3გ-ად-4ა-02 17 ივლისი, 2002 წ., ქ. თბილისი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციული და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატა შემადგენლობა: ბ. მეტრეველი (თავმჯდომარე),
ნ. კლარჯეიშვილი,
ბ. კობერიძე
მოსარჩელის მოთხოვნა: ახლად აღმოჩენილ გარემოებათა გამო სასამართლოს გადაწყვეტილების გაუქმება და საქმის წარმოების განახლება.
აღწერილობითი ნაწილი:
საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ და სხვა კატეგორიის საქმეთა საკასაციო პალატის 2001წ. 11 დეკემბრის კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილებით გაუქმდა აჭარის ა/რ უმაღლესი სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა სააპელაციო პალატის 2001წ. 6 ივლისის გადაწყვეტილება და ახალი გადაწყვეტილებით მოსარჩელე მ. ა-ბას სარჩელი არ დაკმაყოფილდა უსაფუძვლობის გამო. კერძოდ, მ. ა-ბას უარი ეთქვა ბათუმში, ..... მდებარე სახლთმფლობელობაში სადავო ¹5,6,7 ოთახების (35,98 კვ.მ. სასარგებლო ფართით) ი. ლ-ძის მიერ ნასყიდობის ხელშეკრულების გაუქმებასა და ბათუმის სახალხო დეპუტატთა საქალაქო საბჭოს აღმასკომის 1990წ. 3 ოქტომბრის ¹856 გადაწყვეტილების II პუნქტის ¹17 ჩანაწერიდან ი. ლ-ძის ამოღების თაობაზე.
მოსარჩელე მ. ა-ბას წარმომადგენელმა 2002წ. 18 მარტს განცხადებით მიმართა საქართველოს უზენაეს სასამართლოს და ახლად აღმოჩენილ გარემოებათა გამო სასამართლოს კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილების გაუქმება და საქმის წარმოების განახლება მოითხოვა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 423-ე მუხლის «ვ» პუნქტის საფუძველზე. განმცხადებელმა მიუთითა, რომ 2001წ. დეკემბერში მისთვის ცნობილი გახდა ისეთი გარემოებებისა და მტკიცებულებების შესახებ, სასამართლოში საქმის განხილვისას რომ ყოფილიყო მისთვის ცნობილი, მისი სასარგებლო გადაწყვეტილების გამოტანას გამოიწვევდა. სახელდობრ, ცნობილი გახდა რომ მოპასუხე ი. ლ-ძის სახელზე ¹1 საბინაო-საექსპლუატაციო უბნის უფროსის ა. ფ-ძის მიერ პირადი ბარათის გახსნა უკანონოდ განხორციელდა, საქმეში არსებული და ¹1 მიკრორაიონის გამგეობიდან გამოთხოვილი პირადი ბარათის ნომრები ერთმანეს არ ემთხვევა, სხვა ცდომილებებსაც აქვს ადგილი, რის გამოც მ. ა-ბამ განცხადებით მიმართა ბათუმის შინაგან საქმეთა სამმართველოს ¹1 საბინაო-საექსპლუატაციო უბნის ყოფილი უფროსის ა. ფ-ძის მიმართ სისხლის სამართლის კოდექსის 341-ე მუხლით გათვალისწინებული დანაშაულის _ «სამსახურებრივი სიყალბე» _ ნიშნებზე საქმის აღძვრის შესახებ, რაც მხოლოდ იმის გამო ვერ განხორციელდა, რომ ა. ფ-ძე სისხლის სამართლის კოდექსის 93-ე, 213-ე მუხლებით გათვალისწინებული დანაშაულისათვის აღძრული საქმის გამო მიმალვაში იმყოფება და მასზე გამოცხადებულია ძებნა.
მოპასუხე ი. ლ-ძემ და ქ. ბათუმის მერიამ (რომელმაც ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 27-ე მუხლის თანახმად, მისი დასწრების გარეშე მოითხოვა განცხადების განხილვა) მ. ა-ბას განცხადება ახლად აღმოჩენილ გარემოებათა გამო საქმის წარმოების განახლებაზე არ ცნო, უსაფუძვლობისა და დაუსაბუთებლობის მოტივით, მოითხოვა მის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა და უზენაესი სასამართლოს 2001წ. 11 დეკემბრის კანონიერი გადაწყვეტილების უცვლელად დატოვება.
ქ. ბათუმის ნოტარიუსი მ. მ-ძე, მიუხედავად სამოქალაქო საპროცესო კოდექსით დადგენილი წესით გამოძახებისა, სასამართლოში არ გამოცხადდა და მ. ა-ბას განცხადება მის გარეშე იქნა განხილული, თანახმად საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 261 მუხლის მე-2 ნაწილისა.
სამოტივაციო ნაწილი:
საკასაციო პალატა მ. ა-იბას განცხადების გაცნობისა და მხარეთა ახსნა-განმარტებების მოსმენის შედეგად მიიჩნევს, რომ განცხადება ახლად აღმოჩენილ გარემოებათა გამო სასამართლოს გადაწყვეტილების გაუქმებისა და საქმის წარმოების განახლების შესახებ არ უნდა დაკმაყოფილდეს, შესაბამისად ძალაში უნდა დარჩეს საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატის 2001წ. 11 დეკემბრის გადაწყვეტილება, შემდეგ გარემოებათა გამო:
მოსარჩელე მ. ა-ბა ახლად აღმოჩენილ გარემოებათა გამო სასამართლოს გადაწყვეტილების გაუქმებას და საქმის წარმოების განახლებას ითხოვს სსკ-ს 423-ე მუხლის პირველი ნაწილის «ვ» პუნქტის საფუძველზე, რომლის მიხედვითაც: «კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს ახლად აღმოჩენილ გარემოებათა გამო საქმის წარმოების განახლების მოთხოვნით თუ მხარისათვის ცნობილი გახდა ისეთი გარემოებები და მტკიცებულებები, რომლებიც ადრე რომ ყოფილიყო წარმოდგენილი სასამართლოში საქმის განხილვის დროს, გამოიწვევდა მისთვის ხელსაყრელი გადაწყვეტილების გამოტანას». ამგვარ გარემოებად მ. ა-ბა მიუთითებს ¹1 საბინაო-საექსპლუატაციო უბნის უფროსის ა. ფ-ძის მიერ მოპასუხე ი. ლ-ძის სახელზე პირადი ბარათის უკანონოდ გახსნის ფაქტზე, პირადი ბარათის უსწორო ნომერაციასა და სხვა ცდომილებებზე, რაც კონკრეტულ შემთხვევაში, საკასაციო პალატის აზრით, არ წარმოადგენს კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილების გაუქმებისა და საქმის წარმოების განახლების გამომწვევ ახლად აღმოჩენილ გარემოებას, ვინაიდან უზენაესი სასამართლოს 2001წ. 11 დეკემბრის გადაწყვეტილება არ ემყარება ა. ფ-ძის წერილსა და მის საფუძველზე ი. ლ-ძის სახელზე გახსნილ პირად ბარათს. აღნიშნულ გარემოება-მტკიცებულებას ეფუძნებოდა აჭარის ა/რ უმაღლესი სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა სააპელაციო პალატის 2001წ. 6 ივლისის გადაწყვეტილება, რომლითაც სააპელაციო პალატამ მიიჩნია, რომ საბინაო საწარმოო გაერთიანებამ ა. ფ-ძის 1990წ. 30 მაისის წერილის საფუძველზე, ადრე კერძო მფლობელობაში მყოფი მ. ა-ბას ბინის ნაწილის კომუნალურ ფონდში ჩარიცხვითა და ი. ლ-ძის სახელზე პირადი ბარათის გახსნით დაარღვია მ. ა-ბას საკუთრების უფლება, რაც თავის მხრივ საფუძვლად დაედო 1991წ. 13 ნოემბრის სადავო ნასყიდობას.
აჭარის ა/რ უმაღლესი სასამართლოს აღნიშნული გადაწყვეტილება გაუქმდა საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2001წ. 11 დეკემბრის გადაწყვეტილებით, რომლითაც საქმეში არსებული საარქივო მასალების (სახლთმფლობელობის მუნიციპალიზაციის საქმე ¹315, სამემკვიდრეო საქმე ¹4616, ბინის ნასყიდობის საქმე ¹22101) შესწავლა-ანალიზის საფუძველზე დადგინდა, რომ მ. ა-ბამ 1957 წელს ს. ს-იანის მემკვიდრეებისაგან შეიძინა ... მდებარე სახლთმფლობელობის 1/5 ნაწილი, ოთახების ნომრებისა და ფართის მითითების გარეშე, ხოლო სახლთმფლობელობის 4/5 ნაწილი აღირიცხა ბათუმის საქალაქო საბჭოს კომუნალური განყოფილების სახელზე; რომ ი. ლ-ძეზე გასხვისებული ფართი არ წარმოადგენდა მ. ა-ბას პირად საკუთრებას, არამედ იყო იმჟამად მოქმედი საქართველოს სამოქალაქო სამართლის კოდექსის 93-ე მუხლის მე-2 ნაწილით გათვალისწინებული საქალაქო (კომუნალური) საბინაო ფონდის ბინა და ბათუმის სახალხო დეპუტატთა საქალაქო საბჭოს აღმასკომმა 1990წ. 3 ოქტომბრის ¹856 გადაწყვეტილების საფუძველზე, 13 ნოემბერს დადებული ნასყიდობის ხელშეკრულებით, როგორც მესაკუთრე-უფლებამოსილმა პირმა, კოდექსის 89-ე მუხლის შესაბამისად, ი. ლ-ძეზე განკარგა თავისი საკუთრება – სადავო ბინა.
ამდენად, მ. ა-ბას მიერ ახლად აღმოჩენილ გარემოებად მითითებული ა. ფ-ძის წერილის საფუძველზე ი. ლ-ძის სახელზე ბინის პირადი ბარათის უკანონოდ გაცემა პროცესუალურ-სამართლებრივი თვალსაზრისით არ წარმოადგენს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 423-ე მუხლის პირველი ნაწილის «ვ» პუნქტით გათვალისწინებულ ახლად აღმოჩენილ გარემოებას, რადგან უზენაესი სასამართლოს კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილება არც ა. ფ-ძის წერილს და არც ზემოაღნიშნულ პირად ბარათს არ ემყარება, ბათუმის მერიის კუთვნილი კომუნალური ფონდის საბინაო ფართზე ი. ლ-ძის სახელზე პირადი ბარათის თუნდაც უკანონოდ გახსნა მ. ა-ბას კანონიერ ინტერესს პირდაპირ და უშუალო ზიანს არ აყენებს, ამიტომ აღნიშნული გარემოება უზენაეს სასამართლოში საქმის განხილვის დროსაც რომ ყოფილიყო ცნობილი, ვერ გამოიწვევდა მ. ა-ბას სასარგებლო გადაწყვეტივლების გამოტანას, რადგან მ. ა-ბა – ი. ლ-ძეს შორის დავაში იგი არსებით და უმთავრეს გარემოებას არ წარმოადგენს. ამიტომ, საკასაციო პალატის აზრით, მ. ა-ბას განცხადება უსაფუძვლოა და სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 430-ე მუხლის თანახმად, უარი უნდა ეთქვას ახლად აღმოჩენილ გარემოებათა გამო უზენაესი სასამართლოს 2001წ. 11 დეკემბრის გადაწყვეტილების გაუქმებაზე და საქმის წარმოების განახლებაზე.
სარეზოლუციო ნაწილი:
საკასაციო პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 423-ე მუხლის პირველი ნაწილის «ვ» პუნქტით, 430-ე მუხლით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. მ. ა-ბას განცხადება ახლად აღმოჩენილ გარემოებათა გამო საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციული და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატის 2001წ. 11 დეკემბრის გადაწყვეტილების გაუქმებაზე და საქმის წარმოების განახლებაზე არ დაკმაყოფილდეს უსაფუძვლობის გამო;
2. უზენაესი სასამართლოს განჩინება საბოლოო და არ საჩივრდება.