საქმე №ას-1356-2019 20 მაისი, 2021 წელი
ქ.თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატა
შემადგენლობა:
ბესარიონ ალავიძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი)
მოსამართლეები:
ეკატერინე გასიტაშვილი, ზურაბ ძლიერიშვილი
საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი მოსმენის გარეშე
კასატორი – დ.თ–ძე (მოსარჩელე)
მოწინააღმდეგე მხარე – შუახევის მუნიციპალიტეტის სოფელ გოგაძეების საჯარო სკოლა (მოპასუხე)
მესამე პირი _ ე.ბ–ძე
გასაჩივრებული განჩინება – ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2019 წლის 11 ივნისის განჩინება
კასატორის მოთხოვნა _ გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის სრულად დაკმაყოფილება
დავის საგანი – განაკვეთის შევსება, ხელფასის ანაზღაურება
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
1. მოსარჩელის მოთხოვნა და სარჩელის ფაქტობრივი საფუძვლები:
1.1. დ.თ–ძემ (შემდგომში _ მოსარჩელე, აპელანტი ან კასატორი) სარჩელი აღძრა სასამართლოში შუახევის მუნიციპალიტეტის სოფელ გოგაძეების საჯარო სკოლის (შემდგომში _ მოპასუხე, მოწინააღმდეგე მხარე) მიმართ და მოითხოვა დაევალოს მოპასუხეს: დ.თ–ძეს, როგორც დაწყებითი კლასის სპეციალისტს გადასცეს დაწყებით კლასებში სადამრიგებლო კლასი და გაკვეთილების საათების რაოდენობა შეუვსოს 18 სთ. განაკვეთამდე; დაევალოს მოპასუხეს დ.თ–ძეს აუნაზღაუროს მიუღებელი შემოსავალი 7 საათის საგაკვეთილო ღირებულების საფასური და სადამრიგებლო კლასის საფასური თვეში 100 ლარის ოდენობით 2018 წლის 17 სექტემბრიდან სასამართლო გადაწყვეტილების კანონიერ ძალაში შესვლამდე.
1.2. სარჩელი ემყარება შემდეგ ფაქტობრივ გარემოებებს: შუახევის მუნიციპალიტეტის სოფელ გოგაძეების საჯარო სკოლაში დაწყებით კლასებში საათები არ არის განაწილებული სპეციალობის მიხედვით. მოსარჩელე დ.თ–ძე არის სპეციალობით დაწყებითი კლასის პედაგოგი, მაგრამ სადამრიგებლო კლასი აქვს არასპეციალისტ პედაგოგს, აქედან გამომდინარე 18 საათიანი დატვირთვის ნაცვლად მას აქვს დატვირთვა 11 საათი და მისი სურვილია განაკვეთის შევსება 18 საათამდე დაწყებით კლასებში, სადაც ფაქტობრივად არსებობს საათები, მაგრამ საათები გადაცემული აქვს არასპეციალისტ პედაგოგს. მოსარჩელემ არაერთხელ დააყენა მოთხოვნა დირექციის წინაშე სადამრიგებლო კლასის გადაცემაზე და განაკვეთის შევსებაზე, მაგრამ დირექციამ თხოვნა არ დააკმაყოფილა. მოსარჩელის უფლებები შელახულია, მან უშუალოდ ვერ მიაღწია სკოლის დირექციასა და პედკოლექტივთან სასურველ მიზანს.
2. მოპასუხის პოზიცია:
მოთხოვნის განხორციელების გამომრიცხველი შესაგებლით მოპასუხემ სარჩელი არ ცნო და განმარტა შემდეგი: 2018-1019 სასწავლო წელს დაწყებით კლასებში მოსარჩელე დ.თ–ძესთან ერთად სამი პედაგოგი ასწავლის მოსწავლეებს, რომელთაგან თემურ დავითაძე არის დაწყებითი კლასების სპეციალისტი მაგისტრის აკადემიური ხარისხით, ი.ბ–ძე - ინგლისური ენის სპეციალისტი ბაკალავრის აკადემიური ხარისხით, ხოლო ე.ბ–ძე - ზოგადტექნიკური დისციპლინებისა და შრომის სპეციალისტი, საშუალო სკოლის ზოგადტექნიკური დისციპლინების მასწავლებლის კვალიფიკაციით, ასევე მაგისტრის აკადემიური ხარისხით, რომელსაც წლების განმავლობაში გავლილი აქვს მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრისა და სხვა აკრედიტირებული ორგანიზაციების მიერ ორგანიზებული ტრენინგ-კურსები, როგორც დაწყებითი კლასების მიმართულებით, ასევე სხვა მოდულებში. რაც შეეხება დ.თ–ძეს ის 2007 წლიდან მუშაობს დაწყებითი კლასების მასწავლებლად, მაგრამ მას ამ პერიოდის განმავლობაში არ გაუვლია მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრისა თუ სხვა აკრედიტირებული ორგანიზაციების მიერ ორგანიზებული არცერთი სახის ტრენინგ-კურსი. დ.თ–ძეს ვერ გადაეცემა 18 საათი და კლასის დამრიგებლობა, რადგან დაწყებით კლასებში ასწავლიან შესაბამისი კვალიფიკაციის მქონე მასწავლებლები, რომლებსაც კათედრაზე გაუნაწილდათ საათები, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2011 წლის 11 მარტის N36/ნ ბრძანებით დამტკიცებული ეროვნული სასწავლო გეგმის მე-19 მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, საჯარო სკოლაში დამრიგებელი შეიძლება იყოს იმავე სკოლის მასწავლებელი, ამასთანავე კლასის დამრიგებელი ვალდებულია სწავლის დაწყებამდე 15 წუთით ადრე გამოცხადდეს სკოლაში და არ წავიდეს სკოლიდან სანამ არ დასრულდება სასწავლო პროცესი. დ.თ–ძე პედაგოგიურ საქმიანობასთან შეთავსებით მუშაობს აიპ „შუახევის სოციალური სერვისების ცენტრის თემის სამედიცინო პუნქტის“ ექთნად სოფელ ........ და ბუნებრივია მისი ამ საქმიანობიდან გამომდინარე მას მოუწევს გამოძახების შემთხვევაში სკოლიდან პაციენტთან წასვლა, რის გამოც იძულებული გახდება მიატოვოს სადამრიგებლო კლასი. შესაბამისად სასარჩელო მოთხოვნა არის უსაფუძვლო, არ უნდა დაკმაყოფილდეს და საქმის წარმოება უნდა შეწყდეს.
3. პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი:
ხელვაჩაურის რაიონული სასამართლოს შუახევის მუნიციპალიტეტში მაგისტრატი სასამართლოს 2019 წლის 15 თებერვლის გადაწყვეტილებით სარჩელი არ დაკმაყოფილდა,
4. აპელანტის მოთხოვნა:
მაგისტრატი სასამართლოს გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა მოსარჩელემ, მოითხოვა მისი გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის დაკმაყოფილება.
5. გასაჩივრებული განჩინების სარეზოლუციო ნაწილი:
ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2019 წლის 11 ივნისის განჩინებით სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა, ხოლო, გასაჩივრებული გადაწყვეტილება დარჩა უცვლელად.
6. კასატორის მოთხოვნა:
სააპელაციო სასამართლოს განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრა აპელანტმა, მოითხოვა მისი გაუქმება და სარჩელის დაკმაყოფილება.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლომ, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის შესაბამისად, შეამოწმა საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხი და მიიჩნევს, რომ იგი დაუშვებელია შემდეგ გარემოებათა გამო:
1. საკასაციო საჩივრის დაუშვებლად ცნობის დასაბუთება:
1.1. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მე-5 ნაწილის შესაბამისად, საკასაციო საჩივარი ქონებრივ ან არაქონებრივ დავაზე დასაშვებია, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებასა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო, არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციასა და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს; ზ) გასაჩივრებულია სააპელაციო სასამართლოს მეორე დაუსწრებელი გადაწყვეტილება ან განჩინება დაუსწრებელი გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების თაობაზე. ზემოაღნიშნული დანაწესები განსაზღვრავს იმ მოთხოვნებს, რომელთაც საკასაციო საჩივარი უნდა შეიცავდეს და ეფუძნებოდეს.
1.2. გასაჩივრებული განჩინების დასაბუთება ძირითადად იმ დასკვნებს ეფუძნება, რომ:
1.2.1. დ.თ–ძე დასაქმებულია სსიპ შუახევის მუნიციპალიტეტის სოფელ გოგაძეების საჯარო სკოლაში დაწყებითი კლასის მასწავლებლად.
1.2.2. სკოლის პედაგოგიური საბჭოს 2018 წლის N01 სხდომის ოქმით მისი ყოველკვირეული საათობრივი დატვირთვა 9 საათით განისაზღვრა. ამავე სხდომის ოქმით სკოლის I-III კლასების დამრიგებლად ე.ბ–ძე დაინიშნა. დ.თ–ძის გარდა, სკოლის დაწყებით კლასებს სამი სხვა პედაგოგიც ასწავლის. მათგან, ე.ბ–ძის ყოველკვირეული საათობრივი დატვირთვაც, ასევე 9 საათს შეადგენს, ხოლო თ.დ–ძისა და ი.ბ–ძის დატვირთვა დაწყებით კლასებში 3-3 საათია.
1.2.3. არსებითად, აპელანტი იმ მოტივით, რომ დაწყებითი საფეხურის მასწავლებლად მუშაობის უპირატესი უფლება გააჩნია, ე.ბ–ძისათვის როგორც კლასის დამრიგებლის სტატუსის, ასევე სამუშაო საათების ჩამორთმევასა და მისთვის გადაცემას ითხოვს.
1.2.4. სააპელაციო სასამართლოს შეფასებით პირველი ინსტანციის სასამართლომ სავსებით სწორად შეაფასა დადგენილი ფაქტები და მართებულად განმარტა, რომ მოსარჩელის მოთხოვნა უსაფუძვლო იყო. არც „ზოგადი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონი და არც საქართველოს შრომის კოდექსი დაწყებითი საფეხურის მასწავლებლად დასაქმების უპირატეს უფლებას არ ითვალისწინებს. როგორც აპელანტს, ისე მესამე პირს უმაღლესი განათლება აქვთ მიღებული და პრაქტიკოსი მასწავლებლის სტატუსი გააჩნიათ. „ზოგადი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონის 43-ე მუხლის პირველი პუნქტის „ა“ და „დ“ ქვეპუნტების თანახმად, სკოლას მართავს დირექტორი და საშტატო განრიგსაც ის შეიმუშავებს. ამავე კანონის 46-ე მუხლის მიხედვით, სასკოლო სასწავლო გეგმას დირექტორის მონაწილეობით პედაგოგიური საბჭო შეიმუშავებს. საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2016 წლის 18 მაისის N40/ნ ბრძანებით დამტკიცებული ეროვნული სასწავლო გეგმის 21-ე მუხლის „ბ“ ქვეპუნქტის მიხედვით, სკოლა ვალდებულია შეიმუშაოს საკუთარი სასკოლო სასწავლო გეგმა ყოველი ახალი სასწავლო წლისათვის და იგი უნდა შეიცავდეს სასკოლო საათობრივ ბადეს. აქედან გამომდინარე, სკოლა უფლებამოსილი იყო მიეღო გადაწყვეტილება, როგორც საათობრივი ბადის განაწილების, ისე კლასის დამრიგებლად ერთ-ერთი პედაგოგის დანიშვნის თაობაზე. საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2016 წლის 18 მაისის N40/ნ ბრძანებით დამტკიცებული ეროვნული სასწავლო გეგმის მე-19 მუხლის მე-2 პუნქტის თანახმად, კი მცირეკონტინგენტიან სკოლაში რეკომენდებულია, რომ ერთ დამრიგებელს ჰყავდეს არანაკლებ 10 მოსწავლისა, გარდა იმ შემთხვევისა, თუ სკოლაში მოსწავლეთა ჯამური რაოდენობა 10 მოსწავლეზე ნაკლებია. დაუშვებელია ერთი კლასის/კლას-კომპლექტის მოსწავლეებს ჰყავდეთ სხვადასხვა დამრიგებელი.
1.2.5. სააპელაციო სასამართლომ მიუთითა „დისკრიმინაციის ყველა ფორმის აღმოფხვრის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-2 მუხლის მე-2 და მე-3 პუნქტებზე და აღნიშნა, რომ პირდაპირი დისკრიმინაცია არის ისეთი მოპყრობა ან პირობების შექმნა, რომელიც პირს საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი უფლებებით სარგებლობისას ამ კანონის პირველი მუხლით გათვალისწინებული რომელიმე ნიშნის გამო არახელსაყრელ მდგომარეობაში აყენებს ანალოგიურ პირობებში მყოფ სხვა პირებთან შედარებით ან თანაბარ მდგომარეობაში აყენებს არსებითად უთანასწორო პირობებში მყოფ პირებს, გარდა ისეთი შემთხვევისა, როდესაც ამგვარი მოპყრობა ან პირობების შექმნა ემსახურება საზოგადოებრივი წესრიგისა და ზნეობის დასაცავად კანონით განსაზღვრულ მიზანს, აქვს ობიექტური და გონივრული გამართლება და აუცილებელია დემოკრატიულ საზოგადოებაში, ხოლო გამოყენებული საშუალებები თანაზომიერია ასეთი მიზნის მისაღწევად. ირიბი დისკრიმინაცია არის ისეთი მდგომარეობა, როდესაც ფორმით ნეიტრალური და არსით დისკრიმინაციული დებულება, კრიტერიუმი ან პრაქტიკა პირს ამ კანონის პირველი მუხლით გათვალისწინებული რომელიმე ნიშნის გამო არახელსაყრელ მდგომარეობაში აყენებს ანალოგიურ პირობებში მყოფ სხვა პირებთან შედარებით ან თანაბარ მდგომარეობაში აყენებს არსებითად უთანასწორო პირობებში მყოფ პირებს, გარდა ისეთი შემთხვევისა, როდესაც ამგვარი მდგომარეობა ემსახურება საზოგადოებრივი წესრიგისა და ზნეობის დასაცავად კანონით განსაზღვრულ მიზანს, აქვს ობიექტური და გონივრული გამართლება და აუცილებელია დემოკრატიულ საზოგადოებაში, ხოლო გამოყენებული საშუალებები თანაზომიერია ასეთი მიზნის მისაღწევად. სასამართლოს დასკვნით აპელანტს არ მიუთითებია არც ერთი ფაქტი, რომელიც რომელიმე ნიშნით ანალოგიურ პირობებში მყოფ სხვა პირებთან შედარებით მის არახელსაყრელ მდგომარეობაში ჩაყენებას ასახავდა. მხოლოდ ის, რომ სხვა მასწავლებელი კლასის დამრიგებლად დაინიშნა, პირის დისკრიმინაციად ვერ ჩაითვლება, მით უფრო, რომ როგორც აპელანტს, ისე ე.ბ–ძეს თანაბარი სამუშაო საათები აქვთ. სასამართლომ ყურადღება გაამახვილა იმ ფაქტზე, რომ სამუშაოს გაცდენისა და არაეთიკური საქციელის გამო, აპელანტს დისციპლინური სახდელი არაერთჯერ დაეკისრა. მათ შორის, საყურადღებოა, რომ მან რამდენჯერმე შეურაცხყოფა მიაყენა სკოლის თანამშრომლებს და ქართული ენის გაკვეთილის ჩატარების ნაცვლად, მოსწავლეებს თემასთან კავშირში არ მყოფი უცხოური სიმღერა მოასმენინა. ამ ვითარებაში, პალატამ სავსებით გამართლებულად მიაჩნია სკოლის პოზიცია იმის თაობაზე, რომ აპელანტი საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2016 წლის 18 მაისის N40/ნ ბრძანებით დამტკიცებული ეროვნული სასწავლო გეგმის მე-19 მუხლით გათვალისწინებულ დამრიგებლის ფუნქციებს ჯეროვნად ვერ შეასრულებდა. ამიტომ, კლასის დამრიგებლად ე.ბ–ძის დანიშვნა აპელანტთან არათანაბარ მოპყრობად რომც ჩათვლილიყო, ამას ობიექტური და გონივრული გამართლება ექნებოდა.
1.3. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 407-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, სააპელაციო სასამართლოს მიერ დამტკიცებულად ცნობილი ფაქტობრივი გარემოებები სავალდებულოა საკასაციო სასამართლოსათვის, თუ წამოყენებული არ არის დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია (შედავება). დასაბუთებული პრეტენზია გულისხმობს მითითებას იმ პროცესუალურ დარღვევებზე, რომლებიც დაშვებული იყო სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვის დროს და რამაც განაპირობა ფაქტობრივი გარემოებების არასწორად შეფასება-დადგენა, მატერიალურ-სამართლებრივი ნორმის არასწორად გამოყენება ან/და განმარტება. საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ კასატორს სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებთან მიმართებით არ წარმოუდგენია დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია (შედავება).
1.4. საკასაციო პალატა უარყოფს საკასაციო საჩივარს და საჩივარში გამოთქმული პრეტენზიების პასუხად განმარტავს შემდეგს: მიუხედავად კასატორის მოსაზრებისა, რომ მის მიმართ ადგილი ჰქონდა დისკრიმინაციულ მიდგომას, ეს მოსაზრება არ არის გამყარებული დასაბუთების მინიმალური სტანდარტით, რაც გულისხმობს მოსარჩელის მიერ პირველ რიგში მითითების ტვირთის დაძლევას (კომპარატორი, რომელთანაც მოსარჩელე იმყოფება არსებითად თანასწორ მდგომარეობაში; განსხვავებული მოპყრობა; რა ნიშნით განხორციელდა განსხვავებული მოპყრობა), ხოლო ამის შემდეგ prima facie მტკიცებულების წარდგენას. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 3633 მუხლის თანახმად, სარჩელის აღძვრისას პირმა სასამართლოს უნდა წარუდგინოს ფაქტები და შესაბამისი მტკიცებულებები, რომლებიც დისკრიმინაციული ქმედების განხორციელების ვარაუდის საფუძველს იძლევა, რის შემდეგაც მოპასუხეს ეკისრება იმის მტკიცების ტვირთი, რომ დისკრიმინაცია არ განხორციელებულა. თუკი მოპასუხე ამ ვარაუდს ვერ გააქარწყლებს, მაშინ მან უნდა დაამტკიცოს, რომ ამგვარი მოპყრობა ან პირობების შექმნა ემსახურება საზოგადოებრივი წესრიგისა და ზნეობის დასაცავად კანონით განსაზღვრულ მიზანს, აქვს ობიექტური და გონივრული გამართლება და აუცილებელია დემოკრატიულ საზოგადოებაში, ხოლო გამოყენებული საშუალებები თანაზომიერია ასეთი მიზნის მისაღწევად. საკასაციო პალატა თვლის, რომ ამ კუთხით სააპელაციო სასამართლომ მართებულად გამოიყენა და განმარტა მატერიალური და საპროცესო ნორმები. ამ კონტექსტში საფუძველს მოკლებულია კასატორის ის არგუმენტი, რომ 2012 წლიდან დირექტორმა პირადი შურისგების მიზნით დაიწყო მისდამი საყვედურების გამოცხადება, რომლის მთავარ მიზანს წარმოადგენდა სასწავლო საათების წართმევა და არასპეციალისტისთვის გადაცემა, ვინაიდან აღნიშნული არ არის გამყარებული სათანადო მტკიცებულებებით. საკასაციო სასამართლო ვერ გაიზიარებს კასატორის პრეტენზიას მესამე პირის კვალიფიკაციასთან დაკავშირებით, ამ თვალსაზრისით საქმეში წარმოდგენილია წერილობითი მტკიცებულებები, რომელთა მიხედვითაც დასტურდება ე.ბ–ძის მიერ სხვადასხვა დროს არაერთი აქტივობის, გადამზადების თუ ტრენინგკურსის გავლა. შესაბამისად, ამ კუთხით არ დასტურდება სპეციალური კანონმდებლობის დარღვევა.
საბოლოოდ, პალატა ასკვნის, რომ მოსარჩელე ვერ ამტკიცებს გასაჩივრებული განჩინების გაუქმების სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 393-ე-394-ე მუხლებით გათვალისწინებული წინაპირობების არსებობას.
1.5. ამდენად, განსახილველი დავა არ წარმოადგენს იშვიათ სამართლებრივ პრობლემას, რომელიც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას. კასატორი ვერ მიუთითებს იმგვარ გარემოებებზე, რაც სასამართლოს მისცემდა ვარაუდის საფუძველს, რომ საქმის არსებითი განხილვის შედეგად მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილება შეიძლება ყოფილიყო მიღებული. სააპელაციო სასამართლოს მიერ მოცემული საქმე არ არის განხილული მნიშვნელოვანი მატერიალური ან საპროცესო სამართლის ნორმების დარღვევებით, რომელსაც შეეძლო, არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე. გარდა ამისა, საკასაციო სასამართლოს შეფასების საგანს არ წარმოადგენს სააპელაციო სასამართლოს მეორე დაუსწრებელი გადაწყვეტილება ან განჩინება დაუსწრებელი გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების თაობაზე, ხოლო კასატორი ვერც ქვემდგომი სასამართლოს შეფასებებისა და დასკვნების წინააღმდეგობრიობას ვერ ამტკიცებს მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციის დებულებებთან და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალთან, რის გამოც საკასაციო საჩივარს არა აქვს წარმატების პერსპექტივა.
1.6. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის საფუძველზე, საკასაციო სასამართლო არ არის უფლებამოსილი, დაუშვას საკასაციო საჩივარი, რის გამოც მას უარი უნდა ეთქვას განხილვაზე.
2. სასამართლო ხარჯები:
საკასაციო საჩივრის დაუშვებლად ცნობის გამო, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად (საკასაციო საჩივრის დაუშვებლად ცნობის შემთხვევაში პირს დაუბრუნდება მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 70 პროცენტი), კასატორს სახელმწიფო ბიუჯეტიდან უნდა დაუბრუნდეს მის მიერ 30.07.2019წ. #20998906 საგადახდო დავალებით გადახდილი 300 ლარის 70% _ 210 ლარი.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-7, 284-ე, 285-ე, 391-ე, 401-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. დ.თ–ძის საკასაციო საჩივარი დარჩეს განუხილველად დაუშვებლობის გამო.
2. კასატორ დ.თ–ძეს (პ/#.......) სახელმწიფო ბიუჯეტიდან (ქ.თბილისი, „სახელმწიფო ხაზინა“, ბანკის კოდი TRESGE22, მიმღების ანგარიშის №200122900, სახაზინო კოდი 300773150) დაუბრუნდეს მის მიერ 30.07.2019წ. #20998906 საგადახდო დავალებით გადახდილი 300 ლარის 70% _ 210 ლარი.
3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.
თავმჯდომარე ბ. ალავიძე
მოსამართლეები: ე. გასიტაშვილი
ზ. ძლიერიშვილი