№ას-177-2021 28 მაისი, 2021 წელი,
თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატა
მოსამართლე: თამარ ზამბახიძე
საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი განხილვის გარეშე
საკასაციო საჩივრის ავტორი – ი.გ–ძე (მოსარჩელე)
მოწინააღმდეგე მხარე – ვ.გ–ძე (მოპასუხე)
გასაჩივრებული განჩინება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 25.11.2020წ. განჩინება და 11.11.2020წ. საოქმო განჩინებები მტკიცებულებების დართვაზე, გამოთხოვაზე უარის თქმის შესახებ
საკასაციო საჩივრის ავტორის მოთხოვნა – გასაჩივრებული განჩინებების გაუქმება, სარჩელის დაკმაყოფილება
დავის საგანი – ჩუქების ხელშეკრულების გაუქმება
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
1. ი.გ–ძემ (შემდეგში ტექსტში მოხსენიებული, როგორც „მოსარჩელე“, „კასატორი“) წარადგინა სარჩელი ვ.გ–ძის (შემდეგში ტექსტში მოხსენიებული, როგორც „მოპასუხე“) მიმართ და მოითხოვა მოსარჩელესა და მოპასუხეს შორის 08.11.2002წ. დადებული ჩუქების ხელშეკრულების გაუქმება უძრავ ქონებაზე, მდებარე, ქ. გორი, ......, ს.კ. ...... და ნივთის მოსარჩელის სახელზე აღრიცხვა.
2. გორის რაიონული სასამართლოს 12.07.2019წ. გადაწყვეტილებით სარჩელი არ დაკმაყოფილდა (იხ.: გადაწყვეტილება, ტ.2, ს.ფ.343-351). გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა მოსარჩელემ.
3. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 25.11.2020წ. განჩინებით სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა. უცვლელად დარჩა გასაჩივრებული გადაწყვეტილება (იხ.: განჩინება, ტ.3, ს.ფ.91-102). სააპელაციო სასამართლოს განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრა მოსარჩელემ.
4. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 26.02.2021წ. განჩინებით კასატორს დაუდგინდა ხარვეზი საკასაციო საჩივარზე და დაევალა განჩინების ასლის ჩაბარებიდან 10 (ათი) დღის ვადაში საქართველოს უზენაეს სასამართლოში წარმოედგინა ხელმოწერილი საკასაციო საჩივარი და სახელმწიფო ბაჟის - 6000 ლარის ოდენობით გადახდის დამადასტურებელი ქვითრის დედანი. ამავე განჩინებით კასატორს განემარტა, რომ დადგენილ ვადაში ხარვეზის შეუვსებლობის შემთხვევაში საკასაციო საჩივარი განუხილველად დარჩებოდა.
5. 25.03.2021წ. კასატორმა წარმოადგინა ხელმოწერილი საკასაციო საჩივარი დედნის სახით, თუმცა არ წარმოუდგენია სახელმწიფო ბაჟის გადახდის ქვითარი. ამასთან, კასატორმა იშუამდგომლა ხარვეზის შევსების ვადის გაგრძელების თაობაზე.
6. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 05.04.2021წ. განჩინებით კასატორს გაუგრძელდა ხარვეზის შევსების ვადა და დაევალა, განჩინების ასლის ჩაბარებიდან 10 (ათი) დღის ვადაში წარმოედგინა სახელმწიფო ბაჟის 6000 ლარის ოდენობით გადახდის დამადასტურებელი ქვითრის დედანი. ამავე განჩინებით კასატორს განემარტა, რომ დადგენილ ვადაში ხარვეზის შეუვსებლობის შემთხვევაში საკასაციო საჩივარი განუხილველად დარჩებოდა.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ საკასაციო საჩივარი განუხილველად უნდა დარჩეს, შემდეგ გარემოებათა გამო:
7. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის (შემდეგში სსსკ) 396-ე მუხლის მესამე ნაწილის თანახმად, თუ საკასაციო საჩივარი არ უპასუხებს ამ მუხლში ჩამოთვლილ მოთხოვნებს ან სახელმწიფო ბაჟი არ არის გადახდილი, სასამართლო ავალებს საჩივრის შემტან პირს, შეავსოს ხარვეზი, რისთვისაც უნიშნავს მას ვადას. თუ ამ ვადაში ხარვეზი არ იქნება შევსებული, საკასაციო საჩივარი განუხილველი დარჩება. მითითებული ნორმიდან გამომდინარეობს, რომ საკასაციო საჩივრის ხარვეზის არსებობისას სასამართლო საჩივრის ავტორს განუსაზღვრავს ვადას და დაუდგენს იმ საპროცესო მოქმედებებს, რომლებიც აღნიშნული ხარვეზის გამოსწორებისთვის უნდა შესრულდეს. სასამართლოს მიერ დანიშნულ ვადაში ხარვეზის გამოუსწორებლობა საკასაციო საჩივრის განუხილველად დატოვების საფუძველია.
8. დადგენილია, რომ ხარვეზის დადგენის შესახებ საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 05.04.2021წ. განჩინება კასატორის წარმომადგენლებს - დ.მ–ძეს და ა.გ–ს გაეგზავნათ საკასაციო საჩივარში მითითებულ მათი სამუშაო ადგილის მისამართზე და ჩაჰბარდა მათ თანამშრომელს, დ.კ–ს 08.04.2021წ. (იხ.: მინდობილობა, ტ. 1, ს.ფ.186-187; საკასაციო საჩივარი, ტ. 3, ს.ფ.103; უკუგზავნილი, ტ. 3, ს.ფ.140). გზავნილის ჩაბარების შესახებ შეტყობინების ბარათზე ასევე აღნიშნულია გზავნილის მიმღები პირის პირადი ნომერი.
9. სსსკ-ის 59-ე მუხლის პირველი და მე-2 ნაწილის მიხედვით, საპროცესო მოქმედება სრულდება კანონით დადგენილ ან სასამართლოს მიერ განსაზღვრულ ვადაში, ხოლო მე-60 მუხლის მე-2 ნაწილისა და 61-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, წლებით, თვეებით ან დღეებით გამოსათვლელი საპროცესო ვადის დენა იწყება იმ კალენდარული თარიღის ან იმ მოვლენის დადგომის მომდევნო დღიდან, რომლითაც განსაზღვრულია მისი დასაწყისი. საპროცესო მოქმედება, რომლის შესასრულებლადაც დადგენილია ვადა, შეიძლება შესრულდეს ვადის უკანასკნელი დღის ოცდაოთხ საათამდე. სსსკ-ის 61-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, თუ ვადის უკანასკნელი დღე ემთხვევა უქმე და დასვენების დღეს, ვადის დამთავრების დღედ ჩათვლება მისი მომდევნო პირველი სამუშაო დღე.
10. მოცემულ შემთხვევაში, კასატორისთვის ხარვეზის შევსების ათდღიანი ვადის ბოლო დღე იყო 2021 წლის 18 აპრილი - არასამუშაო დღე (კვირა). შესაბამისად, ხარვეზის შევსების ვადა ამოიწურა მომდევნო სამუშაო დღეს - 2021 წლის 19 აპრილს. კასატორს ხარვეზი 2021 წლის 19 აპრილის ჩათვლით უნდა შეევსო. საქმის მასალებით ირკვევა, რომ სასამართლოს მიერ განსაზღვრული ვადის განმავლობაში კასატორს ხარვეზი არ გამოუსწორებია და არც რაიმე შუამდგომლობით მოუმართავს სასამართლოსთვის.
11. სსსკ-ის 63-ე მუხლის თანახმად, საპროცესო მოქმედების შესრულების უფლება გაქარწყლდება კანონით დადგენილი ან სასამართლოს მიერ დანიშნული ვადის გასვლის შემდეგ. მითითებული ნორმებიდან გამომდინარეობს, რომ მხარე ვალდებულია კანონით დადგენილ ვადაში შეასრულოს შესაბამისი საპროცესო მოქმედება, წინააღმდეგ შემთხვევაში, იგი კარგავს ამ საპროცესო მოქმედების შესრულების უფლებას (იხ.: სუსგ საქმეზე №ას- 1266-2020, 17 მარტი, 2021 წელი; №ას-337-2020, 18 სექტემბერი, 2020 წელი; №ას-1460-2019, 10 თებერვალი, 2020 წელი).
12. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, ვინაიდან კასატორმა სასამართლოს მიერ განსაზღვრულ ვადაში არ შეავსო ხარვეზი, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ საკასაციო საჩივარი განუხილველად უნდა დარჩეს.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 396-ე მუხლის მესამე ნაწილით, 63-ე, 284-ე, 285-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. ი.გ–ძის საკასაციო საჩივარი დარჩეს განუხილველად.
2. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.
მოსამართლე: თამარ ზამბახიძე