საქმე №ას-567-2019 13 აპრილი, 2021 წელი,
თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატა
მოსამართლეები: თამარ ზამბახიძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
ზურაბ ძლიერიშვილი,
მირანდა ერემაძე
საქმის განხილვის ფორმა - ზეპირი მოსმენის გარეშე
საკასაციო საჩივრის ავტორი – შპს „გ–ი“ (მოსარჩელე)
მოწინააღმდეგე მხარე - მ.მ–ი (მოპასუხე)
გასაჩივრებული განჩინება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 11.12.2018წ. განჩინება
საკასაციო საჩივრის ავტორის მოთხოვნა – გასაჩივრებული განჩინების გაუქმება, ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილება
დავის საგანი – ზიანის ანაზღაურება
საკითხი, რომელზეც მიღებულია განჩინება - საკასაციო საჩივრის დაუშვებლად ცნობა
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
1. სასარჩელო მოთხოვნა:
შპს „გ–მა“ (შემდეგში ტექსტში მოხსენიებული, როგორც „მოსარჩელე“, „კასატორი“, „გამსესხებელი“) სარჩელი აღძრა სასამართლოში მ.მ–ის (შემდეგში ტექსტში მოხსენიებული, როგორც „მოპასუხე", „მსესხებელი“) მიმართ და მოითხოვა მოპასუხისთვის ზიანის სახით 4366.41 აშშ დოლარის დაკისრება.
2. სარჩელის საფუძვლები:
2.1. 2013 წელს მოსარჩელეს და მოპასუხეს შორის გაფორმდა შვიდი სესხის ხელშეკრულება და მსესხებელზე საერთო ჯამში სესხის სახით გაიცა 7393 აშშ დოლარი, ოქროს ნივთების უზრუნველყოფით. სარგებელი განისაზღვრა თვეში ძირი თანხის 2,5%-ის ოდენობით.
2.2. მოპასუხემ დაარღვია სესხის ხელშეკრულებებით ნაკისრი ვალდებულება და ამით მოსარჩელეს მიაყენა 4366.41 აშშ დოლარის ოდენობით ზიანი.
2.3. ასევე აღსანიშნავია, რომ მოპასუხემ ისარგებლა მოსარჩელის კუთვნილი ფულადი თანხებით. ფულით, როგორც კაპიტალით სარგებლობის ფაქტი უპირობოდ წარმოშობს მასზე სარგებლის დარიცხვის შესაძლებლობას.
3. მოპასუხის პოზიცია:
3.1. მოპასუხემ სარჩელი არ ცნო და განმარტა, რომ მოსარჩელემ ვერ დაასაბუთა, კონკრეტულად რა ფაქტობრივი საფუძვლებიდან გამომდინარე ითხოვს ზიანის ანაზღაურებას და რა პერიოდზე გაანგარიშებით.
3.2. მხარეთა შორის წარმოებული დავა დასრულდა გადაწყვეტილებით, რომლითაც განისაზღვრა გამსესხებლის მიმართ მსესხებლის ვალდებულების ოდენობა. გამსესხებელი ხელს უშლიდა მსესხებელს ვალდებულების შესრულებაში, არ იღებდა თანხას, რის გამოც იგი იძულებული გახდა თანხა განეთავსებინა ნოტარიუსის სადეპოზიტო ანგარიშზე.
პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი და საფუძველი:
4. თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 13.09.2017წ. გადაწყვეტილებით სარჩელი არ დაკმაყოფილდა შემდეგ გარემოებათა გამო:
4.1. 2013 წელს მოსარჩელეს და მოპასუხეს შორის გაფორმდა შვიდი სესხის ხელშეკრულება და მსესხებელზე საერთო ჯამში სესხის სახით გაიცა 7393 აშშ დოლარი, ოქროს ნივთების უზრუნველყოფით. სესხის ვადა შეადგენდა ერთ თვეს და სარგებელი განისაზღვრა ძირი თანხის 2,5%-ის ოდენობით.
4.2. თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 18.03.2016წ. გადაწყვეტილებით მსესხებლის ვალდებულება შვიდივე ხელშეკრულებიდან გამომდინარე განისაზღვრა 4581.65 აშშ დოლარით. სასამართლომ გაიზიარა მოსარჩელის (მსესხებლის) პოზიცია, რომ ხელშეკრულების ვადა არ გაგრძელდა და გადახდილი თანხებით დაიფარა არა მომდევნო თვეების პროცენტი, არამედ სახელშეკრულებო პროცენტი სრულად და ძირის ნაწილი.
4.3. მსესხებელი სასამართლოს მიერ დავალიანების თანხის განსაზღვრის შემდეგ ცდილობდა ვალდებულების შესრულებას, მიმართავდა პოლიციას დახმარებისათვის, ბოლოს კი თანხა განათავსა ნოტარიუსის სადეპოზიტო ანგარიშზე, რის შესახებაც ნოტარიუსის 01.09.2016წ. მიმართვით ეცნობა გამსესხებელს. სასამართლომ მიუთითა საქართველოს სამოქალაქო კოდექსის (შემდეგში სსკ) 394-ე, 408-ე, 411-ე, 412-ე მუხლებზე და მიიჩნია, რომ არ არსებობდა მოპასუხისათვის ზიანის ანაზღაურების დაკისრების საფუძველი.
გადაწყვეტილება სააპელაციო საჩივრით გაასაჩივრა მოსარჩელემ.
სააპელაციო სასამართლოს განჩინების სარეზოლუციო ნაწილი:
5. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 11.12.2018წ. განჩინებით სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა და უცვლელად დარჩა გასაჩივრებული გადაწყვეტილება. სააპელაციო სასამართლო სრულად დაეთანხმა პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს და მათ სამართლებრივ შეფასებებს.
საკასაციო საჩივარი აგებულია შემდეგ მოსაზრებებსა და სავარაუდო დარღვევებზე:
6. სააპელაციო სასამართლოს განჩინებაზე მოსარჩელემ შეიტანა საკასაციო საჩივარი და მოითხოვა მისი გაუქმება, ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილება, შემდეგი საფუძვლებით:
6.1. სასამართლომ არასწორად განმარტა სსკ-ის 411-ე მუხლი და უგულებელყო საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიერ დამკვიდრებული პრაქტიკა. მოსარჩელე გასცემს სესხს და იღებს შემოსავალს. არსებობს პრეზუმფცია, რომ ხელშეკრულებიდან გამომდინარე ვალდებულების შეუსრულებლობის შემთხვევაში იგი ვერ იღებს იმ შემოსავალს, რომელიც უნდა მიეღო, რაც თავისთავად წარმოადგენს ზიანს. მსესხებელმა თანხა დეპოზიტზე განათავსა 01.09.2016წ.. შესაბამისად, დადგენილია, რომ მან დაარღვია სესხის ვადაში დაბრუნების ვალდებულება.
6.2. დაუსაბუთებელია მსჯელობა, თითქოს კასატორი მსესხებელს ხელს უშლიდა ვალდებულების შესრულებაში.
7. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის მიერ საკასაციო საჩივარი მიღებულ იქნა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის (შემდეგში სსსკ) 391-ე მუხლის მიხედვით დასაშვებობის შესამოწმებლად.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს სსსკ-ის 391-ე მუხლის მოთხოვნებს, რის გამოც ის დაუშვებელია:
8. სსსკ-ის 391-ე მუხლის მეხუთე ნაწილის შესაბამისად, საკასაციო საჩივარი ქონებრივ ან არაქონებრივ დავაზე დასაშვებია, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს; ზ) გასაჩივრებულია სააპელაციო სასამართლოს მეორე დაუსწრებელი გადაწყვეტილება ან განჩინება დაუსწრებელი გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების თაობაზე. საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სსსკ-ის 391-ე მუხლით გათვალისწინებული არცერთი საფუძვლით.
9. სსსკ-ის 407-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, სააპელაციო სასამართლოს მიერ დამტკიცებულად ცნობილი ფაქტობრივი გარემოებები სავალდებულოა საკასაციო სასამართლოსათვის, თუ წამოყენებული არ არის დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია (შედავება). დასაბუთებული პრეტენზია გულისხმობს მითითებას იმ პროცესუალურ დარღვევებზე, რომლებიც დაშვებული იყო სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვის დროს და რამაც განაპირობა ფაქტობრივი გარემოებების არასწორად შეფასება-დადგენა, მატერიალურსამართლებრივი ნორმის არასწორად გამოყენება ან/და განმარტება. კასატორს, სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებთან მიმართებით, არ წარმოუდგენია დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია (შედავება).
10. მოსარჩელის მოთხოვნა ზიანის ანაზღაურების მოთხოვნის თაობაზე დამყარებულია სახელშეკრულებო ვალდებულებათა დარღვევაზე. ამდენად, სარჩელის დაკმაყოფილებისათვის, პირველ რიგში, უნდა გაირკვეს ზიანის ანაზღაურებისათვის სსკ-ით დადგენილი წინაპირობების არსებობა. სახელშეკრულებო ვალდებულების დარღვევით გამოწვეული ზიანის ანაზღაურების წინაპირობებია: ვალდებულების ბრალეული დარღვევა, ზიანი, მიზეზობრივი კავშირი ვალდებულების დარღვევასა და ზიანს შორის. დასახელებული შემადგენლობიდან რომელიმე ელემენტის არარსებობა გამორიცხავს იმ სამართლებრივი შედეგის დადგომას, რომლის მიღწევაც მოსარჩელეს სურს (იხ.: სუსგ №ას-1780-1758-2011, 22.01.2013წ.; №ას-1741-2019, 28.07.2020წ ).
11. სსკ-ის 394-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, მოვალის მიერ ვალდებულების დარღვევისას კრედიტორს შეუძლია მოითხოვოს ამით გამოწვეული ზიანის ანაზღაურება. ეს წესი არ მოქმედებს მაშინ, როცა მოვალეს არ ეკისრება პასუხისმგებლობა ვალდებულების დარღვევისათვის (შდრ. სუსგ №ას-344-2019, 12.02.2021წ.; №ას-1312-2020, 17.02.2021წ.; №ას-1741-2019, 28.07.2020წ).
12. იმავე მხარეებს შორის დავაზე კანონიერ ძალაში შესული 18.03.2016წ. გადაწყვეტილებით მსესხებლის ვალდებულება შვიდივე ხელშეკრულებიდან გამომდინარე განისაზღვრა 4581.65 აშშ დოლარით (ტ.1, ს.ფ. 95-108). ასევე, ქვემდგომი ინსტანციის სასამართლოების მიერ საქმის მასალების (ტ.1, ს.ფ.156, 157, 160, 112, 163-165) საფუძველზე დადგენილია და წარმოდგენილი არ არის დასაშვები, დასაბუთებული პრეტენზია (შედავება), რომ მსესხებელი უშედეგოდ ცდილობდა სასესხო ვალდებულების სასამართლოს მიერ განსაზღვრული ოდენობით შესრულებას და დაგირავებული ძვირფასეულობის დაბრუნებას, რაზეც გამსესხებელი არ იყო თანახმა და მსესხებელმა თანხა საბოლოოდ განათავსა ნოტარიუსის სადეპოზიტო ანგარიშზე. ამდენად, დადგენილია ვალდებულების შესრულების ვადის გადაცილება გამსესხებლის და არა მსესხებლის ბრალეულობით, რის გამოც არ არსებობს მოპასუხისათვის ზიანის ანაზღაურების დაკისრების საფუძველი.
13. სსსკ-ის მე-4 მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სამართალწარმოება მიმდინარეობს შეჯიბრებითობის საფუძველზე. მხარეები სარგებლობენ თანაბარი უფლებებითა და შესაძლებლობებით, დაასაბუთონ თავიანთი მოთხოვნები, უარყონ ან გააქარწყლონ მეორე მხარის მიერ წამოყენებული მოთხოვნები, მოსაზრებები თუ მტკიცებულებები. მხარეები თვითონვე განსაზღვრავენ, თუ რომელი ფაქტები უნდა დაედოს საფუძვლად მათ მოთხოვნებს ან რომელი მტკიცებულებებით უნდა იქნეს დადასტურებული ეს ფაქტები. ამავე კოდექსის 102-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებანი, რომლებზედაც იგი ამყარებს თავის მოთხოვნებსა და შესაგებელს.
14. დამატებით შეიძლება აღინიშნოს, რომ დეპონირების საფუძველია: ა) შესრულების მიღების დაყოვნება ან ბ) კრედიტორის ადგილსამყოფლის არცოდნა. დეპონირებისათვის შესრულების მიღების დაყოვნება უნდა იყოს რეალური (ლადო ჭანტურია, სსკ-ის კომენტარი, წიგნი III, 2001, მუხ. 434, გვ. 533.). ასეთ შემთხვევებზე უნდა გავრცელდეს სსკ-ის 390-ე-393-ე მუხლების დანაწესები. რეალურია შესრულების მიღების დაყოვნება, თუ კრედიტორის მიერ შესრულების მიღება თავად კრედიტორის მხრიდან ბრალეული გაჭიანურებით ფერხდება (იხ.: გიორგი სვანაძე, სსკ-ის კომენტარი, წიგნი III, 2019 მუხ.434, ველი 8). კრედიტორის მიერ შესრულების მიღების ვადის გადაცილების პერიოდში მოვალე არ არის ვალდებული, გადაიხადოს რაიმე სახის პროცენტი ფულადი ვალდებულებიდან, ანუ იმ თანხას, რომელიც მას უნდა გადაეხადა კრედიტორისათვის, თუმცა კრედიტორის მიზეზით ვერ გადაიხადა, აღარ ერიცხება სარგებელი, იქნება ეს კანონისმიერი თუ ხელშეკრულებით გათვალისწინებული სარგებელი (იხ.: გიორგი ვაშაკიძე, სსკ-ის კომენტარი, წიგნი III, 2019 მუხ.393, ველი 7). იმ შემთხვევაში კი, თუ კრედიტორი ითხოვს მოვალისაგან იმ სარგებელს, რომელიც ამ უკანასკნელმა ვადის გადაცილების პერიოდში ფულადი თანხის გამოყენებით მიიღო (სსკ-ის 393-ე მუხლის "გ" ქვეპუნქტი), კრედიტორმა უნდა დაამტკიცოს ამ სარგებლის არსებობა (იხ.: გიორგი ვაშაკიძე, სსკ-ის კომენტარი, წიგნი III, 2019 მუხ.393, ველი 11).
15. საკასაციო პალატა იზიარებს გასაჩივრებულ განჩინებაში მოცემულ დასკვნას, რომ მოცემულ საქმეზე ზიანის ანაზღაურების მოთხოვნით აღძრულ სარჩელს მართებულად ეთქვა უარი.
16. საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე-6 მუხლის პირველი პარაგრაფი ავალდებულებს სასამართლოს, დაასაბუთოს თავისი გადაწყვეტილება, რაც არ უნდა იქნეს გაგებული თითოეულ არგუმენტზე დეტალური პასუხის გაცემად (იხ. ჯღარკავა საქართველოს წინააღმდეგ, # 7932/03; Van de Hurk v. Netherlands, par.61, Garcia Ruiz v. Spain [GC] par.26; Jahnke and Lenoble v France (dec.); Perez v France [GC], par. 81).
17. საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილების საკასაციო სასამართლოს სტაბილური პრაქტიკისაგან განსხვავების არსებობის საფუძვლით. ასეთ საფუძველზე ვერც კასატორი მიუთითებს. საკასაციო საჩივრის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს არც სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების აუცილებლობის თვალსაზრისით. გასაჩივრებული გადაწყვეტილება კანონიერია, ხოლო საკასაციო საჩივრის დასაშვებობის წინაპირობები არ არსებობს, რაც მისი არსებითად განსახილველად დაუშვებლად ცნობის სამართლებრივი საფუძველია.
18. სსსკ-ის 401.4 მუხლის თანახმად, საკასაციო საჩივრის დაუშვებლად ცნობის შემთხვევაში პირს დაუბრუნდება მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 70 პროცენტი. მოცემულ შემთხვევაში, ვინაიდან საკასაციო საჩივარი დაუშვებელია, ხოლო კასატორს გადახდილი აქვს საკასაციო სამართალწარმოებისათვის განსაზღვრული სახელმწიფო ბაჟი - 589.70 ლარი, მას უნდა დაუბრუნდეს საკასაციო საჩივარზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 70% – 412.79 ლარი.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა სსსკ-ის 391-ე, 401-ე, 284-ე, 285-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. შპს „გ–ის“ საკასაციო საჩივარი, როგორც დაუშვებელი, დარჩეს განუხილველად.
2. შპს „გ–ს“ (ს/ნ ......) უკან დაუბრუნდეს მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის, 589.70 ლარის (საგადასახადო დავალება #1554189184, გადახდის თარიღი 02.04.2019წ.) 70% – 412.79 ლარი, შემდეგი ანგარიშიდან: ქ.თბილისი, „სახელმწიფო ხაზინა“ ბანკის კოდი TRESGE22, მიმღების ანგარიშის №200122900, სახაზინო კოდი 300773150.
3. განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე: თამარ ზამბახიძე
მოსამართლეები: ზურაბ ძლიერიშვილი
მირანდა ერემაძე