საქმე №ას-1489-2019 5 ივნისი, 2020 წელი,
ქ. თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატა
შემადგენლობა:
ეკატერინე გასიტაშვილი (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
მოსამართლეები: ზურაბ ძლიერიშვილი,
ბესარიონ ალავიძე
საქმის განხილვის ფორმა _ ზეპირი განხილვის გარეშე
კასატორი – ე.დ–ი (მოსარჩელე)
მოწინააღმდეგე მხარე – ი.კ–ძე (მოპასუხეები)
გასაჩივრებული გადაწყვეტილება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2019 წლის 14 ივნისის გადაწყვეტილება
კასატორის მოთხოვნა – გასაჩივრებული გადაწყვეტილების ნაწილობრივ გაუქმება და, ახალი გადაწყვეტილების მიღებით, სარჩელის სრულად დაკმაყოფილება
დავის საგანი – ქონების ყადაღისაგან გათავისუფლება
საკითხი, რომელზედაც მიღებულია განჩინება - საკასაციო საჩივრის უარყოფა
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
1. საჯარო რეესტრის ამონაწერის თანახმად, უძრავ ნივთზე, მდებარე: ქალაქი თბილისი, ...., ბინა N8 (ს/კ .........) რეგისტრირებულია ე.დ–ის (შემდეგში: მოსარჩელე ან კასატორი) საკუთრების უფლება (ს.ფ. 15-16).
2. თბილისის სააღსრულებო ბიუროს 2018 წლის 10 აგვისტოს ნივთის აღწერისა და დაყადაღების შესახებ აქტით დაყადაღებულია შემდეგი მოძრავი ნივთები: 1. მოთეთრო ფერის „სამსუნგის“ ფირმის ტელევიზორი; 2. სამეული- მოყავისფრო-მოთეთრო ფერის ნაჭრის (ალკანტარას) დივანი და 2 ცალი იმავე ფერის და ნაჭრის სავარძელი; 3. მოყავისფრო ხის ოთხკუთხედი ჟურნალების მაგიდა; 4. მოშავო ფერის, „სამსუნგის“ ფირმის ორკამერიანი მაცივარი; 5. მოთეთრო ფერის ოთხკუთხედი ხის მაგიდა; 6. მოთეთრო ფერის ნაჭრის 6 სკამი; 7. მოშავო ფერის „ტოშიბას“ ფირმის ტელევიზორი; 8. მოშავო ფერის „LG“-ის ფირმის ტელევიზორი; 9. მოთეთრო ფერის „ინდეზიტის“ ფირმის სარეცხი მანქანა; 10. მოშავო ფერის „ლენოვოს“ ფირმის ლეპტოპი.
3. საქართველოს იუსტიციის სამინისტროს აღსრულების ეროვნული ბიუროს თბილისის სააღსრულებო ბიუროს მიერ 2018 წლის 6 სექტემბერს გაცემული № 63052 წერილის მიხედვით, 2018 წლის 10 აგვისტოს ნივთის აღწერისა და დაყადაღების შესახებ აქტით დაყადაღებულ სადავო მოძრავ ნივთებზე იძულებითი აუქციონი დანიშნული არ არის.
4. თბილისის საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება
4.1. მოსარჩელის სარჩელი ი.კ–ძისა (შემდეგში: მეორე მოპასუხე ან აპელანტი) და ბ.კ–ს (შემდეგში: თავდაპირველი მოპასუხე) წინააღმდეგ დაკმაყოფილდა;
4.2. ყადაღისაგან გათავისუფლდა თბილისის სააღსრულებო ბიუროს 2018 წლის 10 აგვისტოს ნივთის აღწერისა და დაყადაღების შესახებ აქტით დაყადაღებული ნივთები: 1. მოთეთრო ფერის „სამსუნგის“ ფირმის ტელევიზორი; 2. სამეული- მოყავისფრო-მოთეთრო ფერის ნაჭრის (ალკანტარას) დივანი და 2 ცალი იმავე ფერის და ნაჭრის სავარძელი; 3. მოყავისფრო ხის ოთხკუთხედი ჟურნალების მაგიდა; 4. მოშავო ფერის, „სამსუნგის“ ფირმის ორკამერიანი მაცივარი; 5. მოთეთრო ფერის ოთხკუთხედი ხის მაგიდა; 6. მოთეთრო ფერის ნაჭრის 6 სკამი; 7. მოშავო ფერის „ტოშიბას“ ფირმის ტელევიზორი; 8. მოშავო ფერის „LG“-ის ფირმის ტელევიზორი; 9. მოთეთრო ფერის „ინდეზიტის“ ფირმის სარეცხი მანქანა; 10. მოშავო ფერის „ლენოვოს“ ფირმის ლეპტოპი.
4.3. საქალაქო სასამართლოს შეფასებით, მოცემულ საქმეზე წარმოდგენილი მტკიცებულებებით, მათ შორის - ამონაწერით საჯარო რეესტრიდან, ასევე ხელშეკრულებებით, მოწმეთა ჩვენებებითა და მხარეთა ახსნა-განმარტებებით სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ დაყადაღებული მოძრავი ნივთების მესაკუთრეს წარმოადგენს მოსარჩელე და არა მოვალე (თავდაპირველი მოპასუხე -იხ. წინამდებარე განჩინების 4.1 ქვეპუნქტი). ამასთან, მოპასუხემ ვერ დაადასტურა სადავოდ გამხდარი ფაქტობრივი გარემოება იმის თაობაზე, რომ მოსარჩელესა და მოპასუხეს შორის განქორწინება ფიქტიურია, რაც მისი მტკიცების ტვირთს წარმოადგენდა.
4.4. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის (შემდეგში: სსსკ) მე-4 მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სამართალწარმოება მიმდინარეობს შეჯიბრებითობის საფუძველზე. მხარეები სარგებლობენ თანაბარი უფლებებითა და შესაძლებლობებით, დაასაბუთონ თავიანთი მოთხოვნები, უარყონ ან გააქარწყლონ მეორე მხარის მიერ წამოყენებული მოთხოვნები, მოსაზრებები თუ მტკიცებულებები. მხარეები თვითონვე განსაზღვრავენ, თუ რომელი ფაქტები უნდა დაედოს საფუძვლად მათ მოთხოვნებს ან რომელი მტკიცებულებებით უნდა იქნას დადასტურებული ეს ფაქტები. ამავე კოდექსის 102-ე მუხლის მიხედვით, მტკიცების ტვირთი აკისრიათ მხარეებს. საქმის გარემოებები, რომლებიც კანონის თანახმად უნდა დადასტურდეს გარკვეული სახის მტკიცებულებებით, არ შეიძლება დადასტურდეს სხვა სახის მტკიცებულებებით. სსსკ-ის 105-ე მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად კი, სასამართლო აფასებს მტკიცებულებებს თავისი შინაგანი რწმენით, რომელიც უნდა ემყარებოდეს მათ ყოველმხრივ, სრულ და ობიექტურ განხილვას, რის შედეგადაც მას გამოაქვს დასკვნა საქმისათვის მნიშვნელობის მქონე გარემოებების არსებობის ან არარსებობის შესახებ.
4.5. მოცემულ შემთხვევაში, საქალაქო სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ დაყადაღებული ნივთების მესაკუთრეს წარმოადგენს მოსარჩელე. „სააღსრულებო წარმოებათა შესახებ“ საქართველოს კანონის (შემდეგში: სპეციალური კანონი) მე-40 მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, მოძრავ ქონებაზე ყადაღის დადება ნიშნავს მოვალის ქონების აღწერას, მესაკუთრისათვის ქონების განკარგვის – ნებისმიერი ფორმით გასხვისების, დაგირავების, მასზე ქირავნობისა და იჯარის ხელშეკრულებების დადების – აკრძალვის გამოცხადებას ანდა ქონების შესანახად გადაცემას. აღმასრულებელი ყადაღადადებულ ნივთებს აღნუსხავს ქონების აღწერისა და დაყადაღების აქტში. ნორმის ანალიზი ცხადჰყოფს, რომ ყადაღა შეიძლება დაედოს მხოლოდ მოვალის კუთვნილ მოძრავ ქონებას. დასახელებული სპეციალური კანონის 32-ე მუხლის პირველი და მეორე პუნქტების თანახმად, თუ მესამე პირი ამტკიცებს, რომ მას აღსრულების საგანზე გააჩნია უფლება, მაშინ იმ სასამართლოში, რომლის სამოქმედო ტერიტორიაზედაც ხდება აღსრულება, შეუძლია აღძრას სარჩელი. ასეთ სარჩელს სასამართლო განიხილავს სასარჩელო წარმოების წესით (სარჩელი ყადაღისაგან ქონების გათავისუფლების შესახებ). სარჩელი ყადაღისაგან ქონების გათავისუფლების შესახებ წარედგინება მოვალესა და კრედიტორს.
4.6. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის (შემდეგში: სსკ) 151-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, საკუთვნებელი არის მოძრავი ნივთი, რომელიც, თუმცა არ არის მთავარი ნივთის შემადგენელი ნაწილი, მაგრამ განკუთვნილია მთავარი ნივთის სამსახურისთვის, დაკავშირებულია მასთან საერთო სამეურნეო დანიშნულებით, რის გამოც იგი სივრცობრივ კავშირშია მთავარ ნივთთან და, დამკვიდრებული შეხედულების მიხედვით, ითვლება საკუთვნებლად. საკუთვნებლის თვისებას შეადგენს ის, რომ იგი მთავარ ნივთთან დაკავშირებულია საერთო სამეურნეო დანიშნულებით, რაც გამოიხატება იმაში, რომ საკუთვნებელი განკუთვნილია მთავარი ნივთის სამსახურისათვის. საკუთვნებელი სივრცობრივად უკავშირდება მთავარ ნივთს, საწინააღმდეგოს დამტკიცებამდე, მთავარი ნივთის მესაკუთრე იმავდროულად საკუთვნებლის მესაკუთრედ მიიჩნევა. საცხოვრებელ ბინაში არსებული ავეჯი განკუთვნილია მისი სამსახურისათვის და დაკავშირებულია მასთან საერთო სამეურნეო დანიშნულებით. აღმასრულებლის მიერ ყადაღადადებული ნივთები წარმოადგენს მოსარჩელის მფლობელობაში არსებული უძრავი ქონების - საცხოვრებელი სახლის საკუთვნებელს.
4.7. მოცემულ შემთხვევაში დადგენილია, რომ უძრავი ნივთის მდებარე: ქალაქი თბილისი, ........, ბინა N8-ის (ს/კ ..........) მესაკუთრეა მოსარჩელე, ხოლო ბინაში განთავსებული მოძრავი ნივთების მოპასუხე ბ.კ–სადმი კუთვნილების ფაქტი არ დასტურდება, რის გამოც სასარჩელო მოთხოვნა უნდა დაკმაყოფილდეს და მოძრავი ნივთები უნდა გათავისუფლდეს ყადაღისგან.
5. მოპასუხის სააპელაციო საჩივარი
5.1. წინამდებარე განჩინების 4.1 ქვეპუნქტში მითითებულმა მეორე მოპასუხემ სააპელაციო წესით გაასაჩივრა თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2019 წლის 14 ივნისის გადაწყვეტილება, მისი გაუქმება და, ახალი გადაწყვეტილების მიღებით, სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა მოითხოვა იმ დასაბუtებით, რომ სარჩელს მოსარჩელემ დაურთო ხელშეკრულებები და გადახდის ქვითრები, რომელთაგან 5 ხელშეკრულებაში მითითებულია როგორც თავად მოსარჩელის, ისე- თავდაპირველი მოპასუხის (იხ. 4.1 ქვეპუნქტი) მობილური ტელეფონის ნომრები. წარმოდგენილი ხელშეკრულებებიდან მხოლოდ ორი არის იმ ნივთებზე, რომელიც დაყადაღების აქტშია, ხოლო დანარჩენ ხელშეკრულებებში არ არის მითითებული დაყადაღებული ნივთების ჩამონათვალი. მოსარჩელეს არ წარუდგენია სასამართლოსათვის ნივთის შესაძენად გადახდილი თანხის დამადასტურებელი მტკიცებულებები.
6. თბილისის სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება და დასკვნები
6.1. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2019 წლის 14 ივნისის გადაწყვეტილებით ნაწილობრივ დაკმაყოფილდა მოპასუხის სააპელაციო საჩივარი, გაუქმდა თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2019 წლის 20 თებერვლის გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის მეორე პუნქტი ნაწილობრივ;
6.2. სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებით ყადაღისაგან გათავისუფლდა თბილისის სააღსრულებო ბიუროს 2018 წლის 10 აგვიტოს ნივთის აღწერისა და დაყადაღების აქტით დაყადაღებული შემდეგი ნივთები: 1. მოთეთრო ფერის „სამსუნგის“ ფირმის ტელევიზორი; 3. მოყავისფრო ხის ოთხკუთხედი ჟურნალების მაგიდა; 4. მოშავო ფერის, „სამსუნგის“ ფირმის ორკამერიანი მაცივარი; 6. მოთეთრო ფერის ნაჭრის 6 სკამი; 7. მოშავო ფერის „ტოშიბას“ ფირმის ტელევიზორი; 8. მოშავო ფერის „LG“-ის ფირმის ტელევიზორი; 9. მოთეთრო ფერის „ინდეზიტის“ ფირმის სარეცხი მანქანა; 10. მოშავო ფერის „ლენოვოს“ ფირმის ლეპტოპი. დანარჩენ ნაწილში გასაჩივრებული გადაწყვეტილება უცვლელად დარჩა (იხ. წინამდებარე განჩინების 4.2 ქვეპუნქტი, ასევე- სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი - ტ.2, ს.ფ.54).
6.3.სააპელაციო სასამართლომ განმარტა, რომ მოცემულ შემთხვევაში მსჯელობის საგანს წარმოადგენდა აღმასრულებლის მიერ დაყადაღებული მოძრავი ნივთების კუთვნილება, კერძოდ, არის თუ არა ბ.კ–ძე (თავდაპირველი მოპასუხე) აღმასრულებლის მიერ შედგენილ აქტში დასახელებული ნივთების მესაკუთრე.
6.4. სააპელაციო სასამართლომ მიუთითა სსკ-ის 158 - ე მუხლზე „ივარაუდება, რომ ნივთის მფლობელი არის მისი მესაკუთრე“ (ნაწილი პირველი); „ეს წესი არ მოქმედებს იმ შემთხვევაში, როცა ნივთზე საკუთრებითი ურთიერთობის ხასიათი საჯარო რეესტრიდან ვლინდება. საკუთრების პრეზუმფცია არ გამოიყენება არც ძველი მფლობელის მიმართ, თუ მან ეს ნივთი დაკარგა, მოჰპარეს ან სხვაგვარად გავიდა მისი მფლობელობიდან. საკუთრების პრეზუმფცია მოქმედებს ძველი მფლობელის სასარგებლოდ მხოლოდ მისი მფლობელობის პერიოდში (ნაწილი მეორე). დასახელებული მუხლით გათვალისწინებული ვარაუდი (პრეზუმფცია) ასახავს იმ შემთხვევებს, როდესაც ბრუნვის მონაწილეთათვის უცნობია მფლობელობის უკან არსებული უფლება, ხშირ შემთხვევაში უცნობია მფლობელის უფლებები, მაგრამ სამართლებრივი წესრიგი მოითხოვს, მფლობელის კეთილსინდისიერებაზე დაყრდნობას და მის მიჩნევას ნივთის მესაკუთრედ საწინააღმდეგოს დამტკიცებამდე;
6.5. სსკ-ის 151-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად „საკუთვნებელი არის მოძრავი ნივთი, რომელიც, თუმცა არ არის მთავარი ნივთის შემადგენელი ნაწლი, მაგრამ განკუთვნილია მთავარი ნივთის სამსახურისთვის, დაკავშირებულია მასთან საერთო სამეურნეო დანიშნულებით, რის გამოც იგი სივრცობრივ კავშირშია მთავარ ნივთთან და, დამკვიდრებული შეხედულების თანახმად, ითვლება საკუთვნებლად“. საკუთვნებლის თვისებას შეადგენს ის, რომ იგი მთავარ ნივთთან დაკავშირებულია საერთო სამეურნეო დანიშნულებით, რაც იმაში გამოიხატება, რომ საკუთვნებელი განკუთვნილია მთავარი ნივთის სამსახურისათვის. საკუთვნებელი სივრცობრივად უკავშირდება მთავარ ნივთს, საწინააღმდეგოს დამტკიცებამდე, მთავარი ნივთის მესაკუთრე იმავდროულად საკუთვნებლის მესაკუთრედ მიიჩნევა.
6.6. საცხოვრებელ ბინაში არებული ავეჯი განკუთვნილია მისი სამსახურისათვის და დაკავშიერებულია უძრავ ნივთთან საერთო სამეურნეო დანიშნულებით. აღმასრულებლის მიერ დაყადაღებული ნივთები მოსარჩელის საკუთრებად რიცხული უძრავი ქონების -საცხოვრებელი ბინის საკუთვნებელს წარმოადგენს;
6.7. წინამდებარე განჩინების 4.5 მუხლში დასახელებული სპეციალური კანონის 32.1-ე და 32.2-ე მუხლების თანახმად, თუ მესამე პირი ამტკიცებს, რომ მას აღსრულების საგანზე გააჩნია უფლება, მაშინ იმ სასამართლოში, რომლის სამოქმედო ტერიტორიაზეც ხდება აღსრულება, მესამე პირს შეუძლია აღძრას სარჩელი. ასეთ სარჩელს სასამართლო განიხილავს სასარჩელო წარმოების წესით (სარჩელი ყადაღისაგან ქონების გათავისუფლების შესახებ). სარჩელი ყადაღისაგან ქონების გათავისუფლების შესახებ წარედგინება მოვალესა და კრედიტორს.
6.8. სსკ-ის 158- ე მუხლის პირველი ნაწილით (ნორმის დეფინიცია იხ. 6.4 ქვეპუნქტში) დადგენილია, რომ ნივთზე მფლობელის უფლებამოსილების არამართლზომიერების მტკიცების ტვირთი უფლების შემცილებელს აწევს. ამდენად, იმის გათვალისწინებით, რომ უძრავი ნივთის მესაკუთრეს წარმოადგენდა მოსარჩელე, რომლის სასარგებლოდაც მოქმედებს კანონით განმსაზღვრული საკუთვნებლის მესაკუთრედ ყოფნის პრეზუმფცია, ეს პრეზუმფცია მოპასუხეს უნდა გაექარწყლებინა.
6.9. სააპელაციო სასამართლომ მიუთითა, რომ სასამართლო მტკიცება წარმოადგენს მტკიცებულებათა შეგროვების, შემოწმებისა და შფასებისათვის სასამართლოსა და მხარეების სამართლით მოწესრიგებულ საქმიანობას, რომლის მიზანია საქმის გადასაწყვეტად მნიშვნელობის მქონე გარემოებების (ფაქტების) დადგენა. უპირველეს ყოვლისა, რაც მხარემ უნდა გააკეთოს დამტკიცების მოვალეობის შესასრულებლად, ესაა მტკიცებულებების წარდგენა სასამართლოში იმ ფაქტის დადგენის მიზნით, რომლის დამტკიცების მოვალებაც მას ეკისრება. მხარის მიერ წარდგენილი მტკიცებულება ისეთ კავშირში უნდა იყოს დასადგენ გარემოებასთან, რომ შესაძლებელი იყოს ამ გარემოების არსებობა-არარასების შესახებ უტყუარი დასკვნის გაკეთება. მხარე საქმის შდეგით დაინტერესებული პირია, რამაც შესაძლოა გავლენა მოახდინოს მისი ახსნა-განმარტების სისწორესა და უტყუარობაზე. მხარის ყოველი განმარტება ფაქტის შესახებ, რომელიც გაკეთებულია მის სასარგებლოდ, მართალია, მტკიცებულებას წარმოადგენს, მაგრამ არასაკმარისია, რომელიც მოითხოვს დადასტურებას სხვა მტკიცებულების მეშვეობით (შეად. ლილუაშვილით., ლილუაშვილი გ,. ხრუსტალი ვ., ძლიერიშვილი ზ., სამოქალაქო საპროცესო სამართალი, I ნაწილი, თბილისი, 2014, გამომცემლობა „სამართალი“, 259, 284, 308).
6.10 სააპელაციო სასამართლო არ იზიარებს პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემობას იმის თაობაზე, რომ სარჩელში მითითებული ქონება სრულად მოსარჩელის საკუთრებას წარმოადგენს. სარჩელზე თანდართული მტკიცებულებების შესწავლით, რომლებიც მოსარჩელის მიერ მიჩნეულია სადავო ნივთებზე საკუთრების უფლების დასადასტურებლად, დგინდება, რომ მოსარჩელემ შეიძინა სამეული - მოყავისფრო-მოთეთრო ფერის ნაჭრის (ალკანტარას) დივანი და 2 ცალი იმავე ფერის და ნაჭრის სავარძელი და მოთეთრო ფერის ოთხკუთხედი ხის მაგიდა;
6.11. მოსარჩელე წინამდებარე განჩინების პირველ პუნქტში მითითებული უძრავი ქონების (ბინის) მესაკუთრეს წარმოადგენს 2018 წლის 30 ივლისიდან, ხოლო 2018 წლის 10 აგვისტოს ქონების აღწერისა და დაყადაღების აქტში მე-2 და მე-5 ნომრად მითითებული მოძრავი ნივთები (იხ. წინამდებარე განჩინების მე-2 პუნქტი), რომლებიც განთავსებულია მოსარჩელის საკუთრებად რიცხულ ბინაში, შეძენილია 2016-2017 წლებში (იხ. ტ.1, ს.ფ.20-21 და 32-33). გარდა აღნიშნულისა, ავეჯის მიწოდების შესახებ ხელშეკრულებების პირველივე გვერდზე, მხარეთა ხელმოწერების გრაფაში დამკვეთის მხარეს მითითებულია თვითონ მოსარჩელისა და მისი ყოფილი მეუღლის (თავდაპირველი მოპასუხის - იხ. 4.1 ქვეპუნქტი) ტელეფონის ნომრები. წყვილი 2018 წლის 12 თებერვალს განქორწინდა.
6.12. სააპელაციო სასამართლო ყურადღებას ამახვილებს იმ გარემოებაზე, რომ მოსარჩელემ თავდაპირველი მოპასუხის (ყოფილი მეუღლის) მისამართად სარჩელში მიუთითა ...... ქ. 52, თუმცა, აღნიშნულ მისამართზე გზავნილის უკუგზავნილით (იხ. ტ. 1, ს.ფ. 52) ირკვევა, რომ თავდაპირველი მოპასუხე ამ მისამართზე არ ცხოვრობს. მეორე მოპასუხის მიერ წარდგენილი შესაგებლის უკუგზავნილზეც (იხ. ტ. 1, ს.ფ. 71) კურიერის მიერ იგივე ჩანაწერია დაფიქსირებული, კერძოდ, მეზობლების განმარტებით, თავდაპირველი მოპასუხე ...... ქ. 52-ში არ ცხოვრობს. თავდაპირველ მოპასუხეს სააღსრულებო ბიუროდან წინადადება გადაწყვეტილების შესრულებისა და ქონებრივი ნუსხის წარმოდგენის შესახებ მოთხოვნა ბარდება იმ მისამართზე, რომელიც მისი ყოფილი მეუღლის (მოსარჩელის) საკუთრებად რიცხული ბინის მისამართია - .......... ქ. 12, ბინა N 8 (იხ. ტ. 1, ს.ფ. 82-89). მართალია, თავდაპირველმა მოპასუხემ სასამართლო სხდომაზე განაცხადა, რომ მან სააღსრულებო ბიუროს მიერ გაგზავნილი გზავნილები ფოსტის შენობაში ჩაიბარა მას შემდეგ, რაც მოსარჩელემ დაურეკა და უთხრა, რომ მის სახელზე საფოსტო კორესპონდენცია იყო მისული .......... ქუჩაზე, თუმცა, ამ განმარტების დამადასტურებელი რაიმე მტკიცებულება საქმეში არ მოიპოვება.
6.13. სააპელაციო სასამართლომ ზემოხსენებული გარემოებების საფუძველზე დაასკვნა, რომ 2018 წლის 10 აგვისტოს ქონების აღწერისა და დაყადაღების აქტის მე-2 და მე-5 ნომრებად მითითებული მოძრავი ნითები არ წარმოადგენს მხოლოდ მოსარჩელის საკუთრებას და ისინი შეძენილია მოსარჩელისა და თავდაპირველი მოპასუხის თანაცხოვრების პერიოდში და, ეს მოძრავი ნივთები არ უნდა გათავისუფლდეს ყადაღისაგან, დანარჩენ ნაწილში კი სარჩელი არ უნდა დაკმაყოფილდეს.
7. მოსარჩელის საკასაციო საჩივარი
7.1. მოსარჩელემ საკასაციო წესით გაასაჩივრა სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2019 წლის 14 ივნისის გადაწყვეტილება, მისი ნაწილობრივ გაუქმება და, ახალი გადაწყვეტილების მიღებით, სარჩელის დაუკმაყოფილებელი ნაწილის დაკმაყოფილება მოითხოვა იმ ძირითად არგუმენტებზე დაყრდნობით, რომ მოსარჩელე და მისი ყოფილი მეუღლე (თავდაპირველი მოპასუხე) წლებია ერთად აღარ ცხოვრობენ. თავდაპირველი მოპასუხე 2015 წლის თებერვლიდან 2017 წლის 1 მარტამდე პატიმრობაში იმყოფებოდა, ხოლო გათავისუფლების შემდეგ აღარ უცხოვრია ერთ ოჯახად მოსარჩელესთან;
7.2. ქონების აღწერისა და დაყადაღების შესახებ 2018 წლის 10 აგვისტოს აქტში მე-2 და მე-5 ნომრებად დასახელებული მოძრავი ნივთები ვერ იქნება თანაცხოვრების პერიოდში შეძენილი;
7.3. ავეჯის მიწოდების ხელშეკრულებებში მოსარჩელისა და თავდაპირველი მოპასუხის ტელეფონის ნომრების მითითებას დაეყრდნო სააპელაციო სასამართლო გადაწყვეტილების მიღებისასა, რაც იურიდიულად დაუსაბუთებელია, რადგან ავეჯის შეძენის ხელშეკრულებას მხოლოდ მოსარჩელე (კასატორი) აწერს ხელს; სესხიც მხოლოდ მოსარჩელის მიერ არის გამოტანილი; საქმეშია გადახდის ქვითრები, სადაც გადამხდელის გვარი არ ჩანს იმიტომ, რომ საბანკო აპარატებით არის თანხა გადახდილი. ყველა მოძრავი ნივთი მხოლოდ მოსარჩელის საკუთრებაა და სააპელაციო სასამართლომ არასწორად განმარტა სსკ-ის 151-ე მუხლი;
7.4. თავდაპირველ მოპასუხეს სასამართლოს გზავნილები არ ჩაბარებია მოსარჩელის საკუთრებად რიცხული ბინის მისამართზე; მოსარჩელემ რა მისამართიც იცოდა, ის მიუთითა; მეორე მოპასუხეს არ წარუდგენია მტკიცებულება, რომ თავდაპირველი მოპასუხე მოსარცელესთან ცხოვრობს.
8. საკასაციო სამართალწარმოების ეტაპი
8.1 საკასაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის განჩინებით მოსარჩელის საკასაციო საჩივარი დასაშვებად იქნა ცნობილი სსსკ-ის 391-ე მუხლის მე-5 ნაწილის „ე“ ქვეპუნქტის საფუძველზე.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლო საქმის შესწავლის, მტკიცებულებათა გაანალიზების, მხარეთა ახსნა-განმარტებების შემოწმებისა და მოსარჩელის საკასაციო საჩივრის სამართლებრივი დასაბუთებულობის არსებითად განხილვის შედეგად მივიდა დასკვნამდე, რომ საკასაციო განაცხადი დაუსაბუთებულია და არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგი არგუმენტაციით:
9. სსსკ-ის 404-ე მუხლის პირველი ნაწილით, საკასაციო სასამართლო გადაწყვეტილებას ამოწმებს საკასაციო საჩივრის ფარგლებში, ამავე კოდექსის 407-ე მუხლის პირველი ნაწილით, საკასაციო სასამართლო იმსჯელებს მხარის მხოლოდ იმ ახსნა-განმარტებაზე, რომელიც ასახულია სასამართლო გადაწყვეტილებებსა და სხდომის ოქმებში. გარდა ამისა, შეიძლება მხედველობაში იქნეს მიღებული ამ კოდექსის 396-ე მუხლის პირველი ნაწილის „ვ“ ქვეპუნქტში მითითებული ფაქტები; ამავე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, სააპელაციო სასამართლოს მიერ დამტკიცებულად ცნობილი ფაქტობრივი გარემოებები სავალდებულოა საკასაციო სასამართლოსათვის, თუ წამოყენებული არ არის დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია (შედავება). საკასაციო სასამართლოს შეფასებით კასატორს ასეთი დასაბუთებული საკასაციო შედავება არ აქვს წარმოდგენილი.
10. საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე-6 მუხლის პირველი პარაგრაფი ავალდებულებს სასამართლოს, დაასაბუთოს თავისი გადაწყვეტილება, რაც არ უნდა იქნეს გაგებული თითოეულ არგუმენტზე დეტალური პასუხის გაცემად (იხ. ჯღარკავა საქართველოს წინააღმდეგ, # 7932/03; Van de Hurk v. Netherlands, par.61, Garcia Ruiz v. Spain [GC] par.26; Jahnke and Lenoble v France (dec.); Perez v France [GC], par. 81). საკასაციო სასამართლო იზიარებს სააპელაციო სასამართლოს მსჯელობასა და დასკვნებს, რაც საკასაციო პრეტენზიის არსებითად განხილვის ეტაპზე, საკასაციო საჩივრის უარყოფისა და გასაჩივრებული განჩინების უცვლელად დატოვების საფუძველია.
11. საკასაციო სასამართლო იზიარებს სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს და სწორედ ამ ფარგლებში არსებითად განიხილავს და ამოწმებს საკასაციო პრეტენზიის დასაბუთებულობას (სსსკ-ის 407-ე მუხლი), ამასთან, მიაჩნია, რომ საქმეზე გადაწყვეტილების მისაღებად არ ვლინდება სააპელაციო სასამართლოსათვის საქმის ხელახლა განსახილველად დაბრუნების საფუძველი (სსსკ-ის 412-ე მუხლი).
12. სააპელაციო სასამართლომ მართებულად მიუთითა მის მიერ საკვლევ ძირითად გარემოებაზე, რაც უკავშირდება აღმასრულებლის მიერ დაყადაღებული მოძრავი ნივთების კუთვნილების დადგენას, კერძოდ, არის თუ არა ბ.კ–ძე (თავდაპირველი მოპასუხე) აღმასრულებლის მიერ შედგენილ აქტში დასახელებული ნივთების მესაკუთრე.
13. სააპელაციო სასამართლოს მიერ მოხმობილი სამართლებრივი საფუძვლები, კერძოდ, სსკ-ის 158-ე და 151-ე მუხლების გამოყენება სწორია და განსაკუთრებით მნიშვნელოვანია მხარეთა მიერ დასამტკიცებელი გარემოებების განსაზღვრა, მოცემულ შემთხვევაში კი საკუთვნებლის მესაკუთრედ ყოფნის პრეზუმფციის გაქარწყლება, რაც მეორე მოპასუხის მტკიცების ტვირთს განეკუთვნება. მოცემულ შემთხვევაში კი მეორე მოპასუხემ ნაწილობრივ გაართვა თავი ამ საპროცესო ვალდებულებას, რამაც სააპელაციო სამართალწარმოების ეტაპზე მის სასარგებლოდ სააპელაციო საჩივრის ნაწილობრივ დაკმაყოფილება განაპირობა.
14. სასამართლოსათვის ამოსავალია ის კონკრეტული ფაქტები და გარემოებები, რომლებზედაც მოსარჩელე ამყარებს თავის მოთხოვნას. სწორედ მოსარჩელის მიერ მითითებული ფაქტები და გარემოებები განსაზღვრავენ მისი მოთხოვნის შინაარსს. საკასაციო სასამართლო მიუთითებს, რომ მოსარჩელის მოთხოვნის შინაარსის განმსაზღვრელია სარჩელში მითითებული ფაქტები და გარემოებები. სარჩელის ინდივიდუალიზაცია სარჩელის ელემენტების მეშვეობითაა შესაძლებელი. სსსკ-ის მე-3, მე-4, 83-ე და 178-ე მუხლების ანალიზით შესაძლებელია, დავასკვნათ, რომ სარჩელი შედგება ორი ელემენტისგან: სარჩელის საგნისა და სარჩელის საფუძვლისგან. სარჩელის საგანია მოსარჩელის მოთხოვნა მოპასუხისადმი (სსსკ-ის 178.1 მუხლის „ზ“ ქვეპუნქტი), ხოლო სარჩელის საფუძველი – კონკრეტული ფაქტები და გარემოებები, რომლებზედაც მოსარჩელე ამყარებს თავის მოთხოვნას (სსსკ-ის 178.1 მუხლის „ე“ ქვეპუნქტი).
15. განსახილველ შემთხვევაში მოსარჩელე (კასატორი) თავის სასარჩელო მოთხოვნას იმ გარემოებაზე აფუძნებდა, რომ სააღსრულებო ბიურომ მის საცხოვრებელო ბინაში არსებული მოძრავი ნივთები დააყადაღა ნოტარიუსის მიერ 2018 წლის 22 იანვარს გაცემული N 180055443 სააღსრულებო ფურცლის საფუძველზე, რომლის თანახმად მოსარჩელის ყოფილი მეუღლე (თავდაპირველი მოპასუხე) მეორე მოპასუხის მოვალეა და კრედიტორის სასარგებლოდ დაკისრებული აქვს ვალის გადახდა. მოსარჩელის მტკიცებით, ის დიდი ხანია აღარ ცხოვრობს ყოფილ მეუღლესთან ერთად, ეს უკანასკნელი პატიმრობიდან 2017 წლის 1 მარტს გათავისუფლდა, ხოლო მეუღლეებს შორის 2018 წლის 12 თებერვალს ქორწინება შეწყდა, ამიტომ არ შეიძლება მისი მოძრავი ნივთებით მოხდეს მოვალის კრედიტორის დაკმაყოფილება, მოვალეს (თავდაპირველ მოპასუხეს) არავითარი წვლილი არ მიუძღვის ამ ნივთების შეძენაში (იხ. სარჩელი- ტ.1, ს.ფ. 2-14).
16. სარჩელის პასუხად თავდაპირველ მოპასუხეს (მოსარჩელის ყოფილ მეუღლეს) არ წარუდგენია შესაგებელი, მან სასამართლო სხდომაზე სარჩელი ცნო და განმარტა, რომ დაყადაღებული ნივთები მის საკუთრებას არ წარმოადგენს, მოსარჩელესთან განქორწინებულია, თუმცა, ხშირი ურთიერთობა აქვს მასთან, რადგან საერთო შვილები ჰყავთ (იხ. პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწუვეტილება- ტ. 1, ს.ფ. 119);
17. მეორე მოპასუხემ წერილობით წარდგენილი შესაგებლით არ ცნო სარჩელი და განმარტა, რომ მოსარჩელის მიერ არ არის დადასტურებული, რომ დაყადაღებული ნივთები მის საკუთრებას წარმოადგენს. საქმეში წარმოდგენილია ხელშეკრულებები და ორი გადახდის ჩეკი, სადაც მითითებული თანხა არ ემთხვევა ნივთების საერთო ღირებულებას, რაც მოსარჩელის საკუთრების დამადასტურებელ მტკიცებულებას არ წარმოადგენს. ხელშეკრულებებში მითითებულია ასევე მოსარჩელის ყოფილი მეუღლის (თავდაპირველი მოპასუხის) ტელეფონის ნომერიც, რაც პირდაპირ ადასტურებს იმ ფაქტს, რომ აღნიშნული ნივთები შეძენილია მათი თანაცხოვრების პერიოდში, ხოლო განქორწინება ფიქტიურია, რათა კრედიტორის (მეორე მოპასუხის) წინაშე ნოტარიუსის სააღსრულებო ფურცლით განსაზღვრული ვალდებულების შესრულებაზე პასუხისმგებლობა იქნას თავიდან არიდებული (იხ. შესაგებელი - ტ.1, ს.ფ.56-66; ასევე- პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება - ტ.1, ს.ფ.118-119).
18. მოსარჩელის მიერ წარდგენილ მოთხოვნას არსებითად შეედავა მეორე მოპასუხე, რაც მისი მტკიცების ტვირთს განეკუთვნებოდა, რაც ნაწილობრივ წარმატებით დაძლია მხარემ. საკასაციო სასამართლოს დიდი პალატის 2017 წლის 2 მარტის გადაწყვეტილებაში (საქმეზე N ას-664-635-2016, პუნქტი 201) შესაგებლის, როგორც, მხარის მიერ მის წინააღმდეგ აღძრული სარჩელისაგან დაცვის, საპროცესოსამართლებრივი საშუალების შესახებ მითითებულია: “2007 წლის 28 დეკემბერს საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსში განხორციელებული ცვლილებების მიხედვითთ, მოპასუხის მიერ პასუხის (შესაგებლის) წარდგენა სავალდებულო ხასიათს ატარებს (საქართველოს 28.12.2007წ.-ის კანონი N5669-სსმ), რაც იმაში გამოიხატება, რომ აღნიშნული საპროცესო ვალდებულების შეუსრულებლობა მხარისათვის უარყოფით საპროცესოსამართლებრივ შედეგებს იწვევს. კერძოდ, სარჩელში მითითებული ფაქტობრივი გარემოებები ითვლება შეუდავებლად და, შესაბამისად, დამტკიცებულად. სსსკ-ის 201-ე მუხლის მე-7 ნაწილით გათვალისწინებული შესაგებლის წარუდგენლობის ფაქტი თავისთავად განსაზღვრავს მტკიცების საგანს, რადგანაც მოსარჩელე თავისუფლდება სარჩელში მითითებული ფაქტების მტკიცებისაგან. აღნიშნული გარემოება დაუსწრებელი გადაწყვეტილების გამოტანის წინაპირობაცაა. საპროცესო კანონმდებლობით დადგენილია მოპასუხის მიერ კონკრეტული შესაგებლის წარდგენის ვალდებულება, კერძოდ, სსსკ-ის 201-ე მუხლის მე-4 ნაწილის შინაარსიდან გამომდინარე, დგინდება, რომ მოპასუხე უნდა შეედავოს მოსარჩელის გამართულ, დასაბუთებულ მოთხოვნას ანუ დავის გადაწყვეტისათვის სამართლებრივად მნიშვნელოვან ფაქტობრივ გარემოებებს, წინააღმდეგ შემთხვევაში, მოსარჩელის მიერ მითითებული ფაქტები (და არა მისი სამართლებრივი შეხედულებები) დამტკიცებულად ითვლება“.
19. საკასაციო სასამართლო არაერთ გადაწყვეტილებაში/განჩინებაში უთითებს, რომ ყოველი კონკრეტული სამოქალაქო საქმის გადაწყვეტა სასამართლოში, დაკავშირებულია გარკვეული ფაქტების დადგენასთან. ფაქტების დადგენის აუცილებლობა განპირობებულია იმით, რომ სასამართლო იხილავს და წყვეტს მხარეთა შორის წარმოშობილ დავებს, რომლებიც სამართლით რეგულირებული ურთიერთობებიდან წარმოიშობიან. სამართლებრივი ურთიერთობა კი, როგორც ეს ცნობილია, შეიძლება აღმოცენდეს, განვითარდეს ან შეწყდეს მხოლოდ იურიდიული ფაქტების საფუძველზე. სწორედ მტკიცების ტვირთსა და მის სწორ განაწილებაზეა დამოკიდებული დასაბუთებული და კანონიერი გადაწყვეტილების მიღება.
20. ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვეციის მე-6 მუხლით გათვალისწინებული სამართლიანი სასამართლოს უფლების რეალიზება უმეტესწილად დამოკიდებულია და გულისხმობს სასამართლოს მიერ დასაბუთებული, მტკიცებულებათა ურთიერთშეჯერებისა და გაანალიზების საფუძველზე მიღებული გადაწყვეტილების მიღებას. მტკიცების ტვირთის როლი განსაკუთრებით ვლინდება სამოქალაქო სამართალწარმოებაში, სადაც მხარეთა ნების ავტონომიას გადამწყვეტი მნიშვნელობა ენიჭება. შესაძლებელია მხარის მოთხოვნა საფუძვლიანი იყოს, მაგრამ შეუძლებელია მხარემ მიიღოს თავისი სასარგებლო გადაწყვეტილება, თუ ვერ დაამტკიცებს თავის სასარგებლო გარემოებებს საპროცესო სამართლით დადგენილი წესით. ამიტომაც, ერთ-ერთ მნიშვნელოვან ფაქტორს წარმოადგენს მტკიცების ტვირთის მართებული გადანაწილება მოდავე მხარეებს შორის.
21. სსსკ-ის მე-3 მუხლის მიხედვით, მხარეები იწყებენ საქმის წარმოებას სასამართლოში, ამ კოდექსში ჩამოყალიბებული წესების შესაბამისად, სარჩელის ან განცხადების შეტანის გზით. ისინი განსაზღვრავენ დავის საგანს და თვითონვე იღებენ გადაწყვეტილებას სარჩელის (განცხადების) შეტანის შესახებ. მხარეებს შეუძლიათ საქმის წარმოება მორიგებით დაამთავრონ. მოსარჩელეს შეუძლია უარი თქვას სარჩელზე, ხოლო მოპასუხეს – ცნოს სარჩელი. ამავე კოდექსის მე-4 მუხლის მიხედვით სამართალწარმოება მიმდინარეობს შეჯიბრებითობის საფუძველზე. მხარეები სარგებლობენ თანაბარი უფლებებითა და შესაძლებლობებით, დაასაბუთონ თავიანთი მოთხოვნები, უარყონ ან გააქარწყლონ მეორე მხარის მიერ წამოყენებული შესაგებლები, მოსაზრებები თუ მტკიცებულებები. მხარეები თვითონვე განსაზღვრავენ, თუ რომელი ფაქტები უნდა დაედოს საფუძვლად მათ მოთხოვნებს ან რომელი მტკიცებულებებით უნდა იქნეს დადასტურებული ეს ფაქტები.
22. მტკიცების ტვირთს აწესრიგებს სსსკ-ის 102-ე მუხლის პირველი ნაწილი, რომლის მიხედვითაც თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებანი, რომლებზედაც იგი ამყარებს თავის მოთხოვნებსა და შესაგებელს. მოსარჩელემ უნდა ამტკიცოს ის გარემოებები, რომლებზედაც დაფუძნებულია სასარჩელო მოთხოვნა, ხოლო მოპასუხემ გარემოებები, რომლებსაც მისი შესაგებელი ემყარება. მტკიცების ტვირთი არის სამოქალაქო სამართალწარმოებაში საქმის სწორედ გადაწყვეტისათვის მნიშვნელოვანი ფაქტების დამტკიცების მოვალეობის დაკისრება მხარეებზე, რომლის შესრულება უზრუნველყოფილია მატერიალურ-სამართლებრივი თვალსაზრისით არახელსაყრელი გადაწყვეტილების გამოტანით იმ მხარის მიმართ, რომელმაც ეს მოვალეობა სათანადოდ არ (ვერ) შეასრულა. მხარეთა მტკიცებითი საქმიანობის საბოლოო მიზანი – ესაა სასამართლოს დარწმუნება საქმის სწორად გადაწყვეტისათვის მნიშვნელობის მქონე გარემოებების არსებობაში. სასამართლოს დაურწმუნებლობა კი, მხარისათვის არახელსაყრელ შედეგს იწვევს. მტკიცების ტვირთი დამოკიდებულია არა მხარის როლზე პროცესში, არამედ მოთხოვნის საფუძველზე. ის ვინც ითხოვს ვალდებულების შესრულებას, უნდა დაამტკიცოს მოთხოვნის საფუძვლის არსებობა არა მხოლოდ მაშინ, როდესაც იგი ითხოვს თავისი მოთხოვნის შესრულებას, ან აღიარებას, არამედ მაშინაც, როდესაც იგი თავს იცავს მოწინააღმდეგე მხარის ნეგატიური აღიარებითი სარჩელისაგან (მოთხოვნისაგან). მტკიცების ტვირთისაგან უნდა გაიმიჯნოს ფაქტების მითითების ტვირთი, როგორც მხარის ფაკულტატური მოვალეობა. მხარეები სსკ-ის მე-4 მუხლის თანახმად სრულიად თავისუფალი არიან მიუთითონ ნებისმიერ ფაქტზე. ეს მათი უფლებაა, მაგრამ მათ მიერ მითითებული ფაქტობრივი გარემოებების სამართლებრივი შეფასება, ე.ი. იმის დადგენა და გარკვევა, თუ რამდენად ასაბუთებენ ეს ფაქტები იურიდიულად მხარეთა მოთხოვნებს და შესაგებელს – ეს უკვე სასამართლოს პრეროგატივაა. ამასთან, საკმარისი არ არის, რომ მხარემ ზოგადად გამოთქვას მოსაზრება საქმისათვის მნიშვნელობის მქონე გარემოებაზე, მაგალითად, განაცხადოს, რომ იგი მთლიანად უარყოფს მეორე მხარის მიერ მოხსენებულ საქმის ფაქტობრივ გარემოებებს. მხარის მიერ წარმოდგენილი მოსაზრებები კონკრეტულად და დეტალურად უნდა ჩამოყალიბდეს და ეხებოდეს საქმის გადაწყვეტისათვის მნიშვნელობის მქონე ყველა გარემოებას. მხარეთა მიერ წარმოდგენილი ახსნა-განმარტებები უნდა იყოს დასაბუთებული და ეხებოდეს იმ გარემოებებს, რომლებსაც უშუალო კავშირი აქვს დავასთან. მოსარჩელემ, როგორც წესი, უნდა დაამტკიცოს ყველა გარემოება, რომელიც წარმოადგენს მოთხოვნის წარმოშობის საფუძველს, ხოლო მოპასუხემ კი – ყველა გარემოება, რომელიც წარმოადგენს მოთხოვნის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის საფუძველს (იხ. ჰაინ ბიოლინგი, ლადო ჭანტურია, სამოქალაქო საქმეებზე გადაწყვეტილებათა მიღების მეთოდიკა, თბ., 2003, გვ.64) - იხ. შეად. სუსგ-ებს N ას-1298-2018; 22.03.2019წ; N ას-1329-2018, 22.02.2019წ; N ას-1610-2019, 07.02.2020წ. .
23. განსახილველ შემთხვევაში სსკ-ის 151-ე მუხლზე მსჯელობისას მნიშვნელოვანია აღნიშნოს, რომ დასახელებული ნორმა არ განსაზღვრავს საკუთვნებლის სამართლებრივ შედეგებს. „როგორც წესი, საკუთვნებელი სამართლებრივად დამოუკიდებელი ნივთია და მასზე ვრცელდება მოძრავ ნივთებთან დაკავშირებული დებულებები. ვინაიდან მთავარი ნივთის სამართლებრივი ბედი საკუთვნებელზე არ ვრცელდება, შესაძლებელია, იგი იყოს სანივთო უფლების ობიექტი. მაგალითად, როგორც განცალკევებული საგანი, საკუთრების უფლებით ეკუთვნოდეს სხვა პირს. მიუხედავად ყოველივე ზემოაღნიშნულისა, მთავარი ნივთის შესახებ გარიგებები შეეხება საკუთვნებელსაც. ამით კოდექსი იმ გარემოებას ანიჭებს მნიშვნელობას, რომ მოძრავი ნივთები თავისი სამეურნეო-ეკონომიკური დანიშნულებით და სივრცობრივი კავშირით განსაზღვრულ ეკონომიკურ ერთიანობას ქმნიან და კანონმდებელი ასეთი ერთიანობის შენარჩუნებას განსაზღვრულ ფარგლებში საჭიროდ თვლის“ (იხ. თოთლაძე ლევანი, სამოალაქო კოდექსის კომენტარი, წიგნი II , ჭანტურია (რედ.), 2018, მუხლი 151, ველი 8). საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ საკუთვნებელი დამოუკიდებელი ნივთია და მასზე ვრცელდება მოძრავ ნივთებთან დაკავშირებული დებულებები. მეორე მოპასუხემ შესაგებლის წარდგენის ეტაპზევე სადავო გახადა მოსარჩელის მოთხოვნის დასაბუთებლობა აღმასრულების ქონების აღწერისა და დაყადაღების აქტიდან მოძრავი ნივთების ყადაღისაგან გათავისუფლებაზე და მოსარჩელის მიერვე წარდგენილ მტკიცებულებებზე დაყრდნობით მიუთითა პრეზუმფციაზე, რომ სადავო ნივთები არ ეკუთვნოდა მხოლოდ მოსარჩელეს. ამდენად, მოპასუხემ სააპელაციო სამართალწარმოების გზით მიაღწია წარმატებას და ნაწილობრივ გააქარწყლა მოსარჩელის მიერ საკუთვნებლის მესაკუთრედ ყოფნის პრეზუმფცია. საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ საკუთვნებლის, როგორც მოძრავი ნივთების რეჟიმით განსახილველი დამოუკიდებელი ნივთის, სამართლებრივი ბუნება იმის მაუწყებელია, რომ უძრავ ნივთში (როგორც ეს განსახილველ შემთხვევაშია, რადგან მთავარი ნივთი შესაძლებელია იყოს როგორც უძრავი, ისე- მოძრავიც) ამა თუ იმ მოძრავი ნივთების განთავსება უპირობოდ არ წარმოადგენს იმის წინაპირობას, რომ დადგინდეს საკუთვნებლის მთავარ ნივთთან ისეთი ეკონომიკური ერთიანობა, რაც მას დამოუკიდებელი ნივთის შინაარსს გამოაცლის. თითოეულ კონკრეტულ შემთხვევაში უნდა შეფასდეს საკუთვნებლის მთავარი ნივთი რას წარმოადგენს, საამისოდ კი მნიშვნელოვანია არა მხოლოდ ნივთების ეკონომიკური ღირებულებისა და სივრცობრივი კავშირის შეფასება, არამედ, ასევე სამოქალაქო ბრუნვის ტრადიციის გათვალისწინება (იხ. თოთლაძე ლევანი, სამოალაქო კოდექსის კომენტარი, წიგნი II , ჭანტურია (რედ.), 2018, მუხლი 151, ველი 3).
24. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლო არაერთ გადაწყვეტილებაში უთითებს, რომ ეროვნული სასამართლოს გადაწყვეტილება უნდა პასუხობდეს მხარის მიერ სამართლებრივ და პროცედურულ საკითხებთან დაკავშირებით წარმოდგენილი არგუმენტების ძირითად ასპექტებს (Ruiz Torija v. Spain, Application no. 18390/91; §§ 29-30). შესაბამისად, უფლება მოსმენაზე მოიცავს არა მხოლოდ სასამართლოს წინაშე არგუმენტების წარდგენის შესაძლებლობას, არამედ სასამართლოს ვალდებულებას, გადაწყვეტილების დასაბუთებაში მიუთითოს მიზეზები, რომელთა საფუძველზეც გაიზიარა ან უარყო შესაბამისი არგუმენტები. სასამართლომ შეიძლება აუცილებლად არ მიიჩნიოს იმგვარ არგუმენტებზე პასუხის გაცემა, რომლებიც აშკარად არარელევანტური, დაუსაბუთებელი ან სხვაგვარად დაუშვებელია მსგავსი არგუმენტების მიმართ არსებული სამართლებრივი დებულებების ან მყარად დადგენილი სასამართლო პრაქტიკის საფუძველზე, თუმცა, ყველა გადაწყვეტილება უნდა იყოს ნათელი და საქმეში მონაწილე მხარეებს შესაძლებლობას უნდა აძლევდეს გაიგონ, თუ რატომ გაითვალისწინა სასამართლომ მხოლოდ კონკრეტული გარემოებები და მტკიცებულებები (Seryavin and Others v. Ukraine §§ 55-62). სასამართლოს აქვს ვალდებულება, სათანადოდ იმსჯელოს მხარეთა მიერ წარდგენილ დოკუმენტებზე, არგუმენტებსა და მტკიცებულებებზე (Kraska v. Switzerland, § 30; Van de Hurk v. the Netherlands, § 59; Perez v. France, § 80). ამასთან, მხარეებს უნდა ჰქონდეთ არა მხოლოდ იმის შესაძლებლობა, რომ იცოდნენ იმ მტკიცებულებათა შესახებ, რომლებიც მათ სჭირდებათ თავიანთი სარჩელის წარმატებისათვის, არამედ იცოდნენ და ჰქონდეთ კომენტარის გაკეთების საშუალება ყველა იმ მტკიცებულებასთან და მოსაზრებასთან დაკავშირებით, რომლებიც წარდგენილია სასამართლოს აზრის ფორმირებაზე ზეგავლენის მოხდენის მიზნით (Milatova and others v. The Czech republic §59; niderost-huber v. Switzerland, § 24; k.s. v. finland § 21; ასევე, სუსგ №ას-1191-1133-2014, 14 მაისი, 2015 წელი).
25. საკასაციო სასამართლოს შეფასებით საკასაციო საჩივარში წარმოდგენილი არც ერთი არგუმენტი არ განაპირობებს მოსარჩელისათვის სასარგებლო სამართლებრივი შედეგის დადგომას, რაც საკასაციო განაცხადის დაკმაყოფილებაზე უარის თქმისა და სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების საფუძველია.
26. სსსკ-ის 55.2-ე მუხლის პირველი წინადადების თანახმად ვინაიდან საკასაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა კასატორის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟი დარჩება სახელმწიფო ბიუჯეტში.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 410-ე მუხლით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. ე.დ–ის საკასაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;
2. უცვლელად დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2019 წლის 14 ივნისის გადაწყვეტილება;
3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე ე. გასიტაშვილი
მოსამართლეები: ბ. ალავიძე
ზ. ძლიერიშვილი