Facebook Twitter

საქმე №ას-651-2020 20 მაისი, 2021 წელი

ქ.თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატა

შემადგენლობა:

ბესარიონ ალავიძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი)

მოსამართლეები:

ეკატერინე გასიტაშვილი, ზურაბ ძლიერიშვილი

საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი მოსმენის გარეშე

კასატორი – ა(ა)იპ ქ.თბილისის #76 საბავშვო ბაგა-ბაღი (მოპასუხე)

მოწინააღმდეგე მხარე – ნ. და ნ. გ–ები (მოსარჩელე)

გასაჩივრებული გადაწყვეტილება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2019 წლის 19 ნოემბრის გადაწყვეტილება

კასატორის მოთხოვნა _ გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის უარყოფა

დავის საგანი – ბრძანების ბათილად ცნობა, სამსახურში აღდგენა, განაცდურის ანაზღაურება

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

1. მოსარჩელის მოთხოვნა და სარჩელის ფაქტობრივი საფუძვლები:

1.1. ნ. გ–მა და ნ. გ–მა (შემდგომში _ მოსარჩელეები, დასაქმებულები ან მოწინააღმდეგე მხარეები, მეორე მოსარჩელე აგრეთვე წოდებული როგორც პირველი აპელანტი) სარჩელი აღძრეს სასამართლოში ა(ა)იპ ქ.თბილისის #76 საბავშვო ბაგა-ბაღის (შემდგომში _ მოპასუხე, მეორე აპელანტი, კასატორი ან დამსაქმებელი) მიმართ და მოითხოვეს: ბათილად იქნეს ცნობილი ა(ა)იპ ქ.თბილისის N76 საბავშვო ბაგა-ბაღის დირექტორის N90/76 და N91/76 ბრძანებები ნ. გ–ისა და ნ. გ–ის თანამდებობიდან გათავისუფლების თაობაზე; მოსარჩელე ნ. გ–ი აღდგენილ იქნას ააიპ N76-ე საბავშვო ბაგა-ბაღის საქმის მწარმოებლის თანამდებობაზე; მოსარჩელე ნ. გ–ი აღდგენილი იქნას ააიპ N76-ე საბავშვო ბაგა-ბაღის აღმზრდელის თანამდებობაზე; მოპასუხე ა(ა)იპ ქ.თბილისის N76 საბავშვო ბაგა-ბაღს მოსარჩელის ნ. გ–ის სასარგებლოდ დაეკისროს იძულებითი განაცდურის ანაზღაურება 2016 წლის 11 ნოემბრიდან გადაწყვეტილების აღსრულებამდე ყოველთვიურად 414 ლარის ოდენობით; მოპასუხე ა(ა)იპ ქ.თბილისის N76 საბავშვო ბაგა-ბაღს მოსარჩელის ნ. გ–ის სასარგებლოდ დაეკისროს იძულებითი განაცდურის ანაზღაურება 2016 წლის 11 ნოემბრიდან გადაწყვეტილების აღსრულებამდე ყოველთვიურად 528 ლარის ოდენობით.

1.2. სარჩელი ემყარება შემდეგ ფაქტობრივ გარემოებებს: მოსარჩელეები მუშაობდნენ ააიპ ქ.თბილისის N76 საბავშვო ბაგა-ბაღში, კერძოდ ნ. გ–ი საქმისმწარმოებლის (ბუღალტრის) თანამდებობაზე, ხოლო ნ. გ–ი აღმზრდელის თანამდებობაზე. 2016 წლის 20 ოქტომბერს საბავშვო ბაგა-ბაღში ჩატარდა თანამშრომელთა კრება. ბაღის დირექტორმა აღმზრდელი ნ. გ–ი კრებაზე დაადანაშაულა, რომ მან ჯგუფში ფული შეაგროვა სათამაშოების საყიდლად, ხოლო ნ. გ–ს სამსახურებრივი მოვალეობების არაჯეროვნად შესრულება დასდო ბრალად. მოსარჩელე ნ. გ–ი აღნიშნავს, რომ მისი მხრიდან არანაირი თანხის შეგროვებასა და მითუმეტეს, ხელშეკრულებით გათვალისწინებულ მომსახურებაში თანხის აღებას ადგილი არ ჰქონია, რასაც განცხადებით ადასტურებენ აღსაზრდელების მშობლები. მოსარჩელე ნ. გ–ი აღნიშნავს, რომ მისთვის უცნობია თუ კონკრეტულად რა დარღვევას ედავება მას დირექტორი. 2016 წლის 20 ოქტომბრის კრების შემდეგ მოსარჩელეები ჩვეულებრივ აგრძელებდნენ მუშაობას, თუმცა 2016 წლის 11 ნოემბერს სამსახურში მისულ მოსარჩელეებს გადასცეს გათავისუფლების შესახებ ბრძანებები.

2. მოპასუხის პოზიცია:

მოპასუხემ მოთხოვნის განხორციელების გამომრიცხველი შესაგებლით სარჩელი არ ცნო და მიუთითა, რომ შრომის კოდექსის შესაბამისად, ვალდებულების უხეში დარღვევის გამო, მოსარჩელეები გათავისუფლდნენ დაკავებული თანამდებობიდან, კერძოდ ნ. გ–მა დაარღვია ბაღის შინაგანაწესის მე-13 მუხლის მე-7 პუნქტის ,,ვ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული ნორმა, კერძოდ აღნიშნული ნორმის საფუძველზე აკრძალულია ხელშეკრულებით გათვალისწინებულ მომსახურებაში თანხის ან საჩუქრის მიღება ან აღნიშნულზე უბრალო მითითებაც. მოპასუხე მიუთითებს, რომ ნ. გ–მა, ისევე როგორც ნ. გ–მა დაარღვია შრომის შინაგანაწესით გათვალისწინებული ეთიკის ნორმები რაც გახდა მისი სამსახურიდან გათავისუფლების საფუძველი. შესაბამისად, მოპასუხის ბრძანებები დასაბუთებულია და არ არსებობს მისი ბათილობის საფუძვლები.

3. პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი:

თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2019 წლის 22 იანვრის გადაწყვეტილებით არ დაკმაყოფილდა ნ. გ–ის სარჩელი. დაკმაყოფილდა ნ. გ–ის სარჩელი, ბათილად იქნა ცნობილი ა(ა)იპ ქ. თბილისის N76 საბავშვო ბაგა-ბაღის დირექტორის 2016 წლის 11 ნოემბრის N91/76 ბრძანება, ა(ა)იპ ქ. თბილისის N76 საბავშვო ბაგა-ბაღის საქმისმწარმოებლის ნ. გ–ის დაკავებული თანამდებობიდან გათავისუფლების შესახებ; ნ. გ–ი აღდგენილ იქნა მოსარჩელე ა(ა)იპ ქ. თბილისის N76 საბავშვო ბაგა-ბაღის საქმისმწარმოებლის თანამდებობაზე; მოპასუხეს დაეკისრა ნ. გ–ის სასარგებლოდ იძულებითი განაცდურის ანაზღაურება ყოველთვიურად 414 ლარის (ხელზე მისაღები) ოდენობით 2016 წლის 14 ნოემბრიდან სამსახურში აღდგენამდე და მოსარჩელის მიერ გადახდილი სახ. ბაჟის 100 ლარის გადახდა. ა(ა)იპ ქ. თბილისის N76 საბავშვო ბაგა-ბაღს სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ დაეკისრა სახელმწიფო ბაჟის 49 ლარის გადახდა.

4. აპელანტის მოთხოვნა:

საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრეს ნ. გ–მა და ა(ა)იპ ქ.თბილისის #76 საბავშვო ბაგა-ბაღმა. პირველმა აპელანტმა მოითხოვა ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის სრულად დაკმაყოფილება, ხოლო მეორე აპელანტმა _ ახალი გადაწყვეტილების მიღებით ნ. გ–ის სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა.

5. გასაჩივრებული გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი:

თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2019 წლის 19 ნოემბრის გადაწყვეტილებით ა(ა)იპ ქ. თბილისის N76 საბავშვო ბაგა-ბაღის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა. ნ. გ–ის სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდა, მის ნაწილში გაუქმდა პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება და მიღებულ იქნა ახალი. ნ. გ–ის სარჩელი დაკმაყოფილდა, ბათილად იქნა ცნობილი ა(ა)იპ ქ. თბილისის N76 საბავშვო ბაგა-ბაღის დირექტორის 2016 წლის 11 ნოემბრის N90/76 ბრძანება, ა(ა)იპ ქ. თბილისის N76 საბავშვო ბაგა-ბაღის აღმზრდელის ნ. გ–ის დაკავებული თანამდებობიდან გათავისუფლების თაობაზე; ნ. გ–ი აღდგენილი იქნა ა(ა)იპ ქ. თბილისის N76 საბავშვო ბაგა-ბაღის აღმზრდელის თანამდებობაზე; მოპასუხე ა(ა)იპ ქ. თბილისის N76 საბავშვო ბაგა-ბაღს ნ. გ–ის სასარგებლოდ დაეკისრა იძულებითი განაცდურის ანაზღაურება ყოველთვიურად 528 ლარის (ხელზე ასაღები) ოდენობით 2016 წლის 14 ნოემბრიდან სამსახურში აღდგენამდე და მოსარჩელის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის ანაზღაურება 250 ლარის ოდენობით.

6. კასატორის მოთხოვნა:

სააპელაციო სასამართლოს განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრა მეორე აპელანტმა, მოითხოვა მისი გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის უარყოფა.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლომ, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის შესაბამისად, შეამოწმა საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხი და მიიჩნევს, რომ იგი დაუშვებელია შემდეგ გარემოებათა გამო:

1. საკასაციო საჩივრის დაუშვებლად ცნობის დასაბუთება:

1.1. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მე-5 ნაწილის შესაბამისად, საკასაციო საჩივარი ქონებრივ ან არაქონებრივ დავაზე დასაშვებია, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებასა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო, არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციასა და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს; ზ) გასაჩივრებულია სააპელაციო სასამართლოს მეორე დაუსწრებელი გადაწყვეტილება ან განჩინება დაუსწრებელი გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების თაობაზე. ზემოაღნიშნული დანაწესები განსაზღვრავს იმ მოთხოვნებს, რომელთაც საკასაციო საჩივარი უნდა შეიცავდეს და ეფუძნებოდეს.

1.2. გასაჩივრებული განჩინების დასაბუთება ძირითადად იმ დასკვნებს ეფუძნება, რომ:

1.2.1. ნ. გ–ი მუშაობდა ქ.თბილისის N76 საბავშვო ბაგა-ბაღში საქმისმწარმოებლის პოზიციაზე მასსა და მოპასუხეს შორის 2014 წლის 3 იანვარს დადებული უვადო შრომითი ხელშეკრულების საფუძველზე და მისი ყოველთვიური შრომითი ანაზღაურება გათავისუფლების მომენტისათვის შეადგენდა 414 ლარს ხელზე ასაღები სახით.

1.2.2. ნ. გ–ი მუშაობდა ქ.თბილისის N76 საბავშვო ბაგა-ბაღში აღმზრდელის პოზიციაზე მასსა და მოპასუხეს შორის 2014 წლის 26 აგვისტოს დადებული უვადო შრომითი ხელშეკრულების საფუძველზე და მისი ყოველთვიური შრომითი ანაზღაურება გათავისუფლების მომენტისათვის შეადგენდა 528 ლარს ხელზე ასაღები სახით.

1.2.3. 2016 წლის 20 ოქტომბერს ქ.თბილისის N76 საბავშვო ბაგა-ბაღში ჩატარდა კრება, კრების ოქმის თანახმად, დღის წესრიგში იყო ბაგა-ბაღის აღმზრდელის ნ. გ–ის ჯგუფში თანხის შეგროვების ფაქტის განხილვა და მშობლებთან ინციდენტი და ასევე, საქმისმწარმოებლის მიერ კანონით გათვალისწინებული სამსახურებრივი მოვალეობის არაჯეროვნად შესრულება. კრების ოქმით დგინდება, რომ მოხდა დაპირისპირება მოსარჩელეებსა და მოპასუხის დირექტორს შორის. კერძოდ, დირექტორმა გამოთქვა უკმაყოფილება ნ. გ–ის ჯგუფში სათამაშოების შესყიდვის მიზნით თანხების შეგროვების თაობაზე, ვინაიდან აღნიშნული ბაღის პრეროგატივაა და მოუწოდა აღმზრდელს, რომ შეგროვებული თანხები უკან დაებრუნებინა მშობლებისთვის. ასევე, ბაღის დირექტორმა ნ. გ–ს სამსახურებრივი მოვალეობების არაჯეროვნად შესრულების გამო გამოუცხადა სიტყვიერი საყვედური, რასაც მოჰყვა მოსარჩელეების აღშფოთება.

1.2.4. ააიპ ქ.თბილისის N76 საბავშვო ბაგა-ბაღის დირექტორის 2016 წლის 11 ნოემბრის N91/76 ბრძანებით, მოსარჩელე ნ. გ–ი გათავისუფლდა დაკავებული თანამდებობიდან 2016 წლის 14 ნოემბრიდან შრომითი ვალდებულების უხეში დარღვევის გამო.

1.2.5. ააიპ ქ.თბილისის N76 საბავშვო ბაგა-ბაღის დირექტორის 2016 წლის 11 ნოემბრის N90/76 ბრძანებით, მოსარჩელე ნ. გ–ი გათავისუფლდა დაკავებული თანამდებობიდან 2016 წლის 14 ნოემბრიდან შრომითი ვალდებულების უხეში დარღვევის გამო.

1.2.6. მხარეებს შორის დადებული შრომითი ხელშეკრულებების 1.3 მუხლის თანახმად, დასაქმებული წინამდებარე ხელშეკრულებაზე ხელის მოწერით ადასტურებს, რომ გაცნობილია და ეთანხმება შრომის შინაგანაწესს.

1.2.7. სააპელაციო პალატამ გაიზიარა საქალაქო სასამართლოს მსჯელობა ნ. გ–ის მიმართ მოთხოვნის ნაწილში, რომლის თანახმადაც მოპასუხე მხარეს არ წარმოუდგენია არცერთი მტკიცებულება, რომლითაც დადასტურდებოდა ნ. გ–ის მიერ დისციპლინური გადაცდომის ჩადენის ფაქტი, ამასთან სასამართლო სხდომაზე მოწმის სახით დაკითხულმა პირებმა არ დაადასტურეს მოსარჩელე ნ. გ–ის მხრიდან არაეთიკური ქმედების ჩადენა.

1.2.8. სააპელაციო პალატამ მიიჩნია, რომ საქალაქო სასამართლომ ნ. გ–ის მიმართ არასწორად დაადგინა საქმის ფაქტობრივი გარემოებები, კერძოდ საქმის მასალებით არ დგინდება მოსარჩელის მხრიდან ბაღის დირექტორის მიმართ სიტყვიერი შეურაცხყოფის მიყენების ფაქტი. სასამართლოს შეფასებით სადავო საკითხებზე მხარეთა შორის მომხდარი მხოლოდ კამათი და ხმამაღალი საუბარი არ შეიძლება გახდეს უპირობოდ მუშაკის სამსახურიდან გათავისუფლების საფუძველი. რაც შეეხება მშობლების მიერ შეკრებილი თანხით სათამაშოების შეძენას, მართალია საქალაქო სასამართლოს სხდომაზე მოწმის სახით დაკითხული აღსაზრდელების მშობლების ჩვენებებით დადასტურდა თანხის 30 ლარის ოდენობით შეგროვებისა და სათამაშოების ყიდვის ფაქტი, თუმცა მათ აღნიშნეს, რომ ეს მოხდა მშობლების ინიციატივით. სასამართლომ მოცემულ ეპიზოდში გამორიცხა ნ. გ–ის მხრიდან რაიმე სახის ბრალეული ქმედების ჩადენა. სააპელაციო პალატის დასკვნით, სამსახურებრივი მოვალეობის შესრულების დროს ნ. გ–ის მხრიდან არანაირ დარღვევას, მით უფრო უხეში სახის დარღვევას ადგილი არ ჰქონია, რის გამოც არ არსებობდა მისი სამსახურიდან გათავისუფლების საფუძველი.

1.3. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 407-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, სააპელაციო სასამართლოს მიერ დამტკიცებულად ცნობილი ფაქტობრივი გარემოებები სავალდებულოა საკასაციო სასამართლოსათვის, თუ წამოყენებული არ არის დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია (შედავება). დასაბუთებული პრეტენზია გულისხმობს მითითებას იმ პროცესუალურ დარღვევებზე, რომლებიც დაშვებული იყო სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვის დროს და რამაც განაპირობა ფაქტობრივი გარემოებების არასწორად შეფასება-დადგენა, მატერიალურ-სამართლებრივი ნორმის არასწორად გამოყენება ან/და განმარტება. საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ კასატორს სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებთან მიმართებით არ წარმოუდგენია დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია (შედავება).

1.4. საკასაციო პალატა უარყოფს კასატორის პრეტენზიებს და განმარტავს, რომ განსახილველი სარჩელის სამართლებრივი საფუძვლები მოცემულია საქართველოს ორგანული კანონის შრომის კოდექსის 37(1)(ზ), 38(8) და 44-ე მუხლებში, ასევე საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 54-ე, 115-ე, 394(1)-ე და 408(1) მუხლებში. პალატის მოსაზრებით სარჩელი ფორმალური თვალსაზრისით დასაბუთებულია, რაც იმას ნიშნავს, რომ მასში გადმოცემულია მოთხოვნის დამფუძნებელი ნორმების გამოყენებისათვის ყველა წინაპირობა. მოპასუხე გამორიცხავს მისი მხრიდან შრომითი ურთიერთობის შეწყვეტის არაკანონიერად განხორციელებას და თვლის, რომ მის მიერ გამოხატული ხელშეკრულების შეწყვეტის ნება ემყარებოდა, როგორც საქმის ფაქტობრივი გარემოებების ყოველმხრივ გამოკვლევა-შეფასებას, ისე შრომითი უფლების დაცვის კონსტიტუციურ პრინციპებს. ამასთან, კასატორი მიიჩნევს, რომ მხარეთა შორის მტკიცების ტვირთის განაწილების კონტექსტში მან საკმარისი მტკიცებულებები წარადგინა, რაც ქვემდგომი სასამართლოების მხრიდან არასწორად შეფასდა. საკასაციო პალატა საჩივარში გადმოცემული პრეტენზიების განხილვისა და იმ ფაქტის გათვალისწინებით, რომ საქმე არსებითად არ იქნა განხილული მისი დაუშვებლად მიჩნევის გამო, მხოლოდ მოკლედ უპასუხებს საჩივრის ავტორს: კერძოდ, კასატორმა სასამართლო ვერ დაარწმუნა მასში, რომ ქვემდგომმა სასამართლოებმა საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებების შეფასებისას არსებითად დაარღვიეს საპროცესო კოდექსის 105-ე მუხლით დადგენილი მტკიცებულებათა შეფასების სტანდარტი, რამაც გავლენა მოახდინა საქმის გადაწყვეტის საბოლოო შედეგზე. კასატორმა დამაჯერებლად ვერ აჩვენა სასამართლოს, თუ რატომ იყო უპირატესი შრომითი ურთიერთობის შეწყვეტა მის შენარჩუნებასთან შედარებით და შენარჩუნების პირობებში რა საფრთხის წინაშე დადგებოდა აღზრდის ან/და ბაგა-ბაღის ორგანიზაციული მართვის საკითხები. აქედან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო სრულად ეთანხმება ქვემდგომი სასამართლოების მხრიდან შრომითი ურთიერთობის შენარჩუნებისა და ULTIMA RATIO პრინციპის გამოყენებას. საბოლოოდ, პალატა ასკვნის, რომ კასატორი ვერ ამტკიცებს გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმების სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 393-ე-394-ე მუხლებით გათვალისწინებული წინაპირობების არსებობას.

1.5. ამდენად, განსახილველი დავა არ წარმოადგენს იშვიათ სამართლებრივ პრობლემას, რომელიც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას, რადგანაც შრომითი ურთიერთობის მოშლისა და პირვანდელი მდგომარეობის აღდგენის საკითხზე არსებობს საკასაციო სასამართლოს მიერ დადგენილი ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკა. კასატორი ვერ მიუთითებს იმგვარ გარემოებებზე, რაც სასამართლოს მისცემდა ვარაუდის საფუძველს, რომ საქმის არსებითი განხილვის შედეგად მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილება შეიძლება ყოფილიყო მიღებული. სააპელაციო სასამართლოს მიერ მოცემული საქმე არ არის განხილული მნიშვნელოვანი მატერიალური ან საპროცესო სამართლის ნორმების დარღვევებით, რომელსაც შეეძლო, არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე. გარდა ამისა, საკასაციო სასამართლოს შეფასების საგანს არ წარმოადგენს სააპელაციო სასამართლოს მეორე დაუსწრებელი გადაწყვეტილება ან განჩინება დაუსწრებელი გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების თაობაზე, ხოლო კასატორი ვერც ქვემდგომი სასამართლოს შეფასებებისა და დასკვნების წინააღმდეგობრიობას ვერ ამტკიცებს მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციის დებულებებთან და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალთან, რის გამოც საკასაციო საჩივარს არა აქვს წარმატების პერსპექტივა.

1.6. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის საფუძველზე, საკასაციო სასამართლო არ არის უფლებამოსილი, დაუშვას საკასაციო საჩივარი, რის გამოც მას უარი უნდა ეთქვას განხილვაზე.

2. სასამართლო ხარჯები:

საკასაციო საჩივრის დაუშვებლად ცნობის გამო, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად (საკასაციო საჩივრის დაუშვებლად ცნობის შემთხვევაში პირს დაუბრუნდება მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 70 პროცენტი), კასატორს სახელმწიფო ბიუჯეტიდან უნდა დაუბრუნდეს მის მიერ 25.05.2020წ. #68 საგადახდო დავალებით სახელმწიფო ბაჟის სახით გადახდილი 390 ლარის, 25.05.2020წ. #1590406679 საგადახდო დავალებით გადახდილი 310,50 ლარის, 06.08.2020წ. #106 საგადახდო დავალებით გადახდილი 434,70 ლარისა და 06.08.2020წ. #107 საგადახდო დავალებით გადახდილი 560,20 ლარის, სულ _ 1 695,4 ლარის 70% _ 1 186,78 ლარი.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-7, 284-ე, 285-ე, 391-ე, 401-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. ა(ა)იპ ქ.თბილისის #76 საბავშვო ბაგა-ბაღის საკასაციო საჩივარი დარჩეს განუხილველად დაუშვებლობის გამო.

2. კასატორ ა(ა)იპ ქ.თბილისის #76 საბავშვო ბაგა-ბაღს (ს/კ #208145728) სახელმწიფო ბიუჯეტიდან (ქ.თბილისი, „სახელმწიფო ხაზინა“, ბანკის კოდი TRESGE22, მიმღების ანგარიშის №200122900, სახაზინო კოდი 300773150) დაუბრუნდეს მის მიერ 25.05.2020წ. #68 საგადახდო დავალებით სახელმწიფო ბაჟის სახით გადახდილი 390 ლარის, 25.05.2020წ. #1590406679 საგადახდო დავალებით გადახდილი 310,50 ლარის, 06.08.2020წ. #106 საგადახდო დავალებით გადახდილი 434,70 ლარისა და 06.08.2020წ. #107 საგადახდო დავალებით გადახდილი 560,20 ლარის, სულ _ 1 695,4 ლარის 70% _ 1 186,78 ლარი.

3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.

თავმჯდომარე ბ. ალავიძე

მოსამართლეები: ე. გასიტაშვილი

ზ. ძლიერიშვილი