საქმე №ას-1965-2018 23 ივლისი, 2020 წელი,
ქ. თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატა
შემადგენლობა:
ეკატერინე გასიტაშვილი (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
მოსამართლეები: ზურაბ ძლიერიშვილი,
ბესარიონ ალავიძე
საქმის განხილვის ფორმა _ ზეპირი განხილვის გარეშე
კასატორები – შპს ''ბ.ი–ი'' (მოპასუხე)
მოწინააღმდეგე მხარე – შპს "ა–ი" (მოსარჩელე)
გასაჩივრებული განჩინება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2018 წლის 1 ნოემბრის განჩინება
კასატორის მოთხოვნა – გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და საქმის დაბრუნება ხელახლა განსახილველად
დავის საგანი – თანხის დაკისრება, ზიანის ანაზღაურება
საკითხი, რომელზედაც მიღებულია განჩინება - საკასაციო საჩივრის უარყოფა
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
1. შპს ,,ბ.ი–ისა’’ (შემდეგში: მოპასუხე, მენარდე, აპელანტი ან კასატორი) და ს.ს.გ.დ–ტს (შემდეგში: შემკვეთი ან შემსყიდველი) შორის 2015 წლის 23 სექტემბერს გაფორმდა სახელმწიფო შესყიდვების N122-15 ხელშეკრულება შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის (შ-20) ბ-ბ-ა–ის საავტომობილო გზის კმ11+000-კმ13+200 მონაკვეთის პერიოდული შეკეთების სამუშაოებზე, ხელშეკრულების ღირებულება 853 977 ლარით განისაზღვრა (ტ. 1, ს. ფ 19-30).
2. ხელშეკრულების 2.13 პუნქტის თანახმად, ანაზღაურებული იქნებოდა მხოლოდ იმ შესრულებული სამუშაოების, მათ შორის, შემსყიდველთან შეთანხმებული შესრულებული გაუთვალისწინებელი სამუშაოების ღირებულება, რომლის მოცულობასა და ხარისხზე უშუალოდ შემსყიდველისა და საამისოდ შერჩეული პირის (შპს „გ–ი“, შემდგომში: ს.ო–ა) მიერ დადასტურებული აქტი იარსებებდა (ტ. 1, ს. ფ 21).
3. ხელშეკრულების 10.2 პუნქტის თანახმად მესამე პირებთან ურთიერთობაში მხარეები მოქმედებდნენ თავიანთი სახელით, ხარჯებითა და რისკით (ტ. 1, ს. ფ. 27).
4. მენარდესა და შპს „ა–ი“-ს (შემდეგში: მოსარჩელე, ქვემენარდე) შორის, 2015 წლის 25 სექტემბერს, დაიდო მომსახურების ხელშეკრულება NBI-S-009 შიდა სახელმწიფოებრივი მნიშვნელობის (შ-20) ბ-ბ-ა–ის საავტომობილო გზის კმ11+000-კმ13+200 მონაკვეთის პერიოდული შეკეთების სამუშაოების განხორციელების შესახებ, ხელშეკრულების ღირებულება 500 000 ლარით განისაზღვრა (ტ. 1, ს. ფ. 31-37).
5. ზემოხსენებული ხელშეკრულებით გათვალისწინებული სამუშაოების განხორციელების ვადა 23.09.2015წ-30.11.2015წ. პერიოდით განისაზღვრა; 07.12.2015წ. შეთანხმებით ვადამ გადაიწია 2016 წლის 10 მარტამდე, ხოლო 10.03.2016 წლის შეთანხმებით კი აღნიშნული ვადა 2016 წლის 30 აპრილის ჩათვლით განისაზღვრა (ტ. 1, ს. ფ. 33, 54-55).
6. ამავე ხელშეკრულების 2.6 პუნქტის თანახმად, იმ შემთხვევაში, თუ განსაზღვრული გარემოებების გამო ქვემენარდის მიერ შესრულებული სამუშაოების ღირებულება არ შეადგენდა ხელშეკრულებით გათვალისწინებულ თანხას, მენარდე (განსახილველი დავის მოპასუხე- იხ. წინამდებარე განჩინების პირველი პუნქტი) ქვემენარდეს მის მიერ ფაქტიურად შესრულებული სამუშაოს ღირებულებას აუნაზღაურებდა ამ ხელშეკრულებით განსაზღვრული ერთეული ფასების შესაბამისად (ტ. 1, ს. ფ. 31).
7. ამავე ხელშეკრულების 2.8 პუნქტის თანახმად, სამუშაოს ხარისხის დაცვის მიზნით მენარდის (მოპასუხის) მიერ ყოველთვიურად დაკავებული იქნებოდა შესრულებული სამუშაოების ღირებულების 15%, საიდანაც 5%-ის დაბრუნება მოხდებოდა სამუშაოს სრული დასრულებისა და მენარდის (მოპასუხის) მიერ შექმნილი სპეციალური კომისიის მიერ შედგენილი ობიექტის მიღება-ჩაბარების აქტის გაფორმების შემდეგ, ხოლო დარჩენილი საკონტრაქტო ღირებულების 10%-ის ანაზღაურება საგარანტიო ვადის 2.5 წლის გასვლის შემდეგ მოხდებოდა (ტ. 1, ს. ფ. 32).
8. ამავე ხელშეკრულების 4.2 პუნქტის თანახმად, ქვემენარდის (მოსარჩელის) მიერ ფაქტიურად შესრულებული სამუშაოები მიღებულად ჩაითვლებოდა მხოლოდ მიღება-ჩაბარების აქტის (ფაქტიურად შესრულებული სამუშაოს მოცულობების მიღების აქტი) და დამატებითი ღირებულების გადასახადის ანგარიშფაქტურის გაფორმების შემდეგ. 4.3 პუნქტის თანახმად კი, შესრულებული სამუშაოების შემოწმებასა და მიღება-ჩაბარებას განახორციელებდა უშუალოდ საამისოდ შერჩეული პირი - ს.ო–ა (შპს „გ–ი“ - იხ. წინამდებარე განჩინების მე-2 პუნქტი), რომელიც ადგილზე შეამოწმებდა ხელშეკრულებით განსაზღვრულ ობიექტზე ყოველ თვეში შესრულებულ სამუშაოთა მოცულობასა და ხარისხს (ტ. 1, ს. ფ. 32).
9. ამავე ხელშეკრულების 7.1 პუნქტის თანახმად, ხელშეკრულების პირობების შეუსრულებლობის ან არაჯეროვანი შესრულებისთვის დამრღვევი მხარე ვალდებული იყო, მეორე მხარის მოთხოვნისთანავე, გადაეხადა პირგასამტეხლოს სახით ხელშეკრულების დარჩენილი ღირებულების 1% არა უგვიანეს 14 საბანკო დღეში და უზრუნველეყო დარღვეული უფლებების დაუყოვნებლივ გამოსწორება (ტ. 1, ს. ფ. 34).
10. მოსარჩელესა (ქვემენარდესა) და მოპასუხეს (მენარდეს) შორის, 2016 წლის 30 ივნისს, გაფორმდა მომსახურების ხელშეკრულება NBI-S-009, ბს მუნიციპალიტეტში გზა N1: სოფელ .......დან სამონასტრო კომპლექსამდე და გზა N2 სოფლის ცენტრიდან წაღვერისკენ მიმავალი მონაკვეთის 7 060 კვ/მ საავტომობილო გზის კაპიტალური შეკეთების სამუშაოების განხორციელებაზე, ხელშეკრულების ღირებულება 261 220 ლარით განისაზღვრა (ტ. 1, ს. ფ. 38-43).
11. ამ ხელშეკრულების 2.3 პუნქტის თანახმად, ანგარიშსწორება მოხდებოდა ეტაპობრივად ან ერთიანად, დადასტურებული მოცულობების და ხელშეკრულების 4.2 მუხლით განსაზღვრული პროცესების მიხედვით, მიღება-ჩაბარების აქტის (ფაქტიურად შესრულებული სამუშაოების მოცულობების მიღების აქტი) და ამის შედეგად გამოწერილი დამატებული ღირებულების გადასახადის ანგარიშფაქტურის გაფორმების საფუძველზე, ამ უკანასკნელის წარდგენიდან 14 დღის განმავლობაში (ტ. 1, ს. ფ. 38).
12. ამავე ხელშეკრულების 4.2 პუნქტის თანახმად, მომსახურების დასრულების ან/და შემსრულებლის მიერ ეტაპობრივად წარმოდგენილი სამუშაოების შემდგომ, მხარეთა შორის მომსახურების მიღება-ჩაბარების აქტის გაფორმების მომენტში გაწეულ მომსახურებას უნდა დაეკმაყოფილებინა დამკვეთისა (ამ შემთხვევაში მენარდის, რომელიც მოპასუხეა) და პროექტის მოთხოვნები. მიღება-ჩაბარების აქტი გაფორმდებოდა მხოლოდ მას შემდეგ, რაც მენარდის (მოპასუხის) მიერ წარდგენილი სამუშაო შემოწმდებოდა და მიღებულად ჩაითვლებოდა მაკონტროლებელი კომპანია (ILF)-ს (რომელიც მუნიციპალური განვითარების ფონდის დაქირავებულ საინჟინრო კომპანიას წარმოადგენს) მიერ. ქვემენარდის (მოსარჩელის) მიერ ფაქტობრივად შესრულებული სამუშაოები მიღებულად ჩაითვლებოდა მხოლოდ შესაბამისი მაკონტროლებელი კომპანიის მიერ გამოშვებული აქტის და შემდგომ მხარეებს შორის მიღება-ჩაბარების აქტის და დამატებული ღირებულების გადასახადის ანგარიშფაქტურის გაფორმების შემდეგ (ტ. 1, ს. ფ. 39).
13. მოსარჩელესა (ქვემენარდესა) და მოპასუხეს (მენარდეს) შორის, 2016 წლის 30 ივნისს გაფორმებული მომსახურების ხელშეკრულების 5.1 “ა“ პუნქტის თანახმად, ხელშეკრულებით გათვალისწინებული სამუშაოები უნდა განხორციელებულიყო 02.07.2016წ-18.07.2016წ. (ჩათვლით) პერიოდის განმავლობაში (ტ. 1, ს. ფ. 39).
14. ამავე ხელშეკრულების 7.1 პუნქტის თანახმად, ხელშეკრულების პირობების შეუსრულებლობის ან არაჯეროვანი შესრულებისთვის დამრღვევი მხარე ვალდებული იყო, მეორე მხარის მოთხოვნისთანავე, გადაეხადა პირგასამტეხლო ხელშეკრულების დარჩენილი ღირებულების 1% არა უგვიანეს 14 საბანკო დღეში და უზრუნველეყო დარღვეული უფლებების დაუყოვნებლივ გამოსწორება (ტ. 1, ს. ფ. 41).
15. მენარდესა (მოპასუხესა) და შპს „ა–ი“-ს (შემდეგში: მოსარჩელე, ქვემენარდე) შორის, 2015 წლის 23 სექტემბრის ხელშეკრულებით (იხ. წინამდებარე განჩინების მე-4 პუნქტი) გათვალისწინებული სამუშაოების კომისიის მიერ მიღება-ჩაბარება მოხდა 2016 წლის 17 ივნისს ღირებულებით - 853473.58 ლარი (ტ. 1, ს. ფ. 278-282).
16. მენარდესა (მოპასუხესა) და ქვემენარდეს (მოსარჩელეს) შორის 2015 წლის 25 სექტემბერს დადებული მომსახურების ხელშეკრულების NBI-S-009 მიხედვით (შიდა სახელმწიფოებრივი მნიშვნელობის (შ-20) ბ-ბ-ა–ის საავტომობილო გზის კმ11+000-კმ13+200 მონაკვეთის პერიოდული შეკეთების სამუშაოების განხორციელების შესახებ), 2017 წლის 17 ივნისის მდგომარეობით, მენარდეს ქვემენარდის მიმართ 390 775.08 ლარის დავალიანება გააჩნდა (ტ. 2, ს. ფ. 148).
17. მოპასუხემ (მენარდემ) სოფელ .......დან სამონასტრო კომპლექსის მიმართულებით 1.2 კილომეტრი გზის სარეაბილიტაციო სამუშაოები განახორციელა 2016 წელს. ამ სამუშაოების სრული ღირებულება - 433 201,60 ლარი მოპასუხეს აუნაზღაურდა იმავე წლის 31 ივლისს (ტ. 3, ს. ფ. 24-25).
18. სასარჩელო მოთხოვნა
18.1. ქვემენარდემ 2016 წლის 30 დეკემბერს სარჩელით მიმართა სასამართლოს მენარდის წინააღმდეგ და მოითხოვა, მოპასუხეს, მოსარჩელის სასარგებლოდ, 390 775 ლარის გადახდა დაეკისროს, ასევე მიყენებული ზიანის - 40 000 ლარის, პირგასამტეხლოს- 200 000 ლარისა და უსაფუძვლო გამდიდრებიდან მიღებული სარგებლის 75 000 ლარის გადახდა.
19. მოპასუხის შესაგებელი
19.1. მოპასუხემ (მენარდემ) წერილობით წარდგენილი შესაგებლით სარჩელი არ ცნო.
20. რაიონული სასამართლოს გადაწყვეტილება
20.1. ახალციხის რაიონული სასამართლოს 2017 წლის 7 დეკემბრის გადაწყვეტილებით ქვემენარდის სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა; მის სასარგებლოდ მოპასუხეს (მენარდეს) 390 775 ლარისა და პირგასამტეხლოს - 3907.75 ლარის გადახდა დაეკისრა, დანარჩენ ნაწილში სარჩელი არ დაკმაყოფილდა.
21. მოპასუხის სააპელაციო საჩივარი
21.1. მოპასუხემ (მენარდემ) სააპელაციო წესით გაასაჩივრა რაიონული სასამართლოს გადაწყვეტილება და საქმის ხელახლა განსახილველად დაბრუნება მოითხოვა.
21.2. აპელანტის განმარტებით, სასამართლომ არ შეაფასა საქმის მსვლელობისას წარდგენილი მტკიცებულებები, რომლითაც დასტურდება, რომ მენარდემ ქვემენარდის წინაშე არსებული დავალიანების დაფარვა 24 000 ლარის ოდენობით, ასევე, 2017 წელს აპელანტმა (მენარდემ) ქვემენარდეს 25 000 ლარი გადაურიცხა. ამის დამადასტურებელი მტკიცებულებების წარდგენა პირველი ინსტანციის სასამართლოში ვერ მოხერხდა. რაც შეეხება, საქალაქო სასამართლოს 2017 წლის 13 ივნისის გასაჩივრებულ განჩინებას (ამ განჩინებით არ დაკმაყოფილდა მენარდის შუამდგომლობა ქვემენარდე საწარმოს მიერ აღძრული სარჩელის განუხილველად დატოვების შესახებ - იხ. ტ.2, ს.ფ. 136-140), აპელანტს მიაჩნია, რომ ვინაიდან, სარჩელი წარდგენილი იყო არაუფლებამოსილი პირის მიერ, ის განუხილველად უნდა დაეტოვებინა სასამართლოს.
22. სააპელაციო სასამართლოს განჩინება და დასკვნები
22.1. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2018 წლის 1 ნოემბრის განჩინებით მენარდის (მოპასუხის) სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა და უცვლელად დარჩა გასაჩივრებული გადაწყვეტილება.
22.2. სააპელაციო სასამართლომ აღნიშნა, რომ სასარჩელო მოთხოვნისა და მოპასუხის მიერ წარდგენილი არგუმენტაციის გათვალისწინებით, მსჯელობის საგანს წარმოადგენდა შესრულდა თუ არა მოვალის (ქვემენარდის) მიერ ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულება ისე, როგორც ამაზე მხარეები შეთანხმდნენ და როგორი გონივრული მოლოდინიც კრედიტორს ჰქონდა, კერძოდ, სრულად, ჯეროვნად, კეთილსინდისიერად, დათქმულ დროსა და ადგილას (საქართველოს სამოქალაქო კოდექსის /შემდეგში: სსკ/ 361-ე მუხლის მე-2 ნაწილი). სააპელაციო სასამართლომ სრულად გაიზიარა პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ დადგენილი ფაქტობრივი გარემოებები (იხ. წინამდებარე განჩინების 1-17 პუნქტები).
22.3. სააპელაციო სასამართლოში 2018 წლის 1 ნოემბერს გამართულ სხდომაზე აპელანტის (მენარდის) წარმომადგენელმა განმარტა, რომ მოსარჩელის (ქვემენარდის) მიმართ არსებული დავალიანების ოდენობა 397 775 ლარია (იხ. 2018 წლის 1 ნოემბრის სხდომის ოქმი 11:39:16 საათი). ამდენად, დასახელებული ფაქტი შეფასებულ უნდა იქნას საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის (შემდეგში: სსსკ) 131-ე მუხლის საფუძველზე: ერთი მხარის მიერ ისეთი გარემოების არსებობის ან არარსებობის დადასტურება (აღიარება), რომელზედაც მეორე მხარე ამყარებს თავის მოთხოვნებსა თუ შესაგებელს, სასამართლომ შეიძლება საკმარის მტკიცებულებად ჩათვალოს და საფუძვლად დაუდოს სასამართლო გადაწყვეტილებას. აღიარებისას კი სასამართლო უფლებამოსილია, მასზე დააფუძნოს გადაწყვეტილება და დააკმაყოფილოს ან უარი თქვას სარჩელის დაკმაყოფილებაზე. მოპასუხემ (მენარდემ) აღიარა დავალიანების არსებობა, რაც იმას გულისხმობს, რომ მან ქვემენარდისაგან მიიღო შესაბამისი მომსახურება.
22.4. მიუხედავად იმისა, რომ, სსსკ-ის 105-ე მუხლის თანახმად, სასამართლოსათვის არც ერთ მტკიცებულებას არ გააჩნია წინასწარ დადგენილი იურიდიული ძალა და ისინი ფასდება ყოველმხრივი, სრული და ობიექტური განხილვის საფუძველზე, სსკ-ის 429-ე მუხლით გათვალისწინებული მტკიცებულების წარდგენისას მოვალის პოზიციის დასაბუთებულობის ხარისხი ძალიან მაღალია. მეორე მხრივ, დასახელებული ნორმა ზღუდავს მოვალეს და ავალდებულებს, სადავო შესრულება დაადასტუროს სწორედ მითითებული სახის მტკიცებულებით, წინააღმდეგ შემთხვევაში, მისი უფლების განუხორციელებლობა მხარისათვის არახელსაყრელ სამართლებრივ შედეგს უკავშირდება. მოპასუხეს (მენარდეს) არ წარუდგენია თანხის გადახდის დამადასტურებელი მტკიცებულება (სსკ-ის 429-ე, 386-ე მუხლები) და კანონით დადგენილი წესის შესაბამისად, არც აღნიშნული ვალდებულების არარსებობის ან/და გათავისუფლების შესახებ მიუთითებია. ამდენად, პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ ქვემენარდის სარჩელი მართებულად იქნა დაკმაყოფილებული.
22.5. პირგასამტეხლოსთან დაკავშირებით სააპელაციო სასამართლომ სსკ-ის 417-ე, 418-ე მუხლებზე დაყრდნობით განმარტა, რომ პირგასამტეხლო ეკისრება მხარეს იმ დროიდან, როდესაც უნდა შესრულებულიყო დარღვეული ვალდებულება ამ ვალდებულების შესრულებამდე. აღნიშნული ვალდებულების დარღვევისათვის ხელშეკრულებით მხარეები პირგასამტეხლოს გადახდაზე შეთანხმდნენ.
22.6. სააპელაციო სასამართლომ გაიზიარა პირველი ინსტანციის სასამართლოს მოსაზრება, რომ როგორც თავად მოსარჩელე კომპანიის 100 %-იანი წილის მესაკუთრე და იმავდროულად დირექტორი ო.თ–ი, ასევე მხარის წარმომადგენელი - ვ.გ–ი თითქმის ყველა სასამართლო პროცესში მონაწილეობდნენ, რაც ადასტურებს იმ გარემოებას, რომ მოსარჩელე კომპანიის დირექტორმა - ო.თ–მა გამოავლინა ნება, რომ მოსარჩელის ინტერესები (მათ შორის, სარჩელის აღძვრა), შესაბამისად მისი, როგორც კომპანიის 100%-იანი წილის მესაკუთრის ინტერესებიც ამ სამოქალაქო საქმესთან დაკავშირებით სწორედ ვ.გ–მა დაიცვას. ამდენად, აპელანტის მოთხოვნა გაუქმდეს სარჩელის განუხილველად დატოვების შესახებ უარის თქმის თაობაზე თბილისის საქალაქო სასამართლოს 2017 წლის 13 ივნისის განჩინება (იხ. წინამდებარე განჩინების 21.2 ქვეპუნქტი) უსაფუძვლოა და არ უნდა დაკმაყოფილდეს.
23. საკასაციო საჩივრის საფუძვლები
23.1. კასატორმა (მოპასუხემ) საკასაციო წესით გაასაჩივრა სააპელაციო სასამართლოს განჩინება, მისი გაუქმება და საქმის ხელახლა განსახილველად დაბრუნება მოითხოვა.
23.2. კასატორის მტკიცებით, სააპელაციო სასამართლომ ყურადღება არ მიაქცია იმ გარემოებას, რომ აპელანტის მიერ წარდგენილ სააპელაციო საჩივარს თან ერთვოდა აპელანტის მიერ მოწინააღმდეგე მხარისათვის დავალიანების დაფარვის მიზნით თანხის ჩარიცხვის ქვითრები, კერძოდ, 25 000 ლარი, რაც სააპელაციო საჩივარში მითითებული იყო საქმის ახალი ფაქტობრივი გარემოებების გრაფაში. აღნიშნული თანხა აპელანტმა (მენარდემ) პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ გადაწყვეტილების მიღების შემდეგ გადაიხადა. სააპელაციო სასამართლოს ამ საკითხზე არ უმსჯელია და არ შეუმცირებია პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ დაკისრებული თანხა, რასაც აპელანტი ითხოვდა.
23.3. კასატორის განმარტებით, სასამართლომ არასწორი სამართლებრივი შეფასება მისცა მხარეთა შორის არსებულ წერილობით ხელშეკრულებებს, რამაც დაუსაბუთებელი გადაწყვეტილების მიღება გამოიწვია.
23.4. საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებებით დასტურდება, რომ მოწინააღმდეგე მხარის დირექტორის ო.თ–ის მიერ მინდობილობა გაცემული იყო არა როგორც მოსარჩელე კომპანიის დირექტორის, არამედ როგორც ფიზიკური პირის მიერ. სსსკ-ის 186-ე მუხლის პირველი ნაწილის „ზ“ ქვეპუნქტის მიხედვით მოსამართლე სარჩელის ჩაბარებიდან 5 დღის ვადაში არ მიიღებს სარჩელს, თუ დაინტერესებული პირის სახელით სარჩელი შეიტანა პირმა, რომელსაც არ აქვს უფლებამოსილება საქმის წარმოებაზე. სსსკ-ის 187-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, თუ სარჩელის მიღებაზე უარის თქმის საფუძველი გამოვლინდება ამ სარჩელის წარმოებაში მიღების შემდეგ, მაშინ იმის მიხედვით, თუ როგორია ეს საფუძველი, სასამართლო შეწყვეტს საქმის წარმოებას ან სარჩელს განუხილველად დატოვებს (სსსკ-ის 272-ე და 275-ე მუხლები).
24. საკასაციო სამართალწარმოების ეტაპი
24.1. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის განჩინებით მოპასუხის (მენარდის) საკასაციო საჩივარი დასაშვებად იქნა ცნობილი სსსკ-ის 391-ე მუხლის მე-5 ნაწილის "ე" ქვეპუნქტის საფუძველზე და მიღებულ იქნა არსებითად განსახილველად.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლო საქმის შესწავლის, მტკიცებულებათა გაანალიზების, მხარეთა ახსნა-განმარტებების შემოწმებისა და მოპასუხის საკასაციო საჩივრის სამართლებრივი დასაბუთებულობის არსებითად განხილვის შედეგად მივიდა დასკვნამდე, რომ საკასაციო განაცხადი დაუსაბუთებულია და არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგი არგუმენტაციით:
25. სსსკ-ის 404-ე მუხლის პირველი ნაწილით, საკასაციო სასამართლო გადაწყვეტილებას ამოწმებს საკასაციო საჩივრის ფარგლებში, ამავე კოდექსის 407-ე მუხლის პირველი ნაწილით, საკასაციო სასამართლო იმსჯელებს მხარის მხოლოდ იმ ახსნა-განმარტებაზე, რომელიც ასახულია სასამართლო გადაწყვეტილებებსა და სხდომის ოქმებში. გარდა ამისა, შეიძლება მხედველობაში იქნეს მიღებული ამ კოდექსის 396-ე მუხლის პირველი ნაწილის „ვ“ ქვეპუნქტში მითითებული ფაქტები; ამავე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, სააპელაციო სასამართლოს მიერ დამტკიცებულად ცნობილი ფაქტობრივი გარემოებები სავალდებულოა საკასაციო სასამართლოსათვის, თუ წამოყენებული არ არის დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია (შედავება). საკასაციო სასამართლოს შეფასებით კასატორებს ასეთი დასაბუთებული საკასაციო შედავება არ აქვთ წარმოდგენილი.
26. საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე-6 მუხლის პირველი პარაგრაფი ავალდებულებს სასამართლოს, დაასაბუთოს თავისი გადაწყვეტილება, რაც არ უნდა იქნეს გაგებული თითოეულ არგუმენტზე დეტალური პასუხის გაცემად (იხ. ჯღარკავა საქართველოს წინააღმდეგ, # 7932/03; Van de Hurk v. Netherlands, par.61, Garcia Ruiz v. Spain [GC] par.26; Jahnke and Lenoble v France (dec.); Perez v France [GC], par. 81). საკასაციო სასამართლო იზიარებს სააპელაციო სასამართლოს მსჯელობასა და დასკვნებს, რაც საკასაციო პრეტენზიის არსებითად განხილვის ეტაპზე, საკასაციო საჩივრის უარყოფისა და გასაჩივრებული განჩინების უცვლელად დატოვების საფუძველია.
27. საკასაციო სასამართლო იზიარებს სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს და სწორედ ამ ფარგლებში არსებითად განიხილავს და ამოწმებს საკასაციო პრეტენზიის დასაბუთებულობას (სსსკ-ის 407-ე მუხლი), ამასთან, მიაჩნია, რომ საქმეზე გადაწყვეტილების მისაღებად არ ვლინდება სააპელაციო სასამართლოსათვის საქმის ხელახლა განსახილველად დაბრუნების საფუძველი (სსსკ-ის 412-ე მუხლი).
28. სააპელაციო სასამართლომ მართებულად მიუთითა მის მიერ საკვლევ ძირითად გარემოებაზე, კერძოდ, შეასრულა თუ არა ქვემენარდემ (მოსარჩელემ) ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულება ისე, როგორც ამაზე მხარეები შეთანხმდნენ და როგორი გონივრული მოლოდინიც კრედიტორს ჰქონდა, კერძოდ, ჯეროვნად, კეთილსინდისიერად, დათქმულ დროსა და ადგილას (სსკ-ის 361-ე მუხლის მეორე ნაწილი). დადგენილია, რომ მენარდესა (მოპასუხესა) და ქვემენარდეს (მოსარჩელეს) შორის ნარდობის სამართლებრივი ურთიერთობა არსებობდა, რაც სსკ-ის 629-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად გულისხმობს ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულების შესრულებას, მოცემულ შემთხვევაში ქვემენარდის მიერ, რისთვისაც შეკვეთი (ამ შემთხვევაში მენარდე, მოპასუხე) ვალდებულია გადაუხადოს მოსარჩელეს ხელშეკრულებით განსაზღვრული საზღაური.
29. საკასაციო სასამართლო არაერთ გადაწყვეტილებაში/განჩინებაში განმარტავს, რომ ნარდობის სახელშეკრულებოსამართლებრივი ურთიერთობა გულისხმობს ორმხრივ, კონსესუალურ და სასყიდლიან ხელშეკრულებას, სადაც თითოეულ მხარეს გააჩნია უფლება-მოვალეობები. ამ შემთხვევაში მენარდეს, როგორც შემკვეთს, ეკისრება ქვემენარდის წინაშე, ამ უკანასკნელის მიერ ფაქტობრივად შესრულებული სამუშაოების ანაზღაურება. მოსარჩელემ (ქვემენარდემ) იმ ფაქტობრივ გარემოებებს დააფუძნა თავისი სასარჩელო მოთხოვნა, რომ მენარდესთან შეთანხმდა არსებით პირობებზე, ამ პირობათა შორის არის ქვემენარდის მიერ შესასრულებელი სამუშაოს შინაარსი და მოცულობა, რაც მან შეასრულა, შესაბამისად, მენარდეს, როგორც შემკვეთს, წარმოეშვა მოსარჩელის მიერ შესრულებული სამუშაოს ანაზღაურების ვალდებულება (იხ. წინამდებარე განჩინების 18.1 ქვეპუნქტი).
30. წინამდებარე განჩინების 22.3 ქვეპუნქტში მითითებული აღიარების გარდა, როდესაც მენარდემ (მოპასუხემ) დაადასტურა ქვემენარდისადმი დავალიანების არსებობა, ასევე, სავსებით გასაზიარებელია სააპელაციო სასამართლოს მსჯელობა სსკ-ის 429-ე მუხლით განსაზღვრული დანაწესის თაობაზე, რომ: კრედიტორმა მოვალის მოთხოვნით შესრულების მთლიანად ან ნაწილობრივ მიღების შესახებ უნდა გასცეს ამის დამადასტურებელი დოკუმენტი. განსახილველ შემთხვევაში მენარდეს სასამართლოსათვის უნდა წარედგინა დოკუმენტი მის მიერ ქვემენარდისათვის, ამ უკანასკნელის მიერ შესრულებული სამუშაოებისათვის გადახდილი ხელშეკრულებით შეთანხმებული საზღაურის გადახდის შესახებ, რაც მტკიცების ტვირთის ფარგლებში იმ მოვალეობის შესრულებას ნიშნავს, რომელიც მოთხოვნის გამომრიცხველი შესაგებლის სახელითაა ცნობილი.
31. სასამართლოსათვის ამოსავალია ის კონკრეტული ფაქტები და გარემოებები, რომლებზედაც მოსარჩელე ამყარებს თავის მოთხოვნას. სწორედ მოსარჩელის მიერ მითითებული ფაქტები და გარემოებები განსაზღვრავენ მისი მოთხოვნის შინაარსს. საკასაციო სასამართლო მიუთითებს, რომ მოსარჩელის მოთხოვნის შინაარსის განმსაზღვრელია სარჩელში მითითებული ფაქტები და გარემოებები. სარჩელის ინდივიდუალიზაცია სარჩელის ელემენტების მეშვეობითაა შესაძლებელი. სსსკ-ის მე-3, მე-4, 83-ე და 178-ე მუხლების ანალიზით შესაძლებელია, დავასკვნათ, რომ სარჩელი შედგება ორი ელემენტისგან: სარჩელის საგნისა და სარჩელის საფუძვლისგან. სარჩელის საგანია მოსარჩელის მოთხოვნა მოპასუხისადმი (სსსკ-ის 178.1 მუხლის „ზ“ ქვეპუნქტი), ხოლო სარჩელის საფუძველი – კონკრეტული ფაქტები და გარემოებები, რომლებზედაც მოსარჩელე ამყარებს თავის მოთხოვნას (სსსკ-ის 178.1 მუხლის „ე“ ქვეპუნქტი). საკასაციო სასამართლო არაერთ გადაწყვეტილებაში/განჩინებაში უთითებს, რომ ყოველი კონკრეტული სამოქალაქო საქმის გადაწყვეტა სასამართლოში, დაკავშირებულია გარკვეული ფაქტების დადგენასთან. ფაქტების დადგენის აუცილებლობა განპირობებულია იმით, რომ სასამართლო იხილავს და წყვეტს მხარეთა შორის წარმოშობილ დავებს, რომლებიც სამართლით რეგულირებული ურთიერთობებიდან წარმოიშობიან. სამართლებრივი ურთიერთობა კი, როგორც ეს ცნობილია, შეიძლება აღმოცენდეს, განვითარდეს ან შეწყდეს მხოლოდ იურიდიული ფაქტების საფუძველზე. სწორედ მტკიცების ტვირთსა და მის სწორ განაწილებაზეა დამოკიდებული დასაბუთებული და კანონიერი გადაწყვეტილების მიღება.
32. ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვეციის მე-6 მუხლით გათვალისწინებული სამართლიანი სასამართლოს უფლების რეალიზება უმეტესწილად დამოკიდებულია და გულისხმობს სასამართლოს მიერ დასაბუთებული, მტკიცებულებათა ურთიერთშეჯერებისა და გაანალიზების საფუძველზე მიღებული გადაწყვეტილების მიღებას. მტკიცების ტვირთის როლი განსაკუთრებით ვლინდება სამოქალაქო სამართალწარმოებაში, სადაც მხარეთა ნების ავტონომიას გადამწყვეტი მნიშვნელობა ენიჭება. შესაძლებელია მხარის მოთხოვნა საფუძვლიანი იყოს, მაგრამ შეუძლებელია მხარემ მიიღოს თავისი სასარგებლო გადაწყვეტილება, თუ ვერ დაამტკიცებს თავის სასარგებლო გარემოებებს საპროცესო სამართლით დადგენილი წესით. ამიტომაც, ერთ-ერთ მნიშვნელოვან ფაქტორს წარმოადგენს მტკიცების ტვირთის მართებული გადანაწილება მოდავე მხარეებს შორის.
33. სსსკ-ის მე-3 მუხლის მიხედვით, მხარეები იწყებენ საქმის წარმოებას სასამართლოში, ამ კოდექსში ჩამოყალიბებული წესების შესაბამისად, სარჩელის ან განცხადების შეტანის გზით. ისინი განსაზღვრავენ დავის საგანს და თვითონვე იღებენ გადაწყვეტილებას სარჩელის (განცხადების) შეტანის შესახებ. მხარეებს შეუძლიათ საქმის წარმოება მორიგებით დაამთავრონ. მოსარჩელეს შეუძლია უარი თქვას სარჩელზე, ხოლო მოპასუხეს – ცნოს სარჩელი. ამავე კოდექსის მე-4 მუხლის მიხედვით სამართალწარმოება მიმდინარეობს შეჯიბრებითობის საფუძველზე. მხარეები სარგებლობენ თანაბარი უფლებებითა და შესაძლებლობებით, დაასაბუთონ თავიანთი მოთხოვნები, უარყონ ან გააქარწყლონ მეორე მხარის მიერ წამოყენებული შესაგებლები, მოსაზრებები თუ მტკიცებულებები. მხარეები თვითონვე განსაზღვრავენ, თუ რომელი ფაქტები უნდა დაედოს საფუძვლად მათ მოთხოვნებს ან რომელი მტკიცებულებებით უნდა იქნეს დადასტურებული ეს ფაქტები.
34. მტკიცების ტვირთს აწესრიგებს სსსკ-ის 102-ე მუხლის პირველი ნაწილი, რომლის მიხედვითაც თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებანი, რომლებზედაც იგი ამყარებს თავის მოთხოვნებსა და შესაგებელს. მოსარჩელემ უნდა ამტკიცოს ის გარემოებები, რომლებზედაც დაფუძნებულია სასარჩელო მოთხოვნა, ხოლო მოპასუხემ გარემოებები, რომლებსაც მისი შესაგებელი ემყარება. მტკიცების ტვირთი არის სამოქალაქო სამართალწარმოებაში საქმის სწორედ გადაწყვეტისათვის მნიშვნელოვანი ფაქტების დამტკიცების მოვალეობის დაკისრება მხარეებზე, რომლის შესრულება უზრუნველყოფილია მატერიალურ-სამართლებრივი თვალსაზრისით არახელსაყრელი გადაწყვეტილების გამოტანით იმ მხარის მიმართ, რომელმაც ეს მოვალეობა სათანადოდ არ (ვერ) შეასრულა. მხარეთა მტკიცებითი საქმიანობის საბოლოო მიზანი – ესაა სასამართლოს დარწმუნება საქმის სწორად გადაწყვეტისათვის მნიშვნელობის მქონე გარემოებების არსებობაში. სასამართლოს დაურწმუნებლობა კი, მხარისათვის არახელსაყრელ შედეგს იწვევს. მტკიცების ტვირთი დამოკიდებულია არა მხარის როლზე პროცესში, არამედ მოთხოვნის საფუძველზე. ის ვინც ითხოვს ვალდებულების შესრულებას, უნდა დაამტკიცოს მოთხოვნის საფუძვლის არსებობა არა მხოლოდ მაშინ, როდესაც იგი ითხოვს თავისი მოთხოვნის შესრულებას, ან აღიარებას, არამედ მაშინაც, როდესაც იგი თავს იცავს მოწინააღმდეგე მხარის ნეგატიური აღიარებითი სარჩელისაგან (მოთხოვნისაგან). მტკიცების ტვირთისაგან უნდა გაიმიჯნოს ფაქტების მითითების ტვირთი, როგორც მხარის ფაკულტატური მოვალეობა. მხარეები სსკ-ის მე-4 მუხლის თანახმად სრულიად თავისუფალი არიან მიუთითონ ნებისმიერ ფაქტზე. ეს მათი უფლებაა, მაგრამ მათ მიერ მითითებული ფაქტობრივი გარემოებების სამართლებრივი შეფასება, ე.ი. იმის დადგენა და გარკვევა, თუ რამდენად ასაბუთებენ ეს ფაქტები იურიდიულად მხარეთა მოთხოვნებს და შესაგებელს – ეს უკვე სასამართლოს პრეროგატივაა. ამასთან, საკმარისი არ არის, რომ მხარემ ზოგადად გამოთქვას მოსაზრება საქმისათვის მნიშვნელობის მქონე გარემოებაზე, მაგალითად, განაცხადოს, რომ იგი მთლიანად უარყოფს მეორე მხარის მიერ მოხსენებულ საქმის ფაქტობრივ გარემოებებს. მხარის მიერ წარმოდგენილი მოსაზრებები კონკრეტულად და დეტალურად უნდა ჩამოყალიბდეს და ეხებოდეს საქმის გადაწყვეტისათვის მნიშვნელობის მქონე ყველა გარემოებას. მხარეთა მიერ წარმოდგენილი ახსნა-განმარტებები უნდა იყოს დასაბუთებული და ეხებოდეს იმ გარემოებებს, რომლებსაც უშუალო კავშირი აქვს დავასთან. მოსარჩელემ, როგორც წესი, უნდა დაამტკიცოს ყველა გარემოება, რომელიც წარმოადგენს მოთხოვნის წარმოშობის საფუძველს, ხოლო მოპასუხემ კი – ყველა გარემოება, რომელიც წარმოადგენს მოთხოვნის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის საფუძველს (იხ. ჰაინ ბიოლინგი, ლადო ჭანტურია, სამოქალაქო საქმეებზე გადაწყვეტილებათა მიღების მეთოდიკა, თბ., 2003, გვ.64) - იხ. შეად. სუსგ-ებს N ას-1298-2018; 22.03.2019წ; N ას-1329-2018, 22.02.2019წ; N ას-1610-2019, 07.02.2020წ. .
35. სსკ-ის 429-ე მუხლის გამოყენების თაობაზე საკასაციო სასამართლო არაერთ გადაწყვეტილებაში/განჩინებაში განმარტავს, რომ ფულადი ვალდებულების შესრულების მტკიცების ტვირთი მოპასუხეს ეკისრება (იხ. სუსგ-ები N ას-1432-1352-2017, 16.03.2018წ; N ას-856-800-2017, 20.10.2017წ.), რაც მოცემულ შემთხვევაში მენარდემ წარმატებით ვერ დაძლია.
36. კასატორის პრეტენზიასთან დაკავშირებით (რომელიც უკავშირდება მის მიერ სააპელაციო საჩივარზე დართულ ქვითრებს, რომლითაც, მისი მტკიცებით, დასტურდება, რომ პირველი ინსტანციის სასამართლოში საქმის განხილვის დასრულების შემდეგ, მენარდემ ქვემენარდეს გადაურიცხა თანხის ნაწილი, თუმცა, ამ საკითხზე არც კი უმსჯელია სააპელაციო სასამართლოს და მოპასუხის მიერ უკვე გადახდილი თანხის ფარგლებში არ შეუმცირებია მოვალის მიერ კრედიტორისათვის (მოსარჩელისათვის) გადასახდელი თანხა) საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ მხარის მიერ შესრულებული ვალდებულების ნაწილის თაობაზე შესაბამისი მტკიცებულებების სააღსრულებო ეტაპზე წარდგენის გზით მოპასუხე შეძლებს საკუთარი უფლების დაცვას, რაც საჭიროებს იმის დადასტურებას, რომ კონკრეტული თანხა სწორედ იმ სახელშეკრულებო ურთიერთობის ფარგლებშია გადახდილი, რაც მხარეთა შორის სადავოა, ამდენად, მხარის უფლება არ შეილახება.
37. კასატორის პრეტენზიის პასუხად, რომელიც სარჩელის არაუფლებამოსილი პირის მიერ აღძვრას უკავშირდება, საკასაციო სასამართლო სავსებით იზიარებს სააპელაციო სასამართლოს მსჯელობასა და დასკვნებს საქალაქო სასამართლოს 2017 წლის 13 ივნისის განჩინების თაობაზე, რომლითაც არ დაკმაყოფილდა მენარდის (მოპასუხის) განცხადება ქვემენარდის მიერ აღძრული სარჩელის განუხილველად დატოვების თაობაზე, ამიტომ აღარ გაიმეორებს იმ დასაბუთებას, რომელიც გასაჩივრებულ განჩინებაშია ასახული (იხ. წინამდებარე განჩინების 22.6 ქვეპუნქტი; ასევე- სააპელაციო სასამართლოს განჩინება - ტ.4. ს.ფ.85).
38. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლო არაერთ გადაწყვეტილებაში უთითებს, რომ ეროვნული სასამართლოს გადაწყვეტილება უნდა პასუხობდეს მხარის მიერ სამართლებრივ და პროცედურულ საკითხებთან დაკავშირებით წარმოდგენილი არგუმენტების ძირითად ასპექტებს (Ruiz Torija v. Spain, Application no. 18390/91; §§ 29-30). შესაბამისად, უფლება მოსმენაზე მოიცავს არა მხოლოდ სასამართლოს წინაშე არგუმენტების წარდგენის შესაძლებლობას, არამედ სასამართლოს ვალდებულებას, გადაწყვეტილების დასაბუთებაში მიუთითოს მიზეზები, რომელთა საფუძველზეც გაიზიარა ან უარყო შესაბამისი არგუმენტები. სასამართლომ შეიძლება აუცილებლად არ მიიჩნიოს იმგვარ არგუმენტებზე პასუხის გაცემა, რომლებიც აშკარად არარელევანტური, დაუსაბუთებელი ან სხვაგვარად დაუშვებელია მსგავსი არგუმენტების მიმართ არსებული სამართლებრივი დებულებების ან მყარად დადგენილი სასამართლო პრაქტიკის საფუძველზე, თუმცა, ყველა გადაწყვეტილება უნდა იყოს ნათელი და საქმეში მონაწილე მხარეებს შესაძლებლობას უნდა აძლევდეს გაიგონ, თუ რატომ გაითვალისწინა სასამართლომ მხოლოდ კონკრეტული გარემოებები და მტკიცებულებები (Seryavin and Others v. Ukraine §§ 55-62). სასამართლოს აქვს ვალდებულება, სათანადოდ იმსჯელოს მხარეთა მიერ წარდგენილ დოკუმენტებზე, არგუმენტებსა და მტკიცებულებებზე (Kraska v. Switzerland, § 30; Van de Hurk v. the Netherlands, § 59; Perez v. France, § 80). ამასთან, მხარეებს უნდა ჰქონდეთ არა მხოლოდ იმის შესაძლებლობა, რომ იცოდნენ იმ მტკიცებულებათა შესახებ, რომლებიც მათ სჭირდებათ თავიანთი სარჩელის წარმატებისათვის, არამედ იცოდნენ და ჰქონდეთ კომენტარის გაკეთების საშუალება ყველა იმ მტკიცებულებასთან და მოსაზრებასთან დაკავშირებით, რომლებიც წარდგენილია სასამართლოს აზრის ფორმირებაზე ზეგავლენის მოხდენის მიზნით (Milatova and others v. The Czech republic §59; niderost-huber v. Switzerland, § 24; k.s. v. finland § 21; ასევე, სუსგ №ას-1191-1133-2014, 14 მაისი, 2015 წელი).
39. საკასაციო სასამართლოს შეფასებით მენარდის (მოპასუხის) საკასაციო საჩივარში წარმოდგენილი არც ერთი არგუმენტი არ განაპირობებს მისთვის სასარგებლო სამართლებრივი შედეგის დადგომას, სარჩელის უარყოფას. აღნიშნული კი მოპასუხის საკასაციო განაცხადის დაკმაყოფილებაზე უარის თქმისა და სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინების უცვლელად დატოვების საფუძველია.
40. სსსკ-ის 55.2-ე მუხლის პირველი წინადადების თანახმად ვინაიდან საკასაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა კასატორის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟი დარჩება სახელმწიფო ბიუჯეტში.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 410-ე მუხლით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. შპს "ბ.ი–ის" საკასაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;
2. უცვლელად დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2018 წლის 1 ნოემბრის განჩინება;
3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე ე. გასიტაშვილი
მოსამართლეები: ზ. ძლიერიშვილი
ბ. ალავიძე