Facebook Twitter

საქმე №ას-832-2019 11 დეკემბერი, 2020 წელი,

ქ. თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატა

შემადგენლობა:

ეკატერინე გასიტაშვილი (თავმჯდომარე, მომხსენებელი),

მოსამართლეები: ზურაბ ძლიერიშვილი,

ნინო ბაქაქური

საქმის განხილვის ფორმა _ ზეპირი განხილვის გარეშე

კასატორი – ნ.მ–ძე (მოსარჩელე)

მოწინააღმდეგე მხარე – სს „ს.ბ–ი“ (მოპასუხე)

გასაჩივრებული განჩინება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2019 წლის 11 აპრილის განჩინება

კასატორის მოთხოვნა – გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და, ახალი გადაწყვეტილების მიღებით, სარჩელის დაკმაყოფილება

დავის საგანი – ზიანის ანაზღაურება

საკითხი რომელზედაც მიღებულია განჩინება - საკასაციო საჩივრის უარყოფა

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

1. შპს „ნ.ე–იმ“ (შემდეგში: კომპანია) ნ.მ–ძეს (შემდეგში: მოსარჩელე, აპელანტი, კასატორი), 2012 წლის 14 აგვისტოს, საბანკო ანგარიშზე 3570 ლარი ჩაურიცხა, რომელიც სს ,,ს.ბ–მა“ (შემდეგში: მოპასუხე, ბანკი, მოწინააღმდეგე მხარე), 2013 წლის 24 ივნისს, სასესხო ვალდებულების ფარგლებში ჩამოაჭრა და 2008 წლის 23 ივნისის N614434 კრედიტის დასაფარად მიმართა (იხ.ტ.1, ს.ფ. 16);

2. თბილისის საქალაქო სასამართლოს 2013 წლის 26 სექტემბრის (№2/7951-13) გადაწყვეტილებით, ბანკის სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, მოსარჩელეს ბანკის სასარგებლოდ, 2008 წლის 23 ივლისის №614434 საბანკო კრედიტის ხელშეკრულებიდან გამომდინარე 522 ლარისა და პირგასამტეხლოს - 300 ლარის გადახდა დაეკისრა, ხოლო 2008 წლის 24 აპრილის №520465 ხელშეკრულებიდან გამომდინარე - ძირითადი დავალიანების - 3441.87 აშშ დოლარისა და პირგასამტეხლოს, 1000 აშშ დოლარის, ანაზღაურება. გადაწყვეტილება შესულია კანონიერ ძალაში (იხ.ტ.1, ს.ფ. 17-32);

3. მოსარჩელეს თბილისის საქალაქო სასამართლოს 2013 წლის 26 სექტემბრის გადაწყვეტილებით დაკისრებული თანხა არ გადაუხდია.

4. სს „ს.ბ–ის“ მიერ გაცემული 2018 წლის 12 ივლისის ცნობის თანახმად, ბანკმა მოსარჩელის დავალიანება დააკორექტირა და სადავო თანხა თბილისის საქალაქო სასამართლოს კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილებით განსაზღვრული №520465 ხელშეკრულებით გათვალისწინებული ვალდებულების შესასრულებლად გადარიცხა (იხ.ტ.1, ს.ფ. 88);

5. წინამდებარე განჩინების პირველ პუნქტში მითითებულმა კომპანიამ, 2012 წლის 15 აგვისტოს, წერილით მიმართა სს „თ.ბ–ს“ და აცნობა, რომ ამ უკანასკნელის ანგარიშიდან მოსარჩელის ანგარიშზე 3570 ლარი შეცდომით გადაირიცხა და გადარიცხვის გაუქმება და თანხის ანგარიშზე დაბრუნება მოითხოვა (იხ.ტ.1, ს.ფ. 92);

6. მოსარჩელემ, 2013 წლის 5 აგვისტოს, ნატო ოქრუაშვილისაგან (შემდეგში: გამსესხებელი) 3570 ლარი, თვეში 5% სარგებლის დარიცხვით ისესხა. ვალდებულება მოვალის წინაშე სრულად შესრულებულია (იხ.ტ.1, ს.ფ. 94-95).

7. სარჩელის საფუძვლები

7.1 მოსარჩელემ, 2018 წლის 30 მაისს, სარჩელი აღძრა ბანკის (მოპასუხის) წინააღმდეგ და ამ უკანასკნელისათვის, მოსარჩელისათვის მიყენებული ზიანის, 9639 ლარის დაკისრება მოითხოვა, აგრეთვე - ბანკის დავალდებულება, რომ მოსარჩელის საბანკო ანგარიშზე 2748 ლარი აღადგინოს.

7.2 მოსარჩელემ წინამდებარე განჩინების 1-2, 5-6 პუნქტებში აღწერილ ფაქტობრივ გარემოებებზე მიუთითა და დამატებით განმარტა, რომ კომპანიამ, 2012 წლის 14 აგვისტოს მესამე პირების შრომითი ანაზღაურება (3570 ლარი) მის ანგარიშზე შეცდომით ჩარიცხა, რაც ბანკისთვის 2012 წელსვე გახდა ცნობილი, თუმცა, კომპანიის (იხ. წინამდებარე განჩინების პირველი და მეხუთე პუნქტები) მოთხოვნის მიუხედავად, ბანკმა თანხა არ დააბრუნა.

7.3 მოსარჩელის განმარტებით, ბანკმა 2018 წელს მოსარჩელის ანგარიშიდან უკანონოდ ჩამოჭრილი თანხა აღადგინა, თუმცა ახალი უზუსტობა დაუშვა, როდესაც სასამართლოს გადაწყვეტილებით დაკისრებული 822 ლარის ნაცვლად, ანგარიშიდან 3570 ლარი ჩამოაჭრა მოსარჩელეს, რაც პროცენტის დასაფარად მიმართა.

7.4 მოსარჩელის განმარტებით, ბანკის ქმედების გამო, კერძო პირისგან აღებული პროცენტიანი სესხით, მესამე პირთა შრომითი ანაზღაურება დაფარა, რის გამოც 34 თვის მანძილზე, გამსესხებლის სასარგებლოდ (იხ. მე-6 პუნქტი), თვეში სესხის 5%-იან სარგებელს იხდიდა. მოსარჩელის მიერ გამსესხებლისათვის გადახდილმა თანხამ ჯამში 9639 ლარი შეადგინა, რაც მისთვის მოპასუხის ქმედებით მიყენებულ ზიანს წარმოადგენს.

8. მოპასუხის შესაგებელი

8.1 მოპასუხე ბანკმა წერილობით წარდგენილი შესაგებლით სარჩელი არ ცნო და განმარტა, რომ დავალიანება სასამართლო გადაწყვეტილების შესაბამისად დააკორექტირა, 3570 ლარიდან 3270 ლარი მსესხებლის ანგარიშზე დაბრუნდა და შემდეგ სასამართლო გადაწყვეტილებით დაკისრებული სხვა ვალდებულება შემცირდა.

8.2 მოპასუხის განმარტებით, მოსარჩელის ანგარიშზე თანხა 2012 წელს ჩაირიცხა, ხოლო ამ უკანასკნელმა სესხი 2013 წელს აიღო. ამასთან, თანხის შეცდომით გადამრიცხველი კომპანიის წერილი მიმართულია სს ,,თ.ბ–ის“ მიმართ დარიცხვის გაუქმების თაობაზე, შესაბამისად, მოპასუხეს (ბანკს) უფლება ჰქონდა, მოსარჩელის ანგარიშიდან თანხა ჩამოეჭრა.

9. თბილისის საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება და დასკვნები

9.1 თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 24 აგვისტოს გადაწყვეტილებით, მოსარჩელის სარჩელი არ დაკმაყოფილდა.

9.2 საქალაქო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო კოდექსის (შემდეგში: სსკ) სსკ-ის 326-ე, 408-ე, 412-ე, 861-ე, 867-ე და 992-ე მუხლებით; საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის (შემდეგში: სსსკ) 102-ე და 105-ე მუხლებით და განმარტა, რომ მოსარჩელემ ვერ დაადასტურა ის გარემოება, რომ სადავო თანხა მესამე პირებს ეკუთვნოდათ და ამის შესახებ ბანკი ინფორმირებული იყო.

9.3 საქალაქო სასამართლოს განმარტებით, მართალია, მოპასუხე ბანკმა ჩამოჭრილი თანხით ის ვალდებულება დაფარა, რომელიც სასამართლოს კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილებით ნაწილობრივ ხანდაზმულად იქნა ცნობილი, მაგრამ სარჩელის განხილვის დროისათვის ვითარება გამოსწორებულია, კერძოდ, დავალიანება სასამართლო გადაწყვეტილების შესაბამისად დაკორექტირებულია და სადავო თანხა მეორე სესხის - N520465 ხელშეკრულებით გათვალისწინებული ვალდებულების შესასრულებლად გადაირიცხა. აქედან გამომდინარე, საქალაქო სასამართლოს დასკვნით, მოსარჩელის მოთხოვნა მის ანგარიშზე ბანკის მიერ 2748 ლარის აღდგენის თაობაზე უკანონოა და არ უნდა დაკმაყოფილდეს.

10. სააპელაციო საჩივარი

10.1 მოსარჩელემ სააპელაციო წესით გაასაჩივრა თბილისის საქალაქო სასამართლოს 2018 წლის 24 აგვისტოს გადაწყვეტილება, მისი გაუქმება და, ახალი გადაწყვეტილების მიღებით, სარჩელის დაკმაყოფილება მოითხოვა.

11. სააპელაციო სასამართლოს განჩინება და დასკვნები

11.1 თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2019 წლის 11 აპრილის განჩინებით, მოსარჩელის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა, უცვლელად დარჩა გასაჩივრებული გადაწყვეტილება.

11.2 სააპელაციო სასამართლომ მტკიცების ტვირთზე გაამახვილა ყურადღება და განმარტა, რომ აპელანტმა (მოსარჩელემ) იმ გარემოების დასამტკიცებლად, რომ 2012 წელს ამ უკანასკნელის ანგარიშზე ჩარიცხული თანხა მესამე პირების შრომით ანაზღაურებას წარმოადგენდა ვერ დაადასტურა, აპელანტი მის და კომპანიის მიერ ბანკისათვის მიწერილ წერილებზე უთითებს.

11.3 სააპელაციო სასამართლომ აღნიშნა, რომ საქმეში სხვა რაიმე სათანადო მტკიცებულება, რაც სადავო თანხაზე მესამე პირთა კუთვნილებას დაადასტურებდა (მაგალითად: თანხის ჩარიცხვის დანიშნულება, „მესამე პირთა“ პრეტენზიები ან/და მოწმის სახით მიცემული ჩვენებები, სახელფასო უწყისები, მოსარჩელის კავშირი აღნიშნულ პირებთან, შეცდომით ჩარიცხვის გამომწვევი მიზეზების დამადასტურებელი მტკიცებულებები) წარდგენილი არ არის. ამასთან, ყურადსაღებია ის გარემოებაც, რომ მოპასუხე ბანკმა მოსარჩელის ანგარიშიდან სადავო თანხა ჩარიცხვიდან დაახლოებით ერთი წლის შემდეგ ჩამოჭრა, აღნიშნულიდან გამომდინარე, სააპელაციო სასამართლომ მარტოოდენ აპელანტისა (მოსარჩელისა) და კომპანიის წერილები არასაკმარის მტკიცებულებად მიიჩნია, ზემოაღნიშნული ფაქტობრივი გარემოების დასადასტურებლად.

11.4 სააპელაციო სასამართლომ დაასკვნა, რომ აპელანტის (მოსარჩელის) მიერ გამსესხებლისაგან აღებულ სესხს, მოპასუხე ბანკის მიერ სადავო თანხის ჩამოჭრასთან რაიმე კავშირი არ აქვს, ვინაიდან, არც სესხის ხელშეკრულებით და არც საქმეში წარდგენილი სხვა რაიმე მტკიცებულებით, აპელანტის მიერ ნასესხები თანხით „მესამე პირთა“ შრომითი ანაზღაურების გასტუმრების ფაქტობრივი გარემოება არ დასტურდება.

11.5 სააპელაციო სასამართლომ განმარტა, უდავოა, რომ მხარეებს შორის საბანკო კრედიტის ორი ხელშეკრულება იყო გაფორმებული. აპელანტმა ამ ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებები დაარღვია და, შესაბამისად, ბანკის მიმართ დავალიანება გააჩნდა; თბილისის საქალაქო სასამართლოს 2013 წლის 26 სექტემბრის კანონიერ ძალაში გადაწყვეტილებით (საქმე №2/7951-13), ბანკის სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა და მოსარჩელეს მოპასუხის სასარგებლოდ 2008 წლის 23 ივლისის საბანკო კრედიტის ხელშეკრულებიდან გამომდინარე 522 ლარისა და პირგასამტეხლოს - 300 ლარის, ანაზღაურება დაეკისრა, ხოლო 2008 წლის 24 აპრილის ხელშეკრულებიდან გამომდინარე, დავალიანების - 3441.87 აშშ დოლარისა და პირგასამტეხლოს - 1000 აშშ დოლარის ანაზღაურება. საქმის მასალებით დადგენილია, რომ ბანკმა სადავო თანხა №614434 სესხიდან გამომდინარე დავალიანების დასაფარად გამოიყენა, რომელიც სასამართლოს კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილებით ნაწილობრივ ხანდაზმულად იქნა ცნობილი, თუმცა ბანკის მიერ აპელანტის დავალიანება დაკორექტირდა და სადავო თანხა მეორე სესხის - №520465 ხელშეკრულებით გათვალისწინებული ვალდებულების შესასრულებლად მიექცა.

11.6 სააპელაციო სასამართლომ გაიზიარა პირველი ინსტანციის სასამართლოს მსჯელობა, რომლის თანახმადაც, ჩვეულებრივ პირობებში, ბანკი არ არის უფლებამოსილი, ანგარიშის მფლობელის ნებართვის გარეშე ფულადი სახსრები ჩამოწეროს, მაგრამ, სააპელაციო სასამართლოს განმარტებით, როდესაც კონკრეტული ანგარიში საბანკო კრედიტის დასაფარად გამოიყენება და მხარეები შეთანხმებული არიან, რომ საკრედიტო დაწესებულება ანგარიშზე არსებულ თანხას კრედიტის დასაფარად გამოიყენებს,საბანკო დაწესებულების ანგარიშზე თანხის ჩარიცხვით, ფულზე ბანკი საკუთრების უფლებას მოიპოვებს და, შესაბამისად, სახელშეკრულებო ურთიერთობის ფარგლებში, ბანკს აქვს ანგარიშზე არსებული თანხის საკრედიტო ვალდებულების შესასრულებლად მიმართვის უფლება.

11.7 სააპელაციო სასამართლოს განმარტებით, მოცემულ შემთხვევაში, ბანკმა ჩამოჭრილი თანხა გამოიყენა იმ ვალდებულების დასაფარად, რომელიც სასამართლოს კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილებით ნაწილობრივ ხანდაზმულად იქნა ცნობილი, თუმცა სარჩელის განხილვის დროისათვის ეს ვითარება გამოსწორებულია, კერძოდ, დავალიანება დაკორექტირებულია სასამართლო გადაწყვეტილების შესაბამისად და სადავო თანხა მეორე სესხის - №520465 ხელშეკრულებით გათვალისწინებული ვალდებულების შესასრულებლად გადაირიცხა, რასაც მოსარჩელეც არ ხდის სადავოდ.

11.8 ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სააპელაციო სასამართლოს დასკვნით, პირველი ინსტანციის სასამართლომ მოსარჩელეს 2748 ლარის ბანკისათვის დაკისრების თაობაზე მართებულად უთხრა უარი.

12. საკასაციო საჩივრის საფუძვლები

12.1 მოსარჩელემ საკასაციო წესით გაასაჩივრა თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2019 წლის 11 აპრილის განჩინება, მისი გაუქმება და, ახალი გადაწყვეტილების მიღებით, სარჩელის დაკმაყოფილება მოითხოვა.

12.2 კასატორის განმარტებით, ბანკმა ჯერ კიდევ 2013 წლის 24 ივნისს, სხვა სამოქალაქო საქმეზე სასამართლო გადაწყვეტილების მიღებამდე, მოსარჩელეს დავის პროცესში მყოფი სადავო დავალიანების (სესხი N614434) საბაბით, ანგარიშიდან 3570 ლარი თვითნებურად ჩამოაჭრა, რის თაობაზეც მოსარჩელემ 2018 წელს შეიტყო.

12.3 თბილისის საქალაქო სასამართლოს 2013 წლის 26 სექტემბრის გადაწყვეტილებით, ბანკის მოთხოვნა N614434 სასესხო ვალდებულებიდან გამომდინარე, მხოლოდ 822 ლარით დაკმაყოფილდა, გადაწყვეტილება შესულია კანონიერ ძალაში. მიუხედავად ამ დადგენილი გარემოებებისა, მოსარჩელისათვის ბანკის წერილით ცნობილი გახდა, რომ ამ უკანასკნელმა 2018 წელს თანხა კასატორის ანგარიშზე აღადგინა, თუმცა კვლავ ახალი უკანონობა დაუშვა, როდესაც სასამართლოს მიერ დადგენილი 822 ლარის ნაცვლად, ანგარიშიდან ისევ 3570 ლარი ჩამოაჭრა და N614434 სესხის პროცენტის დასაფარად მიმართა, რაც სასამართლომ უკანონოდ მიიჩნია.

12.4 კასატორის განმარტებით, ბანკმა ანგარიშიდან ჩამოჭრილი თანხით, ის სასესხო მოთხოვნა დაფარა, რომელიც სასამართლოს კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილებით ხანდაზმულად იქნა ცნობილი და ბანკს ამ მოთხოვნის დაკმაყოფილებაზე უარი ეთქვა, შესაბამისად, ბანკმა 2018 წელს ანგარიშზე აღდგენილი თანხა სასამართლოს მიერ დაუკმაყოფილებელ 2008 წლის 20 სექტემბრის N827357 სასესხო მოთხოვნაზე უკანონოდ მიმართა.

12.5 კასატორის მტკიცებით, სააპელაციო სასამართლომ არ შეაფასა მოსარჩელის ანგარიშზე შეცდომით ჩარიცხული მესამე პირის კუთვნილ თანხასთან დაკავშირებული მნიშვნელოვანი გარემოება. კომპანიამ ოფიციალურად მიმართა ბანკს ამ თანხის უკან დაბრუნების მოთხოვნით. აღნიშნული მტკიცებულება საქმეშია წარდგენილი. კასატორის განმარტებით, სსსკ-ის 102-ე მუხლის თანახმად, ბანკს ამ მტკიცებულების გაქარწყლება ევალებოდა, რაც მოცემულ შემთხვევაში არ ვლინდება. ასეთ შემთხვევაში კი, სასამართლოს ეკისრებოდა მხარეთა თანასწორობისა და დისპოზიციურობის პრინციპით ეხელმძღვანელა და ბანკის პოზიცია დაუსაბუთებლად მიეჩნია სათანადო მტკიცებულებების გარეშე.

12.6 კასატორის განმარტებით, სააპელაციო სასამართლომ სსკ-ის 861-ე მუხლის მოთხოვნის გათვალისწინებით დაადგინა, რომ ბანკმა მოსარჩელის ანგარიშიდან თანხა თვითნებურად ჩამოჭრა და სხვა საკრედიტო ანგარიშზე გადარიცხა, თუმცა სასამართლომ შემაჯამებელი გადაწყვეტილება ამ სამართლებრივი ნორმის გაუთვალისწინებლად მიიღო.

13. საკასაციო სამართალწარმოების ეტაპი

13.1 საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატამ 2019 წლის 2 აგვისტოს განჩინებით მოსარჩელის საკასაციო საჩივარი სსსკ-ის 391-ე მუხლის მე-5 ნაწილის „ე“ ქვეპუნქტის საფუძველზე დასაშვებად ცნო და მიიღო არსებითად განსახილველად.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლო საქმის შესწავლის, მტკიცებულებათა გაანალიზების, მხარეთა ახსნა-განმარტებების შემოწმებისა და მოსარჩელის საკასაციო საჩივრის სამართლებრივი დასაბუთებულობის არსებითად განხილვის შედეგად მივიდა დასკვნამდე, რომ საკასაციო განაცხადი დაუსაბუთებულია და არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგი არგუმენტაციით:

14. სსსკ-ის 404-ე მუხლის პირველი ნაწილით, საკასაციო სასამართლო გადაწყვეტილებას ამოწმებს საკასაციო საჩივრის ფარგლებში, ამავე კოდექსის 407-ე მუხლის პირველი ნაწილით, საკასაციო სასამართლო იმსჯელებს მხარის მხოლოდ იმ ახსნა-განმარტებაზე, რომელიც ასახულია სასამართლო გადაწყვეტილებებსა და სხდომის ოქმებში. გარდა ამისა, შეიძლება მხედველობაში იქნეს მიღებული ამ კოდექსის 396-ე მუხლის პირველი ნაწილის „ვ“ ქვეპუნქტში მითითებული ფაქტები; ამავე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, სააპელაციო სასამართლოს მიერ დამტკიცებულად ცნობილი ფაქტობრივი გარემოებები სავალდებულოა საკასაციო სასამართლოსათვის, თუ წამოყენებული არ არის დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია (შედავება). საკასაციო სასამართლოს შეფასებით კასატორს ასეთი დასაბუთებული საკასაციო შედავება არ აქვს წარმოდგენილი.

15. საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე-6 მუხლის პირველი პარაგრაფი ავალდებულებს სასამართლოს, დაასაბუთოს თავისი გადაწყვეტილება, რაც არ უნდა იქნეს გაგებული თითოეულ არგუმენტზე დეტალური პასუხის გაცემად (იხ. ჯღარკავა საქართველოს წინააღმდეგ, # 7932/03; Van de Hurk v. Netherlands, par.61, Garcia Ruiz v. Spain [GC] par.26; Jahnke and Lenoble v France (dec.); Perez v France [GC], par. 81). საკასაციო სასამართლო იზიარებს სააპელაციო სასამართლოს მსჯელობასა და დასკვნებს, რაც საკასაციო პრეტენზიის არსებითად განხილვის ეტაპზე, საკასაციო საჩივრის უარყოფისა და გასაჩივრებული განჩინების უცვლელად დატოვების საფუძველია.

16. საკასაციო სასამართლო იზიარებს სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს და სწორედ ამ ფარგლებში არსებითად განიხილავს და ამოწმებს საკასაციო პრეტენზიის დასაბუთებულობას (სსსკ-ის 407-ე მუხლი), ამასთან, მიაჩნია, რომ საქმეზე გადაწყვეტილების მისაღებად არ ვლინდება სააპელაციო სასამართლოსათვის საქმის ხელახლა განსახილველად დაბრუნების საფუძველი (სსსკ-ის 412-ე მუხლი).

17. სააპელაციო სასამართლომ მართებულად მიუთითა მის მიერ საკვლევ ძირითად გარემოებაზე, რაც იმის დადგენაში მდგომარეობს, თუ რა ქმედებები განახორციელა მოპასუხე ბანკმა კასატორის (მოსარჩელის) საბანკო ანგარიშზე ჩარიცხული თანხის განკარგვით; მოსარჩელის საკრედიტო სახელშეკრულებო ვალდებულებიდან გამომდინარე არსებული ვალდებულების შესრულების მიზნით ბანკის მიერ მოსარჩელის ანგარიშზე დარიცხული თანხის გადარიცხვით დავალიანების დასაფარად მიადგა თუ არა ზიანი კასატორს.

18. სასამართლოსათვის ამოსავალია ის კონკრეტული ფაქტები და გარემოებები, რომლებზედაც მოსარჩელე ამყარებს თავის მოთხოვნას. სწორედ მოსარჩელის მიერ მითითებული ფაქტები და გარემოებები განსაზღვრავენ მისი მოთხოვნის შინაარსს. საკასაციო სასამართლო მიუთითებს, რომ მოსარჩელის მოთხოვნის შინაარსის განმსაზღვრელია სარჩელში მითითებული ფაქტები და გარემოებები. სარჩელის ინდივიდუალიზაცია სარჩელის ელემენტების მეშვეობითაა შესაძლებელი. სსსკ-ის მე-3, მე-4, 83-ე და 178-ე მუხლების ანალიზით შესაძლებელია, დავასკვნათ, რომ სარჩელი შედგება ორი ელემენტისგან: სარჩელის საგნისა და სარჩელის საფუძვლისგან. სარჩელის საგანია მოსარჩელის მოთხოვნა მოპასუხისადმი (სსსკ-ის 178.1 მუხლის „ზ“ ქვეპუნქტი), ხოლო სარჩელის საფუძველი – კონკრეტული ფაქტები და გარემოებები, რომლებზედაც მოსარჩელე ამყარებს თავის მოთხოვნას (სსსკ-ის 178.1 მუხლის „ე“ ქვეპუნქტი). განსახილველ შემთხვევაში მოსარჩელის მოთხოვნისა (იხ. წინამდებარე განჩინების 7.1-7.4 ქვეპუნქტები) და საქმეზე დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების (იხ. წინამდებარე განჩინების 1-6 პუნქტები) გათვალისწინებით, საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ კასატორმა წარმატებით ვერ დაძლია კუთვნილი მტკიცების ტვირთი ბანკის მიერ განხორციელებული ქმედებით მისთვის მიყენებული ზიანის დასამტკიცებლად.

19. სსკ-ის 861-ე მუხლის თანახმად, „საკრედიტო დაწესებულება ვალდებულია ანგარიშიდან ფულადი სახსრების ჩამოწერა აწარმოოს მისი მფლობელის ნებართვის ან მითითების საფუძველზე. წინააღმდეგ შემთხვევაში იგი ვალდებულია მიყენებული ზიანი და არასწორად გადარიცხული თანხა კვლავ შეიტანოს ანგარიშის მფლობელის აქტივში“. სწორედ ამ ნორმაზე უთითებს საკასაციო საჩივრის ავტორი, თუმცა, მოცემულ შემთხვევაში საქმეზე დადგენილია, რომ კასატორს (მოსარჩელეს) ორი საკრედიტო ხელშეკრულება აკავშირებს მოპასუხე ბანკთან. კასატორს, როგორც ბანკის მოვალეს, დარღვეული აქვს კრედიტორის წინაშე ნაკისრი სახელშეკრულებო ვალდებულება, რაც თბილისის საქალაქო სასამართლოს 2013 წლის 26 სექტემბრის კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილებით დასტურდება (საქმე №2/7951-13), რომლითაც ბანკის სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა და მოსარჩელეს, მოპასუხის სასარგებლოდ, 2008 წლის 23 ივლისის საბანკო კრედიტის ხელშეკრულებიდან გამომდინარე 522 ლარისა და პირგასამტეხლოს - 300 ლარის, ანაზღაურება დაეკისრა, ხოლო 2008 წლის 24 აპრილის ხელშეკრულებიდან გამომდინარე - დავალიანების - 3441.87 აშშ დოლარისა და პირგასამტეხლოს - 1000 აშშ დოლარის ანაზღაურება. საქმის მასალებით დადგენილია, რომ ბანკმა სადავო თანხა №614434 სესხიდან გამომდინარე დავალიანების დასაფარად გამოიყენა, რომელიც სასამართლოს კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილებით ნაწილობრივ ხანდაზმულად იქნა ცნობილი, თუმცა, ბანკმა დააკორექტირა მოვალის (კასატორის) დავალიანება და სადავო თანხა მეორე სესხის - №520465 ხელშეკრულებით გათვალისწინებული ვალდებულების შესასრულებლად მიმართა. იმ პირობებში, როდესაც კონკრეტული ანგარიში საბანკო კრედიტის დასაფარად გამოიყენება და მხარეები შეთანხმებული არიან, რომ საკრედიტო დაწესებულება ანგარიშზე არსებულ თანხას კრედიტის დასაფარად გამოიყენებს, საბანკო დაწესებულების ანგარიშზე თანხის ჩარიცხვით, ბანკი ფულზე საკუთრების უფლებას მოიპოვებს და, შესაბამისად, სახელშეკრულებო ურთიერთობის ფარგლებში, ბანკს უფლება აქვს ანგარიშზე არსებული თანხა საკრედიტო ვალდებულების შესასრულებლად მიმართოს. დადგენილია, რომ ბანკმა მოვალის ანგარიშიდან ჩამოჭრილი თანხა გამოიყენა მოვალისავე ვალდებულების დასაფარად, რომელიც ამ უკანასკნელს კრედიტორის წინაშე სასამართლოს კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილებით დაეკისრა და, მიუხედავად იმისა, რომ სასამართლოს გადაწყვეტილებით მოვალის დავალიანების ნაწილი ხანდაზმულად იქნა ცნობილი, სარჩელის განხილვის დროისათვის ეს ვითარება გამოსწორდა იმით, რომ დავალიანება დაკორექტირებულია სასამართლო გადაწყვეტილების შესაბამისად და სადავო თანხა მოვალის მეორე სესხის - №520465 ხელშეკრულებით გათვალისწინებული ვალდებულების შესასრულებლად გადაირიცხა, რასაც მოვალეც (კასატორიც) არ ხდის სადავოდ.

20. კასატორის პრეტენზიასთან დაკავშირებით, რომელიც უკავშირდება მის მიერ სხვა პირისაგან სესხის აღებას და ამის გამო პროცენტის (სარგებლის) გადახდას, საკასაციო სასამართლო ასევე სრულად იზიარებს სააპელაციო სასამართლოს მსჯელობასა და დასკვნას, რომ მოსარჩელის (ბანკის მოვალის) მიერ გამსესხებლისაგან აღებულ სესხს (იხ. წინამდებარე განჩინების მე-6 პუნქტი), მოპასუხე ბანკის, როგორც კრედიტორის, მიერ მოვალის დავალიანების დასაფარად მისი ანგარიშიდან სადავო თანხის ჩამოჭრასთან არავითარი კავშირი არ აქვს, ვინაიდან, არც სესხის ხელშეკრულებით და არც საქმეში წარდგენილი სხვა მტკიცებულებით, მოვალის (კასატორის) მიერ ნასესხები თანხით „მესამე პირთა“ შრომითი ანაზღაურების გასტუმრების ფაქტობრივი გარემოება არ დასტურდება. უფრო მეტიც, ეს ფაქტობრივი გარემოება გამოირიცხება, რადგან დადგენილია, რომ კრედიტორმა მოვალის (კასატორის) საბანკო ანგარიშიდან სადავო თანხა, ჩარიცხვიდან, დაახლოებით ერთი წლის შემდეგ ჩამოჭრა. ამ მიმართებით კასატორის მითითება მის და კომპანიის წერილებზე არასაკმარის მტკიცებულებად არის მიჩნეული.

21. საკასაციო სასამართლო არაერთ გადაწყვეტილებაში/განჩინებაში უთითებს, რომ ყოველი კონკრეტული სამოქალაქო საქმის გადაწყვეტა სასამართლოში, დაკავშირებულია გარკვეული ფაქტების დადგენასთან. ფაქტების დადგენის აუცილებლობა განპირობებულია იმით, რომ სასამართლო იხილავს და წყვეტს მხარეთა შორის წარმოშობილ დავებს, რომლებიც სამართლით რეგულირებული ურთიერთობებიდან წარმოიშობიან. სამართლებრივი ურთიერთობა კი, როგორც ეს ცნობილია, შეიძლება აღმოცენდეს, განვითარდეს ან შეწყდეს მხოლოდ იურიდიული ფაქტების საფუძველზე. სწორედ მტკიცების ტვირთსა და მის სწორ განაწილებაზეა დამოკიდებული დასაბუთებული და კანონიერი გადაწყვეტილების მიღება.

22. ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვეციის მე-6 მუხლით გათვალისწინებული სამართლიანი სასამართლოს უფლების რეალიზება უმეტესწილად დამოკიდებულია და გულისხმობს სასამართლოს მიერ დასაბუთებული, მტკიცებულებათა ურთიერთშეჯერებისა და გაანალიზების საფუძველზე მიღებული გადაწყვეტილების მიღებას. მტკიცების ტვირთის როლი განსაკუთრებით ვლინდება სამოქალაქო სამართალწარმოებაში, სადაც მხარეთა ნების ავტონომიას გადამწყვეტი მნიშვნელობა ენიჭება. შესაძლებელია მხარის მოთხოვნა საფუძვლიანი იყოს, მაგრამ შეუძლებელია მხარემ მიიღოს თავისი სასარგებლო გადაწყვეტილება, თუ ვერ დაამტკიცებს თავის სასარგებლო გარემოებებს საპროცესო სამართლით დადგენილი წესით. ამიტომაც, ერთ-ერთ მნიშვნელოვან ფაქტორს წარმოადგენს მტკიცების ტვირთის მართებული გადანაწილება მოდავე მხარეებს შორის.

23. სსსკ-ის მე-3 მუხლის მიხედვით, მხარეები იწყებენ საქმის წარმოებას სასამართლოში, ამ კოდექსში ჩამოყალიბებული წესების შესაბამისად, სარჩელის ან განცხადების შეტანის გზით. ისინი განსაზღვრავენ დავის საგანს და თვითონვე იღებენ გადაწყვეტილებას სარჩელის (განცხადების) შეტანის შესახებ. მხარეებს შეუძლიათ საქმის წარმოება მორიგებით დაამთავრონ. მოსარჩელეს შეუძლია უარი თქვას სარჩელზე, ხოლო მოპასუხეს – ცნოს სარჩელი. ამავე კოდექსის მე-4 მუხლის მიხედვით სამართალწარმოება მიმდინარეობს შეჯიბრებითობის საფუძველზე. მხარეები სარგებლობენ თანაბარი უფლებებითა და შესაძლებლობებით, დაასაბუთონ თავიანთი მოთხოვნები, უარყონ ან გააქარწყლონ მეორე მხარის მიერ წამოყენებული შესაგებლები, მოსაზრებები თუ მტკიცებულებები. მხარეები თვითონვე განსაზღვრავენ, თუ რომელი ფაქტები უნდა დაედოს საფუძვლად მათ მოთხოვნებს ან რომელი მტკიცებულებებით უნდა იქნეს დადასტურებული ეს ფაქტები.

24. მტკიცების ტვირთს აწესრიგებს სსსკ-ის 102-ე მუხლის პირველი ნაწილი, რომლის მიხედვითაც თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებანი, რომლებზედაც იგი ამყარებს თავის მოთხოვნებსა და შესაგებელს. მოსარჩელემ უნდა ამტკიცოს ის გარემოებები, რომლებზედაც დაფუძნებულია სასარჩელო მოთხოვნა, ხოლო მოპასუხემ გარემოებები, რომლებსაც მისი შესაგებელი ემყარება. მტკიცების ტვირთი არის სამოქალაქო სამართალწარმოებაში საქმის სწორედ გადაწყვეტისათვის მნიშვნელოვანი ფაქტების დამტკიცების მოვალეობის დაკისრება მხარეებზე, რომლის შესრულება უზრუნველყოფილია მატერიალურ-სამართლებრივი თვალსაზრისით არახელსაყრელი გადაწყვეტილების გამოტანით იმ მხარის მიმართ, რომელმაც ეს მოვალეობა სათანადოდ არ (ვერ) შეასრულა. მხარეთა მტკიცებითი საქმიანობის საბოლოო მიზანი – ესაა სასამართლოს დარწმუნება საქმის სწორად გადაწყვეტისათვის მნიშვნელობის მქონე გარემოებების არსებობაში. სასამართლოს დაურწმუნებლობა კი, მხარისათვის არახელსაყრელ შედეგს იწვევს. მტკიცების ტვირთი დამოკიდებულია არა მხარის როლზე პროცესში, არამედ მოთხოვნის საფუძველზე. ის ვინც ითხოვს ვალდებულების შესრულებას, უნდა დაამტკიცოს მოთხოვნის საფუძვლის არსებობა არა მხოლოდ მაშინ, როდესაც იგი ითხოვს თავისი მოთხოვნის შესრულებას, ან აღიარებას, არამედ მაშინაც, როდესაც იგი თავს იცავს მოწინააღმდეგე მხარის ნეგატიური აღიარებითი სარჩელისაგან (მოთხოვნისაგან). მტკიცების ტვირთისაგან უნდა გაიმიჯნოს ფაქტების მითითების ტვირთი, როგორც მხარის ფაკულტატური მოვალეობა. მხარეები სსკ-ის მე-4 მუხლის თანახმად სრულიად თავისუფალი არიან მიუთითონ ნებისმიერ ფაქტზე. ეს მათი უფლებაა, მაგრამ მათ მიერ მითითებული ფაქტობრივი გარემოებების სამართლებრივი შეფასება, ე.ი. იმის დადგენა და გარკვევა, თუ რამდენად ასაბუთებენ ეს ფაქტები იურიდიულად მხარეთა მოთხოვნებს და შესაგებელს – ეს უკვე სასამართლოს პრეროგატივაა. ამასთან, საკმარისი არ არის, რომ მხარემ ზოგადად გამოთქვას მოსაზრება საქმისათვის მნიშვნელობის მქონე გარემოებაზე, მაგალითად, განაცხადოს, რომ იგი მთლიანად უარყოფს მეორე მხარის მიერ მოხსენებულ საქმის ფაქტობრივ გარემოებებს. მხარის მიერ წარმოდგენილი მოსაზრებები კონკრეტულად და დეტალურად უნდა ჩამოყალიბდეს და ეხებოდეს საქმის გადაწყვეტისათვის მნიშვნელობის მქონე ყველა გარემოებას. მხარეთა მიერ წარმოდგენილი ახსნა-განმარტებები უნდა იყოს დასაბუთებული და ეხებოდეს იმ გარემოებებს, რომლებსაც უშუალო კავშირი აქვს დავასთან. მოსარჩელემ, როგორც წესი, უნდა დაამტკიცოს ყველა გარემოება, რომელიც წარმოადგენს მოთხოვნის წარმოშობის საფუძველს, ხოლო მოპასუხემ კი – ყველა გარემოება, რომელიც წარმოადგენს მოთხოვნის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის საფუძველს (იხ. ჰაინ ბიოლინგი, ლადო ჭანტურია, სამოქალაქო საქმეებზე გადაწყვეტილებათა მიღების მეთოდიკა, თბ., 2003, გვ.64) - იხ. შეად. სუსგ-ებს N ას-1298-2018; 22.03.2019წ; N ას-1329-2018, 22.02.2019წ; N ას-1610-2019, 07.02.2020წ.).

25. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლო არაერთ გადაწყვეტილებაში უთითებს, რომ ეროვნული სასამართლოს გადაწყვეტილება უნდა პასუხობდეს მხარის მიერ სამართლებრივ და პროცედურულ საკითხებთან დაკავშირებით წარმოდგენილი არგუმენტების ძირითად ასპექტებს (Ruiz Torija v. Spain, Application no. 18390/91; §§ 29-30). შესაბამისად, უფლება მოსმენაზე მოიცავს არა მხოლოდ სასამართლოს წინაშე არგუმენტების წარდგენის შესაძლებლობას, არამედ სასამართლოს ვალდებულებას, გადაწყვეტილების დასაბუთებაში მიუთითოს მიზეზები, რომელთა საფუძველზეც გაიზიარა ან უარყო შესაბამისი არგუმენტები. სასამართლომ შეიძლება აუცილებლად არ მიიჩნიოს იმგვარ არგუმენტებზე პასუხის გაცემა, რომლებიც აშკარად არარელევანტური, დაუსაბუთებელი ან სხვაგვარად დაუშვებელია მსგავსი არგუმენტების მიმართ არსებული სამართლებრივი დებულებების ან მყარად დადგენილი სასამართლო პრაქტიკის საფუძველზე, თუმცა, ყველა გადაწყვეტილება უნდა იყოს ნათელი და საქმეში მონაწილე მხარეებს შესაძლებლობას უნდა აძლევდეს გაიგონ, თუ რატომ გაითვალისწინა სასამართლომ მხოლოდ კონკრეტული გარემოებები და მტკიცებულებები (Seryavin and Others v. Ukraine §§ 55-62). სასამართლოს აქვს ვალდებულება, სათანადოდ იმსჯელოს მხარეთა მიერ წარდგენილ დოკუმენტებზე, არგუმენტებსა და მტკიცებულებებზე (Kraska v. Switzerland, § 30; Van de Hurk v. the Netherlands, § 59; Perez v. France, § 80). ამასთან, მხარეებს უნდა ჰქონდეთ არა მხოლოდ იმის შესაძლებლობა, რომ იცოდნენ იმ მტკიცებულებათა შესახებ, რომლებიც მათ სჭირდებათ თავიანთი სარჩელის წარმატებისათვის, არამედ იცოდნენ და ჰქონდეთ კომენტარის გაკეთების საშუალება ყველა იმ მტკიცებულებასთან და მოსაზრებასთან დაკავშირებით, რომლებიც წარდგენილია სასამართლოს აზრის ფორმირებაზე ზეგავლენის მოხდენის მიზნით (Milatova and others v. The Czech republic §59; niderost-huber v. Switzerland, § 24; k.s. v. finland § 21; ასევე, სუსგ №ას-1191-1133-2014, 14 მაისი, 2015 წელი).

26. საკასაციო სასამართლოს შეფასებით საკასაციო საჩივარში წარმოდგენილი არც ერთი არგუმენტი არ განაპირობებს მოსარჩელისათვის სასარგებლო სამართლებრივი შედეგის დადგომას, რაც საკასაციო განაცხადის დაკმაყოფილებაზე უარის თქმისა და სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინების უცვლელად დატოვების საფუძველია.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 410-ე მუხლით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

1. ნ.მ–ძის საკასაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;

2. უცვლელად დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2019 წლის 11 აპრილის განჩინება;

3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

თავმჯდომარე ე. გასიტაშვილი

მოსამართლეები: ზ. ძლიერიშვილი

ნ. ბაქაქური