საქმე №ას-1038-2020 5 თებერვალი, 2021 წელი,
ქ. თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატა
შემადგენლობა:
ეკატერინე გასიტაშვილი (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
მოსამართლეები: ზურაბ ძლიერიშვილი,
ბესარიონ ალავიძე
საქმის განხილვის ფორმა _ ზეპირი განხილვის გარეშე
კასატორი - სს "თ–ი" (მოსარჩელე, შეგებებული სარჩელის მოპასუხე)
მოწინააღმდეგე მხარე – სს "ქ.ფ–ი" (მოპასუხე, შეგებებული სარჩელით მოსარჩელე)
შეგებებული საკასაციო საჩივრის ავტორი – სს "ქ.ფ–ი" (მოპასუხე, შეგებებული სარჩელის მოსარჩელე)
მოწინააღმდეგე მხარე – სს "თ–ი" (მოსარჩელე, შეგებებული სარჩელით მოპასუხე)
გასაჩივრებული გადაწყვეტილება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2020 წლის 12 მარტის გადაწყვეტილება
კასატორის მოთხოვნა - გასაჩივრებული გადაწყვეტილების ნაწილობრივ გაუქმება და, ახალი გადაწყვეტილების მიღებით, შეგებებული სარჩელის დამაყოფილებაზე უარის თქმა
შეგებებული საკასაციო საჩივრის ავტორის მოთხოვნა – გასაჩივრებული გადაწყვეტილების ნაწილობრივ გაუქმება, ახალი გადაწყვეტილების მიღებით შეგებებული სარჩელის დაკმაყოფილება და სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა
დავის საგანი – თანხის დაკისრება
საკითხი, რომელზედაც მიღებულია განჩინება - საკასაციო საჩივრების დაუშვებლად ცნობა
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
1. სს „ქ.ფ–ი“ (შემდეგში: მოპასუხე, შეგებებული სარჩელით მოსარჩელე, კომპანია, მესაკუთრე ან შეგებებული საკასაციო საჩივრის ავტორი) არის სს „თ–ის“ (შემდეგში: მოსარჩელე, შეგებებული სარჩელით მოპასუხე, აპელანტი ან კასატორი) აბონენტი.
2. კომპანიის მფლობელობაშია თბილისი, ........... განთავსებული მაღალი ძაბვის ტრანსფორმატორი.
3. მოსარჩელე კომპანიის (მესაკუთრის) საკუთრებაში არსებული მაღალი ძაბვის ტრანსფორმატორის მეშვეობით ელექტროენერგიას აწვდის თავის აბონენტებს.
4. მოპასუხე (მესაკუთრე) მაღალი ძაბვის ტრანსფორმატორს საკუთარი მიზნებისა და ინტერესებისათვის არ იყენებს.
5. მოპასუხის (მესაკუთრის) დავალიანება მოსარჩელის (შეგებებული სარჩელით მოპასუხის) მიმართ ტრანსფორმატორის ფუნქციონირებისათვის გამოყენებული ელექტროენერგიის საფასურია.
6. სასარჩელო მოთხოვნა
6.1 მოსარჩელემ 2016 წლის 1 სექტემბერს სარჩელი აღძრა მოპასუხის წინააღმდეგ, ხოლო დაზუსტებული სარჩელით 2018 წლის 27 აპრილს, მოითხოვა მოხმარებული ელექტროენერგიის ღირებულების გადაუხდელობით დაგროვილი დავალიანების 36 688.41 ლარის დაკისრება მოპასუხისათვის (იხ. დაზუსტებული სარჩელი- ტ.1, ს.ფ. 217-227).
7. მოპასუხის შესაგებელი მოსარჩელის ძირითად სარჩელზე
7.1.მოპასუხემ (მესაკუთრემ) წერილობით წარდგენილი შესაგებლით თავდაპირველი სარჩელი არ ცნო და განმარტა, რომ მოსარჩელე მოპასუხის საკუთრებაში რიცხულ მაღალი ძაბვის ტრანსფორმატორის ექსპლუატაციის საფუძველზე ელექტროენერგიას მოპასუხის ქვეაბონენტებს აწვდის, რომლებიც იმავდროულად მოსარჩელის აბონენტები არიან. მოპასუხე კომპანია მის საკუთრებაში რიცხული მაღალი ძაბვის ტრანსფორმატორების ექსპლუატაციით რაიმე სარგებელს არ იღებს. წლების განმავლობაში ტრანსფორმატორების ექსპლუატაციით სარგებელს მხოლოდ მოსარჩელე იღებს. დავალიანება კი მაღალი ძაბვის ტრანსფორმატორების ექსპლუატაციის შედეგადაა წარმოშობილი.
8. შეგებებული სასარჩელო მოთხოვნა
8.1. კომპანიამ (მესაკუთრემ) შეგებებული სარჩელი აღძრა (იხ. დაზუსტებული შეგებებული სარჩელი - ტ. 1, ს.ფ. 63-80) მოპასუხის (თავდაპირველი მოსაჩელის) წინააღმდეგ და, კომპანიის სასარგებლოდ, მოითხოვა:
8.1.1. ელექტროენერგიის გატარების მომსახურების საფასურის 0.5 თეთრის, 2482 626 კვტ.სთ-ზე გადაანგარიშებით სულ 12 413.13 ლარის დაკისრება შეგებებული სარჩელის მოპასუხისათვის.
8.1.2. შეგებებული სარჩელის მოპასუხის მომსახურებისთვის შეგებებული მოსარჩელის მიერ გაწეული საიჯარო დანახარჯებისა და ტრანსფორმატორის შეკეთებისთვის გაწეული ხარჯის 15 620 ლარის დაკისრება;
8.1.3. დაევალოს მოპასუხეს მისი აბონენტებისათვის შეგებებული მოსარჩელისგან (მესაკუთრისგან) დამოუკიდებლად ელექტროენერგიის მიწოდება.
9. მოსარჩელის შესაგებელი შეგებებულ სარჩელთან დაკავშირებით
9.1. შეგებებული სარჩელით მოპასუხემ წარდგენილი შესაგებლით სარჩელი არ ცნო და მიუთითა, რომ კომპანია მოსარჩელის აბონენტია და მისი ვალდებულებაა გადაიხადოს მოხმარებული ელექტროენერგიის საფასური.
10. თბილისის საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება და დასკვნები
10.1 თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2019 წლის 11 ივლისის გადაწყვეტილებით:
10.1.1. მოსარჩელის თავდაპირველი სარჩელი არ დაკმაყოფილდა.
10.1.2. მოპასუხის (მესაკუთრის) შეგებებული სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა და შეგებებული სარჩელის მოპასუხეს მოსარჩელის სასარგებლოდ ელექტროენერგიის გატარების მომსახურების საფასურის - 12 413.13 ლარის, საიჯარო დანახარჯებისა და ტრანსფორმატორის შეკეთებისთვის გაწეული ხარჯის - 15 620 ლარის ანაზღაურება დაეკისრა. სასარჩელო მოთხოვნა მოსარჩელისგან (მესაკუთრისგან) დამოუკიდებლად მოპასუხის აბონენტებისათვის ელექტროენერგიის მიწოდების დავალდებულების თაობაზე, არ დაკმაყოფილდა.
10.2 სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო კოდექსის (შემდეგში: სსკ) 180-ე, 361-ე, 477-ე მუხლებით და საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის 2013 წლის 30 დეკემბრის №15 დადგენილებით.
10.3 საქალაქო სასამართლომ თავდაპირველი სარჩელის უარყოფის მიზნით, განსახილველი დავის ფარგლებში დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებზე (იხ. წინამდებარე განჩინების 3-4 ქვეპუნქტები) მიუთითა და მიიჩნია, რომ მოპასუხე (მესაკუთრე) თავდაპირველი მოსარჩელის სასარჩელო მოთხოვნის ადრესატი ვერ იქნებოდა. ამასთან, დადგინდა, რომ დავალიანება მხოლოდ მაღალი ძაბვის ტრანსფორმატორის ფუნქციონირების შედეგადაა წარმოშობილი. სასამართლოს შეფასებით, თავდაპირველი სარჩელის მოპასუხე კომპანიისათვის დავალიანების დაკისრების ფაქტობრივ-სამართლებრივი წინაპირობები არ არსებობდა.
10.4 სასამართლომ შეგებებული სასარჩელო მოთხოვნების (ელექტროენერგიის გატარების მომსახურების საფასურის და ტრანსპორმატორის შეკეთებისთვის გაწეული ხარჯების) დასაბუთებულობაზე მიუთითა და ყურადღება გაამახვილა საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის 2013 წლის 30 დეკემბრის №15 დადგენილებაზე, რომელიც ელექტროენერგიის გატარებისთვის შესაბამისი საფასურის ანაზღაურების საკითხს არეგულირებს.
10.5 სასამართლომ უდავო გარემოებად მიიჩნია, რომ მოპასუხის (მესაკუთრის) საკუთრებაშია მაღალი ძაბვის ტრანსფორმატორი, რომლითაც მოსარჩელის აბონენტებისათვის ელექტროენერგიის მიწოდება ხორციელდება. შესაბამისად, მოდავე მხარეებს შორის შეგებებული სარჩელით მოსარჩელის კუთვნილი მაღალი ძაბვის ელექტროხაზებით ელექტროენერგიის გატარების მომსახურების ვალდებულებითსამართლებრივი ურთიერთობა არსებობს და მესაკუთრეს უფლება აქვს მოითხოვოს შესაბამისი საფასური.
10.6 საქალაქო სასამართლომ აღნიშნა, რომ მოსარჩელის მოთხოვნა მის საკუთრებაში არსებული ელექტროგამანაწილებელი ქსელით სარგებლობისათვის თმენის კომპენსაციის ანაზღაურების თაობაზე, სსკ-ის 180-ე მუხლის პირველი ნაწილიდან, „ელექტროენერგეტიკისა და ბუნებრივი გაზის შესახებ“ საქართველოს კანონის 461 მუხლის მე-4 პუნქტიდან, საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის 2008 წლის 18 სექტემბრის №20 დადგენილებით დამტკიცებული „ელექტროენერგიის (სიმძლავრის) მიწოდებისა და მოხმარების წესების“ მე-15 მუხლიდან და „მესამე პირების მფლობელობაში არსებულ ქსელში ელექტროენერგიის, ბუნებრივი გაზისა და სასმელი წყლის გატარების საფასურის გაანგარიშების წესების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის 2013 წლის 30 დეკემბრის №15 დადგენილებიდან გამომდინაროებს.
10.7 სასამართლომ ზემოაღნიშნულ დადგენილებებსა და საქმის ფაქტობრივ გარემოებებზე მიუთითა და შეგებებული მოსარჩელის (მესაკუთრის) მოთხოვნა 12 413.13 ლარის დაკისრების თაობაზე საფუძვლიანად მიიჩნია.
10.8 სასამართლომ განმარტა, რომ ელექტროენერგიის გატარება თავის თავში ქსელით სარგებლობისათვის გარკვეული სამუშაოების გაწევას მოიცავს, რისი ვალდებულებაც კანონით ამ სამართლებრივ ურთიერთობაში ქსელის არალიცენზიანტ მესაკუთრეს აკისრია. ცხადია, ელექტროენერგიის განაწილება და, შესაბამისად, ელ.ხაზებში გატარება ნორმალურ სამეურნეო საქმიანობად მიიჩნევა, როგორც მიმწოდებლის, ასევე ტრანსფორმატორის მესაკუთრის მხრიდანაც. თავის მხრივ, ელექტროგადამცემი ხაზის ფუნქციური დანიშნულებიდან გამომდინარე, თმენის ვალდებულება უნდა განიმარტოს სწორედ ამ ურთიერთობის მახასიათებელი სპეციფიკიდან. იმ ფაქტობრივი სიტუაციის გათვალისწინებით, რომ ტრანსფორმატორის გამოყენება, გარდა ელექტროენერგიის გატარებისა, სხვა თვალსაზრისით შეუძლებელია.
10.9 საქალაქო სასამართლოს შეფასებით, ზემოაღნიშნული მსჯელობის საფუძველზე მაღალი ძაბვის ტრანსფორმატორის შეკეთებისათვის გაწეული ხარჯები შეგებებული სარჩელის მოპასუხის მიერ უნდა იქნეს ანაზღაურებული, რადგან კომპანიის საკუთრებაში არსებული ტრანსფორმატორი თავდაპირველი მოსარჩელის სასარგებლოდ ფუნქციონირებს.
10.10 საქალაქო სასამართლომ შეგებებული სარჩელის იმ მოთხოვნაზეც იმსჯელა, რომელიც შეგებებული სარჩელის მოპასუხის აბონენტებისათვის მოსარჩელისგან (მესაკუთრისგან) დამოუკიდებლად ელექტროენერგიის მიწოდების დავალდებულებას შეეხება. სასამართლომ აღნიშნა, რომ მხარეებს შორის არსებული ვალდებულებითსამართლებრივ ურთიერთობაში მოსარჩელეს აკისრია თმენის ვალდებულება, რომელიც გამომდინარეობს სსკ-ის 180-ე მუხლიდან, რაც საკუთრების კანონისმიერი ბოჭვის სამართლებრივ მექანიზმს წარმოადგენს. ამ ნორმით გათვალისწინებული ბოჭვის უფლების ამ ხარისხით გამოყენება განპირობებული უნდა იყოს ისეთი ობიექტური ფაქტორებით, რომლის არსებობის შემთხვევაში პრაქტიკულად შეუძლებელია მესაკუთრის მიერ თავის საკუთრებაში არსებული მიწის ნაკვეთის ჯეროვანი გამოყენება მეზობელი მიწის ნაკვეთით სარგებლობის გარეშე.
10.11 სასამართლოს დასკვნით, მესაკუთრე (შეგებებული სარჩელის ავტორი) ვალდებულია, ითმინოს თავდაპირველი მოსარჩელის მიერ კომპანიის საკუთრებაში არსებული ტრანსფორმატორით აბონენტებისათვის ელექტროენერგიის მიწოდება, ვინაიდან პრაქტიკულად შეუძლებელია მათთვის ელექტროენერგიის სხვაგვარად მიწოდება. მაღალი ძაბვის ტრანსფორმატორი იმ უალტერნატივო საშუალებას წარმოადგენს, რომელიც თავდაპირველი მოსარჩელის მიერ უნდა იქნეს გამოყენებული.
11. სააპელაციო საჩივრის საფუძვლები
11.1 თავდაპირველმა მოსარჩელემ (შეგებებული სარჩელით მოპასუხემ) სააპელაციო წესით გაასაჩივრა თბილისის საქალაქო სასამართლოს 2019 წლის 11 ივლისის გადაწყვეტილება. გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და, ახალი გადაწყვეტილების მიღებით, თავდაპირველი სარჩელის დაკმაყოფილება და შეგებებული სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა მოითხოვა.
12. სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება და დასკვნები
12.1 თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2020 წლის 12 მარტის გადაწყვეტილებით თავდაპირველი მოსარჩელის სააპელაციო საჩივარი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა:
12.1.1 გაუქმდა თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2019 წლის 11 ივლისის გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი კომპანიის შეგებებული სარჩელით მოთხოვნილი 12 412.13 ლარის დაკისრების ნაწილში;
12.1.2 მესაკუთრე კომპანის შეგებებული სარჩელი მოპასუხის მიმართ 1 კვტ.სთ-ზე გატარებული ელ.ენერგიაზე გატარების მომსახურების საფასურის, 12 412.13 ლარის გადახდის დაკისრების თაობაზე არ დაკმაყოფილდა.
12.1.3 დანარჩენ ნაწილში თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2019 წლის 11 ივლისის გადაწყვეტილება დარჩა უცვლელად.
12.2 სააპელაციო სასამართლომ მიუთითა ამ განჩინების 1-5 პუნქტებში ასახულ ფაქტობრივ გარემოებებზე და გაიზიარა საქალაქო სასამართლოს შეფასება თავდაპირველი მოსარჩელის (შეგებებული სარჩელით მოპასუხის) დაუსაბუთებლობასთან მიმართებით.
12.3 სააპელაციო სასამართლომ ყურადღება გაამახვილა იმ გარემოებებზე, რომ მესაკუთრეს მნიშვნელოვანი ფინანსური ხარჯების გაწევა უწევს მის საკუთრებაში რიცხული მაღალი ძაბვის ტრანსფორმატორის ექსპლუატაციის შედეგად, რომლის გამოყენებაც მხოლოდ მოპასუხის (თავდაპირველი მოსარჩელის) მიზნების განსახორციელებლად და ამ უკანასკნელის მიერ ფინანსური სარგებლის მისაღებად ხორციელდება. ამასთან, მესაკუთრე კომპანია (შეგებებული სარჩელის ავტორი) ისეთი სახის ბიზნეს საქმიანობას არ ეწევა, რომელიც მის საკუთრებაში არსებული ტრანსფორმატორის ფუნქციონირებას საჭიროებს. მესაკუთრე კომპანია ტრანსფორმატორს არ იყენებს საკუთარი მიზნებისა და ინტერესებისათვის. ელექტროენერგია მიეწოდება მხოლოდ თავდაპირველი მოსარჩელის აბონენტებს. კომპანიის (შეგებებული სარჩელის ავტორის) მხრიდან მომსახურებისთვის გაწეული საიჯარო დანახარჯებისა და ტრანსფორმატორის შეკეთებისთვის გაწეული ხარჯები 15 620 ლარს შეადგენს, რაც მოსარჩელეს სადავოდ არ გაუხდია.
12.4 სააპელაციო სასამართლომ გაიზიარა პირველი ინსტანციის სასამართლოს დასკვნა და სსკ-ის 991-ე მუხლზე „პირი, რომელიც სხვა პირის ხარჯზე უსაფუძვლოდ გამდიდრდა სხვა საშუალებითაც, გარდა იმისა, რაც გათვალისწინებულია ამ თავში, მოვალეა დაუბრუნოს მას მიღებული“ მითითებით საიჯარო დანახარჯის და ტრანსფორმატორის შეკეთებისათვის გაწეული ხარჯების 15 620 ლარის ანაზღაურების ნაწილში კომპანიის შეგებებული სარჩელის საფუძვლიანობის თაობაზე.
12.5 სააპელაციო სასამართლომ არ გაიზიარა საქალაქო სასამართლოს დასკვნა, რომ გამოვლენილი იყო შეგებებული სარჩელის სრულად დაკმაყოფილების წინაპირობები. სასამართლომ შეფასებით, ელექტროენერგიის გატარების საფასურის მოთხოვნის დაკმაყოფილების წინაპირობები არ არსებობს შემდეგ გარემოებათა გამო:
12.6 ,,ენერგეტიკისა და წყალმომარაგების შესახებ“ კანონის 98-ე მუხლის მე-7 პუნქტის თანახმად გადამცემი ან გამანაწილებელი ქსელის ან წყალმომარაგების სისტემის მოწყობილობის მესაკუთრე, რომელიც არ არის სისტემის ოპერატორი ან წყალმომარაგების ლიცენზიატი, საქართველოს სამოქალაქო კოდექსის შესაბამისად, ვალდებულია, ითმინოს მისი მოწყობილობით სარგებლობა მომხმარებლისთვის მომსახურების გაწევის მიზნით. აღნიშნული მოწყობილობის ოპერირებისა და მოვლა - პატრონობის წესი განისაზღვრება ენერგეტიკის კომისიის მიერ დამტკიცებული ნორმატიული ადმინისტრაციულ - სამართლებრივი აქტით.
12.7 სააპელაციო სასამართლომ საკასაციო სასამართლოს გადაწყვეტილებებში არსებულ მსჯელობაზე მიუთითა (იხ. სუსგ-ები №ას-1174-1104-2015, №ას-516-493-2016) და განმარტა, რომ კომპენსაციის ოდენობის დადგენისათვის მნიშვნელოვანია, გაირკვეს ამ შეზღუდვის ფარგლები და ის ინტერესი, რაც მესაკუთრეს ან მფლობელს ექნებოდა შეზღუდვის არარსებობის შემთხვევაში, რა დროსაც მნიშვნელოვანია არა კონკრეტული მესაკუთრის ინტერესის სუბიექტური აღქმა, არამედ შესაბამისი მიწის ნაკვეთის საშუალო მესაკუთრის ინტერესი.
12.8 სააპელაციო სასამართლომ დადგენილ გარემოებად მიიჩნია, რომ მესაკუთრეს (კომპანიას) მითითებული ქონების ფლობის ინტერესი არ გააჩნია. სასამართლოს შეფასებით, ტრანსფორმატორის მოვლას და შეკეთებას მხოლოდ იმიტომ ახორციელებს, რომ მისი უმოქმედობით არ წარმოიშვას მის მიმართ ზიანის მოთხოვნის საფუძველი. შესაბამისად, ასეთი ფაქტობრივი გარემოებების პირობებში სასამართლოს დასკვნით, განსახილველი მოთხოვნის საფუძვლად სსკ-ის 180-ე მუხლის ვერ იქნება გამოყენებული.
12.9 სააპელაციო სასამართლომ, სსკ-ის 180-ე მუხლთან მიმართებით საკასაციო სასამართლოს დადგენილ პრაქტიკაზეც მიუთითა და განმარტა, რომ მხარეების მიერ აუცილებელი ორგანიზაციული საკითები განხორციელებული არ ყოფილა, რომლის შედეგად წინამდებარე დავა სამეზობლო სამართლის სფეროს მიეკუთვნებოდა.
12.10 სააპელაციო სასამართლოს შეფასებით, ვინაიდან სამეზობლო ურთიერთობებში მონაწილეობენ მიწის მესაკუთრე ან მფლობელი საკუთრების უფლების და მფლობელის უფლების არსის გათვალისწინებით, ხოლო შეგებებული სარჩელის ავტორს მოცემული ურთიერთობის არსებობის ინტერესი და თავად ტრანფორმატორის ფლობის ნებაც კი არ გამოუხატავს, მოსარჩელისთვის შესაბამისი რეგულაციით გატარების საფასურის ანაზღაურება ვერ განხორციელდება.
12.11 სააპელაციო სასამართლომ ისიც აღნიშნა, რომ კომპანიას (შეგებებული სარჩელის ავტორს) არ წარუდგენია მითითებული რეგულირების და სასამართლო პრაქტიკის შესაბამისად საექსპერტო ან სპეციალისტის დასკვნა ელექტროენერგიის გატარების ღირებულების ოდენობასთან დაკავშირებით.
13. მხარეთა საკასაციო საჩივრების საფუძვლები
13.1 თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2020 წლის 12 მარტის გადაწყვეტილება საკასაციო წესით გაასაჩივრეს მხარეებმა, მოსარჩელემ (შეგებებული სარჩელით მოპასუხემ) გასაჩივრებული გადაწყვეტილების ნაწილობრივ გაუქმება, ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის დაკმაყოფილება და კომპანიის შეგებებულ სარჩელზე (დაკმაყოფილებულ ნაწილში) უარის თქმა, ხოლო მოპასუხემ (შეგებებული საკასაციო საჩივრის ავტორმა), გასაჩივრებული გადაწყვეტილების ნაწილობრივ გაუქმება და, ახალი გადაწყვეტილების მიღებით, შეგებებული სარჩელის (ელექტროენერგიის გატარების მომსახურების საფასურის ნაწილში) სრულად დაკმაყოფილება მოითხოვეს.
13.2 კასატორის (თავდაპირველი მოსარჩელის) მტკიცებით, მოპასუხეს მუდმივად აწვდის ელექტროენერგიას, რომელიც მრიცხველზე აღირიცხება, თუმცა მოპასუხე დარიცხულ დავალიანებას არ იხდის. დავალიანება არ არის მოხმარებული ელექტროენერგიის გადასახადი. მოპასუხეს (კომპანიას) საკუთრებად ერიცხება მაღალი ძაბვის ტრანსფორმატორი და საბალანსო მრიცხველი. ტრანსფორმატორი ელექტროენერგიით ამარაგებს თავდაპირველი მოსარჩელის აბონენტებს. მაღალი ძაბვის ტრანსფორმატორით გატარებული ელექტროენერგია აღირიცხება კომპანიის სახელზე რეგისტრირებულ სააბონენტო ბარათზე. აღნიშნულ სააბონენტო ბარათზე აღრიცხული ელექტროენერგია არის მაღალი ძაბვის ტრანსფორმატორის მიერ მოხმარებული (უქმი სვლის დანაკარგი) ელექტროენერგიის დანახარჯი, რომელიც აღირიცხება ტრანსფორმატორზე განთავსებულ მრიცხველზე. ელექტროენერგიის დანაკარგები გათვალისწინებულია სემეკის მიერ მიღებული დადგენილებებით და მომხმარებელს ელექტროენერგიის გადასახადი ერიცხება უფრო დაბალი ტარიფით. ამ შემთხვევაში სწორედ ანალოგიურ შემთხვევასთან გვაქვს საქმე. კერძოდ, მაღალი ძაბვის ტრანსფორმატორს ელექტროენერგიის არასრული დატვირთვის პირობებში უქმი სვლის დანაკარგი ჰქონდა, რომელიც აღირიცხებოდა კომპანიის ბალანსზე არსებულ მრიცხველზე, რომლის დაფარვის ვალდებულება მას (თავდაპირველი სარჩელის მოპასუხეს) ეკისრება.
13.3 კასატორის პრეტენზია შეგებებული სარჩელის დაკმაყოფილების გზით მისთვის საიჯარო დანახარჯისა და ტრანსფორმატორის შეკეთებისთვის გაწეული ხარჯის კომპანიის სასარგებლოდ დაკისრებასაც შეეხება.
13.4 კასტორის პრეტენზიით, სააპელაციო სასამართლომ თავისი გადაწყვეტილებით კომპანიას ელექტროენერგიის გატარების მომსახურების საფასურის დაკმაყოფილების ნაწილში შეგებებული სარჩელზე უთხრა უარი, რომელიც სემეკის დადგენილებებით და უზენაესი სასამართლოს პრაქტიკიდან გამომდინარე, მოიცავდა ყველა იმ ხარჯსა და დანახარჯებს, რომელიც მოცემულ შემთხვევაში ელექტროენერგიის სრულყოფილი და შეუფერხებელი მიწოდებისთვის იყო გაწეული. იმ პირობებში, როდესაც კომპანიას უარი ეთქვა ელექტროენერგიის გატარების მომსახურების საფასურის დაკისრებაზე, სააპელაციო სასამართლომ სატრანსფორმატორი ქვესადგურის ხარჯების თაობაზე მოთხოვნა უსაფუძვლოდ დააკმაყოფილა.
13.5 თავის მხრივ, შეგებებული საკასაციო საჩივრის ავტორის (შეგებებული სარჩელით მოსარჩელის) განმარტებით, კომპანია თმენის ვალდებულებიდან გამომდინარე მთელი ამ პერიოდის განმავლობაში ვერ სარგებლობს საკუთარი ქონებით. არსებული სამართლებრივი ბოჭვის ფარგლებში მესაკუთრე ითმენს სატრანსფორმატორო მეურნეობის ექსპლუატაციიდან გამომდინარე ცვეთასა და ქონების ღირებულების შემცირებას.
13.6 შეგებებული საკასაციო საჩივრის ავტორის მტკიცებით, სსკ-ის 180-ე მუხლი მესაკუთრის მხრიდან თმენის ვალდებულებიდან გამომდინარე შესაბამისი და ადეკვატური კომპენსაციის მოთხოვნის უფლებას განსაზღვრავს. საყურადღებოა ისიც, რომ „ელექტროენერგეტიკისა და ბუნებრივი გაზის შესახებ“ საქართველოს კანონის 461-ე მუხლიდან გამომდინარე, არსებული სამართლებრივი ბოჭვის ფარგლებში, კომპანია ვალდებულია უზრუნველყოს სატრანსფორმატორო მეურნეობის ფუნქციონირება და გატარების მომსახურება და იმავდროულად უფლებამოსილია, მოითხოვოს გატარების მომსახურების ან თმენის კომპენსაციის გადახდა.
13.7 კასატორის მტკიცებით, გასაჩივრებული გადაწყვეტილება არ ემყარება იმ ფაქტობრივ გარემოებებსა და მტკიცებულებებს, რომლებიც მნიშვნელოვანია წინამდებარე დავაში გადაწყვეტილების მისაღებად. გადაწყვეტილება არ ემყარება მტკიცებულებებს, რომლებიც სასამართლოს მიერ გამოკვლეული და დადასტურებულია, ასევე არასწორადაა შეფასებული ის გარემოებები, რომლის შესაბამისადაც უნდა მომხდარიყო გადაწყვეტილების მიღება. ელექტროენერგიის გატარების მომსახურების საფასურის ნაწილში, სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება დაუსაბუთებელია.
14. საკასაციო სამართალწარმოების ეტაპი
14.1 საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2020 წლის 28 ნოემბრის განჩინებით თავდაპირველი მოსარჩელის (შეგებებული სარჩელით მოპასუხის) საკასაციო საჩივარი, ხოლო 2020 წლის 21 დეკემბრის განჩინებით მოპასუხის (შეგებებული სარჩელით მოსარჩელის) შეგებებული საკასაციო საჩივარი მიღებულ იქნა წარმოებაში სსსკ-ის 391-ე მუხლის მიხედვით დასაშვებობის წინაპირობების შესამოწმებლად.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლო საქმის შესწავლის, მტკიცებულებათა გაანალიზების, საკასაციო საჩივრების დასაშვებობის იურიდიული დასაბუთებულობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ მოსარჩელის საკასაციო საჩივარი და მოპასუხის (მესაკუთრის) შეგებებული საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს სსსკ-ის 391-ე მუხლის მოთხოვნებს, რის გამოც ისინი დაუშვებელია, შემდეგი არგუმენტაციით:
15. სსსკ-ის 391-ე მუხლის მეხუთე ნაწილის შესაბამისად, საკასაციო საჩივარი ქონებრივ და სხვა არაქონებრივ დავებში დასაშვებია, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს; ზ) გასაჩივრებულია სააპელაციო სასამართლოს მეორე დაუსწრებელი გადაწყვეტილება ან განჩინება დაუსწრებელი გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების თაობაზე. ზემოაღნიშნული ნორმები განსაზღვრავს იმ მოთხოვნებს, რომელთაც საკასაციო საჩივარი უნდა შეიცავდეს და ეფუძნებოდეს.
16. საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივრები არ არის დასაშვები სსსკ-ის 391-ე მუხლით გათვალისწინებული არც ერთი ზემოხსენებული საფუძვლით.
17. საკასაციო საჩივრების განხილვისა და საკასაციო სასამართლოს ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს არც სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების აუცილებლობის თვალსაზრისით.
18. საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ საკასაციო საჩივრები დასაშვებიც რომ ყოფილიყო, მათ არა აქვთ წარმატების პერსპექტივა შემდეგ გარემოებათა გამო:
ა) განსახილველ შემთხვევაში, არ არსებობს სსსკ-ის 391-ე მუხლის მეხუთე ნაწილის "ე" ქვეპუნქტით დადგენილი საკასაციო საჩივრების დასაშვებობის წინაპირობაც, რომლის მიხედვითაც, საკასაციო საჩივარი დასაშვებია, თუ სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმე განხილულია მნიშვნელოვანი საპროცესო დარღვევით, რომელსაც შეეძლო, არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე;
ბ) სსსკ-ის 407.2-ე მუხლის თანახმად, სააპელაციო სასამართლოს მიერ დამტკიცებულად ცნობილი ფაქტობრივი გარემოებები სავალდებულოა საკასაციო სასამართლოსათვის, თუ წამოყენებული არ არის დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია. სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილად ცნობილ ფაქტობრივ გარემოებებთან დაკავშირებით კასატორს ასეთი დასაბუთებული პრეტენზია არ წარმოუდგენია.
19. საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ სააპელაციო სასამართლოს საქმის გადასაწყვეტად სამართლებრივად მნიშვნელოვანი ყველა გარემოება აქვს გამოკვლეული.
20. განსახილველ შემთხვევაში, თავდაპირველი მოსარჩელე მოპასუხისგან (მესაკუთრისგან) მიწოდებული ელექტროენერგიის ღირებულების ანაზღაურებას მოითხოვს. კასატორის (მოსარჩელის) მტკიცებით, კომპანიის მიმართ წარმოშობილი დავალიანება არ არის მოხმარებული ელექტროენერგიის გადასახადი. ის მაღალი ძაბვის ტრანსფორმატორის მეშვეობით მოხმარებული (უქმი სვლის დანაკარგი) ელექტროენერგიის დანახარჯია. უქმი სვლის დანაკარგი კი ტრანსფორმატორზე განთავსებულ მრიცხველზე აღირიცხება, რომლის დაფარვის ვალდებულება თავდაპირველი სარჩელის მოპასუხე კომპანიას ეკისრება.
21. მოცემულ შემთხვევაში, საკასაციო სასამართლო სრულად იზიარებს სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებულ გადაწყვეტილებაში ასახულ მსჯელობასა და დასკვნებს თავდაპირველი სარჩელის უსაფუძვლობასთან მიმართებით (იხ. წინამდებარე განჩინების 10.3-12.2 ქვეპუნქტები) და დამატებით მიუთითებს გასაჩივრებული გადაწყვეტილებით უდავოდ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებაზე, რომლის მიხედვით, მოსარჩელე კომპანიის (მოპასუხის) საკუთრებაში არსებული მაღალი ძაბვის ტრანსფორმატორის მეშვეობით ელექტროენერგიას აწვდის მის აბონენტებს. ძირითადი სარჩელის მოპასუხე კომპანია (მესაკუთრე) მაღალი ძაბვის ტრანსფორმატორს საკუთარი მიზნებისა და ინტერესებისათვის არ იყენებს. ტრანსფორმატორის ფუნქციონირების ერთადერთი მიზანი კასატორის აბონენტებისათვის ელექტროენერგიის მიწოდებაა. შესაბამისად, ლოგიკურია დასკვნა იმის თაობაზე, რომ ყველა ის დანახარჯი, რომელიც წარმოიშობა კომპანიის საკუთრებაში არსებული მაღალი ძაბვის სატრანსფორმატორო მეურნეობის ექსპლუატაციის შედეგად, მათ შორის უქმი სვლის დანაკარგი, გამომდინარეობს მოსარჩელის აბონენტებისათვის ელექტროენერგიის მიწოდების შედეგად. ამრიგად, სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებულ გადაწყვეტილებაში ასახული მსჯელობა, რომ ტრანსფორმატორზე განთავსებულ მრიცხველზე აღრიცხული დავალიანების დაფარვის ვალდებულება კომპანიას არ უნდა დაეკისროს, სავსებით დასაბუთებულია, მართებულია და გაზიარებულია საკასაციო სასამართლოს მიერ.
22. საკასაციო სასამართლო სრულად იზიარებს ქვემდგომი ინსტანციის სასამართლოების შეფასებებს და მიიჩნევს, რომ გასაჩივრებული გადაწყვეტილება (იხ. წინამდებარე განჩინების 10.8-10.9, 12.3-12.4 ქვეპუნქტები) თავდაპირველი მოსარჩელისთვის (შეგებებული სარჩელით მოპასუხისთვის) ტრანსფორმატორის ექსპლუატაციის შედეგად გაწეული ხარჯების 15 620 ლარის მოპასუხე კომპანიის სასარგებლოდ დაკისრების თაობაზე საფუძვლიანია.
23. საკასაციო სასამართლო დასაშვებ და დასაბუთებულ პრეტენზიად ვერ შეაფასებს კასატორის არგუმენტს, რომ იმ პირობებში, როდესაც მესაკუთრეს ელექტროენერგიის გატარების მომსახურების საფასურის დაკისრებაზე ეთქვა უარი, არ არსებობდა ამ უკანასკნელის მიერ ტრანსფორმატორის შეკეთებისათვის გაწეული ხარჯების დაკისრების საფუძველი.
24. შეგებებული სარჩელით მოსარჩელე კომპანია მოპასუხისგან (თავდაპირველი მოსარჩელისაგან) მისი კუთვნილი მაღალი ძაბვის ტრანსფორმატორით სარგებლობისათვის საკომპენსაციო თანხის გადახდას მოითხოვს. შეგებებული საკასაციო საჩივრის მტკიცებით, სსკ-ის 180-ე მუხლი სწორედ თმენის ვალდებულებიდან გამომდინარე შესაბამისი და ადეკვატური კომპენსაციის მოთხოვნის უფლებას განსაზღვრავს მესაკუთრის მხრიდან.
25. საკასაციო სასამართლო არაერთ გადაწყვეტილებაში/განჩინებაში განმარტავს: „სსკ-ის 180-ე მუხლით წესრიგდება სამეზობლო თმენის ვალდებულება, რაც წარმოადგენს საკუთრების კანონისმიერი ბოჭვის სამართლებრივ მექანიზმს. ამ ნორმით გათვალისწინებული ბოჭვის უფლების ამ ხარისხით გამოყენება განპირობებული უნდა იყოს ისეთი ობიექტური ფაქტორებით, რომლის არსებობის შემთხვევაში პრაქტიკულად შეუძლებელია მესაკუთრის მიერ თავის საკუთრებაში არსებული მიწის ნაკვეთის ჯეროვანი გამოყენება, მეზობელი მიწის ნაკვეთით სარგებლობის გარეშე. მიწის ნაკვეთის ჯეროვანი გამოყენება ნიშნავს საჯარო გზებთან, ელექტრო, ნავთობის, გაზისა და წყალმომარაგების ქსელთან აუცილებელი კავშირის არსებობას. ამ შემთხვევაში მნიშვნელოვანია, აღინიშნოს, რომ ამ კავშირის არსებობა არ არის დამოკიდებული სუბიექტური მიზანშეწონილობასა და არჩევანზე, არამედ ობიექტურად არსებულ ისეთ ფაქტობრივ გარემოებებზე, რომლებიც უთითებენ აუცილებელ, უალტერნატივო კავშირზე საჯარო გზებთან და ა.შ.“ (შეად.სუსგ-ები Nას-965-2019, 10.04.2020წ; Nას-1513-2018, 08.02.2019წ; Nას-1901-2018, 22.11.2019წ; Nას-848-848-2018, 11.12.2020 წ).
26. „ელექტროენერგეტიკისა და ბუნებრივი გაზის შესახებ“ საქართველოს კანონის 461 მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, თუ მოთხოვნილი გატარების (მათ შორის, ელექტროენერგიის, ბუნებრივი გაზის ან სასმელი წყლის გატარების) მომსახურება ეხება ისეთ ქსელს, რომელიც არ არის განაწილების ანდა წყალმომარაგების ლიცენზიატის მფლობელობაში, ქსელის მფლობელი, საქართველოს სამოქალაქო კოდექსის თანახმად, ვალდებულია, ჯეროვანი კავშირის უზრუნველყოფის მიზნით, ითმინოს თავისი ქსელით სარგებლობა. ამასთანავე, ქსელის მფლობელი უფლებამოსილია თავისი ქსელით სარგებლობისათვის მოითხოვოს გატარების საფასურის ან თმენის კომპენსაციის გადახდა. ამავე ნორმის მე-5 პუნქტით განსაზღვრულია გატარების საფასურის გაანგარიშების წესი და იგი დგინდება კომისიის დადგენილებით. ამ დანაწესიდან გამომდინარე, შეიძლება დავასკვნათ, რომ მოხმობილი ნორმა წარმოადგენს ზოგად დანაწესს და მიუთითებს ქსელის მფლობელი არალიცენზიანტის ვალდებულებაზე, ითმინოს მისი საკუთრებით სარგებლობა, რაც სასამართლო პრაქტიკის თანახმად, სამოქალაქო კოდექსის 180-ე მუხლით განსაზღვრული უფლების საკანონმდებლო ბოჭვაა, ასევე, დადგენილია, არალიცენზიანტის უფლება, ამ კანონისმიერი ბოჭვისათვის მოითხოვოს საფასური. საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის 2008 წლის 18 სექტემბერი N20 დადგენილებით დამტკიცებული „ელექტროენერგიის (სიმძლავრის) მიწოდებისა და მოხმარების წესების” დამტკიცების შესახებ მე-15 მუხლის პირველი ნაწილის თანახმად პირი, რომელიც არ არის განაწილების ლიცენზიატი, მაგრამ ფლობს ელექტროენერგიის ქსელს, საქართველოს სამოქალაქო კოდექსის თანახმად, ვალდებულია, სხვა მომხმარებელთა ელექტროენერგიით მომარაგების მიზნით, ითმინოს მისი ქსელით სარგებლობა და გაატაროს ელექტროენერგია. ამავე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, ელექტროენერგიის გატარებისა და ქსელით სარგებლობის თმენისათვის კომპენსაცია გაიცემა საქართველოს სამოქალაქო კოდექსით დადგენილი წესის შესაბამისად.
27. სსკ-ის 180-ე მუხლის პირველი ნაწილი, რომლის თანახმად, „თუ მიწის ნაკვეთს არა აქვს ჯეროვანი გამოყენებისათვის აუცილებელი კავშირი საჯარო გზებთან, ელექტრო-, ნავთობის, გაზისა და წყალმომარაგების ქსელთან, მაშინ მესაკუთრეს შეუძლია მეზობელს მოსთხოვოს, რომ მან ითმინოს მისი მიწის ნაკვეთის გამოყენება ამგვარი აუცილებელი კავშირის უზრუნველსაყოფად. იმ მეზობლებს, რომელთა ნაკვეთზეც გადის აუცილებელი გზა ან გაყვანილობა, უნდა მიეცეთ შესაბამისი კომპენსაცია, რომელიც, მხარეთა შეთანხმებით, შეიძლება ერთჯერადი გადახდით გამოიხატოს“ (იხ. სუსგ, საქმე #ას-803-762-2013, 10.10.2014წელი).
28. საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ როგორც სასამართლო პრაქტიკაშია განმარტებული აღნიშნულ ურთიერთობებში უნდა არსებობდეს საშუალო მესაკუთრის ინტერესი და უნდა შეფასდეს სატრანსფორმატორო მეურნეობის ექსპლუატაცია წარმოადგენს თუ არა მესაკუთრის ინტერესს და თმენის ვალდებულების ფარგლებში ელექტროენერგიის გატარების მომსახურების შედეგად მასზე არსებული ზემოქმედების ეკონომიკურად დასაშვები ფარგლები. საკასაციო სასამართლო სრულად იზიარებს სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებულ გადაწყვეტილებაში ასახულ მსჯელობას, რომ, ვინაიდან გამოვლენილი არ არის მესაკუთრის რაიმე სახით დაინტერესება ან კომერციული ინტერესი ტრანსფორმატორის ფლობასთან მიმართებით, არ არსებობს ზემოაღნიშნული რეგულაციით ელექტროენერგიის გატარების საფასურის ანაზღაურების წინაპირობები.
29. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული გადაწყვეტილება კანონიერია, ხოლო საკასაციო საჩივრების დასაშვებობის წინაპირობები არ არსებობს, რაც მათი არსებითად განსახილველად დაუშვებლად ცნობის სამართლებრივი საფუძველია.
30. სსსკ-ის 401-ე მუხლის მე-4 ნაწილის მიხედვით საკასაციო საჩივრის დაუშვებლად ცნობის შემთხვევაში პირს დაუბრუნდება მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 70%.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 284-ე, 285-ე, 391-ე, 401-ე, 408.3-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. სს "თ–ის" საკასაციო საჩივარი, როგორც დაუშვებელი, დარჩეს განუხილველად;
2. სს "ქ.ფ–ის" საკასაციო საჩივარი, როგორც დაუშვებელი, დარჩეს განუხილველად;
3. სს "თ–ს" (ს/კ .......) სახელმწიფო ბიუჯეტიდან (ქ.თბილისი, „სახელმწიფო ხაზინა“, ბანკის კოდი TRESGE22, მიმღების ანგარიშის №200122900, სახაზინო კოდი 300773150) დაუბრუნდეს საკასაციო საჩივარზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 2615,42 ლარის (საგადახდო დავალება N121870, გადახდის თარიღი 2020 წლის 16 ნოემბერი), 70% – 1830,79 ლარი;
4. სს "ქ.ფ–ს" (ს/კ ......) სახელმწიფო ბიუჯეტიდან (ქ.თბილისი, „სახელმწიფო ხაზინა“, ბანკის კოდი TRESGE22, მიმღების ანგარიშის №200122900, სახაზინო კოდი 300773150) დაუბრუნდეს საკასაციო საჩივარზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 620,65 ლარის (საგადახდო დავალება N1607689550, გადახდის თარიღი 2020 წლის 11 დეკემბერი), 70% – 434,45 ლარი;
5. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე ე. გასიტაშვილი
მოსამართლეები: ზ. ძლიერიშვილი
ბ. ალავიძე