Facebook Twitter

საქმე №ას-1016-2020 10 ივნისი, 2021 წელი

ქ.თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატა

შემადგენლობა:

ბესარიონ ალავიძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი)

მოსამართლეები:

ეკატერინე გასიტაშვილი, ზურაბ ძლიერიშვილი

საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი მოსმენის გარეშე

კერძო საჩივრის ავტორი – გ.გ–ლაძე (მოპასუხე)

მოწინააღმდეგე მხარე – შპს „ვ.ა.ე–ი“ (მოსარჩელე)

გასაჩივრებული განჩინება – ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2020 წლის 19 აგვისტოს განჩინება

კერძო საჩივრის ავტორის მოთხოვნა – გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და საქმის განხილვის გაგრძელება

დავის საგანი – თანხის დაკისრება

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

1. სასარჩელო მოთხოვნა:

შპს „ვ.ა.ე–მა“ (შემდგომში _ მოსარჩელე, მოწინააღმდეგე მხარე) სარჩელი აღძრა სასამართლოში გ.გ–ლაძის (შემდგოში _ მოპასუხე, აპელანტი ან კერძო საჩივრის ავტორი) მიმართ, ნასყიდობის ხელშეკრულებიდან გამომდინარე თანხის _ 2675,5 ლარის ანაზღაურების მოთხოვნით.

2. მოპასუხის პოზიცია:

მოპასუხემ მოსამზადებელ სხდომაზე უარყო მოსარჩელისაგან საქონლის შეძენა და მოითხოვა სარჩელის დაკმაყოფიელბაზე უარის თქმა.

3. პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი:

ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2020 წლის 5 თებერვლის გადაწყვეტილებით სარჩელი დაკმაყოფილდა, მოპასუხეს მოსარჩელის სასარგებლოდ დაეკისრა 2675,5 ლარის გადახდა. გ.გ–ლაძეს, შპს ,,ვ.ა.ე–ის“ სასარგებლოდ დაეკისრა, წინასწარ გადახდილი სახ. ბაჟის 50 ლარის და სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიებისათვის ბაჟის 50 ლარის ანაზღაურება, საქმეზე გამოყენებული უზრუნველყოფის ღონისძიება დარჩა ძალაში.

4. აპელანტის მოთხოვნა:

რაიონული სასამართლოს გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა მოპასუხემ, მოითხოვა მისი გაუქმება და სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა.

5. გასაჩივრებული განჩინების სარეზოლუციო ნაწილი:

ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2020 წლის 19 აგვისტოს განჩინებით, სასამართლო სხდომაზე აპელანტის გამოუცხადებლობის გამო, სააპელაციო საჩივარი დარჩა განუხილველად.

6. კერძო საჩივრის ავტორის მოთხოვნა და კერძო საჩივრის ფაქტობრივი საფუძვლები:

6.1. სააპელაციო სასამართლოს განჩინებაზე კერძო საჩივარი შეიტანა აპელანტმა და მოითხოვა მისი გაუქმება.

6.2. კერძო საჩივარი ემყარება შემდეგ ფაქტობრივ გარემოებებს: სააპელაციო სასამართლოს განჩინება არაკანონიერია, რის გამოც იგი უნდა გაუქმდეს. მართალია, აპელანტის (წარმომადგენლისათვის) ცნობილი იყო სააპელაციო განხილვის თაობაზე, თუმცა, მისი (წარმომადგენლის) გამოუცხადებლობა განპირობებული იყო საპატიო მიზეზით, კერძოდ ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესების გამო. შეცდომით, ქუთაისის საქალაქო სასამართლოს გაეგზავნა განცხადება საპატიო მიზეზის გამო სასამართლოს სხდომაზე გამოუცხადებლობის შესახებ, ამის შემდგომ განცხადება გაგზავნილ იქნა ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ელექტრონული ფოსტის მისამართზე, რაც სასამართლოს მიერ არ იქნა მხედველობაში მიღებული. კერძო საჩივრის ავტორმა კერძო საჩივარს დაურთო შესაბამისი მტკიცებულებები.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლო კერძო საჩივრის საფუძვლების ანალიზის, საქმის მასალების შესწავლისა და გასაჩივრებული განჩინების იურიდიული დასაბუთების შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ გ.გ–ლაძის კერძო საჩივარი უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგი გარემოებების გამო:

1. გასაჩივრებული განჩინების გაუქმებისა და საქმის იმავე სასამართლოსათვის ხელახლა განსახილველად დაბრუნების ფაქტობრივი და სამართლებრივი დასაბუთება:

1.1. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 420-ე მუხლის თანახმად, კერძო საჩივრების განხილვა ზემდგომ სასამართლოებში წარმოებს შესაბამისად ამ სასამართლოებისათვის გათვალისწინებული წესების დაცვით.

1.2. საკასაციო სასამართლოს შეფასების საგანს წარმოადგენს სააპელაციო სასამართლოს მთავარ სხდომაზე აპელანტის გამოუცხადებლობის მოტივით სააპელაციო საჩივრის განუხილველად დატოვების კანონიერება.

1.3. საქმის მასალებით დადგენილია შემდეგი ფაქტობრივი გარემოებები:

1.3.1. ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2020 წლის 24 ივლისის განჩინებით გ.გ–ლაძის სააპელაციო საჩივარი მიღებულ იქნა განსახილველად და საქმის ზეპირი განხილვა დაინიშნა იმავე წლის 19 აგვისტოს, 13:00 საათზე;

1.3.2. საქმის განხილვის დროისა და ადგილის, ასევე, არასაპატიო მიზეზით გამოუცხადებლობის თაობაზე შესაბამისი მითითებებით აპელანტის უფლებამოსილ წარმომადგენელს სასამართლო უწყება ჩაბარდა სატელეფონო შეტყობინებით სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 70-ე და 73-ე მუხლების მოთხოვნათა დაცვით 2020 წლის 12 აგვისტოს (იხ. ტ. 2, ს.ფ. 155);

1.3.3. დანიშნულ დროს სასამართლო სხდომაზე არ გამოცხადდა აპელანტი/მისი უფლებამოსილი წარმომადგენელი, ხოლო, გამოცხადებულმა მოწინააღმდეგე მხარემ უარი განაცხადა დაუსწრებელი გადაწყვეტილების გამოტანაზე, ასევე სასამართლო სხდომის გადადებაზე და სასამართლოს წინაშე იშუამდგომლა სააპელაციო საჩივრის განუხილველად დატოვების თაობაზე. ვინაიდან სასამართლომ ჩათვალა, რომ არ არსებობდა ცნობები მხარის გამოუცხადებლობის საპატიოობის, ასევე, საქმის განხილვის გადადების წინაპირობების შესახებ, 2020 წლის 19 აგვისტოს განჩინებით მან დააკმაყოფილა შუამდგომლობა და განუხილველად დატოვა სააპელაციო საჩივარი;

1.3.4. კერძო საჩივრის ავტორი არ ეთანხმება გასაჩივრებულ განჩინებას და მიიჩნევს, რომ ჯანმრთელობის მდგომარეობამ განაპირობა მისი გამოუცხადებლობა, ასევე შეცდომით, ქუთაისის საქალაქო სასამართლოს გაეგზავნა განცხადება საპატიო მიზეზის გამო სასამართლოს სხდომაზე გამოუცხადებლობის შესახებ, ამის შემდგომ განცხადება გაგზავნილ იქნა ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ელექტრონული ფოსტის მისამართზე, რაც სასამართლოს მიერ არ იქნა მხედველობაში მიღებული. სააპელაციო სასამართლოს არ შემოუთავაზებია პროცესის დისტანციურად ჩატარება, იმ პირობებში, როდესაც 05/06/2020წ. იუსტიციის უმაღლესი საბჭოს რეკომენდაციაა, რომ საპროცესო კანონმდებლობით გათვალისწინებულ შემთხვევებში და წესით, უპირატესობა მიენიჭოს საქმეთა ზეპირი მოსმენის გარეშე განხილვას, ამასთან ახალი კორონა ვირუსის გავრცელების პრევენციის მიზნით საერთო სასამართლოები თვლიან ჩაბარებულად მხარეთა განცხადებებს და სხვა საპროცესო დოკუმენტებს, თუ მხარეები აგზავნიან სასამართლოს ოფიციალურ ელექტრონული ფოსტის მისამართზე.

1.4. კერძო საჩივრის საფუძვლების შემოწმებამდე პალატა ყურადღებას გაამახვილებს რამდენიმე სამართლებრივ საკითხზე:

1.4.1. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 387-ე მუხლის პირველი და მე-2 ნაწილებით განსაზღვრულია აპელანტისა და მოწინააღმდეგე მხარის გამოუცხადებლობის შემთხვევაში დაუსწრებელი გადაწყვეტილების გამოტანის შესაძლებლობა, თუ ამას გამოცხადებული მხარე მოითხოვს. ამავე მუხლის მე-3 ნაწილით კი დადგენილია, რომ ყველა სხვა შემთხვევაში გამოიყენება ამ კოდექსში ჩამოყალიბებული ნორმები პირველი ინსტანციის სასამართლოში დაუსწრებელი გადაწყვეტილების გამოტანის შესახებ. ამავე კოდექსის 229-ე მუხლის მე-2 ნაწილის პირველი წინადადების თანახმად, მოსარჩელის გამოუცხადებლობისას, თუ მოპასუხე არ მოითხოვს დაუსწრებელი გადაწყვეტილების გამოტანას, სასამართლოს გამოაქვს განჩინება სარჩელის განუხილველად დატოვების შესახებ, რასაც უკავშირდება 276-ე-278-ე მუხლებით გათვალისწინებული შედეგები. ანალოგიური შინაარსისაა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 275-ე მუხლის პირველი ნაწილის „გ“ ქვეპუნქტი, თუმცა იმისათვის, რათა სასამართლომ გამოიტანოს დაუსწრებელი გადაწყვეტილება ან განუხილველად დატოვოს სარჩელი/სააპელაციო საჩივარი, ნორმის ფორმალური წინაპირობების გარდა უნდა შემოწმდეს ასევე სახეზე ხომ არ გვაქვს ზემოხსენებული საპროცესო ინსტიტუტების გამომრიცხავი წინაპირობები (სსსკ-ის 233.1 მუხლი). სააპელაციო საჩივრის განუხილველად დატოვების შესახებ განჩინებას მხარე სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 233-ე მუხლით გათვალისწინებული საფუძვლებით არ ედავება, ამასთანავე, ამ გარემოებათა არსებობა არც საქმის მასალებით დგინდება. კერძო საჩივრის ავტორი განმარტავს, რომ სხდომაზე მისი გამოუცხადებლობა განპირობებული იყო საპატიო მიზეზით, შესაბამისად, მხარის გამოუცხადებლობის გამო მიღებული განჩინების საფუძვლიანობასაც პალატა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 241-ე მუხლის კონტექტში შეაფასებს, რომელიც გამოუცხადებლობის საპატიო მიზეზზე მიუთითებს.

1.4.2. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის კოდექსის 215-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, ამ კანონის მიზნებისათვის, საპატიო მიზეზად ჩაითვლება მხარის მიერ შუამდგომლობისა და განცხადების წარდგენის შეუძლებლობა, რაც გამოწვეულია ... განსაკუთრებული ობიექტური გარემოებით, რომელიც მისგან დამოუკიდებელი მიზეზით შეუძლებელს ხდის სასამართლო პროცესზე გამოცხადებას ან/და შუამდგომლობისა და განცხადების წარდგენას. დასახელებული ნორმიდან გამომდინარე, უნდა აღინიშნოს, რომ პირის გამოუცხადებლობა საპატიოდ მიიჩნევა მაშინაც, როდესაც თავად ამ საპატიო მიზეზის გათვალისწინებით იგი წინსწრებით ვერ აცნობებს სასამართლოს გამოცხადების შეუძლებლობის თაობაზე. ამ თვალსაზრისით, მნიშვნელოვანია საქმეში წარმოდგენილი და კერძო საჩივარზე დართული ცნობა, რომლის თანახმადაც სასამართლოს სხდომის დღეს მხარის წარმომადგენელი იმყოფებოდა ამბულატორიულ მკურნალობაზე, დიაგნოზით „არტერიული ჰიპერტენზია“. აღნიშნული ცნობა და განცხადება, სადაც წარმომადგენელი მიუთითებს, რომ ვერ ახერხებს სხდომაზე გამოცხადებას ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესების გამო, შეცდომით სხდომის დღეს წარდგენილ იქნა ქუთაისის საქალაქო სასამართლოში 13:45 საათზე. ქუთაისის საქალაქო სასამართლომ შეცდომით მასთან წარდგენილი დოკუმენტები მეორე დღეს (2020 წლის 20 აგვისტო) გაუგზავნა ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს. პალატა მითითებულ მტკიცებულებებს აფასებს რა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 105-ე მუხლით დადგენილი წესით, იზიარებს კერძო საჩივრის ავტორის განმარტებას იმის თაობაზე, რომ ამ ვითარებაში იგი ვერ შეძლებდა სასამართლო სხდომაზე დასწრებას, ამასთან მიუხედავად იმისა, რომ მხარის წარმომადგენელმა შეცდომით მიმართა არა საქმის განმხილველ სასამართლოს, პალატა თვლის, რომ წარმომადგენლის მხრიდან მაინც დაცულია კეთილსინდისიერი ქცევის სტანდარტი. რაც შეეხება კერძო საჩივრის ავტორის პრეტენზიას იმის თაობაზე, რომ საქმის ზეპირი მოსმენის გარეშე განხილვას უნდა მინიჭებოდა უპირატესობა, პალატის მოსაზრებაა, რომ სააპელაციო სასამართლოს არ დაურღვევია პროცედურული ნორმები, რადგან თავად მხარე აღნიშნავს, რომ იუსტიციის უმაღლესი საბჭოს გადაწყვეტილებას სარეკომენდაციო ხასიათი აქვს, რაც კონკრეტული შემთხვევის გათვალისწინებით უნდა იქნეს მხედველობაში მიღებული.

1.4.3 საკასაციო პალატა დამატებით განმარტავს, რომ მართალია, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 93-ე (2) მუხლი არ უკრძალავს მხარეს სასამართლოში უშუალოდ გამოცხადებას, თუმცა, ეს გარემოება წინამდებარე კერძო საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის საფუძველი ვერ გახდება, რამდენადაც საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიერ დმკვიდრებული ერთგვაროვანი პრაქტიკის თანახმად, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 93-ე მუხლის მე-2 ნაწილი არაა იმპერატიული ხასიათის და მხარეს მხოლოდ უფლებით აღჭურავს, თავადაც მიიღოს მონაწილეობა საქმის განხილვაში იმ შემთხვევაშიც კი, თუ მას ჰყავს წარმომადგენელი. მხარისა და წარმომადგენლის ნდობაზე დაფუძნებული ურთიერთობის გათვალისწინებით, როდესაც მხარე მისი უფლების დაცვის შესაძლებლობას წარმომადგენელს მიანიჭებს, თუ წარმომადგენელი მინიჭებულ უფლებამოსილებას კეთილსინდისიერად ახორციელებს, წარმომადგენლის საპატიო მიზეზით გამოუცხადებლობა მხარისათვის არახელსაყრელი შედეგის დადგომის წინაპირობა არ შეიძლება გახდეს, რადგანაც მას ამ ურთიერთობის მიმართ კანონიერი ნდობა გააჩნია და ორიენტირებულია ადვოკატის მიერ მარწმუნებლის უფლების კვალიფიციურად დაცვაზე (იხ. სუსგ-ებები: №ას-1666-1654-2011, 8 დეკემბერი, 2011 წელი; №ას-227-214-2015, 16 მარტი, 2015 წელი).

1.5. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ კერძო საჩივრის ავტორმა გასაჩივრებული განჩინების წინააღმდეგ წარმოადგინა დასაბუთებული შედავება (სსსკ-ის 393.3 მუხლი), რის გამოც სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 412-ე (1) მუხლის „ა“ ქვეპუნქტის საფუძველზე პალატა აუქმებს მას და საქმეს ხელახლა განსახილველად უბრუნებს ქვემდგომ სასამართლოს.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-7, 284-ე, 285-ე, 419-ე, 420-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. გ.გ–ლაძის კერძო საჩივარი დაკმაყოფილდეს.

2. გაუქმდეს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2020 წლის 19 აგვისტოს განჩინება და საქმე ხელახლა განსახილველად დაუბრუნდეს იმავე სასამართლოს.

3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.

თავმჯდომარე ბ. ალავიძე

მოსამართლეები: ე. გასიტაშვილი

ზ. ძლიერიშვილი