Facebook Twitter

საქმე №ას-144-136-2017 23 ივლისი, 2020 წელი,

ქ. თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატა

შემადგენლობა:

ეკატერინე გასიტაშვილი(თავმჯდომარე,მომხსენებელი),

მოსამართლეები: ზურაბ ძლიერიშვილი,

ბესარონ ალავიძე

საქმის განხილვის ფორმა - ზეპირი განხილვის გარეშე

კასატორი (მოსარჩელე) – აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტრო

მოწინააღმდეგე მხარე (მოპასუხე) – შპს „ფ–ი“

გასაჩივრებული განჩინება – ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2016 წლის 15 დეკემბრის განჩინება

კასატორის მოთხოვნა – გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და დაუსწრებელი გადაწყვეტილების ძალაში დატოვება

დავის საგანი – თანხის დაკისრება

საკითხი, რომელზედაც მიღებულია განჩინება - საკასაციო საჩივრის უარყოფა

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

1. ბათუმის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2014 წლის 16 დეკემბრის გადაწყვეტილებით, მოპასუხე შპს „ფ–ის“ (შედეგში: საწარმო ან აპელანტი) გამოუცხადებლობის გამო, მიღებული იქნა დაუსწრებელი გადაწყვეტილება, რომლის საფუძველზე დაკმაყოფილდა აჭარის არ-ის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროს (შემდეგში: მოსარჩელე, სამინისტრო ან კასატორი) სარჩელი; მოსარჩელის სასარგებლოდ მოპასუხე საწარმოს აჭარის არ-კის ბიუჯეტში გადასახდელად დაეკისრა 21 196,6 ლარის გადახდა; მოპასუხეს ასევე შპს აჭარის არ -კის ავტონომიური რესპუბლიკის სასარგებლოდ ბიუჯეტში გადასახდელად დაეკისრა 2014 წლის 9 ივნისიდან ფართის გამოთავისუფლებამდე ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე 20.68 ლარის გადახდა. მოპასუხეს დაეკისრა სახელმწიფო ბაჟის - 862,33 ლარის გადახდა სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ.

2. ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2015 წლის 25 თებერვლის განჩინებით, ამავე სასამართლოს 2014 წლის 16 დეკემბრის დაუსწრებელ გადაწყვეტილებაზე, მისი გაუქმებისა და საქმისწარმოების განახლების მოთხოვნით, მოპასუხე საწარმოს მიერ 2015 წლის 26 იანვარს წარდგენილი საჩივარი არ დაკმაყოფილდა; დასახელებული დაუსწრებელი გადაწყვეტილება და მისი უცვლელად დატოვების შესახებ განჩინება სააპელაციო წესით იქნა გასაჩივრებული მოპასუხე საწარმოს წარმომადგენლის მიერ. აპელანტმა პირველი ინსტანციის სასამართლოს გასაჩივრებული დაუსწრებელი გადაწყვეტილებისა და მისი უცვლელად დატოვების შესახებ განჩინების გაუქმება მოითხოვა.

3. ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2015 წლის 3 სექტემბრის განჩინებით შეჩერდა №2/ბ-356-15წ. სამოქალაქო საქმის წარმოება მოპასუხე საწარმოს სააპელაციო საჩივრისა გამო მოწინააღმდეგე მხარის აჭარის ა/რ ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროს მიმართ, ვიდრე არ იქნებოდა გადაწყვეტილი „აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ქონების მართვისა და განკარგვის შესახებ“ აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის კანონის მე-19 მუხლის მე-3 პუნქტის საქართველოს კონსტიტუციის მე-3 მუხლის პირველი პუნქტის “ჟ” ქვეპუნქტთან მიმართებით კონსტიტუციურობის საკითხი, რომელსაც საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლო განიხილავდა ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს წარდგინებით.

4. საქმის წარმოების შეჩერების თაობაზე ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს 2015 წლის 3 სექტემბრის განჩინება მოსარჩელე სამინისტროს მიერ იქნა გასაჩივრებული კერძო საჩივრით, რაც საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2016 წლის 18 მაისის განჩინებით არ დაკმაყოფილდა (იხ. სუსგ N ას- 1016-959-2015, 18.05.2016წ.).

5. სააპელაციო სამართალწარმოების ეტაპი

5.1. ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2016 წლის 7 ოქტომბრის განჩინებით, იმ საფუძვლით, რომ საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლომ 2016 წლის 29 სექტემბერს მიიღო გადაწყვეტილება საქმეზე №3/4/641 (ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს საკონსტიტუციო წარდგინება: ”აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ქონების მართვისა და განკარგვის შესახებ” აჭარის ა/რ კანონის მე-19 მუხლის მე-3 პუნქტის კონსტიტუციურობის თაობაზე, რომლითაც არაკონსტიტუციურად იქნა ცნობილი ”აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ქონების მართვისა და განკარგვის შესახებ” აჭარის ა/რ კანონის მე-19 მუხლის მე-3 პუნქტი საქართველოს კონსტიტუციის მე-3 მუხლის პირველი პუნქტის ”ჯ” ქვეპუნქტთან მიმართებით),- განახლდა №2/ბ-356-2015წ. საქმის წარმოება.

5.2. სააპელაციო სასამართლო საქმის მასალების შესწავლის შედეგად მივიდა დასკვნამდე, რომ მოპასუხე საწარმოს სააპელაციო საჩივარი უნდა დაკმაყოფილდეს; გაუქმდეს ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2014 წლის 16 დეკემბრის დაუსწრებელი გადაწყვეტილება, იმავე სასამართლოს 2015 წლის 25 თებერვლის განჩინება და საქმე არსებითად განხილვის მიზნით უნდა დაუბრუნდეს ბათუმის საქალაქო სასამართლოს შემდეგ გარემოებათა გამო:

5.2.1. დადგენილია, რომ აჭარის არ-კის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტრომ სარჩელი აღძრა ბათუმის საქალაქო სასამართლოში მოპასუხე საწარმოს მიმართ თანხის დაკისრების მოთხოვნით;

5.2.2. დადგენილია, რომ 2014 წლის 16 დეკემბერს მოპასუხე მხარის გამოუცხადებლობის გამო მიღებული იქნა დაუსწრებელი გადაწყვეტილება, რომლითაც სამინისტროს სარჩელი დაკმაყოფილდა და მოპაუხე საწარმოს, ავტონომიური რესპუბლიკის ბიუჯეტში გადასახდელად 21 196,6 ლარის გადახდა დაეკისრა; ასევე, მოპასუხეს ავტონომიური რესპუბლიკის სასარგებლოდ ბიუჯეტში გადასახდელად დაეკისრა 2014 წლის 9 ივნისიდან ფართის გამოთავისუფლებამდე ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე 20.68 ლარის გადახდა; მოპასუხე საწარმოს დაეკისრა სახელმწიფო ბაჟის 862,33 ლარის გადახდა სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ;

5.2.3. დადგენილია, რომ ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2015 წლის 25 თებერვლის განჩინებით არ დაკმაყოფილდა საწარმოს წარმომადგენლის საჩივარი დაუსწრებელი გადაწყვეტილების გაუქმებისა და საქმის წარმოების განახლების მოთხოვნით;

5.2.4. დადგენილია, რომ მოსარჩელე მხარემ სარჩელის დაკმაყოფილების სამართლებრივ საფუძვლად მიუთითა ,,აჭარის ა/რ ქონების მართვისა და განკარგვის შესახებ” აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის კანონის 19-ე მუხლის მესამე პუნქტზე;

5.2.5. დადგენილია, რომ საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2016 წლის 29 სექტემბრის გადაწყვეტილებით საქმეზე №3/4/641 (ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს საკონსტიტუციო წარდგინება: ”აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ქონების მართვისა და განკარგვის შესახებ” აჭარის ა/რ კანონის მე-19 მუხლის მე-3 პუნქტის კონსტიტუციურობის თაობაზე) არაკონსტიტუციურად იქნა ცნობილი ”აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ქონების მართვისა და განკარგვის შესახებ” აჭარის ა/რ კანონის მე-19 მუხლის მე-3 პუნქტი საქართველოს კონსტიტუციის მე-3 მუხლის პირველი პუნქტის ”ჟ” ქვეპუნქტთან მიმართებით; შესაბამისად დადგენილია, რომ სამინისტროს სარჩელის სამართლებრივ საფუძვლად მითითებული ნორმა ”აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ქონების მართვისა და განკარგვის შესახებ” აჭარის ა/რ კანონის მე-19 მუხლის მე-3 პუნქტი - არაკონსტიტუციურად იქნა ცნობილი, რაც ადასტურებს იმ ფაქტობრივ გარემოებას, რომ მხარის გამოუცხადებლობის მოტივით სარჩელის დაკმაყოფილების თაობაზე მიღებული დაუსწრებელი გადაწყვეტილება უკანონოა და ის უნდა გაუქმდეს, რადგან სარჩელი იურიდიულად არ ამართლებდა მოთხოვნას;

5.2.6. მართალია გასაჩივრებული დაუსწრებელი გადაწყვეტილების სამართლებრივ დასაბუთებაში სასამართლო მიუთითებს საქართველოს სამოქალაქო კოდექსის (შემდეგში: სსკ) 316-ე, 317-ე და 361-ე მუხლებზე და არა ”აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ქონების მართვისა და განკარგვის შესახებ” აჭარის ა/რ კანონის მე-19 მუხლის მე-3 პუნქტზე, მაგრამ სააპელაციო სასამართლო განმარტავს, რომ სამინისტროს სარჩელის სამართლებრივ საფუძველს არ წარმოადგენს სსკ-ის 316-ე, 317-ე და 361-ე მუხლები, სასამართლოს მიერ მითითებული რეგულაციები იურიდიულად არ ამართლებენ განსახილველ სარჩელს, რადგან სამინისტროს სარჩელის სამართლებრივ საფუძვლად გამოყენებული უნდა იქნეს სსკ-ის უსაფუძვლო გამდიდრების მარეგულირებელი სამართლებრივი ნორმები. ყოველივე აღნიშნულის გამო სააპელაციო სასამართლო მივიდა დასკვნამდე, რომ სააპელაციო საჩივრის დაკმაყოფილებით უნდა გაუქმდეს მოცემულ საქმეზე მიღებული დაუსწრებელი გადაწყვეტილება, ასევე - ამ დაუსწრებელი გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების შესახებ განჩინება და საქმე არსებითად განსახილველად უნდა დაუბრუნდეს ბათუმის საქალაქო სასამართლოს;

5.2.7. სააპელაციო სასამართლომ განმარტა, რომ დაუსწრებელი გადაწყვეტილების გამოტანასთან დაკავშირებული გარემოებების შემოწმება მოსამართლის ვალდებულებას წარმოადგენს, რადგან ამ გარემოების გარკვევა უკავშირდება არა მხარეთა მიერ სასამართლოს წინაშე ასეთი საკითხის დასმის აუცილებელ წინაპირობას, არამედ იგი გამომდინარეობს სასამართლოს მოვალეობიდან არ გამოიტანოს დაუსწრებელი გადაწყვეტილება, თუ სარჩელი არ არის იურიდიულად გამართლებული. სსსკ-ის 387-ე მუხლის მესამე ნაწილისა და 230-ე მუხლის მეორე ნაწილის საფუძველზე, თუ სარჩელში (სააპელაციო საჩივარში) მითითებული გარემოებები იურიდიულად ამართლებს სასარჩელო მოთხოვნას, სარჩელი დაკმაყოფილდება. წინააღმდეგ შემთხვევაში სასამართლო უარს ეტყვის მოსარჩელეს მის დაკმაყოფილებაზე. სსსკ-ის 241-ე მუხლის თანახმად, დაუსწრებელი გადაწყვეტილება უნდა გაუქმდეს, თუ არსებობს 233-ე მუხლით გათვალისწინებული საფუძვლები. ამავე კოდექსის 233-ე მუხლის პირველი და მესამე ნაწილების შესაბამისად, მოპასუხის მიერ პასუხის წარუდგენლობის შემთხვევაში დაუსწრებელი გადაწყვეტილების გამოტანა დაუშვებელია, თუ სარჩელი იურიდიულად გაუმართლებელია, ანუ იმისდა მიუხედავად, რომ დარღვეულია ერთ - ერთი პირობა, მოპასუხის სხდომაზე გამოუცხადებლობა არასაპატიო მიზეზით, მაგრამ არ არის დაცული მეორე პირობა, რათა სასარჩელო მოთხოვნა იურიდიულად გამართლებულად იქნეს მიჩნეული.

5.2.8. ზემოაღნიშულ ფაქტობრივ და სამართლებრივ გარემოებათა გამო, ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2016 წლის 15 დეკემბრის განჩინებით მოპასუხე საწარმოს სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდა, გაუქმდა ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2014 წლის 16 დეკემბრის დაუსწრებელი გადაწყვეტილება და მისი უცვლელად დატოვების შესახებ იმავე სასამართლოს 2015 წლის 25 თებერვლის განჩინება და სარჩელი ხელახლა განხილვის მიზნით დაუბრუნდა ბათუმის საქალაქო სასამართლოს.

6. საკასაციო სამართალწარმოების ეტაპი

6.1. ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2016 წლის 15 დეკემბრის განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრა სამინისტრომ (მოსარჩელემ), მისი გაუქმება და, ახალი გადაწყვეტილების მიღებით, პირველი ინსტანციის სასამართლოს დაუსწრებელი გადაწყვეტილების ძალაში დატოვება მოითხოვა.

6.2. საკასაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის განჩინებით სამინისტროს საკასაციო საჩივარი დასაშვებად იქნა ცნობილი სსსკ-ის 391-ე მუხლის მე-5 ნაწილის „ა“ და „ე“ ქვეპუნქტების საფუძველზე და მიღებულ იქნა არსებითად განსახილველად.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლო საქმის შესწავლის, მტკიცებულებათა გაანალიზების, მხარეთა ახსნა-განმარტებების შემოწმებისა და მოსარჩელის საკასაციო საჩივრის სამართლებრივი დასაბუთებულობის არსებითად განხილვის შედეგად მივიდა დასკვნამდე, რომ სამინისტროს საკასაციო განაცხადი დაუსაბუთებულია და არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგი არგუმენტაციით:

7. სსსკ-ის 404-ე მუხლის პირველი ნაწილით, საკასაციო სასამართლო გადაწყვეტილებას ამოწმებს საკასაციო საჩივრის ფარგლებში, ამავე კოდექსის 407-ე მუხლის პირველი ნაწილით, საკასაციო სასამართლო იმსჯელებს მხარის მხოლოდ იმ ახსნა-განმარტებაზე, რომელიც ასახულია სასამართლო გადაწყვეტილებებსა და სხდომის ოქმებში. გარდა ამისა, შეიძლება მხედველობაში იქნეს მიღებული ამ კოდექსის 396-ე მუხლის პირველი ნაწილის „ვ“ ქვეპუნქტში მითითებული ფაქტები; ამავე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, სააპელაციო სასამართლოს მიერ დამტკიცებულად ცნობილი ფაქტობრივი გარემოებები სავალდებულოა საკასაციო სასამართლოსათვის, თუ წამოყენებული არ არის დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია (შედავება). საკასაციო სასამართლოს შეფასებით კასატორს ასეთი დასაბუთებული საკასაციო შედავება არ აქვს წარმოდგენილი.

8. საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე-6 მუხლის პირველი პარაგრაფი ავალდებულებს სასამართლოს, დაასაბუთოს თავისი გადაწყვეტილება, რაც არ უნდა იქნეს გაგებული თითოეულ არგუმენტზე დეტალური პასუხის გაცემად (იხ. ჯღარკავა საქართველოს წინააღმდეგ, # 7932/03; Van de Hurk v. Netherlands, par.61, Garcia Ruiz v. Spain [GC] par.26; Jahnke and Lenoble v France (dec.); Perez v France [GC], par. 81). საკასაციო სასამართლო იზიარებს სააპელაციო სასამართლოს მსჯელობასა და დასკვნებს, რაც საკასაციო პრეტენზიის არსებითად განხილვის ეტაპზე, საკასაციო საჩივრის უარყოფისა და გასაჩივრებული განჩინების უცვლელად დატოვების საფუძველია.

9. საკასაციო სასამართლო იზიარებს სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს და სწორედ ამ ფარგლებში არსებითად განიხილავს და ამოწმებს საკასაციო პრეტენზიის დასაბუთებულობას (სსსკ-ის 407-ე მუხლი).

10. სააპელაციო სასამართლომ მართებულად იმსჯელა პროცესუალურ საკითხზე, რომელიც, მოცემულ შემთხვევაში მოპასუხის გამოუცხადებლობის გამო, პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ დაუსწრებელი გადაწყვეტილების გამოტანას უკავშირდება, თუმცა, სარჩელის დაკმაყოფილებას საფუძვლად უნდა დაედოს სასარჩელო მოთხოვნის მატერიალური საფუძვლის სწორად მოძიება და მისადაგება, რაც იმას ნიშნავს, https://mail.google.com/mail/u/0?ui=2&ik=cf1d82a575&attid=0.2&permmsgid=msg-a:s:-1085025759861996625&view=fimg&disp=thd&attbid=ANGjdJ87SwvqGtxM1qdc6F_vfayg3-r-IDUBratm7NwdxeaxuyuAq9Gp3I6RA1iyLL4zK0xfYVBqG1FChHS_73CI9OyKWsoFwdEohtnLjLK4ArgxoHzINPdOJ38Z2Y8&ats=2524608000000&sz=w1920-h969რომ სარჩელში მითითებული ფაქტობრივი გარემოებები დამტკიცებულად ითვლება, როდესაც მოთხოვნა იურიდიულად გამართლებულია. მოპასუხის გამოუცხადებლობის მოტივით სარჩელის დასაკმაყოფილებლად სამი წინაპირობა უნდა არსებობდეს ერთდროულად: 1. მოსარჩელე სასამართლოს წინაშე შუამდგომლობს დაუსწრებელი გადაწყვეტილების გამოტანას და სარჩელის დაკმაყოფილებას მოპასუხის გამოუცხადებლობის გამო; 2. არ არსებობს დაუსწრებელი გადაწყვეტილების გამოტანის დამაბრკოლებელი გარემოებები, რომელიც განსაზღვრულია სსსკ-ის 233-ე მუხლის პირველი ნაწილით; 3. სარჩელში მითითებული და მოპასუხის გამოუცხადებლობის გამო დამტკიცებულეად ჩათვლილი გარემოებები იურიდიულად ამართლებენ მოთხოვნას (იხ.ლილუაშვილი თენგიზ, ხრუსტალი ვალერი; საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის კომენტარი; თბილისი; 2004; გვ. 392).

11. განსახილველ შემთხვევაში დადგენილია, რომ მოპასუხე კანონით დადგენილი წესით იყო ინფორმირებული სასამართლო სხდომის თარიღის, ადგილისა და დროის შესახებ, მოპასუხის წარმომადგენელი არ გამოცხადებულა პირველი ინსტანციის სასამართლოში 2014 წლის 16 დეკემბერს გამართულ სხდომაზე, მოსარჩელემ სასამართლოს წინაშე იშუამდგომლა მოპასუხის გამოუცხადებლობის გამო დაუსწრებელი გადაწყვეტილების მიღება და სარჩელის დაკმაყოფილება (სსსკ-ის 230-ე მუხლის პირველი ნაწილი), ამასთან, დადგენილია, რომ საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2016 წლის 29 სექტემბრის გადაწყვეტილებით საქმეზე №3/4/641 (ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს საკონსტიტუციო წარდგინება: ”აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ქონების მართვისა და განკარგვის შესახებ” აჭარის ა/რ კანონის მე-19 მუხლის მე-3 პუნქტის კონსტიტუციურობის თაობაზე) არაკონსტიტუციურად იქნა ცნობილი ”აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ქონების მართვისა და განკარგვის შესახებ” აჭარის ა/რ კანონის მე-19 მუხლის მე-3 პუნქტი საქართველოს კონსტიტუციის მე-3 მუხლის პირველი პუნქტის ”ჟ” ქვეპუნქტთან მიმართებით; დადგენილია, რომ სამინისტროს სარჩელის სამართლებრივ საფუძვლად მითითებული ნორმა ”აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ქონების მართვისა და განკარგვის შესახებ” აჭარის ა/რ კანონის მე-19 მუხლის მე-3 პუნქტი - არაკონსტიტუციურად იქნა ცნობილი, რაც, სააპელაციო სასამართლოს შეფასებით, ადასტურებს იმ ფაქტობრივ გარემოებას, რომ მხარის (მოპასუხის) გამოუცხადებლობის მოტივით სარჩელის დაკმაყოფილების თაობაზე მიღებული დაუსწრებელი გადაწყვეტილება უკანონოა და ის უნდა გაუქმდეს, რადგან სარჩელი იურიდიულად არ ამართლებდა მოთხოვნას; საკასაციო სასამართლო ეთანხმება სააპელაციო სასამართლოს დასკვნას, რომ არ არის განხორციელებული სსსკ-ის 230-ე მუხლის მე-2 ნაწილით განსაზღვრული საპროცესოსამართლებრივი მოთხოვნა, რადგან მიუხედავად ამავე კოდექსის 230-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული წინაპირობების არსებობისა, სასამართლო უფლებამოსილია მოპასუხის გამოუცხადებლობის გამო გამოიტანოს დაუსწრებელი გადაწყვეტილება და დააკმაყოფილოს სასარჩელო მოთხოვნა იმ შემთხვევაში, თუ სარჩელში მითითებული ფაქტობრივი გარემოებები იურიდიულად ამართლებს სასარჩელო მოთხოვნას. წინააღმდეგ შემთხვევაში სასამართლო უარს ეტყვის მოსარჩელეს მის დაკმაყოფილებაზე.

12. საკასაციო სასამართლო არაერთ გადაწყვეტილებაში/განჩინებაში განმარტავს: პირველი ინსტანციის წესით საქმის განხილვისას დაუსწრებელი გადაწყვეტილების გამოტანის საკითხს არეგულირებს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის XXVI თავი, კერძოდ კი, სასამართლო ხდომაზე მოპასუხის გამოუცხადებლობისას მის წინააღმდეგ დაუსწრებელი გადაწყვეტილების გამოტანისათვის სახეზე უნდა იყოს (სსსკ-ის 230-ე მუხლი) შემდეგი წინაპირობები: ა) მხარე დადგენილი წესით უნდა იყოს ინფორმირებული საქმის განხილვის თაობაზე და არასაპატიოდ არ უნდა გამოცხადდეს სხდომაზე; ბ) სარჩელში მითებული გარემოებები იურიდიულად უნდა ამართლებდეს მოთხოვნას. მითითებული საფუძვლების კუმულაციურად არსებობა ქმნის დაუსწრებელი გადაწყვეტილების გამოტანის ფორმალურ წინაპირობას, თუმცა იმისათვის, რათა სასამართლომ დაუსწრებელი გადაწყვეტილების გამოტანის გზით დააკმაყოფილოს სარჩელი, მოსამართლე ვალდებულია, გამოარკვიოს კანონის ძალით დადგენილად მიჩნეული ფაქტობრივი გარემოებები ამართლებენ თუ არა იურიდიული თვალსაზრისით მოთხოვნას. მოთხოვნის იურიდიული მართებულობის კვლევა მოიაზრებს სასამართლოს მხრიდან დამფუძნებელი ნორმების სწორად მოძიებას, რომლებიც დავის გადაწყვეტის ფუნდამენტს წარმოადგენს და იძლევა ამა თუ იმ ურთიერთობის რეგულირების აბსტრაქტულ შემადგენლობას. ნორმის მოძიების შემდგომ სასამართლო ადგენს, სარჩელში მითითებული იურიდიული მნიშვნელობის მქონე ფაქტები დამფუძნებელი ნორმის აბსტრაქტულ აღწერილობას აკმაყოფილებენ თუ არა, რაც დაუსწრებელი გადაწყვეტილების გამოტანის გზით სარჩელის წარმატების საფუძველია (შეად. სუსგ-ებს: N ას-1468-1388-2017, 11.05.2018წ; N ას-1671-2019, 13.03.2020წ.).

13. საკასაციო სასამართლო სავსებით იზიარებს სააპელაციო სასამართლოს მსჯელობასა და დასკვნებს, რომლებიც წინამდებარე განჩინების 5.2.4-5.2.8 ქვეპუნქტებშია ასახული, რადგან მოსარჩელის მოთხოვნის შინაარსის განმსაზღვრელია სარჩელში მითითებული ფაქტები და გარემოებები. სარჩელის ინდივიდუალიზაცია სარჩელის ელემენტების მეშვეობითაა შესაძლებელი. სსსკ-ის მე-3, მე-4, 83-ე და 178-ე მუხლების ანალიზით შესაძლებელია, დავასკვნათ, რომ სარჩელი შედგება ორი ელემენტისგან: სარჩელის საგნისა და სარჩელის საფუძვლისგან. სარჩელის საგანია მოსარჩელის მოთხოვნა მოპასუხისადმი (სსსკ-ის 178.1 მუხლის „ზ“ ქვეპუნქტი), ხოლო სარჩელის საფუძველი – კონკრეტული ფაქტები და გარემოებები, რომლებზედაც მოსარჩელე ამყარებს თავის მოთხოვნას (სსსკ-ის 178.1 მუხლის „ე“ ქვეპუნქტი). რაც შეეხება მოთხოვნის სამართლებრივი საფუძვლის განსაზღვრას, ეს სწორედ სასამართლოს პრეროგატივაა, რადგან მხარეთა მიერ მითითებული ფაქტებისა და წარდგენილი მტკიცებულებების ფარგლებში, სასამართლოს ამოცანაა, ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში, გაარკვიოს, თუ საიდან გამომდინარეობს მოსარჩელის მოთხოვნის სამართლებრივი საფუძველი, კერძოდ, სახელშეკრულებო შეთანხმებიდან, ზიანის მიყენებიდან (დელიქტი), უსაფუძვლო გამდიდრებიდან თუ კანონით გათვალისწინებული სხვა საფუძვლიდან. ამდენად, სარჩელის იურიდიული გამართულობის, ანუ იმის შემოწმება, სარჩელში მითითებული გარემოებები იურიდიულად ამართლებს თუ არა სასარჩელო მოთხოვნას, სასამართლოს ვალდებულებაა, რომელიც სსსკ-ის 230-ე მუხლის შინაარსიდან გამომდინარეობს. ამ ნორმის თანახმად, მოპასუხის გამოუცხადებლობის გამო დაუსწრებელი გადაწყვეტილების გამოტანისას, სასამართლო არ ამოწმებს და არ აფასებს საქმეში არსებულ მტკიცებულებებს, მაგრამ არკვევს, გააჩნია თუ არა მოსარჩელის მოთხოვნას მატერიალურსამართლებრივი საფუძველი და სარჩელში მითითებული და დამტკიცებულად ცნობილი ფაქტობრივი გარემოებები ამართლებენ თუ არა შესაბამისი კანონის თანახმად მოსარჩელის მოთხოვნას. ერთ-ერთი საქმე სააპელაციო სასამართლოს დაუბრუნა საკასაციო სასამართლომ სავალდებულო სამართლებრივი მითითებით: „სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული გადაწყვეტილება არ შეიცავს მსჯელობას იმის შესახებ, სარჩელში მითითებული ფაქტობრივი გარემოებები იურიდიულად ამართლებდა თუ არა სასარჩელო მოთხოვნას, რის გამოც აღნიშნული გადაწყვეტილების სამართლებრივი საფუძვლიანობის შემოწმება შეუძლებელია [სსსკ-ის 394-ე მუხლის „ე1“ ქვეპუნქტის თანახმად, გადაწყვეტილება ყოველთვის ჩაითვლება კანონის დარღვევით მიღებულად, თუ გადაწყვეტილების დასაბუთება იმდენად არასრულია, რომ მისი სამართლებრივი საფუძვლიანობის შემოწმება შეუძლებელია]“ (იხ. სუსგ N ას-780-780-2018, 22.10.2019წ.).

14. საკასაციო სასამართლო არაერთ გადაწყვეტილებაში/განჩინებაში განმარტავს: „სასამართლოს უპირველესი ამოცანაა, დაადგინოს, თუ რას ითხოვს მოსარჩელე მოპასუხისაგან და რის საფუძველზე, ანუ რომელ ფაქტობრივ გარემოებებზე ამყარებს თავის მოთხოვნას. სასამართლომ მხარის მიერ მითითებული მოთხოვნის ფარგლებში უნდა მოძებნოს ის სამართლებრივი ნორმა (ნორმები), რომელიც იმ შედეგს ითვალისწინებს, რისი მიღწევაც მხარეს სურს. ამასთან, მოთხოვნის სამართლებრივ საფუძვლად განხილული ნორმა (ან ნორმები) შეიცავს იმ აღწერილობას (ფაქტობრივ შემადგენლობას), რომლის შემოწმებაც სასამართლოს პრეროგატივაა და რომელიც უნდა განხორციელდეს ლოგიკური მეთოდების გამოყენების გზით, ანუ სასამართლომ უნდა დაადგინოს, ნორმაში მოყვანილი აბსტრაქტული აღწერილობა რამდენად შეესაბამება კონკრეტულ ცხოვრებისეულ სიტუაციას და გამოიტანოს შესაბამისი დასკვნები. ის მხარე, რომელსაც აქვს მოთხოვნა მეორე მხარისადმი, სულ მცირე, უნდა უთითებდეს იმ ფაქტობრივ შემადგენლობაზე, რომელსაც სამართლის ნორმა გვთავაზობს. აქედან გამომდინარე, შეგვიძლია დავასკვნათ, რომ მოთხოვნის სამართლებრივი საფუძვლის რომელიმე ფაქტობრივი წანამძღვრის (სამართლებრივი წინაპირობის) არარსებობა გამორიცხავს მხარისათვის სასურველი სამართლებრივი შედეგის დადგომას (იხ. სუსგ-ები: ას-15-29-1443-2012, ას-973-1208-04; ას-664-635-2016). მოთხოვნის მატერიალური საფუძვლის მართებულად განსაზღვრაზეა დამოკიდებული მხარეთა შორის მტკიცების ტვირთის განაწილება და დასაბუთებული და კანონიერი გადაწყვეტილების მიღება.

15. განსახილველ შემთხვევაში მოსარჩელის მიერ სარჩელში მითითებული ფაქტობრივი გარემოებებიდან გამომდინარე, მისი მოთხოვნა შესაძლოა ეფუძნებოდეს სხვის საკუთრებად რიცხული ქონებით მოპასუხე საწარმოს მიერ სარგებლობით განპირობებული საფასურის გადახდას, რაც სსკ-ის 172.2-ე მუხლით „თუ საკუთრების ხელყოფა ან ხელშეშლა ხდება ნივთის ამოღების ან მისი ჩამორთმევის გარეშე, მაშინ მესაკუთრეს შეუძლია ხელის შემშლელს მოსთხოვოს ამ მოქმედების აღკვეთა. თუ ამგვარი ხელშეშლა კვლავ გაგრძელდება, მესაკუთრეს შეუძლია მოითხოვოს მოქმედების აღკვეთა სასამართლოში სარჩელის შეტანის გზით“ და 982.1-ე მუხლით „პირი, რომელიც ხელყოფს მეორე პირის სამართლებრივ სიკეთეს მისი თანხმობის გარეშე განკარგვის, დახარჯვის, სარგებლობის, შეერთების, შერევის, გადამუშავების ან სხვა საშუალებით, მოვალეა აუნაზღაუროს უფლებამოსილ პირს ამით მიყენებული ზიანი“ განსაზღვრული წინაპირობების შემოწმებას მოითხოვს (იხ.სუსგ-ები: N ას- 504-2019, 13.03.2020წ. N ას-1507-1427-2017, 03.04.2018წ; N ას-685-639-2017, 22.12.2017წ.) მოსარჩელის სტადიის შემდეგ, სასამართლომ უნდა შეამოწმოს მოპასუხის სტადია, რაც მოსაჩელის მიერ მითითებული ფაქტობრივი გარემოებების პასუხად შესაგებელში შედავებული გარემოებების კვალიფიციურობაზეა დამოკიდებული. საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2017 წლის 2 მარტის დიდი პალატის გადაწყვეტილებაში (საქმეზე N ას-664-635-2016; პუნქტი 201) მითითებულია: „2007 წლის 28 დეკემბერს საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსში განხორციელებული ცვლილებების მიხედვით, მოპასუხის მიერ პასუხის (შესაგებლის) წარდგენა სავალდებულო ხასიათს ატარებს (საქართველოს 28.12.2007წ.-ის კანონი N5669-სსმ), რაც იმაში გამოიხატება, რომ აღნიშნული საპროცესო ვალდებულების შეუსრულებლობა მხარისათვის უარყოფით საპროცესოსამართლებრივ შედეგებს იწვევს. კერძოდ, სარჩელში მითითებული ფაქტობრივი გარემოებები ითვლება შეუდავებლად და, შესაბამისად, დამტკიცებულად. სსსკ-ის 201-ე მუხლის მე-7 ნაწილით გათვალისწინებული შესაგებლის წარუდგენლობის ფაქტი თავისთავად განსაზღვრავს მტკიცების საგანს, რადგანაც მოსარჩელე თავისუფლდება სარჩელში მითითებული ფაქტების მტკიცებისაგან. აღნიშნული გარემოება დაუსწრებელი გადაწყვეტილების გამოტანის წინაპირობაცაა. საპროცესო კანონმდებლობით დადგენილია მოპასუხის მიერ კონკრეტული შესაგებლის წარდგენის ვალდებულება, კერძოდ, სსსკ-ის 201-ე მუხლის მე-4 ნაწილის შინაარსიდან გამომდინარე, დგინდება, რომ მოპასუხე უნდა შეედავოს მოსარჩელის გამართულ, დასაბუთებულ მოთხოვნას ანუ დავის გადაწყვეტისათვის სამართლებრივად მნიშვნელოვან ფაქტობრივ გარემოებებს, წინააღმდეგ შემთხვევაში, მოსარჩელის მიერ მითითებული ფაქტები (და არა მისი სამართლებრივი შეხედულებები) დამტკიცებულად ითვლება.

16. მტკიცების ტვირთს აწესრიგებს სსსკ-ის 102-ე მუხლის პირველი ნაწილი, რომლის მიხედვითაც თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებანი, რომლებზედაც იგი ამყარებს თავის მოთხოვნებსა და შესაგებელს. მოსარჩელემ უნდა ამტკიცოს ის გარემოებები, რომლებზედაც დაფუძნებულია სასარჩელო მოთხოვნა, ხოლო მოპასუხემ გარემოებები, რომლებსაც მისი შესაგებელი ემყარება. მტკიცების ტვირთი არის სამოქალაქო სამართალწარმოებაში საქმის სწორედ გადაწყვეტისათვის მნიშვნელოვანი ფაქტების დამტკიცების მოვალეობის დაკისრება მხარეებზე, რომლის შესრულება უზრუნველყოფილია მატერიალურ-სამართლებრივი თვალსაზრისით არახელსაყრელი გადაწყვეტილების გამოტანით იმ მხარის მიმართ, რომელმაც ეს მოვალეობა სათანადოდ არ (ვერ) შეასრულა. მხარეთა მტკიცებითი საქმიანობის საბოლოო მიზანი – ესაა სასამართლოს დარწმუნება საქმის სწორად გადაწყვეტისათვის მნიშვნელობის მქონე გარემოებების არსებობაში. სასამართლოს დაურწმუნებლობა კი, მხარისათვის არახელსაყრელ შედეგს იწვევს. მტკიცების ტვირთი დამოკიდებულია არა მხარის როლზე პროცესში, არამედ - მოთხოვნის საფუძველზე. ის ვინც ითხოვს ვალდებულების შესრულებას, უნდა დაამტკიცოს მოთხოვნის საფუძვლის არსებობა არა მხოლოდ მაშინ, როდესაც იგი ითხოვს თავისი მოთხოვნის შესრულებას, ან აღიარებას, არამედ მაშინაც, როდესაც იგი თავს იცავს მოწინააღმდეგე მხარის ნეგატიური აღიარებითი სარჩელისაგან (მოთხოვნისაგან). მტკიცების ტვირთისაგან უნდა გაიმიჯნოს ფაქტების მითითების ტვირთი, როგორც მხარის ფაკულტატური მოვალეობა. მხარეები სსკ-ის მე-4 მუხლის თანახმად სრულიად თავისუფალი არიან მიუთითონ ნებისმიერ ფაქტზე. ეს მათი უფლებაა, მაგრამ მათ მიერ მითითებული ფაქტობრივი გარემოებების სამართლებრივი შეფასება, ე.ი. იმის დადგენა და გარკვევა, თუ რამდენად ასაბუთებენ ეს ფაქტები იურიდიულად მხარეთა მოთხოვნებს და შესაგებელს – ეს უკვე სასამართლოს პრეროგატივაა. ამასთან, საკმარისი არ არის, რომ მხარემ ზოგადად გამოთქვას მოსაზრება საქმისათვის მნიშვნელობის მქონე გარემოებაზე, მაგალითად, განაცხადოს, რომ იგი მთლიანად უარყოფს მეორე მხარის მიერ მოხსენებულ საქმის ფაქტობრივ გარემოებებს. მხარის მიერ წარმოდგენილი მოსაზრებები კონკრეტულად და დეტალურად უნდა ჩამოყალიბდეს და ეხებოდეს საქმის გადაწყვეტისათვის მნიშვნელობის მქონე ყველა გარემოებას. მხარეთა მიერ წარმოდგენილი ახსნა-განმარტებები უნდა იყოს დასაბუთებული და ეხებოდეს იმ გარემოებებს, რომლებსაც უშუალო კავშირი აქვს დავასთან. მოსარჩელემ, როგორც წესი, უნდა დაამტკიცოს ყველა გარემოება, რომელიც წარმოადგენს მოთხოვნის წარმოშობის საფუძველს, ხოლო მოპასუხემ კი – ყველა გარემოება, რომელიც წარმოადგენს მოთხოვნის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის საფუძველს (იხ. ჰაინ ბიოლინგი, ლადო ჭანტურია, სამოქალაქო საქმეებზე გადაწყვეტილებათა მიღების მეთოდიკა, თბ., 2003, გვ.64) - იხ. შეად. სუსგ-ებს N ას-1298-2018; 22.03.2019წ; N ას-1329-2018, 22.02.2019წ; N ას-1610-2019, 07.02.2020წ.

17. ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვეციის მე-6 მუხლით გათვალისწინებული სამართლიანი სასამართლოს უფლების რეალიზება უმეტესწილად დამოკიდებულია და გულისხმობს სასამართლოს მიერ დასაბუთებული, მტკიცებულებათა ურთიერთშეჯერებისა და გაანალიზების საფუძველზე მიღებული გადაწყვეტილების მიღებას. მტკიცების ტვირთის როლი განსაკუთრებით ვლინდება სამოქალაქო სამართალწარმოებაში, სადაც მხარეთა ნების ავტონომიას გადამწყვეტი მნიშვნელობა ენიჭება. შესაძლებელია მხარის მოთხოვნა საფუძვლიანი იყოს, მაგრამ შეუძლებელია მხარემ მიიღოს თავისი სასარგებლო გადაწყვეტილება, თუ ვერ დაამტკიცებს თავის სასარგებლო გარემოებებს საპროცესო სამართლით დადგენილი წესით. ამიტომაც, ერთ-ერთ მნიშვნელოვან ფაქტორს წარმოადგენს მტკიცების ტვირთის მართებული გადანაწილება მოდავე მხარეებს შორის. ის გარემოება, რომელიც უნდა დაამტკიცოს მხარემ დამოკიდებულია სასამართლოს მიერ სასარჩელო მოთხოვნის დამფუძნებელი ნორმის მოძიებაზე და მისი დეფინიციით განსაზღვრული წინაპირობების შესრულებაზე, რაც უნდა შემოწმდეს, ერთი მხრივ, სარჩელში მითითებული ფაქტობრივი გარემოებებისა (შესატყვისი მტკიცებულებების მიხედვით) და მის პასუხად შესაგებელში წარდგენილი გამაქარწყლებელი მტკიცების ურთიერთშეპირისპირებისა და გაანალიზების შედეგად.

18. განსახილველ შემთხვევაში საკასაციო სასამართლოს შეფასებით მოსარჩელე სამინისტროს საკასაციო საჩივარში წარმოდგენილი არც ერთი არგუმენტი არ განაპირობებს მისთვის სასარგებლო სამართლებრივი შედეგის დადგომას, რაც იმას ნიშნავს, რომ არსებითი განხილვის შედეგადაც კი არ გამოვლინდა საკასაციო საჩივრის დაკმაყოფილების წინაპირობა, რაც საკასაციო განაცხადის დაკმაყოფილებაზე უარის თქმისა და სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინების უცვლელად დატოვების საფუძველია.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 410-ე მუხლით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

1. აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროს საკასაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;

2. უცვლელად დარჩეს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2016 წლის 15 დეკემბრის განჩინება;

3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

თავმჯდომარე ე. გასიტაშვილი

მოსამართლეები: ზ. ძლიერიშვილი

ბ. ალავიძე