Facebook Twitter

საქმე№ა-4266-შ-101-2020 29 ივნისი, 2021 წელი

თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატა

მოსამართლეები: თამარ ზამბახიძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),

ზურაბ ძლიერიშვილი,

მირანდა ერემაძე

საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი განხილვის გარეშე

შუამდგომლობის ავტორი – ბ.ვ.კ–ვა

მოწინააღმდეგე მხარე – რ.ვ–ძე

გადაწყვეტილება, რომლის საქართველოს ტერიტორიაზე ცნობასა და აღსრულებას მოითხოვს მხარე – ბელარუსის რესპუბლიკის, მინსკის ოლქის მინსკის რაიონული სასამართლოს 2015 წლის 16 ნოემბრის დაუსწრებელი გადაწყვეტილება

დავის საგანი – თანხის დაკისრება

საკითხი, რომელზეც მიღებულია განჩინება - უცხო ქვეყნის სასამართლოს გადაწყვეტილების საქართველოს ტერიტორიაზე ცნობა და აღსრულება

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :

1. ბელარუსის რესპუბლიკის, მინსკის ოლქის მინსკის რაიონული სასამართლოს 2015 წლის 16 ნოემბრის დაუსწრებელი გადაწყვეტილებით ბ.ვ.კ–ვას სარჩელი დაკმაყოფილდა და რ.ვ–ძეს ბ.ვ.კ–ვას სასარგებლოდ დაეკისრა ჯამში - 48782400 რუბლის გადახდა.

2. 2020 წლის 3 ნოემბერს საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მეშვეობით ბ.ვ.კ–ვამ მომართა საქართველოს უზენაეს სასამართლოს და მოითხოვა ბელარუსის რესპუბლიკის, მინსკის ოლქის მინსკის რაიონული სასამართლოს 2015 წლის 16 ნოემბრის დაუსწრებელი გადაწყვეტილების ცნობა და აღსასრულებლად მიქცევა, კერძოდ, რ.ვ–ძისათვის ბ.ვ.კ–ვას სასარგებლოდ 4 878,24 (ოთხი ათას რვაასსამოცდათვრამეტი ბელორუსული რუბლი და ოცდაოთხი კაპიკი) რუბლის დაკისრება.

3. დაუსწრებელი გადაწყვეტილებითა და შუამდგომლობაზე თანდართული მასალებით ირკვევა, რომ მოპასუხე სათანადო წესით იყო მიწვეული სასამართლო სხდომაზე.

4. გადაწყვეტილება კანონიერ ძალაში შევიდა 2015 წლის 8 დეკემბერს და ბელარუსის რესპუბლიკაში იგი არ აღსრულებულა.

5. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2020 წლის 26 ნოემბრის განჩინებით შუამდგომლობა მიღებულ იქნა განსახილველად. ზემოაღნიშნული განჩინების, შუამდგომლობისა და მასზე თანდართული მასალების ასლები საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის (შემდეგში სსსკ) 70-78-ე მუხლების შესაბამისად, მოწინააღმდეგე მხარეს ორჯერ გაეგზავნა შუამდგომლობის ავტორის მიერ მითითებულ მისამართზე: ხელვაჩაურის რ-ნი, სოფელი ........, ჩიხი 15, სახლი 6, თუმცა გზავნილები ადრესატს ვერ ჩაბარდა.

6. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2021 წლის 26 თებერვლის განჩინებით საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის პოლიციის დეპარტამენტს დაევალა მოპასუხისათვის ჩაებარებინა საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 26.11.2020წ. განჩინების, შუამდგომლობისა და თანდართული მასალების ასლები. მასვე დაევალა, საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატისათვის ეცნობებინა დასახელებული კორესპონდენციის ჩაბარების, ჩაბარების შეუძლებლობის მიზეზების ან ჩაბარებაზე უარის თქმის შესახებ.

7. საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის პოლიციის დეპარტამენტს ხელვაჩაურის რაიონული სამმართველოს უბნის ინსპექტორების განყოფილების უბნის ინსპექტორ-გამომძიებლის 2021 წლის 15 მარტის MIA 3 21 00622609 წერილით ირკვევა, რომ გზავნილი 2021 წლის 15 მარტს ჩაბარდა ადრესატის ძმას, რ.ვ–ძეს, მოპასუხისათვის გადასაცემად.

8. მოწინააღმდეგე მხარეს მოსაზრება შუამდგომლობასთან დაკავშირებით არ წარმოუდგენია.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო სასამართლო გაეცნო საქმის მასალებს და მიაჩნია, რომ შუამდგომლობა უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

9. საერთაშორისო კერძო სამართლის შესახებ საქართველოს კანონის (შემდეგში "კანონი") 68-ე მუხლის პირველი პუნქტით, საქართველო ცნობს უცხო ქვეყნის კანონიერ ძალაში შესულ სასამართლო გადაწყვეტილებებს. 70-ე მუხლის პირველი და მე-2 პუნქტებით, სამოქალაქო და შრომის სამართლის საქმეებზე უცხო ქვეყნის სასამართლო გადაწყვეტილებების აღსრულება ხორციელდება იმ შემთხვევაში, თუ ისინი ექვემდებარება აღსრულებას. აღსრულებაზე გადაწყვეტილება მიიღება დაინტერესებული მხარის მიერ შესაბამისი შუამდგომლობის აღძვრის შემდეგ.

10. კანონის 71-ე მუხლის პირველი და მე-2 პუნქტებით, შუამდგომლობას აღსრულებისათვის თან უნდა დაერთოს სასამართლო გადაწყვეტილების დამოწმებული ასლი და დამოწმებული ქართული თარგმანი, აგრეთვე ცნობა გადაწყვეტილების ძალაში შესვლისა და მისი აღსრულების აუცილებლობის შესახებ, თუ ეს შუამდგომლობის ტექსტიდან არ გამომდინარეობს. შუამდგომლობის განხილვის პროცესში უნდა დადგინდეს, დაცულია თუ არა ამ კანონის 68-ე მუხლით გათვალისწინებული პირობები.

11. კანონის 68-ე მუხლის მე-5 პუნქტის და 70-ე მუხლის მე-3 პუნქტის შესაბამისად, უცხო ქვეყნის სასამართლო გადაწყვეტილების ცნობის და აღსრულების საკითხს იხილავს საქართველოს უზენაესი სასამართლო.

12. სასამართლო ხელმძღვანელობს სამოქალაქო, საოჯახო და სისხლის სამართლის საქმეებზე სამართლებრივი დახმარებისა და სამართლებრივი ურთიერთობის შესახებ“ 1993 წლის მინსკის კონვენციით (შემდგომში "კონვენცია"). კონვენციის მე-3 თავი აწესრიგებს ხელშემკვრელ მხარეებს შორის სასამართლო გადაწყვეტილებათა ცნობა-აღსრულების წესებს. კონვენციის 51-ე მუხლის მიხედვით, ხელშემკვრელი სახელმწიფოები ცნობენ და აღასრულებენ მეორე ხელშემკვრელი სახელმწიფოს ტერიტორიაზე მიღებულ სამოქალაქო და საოჯახო საქმეებზე იუსტიციის დაწესებულებების გადაწყვეტილებებს. კონვენციის 54-ე მუხლის მე-2 პუნქტის შესაბამისად, სასამართლო, რომელიც განიხილავს ხელშემკვრელი მხარის სასამართლო გადაწყვეტილების ცნობა-აღსრულების საკითხს, შემოიფარგლება იმის დადგენით, რომ წინამდებარე კონვენციით გათვალისწინებული პირობები დაცულია.

13. უცხო ქვეყნის სასამართლოს გადაწყვეტილებებისა და უცხოური საარბიტრაჟო გადაწყვეტილებების მიმართ მოქმედებს თეორია, რომელიც ქართულად შეგვიძლია „გათანაბრების თეორიად“ ვთარგმნოთ. ამის მიხედვით, უცხოური აქტი უნდა აღქმულ იქნას და იურიდიულად გაუთანაბრდეს შიდასახელმწიფოებრივ სასამართლო გადაწყვეტილებას. მაშასადამე, ამ სახის სასამართლო გადაწყვეტილებების საპროცესო შედეგებიც შიდასახელმწიფოებრივი სამართლის მიხედვით უნდა გადაწყდეს. ეს კონცეფცია ნოსტრიფიკაციის სახელით არის ცნობილი. იგი ემყარება ყველა სახელმწიფოს სამართლებრივი სისტემების თანასწორუფლებიანობის პრინციპულ მოსაზრებას. უცხოური სასამართლო აქტის მოქმედების ტერიტორიის გაფართოება არ არის უსაზღვრო. მეორად ქვეყანაში მხოლოდ ის უცხოური საპროცესო შედეგები უნდა იქნას ცნობილი, რომლებსაც იცნობს ცნობის განმახორციელებელი სახელმწიფოს სამართალი (ლევან გოთუა, უცხო ქვეყნის სასამართლო გადაწყვეტილებებისა და უცხოური საარბიტრაჟო გადაწყვეტილებების აღსრულება, სამართლის დოქტორის აკადემიური ხარისხის მოსაპოვებლად წარდგენილი დისერტაცია. თბილისი, 2010წ., გვ.14.).

14. უცხო ქვეყნის სასამართლო გადაწყვეტილების ცნობაზე და აღსასრულებლად მიქცევაზე უარის თქმის საფუძვლები მოცემულია როგორც კონვენციის 55-ე მუხლში (გადაწყვეტილებების აღიარებაზე და იძულებითი აღსრულების ნებართვის გაცემაზე შეიძლება უარი ეთქვას, თუკი: а) ხელშემკვრელი მხარის კანონმდებლობის თანახმად, რომლის ტერიტორიაზეც გამოტანილია გადაწყვეტილება, იგი არ შესულა კანონიერ ძალაში ან არ ექვემდებარება აღსრულებას, გარდა იმ შემთხვევებისა, როდესაც გადაწყვეტილება ექვემდებარება აღსრულებას კანონიერ ძალაში შესვლამდე; б) მოპასუხეს არ მიუღია მონაწილეობა პროცესში იმის გამო, რომ მას ან მის რწმუნებულს დროულად არ გადასცეს სასამართლოში გამოძახება; в) საქმეზე იმავე მხარეებს, იმავე საგანზე და იმავე საფუძველზე ხელშემკვრელი მხარის ტერიტორიაზე, სადაც აღიარებულ და აღსრულებულ უნდა იქნას გადაწყვეტილება, ადრე უკვე გამოტანილი იყო კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილება ან არსებობს მესამე სახელმწიფოს სასამართლოს აღიარებული გადაწყვეტილება, ანდა თუ ამ ხელშემკვრელი მხარის დაწესებულებამ ადრე აღძრა წარმოება ამ საქმეზე; г) წინამდებარე კონვენციის დებულებათა თანახმად, ხოლო მის მიერ გაუთვალისწინებელ შემთხვევებში იმ ხელშემკვრელი მხარის კანონმდებლობისა, რომლის ტერიტორიაზეც გადაწყვეტილება აღიარებული და აღსრულებული უნდა იქნას, საქმე ეხება მისი დაწესებულების განსაკუთრებულ კომპეტენციას; д) არ არსებობს დოკუმენტი, რომელიც ადასტურებს მხარეთა შეთანხმებას სახელშეკრულებო განსჯადობის შესახებ; е) ამოიწურა იძულებითი აღსრულების ხანდაზმულობის ვადა, გათვალისწინებული იმ ხელშემკვრელი მხარის კანონმდებლობით, რომლის სასამართლოც ასრულებს დავალებებს), ისე კანონის 68-ე მუხლის მე-2 პუნქტში (გადაწყვეტილების ცნობა არ ხდება, თუ: ა) საქმე საქართველოს განსაკუთრებულ კომპეტენციას განეკუთვნება; ბ) გადაწყვეტილების გამომტანი ქვეყნის კანონმდებლობის შესაბამისად მხარე უწყების ჩაბარების გზით არ იქნა გაფრთხილებული სასამართლოში გამოძახების თაობაზე ან მოხდა სხვა საპროცესო დარღვევები; გ) ერთსა და იმავე მხარეებს შორის ერთსა და იმავე სამართლებრივ დავაზე არსებობს საქართველოს სასამართლოს კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილება ან მესამე ქვეყნის სასამართლოს კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილება, რომელიც ცნობილ იქნა საქართველოში; დ) უცხო ქვეყნის სასამართლო, რომელმაც გამოიტანა გადაწყვეტილება, საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად კომპეტენტურად არ ითვლება; ე) უცხო ქვეყანა არ ცნობს საქართველოს სასამართლო გადაწყვეტილებებს; ვ) ერთსა და იმავე მხარეებს შორის ერთსა და იმავე საკითხზე და ერთი და იმავე საფუძვლით საქართველოში მიმდინარეობს სასამართლო პროცესი; ზ) გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება საქართველოს ძირითად სამართლებრივ პრინციპებს).

15. საკასაციო სასამართლო გაეცნო წარმოდგენილ შუამდგომლობას, თანდართულ მასალებს და მივიდა იმ დასკვნამდე, რომ აღნიშნული შუამდგომლობა აკმაყოფილებს კონვენციის და კანონის მოთხოვნებს, რის გამოც იგი უნდა დაკმაყოფილდეს.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 284-ე, 285-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა

1. ბ.ვ.კ–ვას შუამდგომლობა დაკმაყოფილდეს;

2. საქართველოს ტერიტორიაზე ცნობილ იქნეს და აღსასრულებლად მიექცეს ბელარუსის რესპუბლიკის, მინსკის ოლქის მინსკის რაიონული სასამართლოს 2015 წლის 16 ნოემბრის დაუსწრებელი გადაწყვეტილება შემდეგი სახით:

დაეკისროს რ.ვ–ძეს ბ.ვ.კ–ვას სასარგებლოდ 4878,24 (ოთხი ათას რვაასსამოცდათვრამეტი ბელორუსული რუბლი და ოცდაოთხი კაპიკი) რუბლის გადახდა.

3. საქართველოს უზენაესი სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

თავმჯდომარე თამარ ზამბახიძე

მოსამართლეები: ზურაბ ძლიერიშვილი

მირანდა ერემაძე