საქმე №ას-29-2021
28 მაისი, 2021 წელი,
ქ. თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატა
შემადგენლობა:
ეკატერინე გასიტაშვილი (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
მოსამართლეები: ზურაბ ძლიერიშვილი,
ბესარიონ ალავიძე
საქმის განხილვის ფორმა _ ზეპირი განხილვის გარეშე
კასატორი – ა.შ–ძე (მოსარჩელე)
მოწინააღმდეგე მხარე – მ.გ–ძე (მოპასუხე)
გასაჩივრებული განჩინება – ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2020 წლის 15 ოქტომბრის განჩინება
კასატორის მოთხოვნა – გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და, ახალი გადაწყვეტილების მიღებით, სარჩელის დაკმაყოფილება
დავის საგანი – თანხის დაკისრება
საკითხი, რომელზედაც მიღებულია განჩინება - საკასაციო საჩივრის დაუშვებლად ცნობა
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
1. საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ოზურგეთის რაიონულ სამმართველოში სისხლის სამართლის საქმეზე, ა.შ–ძისა (შემდეგში: პირველი მოსარჩელე, პირველი მარწმუნებელი, პირველი აპელანტი ან კასატორი) და გ.შ–ძის (შემდეგში: მეორე მოსარჩელე, მეორე მარწმუნებელი ან მეორე აპელანტი; შემდეგში: ერთობლივად მოსარჩელეები ან კლიენტები) მიმართ, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 239-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტებითა და ამავე მუხლის მესამე ნაწილით გათვალისწინებული ბრალდებით (ხულიგნობა, ესე იგი ქმედება, რომელიც უხეშად არღვევს საზოგადოებრივ წესრიგს და გამოხატავს საზოგადოებისადმი აშკარა უპატივცემულობას, ჩადენილი ძალადობით და ძალადობის მუქარით, წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ, ხელისუფლების წარმომადგენლის ან ხულიგნობის აღმკვეთი სხვა პირის მიმართ და იარაღად სხვა საგნის გამოყენებით) გამოძიება დაიწყო.
2. მ.გ–ძე (შემდეგში: მოპასუხე, ადვოკატი ან რწმუნებული) არის ადვოკატი, საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის წევრი.
3. მოპასუხეს და მოსარჩელეებს შორის, 2015 წლის 2 ოქტომბერს, შეთანხმება-ხელშეკრულება დაიდო. შეთანხმების მიხედვით, ადვოკატს ბრალდებულები (მოსარჩელეები) უნდა დაეცვა როგორც შსს ოზურგეთის რაიონულ სამმართველოში, ისე - ყველა ინსტანციის სასამართლოში. ამავე ხელშეკრულებით, ადვოკატის ჰონორარი 1000 ლარით განისაზღვრა, რომელიც მოპასუხეს გადაეცა.
4. წინამდებარე შეთანხმება-ხელშეკრულების ძირითადი პირობის თანახმად, მხარეს არ ეძლევა რაიმე დაპირება იმის თაობაზე, რომ ყველა შემთხვევაში საქმე დასრულდება მისთვის სასურველი შედეგით, არამედ ადვოკატი დებს პირობას და კისრულობს ვალდებულებას, რომ მოქმედი კანონმდებლობით ნებადართული და დასაშვები ყველა საშუალებისა და ხერხის გამოყენებით, პროფესიონალური თვალსაზრისით, კვალიფიციურად და სრულყოფილად განახორციელებს იურიდიულ მომსახურებას დამკვეთი მხარისათვის სასურველი შედეგის მისაღწევად.
5. სარჩელის საფუძვლები
5.1 კლიენტებმა (მოსარჩელეებმა) 2019 წლის 15 ოქტომბერს სარჩელი აღძრეს ადვოკატის მოპასუხის წინააღმდეგ, თანხის - 8000 ლარის დაკისრების მოთხოვნით.
5.2. მოსარჩელეებმა სარჩელი დააფუძნეს წინამდებარე განჩინების 1-4 პუნქტებში ასახულ ფაქტობრივ გარემოებებს და დამატებით მიუთითეს, რომ პირველი ინსტანციის სასამართლოში საქმის მიმდინარეობის პერიოდში, ადვოკატს კიდევ 5000 ლარი გადაუხადეს. დამატებით თანხის გადახდის მიზანი, გარდა სისხლის სამართლის საქმისა, ადვოკატის სხვა სახის დავებში მონაწილეობაც იყო. მოსარჩელეების განმარტებით, მოპასუხემ ისინი მოატყუა და მათი სრულფასოვანი დაცვა არ განახორციელა. ადვოკატს, შესაბამისი მტკიცებულებების წარდგენის გზით არც პროკურატურისთვის მიუმართავს მოსარჩელეების დაზარალებულად ცნობის თაობაზე. მოსარჩელის განმარტებით, მოპასუხეს სესხის სახით ხელზე, 2000 ლარიც გადასცა.
6. მოპასუხის პოზიცია
6.1 მოპასუხემ წარდგენილი შესაგებლით სარჩელი არ ცნო და განმარტა, რომ საკასაციო სასამართლოს გარდა, მოსარჩელეებს საადვოკატო მომსახურება ყველა უწყებაში გაუწია. მოსარჩელეებთან შეთანხმებით, იგი მონაწილეობას იღებდა სამოქალაქო და ადმინისტრაციულ დავებში. იურიდიული მომსახურების ხელშეკრულება კლიენტებისავე ინიციატივით შეწყდა. მოპასუხის განმარტებით, მიღებული საადვოკატო ჰონორარიდან 6000 ლარიდან, მოსარჩელეებს უნდა დაუბრუნდეთ 2000 ლარი და ასევე სესხად გადაცემული 2000 ლარი, სულ 4000 ლარი, დანარჩენ ნაწილში სარჩელი დაუსაბუთებელია.
7. პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება და დასკვნები
7.1 ოზურგეთის რაიონული სასამართლოს 2019 წლის 17 იანვრის გადაწყვეტილებით კლიენტების სარჩელი ადვოკატის წინააღმდეგ ნაწილობრივ დაკმაყოფილდა.
7.1.1 მოპასუხეს (ადვოკატს) მოსარჩელეების სასარგებლოდ 4000 ლარის გადახდა დაეკისრა. ხოლო დარჩენილი ნაწილის 4000 ლარის დაკისრებაზე უარი ეთქვათ.
7.2 სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო კოდექსის (შემდეგში: სსკ) 623-ე, 976-ე, 991-ე მუხლებითა და ადვოკატთა პროფესიული ეთიკის კოდექსის (შემდეგში: აპეკ) 8.8, 8.15 მუხლებით.
7.3 საქალაქო სასამართლოს შეფასებით, მხარეებს შორის საადვოკატო მომსახურების თაობაზე ზეპირი შეთანხმება 5000 ლარის თაობაზე, ზუსტად არ განსაზღვრავს, თუ რომელ საქმეებზე და რა ფარგლებში უნდა ეწარმოებინა ადვოკატს მოსარჩელეების ინტერესების დაცვა.
7.4 სასამართლომ საქმეში არსებული მასალების საფუძველზე დადგენილად მიიჩნია, რომ მოპასუხე, გარდა სისხლის სამართლის საქმეზე პირველ და მეორე ინსტანციებში მონაწილეობისა, პირველი მოსარჩელის, როგორც დაზარალებულის გამოკითხვას დაესწრო პოლიციაში და ასევე მის ინტერესებს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოში ადმინისტრაციულ დავაზეც იცავდა. მოპასუხეს მოსარჩელეების მიმართ 7 ორდერი ჰქონდა გამოწერილი.
7.5 დადგენილია, რომ მოპასუხემ მოსარჩელეებთან უკმაყოფილებით გამოწვეული კონფლიქტის გამო, საადვოკატო მომსახურება ვერ გააგრძელა. სასასამართლოს დასკვნით, ვინაიდან, ხელშეკრულების შეწყვეტის დროს ადვოკატს მოსარჩელეების მიმართ ნაკისრი ვალდებულებები შესრულებული არ ჰქონდა სრულად (მესამე ინსტანციაში არ განუხორციელებია მოსარჩელეების დაცვა) მომსახურებიდან მიღებული ანაზღაურების სრული თანხის - 6000 ლარის მესამედი - 2000 ლარი უნდა ჩაეთვალოს საზღაურის დარჩენილი ნაწილის პროპორციულ თანხად და გადასახდელად დაეკისროს მათ სასარგებლოდ. საქალაქო სასამართლომ მიიჩნია, რომ ვინაიდან მხარეებს შორის სესხად გადაცემული თანხის 2000 ლარის ფაქტი სადავო არ იყო, მოპასუხეს ასევე უნდა დაეკისროს მოსარჩელეების სასარგებლოდ მისი ანაზღაურება.
8. სააპელაციო საჩივრის საფუძვლები
8.1 პირველმა მოსარჩელემ სააპელაციო წესით გაასაჩივრა საქალაქო სასამართლოს 2019 წლის 17 იანვრის გადაწყვეტილება. გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და, ახალი გადაწყვეტილების მიღებით, სარჩელის სრულად დაკმაყოფილება მოითხოვა.
9. სააპელაციო სასამართლოს განჩინება და დასკვნები
9.1 თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2020 წლის 15 ოქტომბრის განჩინებით, პირველი მოსარჩელის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა, უცვლელად დარჩა გასაჩივრებული გადაწყვეტილება.
9.2 სააპელაციო სასამართლომ გაიზიარა გასაჩივრებული გადაწყვეტილებით დადგენილი ფაქტობრივი გარემოებები (საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის, შემდეგში: სსსკ, 390.3.-ე მუხლის ,,გ“ ქვეპუნქტი) და მიუთითა მათზე.
9.3. სააპელაციო სასამართლომ უმთავრესად საქმეში არსებულ უდავო გარემოებებზე მიუთითა, რომელთა თანახმად 1. სისხლის სამართლის საქმეზე გამოძიების მიმდინარეობის პერიოდში, პროკურორის შუამდგომლობა ბრალდებულების მიმართ აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის გამოყენების თაობაზე არ დაკმაყოფილდა; 2. ბრალდებულების ადვოკატების, მათ შორის მოპასუხის შუამდგომლობა ბრალდებულების მიმართ აღკვეთის ღონისძიების სახით გირაოს გამოყენების თაობაზე დაკმაყოფილდა; 3. მოპასუხე ადვოკატი საგამოძიებო ორგანოში ბრალდებულების (კლიენტების) მონაწილეობით წარმართულ ყველა საპროცესო მოქმედებაში მონაწილეობდა; 4. ბრალდებულების მიმართ სისხლის სამართლის საქმე ოზურგეთის რაიონულ სასამართლოში წარიმართა; 5. მოსარჩელეებს (კლიენტებს) და ადვოკატს შორის, საადვოკატო მომსახურების შესახებ ზეპირი შეთანხმება შედგა, რომლის საფუძველზეც, მოპასუხეს საადვოკატო მომსახურებისათვის გასამრჯელოს სახით დამატებით 5000 ლარი გადაეცა.
9.4 სასამართლომ ყურადღება გაამახვილა მოსარჩელეების მტკიცებაზე, რომლის თანახმად, ადვოკატს სისხლის სამართლის საქმის სწრაფად და ბრალდებულთა სასარგებლოდ (გამამართლებელი განაჩენით) დასრულების პირობით გადაეცა თანხა. ასევე იმ უპირატესი პირობით, რომ ადვოკატი მოსარჩელეებისა და მათი ოჯახის წევრების მიმართ განხორციელებული ძალადობის (ცემისა და ფიზიკური დაზიანებების) გამო, მათ დაზარალებულად ცნობას და მოძალადე პირების ბრალდებულის სახით პასუხისგებაში მიცემას მიაღწევდა. ამ მიზნით საქმის მასალებში ფარული აუდიო ჩანაწერები იქნა წარდგენილი. მოპასუხის მტკიცებით კი, დამატებითი გასამრჯელო არა მხოლოდ სისხლის სამართლის საქმეში საადვოკატო მომსახურებისთვის მიიღო საკასაციო ინსტანციის სასამართლოს ჩათვლით, არამედ - იმ საადვოკატო მომსახურების სანაცვლოდ, რასაც მოსარჩელეებს და მათ ოჯახის წევრებს სამოქალაქო და ადმინისტრაციული დავების ფარგლებში უწევდა.
9.5 სააპელაციო სასამართლოს შეფასებით, სადავო საკითხის გადასაწყვეტად მნიშვნელოვანი იყო დამატებით გადახდილი თანხის 5000 ლარის მიზნობრიობის და ადვოკატის მიერ შეთანხმებით ნაკისრი ვალდებულების ჯეროვნად შესრულების საკითხის გამორკვევა.
9.6 სააპელაციო სასამართლომ სსსკ-ის მე-4 მუხლზე, 201-ე მუხლის პირველზე ნაწილზე მიუთითა და აღნიშნა, რომ, მართალია, მოპასუხემ წარდგენილი შესაგებლით სარჩელი არ ცნო, თუმცა ზოგადი ხასიათის მითითებებით შემოიფარგლა. იგი მოსარჩელეებს არ შედავებია, რომ საადვოკატო მომსახურებისთვის დამატებით გადაცემული თანხა, გადახდილი იქნა არა მხოლოდ სისხლის სამართლის საქმეში საადვოკატო მომსახურებისთვის, არამედ - სამოქალაქო და ადმინისტრაციულ დავებში გაწეული სამართლებრივი დახმარებისთვის; ასევე არც იმ გარემოებას შედავებია ადვოკატი, რომ ადმინისტრაციულ დავაში გაწეული სამართლებრივი დახმარებისთვის მან კლიენტებისაგან 300 ლარი მიიღო.
9.7 სააპელაციო სასამართლომ, მხარეთა განმარტებებისა და მოსარჩელის მიერ წარდგენილი წერილობითი მტკიცებულებების ერთობლივი გაანალიზების, შედეგად, დადგენილად მიიჩნია, რომ მოსარჩელის მიერ საადვოკატო მომსახურებისათვის დამატებით გადახდილი 5000 ლარი არ მოიცავდა სამოქალაქო თუ ადმინისტრაციული კატეგორიის დავებში სამართლებრივი დახმარების დავალებას. არამედ, დამატებითი გასამრჯელო სისხლის სამართლის საქმეში საადვოკატო მომსახურების გაწევისათვის იქნა გადახდილი, რაც ბრალდებულებისათვის სასურველი-გამამართლებელი შედეგით საქმის დამთავრების, საქმის შემჭიდროებულ ვადაში განხილვისა და ასევე, ბრალდებულთა მიმართ განხორციელებული ძალადობის გამო, მოძალადე პირთა წინააღმდეგ გამოძიების დაწყებისა და ბრალდებულების დაზარალებულებად ცნობის მიზნით, სათანადო სამართლებრივი დახმარების/მომსახურების გაწევის დავალებას გულისხმობდა.
9.8 სააპელაციო სასამართლომ ყურადღება გაამახვილა მოსარჩელეების მიერ წარდგენილ ფარულ აუდიო ჩანაწერზე და მიიჩნია, რომ აღნიშნული ჩანაწერის მტკიცებულების სახით წარდგენა ეწინააღმდეგება საქართველოს კონსტიტუციის მე-15 მუხლით გარანტირებულ პირადი ცხოვრებისა და პირადი კომუნიკაციის ხელშეუვალობის პრინციპს. სასამართლოს შეფასებით კანონის დარღვევით მოპოვებულ მტკიცებულებებს დასაშვებ მტკიცებულებათა წრეს ვერ მიაკუთვნებს, გარდა იმ შემთხვევისა, თუ ამაზე მეორე მხარის თანხმობა არსებობს. მეორე მხარეს კი მოცემულ საქმეში ასეთი თანხმობა არ წარუდგენია. პირიქით, ის მიუთითებს, რომ ფარული აუდიოჩანაწერი მოპოვებულია კანონის დარღვევით. ამდენად, სააპელაციო სასამართლომ საკასაციო სასამართლოს მიერ არაერთ განჩინებაში ასახულ მსჯელობაზე მითითებით წარდგენილი ფარული აუდიო ჩანაწერი დაუშვებელ მტკიცებულებად მიიჩნია (იხ. სუსგ: #ას- 1155-1101-2014, 04.05.2015წ; #ას-1337-1375-2014, 17.07.2015წ; #ას-1054-994-2015, 22.01.2016წ; #ას-290-276-2016, 25.05.2016წ; #ას-238-226-2016, 03.06.2016წ; #ას-896-862-2016, 05.01.2017წ.)
9.9 სააპელაციო სასამართლომ მხარეთა ახსნა-განმარტებების შედეგად დადგენილად მიიჩნია, რომ მოსარჩელეების ბრალდების გამო სისხლის სამართლის საქმის განხილვა ოზურგეთის რაიონულ სასამართლოში დაახლოებით 2 წლის მანძილზე მიმდინარეობდა. საქმის განხილვის ფარგლებში 40–ზე მეტი მოწმე დაიკითხა. საქმის განხილვის მიზნით დანიშნული სასამართლო სხდომები არასოდეს გადადებულა მოპასუხის მიზეზით და ამ მხრივ ადვოკატის მიმართ რაიმე პრეტენზია წარდგენილი არ ყოფილა.
9.10 ოზურგეთის რაიონული სასამართლოს მიერ მოსარჩელეების მიმართ დადგენილ იქნა ნაწილობრივ გამამართლებელი განაჩენი - ბრალდებულების მიმართ წარდგენილი ბრალდების კვალიფიკაცია შეიცვალა და ისინი ნაცვლად საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 239-ე მუხლის მე-2 ნაწილის "ა" და "ბ" ქვეპუნქტებითა და მე-3 ნაწილით გათვალისწინებული ბრალდებისა, რაც სასჯელის სახით თავისუფლების აღკვეთას 4-დან 7 წლამდე ვადით ითვალისწინებდა, ცნობილი იქნენ დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 239-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული ქმედებისათვის. ბრალდებულებს სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრათ ჯარიმა 1000-1000 ლარით.
9.11 სასამართლოს მიერ უდავო გარემოებად იქნა მიჩნეული, რომ მოპასუხე ადვოკატმა მოსარჩელის და მისი ოჯახის წევრების მიმართ სავარაუდოდ ჩადენილი ძალადობის (ცემის, სხეულის დაზიანების) გამო გამოძიების დაწყებისა და დანაშაულის ჩამდენი პირების პასუხისგებაში მიცემის მოთხოვნით საგამოძიებო ორგანოებს წერილობით მიმართა. უდავოა ისიც, რომ განცხადების საფუძველზე საგამოძიებო ორგანოში დაიკითხა პირველი მოსარჩელე. საპროცესო მოქმედებაში მონაწილეობას იღებდა ადვოკატი (მოპასუხე).
9.12 მოპასუხემ ოზურგეთის რაიონული სასამართლოს განაჩენი მოსარჩელეების მიმართ სააპელაციო წესით გაასაჩივრა. მონაწილეობა მიიღო სააპელაციო საჩივრის განხილვის მიზნით ქუთაისის სააპელაციო სასამართლოში დანიშნულ სასამართლო სხდომაზე. ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს განაჩენით უცვლელი დარჩა პირველი ინსტანციის სასამართლოს განაჩენი.
9.13 ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს მიერ განაჩენის გამოტანის შემდეგ, მხარეთა (ადვოკატსა და კლიენტებს) შორის კონფლიქტი წარმოიშვა. მოსარჩელეების შეფასებით, ადვოკატმა გარიგებით ნაკისრი ვალდებულება არ შეასრულა. შედეგითა და ადვოკატის მომსახურებით უკმაყოფილო მოსარჩელეებმა მოპასუხეს საადვოკატო მომსახურებისათვის გადახდილი თანხის სრულად დაბრუნება მოსთხოვეს.
9.14 საკასაციო ინსტანციის სასამართლოში დაცვის მიზნით მოსარჩელეებმა სხვა ადვოკატს მიმართეს.
9.15 მოსარჩელეებმა მოპასუხისთვის დისციპლინური პასუხისმგებლობის დაკისრების მოთხოვნით სსიპ საქართველოს ადვოკატთა ასოციაციას მიმართეს. ადვოკატთა ასოციაციის ეთიკის კომისიის 2019 წლის 14 მაისის გადაწყვეტილებით ადვოკატს (მოპასუხეს) გაფრთხილება „ადვოკატთა შესახებ“ საქართველოს კანონის 8.1 მუხლის, აპეკ-ის მე-2.1, მე-8.8 და მე-8.15 მუხლებით გათვალისწინებული მოთხოვნების დარღვევის გამო მიეცა.
9.16 სააპელაციო სასამართლომ მიუთითა, რომ მოპასუხე ადვოკატმა სარჩელის მოთხოვნა სასამართლოს მთავარ სხდომაზე ნაწილობრივ, სესხის სახით მიღებული 2000 ლარის და საადვოკატო მომსახურებისათვის მიღებული 6000 ლარიდან 2000 ლარის დაბრუნების ნაწილში ცნო. საადვოკატო მომსახურებისათვის გადახდილი 6000 ლარიდან 2000 ლარის დაბრუნების შესახებ პირველი ინსტანციის მიერ მიღებული გადაწყვეტილება მხარეებს სადავოდ არ გაუხდიათ და ის, სააპელაციო განხილვის ფარგლებში, დავის საგანი აღარაა. დავის საგანს არ წარმოადგენს სესხის სახით გადახდილი 2000 ლარის დაბრუნების საკითხიც.
9.17 სააპელაციო სასამართლომ სააპელაციო საჩივრის ფარგლებში ადვოკატის მომსახურებისათვის გადახდილი თანხიდან - 4000 ლარის დაბრუნების მართლზომიერების საკითხზე იმსჯელა.
9.18 სააპელაციო სასამართლოს შეფასებით, განსახილველ შემთხვევაში დავალების ხელშეკრულების საფუძველზე რწმუნებულსა და მარწმუნებლებს შორის არსებული ურთიერთობა სსკ-ის 709-710-ე, 715-ე და 720-ე მუხლებიდან გამომდინარეობს.
9.19 სააპელაციო სასამართლომ მიუთითა, რომ მოპასუხეს დავალების ხელშეკრულების საფუძველზე მისი დაცვის ქვეშ მყოფი პირებისათვის - მოსარჩელეებისთვის სისხლის სამართლის საქმეზე საგამოძიებო ორგანოსა და ყველა ინსტანციის სასამართლოში საადვოკატო მომსახურების გაწევა ევალდებოდა. დავალების არსი მდგომარეობდა იმაში, რომ ადვოკატი კანონმდებლობით გათვალისწინებული ყველა საშუალების/მეთოდის კვალიფიციურად გამოყენებით განახორციელებდა ბრალდებულთა ინტერესების დაცვას წარდგენილ ბრალდებაში ბრალდებულთა გამართლების მიზნით, ამასთან, სათანადო სამართლებრივ დახმარებას გაუწევდა მათ მიმართ განხორციელებული ძალადობის გამო, დაზარალებულებად აღიარების და სავარაუდო დამნაშავე (მოძალადე) პირების სისხლის სამართლის პასუხისგებაში მიცემის მიზნით. გარიგება მხარეთა შორის თავდაპირველად წერილობითი, შემდეგ ზეპირი სახით დაიდო. გარიგება იყო სასყიდლიანი და გასამრჯელო (ჰონორარი) ჯამში 6000 ლარს შეადგენდა.
9.20 სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ მხარეთა შეთანხმება არ მოიცავდა გასამრჯელოს ანაზღაურებას მხოლოდ ბრალდებულთათვის სასურველი შედეგის დადგომის პირობით, არამედ მხარეთა შეთანხების თანახმად, ადვოკატი კისრულობდა ვალდებულებას, კეთილსინდისიერად განეხორციელებინა კანონით გათვალისწინებული ღონისძიებები ბრალდებულთათვის სასურველი შედეგის მისაღწევად. ამ გარემოების საწინააღმდეგოდ რაიმე სათანადო მტკიცებულება საქმეში წარმოდგენილი არ არის.
9.21 სააპელაციო სასამართლოს შეფასებით, მეორე ინსტანციის სასამართლოში სისხლის სამართლის საქმის განხილვის დასრულების შემდეგ, შედეგით უკმაყოფილო მარწმუნებლების მხრიდან, საადვოკატო მომსახურებისათვის გადახდილი თანხის სრულად დაბრუნების თაობაზე განაცხადი მარწმუნებლის ინიციატივით დავალების ხელშეკრულების შეწყვეტას წარმოადგენს.
9.22 სასამართლომ სადავო საკითხთან მიმართებით განმარტა, რომ საადვოკატო მომსახურების ხელშეკრულების სამართლებრივი ბუნების გათვალისწინებით, ამ ტიპის სარჩელის დაკმაყოფილება დიდწილადაა დამოკიდებული იმაზე, შეასრულა თუ არა და რამდენად კვალიფიციურად და პირნათლად განახორციელა წარმომადგენელმა ის ვალდებულებები, რასაც მას იურიდიული დახმარების შესახებ ხელშეკრულება ავალდებულებდა. ფაქტობრივი გარემოება იმის შესახებ, რომ მოპასუხემ (ადვოკატმა) არ შეასრულა საადვოკატო მომსახურების შესახებ ხელშეკრულებით გათვალისწინებული ვალდებულება (დავალება) მოსარჩელეების ინტერესების დაცვის თაობაზე, საქმეზე წარმოდგენილი მტკიცებულებებით არ დასტურდება.
9.23 სააპელაციო სასამართლომ ისიც აღნიშნა, რომ შესაძლოა, მოსარჩელე მხარეს გააჩნდა მოლოდინი წარდგენილ ბრალდებაში სრულად გამართლების, დაზარალებულებად აღიარებისა და მოძალადე პირთა მიმართ სისხლის სამართლებრივი დევნის დაწყების შესახებ, მაგრამ ასეთის განუხორციელებლობა მოპასუხის მიერ საადვოკატო მომსახურების შესახებ ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულების შეუსრულებლობად ვერ დაკვალიფიცირდება.
9.24 სააპელაციო სასამართლომ მოსარჩელის მოთხოვნის - ადვოკატისათვის გადახდილი გასამრჯელოს კლიენტისათვის დაბრუნების მართლზომიერება კეთილსინდისიერების ფარგლებში, მხარეების მიერ ერთმანეთისადმი ნაკისრი უფლება-მოვალეობების, გარიგებაში გამოვლენილი ფაქტობრივი ნების გონივრულობისა და სამართლიანობის, ადვოკატის მიერ ფაქტობრივად შესრულებული სამუშაოს/გაწეული მომსახურების საფუძველზე შეაფასა.
9.25 სასამართლომ ადვოკატის მიერ, გამოძიების ორგანოსა და ორი ინსტანციის სასამართლოში, ორი პირის მიმართ გაწეული საადვოკატო მომსახურების გათვალისწინებით, მის მიერ ფაქტობრივად შესრულებული სამუშაოს, დახარჯული დროისა და რესურსის, ასევე, მიღწეული სამართლებრივი შედეგის გათვალისწინებით მიიჩნია, რომ საადვოკატო მომსახურებისათვის გადახდილი გასამრჯელო 4000 ლარის ოდენობით მართებული, გონივრული და მიღებული მომსახურების შესატყვისია.
9.26 უდავო გარემოებაა, რომ სახელშეკრულებო ურთიერთობის შეწყვეტის გამო, მოპასუხეს საკასაციო ინსტანციის სასამართლოში ბრალდებულთა ინტერესების დაცვა არ განუხორციელებია. სააპელაციო სასამართლომ გაიზიარა პირველი ინსტანციის დასკვნა და მიიჩნია, რომ მოსარჩელეების მიერ გასამრჯელოს სახით გადახდილი 6000 ლარიდან 2000 ლარის უკან დაბრუნება პროპორციული და სამართლიანია.
10. საკასაციო საჩივრის საფუძვლები
10.1 პირველმა მოსარჩელემ საკასაციო წესით გაასაჩივრა სააპელაციო სასამართლოს განჩინება და, ახალი გადაწყვეტილების მიღებით, სარჩელის სრულად დაკმაყოფილება მოითხოვა.
10.2 კასატორის მტკიცებით, ადვოკატის შეცდომების და მისი მოვალეობის შეუსრულებლობის შედეგად, მოსარჩელეებს შეელახათ ღირსება. მართალია, ისინი ჯარიმის საფუძველზე გათავისუფლდნენ, თუმცა ნასამართლევ პირებად დარჩნენ. მოსარჩელეების ქმედების კვალიფიკაციის შეცვლა და მხოლოდ ჯარიმის დაკისრება არ ნიშნავს, რომ ადვოკატმა ნაკისრი ვალდებულება კვალიფიციურად შეასრულა.
10.3 ადვოკატმა ვერ უზრუნველყო კლიენტთა კანონიერი ინტერესების სათანადოდ დაცვა - სასამართლოს არ წარუდგინა ბრალდებულთა გამამართლებელი მტკიცებულებები, არ მოითხოვა ექსპერტიზის დასკვნების გამოკვლევა, რომლითაც დგინდებოდა შემთხვევის დღეს ბრალდებულთათვის ფიზიკური დაზიანების მიყენების ფაქტი, არ მოითხოვა ბრალდებულების და მათი მოწმეების (ოჯახის წევრების) დაკითხვა, რაც განაპირობებდა გამამართლებელი განაჩენის დადგენას და მათ დაზარალებულებად ცნობას.
12.4 კასატორის მტკიცებით, სასამართლომ არ გაითვალისწინა ადვოკატთან დადებული ხელშეკრულება, რომლითაც მოპასუხე კისრულობდა ვალდებულებას, მეორე მხარის ინტერესების გათვალისწინებით, საქართველოში მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად და ფარგლებში, დაეცვა მოსარჩელეების ინტერესები შსს ოზურგეთის რაიონულ სამმართველოში და ყველა ინსტანციის სასამართლოში. ასევე, მეორე მხარე კისრულობდა ვალდებულებას, სამართლებრივი და ყველა სახით იურიდიული მომსახურეობისთვის ჰონორარი - 1000 ლარი, ხოლო სასურველი შედეგის დადგომის დროს დამატებით 1000 ლარი გადაეხადა. სასამართლომ უსამართლოდ მიაკუთვნა მოპასუხეს თითოეული ინსტანციის სასამართლოში წარმომადგენლობისათვის 2000-2000 ლარი, ვინაიდან მხარეებს შორის ასეთი შეთანხმება არ არსებობდა.
13. საკასაციო სამართალწარმოების ეტაპი
13.1. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2021 წლის 9 მარტის განჩინებით პირველი მოსარჩელის საკასაციო საჩივარი წარმოებაში იქნა მიღებული სსსკ-ის 391-ე მუხლის მიხედვით დასაშვებობის წინაპირობების შესამოწმებლად.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლო საქმის შესწავლის, მტკიცებულებათა გაანალიზების, საკასაციო საჩივრის დასაშვებობის იურიდიული დასაბუთებულობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ პირველი მოსარჩელის (კასატორის) საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს სსსკ-ის 391-ე მუხლის მოთხოვნებს, რის გამოც ის დაუშვებელია, შემდეგი არგუმენტაციით:
14. სსსკ-ის 391-ე მუხლის მეხუთე ნაწილის შესაბამისად, საკასაციო საჩივარი ქონებრივ და სხვა არაქონებრივ დავებში დასაშვებია, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს; ზ) გასაჩივრებულია სააპელაციო სასამართლოს მეორე დაუსწრებელი გადაწყვეტილება ან განჩინება დაუსწრებელი გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების თაობაზე. ზემოაღნიშნული ნორმები განსაზღვრავს იმ მოთხოვნებს, რომელთაც საკასაციო საჩივარი უნდა შეიცავდეს და ეფუძნებოდეს.
15. საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სსსკ-ის 391-ე მუხლით გათვალისწინებული არც ერთი ზემოხსენებული საფუძვლით.
16. საკასაციო საჩივრის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს არც სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების აუცილებლობის თვალსაზრისით.
17. საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ საკასაციო საჩივარი დასაშვებიც რომ ყოფილიყო, მას არა აქვს წარმატების პერსპექტივა შემდეგ გარემოებათა გამო:
ა) განსახილველ შემთხვევაში, არ არსებობს სსსკ-ის 391-ე მუხლის მეხუთე ნაწილის "ე" ქვეპუნქტით დადგენილი საკასაციო საჩივრის დასაშვებობის წინაპირობაც, რომლის მიხედვითაც, საკასაციო საჩივარი დასაშვებია, თუ სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმე განხილულია მნიშვნელოვანი საპროცესო დარღვევით, რომელსაც შეეძლო, არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე;
ბ) სსსკ-ის 407.2-ე მუხლის თანახმად, სააპელაციო სასამართლოს მიერ დამტკიცებულად ცნობილი ფაქტობრივი გარემოებები სავალდებულოა საკასაციო სასამართლოსათვის, თუ წამოყენებული არ არის დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია. სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილად ცნობილ ფაქტობრივ გარემოებებთან დაკავშირებით კასატორს ასეთი დასაბუთებული პრეტენზია არ წარმოუდგენია.
18. მოცემულ შემთხვევში, კასატორის მოთხოვნის სამართლებრივი საფუძველი სსკ-ის 709-ე (დავალების ხელშეკრულებით რწმუნებული ვალდებულია შეასრულოს მისთვის დავალებული (მინდობილი) ერთი ან რამდენიმე მოქმედება მარწმუნებლის სახელითა და ხარჯზე) და 710.1 (მარწმუნებელი ვალდებულია გადაუხადოს რწმუნებულს გასამრჯელო მხოლოდ ხელშეკრულებით ან კანონით გათვალისწინებულ შემთხვევაში) მუხლებიდან გამომდინარეობს, რაც დავალების ხელშეკრულების საფუძველზე რწმუნებულსა და მარწმუნებელს შორის ურთიერთობებს განსაზღვრავს.
19. საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ დავალება იმ ხელშეკრულებათა რიცხვს მიეკუთვნება, რომელიც დაკავშირებულია სამუშაოს შესრულებასთან, მისი საგანია რწმუნებული პირის მიერ ერთი ან რამდენიმე იმგვარი მოქმედების შესრულება, რომელიც იწვევს ამა თუ იმ შედეგის დადგომას და, როგორც წესი, ეფუძნება ურთიერთნდობას, რწმუნებულის ვალდებულებას წარმოადგენს დავალებული მოქმედების მმართველის გულისხმიერებით წარმოება და მიღწეული შედეგის ადრესატი წარმოდგენილი პირი ხდება.
20. ადვოკატი, როგორც პროფესიონალი, კლიენტთან გაფორმებული იურიდიული (საადვოკატო) მომსახურების ხელშეკრულების საფუძველზე, ცხადია, კერძოსამართლებრივ ურთიერთობაში სამართლებრივად იბოჭება იმ შეთანხმებით, რომლის ძირითადი პირობების შემთავაზებელი თვითონვეა (იხ. სუსგ Nას-1161-1116-2016).
21. საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ დავალების ხელშეკრულება ითვალისწინებს მარწმუნებელსა და რწმუნებულს შორის ორმხრივი უფლებებისა და ვალდებულებების წარმოშობას (სუსგ Nას-497-477-2016, 2017 წლის 21 აპრილი, პ- 34).
22. მოცემულ შემთხვევაში კასატორი საადვოკატო მომსახურებისათვის გადახდილი თანხის სრულად დაბრუნებას მოითხოვს. მისი მტკიცებით, მოპასუხეს (ადვოკატს) სისხლის სამართლის საქმის სწრაფად და ბრალდებულთა სასარგებლოდ (გამამართლებელი განაჩენით) დასრულების პირობით გადაეცა თანხა. ასევე იმ უპირატესი პირობით, რომ ადვოკატი მოსარჩელეებისა და მათი ოჯახის წევრების მიმართ განხორციელებული ძალადობის (ცემისა და ფიზიკური დაზიანებების) გამო, მათ დაზარალებულად ცნობას და მოძალადე პირების ბრალდებულის სახით პასუხისგებაში მიცემას მიაღწევდა, რაც არ განხორციელდა.
23. სსკ-ის 52-ე მუხლი ადგენს ნების გამოვლენის განმარტების წესს, კერძოდ: ნების გამოვლენის განმარტებისას ნება უნდა დადგინდეს გონივრული განსჯის შედეგად, და არა მარტოოდენ გამოთქმის სიტყვასიტყვითი აზრიდან. მითითებული ნორმის მიზანია, დავის შემთხვევაში გაირკვეს, რა განზრახვა ჰქონდათ მხარეებს ხელშეკრულების დადებისას და როგორ უნდა გავიგოთ ხელშეკრულების სადავო გამონათქვამი. ასეთ შემთხვევაში მხარეების მიერ ხელშეკრულებაში განსაზღვრული გამონათქვამი განსხვავებულად არის გაგებული. აღნიშნული გამორიცხავს ხელშეკრულების განმარტების შესაძლებლობას იმის მიხედვით, თუ რას ფიქრობდა ნების გამომვლენი ან ნების მიმღები. სწორედ ამიტომ, კანონით გადამწყვეტია “ნების გონივრული განსჯა”, რაც ნიშნავს სადავო გამონათქვამის იმ მნიშვნელობის დადგენას, რომელსაც გონიერი ადამიანი ანალოგიურ პირობებში მიანიჭებდა. გონივრულობა მოცემული ურთიერთობის სრულად აღქმა და განსჯაა და არა გამოყენებული გამონათქვამის ვიწრო გაგება.
24. სსკ-ის 90-ე მუხლის მიხედვით, პირობითად ითვლება გარიგება, როდესაც იგი დამოკიდებულია სამომავლო და უცნობ მოვლენაზე იმით, რომ ან გარიგების შესრულების გადადება ხდება მის დადგომამდე, ანდა გარიგების შეწყვეტა – ამ მოვლენის დადგომისთანავე.
25. საკასაციო სასამართლო წინამდებარე განჩინების 9.19-9.20, 9.22-9.23 ქვეპუნქტებში ასახულ, სააპელაციო სასამართლოს მსჯელობაზე დაყრდნობით არ იზიარებს კასატორის პრეტენზიას და განმარტავს, რომ ფაქტობრივი გარემოება რომ მოპასუხემ (ადვოკატმა) არ შეასრულა საადვოკატო მომსახურების შესახებ გარიგებით გათვალისწინებული ვალდებულება მოსარჩელეების ინტერესების დაცვის მიზნით, საქმეზე წარდგენილი მტკიცებულებებით არ დასტურდება. მეტიც, დადგენილი ფაქტობრივი გარემოებები (იგულისხმება როგორც სასამართლო, ასევე საგამოძიებო ორგანოებში მოპასუხის მონაწილეობა მოსარჩელეების ინტერესების დაცვის მიზნით) მოპასუხის მხრიდან მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად, კვალიფიციური და სრულყოფილი იურიდიული მომსახურების გაწევის ფაქტზე მიუთითებენ. „ადვოკატთა შესახებ“ საქართველოს კანონის პირველი მუხლის მეორე ნაწილის მიხედვით: „ადვოკატი არის თავისუფალი პროფესიის პირი, რომელიც ემორჩილება მხოლოდ კანონსა და პროფესიული ეთიკის ნორმებს და გაწევრიანებულია საქართველოს ადვოკატთა ასოციაციაში“, ხოლო ამავე კანონის მე-3 მუხლით განსაზღვრულია საადვოკატო საქმიანობის პრინციპები, რომელთა შორის „ლ“ ქვეპუნქტის საფუძველზე დადგენილია „ადვოკატის მიერ პროფესიული ეთიკის ნორმების დაცვა“. აპეკ-ის მე-8 მუხლის თანახმად, „ადვოკატს უფლება არა აქვს კლიენტს მისცეს გარანტიები მისგან აღებული საქმის შედეგებთან დაკავშირებით“.
26. სსკ-ის 68-ე მუხლის შესაბამისად, გარიგების ნამდვილობისათვის საჭიროა კანონით დადგენილი ფორმის დაცვა. თუკი ასეთი ფორმა არ არის დაწესებული, მხარეებს შეუძლიათ თვითონ განსაზღვრონ იგი. ამავე კოდექსის 69-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, გარიგება შეიძლება დაიდოს ზეპირი ან წერილობითი ფორმით.
27. ამასთან, „ადვოკატთა შესახებ“ საქართველოს კანონი, როგორც სპეციალური ნორმატიული აქტი, არ ადგენს საადვოკატო ხელშეკრულებისათვის სავალდებულო ფორმას - წერილობითი შეთანხმების სახით, შესაბამისად, ასეთ შემთხვევებში გამოიყენება სსკ-ით დადგენილი ზოგადი წესები გარიგებისათვის, რომელიც შესაძლებელია დაიდოს, როგორც წერილობით, ისე ზეპირი ფორმით.
28. მოცემულ შემთხვევაში უდავო გარემოებადაა მიჩნეული, რომ მხარეებს შორის არსებობს როგორც წერილობითი (1000 ლარის ფარგლებში), ასევე ზეპირი ხელშეკრულება/შეთანხმება (5000 ლარის ფარგლებში) საადვოკატო მომსახურების თაობაზე. თუმცა სადავოა დამატებით გადაცემული თანხის მიზნობრიობის და ადვოკატის მიერ შეთანხმებით ნაკისრი ვალდებულების ჯეროვნად შესრულების საკითხი.
29. საკასაციო სასამართლო სრულად იზიარებს სააპელაციო სასამართლოს, ამ განჩინების 1.4, 9.3-9.12, 9.16-9.26 ქვეპუნქტებში ასახულ, ფაქტობრივ და სამართლებრივ შეფასებას, და განმარტავს, რომ საადვოკატო მომსახურება არ არის უსასყიდლო ე.წ. „pro bono“ ანუ, უსასყიდლო მომსახურება (რაც ასევე განსხვავდება, სახელმწიფოს ხარჯზე ცალკეული სეგმენტის პირთათვის გაწეული უფასო იურიდიული დახმარებისაგან) იმ პროფესიული სოციალური პასუხისმგებლობის ნაწილია, რომელიც მიღებული და დამკვიდრებულია, როგორც ევროგაერთიანების წევრი ქვეყნების საადვოკატო ბიუროების, ისე - აშშ-ის იურისტთა ასოციაციის წარმომადგენელთა კერძო საადვოკატო პრაქტიკაში და არა მხოლოდ სოციალურად დაუცველ პირთა იურიდიულ მომსახურებას მოიცავს, არამედ იდეალური მიზნების მქონე არასამთავრობო ორგანიზაციების სამართლებრივ მხარდაჭერასაც. შესაბამისად, კლიენტს ეკისრება ადვოკატის მიერ გაწეული იურიდიული მომსახურების ანაზღაურება ხელშეკრულების ფარგლებში, ხოლო რაც შეეხება ანაზღაურების ოდენობას, აღნიშნული უნდა დადგინდეს მხარეთა ნების გამოვლენის გონივრულობას, შეთანხმების მიღწევისას იმ დანაწესის გათვალისწინებით, რომ “ადვოკატთა შესახებ” საქართველოს კანონის მე-6 მუხლის მე-2 პუნქტის მოწესრიგებიდან გამომდინარე, ადვოკატს ეკისრება კლიენტის საქმის წარმოებასთან დაკავშირებით, ამ უკანასკნელისათვის ყველა ფინანსური ვალდებულების /რომელიც სასამართლო ხარჯების გარდა, ადვოკატისათვის გადასახდელ ჰონორარსაც მოიცავს/ შესახებ ინფორმაციის დროულად და კვალიფიციურად მიწოდება (აპეკ-ის 8.6 მუხლის მიხედვით, „ადვოკატმა კლიენტს მასთან შეთანხმებული წესით უნდა მიაწოდოს ინფორმაცია მასზე მინდობილი საქმის მსვლელობისა და საქმის წამოების მოსალოდნელი ხარჯების შესახებ“), რაც კერძოსამართლებრივი გარიგების მონაწილე კონტაჰენტთა იმთავითვე პრეზუმირებული კეთილსინდისიერების პრინციპიდან გამომდინარეობს (სსკ-ის მე-8.3 მუხლი). საადვოკატო მომსახურების ჰონორარის (გასამრჯელოს) ოდენობის შესახებ რაიმე მოწესრიგებას “ადვოკატთა შესახებ” საქართველოს კანონი ან ადვოკატთა პროფესიული ეთიკის კოდექსი არ შეიცავს. მაგალითად, ევროგაერთიანების ადვოკატთა (CCBE) ქცევის მოდელური კოდექსი, რომელიც სახელმძღვანელოა ევროგაერთიანებისა და ევროპის ეკონომიკური სივრცის ადვოკატთათვის, აწესრიგებს ჰონორარის საკითხს, კერძოდ, 3.4 პუნქტით დადგენილია, რომ 3.4.1. ადვოკატის მიერ მოთხოვნილი ჰონორარი სრულად უნდა გაუმჟღავნდეს კლიენტს და უნდა იყოს სამართლიანი და ზომიერი. 3.4.2. ადვოკატსა და კლიენტს შორის სხვაგვარი შეთანხმების არსებობის გარდა, ადვოკატის მიერ მოთხოვნილი ჰონორარი ექვემდებარება რეგულირებას იმ ადვოკატურისა თუ იურიდიული საზოგადოების წესების შესაბამისად, რომელსაც ადვოკატი მიეკუთვნება. საკასაციო სასამართლო ისევ ევროგაერთიანების ადვოკატთა ქცევის კოდექსის 3.3 მუხლს მოიხმობს, რომელიც უკრძალავს ადვოკატს აწარმოოს ე.წ. Pactum Quota de Litis (3.3.1 ქვეპუნქტი), რაც ნიშნავს 3.3.2. შეთანხმებას ადვოკატსა და კლიენტს შორის, რომელიც დადებულია იმ საქმის საბოლოო გადაწყვეტამდე, რომელშიც კლიენტი ერთ-ერთ მხარეს წარმოადგენს და რომლის საფუძველზე კლიენტი იღებს ვალდებულებას ადვოკატს გადასცეს წილი საქმის შედეგიდან, მიუხედავად იმისა, თუ წილი თანხას ან სხვა სარგებელს წარმოადგენს, რომელსაც კლიენტი საქმის გადაწყვეტისას მიიღებს. Pactum Quota de Litis არ მოიცავს შეთანხმებას, რომლის თანახმად, ჰონორარი გამოიანგარიშება ადვოკატის მიერ აღებული საქმის ღირებულების საფუძველზე, ოფიციალურად დამტკიცებული ჰონორარების სისტემის ან ადვოკატზე იურისდიქციის მქონე კომპეტენტური ორგანოს კონტროლის ქვეშ (http://www.ccbe.eu/NTCdocument/EN_CCBE_CoCpdf1_1382973057.pdf) (შეადრ: სუსგ Nას-1161-1116-2016, 12.10.2017წელი; Nას-1117-2020, 25.03.2021წელი)
30. მიუხედავად იმისა, რომ საქართველოში არ არის საკანონმდებლო წესით მოწესრიგებული ადვოკატის მიერ ჰონორარის გამოანგარიშების საკითხი, სასამართლომ მხარეთა შორის დადებული ხელშეკრულების, ანუ მხარეთა მიერ გამოვლენილი ნების გონივრულობისა და გასამრჯელოს სამართლიანობის შეფასების გზით უნდა იმსჯელოს. საადვოკატო მომსახურების გაწევისას მოქმედებს მყარი პრეზუმფცია, რომ ადვოკატი უსასყიდლოდ არ გასწევს მომსახურებას და მას ეკუთვნის ის გასამრჯელო (ჰონორარი), რაც მხარეთა შორისაა შეთანხემბული.
31. მოცემულ შემთხვევაში, საკასაციო სასამართლოს მიერ სრულადაა გაზიარებული წინამდებარე განჩინების 9.25 პუნქტში სააპელაციო სასამართლოს მიერ განვითარებული მსჯელობა, რომ „ადვოკატის მიერ, გამოძიების ორგანოსა და ორი ინსტანციის სასამართლოში, ორი პირის მიმართ გაწეული საადვოკატო მომსახურების, მის მიერ ფაქტობრივად შესრულებული სამუშაოს, დახარჯული დროის, ასევე, მიღწეული სამართლებრივი შედეგის გათვალისწინებით საადვოკატო მომსახურებისათვის გადახდილი გასამრჯელო 4000 ლარის ოდენობით მართებული, გონივრული და მიღებული მომსახურების შესატყვისია. შესაბამისად, მოსარჩელეების მიერ გასამრჯელოს სახით გადახდილი 6000 ლარიდან 2000 ლარის უკან დაბრუნება პროპორციული და სამართლიანია“.
32. საკასაციო საჩივრის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს არც სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების აუცილებლობის თვალსაზრისითაც.
33. ზემოხსენებული მსჯელობიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ ქვემდგომმა სასამართლომ გამოიკვლია და შეაფასა საქმისათვის სამართლებრივად მნიშვნელოვანი ყველა გარემოება და დადგენილ ფაქტებს მართებული იურიდიული კვალიფიკაცია მიანიჭა. კასატორს არ წარუდგენია დასაბუთებული შედავება, რა საფუძვლით უნდა იქნეს დასაშვებად ცნობილი წარმოდგენილი საკასაციო განაცხადი. შესაბამისად, არ არსებობს პირველი მოსარჩელის საკასაციო საჩივრის არსებითად განსახილველად დასაშვებად ცნობის სამართლებრივი საფუძველი.
34. სსსკ-ის 401-ე მუხლის მე-4 პუნქტის საფუძველზე, თუ საკასაციო საჩივარი დაუშვებლად იქნება ცნობილი, პირს დაუბრუნდება, მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 70 პროცენტი.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 284-ე, 285-ე, 391-ე, 401-ე, 408.3-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. ა.შ–ძის საკასაციო საჩივარი, როგორც დაუშვებელი, დარჩეს განუხილველად;
2. ა.შ–ძეს (პ/ნ ......) სახელმწიფო ბიუჯეტიდან (ქ.თბილისი, „სახელმწიფო ხაზინა“, ბანკის კოდი TRESGE22, მიმღების ანგარიშის №200122900, სახაზინო კოდი 300773150) დაუბრუნდეს საკასაციო საჩივარზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 300 ლარის (საგადახდო დავალება N10255035720, გადახდის თარიღი 2020 წლის 21 დეკემბერი), 70% – 210 ლარი;
3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე ე. გასიტაშვილი
მოსამართლეები: ზ. ძლიერიშვილი
ბ. ალავიძე