Facebook Twitter

საქმე №ას-893-2020 6 ნოემბერი, 2020 weli,

ქ. თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატა

შემადგენლობა:

ეკატერინე გასიტაშვილი (თავმჯდომარე, მომხსენებელი),

მოსამართლეები: ზურაბ ძლიერიშვილი,

ნინო ბაქაქური

საქმის განხილვის ფორმა _ ზეპირი განხილვის გარეშე

კასატორი – გ.ბ–ი (მოსარჩელე)

მოწინააღმდეგე მხარე – შპს "ჯ.უ. ე.ფ–ი" (მოპასუხე)

გასაჩივრებული განჩინება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2020 წლის 17 იანვრის განჩინება

კასატორის მოთხოვნა – გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით, სარჩელის დაკმაყოფილება

დავის საგანი – სამსახურიდან გათავისუფლების შესახებ ბრძანების ბათილად ცნობა, სამსახურში აღდგენა და განაცდურის ანაზღაურება

საკითხი, რომელზედაც მიღებულია განჩინება - საკასაციო საჩივრის დაუშვებლად ცნობა

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :

1. შპს „ჯ.უ. ე.ფ–სა“ (შემდეგში: დამსაქმებელი, მოპასუხე ან კომპანია) და გ.ბ–ს (შემდეგში: დასაქმებული, მოსარჩელე, აპელანტი ან კასატორი) შორის, 2016 წლის 1 მარტს, შრომითი ხელშეკრულება გაფორმდა, რომლითაც მოსარჩელე ცვლის ზეინკლის თანამდებობაზე, უვადოდ, დასაქმდა. დასაქმებულის ყოველთვიური ანაზღაურება 650 ლარით (დარიცხული) განისაზღვრა. იმ სამუშაო პოზიციებზე რომლებიც ითვალისწინებდა ტარიფზე დამოკიდებულ ანაზღაურების სისტემას, ვრცელდებოდა დანართი #3, რომელიც შრომითი ხელშეკრულების განუყოფელი ნაწილი იყო.

2. საბანკო ამონაწერის მიხედვით დასაქმებულს დამსაქმებლისგან, ხელფასის სახით, არათანაბარი თანხები ერიცხებოდა.

3. უსაფრთხოებისა და ზედამხედველობის დეპარტამენტის ობიექტების უსაფრთხოებისა და კონტროლის სამსახურის უფროსის მოხსენებითი ბარათის მიხედვით, 2018 წლის 9 იანვარს, ...... ქ. #3-ის მიმდებარედ, სარემონტო-აღდგენით სამუშაოებს ატარებდა წყალსადენის სისტემების საავარიო დეპარტამენტის #19 ბრიგადა. ბრიგადის ზეინკალმა - მოსარჩელემ, ასევე, ორმა მუშამ, ობიექტზე ყოფნისას, ანუ სამუშაო საათებში, მიიღეს ალკოჰოლური სასმელი. იმავე დღეს, ამ თანამშრომლებს სამედიცინო შემოწმება ჩაუტარდათ სსიპ ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლოს ექსპეტიზის ეროვნულ ბიუროში (შემდეგში: ექსპერტიზის ბიურო), რა დროსაც დასაქმებულ მოსარჩელეს დაუდგინდა ალკოჰოლის მოხმარება 0.63 პრომილე. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სამსახურებრივი დისციპლინის უხეში დარღვევისათვის, რაც გამოიხატა სამუშაო პერიოდში ალკოჰოლური სასმლის მიღებაში, უსაფრთხოებისა და კონტროლის სამსახურის უფროსმა მიზანშეწონილად მიიჩნია მოსარჩელის (და ბრიგადის 2 წევრის) სამსახურიდან გათავისუფლება.

4. მოსარჩელემ 2018 წლის 10 იანვარს მიცემულ ახსნა-განმარტებაში დაადასტურა, სამუშაო საათებში, მსუბუქი ხარისხის ალკოჰოლური თრობის ქვეშ ყოფნის ფაქტი.

5. დამსაქმებელი კომპანიის გენერალური დირექტორის 2018 წლის 12 მარტის #02-0063/18 ბრძანებით, საქართველოს შრომის კოდექსის (შემდეგში: სშკ) 37-ე მუხლის პირველი ნაწილის „ზ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, მოსარჩელე დაკავებული თანამდებობიდან, 2018 წლის 15 მარტიდან, გათავისუფლდა და შრომითი ხელშეკრულების მოქმედება შეუწყდა, სამსახურებრივი ინსტრუქციების, შრომითი ხელშეკრულების და სხვა მასთან გაფორმებული დოკუმენტების პირობების უხეში დარღვევის გამო, რომლითაც განსაზღვრულია მისი უფლება-მოვალეობები და პასუხისმგებლობა კომპანიის წინაშე.

6. დასაქმებულმა 2018 წლის 15 მარტს განცხადებით მიმართა კომპანიის ოპერაციების მართვის დარგში დირექტორს, რომლითაც მძიმე ოჯახური პირობების გამო ითხოვა პატიება იმ შეცდომის გამო, რომლის შემდგომ კვლავ ამუშავეს ორი თვე და მხოლოდ ამის შემდეგ გაათავისუფლეს.

7. კომპანიის გენერალურ დირექტორს 2018 წლის 28 მაისს წერილით მიმართა მოსარჩელის წარმომადგენელმა, სადაც მიუთითა, რომ უცნობია მისი მარწმუნებლის სამსახურიდან გათავისუფლების მიზეზი და საფუძველი და სშკ-ით დადგენილი წესით ითხოვა დოკუმენტაციის გაგზავნა. წერილი ადრესატს2018 წლის 30 მაისს ჩაჰბარდა.

8. კომპანიის წარმომადგენელმა მოსარჩელის წარმომადგენლის 2018 წლის 28 მაისის წერილის პასუხად წერილობით განმარტა, რომ დასაქმებული სამსახურიდან გათავისუფლდა სამსახურებრივი ინსტრუქციების, შრომითი ხელშეკრულების და სხვა მასთან გაფორმებული დოკუმენტების პირობების უხეში დარღვევის გამო (სამუშაო საათებში ალკოჰოლური სასმლის მიღება), სშკ-ის 37-ე მუხლის პირველი ნაწილის „ზ“ ქვეპუნქტის საფუძველზე. წერილობით კორესპონდენციას მოპასუხის წარმომადგენელმა დაურთო ბრძანების, ექსპერტიზის დასკვნის, ახსნა-განმარტების, მოხსენებითი ბარათისა და რწმუნებულების ასლები.

9. კომპანიის ადამიანური კაპიტალის განვითარების დეპარტამენტის უფროსის მიერ გაცემული ცნობის მიხედვით,2018 წლის 15 მარტიდან გათავისუფლებული მოსარჩელის საშტატო ერთეული, სარჩელის განხილვის დროს, ვაკანტური არ იყო.

10. სასარჩელო მოთხოვნა და შესაგებელი

10.1. დასაქმებულმა 2018 წლის 11 ივლისს,სარჩელით მიმართა სასამართლოს დამსაქმებლის წინააღმდეგ და მოითხოვა სამსახურიდან გათავისუფლების შესახებ ბრძანების ბათილად ცნობა, სამსახურში აღდგენა და იძულებითიი განაცდურის ანაზღაურება.

10.2. მოპასუხემ სასარჩელო მოთხოვნა არ ცნო და განმარტა, რომ სარჩელი ხანდაზმულია.

11. საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება

11.1. თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2019 წლის 3 აპრილის გადაწყვეტილებით დასაქმებულის სარჩელი არ დაკმაყოფილდა.

11.2. საქალაქო სასამართლომ გადაწყვეტილების მიღებისას იხელმძღვანელა საქართველოს კონსტიტუციის 26-ე, 31-ე მუხლებით, ევროპის სოციალური ქარტიის 24-ე მუხლით, სშკ-ის მე-2, 37-ე, 38-ე მუხლებითა და საქართველოს სამოქალაქო კოდექსის (შემდეგში: სსკ) 115-ე მუხლით.

12. სააპელაციო სასამართლოს განჩინება და დასკვნები

12.1. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2020 წლის 17 იანვრის განჩინებით მოსარჩელის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა და გასაჩივრებული გადაწყვეტილება დარჩა უცვლელად.

12.2. სააპელაციო სასამართლომ გაიზიარა ამ განჩინების 1-9 პუნქტებში მოხმობილი ფაქტობრივი გარემოებები და განმარტა, რომ დასაქმებულის მიერ მასზე შრომითი ხელშეკრულებით ან/და შინაგანაწესით დაკისრებული მოვალეობის შეუსრულებლობა პასუხისმგებლობის დაკისრების წინაპირობაა, რაც დარღვევის ხასიათის გათვალისწინებით, შესაძლებელია შრომითსამართლებრივი ურთიერთობის შეწყვეტაშიც გამოიხატოს.

12.3. სააპელაციო სასამართლომ შრომის სამართალში მოქმედ Ultima Ratio-ს პრინციპზე მიუთითა, გაიზიარა საქალაქო სასამართლოს შეფასება და აღნიშნა, რომ განსახილველ შემთხვევაში ადგილი ჰქონდა დასაქმებულის მიერ ვალდებულების „უხეშ“ დარღვევას. ამასთან, დათხოვნის საფუძველი აღწევს საკმარისად სერიოზულ დონეს, რასაც, მისი სამსახურებრივი საჭიროების შემთხვევაში, საავარიო სიტუაციის შექმნისას, შეეძლო ზიანი გამოეწვია.

12.4. სააპელაციო სასამართლომ განმარტა, რომ სშკ-ის 38-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, დასაქმებულს უფლება აქვს, შრომითი ხელშეკრულების შეწყვეტის თაობაზე დამსაქმებლის შეტყობინების მიღებიდან 30 კალენდარული დღის ვადაში გაუგზავნოს მას წერილობითი შეტყობინება ხელშეკრულების შეწყვეტის საფუძვლის წერილობითი დასაბუთების მოთხოვნის თაობაზე. ამავე მუხლის მე-5 ნაწილის შესაბამისად, დამსაქმებელი ვალდებულია, დასაქმებულის მოთხოვნის წარდგენიდან 7 კალენდარული დღის ვადაში წერილობით დაასაბუთოს შრომითი ხელშეკრულების შეწყვეტის საფუძველი. ამავე მუხლის მე-6 ნაწილის მიხედვით, დასაქმებულს უფლება აქვს, წერილობითი დასაბუთების მიღებიდან 30 კალენდარული დღის ვადაში სასამართლოში გაასაჩივროს დამსაქმებლის გადაწყვეტილება შრომითი ხელშეკრულების შეწყვეტის თაობაზე.

12.5. სააპელაციო სასამართლომ ზემოთ მოხმობილ ნორმებზე დაყრდნობით მიიჩნია, რომ დასაქმებულმა გაუშვა შრომითი ხელშეკრულების შეწყვეტის საფუძვლის წერილობითი დასაბუთების მოთხოვნის 30-დღიანი ვადა, რამაც სარჩელის ხანდაზმულობის ვადის გაშვებით წარდგენა განაპირობა (სსკ-ის 128.1-ე მუხლი).

13. მოსარჩელის საკასაციო საჩივრის საფუძვლები

13.1. მოსარჩელემ საკასაციო წესით გაასაჩივრა სააპელაციო სასამართლოს განჩინება, მისი გაუქმება და, ახალი გადაწყვეტილების მიღებით, სარჩელის დაკმაყოფილება მოითხოვა.

13.2. კასატორის განმარტებით, იგი 14 წლის განმავლობაში მუშაობდა დამსაქმებელ კომპანიაში, ამ პერიოდში მას არანაირი საყვედური არ მიუღია შესრულებულ სამუშაოსთან დაკავშირებით. დასაქმებულისათვის ყოველთვიური ხელფასი მისი ოჯახის ერთადერთი შემოსავალი იყო. მომხდარის გამო მოსარჩელემ კომპანიას პატიების წერილით მიმართა, თუმცა ინციდენტიდან 2 თვის შემდეგ იგი სამსახურიდან დაითხოვეს.

13.3. კასატორის განმარტებით, ინციდენტი სამუშაო საათების დასრულების შემდეგ მოხდა, ამასთან, იგი შემთხვევის შემდეგ 2 თვე მუშაობდა, რაც სააპელაციო სასამართლოს არ შეუფასებია.

14. საკასაციო სამართალწარმოების ეტაპი

14.1. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატამ დასაქმებულის საკასაციო საჩივარი წარმოებაში მიიღო საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის (შემდეგში: სსსკ) 391-ე მუხლის მიხედვით დასაშვებობის შესამოწმებლად.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი

საკასაციო სასამართლო საქმის შესწავლის, მტკიცებულებათა გაანალიზების, საკასაციო საჩივრის დასაშვებობის იურიდიული დასაბუთებულობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს სსსკ-ის 391-ე მუხლის მოთხოვნებს, რის გამოც დაუშვებელია, შემდეგი არგუმენტაციით:

15. სსსკ-ის 391-ე მუხლის მეხუთე ნაწილის შესაბამისად, საკასაციო საჩივარი ქონებრივ და სხვა არაქონებრივ დავებში დასაშვებია, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს; ზ) გასაჩივრებულია სააპელაციო სასამართლოს მეორე დაუსწრებელი გადაწყვეტილება ან განჩინება დაუსწრებელი გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების თაობაზე. ზემოაღნიშნული ნორმები განსაზღვრავს იმ მოთხოვნებს, რომელთაც საკასაციო საჩივარი უნდა შეიცავდეს და ეფუძნებოდეს.

16. საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სსსკ-ის 391-ე მუხლით გათვალისწინებული არც ერთი ზემოხსენებული საფუძვლით.

17. საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ საკასაციო საჩივარი დასაშვებიც რომ ყოფილიყო, მას არა აქვს წარმატების პერსპექტივა შემდეგ გარემოებათა გამო:

ა) განსახილველ შემთხვევაში, არ არსებობს სსსკ-ის 391-ე მუხლის მეხუთე ნაწილის „ე“ ქვეპუნქტით დადგენილი საკასაციო საჩივრის დასაშვებობის წინაპირობაც, რომლის მიხედვითაც, საკასაციო საჩივარი დასაშვებია, თუ სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმე განხილულია მნიშვნელოვანი საპროცესო დარღვევით, რომელსაც შეეძლო, არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე.

ბ) სსსკ-ის 407.2-ე მუხლის თანახმად, სააპელაციო სასამართლოს მიერ დამტკიცებულად ცნობილი ფაქტობრივი გარემოებები სავალდებულოა საკასაციო სასამართლოსათვის, თუ წამოყენებული არ არის დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია. სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილად ცნობილ ფაქტობრივ გარემოებებთან დაკავშირებით კასატორს ასეთი დასაბუთებული პრეტენზია არ წარმოუდგენია.

18. საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ სააპელაციო სასამართლოს საქმის გადასაწყვეტად სამართლებრივად მნიშვნელოვანი ყველა გარემოება აქვს გამოკვლეული.

19. განსახილველ შემთხვევაში, მოსარჩელის მიერ მოთხოვნილი შედეგის - შრომითი ურთიერთობის შეწყვეტის შესახებ ბრძანების ბათილად ცნობა, სამუშაოზე აღდგენა (უფლებრივი რესტიტუცია) და იძულებითი განაცდურის ანაზღაურება - სამართლებრივი საფუძველია სშკ-ის 38.8 (იხ. შრომის კოდექსის მოქმედი რედაქციის 48.8 მუხლი) „სასამართლოს მიერ დასაქმებულთან შრომითი ხელშეკრულების შეწყვეტის შესახებ დამსაქმებლის გადაწყვეტილების ბათილად ცნობის შემთხვევაში, სასამართლოს გადაწყვეტილებით, დამსაქმებელი ვალდებულია, პირვანდელ სამუშაო ადგილზე აღადგინოს პირი, რომელსაც შეუწყდა შრომითი ხელშეკრულება“ (დამატ. იხ. სშკ-ის 2.1, 2.2 მუხლი), 44-ე (იხ. შრომის კოდექსის მოქმედი რედაქციის 58-ე მუხლი) „შრომითი ურთიერთობისას მხარის მიერ მეორე მხარისათვის მიყენებული ზიანი ანაზღაურდება საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით“, ასევე, სსკ-ის 394.1 „მოვალის მიერ ვალდებულების დარღვევისას კრედიტორს შეუძლია მოითხოვოს ამით გამოწვეული ზიანის ანაზღაურება“ და 408.1-ე „იმ პირმა, რომელიც ვალდებულია აანაზღაუროს ზიანი, უნდა აღადგინოს ის მდგომარეობა, რომელიც იარსებებდა, რომ არ დამდგარიყო ანაზღაურების მავალდებულებელი გარემოება“ მუხლები.

20. განსახილველ შემთხვევაში, საკასაციო სასამართლო იზიარებს სააპელაციო სასამართლოს მსჯელობას და დასკვნას, რომ სარჩელი ხანდაზმულია. სშკ-ის 38-ე მუხლის მე-4, მე-5, მე-6, მე-7 მუხლების (იხ. შრომის კოდექსის მოქმედი რედაქციის 48-ე მუხლი) მიხედვით მოსარჩელეს, მას შემდეგ, რაც ჩაბარდა შეტყობინება შრომითი ურთიერთობის შეწყვეტის თაობაზე, უნდა მიემართა კომპანიისათვის შეტყობინების მიღებიდან 30 კალენდარული დღის განმავლობაში და მოეთხოვა ხელშეკრულების შეწყვეტის საფუძვლების წერილობითი დასაბუთება. წერილობითი დასაბუთების მიღებიდან ან მიღებაზე უარის თქმიდან (ეს ვადა მოთხოვნის წარდგენიდან 7 კალენდარულ დღეს შეადგენს) 30 კალენდარული დღის ვადაში დასაქმებული უფლებამოსილია სასამართლოში გაასაჩივროს დამსაქმებლის გადაწყვეტილება. დასაქმებულის გათავისუფლების შესახებ ბრძანება მიღებულია 2018 წლის 15 მარტს, რაც დასაქმებულისათვის ცნობილი იყო, დასაქმებულმა სამსახურიდან გათავისუფლების შესახებ ბრძანების დასაბუთება 2018 წლის 28 მაისს მოითხოვა, რაც კომპანის 30 მაისს ჩაჰბარდა, ხოლო სარჩელი წარდგენილია 2018 წლის 11 ივლისს.

21. ზემოთ მოხმობილი სამართლის ნორმებისა და იმ ფაქტების გათვალისიწნებით, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ სააპელაციო სასამართლომ დასაქმებულის სარჩელი მართებულად მიიჩნია ხანდაზმულად და შესაბამისად არ დაკმაყოფილდა.

22. კასატორი არათუ არ ასაბუთებს, რომ სარჩელი ხანდაზმული არ არის, არამედ არც კი უთითებს იმგვარ გარემოებაზე, რასაც მოპასუხის მიერ მითითებული ეს ფაქტი შეეძლო სადავო გაეხადა. სარჩელის ხანდაზმულობის შესახებ ფაქტის დადასტურება სასარჩელო მოთხოვნის უარყოფას იწვევს (მოთხოვნის განხორციელების შემაფერხებელი შესაგებელი).

23. სასარჩელო ხანდაზმულობის ვადა გულისხმობს დროის გარკვეულ მონაკვეთს, რომლის განმავლობაშიც პირს, რომლის უფლებაც დაირღვა, შესაძლებლობა აქვს, მოითხოვოს საკუთარი უფლებების სამართლებრივი გზით (იძულებით) განხორციელება ან დაცვა, ანუ კრედიტორს შეუძლია დაიკმაყოფილოს მოთხოვნა სასამართლოსათვის მიმართვის გზით. ამ ვადის გასვლა კი გულისხმობს ამ პირთა მიერ ასეთი შესაძლებლობის გამოყენების უფლების მოსპობას, გაქარწყლებას. „მხარეთა სასარჩელო შესაძლებლობები ხშირად არის ვადით შეზღუდული. სასარჩელო ხანდაზმულობის ვადის გასვლის შემდეგ პირი კარგავს უფლების სასამართლო გზით დაცვის შესაძლებლობას“ (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2009 წლის 30 აპრილის გადაწყვეტილება №1/3/161 საქმეზე „საქართველოს მოქალაქეები – ო. ს-ი და ი. ხ-ი საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“).

24. საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ, მართალია ყოველი პირისათვის უზრუნველყოფილია უფლების სასამართლო წესით დაცვა (საქართველოს სამოქალაქო კოდექსის მე-2 მუხლი), თუმცა ეს არ უნდა იქნეს იმგვარად გაგებული, რომ მათი ეს უფლება რაიმე შეზღუდვას არ ექვემდებარებოდეს. ზემოთ ჩამოთვლილი კანონიერი მიზნების არსებობას იზიარებს ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოც. გადაწყვეტილებაში საქმეზე სტაბინგი და სხვები გაერთიანებული სამეფოს წინააღმდეგ, სასამართლო განმარტავს: „... ხანდაზმულობის ვადები ემსახურება რამდენიმე მნიშვნელოვან მიზანს, კერძოდ, სამართლებრივ განსაზღვრულობას და საბოლოობას, პოტენციური მოპასუხეების დაცვას ძველი სარჩელებისგან, რომლებისგან თავის დაცვაც შეიძლება რთული აღმოჩნდეს და უსამართლობის თავიდან აცილებას, რომელიც შეიძლება წარმოიშვას, თუ სასამართლოები იძულებული გახდებიან გადაწყვიტონ საქმეები, რომლებიც შორეულ წარსულში მოხდა, იმ მტკიცებულებებზე დაყრდნობით, რომლებიც შესაძლოა, დროის გასვლის გამო არასაიმედო ან არასრული იყოს“ (Stubbings and Otherss v The United Kingdom, განაცხადის ნომერი №22083/93; №220095/93, 22 ოქტომბერი, 1996).

25. აღსანიშნავია, რომ ხანდაზმულობის ვადის გასვლით ისპობა სასამართლოს ან სხვა ორგანოს მეშვეობით პირის მოთხოვნის იძულებით განხორციელების შესაძლებლობა, მაგრამ არა სასამართლოსათვის ან სხვა ორგანოსათვის მიმართვის უფლება. ხანდაზმულობის ვადა სპობს უფლების იძულებით განხორციელების შესაძლებლობას მატერიალური და არა პროცესუალური თვალსაზრისით. საკასაციო სასამართლომ არაერთ საქმეზე განმარტა, რომ სასარჩელო ხანდაზმულობის ინსტიტუტი წარმოადგენს უფლების დაცვის მატერიალურ-სამართლებრივ საშუალებას, რადგან სასარჩელო ხანდაზმულობის ვადის გასვლის შემდეგ მოთხოვნა მატერიალურ-სამართლებრივი თვალსაზრისით არსებობს, თუმცა სასამართლო წესით ამ მოთხოვნის იძულებითი განხორციელება კონკრეტული წინაპირობის არსებობისას, არ ხდება (შეად. სუსგ №ას-1428-2018, 27 დეკემბერი, 2018).

26. მიუხედავად იმისა, რომ სარჩელის უარყოფა მისმა ხანდაზმულობამ გამოიწვია, რის გამოც საკასაციო სასამართლო თუნდაც დასაშვებობის კუთხით ვრცლად არ იმსჯელებს სშკ-ის 37.1-ე მუხლის „ზ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ საფუძველზე, საკასაციო სასამართლო მაინც შეეხება მოცემულ საქმეზე გამოტანილ სამართლებრივ დასკვნას, რომლითაც დასაქმებულის სისხლში სამუშაო საათების დასასრულს 0.63 პრომილე ალკოჰოლის არსებობა „უხეშ“ დარღვევად იქნა მიჩნეული და განმარტავს, რომ ეს შეფასება არ შეესაბამება საკასაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ერთგვაროვან პრაქტიკას შრომითი დავებისათვის. საკასაციო სასამართლომ არაერთხელ განმარტა, რომ დასაქმებულის პასუხისმგებლობა ორიენტირებული უნდა იყოს არა მის დასჯაზე, არამედ გამოსწორებაზე, დამსაქმებელმა უნდა მიმართოს იმგვარ დისციპლინურ ღონისძიებას, რაც ჩადენილი გადაცდომის ადეკვატური და ეფექტიანი იქნება. შრომითი ხელშეკრულების შეწყვეტის მართლზომიერი საფუძველი არა მხარის მიერ შრომითი ხელშეკრულებით გათვალისწინებულ ვალდებულებათა „უბრალოდ დარღვევაა“, არამედ - მითითებულ ვალდებულებათა „უხეში დარღვევა“. ნიშანდობლივია საკასაციო სასამართლოს მიერ არაერთ საქმეში განმარტებული საკითხი, რომელიც შეეხება დასაქმებულთა შრომის უფლებების დაცვის კონსტიტუციურ პრინციპს. ამ პრინციპის შესაბამისად, დასაქმებულის მიერ ჩადენილი ყოველი დარღვევა შეფასებულ უნდა იქნეს მისი ჩადენის სიხშირის, სიმძიმის და რაც მთავარია, შედეგობრივი თვალსაზრისით. შესაბამისად, შრომის სამართალში “Ultima Ratio“ - ს პრინციპი ითხოვს დამსაქმებლის მხრიდან დასაქმებულის სამსახურიდან დათხოვნამდე მისი ქმედების შეფასებას მიზეზ-შედეგობრივი თვალსაზრისით, დარღვევასა (გადაცდომას) და გათავისუფლებას, შორის ზომიერი ბალანსის დაცულობას. ამავე პრინციპის შესაბამისად, დამსაქმებლის მიერ დარღვევის (გადაცდომის) ჩადენისას გამოყენებულ უნდა იქნეს ისეთი ზომები, რომელიც არსებულ ვითარებას გამოასწორებს, გააუმჯობესებს, დასაქმებულ მუშაკს უკეთესს გახდის, კვალიფიკაციას აუმაღლებს, უფრო წინდახედულად და გულისხმიერად მოქცევას აიძულებს. შესაბამისად, მიზანშეწონილობის კუთხით, გადაცდომის დროს არჩეულ უნდა იქნეს პროპორციული დასჯის მექანიზმი, რაც, შედეგობრივად, გარდა იმისა, რომ დამრღვევს დასჯის, მას და სხვა დასაქმებულებს უფრო ეფექტური შრომის მოტივაციას შეუქმნის. საქართველოში შრომითი ურთიერთობების შეწყვეტა მოწესრიგებულია სშკ-ის 37-ე და 38-ე მუხლებით (ამჟამად მოქმედი სშკ-ის შესაბამისად, 47-ე და 48-ე მუხლები), რომელთაგან, პირველი მოიცავს შრომითი ხელშეკრულების შეწყვეტის საფუძვლებს, ხოლო მეორე არეგულირებს შეწყვეტის პროცესუალურ მხარეს. აღნიშნული მუხლების კუმულაციური საფუძვლით შეგვიძლია დავასკვნათ, რომ შრომითი ურთიერთობის შეწყვეტისას დამსაქმებლის პოზიტიური ვალდებულებაა დაასრულოს დასაქმებულთან შრომითი ურთიერთობა მხოლოდ ლეგიტიმური გზებით, ხოლო ნეგატიური ვალდებულება წარმოადგენს იმას, რომ დამსაქმებელს არ უნდა შეეძლოს დასაქმებულის სამსახურიდან გაშვება შესაბამისი და გამართლებული საფუძვლის გარეშე, ამიტომ შრომითი ურთიერთობის შეწყვეტის იმ რეგულაციებს, რომლებიც სშკ-ის 37-ე და 38-ე მუხლებშია (მოქმედი სშკ-ის 47-ე და 48-ე მუხლები) მოცემული, აქვთ ერთგვარი ,,შემაკავებელი ეფექტი“, რომლის საფუძველიც არის წინაპირობა შრომითი ურთიერთობის მხარეების თვითნებური, გაუმართლებელი გადაწყვეტილებების აღკვეთისთვის (შეად. სუსგ-ებს: N ას-1531-2019, 16.12.2019წ; N ას-732-732-2018, 14.02.2019წ; N ას-90-2020, 20.05.2020წ.).„საქართველოში განხორციელებული შრომის კანონმდებლობის რეფორმის ერთ-ერთი მიზანი სწორედ დასაქმებულის უფლებების დაცვა იყო, ამასთან, მნიშვნელოვანია, რომ შრომის სამართალი დაკავშირებულია ქვეყნის ეკონომიკურ განვითარებასთან და თითოეული დასაქმებულის საქმის ინდივიდუალური შეფასებისას გამოყენებული უნდა იქნეს ე.წ. „favor prestatoris“ პრინციპი, რაც დასაქმებულთათვის სასარგებლო წესთა უპირატესობას ნიშნავს. სწორედ აღნიშნული პრინციპის გამოყენებისას, საჭიროა დამსაქმებლის და დასაქმებულის მოთხოვნებისა და ინტერესების წონასწორობის დაცვა სამართლიანობის, კანონიერებისა და თითოეული მათგანის ქმედების კეთილსინდისიერების კონტექსტში“ (იხ. სუსგ # ას-941-891-2015, 29.01.2016წ; შეად. საქმე # 1124-1080-2016, 10.03.2017წ.).

27. იმის გათვალისწინებით, რომ სასარჩელო მოთხოვნა ხანდაზმულია, საკასაციო სასამართლომ მხოლოდ მიუთითა დასაქმებულის გათავისუფლების საფუძველთან დაკავშირებით საქართველოს უზენაესი სასამართლოს პრაქტიკაზე, თუმცა, მოთხოვნის სასამართლო წესით განხორციელებას მისი დაგვიანებით (ამ შემთხვევაში ორგანული კანონით-სშკ-ით გათვალისწინებული ერთთვიანი ვადის დარღვევით) წარდგენა აფერხებს და აღარ იძლევა მოსარჩელის გათავისუფლების მართლზომიერების სამართლებრივი შეფასების შესაძლებლობას. საკასაციო სასამართლო სწორედ სარჩელის ხანდაზმულობის მოტივით მიიჩნევს სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებულ განჩინებას კანონიერად, რამაც მისი უცვლელად დატოვება განაპირობა, ხოლო მოსარჩელის საკასაციო საჩივარი, როგორც დაუსაბუთებელი, გამორიცხავს მისი არსებითად განსახილველად დაშვების სამართლებრივ შესაძლებლობას.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 284-ე, 285-ე, 391-ე, 401-ე, 408.3-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

1. გ.ბ–ის საკასაციო საჩივარი, როგორც დაუშვებელი, დარჩეს განუხილველად;

2. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

თავმჯდომარე ე. გასიტაშვილი

მოსამართლეები: ზ. ძლიერიშვილი

ნ. ბაქაქური