საქმე №ას-499-2021 29 ივნისი, 2021 წელი
ქ. თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატა
შემადგენლობა:
ზურაბ ძლიერიშვილი (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
ეკატერინე გასიტაშვილი, ბესარიონ ალავიძე
საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი მოსმენის გარეშე
კერძო საჩივრის ავტორი – სს „თ.ბ–ი“ (მოსარჩელე)
მოწინააღმდეგე მხარე – ს. და დ. გ–ები (მოპასუხე)
გასაჩივრებული განჩინება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2021 წლის 31 მარტის განჩინება
კერძო საჩივრის ავტორის მოთხოვნა – გასაჩივრებული განჩინების გაუქმება
დავის საგანი – ფულადი ვალდებულების შესრულება, ხელშეკრულების ბათილად ცნობა
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
სასარჩელო მოთხოვნა:
1. სს „თ.ბ–მა“ (შემდგომ – მოსარჩელე) სარჩელი აღძრა სასამართლოში ს. (შემდგომ – მსესხებელი მოპასუხე) და დ. გ–ების (შემდგომ – მეორე მოპასუხე) მიმართ და მოითხოვა, მსესხებელ მოპასუხეს მოსარჩელის სასარგებლოდ დაეკისროს: 2019 წლის 29 ოქტომბრის საბანკო კრედიტის ხელშეკრულებიდან გამომდინარე დავალიანების – 5 122.05 ლარის გადახდა, საიდანაც ძირი თანხაა 4 559.18 ლარი, სარგებელი – 290.22 ლარი ხოლო პირგასამტეხლო – 272.65 ლარი; 2020 წლის 30 ივნისიდან (დავალიანების შესახებ ცნობის გაცემის თარიღი) ვალდებულების სრულად შესრულებამდე, 2019 წლის 29 ოქტომბრის საბანკო კრედიტის ხელშეკრულებიდან გამომდინარე, ძირ თანხაზე – 4 559.18 ლარზე წლიური სარგებელი – 25 %, რაც ყოველთვიურად შეადგენს 94.98 ლარს; 2020 წლის 30 ივნისიდან (დავალიანების შესახებ ცნობის გაცემის თარიღი) ვალდებულების სრულად შესრულებამდე, 2019 წლის 29 ოქტომბრის საბანკო კრედიტის ხელშეკრულებიდან გამომდინარე, ძირ თანხაზე - 4 559.18 ლარზე შემცირებული პირგასამტეხლოს – 0.27%-ის გადახდა, რაც ყოველთვიურად შეადგენს 12.30 ლარს, მაგრამ არაუმეტეს 1 000 ლარისა. მოსარჩელემ ასევე მოითხოვა, ბათილად იქნეს ცნობილი მოპასუხეებს შორის 2020 წლის 6 თებერვალს უძრავი ნივთზე დადებული ჩუქების ხელშეკრულება და აღნიშნულ უძრავ ქონებაზე აღდგეს კვლავ მოპასუხის საკუთრების უფლება.
სარჩელის საფუძვლები:
2. მოსარჩელის განმარტებით, 2019 წლის 29 ოქტომბერს მოსარჩელესა და მსესხებელ მოპასუხეს შორის დაიდო საბანკო კრედიტის ხელშეკრულება, რომლის საფუძველზეც მსესხებელს გადაეცა კრედიტი 5 500 ლარის ოდენობით, წლიური 25 პროცენტის დარიცხვის პირობით. კრედიტის ვადა 2024 წლის 10 ოქტომბრამდე განისაზღვრა. ხელშეკრულებაზე თანდართული გრაფიკის შესაბამისად, კრედიტის დაფარვა უნდა განხორციელებულიყო ყოველი თვის 10 რიცხვში. ხელშეკრულებით გათვალისწინებულ იქნა ფიქსირებული პირგასამტეხლო, ვადაგადაცილებაზე 20 ლარი, დამატებული 0.5% ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე. ხელშეკრულების დამატებით პირობად განისაზღვრა მსესხებლის სიცოცხლის დაზღვევა ხელშეკრულების მოქმედების პერიოდით, სესხის მიმდინარე ოდენობით.
3. მოსარჩელის განმარტებით, მსესხებელმა დაარღვია საბანკო კრედიტის ხელშეკრულებით გათვალისწინებული ვალდებულება და, არაერთი გაფრთხილების მიუხედავად, მას დავალიანება არ დაუფარავს.
4. 2020 წლის 29 ივნისის მდგომარეობით, მსესხებელს 2019 წლის 29 ოქტომბრის საბანკო კრედიტის ხელშეკრულებიდან გამომდინარე, ერიცხება დავალიანება 5 122.05 ლარის ოდენობით, საიდანაც ძირი თანხაა – 4 559.18 ლარი, სარგებელი – 290.22 ლარი, ხოლო პირგასამტეხლო – 272.65 ლარი.
5. მოსარჩელემ აღნიშნა, რომ 2020 წლის 6 თებერვალს მსესხებელ მოპასუხემ განცხადებით მიმართა სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოს და იმავე დღეს, დაჩქარებული წესით, ჩუქების ხელშეკრულების საფუძველზე მის საკუთრებაში არსებული უძრავი ქონება საკუთრებაში გადასცა მის შვილს – მეორე მოპასუხეს. ჩუქების ხელშეკრულება წარმოადგენს მოჩვენებით გარიგებას, ვინაიდან მისი დადება მოხდა სწორედ მას შემდეგ, რაც მსესხებელი არაერთხელ იქნა გაფრთხილებული ვალდებულების შესრულების თაობაზე, მოლაპარაკების პროცესში ჩაბმული იყო ასევე მისი შვილიც.
მოპასუხის პოზიცია:
6. მოპასუხეებმა სარჩელი არ ცნეს და მიუთითეს, რომ მსესხებელმა თანხა მხოლოდ ერთი თვე ვერ გადაიხადა, ვინაიდან, პანდემიის გამო, დაკარგა სამსახური და დამატებითი შემოსავლის წყარო. მან სცადა მოსარჩელესთან მოლაპარაკებების წარმოება დავალიანების დაფარვის გადავადების მიზნით, თუმცა უშედეგოდ. მსესხებელი მოპასუხე არ დაეთანხმა დავალიანების ოდენობას.
7. მოპასუხეებმა ასევე მიუთითეს, რომ მოსარჩელემ სესხი გასცა ყოველგვარი უზრუნველყოფის გარეშე. მსესხებლისთვის არავის განუმარტია, რომ მას ეკრძალებოდა მისი უძრავი ქონების განკარგვა. მოპასუხემ მეორე მოპასუხეს აჩუქა უძრავი ქონების ნაწილი. თავდაპირველი მესაკუთრეა მოპასუხე, რომელიც აპირებდა ქონების დარჩენილი ნაწილი მეორე შვილიშვილისათვის ეჩუქებინა. ჩუქების ხელშეკრულების დადება განაპირობა იმანაც, რომ მეორე მოპასუხე აპირებდა იპოთეკური სესხის აღებას სწორედ მოსარჩელესთან არსებული დავალიანების დაფარვის მიზნით, თუმცა საბოლოოდ ბანკმა უარი განაცხადა სესხის გაცემაზე.
პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი:
8. თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2020 წლის 2 დეკემბრის გადაწყვეტილებით სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, მოპასუხეს მოსარჩელის სასარგებლოდ დაეკისრა, 2019 წლის 29 ოქტომბრის საბანკო კრედიტის ხელშეკრულებიდან გამომდინარე, დავალიანების ძირი თანხის – 4 559.18 ლარის, სარგებელის – 290.22 ლარისა და პირგასამტეხლოს – 272.65 ლარის გადახდა, დანარჩენ ნაწილში მოთხოვნას ეთქვა უარი, რაც სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის ნაწილში მოსარჩელემ გაასაჩივრა სააპელაციო წესით.
სააპელაციო სასამართლოს განჩინების სარეზოლუციო ნაწილი და ფაქტობრივ-სამართლებრივი დასაბუთება:
9. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2021 წლის 31 მარტის განჩინებით სააპელაციო საჩივარი მიღებულ იქნეს წარმოებაში იმ ნაწილში, რომლითაც აპელანტი ითხოვდა 2020 წლის 30 ივნისიდან 2019 წლის 29 ოქტომბრის საბანკო კრედიტის ხელშეკრულებიდან გამომდინარე ძირ თანხაზე – 4559,18 ლარზე ვალდებულების სრულად შესრულებამდე წლიური 25% სარგებლის გადახდას, რაც ყოველთვიურად შეადგენს 94,98 ლარს, ასევე, 2020 წლის 30 ივნისიდან 2019 წლის 29 ოქტომბრის საბანკო კრედიტის ხელშეკრულებიდან გამომდინარე, ძირ თანხაზე – 4559,18 ლარზე ვალდებულების სრულად შესრულებამდე შემცირებული პირგასამტეხლოს – 0,27%-ის გადახდას, რაც ყოველდღიურად შეადგენს 12.30 ლარს, მაგრამ სულ არაუმეტეს 1000 ლარისა.
10. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2021 წლის 31 მარტის განჩინებით მოსარჩელის სააპელაციო საჩივარი სადავო გარიგების ბათილად ცნობისა და უძრავი ქონების მსესხებელი მოპასუხის სახელზე აღრიცხვის ნაწილში დარჩა განუხილველად შემდეგ გარემოებათა გამო:
11. სააპელაციო სასამართლოს 2021 წლის 1 თებერვლის განჩინებით აპელანტს დაუდგინდა ხარვეზი სააპელაციო საჩივარზე, რომელიც მან 2021 წლის 19 თებერვალს წარმოდგენილი დაზუსტებული სააპელაციო საჩივრით ნაწილობრივ შეავსო. რის გამოც, აპელანტს მიეცა დამატებითი ვადა სააპელაციო საჩივარზე დადგენილი ხარვეზის შესავსებად, თუმცა 2021 წლის 24 მარტის განცხადებით სააპელაციო პალატამ მიუთითა, რომ აპელანტმა არ გაიზიარა სასამართლოს მითითებები და მოთხოვნილი ოდენობით სახელმწიფო ბაჟის გადახდას არ აპირებდა.
12. აპელანტმა მიიჩნია, რომ მისი მოთხოვნა მოპასუხეთა შორის დადებული ჩუქების ხელშეკრულების ბათილად ცნობისა და მოპასუხის საკუთრების უფლების აღდგენის შესახებ წარმოადგენს აღიარებით სარჩელს და მიეკუთვნება არაქონებრივი დავების კატეგორიას. შესაბამისად, სახელმწიფო ბაჟიც გადახდილი უნდა იქნეს არაქონებრივი დავებისათვის განსაზღვრული წესით. აპელანტის განმარტებით, მის ინტერესს მოცემულ ეტაპზე წარმოადგენს არა ქონების საკუთრებაში მიღება ან მისი რეალიზაცია, არამედ ჩუქების ხელშეკრულების ბათილობით, ერთი მხრივ, ძველი მესაკუთრის (მსესხებლის) საკუთრებაში დაბრუნდეს სადავო უძრავი ქონება, რასაც თავისთავად არანაირი ქონებრივი სარგებელი არ მოაქვს უშუალოდ აპელანტისთვის. სასამართლო პრაქტიკა ცხადყოფს, რომ ქონებრივ-სამართლებრივ ურთიერთობად მიიჩნევა ყველა ურთიერთობა, რომლის მიზანს წარმოადგენს მოგების მიღება ფულადი თანხით, ან ფულადი ღირებულების საგნების შენარჩუნებით ან ქონებრივი უფლების შეძენით, რასაც მოცემულ შემთხვევაში ადგილი არ აქვს. მეორე მხრივ, მხარის ინტერესია, უძრავი ქონების თავდაპირველი მესაკუთრის საკუთრებაში დაბრუნების შემდგომ, მსესხებლის დავალიანების ამოსაღებად იძულებითი აღსრულების მიზნისთვის გამოიყენოს უძრავი ქონება.
13. სააპელაციო პალატამ ზემოაღნიშნული მოსაზრება სახელმწიფო ბაჟის ოდენობასთან მიმართებით არ გაიზიარა. განსახილველ დავაში, აპელანტი აპელირებს, რომ მისი ქონებრივი ინეტერესი არ არის ჩუქების ხელშეკრულების საგნის სრული ღირებულება, არამედ ეს უძრავი ქონება იქცევა შემდგომ აღსრულების საშუალებად სასარჩელო მოთხოვნის ფარგლებში. აღნიშნულის შესახებ პალატამ მიუთითა, რომ სასამართლო ვალდებულია, საქმეზე გადაწყვეტილება მიიღოს საქმის გარემოებების გამკვლევისა და შეფასების შედეგად. სასამართლო გადაწყვეტილება არ შეიძლება, ეხებოდეს მხოლოდ ერთი მხარის ინეტერსებს. როდესაც სადავოდ არის ქცეული უძრავი ქონების ერთი მესაკუთრისაგან – დასაჩუქრებულისაგან გამოთხოვისა და მეორე მესაკუთრისათვის, მჩუქებლისათვის დაბრუნების საკითხი, არ შეიძლება გათვალისწინებული არ იქნას იმ პირთა ინტერსები, ვისაც ეს შედეგი ეხება, კერძოდ, დასაჩუქრებულისათვის ამ ქონებას აქვს არა სარჩელის ოდენობის ღირებულება, არამედ მისი სრული საბაზრო ღირებულება.
14. სააპელაციო პალატამ მიუთითა, რომ საქართველოს კონსტიტუციის 62-ე მუხლის მე-5 პუნქტი ადგენს, რომ სამართალწარმოება ხორციელდება მხარეთა თანასწორობისა და შეჯიბრებითობის საფუძველზე. შესაბამისად, სასამართლომ უნდა უზრუნველყოს მოდავე მხარეთა ინტერესებს შორის ბალანსის დაცვა.
15. სახელმწიფო ბაჟის ოდენობის განსაზღვრისას სააპელაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის (შემდგომ – სსსკ) 41-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“, „ბ“ ქვეპუნქტებით, მე-40 მუხლის მე-2 ნაწილით და მიიჩნია, რომ მხარე, მისი ინტერესის გათვალისწინებით, განსაზღვრავს სასარჩელო მოთხოვნის შინაარსს, საიდანაც ხდება სახელმწიფო ბაჟის გადახდევინება. კანონის თანახმად, აღნიშნულ შემთხვევაში გადამწყვეტია არა მხარის ინტერესი, არამედ სასარჩელო მოთხოვნა, რომელსაც მხარე აყალიბებს. მხარის უფლებაა, თავისი ინტერესის გათვალისწინებით ჩამოაყალიბოს სასარჩელო მოთხოვნა. როდესაც მოსარჩელეს მიაჩნია, რომ მისი უფლების დაცვისათვის აუცილებელია რამდენიმე მოთხოვნის დაყენება, მან მოთხოვნების შინაარსიდან გამომდინარე უნდა გადაიხადოს სახელმწიფო ბაჟი ან მოთხოვნა ჩამოაყალიბოს მისი ინტერესის და მოთხოვნიდან გამომდინარე გადასახდელი სახელმწიფო ბაჟის ოდენობის გათვალისწინებით.
16. სააპელაციო სასამართლომ განმარტა, რომ ქონებრივ-სამართლებრივი დავების დროს, მიუხედავად იმისა, თუ რა სამართლებრივი ურთიერთობა უდევს მას საფუძვლად, საპროცესო მოთხოვნა მიმართულია ფულად თანხაზე, ფულადი ღირებულების მქონე ნივთებზე ან უფლებებზე. საპროცესო მოთხოვნა განხილულ უნდა იქნეს ქონებრივ-სამართლებრივად იმ შემთხვევებში, როცა მას საფუძვლად ქონებრივი ხასიათის სამართლებრივი ურთიერთობა უდევს, მიუხედავად იმისა, თუ რა სახის სარჩელი იქნა სასამართლოში წარდგენილი (აღიარებითი, მიკუთვნებითი თუ სამართლებრივი ურთიერთობის შეცვლისკენ მიმართული). ქონებრივ-სამართლებრივი ურთიერთობა არის ყველა ის ურთიერთობა, რომლის მიზანს წარმოადგენს მოგების მიღება ფულადი თანხით, ან ფულადი ღირებულების მქონე საგნების შენარჩუნება. არაქონებრივ-სამართლებრივი დავების გამიჯვნა ქონებრივ-სამართლებრივი დავებისაგან ხდება გამორიცხვის მეთოდით და მოიცავს ყველა იმ შემთხვევას, რომელიც ქონებრივ-სამართლებრივ დავას არ წარმოადგენს. არაქონებრივ-სამართლებრივია ყველა დავა, როდესაც საქმე ეხება მხოლოდ პირად ან მის სოციალურ გარემოსთან დაკავშირებულ უფლებებს ყოველგვარი ეკონომიკური სარჩულის გარეშე. მოცემული განმარტება შესაბამისობაშია მსგავს საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიერ დადგენილ ერთგვაროვან პრაქტიკასთან (იხ.საქართველოს უზენაესი სასამართლოს განჩინება: №ას-1384-1306-2012; ას-476-452-2013).
17. სააპელაციო პალატამ მიიჩნია, რომ საქმის გარემოებების ობიექტური შესწავლის შედეგად აპელანტის მოთხოვნა მხარეთა შორის გაფორმებული უძრავი ნივთის ჩუქების ხელშეკრულების ბათილად ცნობის შესახებ და გასხვისებულ ქონებაზე მოპასუხის საკუთრების უფლების აღდგენა, არ წარმოადგენს არაქონებრივ-სამართლებრივი დავის კატეგორიას. ამ შემთხვევაში გადაკვეთა ხდება უძრავი ქონების რეალურ საბაზრო ღირებულებასა და სასარჩელო მოთხოვნის ოდენობას შორის, რა დროსაც ნათელია, რომ უძრავი ქონებაზე საკუთრების უფლების დაკარგვა არ შეიძლება შეფასდეს, როგორც არაქონებრივი დავის კატეგორია.
18. ყოველივე ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, სააპელაციო პალატამ მიიჩნია, რომ განსახილველ შემთხვევაში აპელანტს მიეცა გონივრული ვადა სახელმწიფო ბაჟის გადახდისათვის, რაც მან არ განახორციელა.
19. სსსკ-ის 59-ე, 63-ე მუხლების, 368-ე მუხლის მე-5 ნაწილის თანახმად, სააპელაციო სასამართლომ მიიჩნია, რომ აპელანტმა სასამართლოს მიერ დანიშნულ ვადაში ხარვეზი არ შეავსო, რაც სადავო გარიგების ბათილად ცნობისა და უძრავი ქონების მსესხებელი მოპასუხის სახელზე აღრიცხვის ნაწილში მისი სააპელაციო საჩივრის განუხილველად დატოვების საფუძველია.
კერძო საჩივრის მოთხოვნა და საფუძვლები:
20. სააპელაციო სასამართლოს განჩინებაზე მოსარჩელემ შეიტანა კერძო საჩივარი და მოითხოვა მისი გაუქმება შემდეგი საფუძვლებით:
21. კერძო საჩივრის ავტორმა მიიჩნია, რომ სააპელაციო პალატამ არასწორად არ გაიზიარა მხარის პოზიცია ჩუქების ხელშეკრულების ბათილად ცნობისა და უძრავ ნივთზე მოპასუხის საკუთრების უფლების აღდგენის შესახებ მოთხოვნის არაქონებრივ დავათა კატეგორიისათვის მიკუთვნებასთან დაკავშირებით.
22. კერძო საჩივრის ავტორმა მიუთითა, რომ პირველი ინსტანციის სასამართლომ მოცემულ საქმე სახელმწიფო ბაჟის ოდენობა განსაზღვრა სსსკ-ის 39-ე მუხლის „თ“ ქვეპუნქტის შესაბამისად.
23. მხარემ სადავო საკითხზე სასამართლოს პრაქტიკის დასადასტურებლად მიუთითა შემდეგ საქმეებზე – 2ბ/5180-20, №2ბ/4718-20, №ას-928-2019, №ას-700-2020.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
24. საკასაციო სასამართლო კერძო საჩივრის საფუძვლების შესწავლისა და გასაჩივრებული განჩინების იურიდიული დასაბუთების შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ კერძო საჩივარი ნაწილობრივ უნდა დაკმაყოფილდეს, სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება გაუქმდეს და საქმე დაუბრუნდეს იმავე სასამართლოს სააპელაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხის ხელახლა შესამოწმებლად შემდეგ გარემოებათა გამო:
25. მოცემულ შემთხვევაში საკასაციო სასამართლოს შეფასების საგანს წარმოადგენს სააპელაციო პალატის მიერ დადგენილი ხარვეზის გამოუსწორებლობის მოტივით სააპელაციო საჩივრის განუხილველად დატოვების მართლზომიერება.
26. სსსკ-ის 368-ე მუხლის მეხუთე ნაწილის თანახმად, თუ სააპელაციო საჩივარი არ უპასუხებს ამ ნორმის მოთხოვნებს, ან სახელმწიფო ბაჟი არ არის გადახდილი, სასამართლო ავალებს საჩივრის შემტან პირს შეავსოს ხარვეზი, რისთვისაც მას ვადას უნიშნავს. თუ ამ ვადაში ხარვეზი არ იქნება შევსებული, სააპელაციო საჩივარი აღარ მიიღება.
27. დასახელებული ნორმიდან გამომდინარეობს, რომ სააპელაციო საჩივრის ხარვეზის არსებობისას სასამართლო განსაზღვრავს იმ საპროცესო მოქმედებებს, რომელიც ხარვეზის შესავსებად უნდა განხორციელდეს და საპროცესო ვადას, რომლის განმავლობაშიც აპელანტი ვალდებულია, შეასრულოს განჩინებაში დადგენილი მოქმედებები. სასამართლოს მიერ მითითებული ვადის უშედეგოდ გასვლის შემდეგ კი სააპელაციო საჩივარი აღარ განიხილება და დარჩება განუხილველად.
28. განსახილველ საქმეზე დავის საგანია, საკრედიტო ურთიერთობიდან გამომდინარე, მოპასუხისათვის მოსარჩელის სასარგებლოდ ფულადი ვალდებულების შესრულება, ასევე, მოპასუხეთა შორის უძრავ ნივთზე დადებული ჩუქების ხელშეკრულების ბათილად ცნობა და აღნიშნულ ქონებაზე მოპასუხის საკუთრების უფლების აღდგენა.
29. წინამდებარე კერძო საჩივრით მხარემ სადავოდ გახადა სააპელაციო საჩივარზე სააპელაციო სასამართლოს მიერ ხარვეზის დადგენისას სახელმწიფო ბაჟის ოდენობის დაანგარიშების წესი გარიგების ბათილად ცნობის ნაწილში და აღნიშნული მოთხოვნა მიაკუთვნა არაქონებრივ დავათა კატეგორიას.
30. საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა ევროპული კონვენციის მე-6 მუხლით დაცულია სამართლიანი სასამართლოს უფლება. ის განამტკიცებს კანონის უზენაესობის პრინციპს, რომელსაც ემყარება დემოკრატიული საზოგადოება და სასამართლოების უზენაესი როლი, განახორციელონ მართლმსაჯულება. კონვენციის მე-6 მუხლი უზრუნველყოფს ერთ-ერთ ყველაზე მნიშვნელოვან უფლებას - უფლებას სასამართლოს ხელმისაწვდომობაზე. სტრასბურგის სასამართლოს განმარტების მიხედვით ხელმისაწვდომობის პროცედურული წინაპირობები, როგორიცაა მაგალითად სასამართლო ხარჯები და დასაშვებობის პრაქტიკული წინაღობები, როგორიცაა იურიდიული დახმარების არარსებობა (Airey v. Ireland), ექცევა სასამართლოსადმი ხელმისაწვდომობის უფლების ფარგლებში და ცალკეულ გარემოებებში შესაძლებელია გამოიწვიოს კონვენციის მე-6 მუხლის პირველი პუნქტის დარღვევაც.
31. სამართალწარმოების განხორციელების დროს სახელმწიფო ბაჟთან დაკავშირებით, ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ შეიმუშავა ზოგადი ხასიათის სახელმძღვანელო პრინციპები და განმარტა შემდეგი: „უფლება სასამართლოზე“ არ არის აბსოლუტური უფლება, იგი შეიძლება სახელმწიფოს მიერ შეიზღუდოს. არც შეუზღუდავი უფლების არარსებობა უფასო სამართლებრივ დახმარებაზე და არც უფასო სამართალწარმოების არარსებობა სამოქალაქო საქმეებზე არ არღვევს კონვენციის დებულებებს. უფრო მეტიც, სასამართლო ვერ ხედავს ვერაფერს უჩვეულოს იმაში, რომ სასამართლო ხარჯები ქონებრივ მოთხოვნებში დამოკიდებული იყოს დავის საგნის (მოთხოვნის) ოდენობაზე.
32. ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა ევროპულმა სასამართლომ ხელმისაწვდომობის საკითხზე იმსჯელა, ასევე, სააპელაციო და საკასაციო სასამართლოებთან მიმართებითაც. საქმეში Chatellier v. France სტრასბურგის სასამართლომ აღნიშნა, რომ კონვენციის მე-6 მუხლი არ აკისრებს ხელშემკვრელ სახელმწიფოებს ვალდებულებას დააარსონ სააპელაციო ან საკასაციო სასამართლოები, თუმცა, თუ აღნიშნული იურისდიქციები მაინც იარსებებს, მათ მიერ საქმის განხილვის პროცედურა უნდა შეესაბამებოდეს მე-6 მუხლით დადგენილ გარანტიებს. ზემდგომი ინსტანციის სასამართლოში სახელმწიფო ბაჟის საკითხთან დაკავშირებით ევროპულმა სასამართლომ ასევე განმარტა, რომ სააპელაციო წესით საქმის განხილვის თავისებურებებისა და ასევე იმის გათვალისწინებით, რომ პირველი ინსტანციის სასამართლოში საქმე არსებითად უკვე განხილულ იქნა, მონაწილე სახელმწიფო უფლებამოსილია, სააპელაციო წესით საქმის განხილვის დასაშვებობაზე უფრო მკაცრი შეზღუდვები დააწესოს.
33. საკასაციო პალატა ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრაქტიკაზე დაყრდნობით განმარტავს, რომ სასამართლო ხელმისაწვდომობაზე ბაჟის სახით გონივრული შეზღუდვის დაწესება სახელმწიფოს ლეგიტიმური უფლებაა, რა დროსაც, დაცული უნდა იყოს ბალანსი კერძო და საჯარო ინტერესს შორის.
34. საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ განსახილველ შემთხვევაში აპელანტის ეკონომიკური ინტერესი არის თანხის დაბრუნება და არა მოპასუხის მიერ გაჩუქებული ქონების აპელანტისათვის საკუთრებაში გადაცემა. აპელანტის ინტერესი ჩუქების ხელშეკრულების ბათილობასთან მიმართებით იმაში მდგომარეობს, რომ სესხის დაბრუნების შესახებ მოთხოვნის დაკმაყოფილების პირობებში, გადაწყვეტილება აღსრულებადი გახდეს.
35. საკასაციო პალატა მიუთითებს, რომ მართლმსაჯულების სისტემის ეფექტურობა სამართლებრივი წესრიგის განმტკიცებასა და სამართლებრივი უსაფრთხოების უზრუნველყოფის ფუნდამენტური წინაპირობაა. მართლმსაჯულების ეფექტურობა დამოუკიდებელ, მიუკერძოებელ, სამართლიან და დროულ სამართალწარმოებაში პოვებს გამოხატულებას (იხ. შ.შმიტი, ჰ.რიჰტერი, მოსამართლის მიერ გადაწყვეტილების მიღების პროცესი სამოქალაქო სამართალში, გერმანიის საერთაშორისო თანამშრომლობის საზოგადოება (GIZ), 2013, 3). როგორი სწრაფიც არ უნდა იყოს მართლმსაჯულება, როგორი სამართლიანი და კანონიერიც არ უნდა იყოს სასამართლო გადაწყვეტილება, მართლმსაჯულების მიზნები და ამოცანები განუხორციელებელი რჩება, თუ არ მოხდება გადაწყვეტილების აღსრულება. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლო თავის არაერთ გადაწყვეტილებაში ხაზს უსვამს კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილების აღსრულების მნიშვნელობას და განმარტავს, რომ „სასამართლოსათვის სარჩელის წარდგენის უფლება არ არის თეორიული უფლება და არ უზრუნველყოფს მხოლოდ უფლების აღიარებას საბოლოო გადაწყვეტილების მეშვეობით, არამედ ასევე შეიცავს ლეგიტიმურ მოლოდინს იმასთან დაკავშირებით, რომ გადაწყვეტილება აღსრულდება“ (იხ. „აპოსტოლი საქართველოს წინააღმდეგ“, განაცხადი №40765/02; Burdov v. Russia, no. 59498/00, §34, ECHR 2002-III; Hornsby v. Greece , judgment of 19 March 1997, Reports of Judgments and Decisions 1997-II, p. 510, §40 Hornsby; Mutishev and Others v. Bulgaria, 18967/03, §129, 3 December 2009; Antonetto v. Italy, no. 15918/89, §28, 20 July 2000).“
36. საკასაციო პალატა არ იზიარებს კერძო საჩივრის ავტორის მოსაზრებას, რომ ჩუქების ბათილად ცნობის მოთხოვნა, თავისი შინაარსით, წარმოადგენს არაქონებრივ მოთხოვნას და ეთანხმება სააპელაციო სასამართლოს შეფასებას აღნიშნული მოთხოვნის ქონებრივ ხასიათთან დაკავშირებით, თუმცა საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ განსახილველი შემთხვევა შინაარსობრივად ახლოს დგას ისეთ ვითარებასთან, როდესაც სარჩელით მოთხოვნილია სესხის (კრედიტის) დაბრუნება და იპოთეკით დატვირთულ ქონებაზე გადახდევინების მიქცევა. ასეთ შემთხვევაში კი, დადგენილი სასამართლო პრაქტიკის მიხედვით, სახელმწიფო ბაჟის გადახდევინება ხდება მხოლოდ ძირითადი მოთხოვნისათვის (სასესხო-საკრედიტო ფულადი ვალდებულება), რადგან დატვირთული ქონების რეალიზაცია წარმოადგენს ძირითადი მოთხოვნის დაკმაყოფილების პირობებში გადაწყვეტილების აღსრულების საშუალებას.
37. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ კერძო საჩივრის არგუმენტები ნაწილობრივ საფუძვლიანია, რის გამოც სააპელაციო პალატის გასაჩივრებული განჩინება უნდა გაუქმდეს და საქმე დაუბრუნდეს იმავე სასამართლოს სააპელაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხის ხელახლა შესამოწმებლად.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 419-ე, 420-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. სს „თ.ბ–ის“ კერძო საჩივარი ნაწილობრივ დაკმაყოფილდეს.
2. გაუქმდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2021 წლის 31 მარტის განჩინება და საქმე დაუბრუნდეს იმავე სასამართლოს სააპელაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხის ხელახლა შესამოწმებლად.
3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.
თავმჯდომარე ზ. ძლიერიშვილი
მოსამართლეები: ე. გასიტაშვილი
ბ. ალავიძე