საქმე №ას-1150-2019 10 ივნისი, 2021 წელი
ქ.თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატა
შემადგენლობა:
ბესარიონ ალავიძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი)
მოსამართლეები:
ეკატერინე გასიტაშვილი, ზურაბ ძლიერიშვილი
საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი მოსმენის გარეშე
კასატორი – ი.რ–ი (მოპასუხე)
მოწინააღმდეგე მხარე – გ.რ–ი (მოსარჩელე)
გასაჩივრებული განჩინება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2018 წლის 5 დეკემბრის განჩინება
კასატორის მოთხოვნა _ გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის უარყოფა
დავის საგანი – ჩუქების ხელშეკრულების გაუქმება
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
1. მოსარჩელის მოთხოვნა და სარჩელის ფაქტობრივი საფუძვლები:
1.1. გ.რ–მა (შემდგომში _ მოსარჩელე, მოწინააღმდეგე მხარე ან მჩუქებელი) სარჩელი აღძრა სასამართლოში ი.რ–ის (შემდგომში _ მოპასუხე, აპელანტი, კასატორი ან დასაჩუქრებული) მიმართ და მოითხოვა მხარეთა შორის 2014 წლის 2 ოქტომბერს უძრავი ქონების (მდებარე ქ. ყვარელი, ......, ს.კ.:.......) 2/3 წილზე დადებული ჩუქების ხელშეკრულების გაუქმება და საკუთრებაში დაბრუნება.
1.2. სარჩელი ემყარება შემდეგ ფაქტობრივ გარემოებებს: მხარეები ძმები არიან. მათ ქალაქ ყვარელში, .... (ს.კ.:.....) თანასაკუთრებაში გააჩნდათ უძრავი ქონება, საიდანაც ქონების 2/3 წილი ეკუთვნოდა მოსარჩელეს, ხოლო 1/3 წილი _ მოპასუხეს. მხარეები სადავო სახლში ცხოვრობდნენ და ფართები ფაქტობრივად გაყოფილი ჰქონდათ. 2014 წელს მოპასუხემ სესხი აიღო და თანასაკუთრებაში არსებული მთლიანი უძრავი ქონება იპოთეკით დაიტვირთა. იპოთეკის ხელშეკრულების დადების შემდეგ, მოპასუხემ მოსარჩელეს ჩუქების ხელშეკრულების გაფორმება შესთავაზა. ამის აუცილებლობად ორ გარემოებაზე მიუთითა: პირველი ის იყო, რომ შეიძლებოდა მოპასუხეს სესხი კიდევ აეღო; მეორე _ რადგან მოსარჩელე თავისი მეგობრის თავდებს წარმოადგენდა სასესხო ურთიერთობაში, არსებობდა ქონების დაკარგვის საფრთხე. ჩუქების ხელშეკრულების დადების მიუხედავად, მოსარჩელეს იმავე სახლში უნდა ეცხოვრა, ამასთან, ვინაიდან ხელშეკრულების დადებით, მისთვის ფაქტობრივი მდგომარეობა არ შეიცვლებოდა, მოსარჩელე დათანხმდა მოპასუხის შეთავაზებას და 2014 წლის 2 ოქტომბერს მხარეებმა ჩუქების ხელშეკრულება გააფორმეს. მოსარჩელეს სხვა სახლი არ აქვს. იგი, ხელშეკრულების დადების შემდგომაც, მოპასუხისთვის ნაჩუქარ სახლში ცხოვრებას აგრძელებდა, მაგრამ 2016 წელს მხარეებს შორის ურთიერთობა დაიძაბა, მოპასუხემ და მისმა მეუღლემ უმიზეზოდ ჩხუბი დაუწყეს და შეურაცხყოფას აყენებდნენ. 2016 წლის აგვისტოს ბოლოს მოპასუხემ და მისმა მეუღლემ განუცხადეს, რომ სახლი მოსარჩელეს არ ეკუთვნოდა და უნდა წასულიყო სახლიდან. საბოლოოდ გადმოუყარეს ტანსაცმელი და სახლიდან გამოაგდეს ისე, რომ სხვა პირადი ნივთების წაღების საშუალებაც არ მისცეს. მოსარჩელე მძიმე მდგომარეობაში აღმოჩნდა, რადგან სხვა სახლი არ აქვს, თუმცა თავიდან თავს იკავებდა და ძმის წინააღმდეგ სასამართლოში მიმართვა არ სურდა. იგი სახლში დაბრუნებას და ურთიერთობის ახლობლების ჩარევით მოგვარებას ცდილობდა, მაგრამ შედეგს ვერ მიაღწია.
2. მოპასუხის პოზიცია:
მოთხოვნის განხორციელების შემაფერხებელი/გამომრიცხველი შესაგებლით მოპასუხემ არ ცნო სარჩელი და განმარტა, რომ ჩუქების ხელშეკრულება დაიდო ნამდვილი ნების გამოვლენის საფუძველზე, სარჩელში მითითებული გარემოებები სინამდვილეს არ შეესაბამება. უსაფუძვლოა მოსარჩელის მითითება შეურაცხყოფის მიყენებისა და სახლიდან გამოგდების ნაწილშიც. მოსარჩელეს სხვა საცხოვრებელი გააჩნია, სადაც ამჟამად ცხოვრობს. მოპასუხე მოსარჩელეს ფინანსურად ეხმარებოდა, ეხმარებოდა სხვა საკითხებშიც, რაც გახდა კიდეც ხელშეკრულების დადების საფუძველი. ჩუქების ხელშეკრულების დადების შემდეგ მოპასუხემ რემონტი ჩაატარა, რამაც ქონების ღირებულება მნიშვნელოვნად გაზარდა.
3. პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი:
გურჯაანის რაიონული სასამართლოს 2017 წლის 20 ივლისის გადაწყვეტილებით სარჩელი დაკმაყოფილდა, გაუქმდა 2014 წლის 2 ოქტომბერს გ.რ–სა და ი.რ–ს შორის დადებული ჩუქების ხელშეკრულება უძრავ ქონებაზე მდებარე ქ. ყვარელი, ...... (ს.კ.:......) და უძრავი ქონების 2/3 წილი აღირიცხა გ.რ–ის სახელზე. ი.რ–ს გ.რ–ის სასარგებლოდ დაეკისრა სარჩელზე წინასწარ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 300 ლარის, უზრუნველყოფის ღონისძიების გამოყენებაზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 50 ლარის, აუდიტორული მომსახურებისთვის გადახდილი 100 ლარის და ადვოკატის მომსახურებისთვის გადახდილი თანხიდან 400 ლარის ანაზღაურება.
4. აპელანტის მოთხოვნა:
საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა მოპასუხემ, მოითხოვა მისი გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა.
5. გასაჩივრებული განჩინების სარეზოლუციო ნაწილი:
თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2018 წლის 5 დეკემბრის განჩინებით სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა, ხოლო, გასაჩივრებული გადაწყვეტილება დარჩა უცვლელად.
6. კასატორის მოთხოვნა:
სააპელაციო სასამართლოს განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრა აპელანტმა, მოითხოვა მისი გაუქმება და სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლომ, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის შესაბამისად, შეამოწმა საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხი და მიიჩნევს, რომ იგი დაუშვებელია შემდეგ გარემოებათა გამო:
1. საკასაციო საჩივრის დაუშვებლად ცნობის დასაბუთება:
1.1. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მე-5 ნაწილის შესაბამისად, საკასაციო საჩივარი ქონებრივ ან არაქონებრივ დავაზე დასაშვებია, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებასა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო, არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციასა და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს; ზ) გასაჩივრებულია სააპელაციო სასამართლოს მეორე დაუსწრებელი გადაწყვეტილება ან განჩინება დაუსწრებელი გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების თაობაზე. ზემოაღნიშნული დანაწესები განსაზღვრავს იმ მოთხოვნებს, რომელთაც საკასაციო საჩივარი უნდა შეიცავდეს და ეფუძნებოდეს.
1.2. გასაჩივრებული განჩინების დასაბუთება ძირითადად იმ დასკვნებს ეფუძნება, რომ:
1.2.1. მოსარჩელე გ.რ–ი და მოპასუხე ი.რ–ი არიან ძმები.
1.2.2. ქალაქ ყვარელში, ........ ქუჩა №249-ში მდებარე 496 კვ.მ. მიწის ნაკვეთი და მასზე მდებარე 230 კვ.მ. შენობა-ნაგებობა 2014 წლის 2 ოქტომბრამდე წარმოადგენდა მოსარჩელე გ.რ–ის და მოპასუხე ი.რ–ის თანასაკუთრებას. უძრავი ქონებიდან 2/3 წილი მოსარჩელეს, ხოლო 1/3 წილი მოპასუხეს ეკუთვნოდა.
1.2.3. 2014 წლის 2 ოქტომბერს გ.რ–სა და ი.რ–ს შორის დაიდო ჩუქების ხელშეკრულება და მხარეთა თანასაკუთრებაში არსებული უძრავი ქონება მდებარე ქალაქ ყვარელში, ........ ქუჩა №249, მოპასუხე ი.რ–ის საკუთრებად აღირიცხა.
1.2.4. ჩუქების ხელშეკრულების გაფორმების მიუხედავად, მოსარჩელე აგრძელებდა ცხოვრებას სადავო სახლში, თუმცა 2016 წელს მხარეთა შორის ურთიერთობები დაიძაბა და მოსარჩელე იძულებული გახდა წამოსულიყო სახლიდან.
1.2.5. 2016 წლის 14 ნოემბერს გ.რ–მა სარჩელით მიმართა სასამართლოს და 2014 წლის 2 ოქტომბერს დადებული ჩუქების ხელშეკრულების გაუქმება მოითხოვა, ხოლო მოთხოვნის სამართლებრივ საფუძვლად სამოქალაქო კოდექსის 529-ე მუხლი მიუთითა. პირველი ინსტანციის სასამართლომ სარჩელი საქართველოს სამოქალქო კოდექსის 530-ე მუხლის საფუძველზე დააკმაყოფილა.
1.2.6. სააპელაციო სასამართლომ არ გაიზიარა აპელანტის პრეტენზია, რომელიც მატერიალურთან ერთად საპროცესო სამართლის ნორმების დარღვევას ემყარებოდა, კერძოდ იმას, რომ სასამართლო გაცდა სარჩელის ფაქტობრივ საფუძვლებს და მიუხედავად იმისა, რომ დასაჩუქრებულის მხრიდან უმადურობისა და მძიმე შეურაცხყოფის ფაქტის არსებობა არ დადგინდა, სასამართლომ სარჩელი დააკმაყოფილა ისეთი ფაქტობრივი საფუძვლით (ჩუქების ხელშეკრულების დადების შემდეგ მჩუქებელი მძიმე მდგომარეობაში აღმოჩნდა), რომელზედაც მოსარჩელე საერთოდ არ უთითებდა სარჩელში. სააპელაციო სასამართლოს დასკვნით, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 178-ე მუხლის „თ“ ქვეპუნქტი ავალდებულებს მოსარჩელეს, სარჩელში მიუთითოს იმ სამართლებრივ საფუძვლებზე, რომლებზედაც იგი ამყარებს თავის მოთხოვნებს, თუმცა ასეთის მიუთითებლობა ან ფაქტობრივი გარემოებების არასწორი სამართლებრივი შეფასება არ შეიძლება იყოს სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის საფუძველი. მხარის მიერ სარჩელში მითითებული ფაქტობრივი გარემოებების კონკრეტულ მატერიალურ-სამართლებრივ ნორმასთან შესაბამისობის დადგენა სასამართლოს უფლებაცაა და ვალდებულებაც. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 178-ე მუხლით გათვალისწინებული წინაპირობების შესრულებასთან ერთად მხარეებმა მოსამართლეს უნდა მოახსენონ საქმის ფაქტობრივი გარემოებები, რომლებზეც ისინი თავის მოთხოვნას ამყარებენ და მოთხოვნის შინაარსი. მიზანშეწონილია, თუ მხარეები მოთხოვნის იმ სამართლებრივ საფუძველზეც მიუთითებენ, რომელსაც მათი მოთხოვნა ან, შესაბამისად, შესაგებელი ემყარება, თუმცა ეს არ არის შემზღუდავი სასამართლოსათვის და არც გავლენას ახდენს დავის შედეგზე. მოსამართლისათვის სავალდებულო არ არის მხარეთა მოსაზრებები, თუ მოთხოვნის დასაკმაყოფილებლად რა სამართლებრივი საფუძველი უნდა იქნეს გამოყენებული და არც კანონის იმპერატიული დათქმაა, რომ გამოტანილი გადაწყვეტილება დაეფუძნოს მხარეთა მიერ მითითებულ მოთხოვნის საფუძველს. მაშინაც კი, თუ მხარეები განსაზღვრულ საკითხებთან მიმართებით არასწორ ან არამყარ სამართლებრივ პოზიციას ირჩევენ, თუ საქმის მასალებზე დაყრდნობით და სხვაგვარი დასაბუთებით კანონიერი გადაწყვეტილების გამოტანა შესაძლებელია, მოსამართლეს სხვა გზის არჩევის უფლება აქვს. სწორედ აღნიშნული წარმოადგენს სამოსამართლო საქმიანობას, რომელიც უზრუნველყოფს კერძო სამართლის სუბიექტთა დარღვეული უფლებებისა და ინტერესების სრულყოფილად და ეფექტურად დაცვას.
1.2.7. განსახილველ შემთხვევაში დადგენილია, რომ მოსარჩელემ მიმართა სასამართლოს 2014 წლის 2 ოქტომბერს დადებული ჩუქების ხელშეკრულების გაუქმების მოთხოვნით, სარჩელის მიხედვით მიუხედავად იმისა, რომ მან თავისი საცხოვრებელი ფართი ძმას აჩუქა, არსებობდა შეთანხმება, რომ იგი ჩვეულებრივ გააგრძელებდა ცხოვრებას ამავე სახლში, რადგან სხვა საცხოვრებელი ფართი არ გააჩნდა (მოწმე ნ.ზ–ის (მოპასუხის მეუღლის) განმარტებით, ჩუქების დადების დროს არსებობდა შეთანხმება, რომ მათ ერთად უნდა ეცხოვრათ და მოსარჩელეს, დაოჯახების შემთხვევაში, მეუღლეც ამ სახლში უნდა მოეყვანა. იხ.სასამართლოს 19.04.2017 წლის სხდომის ოქმი დრო 19:12-19:15 სთ). გ.რ–ი 2016 წლის სექტემბრამდე მართლაც ცხოვრობდა იგივე სახლში.
1.2.8. სარჩელის თანახმად, 2016 წლის ზაფხულში ძმებს შორის ურთიერთობები დაიძაბა და ძმამ და რძალმა მას სადავო სახლში ცხოვრება აუკრძალეს. მოსარჩელემ სარჩელში ასევე განმარტა, რომ ახლობლების ჩარევით ცდილობდა სახლში დაბრუნებას, თუმცა შედეგს ვერ მიაღწია, რის გამოც იძულებული გახდა სასამართლოსათვის მიემართა. სააპელაციო პალატამ აღნიშნა, რომ მოცემულ შემთხვევაში, სასამართლომ პასუხი უნდა გასცეს შეკითხვას, სარჩელში მითითებული ფაქტობრივი გარემოებები დადასტურების შემთხვევაში, ქმნის თუ არა სამოქალაქო კოდექსის 530-ე მუხლით გათვალისწინებულ შემადგენლობას. პალატის მოსაზრებით, აღნიშნულ შეკითხვას დადებითად უნდა გაეცეს პასუხი.
1.2.9. მას შემდეგ, რაც მოსარჩელე გ.რ–ს მოპასუხემ აუკრძალა მის სახლში ცხოვრება, მოსარჩელეს საცხოვრებლად თავის მამასთან მოუხდა გადასვლა.
1.2.10. სადავო არ არის ის გარემოება, რომ გ.რ–ს სხვა უძრავი ქონება არ გააჩნია და იგი დავის განხილვის განმავლობაში ცხოვრობს მამასთან - გ.რ–თან და ამ უკანასკნელთან მეორე ქორწინებაში მყოფ მ.ს–ძესთან ერთად, უძრავ ქონებაში, მდებარე ქ. ყვარელი, ........, ბინა №7, რომელიც 2014 წლის 4 ივლისს დადებული ნასყიდობის ხელშეკრულების საფუძველზე მ.ს–ძის საკუთრებას წარმოადგენს. მოპასუხის მიერ სადავო არ გამხდარა ის ფაქტი, რომ მოსარჩელეს არ აქვს შემოსავალი და შესაძლებლობა, შეიძინოს სხვა საცხოვრებელი და და შეიქმნას ასეთი პირობები.
1.2.11. სასამართლოს მიერ დავის გადაწყვეტისას დადგენილი საქმისათვის მნიშვნელობის მქონე გარემოებები ქმნიდა საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 530-ე მუხლის გამოყენების წინაპირობას.
1.3. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 407-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, სააპელაციო სასამართლოს მიერ დამტკიცებულად ცნობილი ფაქტობრივი გარემოებები სავალდებულოა საკასაციო სასამართლოსათვის, თუ წამოყენებული არ არის დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია (შედავება). დასაბუთებული პრეტენზია გულისხმობს მითითებას იმ პროცესუალურ დარღვევებზე, რომლებიც დაშვებული იყო სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვის დროს და რამაც განაპირობა ფაქტობრივი გარემოებების არასწორად შეფასება-დადგენა, მატერიალურ-სამართლებრივი ნორმის არასწორად გამოყენება ან/და განმარტება. საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ კასატორს სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებთან მიმართებით არ წარმოუდგენია დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია (შედავება).
1.4. საკასაციო საჩივრის ძირითადი პრეტენზიების თანახმად: ა)ქვემდგომი ინსტაციების სასამართლოებმა დაარღვიეს საპროცესო კოდექსით განსაზღვრული შეჯიბრებითობის პრინციპი, შესაბამისად სახეზეა პირად შეხედულებაზე დაფუძნებული სასამართლო გადაწყვეტილება; ბ)მიღებული გადაწყვეტილება განსხვავდება არსებული სასამართლო პრაქტიკისაგან; გ)მოსარჩელეს არ მიუთითებია თავის მძიმე მდგომარეობაზე ან ქონებრივი მდგომარეობის გაუარსებაზე; დ)სასამართლომ სარჩელის დაკმაყოფილების საფუძვლად მიუთითა იმ გარემოებებზე, რომელზედაც მხარე არ ამყარებდა თავის მოთხოვნას (მოსარჩელეს არ მიუთითებია მძიმე მდგომარეობის თაობაზე). შესაბამისად მოპასუხეს ამ მიმართულებით ხანდაზმულობაზე არ გაუმახვილებია ყურადღება (ხანდაზმულობაზე მითითების საშუალება მხარეს მოესპო); ე)მოსარჩელის ქონებრივი მდგომარეობა იგივეა, რაც ჩუქების დროს იყო და ეს გარემოება მისთვის იმთავითვე იყო ცნობილი, შესაბამისად ხანდაზმულობა უნდა აითვალოს ქონების ჩუქებიდან მეორე დღესვე, ამ გაგებით ვინაიდან სარჩელი აღძრულია 2016 წლის ოქტომბერში, სარჩელი ხანდაზმულია; ვ)თუნდაც მივიჩნიოთ, რომ მოსარჩელეს არ აქვს საცხოვრებელი სახლი, მაშინ მან ამ მდგომარეობაში თავი ჩაიგდო განზრახ ან სულ ცოტა უხეში გაუფრთხილებლობით.
საკასაციო პალატა უარყოფს კასატორის პრეტენზიებს და განმარტავს შემდეგს: გადაწყვეტილების მიღებამდე მოსამართლე გადის რამდენიმე ეტაპს, მათ შორის მთავარი ორი ეტაპია _ წერილობითი მასალების (სარჩელი/შესაგებელი) შეგროვება და მხარეთა მოსმენა. პირველ ეტაპზე მნიშვნელოვანია სარჩელის/შესაგებლის დეტალურად შესწავლა და ანალიზი. რაც შეეხება მხარეთა მოსმენის ეტაპს, აღნიშნული ეხმარება მოსამართლეს დავის ფაბულის სრულყოფასა და ბუნდოვან ფაქტებში მეტი სიცხადის შეტანაში. იმის გარკვევა, თუ რომელი ფაქტებია რელევანტური ყოველთვის ადვილი არ არის და სწორედ ამაში ვლინდება მოსამართლის მიერ სამუშაო მეთოდების ფლობის უნარი. უმთავრესად ეს დამოკიდებულია იმაზე, თუ რომელ ნორმას მიიჩნევს მოსამართლე მოთხოვნის სამართლებრივ საფუძვლად. ამ კონტექსტში საკასაციო სასამართლო სრულად იზიარებს სააპელაციო სასამართლოს განმარტებას იმის თაობაზე, რომ მოსამართლე არ არის შეზღუდული მხარის მიერ ჩამოყალიბებული სამართლებრივი მსჯელობით, განსხვავებით ფაქტობრივი საფუძვლების მითითებისა, თუმცა აქაც სასამართლოს როლი და მოქმედებები მნიშვნელოვანია სარჩელის ფაქტობრივი დასაბუთების სრულყოფის თვალსაზრისით (მაგ. მოსამართლე საქმის არსებითად განსახილველად მომზადების მიზნით ხელმძღვანელობს საპროცესო კოდექსის 4.2, 128-ე, 203-ე, 222-ე მუხლებით, რათა სრულად და ზუსტად განისაზღვროს საქმის გადაწყვეტისათვის მნიშვნელობის მქონე გარემოებები). სარჩელის ფაქტობრივი საფუძვლების სრულად და ზუსტად განსაზღვრა ეხმარება მოსამართლეს მოთხოვნის სამართლებრივი საფუძვლის სწორად შერჩევაში, ამასთან არ არის გამორიცხული, რომ სასურველი სამართლებრივი შედეგის მიღწევის გზები არაერთ ნორმაში იყოს ასახული. ამ დროს მთავარია მოსამართლემ პროცესი წარმართოს ისე, რომ მხარეებთან ერთად განიხილოს ის სამართლებრივი საფუძვლები, რომელსაც შეიძლება დაეყრდნოს სასამართლოს გადაწყვეტილება, რათა მხარეებმა შეძლონ რელევანტური ფაქტების წარდგენა და მათთვის არ იქნას გამოტანილი მოულოდნელი გადაწყვეტილება.
განსახილველ საქმეს რომ დავუბრუნდეთ, მოსარჩელემ სარჩელით მოვლენათა განვითარების რამდენიმე ვარიანტი შესთავაზა სასამართლოს, კერძოდ: ა)მოსარჩელის მოსაზრებით, დასაჩუქრებულის მხრიდან ადგილი ჰქონდა უმადურობას, რაც კონკრეტულ ქმედებებში გამოიხატა; ბ)გარიგება არ გამოხატავდა მხარეთა ნამდვილ ნებას და ის მიზნად ისახავდა მოპასუხის მიერ სხვა სესხის აღებას და საკუთარი თავდებობის ფარგლებში ქონებაზე აღსრულების მიქცევისაგან თავის დაცვას; გ)მიუხედავად გარიგების დადებისა, მოსარჩელეს იმავე სახლში უნდა გაეგრძელებინა ცხოვრება, ხოლო მოსარჩელეს სხვა საცხოვრისი არ გააჩნდა. თუკი საკასაციო სასამართლო იხელმძღვანელებს ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკით, სახეზე არ გვაქვს სამოქალაქო კოდექსის 526-ე მუხლის გამოყენების წინაპირობები (სუსგ ას-228-218-2016, 03.06.2016წ.). როგორც ქვემდგომი ინსტანციის სასამართლოებმა დაადგინეს, საქმის მასალებით არ დადასტურდა სამოქალაქო კოდექსის 529-ე მუხლის შემადგენლობა, ასევე გარიგების ნების არარსებობა იმ მოტივით, რომელსაც მოსარჩელე უთითებდა. რაც შეეხება სარჩელში გაჟღერებულ ფაქტებს, რომლის მიხედვითაც მიუხედავად გარიგების დადებისა, მოსარჩელეს იმავე სახლში უნდა გაეგრძელებინა ცხოვრება, ხოლო მოსარჩელეს სხვა საცხოვრისი არ გააჩნდა, გაზიარებულ იქნა ქვემდგომი სასამართლოების მიერ, ხოლო ამ კუთხით კასატორს დასაბუთებული პრეტენზია არ წარმოუდგენილია. ეს ფაქტები წარმოადგენდა თუ არა სამოქალაქო კოდექსის 530-ე მუხლის გამოყენების წინაპირობას, ამ მიმართულებით საკასაციო პალატა მიუთითებს უზენაესი სასამართლოს მიერ დადგენილ პრაქტიკაზე, რომლის მიხედვითაც _ „სახლის გაჩუქება, თავისთავად, არ გულისხმობს საარსებო წყაროს მოსპობას. თუ ერთადერთი საცხოვრებელი სახლის გაჩუქების შემდეგ გამჩუქებელი უსახლ-კაროდ რჩება, მას ხელშეკრულების გაუქმება შეუძლია მოითხოვოს სამოქალაქო კოდექსის 530-ე მუხლის საფუძველზე, ვინაიდან, ქონების გაჩუქების შემდეგ, იგი მძიმე მდგომარეობაში აღმოჩნდა“ (სუსგ ას-634-605-2016, 03.10.2016წ.). როგორც განსახილველ საქმეში სააპელაციო სასამართლომ დაადგინა, გ.რ–ს სხვა უძრავი ქონება არ გააჩნია და იგი დავის განხილვის განმავლობაში ცხოვრობს მამასთან - გ.რ–თან და ამ უკანასკნელთან მეორე ქორწინებაში მყოფ მ.ს–ძესთან ერთად. მოსარჩელეს არ აქვს შემოსავალი და შესაძლებლობა, შეიძინოს სხვა საცხოვრებელი და და შეიქმნას ასეთი პირობები (პ.1.2.10). მოწმე ნ.ზ–ის (მოპასუხის მეუღლის) განმარტებით, ჩუქების დადების დროს არსებობდა შეთანხმება, რომ მათ ერთად უნდა ეცხოვრათ და მოსარჩელეს, დაოჯახების შემთხვევაში, მეუღლეც ამ სახლში უნდა მოეყვანა. ფაქტია, რომ მოსარჩელეს მისი სურვილის საწინააღმდეგოდ არ ეძლევა სადავო სახლში ცხოვრების უფლება. აქედან გამომდინარე, არ არის გასაზიარებელი კასატორის ის არგუმენტი, რომ მოსარჩელემ ამ დგომარეობაში თავი ჩაიგდო განზრახ ან სულ ცოტა უხეში გაუფრთხილებლობით, ასევე არ დასტურდება რაიმე მტკიცებულებით, რომ მოპასუხე თავად ეხვეწებოდა მოსარჩელეს ეცხოვრა თავის სახლში, მაგრამ მოსარჩელე საკუთარი ნებით წავიდა, რადგან ქონების დაბრუნების საფუძველი მისცემოდა.
ამდენად კასატორმა ვერ დაარწმუნა სასამართლო პირველი/სააპელაციო სასამართლოს მხრიდან საპროცესო ნორმების იმგვარ დარღვევაში, რამაც საქმის გადაწყვეტის საბოლოო შედეგზე რაიმე არსებითი გავლენა იქონია. რაც შეეხება ხანდაზმულობას, რომც შესაფასოს საკასაციო სასამართლომ ამ მიმართებით მოთხოვნის განხორციელების შემაფერხებელი შესაგებელი, იგი საფუძველს მოკლებულია, ვინაიდან სასამართლო პრაქტიკით 530-ე მუხლისათვის დადგენილია ათწლიანი ხანდაზმულობის ვადა, რომელიც აითვლება ნაჩუქარი ნივთის გადაცემიდან, რაც მოცემულ შემთხვევაში სახეზე არ გვაქვს (სუსგ ას-572-572-2018, 28.02.2019წ.).
1.5. განსახილველი დავა არ წარმოადგენს იშვიათ სამართლებრივ პრობლემას, რომელიც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას, რადგანაც უძრავი ნივთის ჩუქების გაუქმების საკითხზე არსებობს საკასაციო სასამართლოს მიერ დადგენილი ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკა. კასატორი ვერ მიუთითებს იმგვარ გარემოებებზე, რაც სასამართლოს მისცემდა ვარაუდის საფუძველს, რომ საქმის არსებითი განხილვის შედეგად მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილება შეიძლება ყოფილიყო მიღებული. სააპელაციო სასამართლოს მიერ მოცემული საქმე არ არის განხილული მნიშვნელოვანი მატერიალური ან საპროცესო სამართლის ნორმების დარღვევებით, რომელსაც შეეძლო, არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე. გარდა ამისა, საკასაციო სასამართლოს შეფასების საგანს არ წარმოადგენს სააპელაციო სასამართლოს მეორე დაუსწრებელი გადაწყვეტილება ან განჩინება დაუსწრებელი გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების თაობაზე, ხოლო კასატორი ვერც ქვემდგომი სასამართლოს შეფასებებისა და დასკვნების წინააღმდეგობრიობას ვერ ამტკიცებს მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციის დებულებებთან და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალთან, რის გამოც საკასაციო საჩივარს არა აქვს წარმატების პერსპექტივა.
1.6. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის საფუძველზე, საკასაციო სასამართლო არ არის უფლებამოსილი, დაუშვას საკასაციო საჩივარი, რის გამოც მას უარი უნდა ეთქვას განხილვაზე.
3. სასამართლო ხარჯები:
საკასაციო საჩივრის დაუშვებლად ცნობის გამო, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად (საკასაციო საჩივრის დაუშვებლად ცნობის შემთხვევაში პირს დაუბრუნდება მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 70 პროცენტი), კასატორ ი.რ–ს უნდა დაუბრუნდეს ი.უ–ის მიერ კასატორის სახელით 08.07.2019წ. #8155651562 საგადახდო დავალებით სახელმწიფო ბაჟის სახით გადახდილი 500 ლარის 70% _ 350 ლარი.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-7, 284-ე, 285-ე, 391-ე, 401-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. ი.რ–ის საკასაციო საჩივარი დარჩეს განუხილველად დაუშვებლობის გამო.
2. კასატორ ი.რ–ს (პ/#........) სახელმწიფო ბიუჯეტიდან (ქ.თბილისი, „სახელმწიფო ხაზინა“, ბანკის კოდი TRESGE22, მიმღების ანგარიშის №200122900, სახაზინო კოდი 300773150) დაუბრუნდეს ი.უ–ის მიერ კასატორის სახელით 08.07.2019წ. #8155651562 საგადახდო დავალებით სახელმწიფო ბაჟის სახით გადახდილი 500 ლარის 70% _ 350 ლარი.
3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.
თავმჯდომარე ბ. ალავიძე
მოსამართლეები: ე. გასიტაშვილი
ზ. ძლიერიშვილი