ბავშვს. აღნიშნულიდან გამომდინარე, სააპელაციო სასამართლომ მიზანშეწონილად არ მიიჩნია მამასა და შვილს შორის ურთიერთობისათვის პირველი ინსტანციის სასამართლოსაგან სრულიად განსხვავებული შედეგის დადგენა. სააპელაციო სასამართლოს მითითებით, როგორც ბავშვთან გასაუბრებიდან გამოიკვეთა, ყოველი ახალი შეხვედრა უარყოფით ემოციას იწვევს მეორე მშობელში, რომელსაც არ აქვს გაცნობიერებული ბავშვის მამასთან ურთიერთობის აუცილებლობა. სავარაუდოდ, იგივე შეიძლება ითქვას მის მამინაცვალზეც, რაც აისახება ბავშვის ფსიქიკაზე და სულიერ ტრავმას აყენებს მას. სწორედ ეს განაპირობებს იმას, რომ ბავშვი მტკივნეულად რეაგირებს მამის ხსენებაზე, თუმცა, იმავდროულად ვერ ასახელებს კონკრეტულ მიზეზს, თუ რატომ არ უნდა მამასთან ურთიერთობა ან რატომაა კარგი მამინაცვალი.
18. სააპელაციო პალატამ, ასევე აღნიშნა, რომ ოჯახში, რომელშიც იზრდება ბავშვი, მძაფრად გამოხატულ უარყოფით დამოკიდებულებას ავლენენ ბავშვის მამის მიმართ და ყოველი ახალი შეხვედრა დაკავშირებულია მათ მიერ გამოვლენილ უარყოფით განწყობასთან, რაც სრულად ისახება ბავშვის ცნობიერებაზე და ტკივილს განაცდევინებს მას. ამის დასტურია სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს წარმომადგენლის განმარტება (იხ. წინამდებარე განჩინების მე-13 პუნქტი). აღნიშნულიდან გამომდინარე, სააპელაციო სასამართლომ მიიჩნია, რომ დამატებითი დღეების დაწესება გამოიწვევდა ბავშვზე ზეწოლის განხორციელების დამატებით შემთხვევებს, რაც არ იყო მიზანშეწონილი ბავშვის ფსიქიკური მდგომარეობისათვის, შესაბამისად, პალატამ გონივრულად ჩათვალა არა შეხვედრების რაოდენობის, არამედ შეხვედრების ხანგრძლივობის გაზრდა.
19. სააპელაციო პალატამ მიზანშეწონილად არ მიიჩნია კვირა დღეს ბავშვის მამასთან დატოვება. სასამართლოს მოსაზრებით, ვინაიდან ბავშვს სკოლიდან დასვენების მხოლოდ ორი დღე აქვს, აქედან ერთი დღე უნდა დარჩეს მამასთან, მეორე დღე კი, სასურველია გაატაროს იქ, სადაც მუდმივად ცხოვრობს.
20. სააპელაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1200-ე, 1202-ე მუხლებით და არასრულწლოვანის ასაკის, ფსიქოლოგის დასკვნების, მხარეთა და სოციალური მუშაკის ახსნა-განმარტებების გათვალისწინებით მიიჩნია, რომ არ არსებობდა მამასა და შვილს შორის ურთიერთობისათვის ხელისშემშლელი გარემოება.
21. ბებიისა და შვილიშვილის ურთიერთობასთან დაკავშირებით, სააპელაციო პალატამ აღნიშნა, რომ სოციალური მუშაკისათვის უცნობი იყო ბებიის პოზიცია, ამასთან, მისი ახსნა-განმარტების მოსმენა არც სასამართლო სხდომებზე მომხდარა, შესაბამისად, ვინაიდან ბებია-შვილიშვილის ურთიერთობაში არსებობდა წყვეტა, სააპელაციო პალატამ მიიჩნია, რომ ამ ეტაპზე ბებიას ცალკე არ უნდა განსაზღვროდა შვილიშვილთან ურთიერთობისათვის დრო. მას ბავშვთან ურთიერთობა შესაძლოა ჰქონოდა არასრულწლოვანის მამასთან ყოფნის პერიოდში. მით უფრო იმის გათვალისწინებით, რომ ყოველი დამატებითი შეხვედრა მამასთან და მის ოჯახთან დამატებით ტრავმას აყენებდა ბავშვს.
22. სააპელაციო სასამართლოს მოსაზრებით, ბავშვის მეტად ემოციური და მტკივნეული დამოკიდებულება, რომელსაც იგი ავლენს მამასთან შეხვედრასთან მიმართებით, კიდევ უფრო მეტად არ უნდა დაიძაბოს და დაიტვირთოს ბებიასთან ცალკე ვიზიტების დადგენის სახით.
23. სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებაზე მოპასუხემ და პირველმა მოსარჩელემ წარადგინეს საკასაციო საჩივრები.
24. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2020 წლის 04 ნოემბრის განჩინებით მოპასუხისა და პირველი მოსარჩელის საკასაციო საჩივრები, როგორც დაუშვებელი, დარჩა განუხილველი.
25. სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებაზე საკასაციო საჩივარი, ასევე, წარადგინა მეორე მოსარჩელემ. მან მოითხოვა გადაწყვეტილების გაუქმება იმ ნაწილში, რომლითაც არ დაკმაყოფილდა შვილიშვილთან ურთიერთობის წესის განსაზღვრის შესახებ მისი მოთხოვნა.
26. კასატორმა საკასაციო საჩივარში მიუთითა სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილების გაუქმების შემდეგ საფუძვლებზე:
26.1. სასამართლომ გაიზიარა მოპასუხის ოჯახის წევრების მხრიდან მამისა და ბებიის მიმართ წლების განმავლობაში არასრულწლოვნისათვის ჩანერგილი დამოკიდებულება და გადაწყვეტილება ამ ვითარებაზე დაყრდნობით გამოიტანა;
26.2. სასამართლოში ბავშვის გამოკითხვამ აჩვენა, რომ იგი დედის აზრებს იმეორებს, საუბრობს მის დაბადებამდე მომხდარ ამბებზე, რაც ცხადყოფს ბავშვზე ფსიქოლოგიურ ზეწოლას მამისა და ბებიის შესაძულებლად;
26.3. სასამართლომ არ გამოიყენა „ბავშვის უფლებების შესახებ“ კონვენციის მე-19 მუხლი;
26.4. სასამართლომ ვერ დაადგინა ბავშვის ჭეშმარიტი ინტერესი, რაც იმაში გამოიხატა, რომ გადაწყვეტილებაში აისახა დედასთან არსებული მდგომარეობისა და ვითარების შესაბამისი პირობები, ანუ მამა-შვილისა და ბებია-შვილიშვილის შეხვედრისა და ურთიერთობის ვადები და პირობები შეიზღუდა;
26.5. გასაჩივრებული გადაწყვეტილება არ არის იურიდიულად საკმარისად დასაბუთებული. გადაწყვეტილება არ შეიცავს განმარტებებს ბებიის სასარჩელო მოთხოვნასთან დაკავშირებით. მასში პირველი და მეორე მოსარჩელე ერთად არიან მოხსენიებულები და ცალკე ბებიის მიმართ რაიმე უფლება არ არის განსაზღვრული. სააპელაციო პალატამ არ გაითვალისწინა ის გარემოება, რომ პირველი მოსარჩელე და კასატორი ცალ-ცალკე ცხოვრობენ და შეუძლებელია ერთდროულად ბავშვთან კონტაქტი;
26.6. გასაჩივრებულ გადაწყვეტილებაში საუბარია, რომ ბებიისა და შვილიშვილის ურთიერთობაში არის წყვეტა, თუმცა აღნიშნული არ არის გამოწვეული კასატორის ბრალეული ქმედებითა და მისი მიზეზით, არამედ განპირობებულია ბავშვზე მისი ოჯახის წევრების მხრიდან განხორციელებული ფსიქოლოგიური ძალადობით, რაც დადგენილი გარემოებაა;
26.7. სასამართლომ აღნიშნა, რომ სასამართლო სხდომებზე არ მომხდარა ბებიის მოსმენა. სასამართლო სხდომებს არც არასრულწლოვნის დედა ესწრებოდა, თუმცა სასამართლომ მოითხოვა მისი გამოცხადება, რის შედეგადაც მოხდა დედის პოზიციის მოსმენა. შესაბამისად, სასამართლოს შეეძლო დედის მსგავსად ბებიაც მიეწვია სასამართლო სხდომაზე, რაც არ განახორციელა;
26.8. გადაწყვეტილებაში, ასევე აღნიშნულია, რომ სოციალური მუშაკისთვის უცნობი იყო ბებიის პოზიცია, რაც ვერ ჩაითვლება სათანადო არგუმენტად, ვინაიდან მისი პოზიცია ცნობილი იყო სოციალური სამსახურისთვის და ასახულია ფსიქოლოგის შესაბამის დასკვნაში;
26.9. არასრულწლოვანს კარგი ურთიერთობა აქვს ბებიასთან. სკოლაში მასთან ვიზიტების დროს ბებიის დანახვაზე ბავშვი მირბოდა და ეხუტებოდა, სთხოვდა ხშირად მისულიყო, როდესაც ბავშვს მამა აკითხავდა არასრულწლოვანი ბებიას მამის ტელეფონიდან ურეკავდა, ტკბილად მოიკითხავდა და ესაუბრებოდა. ამდენად, სასამართლომ უხეშად დაარღვია ბებიის უფლება ჰქონდეს დამოუკიდებელი ურთიერთობა შვილიშვილთან.
27. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2020 წლის 27 ივლისის განჩინებით სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს უფლებამონაცვლედ ცნობილ იქნა სსიპ სახელმწიფო ზრუნვისა და ტრეფიკინგის მსხვერპლთა, დაზარალებულთა დახმარების სააგენტო.
28. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2020 წლის 27 ივლისის განჩინებით მეორე მოსარჩელის საკასაციო საჩივარი მიღებულ იქნა წარმოებაში, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მიხედვით, დასაშვებობის შესამოწმებლად.
29. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2020 წლის 04 ნოემბრის განჩინებით მეორე მოსარჩელის საკასაციო საჩივარი ცნობილ იქნა დასაშვებად საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მე-5 ნაწილის „დ“ ქვეპუნქტის საფუძველზე.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი
30. საკასაციო სასამართლო საკასაციო საჩივრის საფუძვლების შესწავლისა და გასაჩივრებული განჩინების იურიდიული დასაბუთების შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ მეორე მოსარჩელის საკასაციო საჩივარი უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ, ნაწილობრივ გაუქმდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2020 წლის 18 თებერვლის გადაწყვეტილება და მისი სააპელაციო საჩივრის განხილვის ნაწილში საქმე ხელახლა განსახილველად დაუბრუნდეს იმავე სასამართლოს.
31. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 404-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, საკასაციო სასამართლო გადაწყვეტილებას ამოწმებს საკასაციო საჩივრის ფარგლებში. ამავე კოდექსის 407-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, საკასაციო სასამართლო იმსჯელებს მხარის მხოლოდ იმ ახსნა-განმარტებაზე, რომელიც ასახულია სასამართლო გადაწყვეტილებებში და სხდომის ოქმებში. გარდა ამისა, შეიძლება მხედველობაში იქნეს მიღებული ამ კოდექსის 396-ე მუხლის პირველი ნაწილის „ვ“ ქვეპუნქტში მითითებული ფაქტები. ამავე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, სააპელაციო სასამართლოს მიერ დამტკიცებულად ცნობილი ფაქტობრივი გარემოებები სავალდებულოა საკასაციო სასამართლოსათვის, თუ წამოყენებული არ არის დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია (შედავება).
32. განსახილველ შემთხვევაში, საკასაციო სასამართლოს მსჯელობის საგანს წარმოადგენს არასრულწლოვნის ბებიასთან ურთიერთობის საკითხი. კასატორის/ბებიის ძირითადი პრეტენზია ემყარება იმას, რომ სასამართლომ ვერ დაადგინა ბავშვის ჭეშმარიტი ინტერესი და ბებიას ცალკე, დამოუკიდებლად არ განუსაზღვრა შვილიშვილთან ურთიერთობის წესი. მით უფრო იმის გათვალისწინებით, რომ ბავშვის მამა და ბებია ცალცალკე ცხოვრობენ. კასატორი, ასევე მიიჩნევს, რომ გადაწყვეტილება იურიდიულად დაუსაბუთებელია, ვინაიდან არ შეიცავს განმარტებებს ბებიის სასარჩელო მოთხოვნასთან დაკავშირებით.
33. საკასაციო სასამართლო საკასაციო საჩივრის დასაბუთებულობის შემოწმებამდე, მიზანშეწონილად მიიჩნევს ყურადღება გაამახვილოს განსახილველი დავის მატერიალურ-სამართლებრივ საფუძვლებზე და მსგავსი კატეგორიის საქმეებზე გადაწყვეტილების მიღებისას სასამართლოს სახელმძღვანელო პრინციპებზე.
34. საკასაციო პალატა განმარტავს, რომ 1994 წელს საქართველო შეუერთა „ბავშვის უფლებების შესახებ“ გაერთიანებული ერების ორგანიზაციის 1989 წლის კონვენციას, რომელიც საერთაშორისო დონეზე ბავშვის უფლებების პირველი კრებულია და იკისრა კონვენციით გათვალისწინებული უფლებების დაცვის ვალდებულება. აღნიშნული კონვენცია აწესებს ბავშვის უფლებების დაცვის იმ მინიმალურ სტანდარტებს, რომლებიც საზოგადოების არასრულწლოვანი წევრის ღირსეულ პიროვნებად ჩამოყალიბებისა და ნორმალური განვითარების ამოცანას ემსახურება და ავალდებულებს წევრ სახელმწიფოებს, ყველა ღონე იხმარონ არასრულწლოვნის უპირატესი ინტერესების დაცვისთვის. კონვენციის პრეამბულაში აღიარებულია, რომ ბავშვის პიროვნების სრული და ჰარმონიული განვითარებისათვის აუცილებელია იგი იზრდებოდეს ოჯახურ გარემოში, ბედნიერების, სიყვარულისა და ურთიერთგაგების ატმოსფეროში.
35. კონვენციის მე-3 მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, ბავშვების მიმართ ყველა მოქმედებაში, იმის მიუხედავად, მიმართავენ მას სოციალური უზრუნველყოფის საკითხებზე მომუშავე სახელმწიფო თუ კერძო დაწესებულებები, სასამართლოები, ადმინისტრაციული თუ საკანონმდებლო ორგანოები, უპირველესი ყურადღება ეთმობა ბავშვის საუკეთესო ინტერესების უზრუნველყოფას.
36. ამდენად, ბავშვის მიმართ ნებისმიერი ქმედების განხორციელებისას, იმის მიუხედავად თუ ვინ არიან ამ ქმედების განმახორციელებლები, სახელმძღვანელო პრინციპს ბავშვის საუკეთესო ინტერესების უპირატესობა წარმოადგენს.
37. ბავშვის საუკეთესო ინტერესების უპირატესობა დადგენილია, ასევე, ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტული სამართლით.
38. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს მიერ არაერთ გადაწყვეტილებაშია გაჟღერებული იდეა, რომ ნებისმიერი გადაწყვეტილების მიღებისას უპირატესს არასრულწლოვანის საუკეთესო ინტერესები წარმოადგენს (იხ. მაგ. Case of S.L. and J.L. v. Croatia, 07.05.2015, სადაც სასამართლომ განმარტა, რომ არსებობს სრული კონსენსუსი, მათ შორის, საერთაშორისო სამართალში, იმ იდეის მხარდასაჭერად, რომ ყველა გადაწყვეტილებაში, რომელიც ბავშვებს უკავშირდება, მათი საუკეთესო ინტერესები არის უპირატესი) (იხ. სუსგ საქმე №ას-85-81-2017, 27 ოქტომბერი, 2017 წელი).
39. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1203-ე მუხლით რეგლამენტირებულია პაპა-ბებიის უფლებები არასრულწლოვანი შვილიშვილის მიმართ. აღნიშნული მუხლის თანახმად, პაპასა და ბებიას უფლება აქვთ, ურთიერთობა იქონიონ თავიანთ არასრულწლოვან შვილიშვილებთან მაშინაც, როცა ისინი უშუალოდ არ მონაწილეობენ შვილიშვილების აღზრდაში. თუ მშობლები ან მეურვე/მზრუნველი უარს ეუბნებიან პაპასა და ბებიას შვილიშვილებთან ურთიერთობაზე, სასამართლოს შეუძლია დაავალდებულოს მშობლები ან მეურვე/მზრუნველი, საშუალება მისცენ პაპასა და ბებიას, ურთიერთობა იქონიონ შვილიშვილებთან სასამართლოს მიერ დადგენილი წესით, თუ სასამართლო დაადგენს, რომ ეს ხელს არ შეუშლის ბავშვების ნორმალურ აღზრდას და ცუდ გავლენას არ მოახდენს მათზე.
40. აღნიშნული სამართლებრივი ნორმის ანალიზი ცხადყოფს, რომ სამოქალაქო კოდექსით პაპა-ბებიისათვის მინიჭებული შვილიშვილთან ურთიერთობის უფლების რეალიზაცია შესაძლებელია მხოლოდ ბავშვის საუკეთესო ინტერესების გათვალისწინებით. ამდენად, საქართველოს ეროვნული კანონმდებლობა სრულ შესაბამისობაშია „ბავშვის უფლებების შესახებ“ კონვენციის, ასევე ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტული სამართლის მოთხოვნებთან.
41. ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციის მე-8 მუხლით გარანტირებულია ყველას უფლება, პატივი სცენ მის ოჯახურ ცხოვრებას. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტული გადაწყვეტილებების მიხედვით, მითითებული დებულება ფართო განმარტებას ექვემდებარება და მასში მოიაზრება ოჯახური ცხოვრების ყველა ის ასპექტი, რომელიც დამკვიდრებულია დემოკრატიულ საზოგადოებაში და ემსახურება ამ საზოგადოების კეთილდღეობას, მათ შორისაა არასრულწლოვანთა ოჯახური ცხოვრების უზრუნველყოფის ასპექტიც (იხ. სუსგ საქმე №ას-1112-1047-2015, 04 მარტი, 2016 წელი).
42. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტული სამართლის მიხედვით, კონვენციის მე-8 მუხლის მნიშვნელობის ფარგლებში ოჯახური ცხოვრება მოიცავს კავშირებს, სულ მცირე, ახლო ნათესავებს შორის, მაგალითად, როგორიცაა ბებია-ბაბუა და შვილიშვილები, ვინაიდან ასეთ ნათესავებს შეუძლიათ შეასრულონ მნიშვნელოვანი როლი ოჯახურ ცხოვრებაში. სტრასბურგის სასამართლოს განცხადებით, ოჯახური ცხოვრების „დაცულობა“ გულისხმობს სახელმწიფოს ვალდებულებას იმ ფორმით იმოქმედოს, რომ შესაძლებელი გახადოს ამ კავშირის ნორმალური განვითარება (იხ. Case of Marckx v. Belgium, 13.06.1979; Case of Scozzari and Giunta v. Italy, 13.07.2000). მიუხედავად ამისა, ჩვეულებრივ გარემოებებში ბებია-ბაბუასა და შვილიშვილებს შორის ურთიერთობა არსითა და ხარისხით განსხვავდება მშობელსა და შვილს შორის არსებული ურთიერთობისგან და ამრიგად, მისი ძირითადი არსიდან გამომდინარე, სარგებლობს დაცვის ნაკლები ხარისხით. ბებია-ბაბუის უფლება შვილიშვილებთან ერთად ოჯახური ცხოვრების დაცულობის შესახებ, უპირველეს ყოვლისა, უკავშირდება უფლებას ბებია - ბაბუამ შეინარჩუნონ ნორმალური ურთიერთობა შვილიშვილებთან პირდაპირი კონტაქტის მეშვეობით (იხ. Case of Kruškić and Others v. Croatia, 25.11.2014).
43. საკასაციო სასამართლომ არაერთ საქმეზე განმარტა, რომ „ბავშვის საუკეთესო ინტერესებისა“ და „ოჯახური ცხოვრების“ კონცეფციის ფართო გაგებიდან გამომდინარე, არასრულწლოვნის ურთიერთობა ერთ-ერთ მშობელსა და ბებია-ბაბუასთან არ შეიძლება მხოლოდ კანონის ფორმალურ დანაწესზე იყოს დამყარებული (რომ ამ პირებს კანონი ანიჭებს სრულ შესაძლებლობასა და ვალდებულებას, ზრუნავდნენ და მონაწილეობას იღებდნენ ბავშვის აღზრდაში, ხოლო მეორე მშობელს, რომელთანაც იმყოფება ბავშვი, არ აქვს ამ უფლებათა შეზღუდვის შესაძლებლობა), ასეთ შემთხვევაში, გასათვალისწინებელია ბავშვებისა და მშობლების, აგრეთვე, ბებია-ბაბუის ურთიერთდამოკიდებულება, ბავშვების ასაკი, ემოციური კავშირი, ფსიქოლოგიური და ემოციური ფაქტორები, რაც ბავშვის ოჯახთან ინტეგრირებას შეუწყობს ხელს (იხ. სუსგ საქმე №ას-85-81-2017, 27 ოქტომბერი, 2017 წელი; საქმე №ას-578-2019, 28 ივნისი, 2019 წელი).
44. საკასაციო სასამართლო, ასევე განმარტავს, რომ განსახილველი კატეგორიის დავის გადასაწყვეტად, ერთი მხრივ, უნდა შეფასდეს ბებიის საცხოვრებელი პირობები და სოციალური გარემო, ვინაიდან, ბებიასთან ურთიერთობის წესის განსაზღვრის შემთხვევაში, მნიშვნელობა ენიჭება იმას, თუ რა პირობებში მოუწევს არასრულწლოვანს ყოფნა, ხოლო, მეორე მხრივ, უნდა დადგინდეს ბავშვის ფსიქო-ემოციური განწყობა ბებიის მიმართ და მათი ურთიერთდამოკიდებულება. ამასთან, ბებია-შვილიშვილის ურთიერთობაზე მსჯელობისას აუცილებელია იმის გათვალისწინება, რომ ბავშვის ჰარმონიული აღზრდა-განვითარებისათვის მნიშვნელოვანია არა მხოლოდ მშობლებთან, არამედ ისეთ ახლო ნათესავებთან ურთიერთობა, როგორებიც არიან ბებია-ბაბუა, ვინაიდან მათ არასრულწლოვანის ოჯახურ ცხოვრებაში მნიშვნელოვანი როლის შესრულება შეუძლიათ.
45. მოცემულ შემთხვევაში, დადგენილია, რომ სოციალური სამსახურის მიერ, სასამართლოს დავალების შესაბამისად, შესწავლილ იქნა ბებიის საცხოვრებელი გარემო. შესწავლის შედეგად დადასტურდა, რომ ბებიის საყოფაცხოვრებო პირობები დამაკმაყოფილებელია და არასრულწლოვნის ნორმალური ცხოვრებისა და განვითარებისთვის შექმნილია ჯანსაღი და უსაფრთხო გარემო; ბავშვისათვის ბინაში გამოყოფილია საკუთარი ოთახი და ყველა საჭირო ინვენტარი. რაც შეეხება ბებიის მიმართ არასრულწლოვნის დამოკიდებულებასა და ემოციურ განწყობას, მას არ სურს ბებიასთან ურთიერთობა. აღნიშნული ირკვევა, როგორც არასრულწლოვანთან ჩატარებული გასაუბრებიდან (იხ. 01.03.2019წ. სხდომის ოქმი 11:16:07-11:16:30სთ), ასევე საქმეში არსებული 18.02.2019წ. ფსიქოლოგიური გამოკვლევის შედეგებიდან, სადაც მითითებულია შემდეგი: „ბებიასთან დაკავშირებით, ასევე ამბობს „ბებია ცუდად ექცეოდა დედას, მაშინ არ ვიყავი დაბადებული. საერთოდ არ მინდა, რომ მოვიდეს. დედას ცუდად ექცეოდა ბებია, მისი ძმა“. ამასთან, დადგენილია, რომ ბებიისა და შვილიშვილის ურთიერთობაში არსებობს წყვეტა. მათ დიდი ხნის განმავლობაში არ ჰქონიათ პირდაპირი კონტაქტი და ურთიერთობა. გარდა აღნიშნული ზოგადი და მწირი ინფორმაციისა, საქმეში არსებული სოციალური მუშაკისა და ფსიქოლოგის დასკვნა არ შეიცავს დეტალურ და სრულყოფილ ინფორმაციას ბებია-შვილიშვილის ურთიერთდამოკიდებულებისა და ბავშვის მიერ ბებიასთან ურთიერთობის კატეგორიული უარყოფის გამომწვევი მიზეზების ან/და მათ შორის ურთიერთობის აღდგენის გზებისა და საშუალებების შესახებ. ამის თაობაზე სოციალურ მუშაკსა და ფსიქოლოგს არც სასამართლო სხდომაზე გამოკითხვისას მიუციათ ახსნა-განმარტება.
46. დადგენილია, ასევე, რომ სასამართლოს გადაწყვეტილებით ბებიას არასრულწლოვან შვილიშვილთან ურთიერთობისათვის განესაზღვრა მამასთან დადგენილი ურთიერთობის წესის იგივე პერიოდი (იხ. წინამდებარე განჩინების მე-10 პუნქტი), ბავშვის სურვილის შემთხვევაში. ანუ, მას არასრულწლოვანთან ურთიერთობის უფლება მიეცა მხოლოდ ბავშვის მამასთან ყოფნის პერიოდში. სააპელაციო სასამართლომ აღნიშნული გადაწყვეტილების დასასაბუთებლად მიუთითა შემდეგ გარემოებებზე: ბებიისა და შვილიშვილის ურთიერთობაში არსებობდა წყვეტა; სოციალური მუშაკისათვის უცნობი იყო ბებიის პოზიცია; ბებიის ახსნა-განმარტების მოსმენა არც სასამართლო სხდომებზე მომხდარა; ბავშვის მეტად ემოციური და მტკივნეული დამოკიდებულება, რომელსაც იგი ავლენდა მამასთან შეხვედრასთან მიმართებით, კიდევ უფრო მეტად არ უნდა დაძაბულიყო და დატვირთულიყო ბებიასთან ცალკე ვიზიტების დადგენის სახით.
47. საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ საპროცესო კანონმდებლობით რეგლამენტირებულია არასრულწლოვანთა უფლებების დაცვის საპროცესო რეალიზაციის წესი. კერძოდ, სამოქალაქო სამართალწარმოებით განსახილველ სხვა კატეგორიის საქმეთაგან განსხვავებით, საოჯახო სამართლებრივი დავების განხილვა ინკვიზიციური ელემენტებითაა გაჯერებული და საპროცესო კოდექსის 354-ე მუხლით კანონმდებელი შესაძლებლად მიიჩნევს საქმის გარემოების დადგენას სასამართლოს ინიციატივითაც. ნორმის პირველი ნაწილის თანახმად, სასამართლოს შეუძლია თავისი ინიციატივით განსაზღვროს დასადგენ გარემოებათა წრე და მხარეთა ახსნა-განმარტების შემდეგ თვითონ გამოითხოვოს მტკიცებულებები, რომლებზედაც მხარეებს არ მიუთითებიათ. მითითებული საპროცესო წესის გამოყენება სააპელაციო სამართალწარმოების ეტაპზე მით უფრო გამართლებულია, რამდენადაც სააპელაციო სასამართლო, როგორც სამართალწარმოების მეორე ინსტანცია, დავის ფაქტობრივი გარემოებების დამდგენი სასამართლოა და ამავე კოდექსის 380-ე მუხლით მას ახალ მტკიცებულებათა მიღების შესაძლებლობაც გააჩნია(იხ. სუსგ საქმე №ას-1122-1078-2016, 01 მარტი, 2017 წელი).
48. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო იზიარებს კასატორის პრეტენზიას იმასთან დაკავშირებით, რომ თუკი სააპელაციო სასამართლო, საკითხის განსაკუთრებული თავისებურებიდან გამომდინარე, სადავო საკითხის გადასაწყვეტად მნიშვნელოვნად მიიჩნევდა ბებიასთან გასაუბრებას, მას შეეძლო გამოეყენებინა მის ხელთ არსებული ინკვიზიციურობის საპროცესო საშუალება და სასამართლო სხდომაზე მოეწვია ბებია, რათა მოესმინა მისი ახსნა-განმარტება, რაც მას არ გაუკეთებია.
49. საკასაციო პალატა, ასევე იზიარებს კასატორის პრეტენზიას იმასთან დაკავშირებით, რომ სოციალური მუშაკისთვის ცნობილი იყო ბებიის პოზიცია. სააპელაციო სასამართლო, უპირველეს ყოვლისა, აღნიშნავს, რომ ბებიის სარჩელი არასრულწლოვან შვილიშვილთან ურთიერთობის წესის განსაზღვრის შესახებ, თავისთავად ცხადყოფს ბებიის პოზიციას, რომ მას სურს შვილიშვილთან ურთიერთობა. აღნიშნულს, ასევე ადასტურებს ის ფაქტიც, რომ ბებიას შვილიშვილის სახელზე ბანკში გახსნილი აქვს ანაბარი, რომლითაც სურს მისი მომავლის უზრუნველყოფა. ეს გარემოებები ასახულია სოციალური მუშაკის დასკვნაშიც.
50. რაც შეეხება ბებია-შვილიშვილის ურთიერთობის წყვეტას, სადავო არაა, რომ აღნიშნული გამოწვეულია დედასა და ბებიას შორის არსებული კონფლიქტური დამოკიდებულებით, რაც, ზოგადად, უარყოფით გავლენას ახდენს ბავშვის აღზრდა-განვითარებაზე. სოციალური მუშაკის შეფასებით, არასრულწლოვნისა და ბებიის დამოუკიდებელი ურთიერთობა, მათ შორის ურთიერთობის წყვეტის გათვალისწინებით, მხოლოდ დასაწყისი ეტაპისთვის იყო მიზანშეუწონელი, თუმცა, აღნიშნულის მიუხედავად, ბებია-შვილიშვილის ურთიერთობის განსაზღვრისას, ქვემდგომი ინსტანციის სასამართლოებს არ უმსჯელიათ მათ შორის ადაპტაციის პერიოდის განსაზღვრის შესაძლებლობაზე. ის გარემოება, რომ ბავშვს ბებიასთან ურთიერთობა დიდი ხნის განმავლობაში არ ჰქონია, თავისთავად არ შეესაბამება ბავშვის საუკეთესო ინტერესებს და სასამართლო ვალდებულია ხელი შეუწყოს ბებია-შვილიშვილის გაერთიანებასა და მათ შორის ურთიერთობის აღდგენას, თუკი არ არსებობს გამონაკლისი შემთხვევები, რომლებიც, ასევე ბავშვის საუკეთესო ინტერესებიდან გამომდინარე, გარდაუვლად გამორიცხავენ მათ შორის ურთიერთობის აღდგენას.
51. ერთ ერთ საქმეზე ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ დაადგინა მე-8 მუხლის დარღვევა იმ საფუძვლით, რომ სოციალურმა სამსახურმა არ გადადგა ,,ადეკვატური ან საკმარისი ნაბიჯები’’ ბებია-ბაბუასა და შვილიშვილებს შორის ,,თითქმის სრულად გაწყვეტილი’’ ურთიერთობის შესანარჩუნებლად (იხ. Case of Beccarini and Ridolfi v. Italy, 07.12.2017). სხვა საქმეზე, იმავე სასამართლომ, ასევე დაადგინა მე-8 მუხლის დარღვევა, ვინაიდან ხელისუფლებამ არ გასწია აუცილებელი ძალისხმევა, რათა დაეცვა ოჯახური კავშირი ბებიას, ბაბუასა და შვილიშვილს შორის, რომელთაც ერთმანეთი თორმეტი წლის განმავლობაში არ ენახათ (იხ. Case of Manuello and Nevi v. Italy, 20.01.2015). აღნიშნულიდან გამომდინარე, ცხადია ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს განწყობა პაპა-ბებიისა და შვილიშვილებს შორის ურთიერთობასთან დაკავშირებით. აუცილებელი და გამონაკლისი შემთხვევების გარდა, სასამართლო მხარს უჭერს მათ შორის კავშირის შენარჩუნებასა და აღდგენას. ამ სულისკვეთებას იზიარებს საკასაციო სასამართლოს დადგენილი პრაქტიკაც.
52. აღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ სააპელაციო სასამართლომ გადაწყვეტილების მიღებისას სათანადოდ არ გამოიკვლია არასრულწლოვნის ბებიასთან ურთიერთობის მიზანშეწონილობა. კერძოდ, დეტალურად არ გამოიკვლია ბებიისა და შვილიშვილის ურთიერთდამოკიდებულება, მათ შორის ურთიერთობის დეფიციტის გამომწვევი მიზეზები და არ იმსჯელა ურთიერთობის აღგენის გზებსა და შესაძლებლობებზე. ამასთან, მიუხედავად იმისა, რომ სოციალური მუშაკის შეფასებით არასრულწლოვნისა და ბებიის დამოუკიდებელი ურთიერთობა მხოლოდ დასაწყისი ეტაპისთვის იყო მიზანშეუწონელი, სააპელაციო სასამართლომ ისე გაიზიარა ქვემდგომი სასამართლოს მსჯელობა ბებია-შვილიშვილის ურთიერთობის წესის განსაზღვრის შესახებ, რომ არ უმსჯელია ბებიასა და შვილიშვილს შორის ადაპტაციის პერიოდის განსაზღვრაზე.
53. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 412-ე მუხლის პირველი ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტის თანახმად, საკასაციო სასამართლო აუქმებს გადაწყვეტილებას და საქმეს ხელახლა განსახილველად აბრუნებს სააპელაციო სასამართლოში, თუ არსებობს ამ კოდექსის 394-ე მუხლით გათვალისწინებული საფუძვლები, გარდა აღნიშნული მუხლის „გ“ და „ე“ ქვეპუნქტებისა. იმავე კოდექსის 394-ე მუხლის „ე1“ ქვეპუნქტის თანახმად, გადაწყვეტილება ყოველთვის ჩაითვლება კანონის დარღვევით მიღებულად, თუ გადაწყვეტილების დასაბუთება იმდენად არასრულია, რომ მისი სამართლებრივი საფუძვლიანობის შემოწმება შეუძლებელია. მოცემული ნორმების ანალიზისა და წინამდებარე განჩინებაში ჩამოყალიბებული დასაბუთების გათვალისწინებით, საკასაციო პალატა მოკლებულია შესაძლებლობას შეამოწმოს გასაჩივრებული გადაწყვეტილების კანონიერება, ვიდრე საქმეზე ობიექტურად არ დადგინდება დავის გადაწყვეტისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე ყველა გარემოება, რაც საქმის იმავე სასამართლოსათვის დაბრუნების საფუძველია.
54. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, თუ სააპელაციო ან საკასაციო სასამართლო დააბრუნებს საქმეს ხელახლა განსახილველად, მთელი სასამართლო ხარჯები, რაც გაწეულია ამ საქმის განხილვასთან დაკავშირებით, სარჩელის აღძვრიდან დაწყებული, უნდა შეჯამდეს და შემდეგ განაწილდეს მხარეთა შორის ამ მუხლის მიხედვით. ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ საქმის ხელახლა განხილვისას, სასამართლო ხარჯების განაწილების საკითხი უნდა გადაწყდეს შემაჯამებელი გადაწყვეტილების გამოტანისას.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 412-ე მუხლით და
დ ა ა დ გ ი ნ ა
1. დ.გ–ძის საკასაციო საჩივარი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ;
2. გაუქმდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2020 წლის 18 თებერვლის გადაწყვეტილება იმ ნაწილში, რომლითაც არ დაკმაყოფილდა დ.გ–ძის სააპელაციო საჩივარი და საქმე დ.გ–ძის სააპელაციო საჩივრის ხელახლა განსახილველად დაუბრუნდეს იმავე სასამართლოს;
3. საკასაციო პალატის განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.
თავმჯდომარე ნ. ბაქაქური
მოსამართლეები: ზ. ძლიერიშვილი
ე. გასიტაშვილი