საქმე №ას-1494-2020 31 მაისი, 2021 წელი
ქ. თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატა
შემადგენლობა:
ნინო ბაქაქური (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
ზურაბ ძლიერიშვილი, ეკატერინე გასიტაშვილი
საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი განხილვის გარეშე
საკასაციო საჩივრის ავტორი – კ.ხ–ი (მოპასუხე)
მოწინააღმდეგე მხარე – ი.ა–ი (მოსარჩელე)
თავდაპირველი მოპასუხე – ზ.ხ–ი
გასაჩივრებული განჩინება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2020 წლის 19 ოქტომბრის განჩინება
კასატორის მოთხოვნა – გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა
დავის საგანი – უკანონო მფლობელობიდან ნივთის გამოთხოვა
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი
1. ი.ა–მა (შემდგომში - „მოსარჩელე“) სარჩელი აღძრა სასამართლოში ზ.ხ–ისა (შემდგომში - „პირველი მოპასუხე“ ან „მხარდაჭერის მიმღები“) და კ.ხ–ის (შემდგომში - „მეორე მოპასუხე“, „აპელანტი“, „კასატორი“ ან „საკასაციო საჩივრის ავტორი“) (შემდგომში ერთად - „მოპასუხეები“) მიმართ და მოითხოვა მოპასუხეთა უკანონო მფლობელობიდან ქ. რუსთავში, …… მდებარე №33-ე ბინის (ს/კ: ......) (შემდგომში - „სადავო უძრავი ქონება“) გამოთხოვა და გამოთავისუფლებულ მდგომარეობაში მოსარჩელისათვის გადაცემა.
2. მოპასუხეებმა წარდგენილი შესაგებლით სარჩელი არ ცნეს.
3. რუსთავის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 2 ოქტომბრის დაუსწრებელი გადაწყვეტილებით სარჩელი დაკმაყოფილდა. დადგინდა მოპასუხეთა უკანონო მფლობელობიდან სადავო უძრავი ქონების გამოთხოვა.
4. რუსთავის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 2 ოქტომბრის დაუსწრებელ გადაწყვეტილებაზე საჩივარი წარადგინა კ.ხ–მა (შემდგომში - „მხარდამჭერი“) და მოითხოვა დაუსწრებელი გადაწყვეტილების გაუქმება და საქმის არსებითად განხილვა. საჩივარში მითითებულია, რომ პირველი მოპასუხე არის შშმ პირი, აქვს ფსიქიკური ჯანმრთელობის პრობლემები, რის გამოც სასამართლოს გადაწყვეტილებით დანიშნული ჰყავს მხარდამჭერი. პირველი მოპასუხის კანონიერი წარმომადგენელი (მხარდამჭერი) არ ფლობდა ინფორმაციას პროცესის თარიღისა და დროის შესახებ, შესაბამისად, მოპასუხეთათვის უცნობი იყო როგორც სხდომის თარიღი, ისე სხდომაზე გამოუცხადებლობის შედეგები.
5. რუსთავის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2019 წლის 14 თებერვლის განჩინებით საჩივარი დაკმაყოფილდა. გაუქმდა რუსთავის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 2 ოქტომბრის დაუსწრებელი გადაწყვეტილება და განახლდა საქმის განხილვა. დაუსწრებელი გადაწყვეტილების გაუქმების საფუძველი გახდა ის გარემოება, რომ პირველ მოპასუხეს დანიშნული ჰყავდა დროებითი მხარდამჭერი, მათ შორის, სასამართლოსთან ურთიერთობის სფეროში, რომელსაც უწყება სასამართლო სხდომის დანიშვნის შესახებ არ ჩაბარებია.
6. რუსთავის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2019 წლის 10 მაისის განმეორებითი დაუსწრებელი გადაწყვეტილებით სარჩელი დაკმაყოფილდა. დადგინდა მოპასუხეთა უკანონო მფლობელობიდან სადავო უძრავი ქონების გამოთხოვა.
7. რუსთავის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2019 წლის 10 მაისის განმეორებითი დაუსწრებელი გადაწყვეტილება სააპელაციო საჩივრით გაასაჩივრეს მოპასუხეებმა.
8. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2019 წლის 30 ივლისის განჩინებით პირველი მოპასუხის სააპელაციო საჩივარი დარჩა განუხილველი.
9. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2020 წლის 19 ოქტომბრის განჩინებით მეორე მოპასუხის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა. უცვლელი დარჩა რუსთავის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2019 წლის 10 მაისის განმეორებითი დაუსწრებელი გადაწყვეტილება.
10. მეორე მოპასუხის სააპელაციო საჩივართან დაკავშირებით სააპელაციო სასამართლომ მიუთითა, რომ სააპელაციო საჩივრით გასაჩივრებულია რუსთავის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2019 წლის 10 მაისის განმეორებითი დაუსწრებელი გადაწყვეტილება, შესაბამისად, უნდა დადგინდეს არსებობს თუ არა დაუსწრებელი გადაწყვეტილების გაუქმების საფუძველი.
11. სააპელაციო სასამართლოს მითითებით, აპელანტი სადავოდ არ ხდის იმ გარემოებას, რომ იგი 2019 წლის 10 მაისის სასამართლო სხდომის თაობაზე კანონით დადგენილი წესით იყო ინფორმირებული. საქმის მასალებით დასტურდება, რომ 2019 წლის 23 აპრილის სასამართლო სხდომას, რომელიც გადაიდო 2019 წლის 10 მაისს, ესწრებოდნენ მოპასუხეები და პირველი მოპასუხის მხარდამჭერი. აღნიშნული პირები ხელწერილით გაფრთხილდნენ 2019 წლის 10 მაისის სხდომის შესახებ.
12. სააპელაციო პალატამ აღნიშნა, რომ აპელანტი გადაწყვეტილების გაუქმების საფუძვლად უთითებს იმ გარემოებაზე, რომ მას ჰქონდა სასამართლო სხდომაზე გამოუცხადებლობის საპატიო მიზეზი, კერძოდ, მისი ძმა - პირველი მოპასუხე, რომელსაც აქვს ჯანმრთელობის პრობლემები, და მისი მხარდამჭერი იყვნენ ავად, რის გამოც მას მოუწია სოფელში გამგზავრება.
13. სააპელაციო სასამართლომ იხელმძღვანელა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 215-ე და 241-ე მუხლებით და განმარტა დაუსწრებელი გადაწყვეტილების გაუქმების წინაპირობები.
14. სააპელაციო პალატის მითითებით, მეორე მოპასუხემ სასამართლო სხდომაზე გამოუცხადებლობის მიზეზად დაასახელა თავისი ძმისა და მისი მხარდამჭერის ავად ყოფნა, თუმცა აღნიშნულის დამადასტურებელი რაიმე მტკიცებულება მას სასამართლოსთვის არ წარუდგენია. შესაბამისად, სააპელაციო პალატამ მიიჩნია, რომ მეორე მოპასუხემ ვერ დაადასტურა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 241-ე მუხლით გათვალისწინებული, დაუსწრებელი გადაწყვეტილების გაუქმების წინაპირობების არსებობა.
15. სააპელაციო სასამართლომ იხელმძღვანელა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 230-ე მუხლით და აღნიშნა, რომ სასამართლოს სხდომაზე მოპასუხის გამოუცხადებლობის შემთხვევაში სარჩელში მითითებული ფაქტობრივი გარემოებები სასამართლოს მიერ დამტკიცებულად მიიჩნევა. იმისათვის, რომ სარჩელი დაუსწრებელი გადაწყვეტილებით დაკმაყოფილდეს, საკმარისია სარჩელში მითითებული გარემოებები იურიდიულად ამართლებდეს მოთხოვნას.
16. სააპელაციო სასამართლოს მითითებით, მოცემულ შემთხვევაში, დამტკიცებულად არის მიჩნეული, რომ სადავო უძრავი ქონება მოსარჩელის საკუთრებაა, ხოლო მოპასუხეები არამართლზომიერად ფლობენ უძრავ ქონებას. ზემოაღნიშნული ფაქტობრივი გარემოებები კი იურიდიულად ამართლებს სასარჩელო მოთხოვნას მოპასუხეთა უკანონო მფლობელობიდან უძრავი ნივთის გამოთხოვის თაობაზე.
17. სააპელაციო სასამართლომ იხელმძღვანელა სამოქალაქო კოდექსის 168-ე, 170-ე და 172-ე მუხლებით და აღნიშნა, რომ გასაჩივრებული გადაწყვეტილებით მართებულად დაკმაყოფილდა მესაკუთრის სარჩელი და არ არსებობს სააპელაციო საჩივრის დაკმაყოფილების საფუძველი.
18. სააპელაციო სასამართლოს განჩინება საკასაციო საჩივრით გაასაჩივრა მეორე მოპასუხემ.
19. კასატორმა მიუთითა გასაჩივრებული განჩინების გაუქმების შემდეგ საფუძვლებზე:
19.1. სადავო უძრავი ქონება პირველი მოპასუხის საკუთრებას წარმოადგენდა; სააპელაციო სასამართლომ მხედველობაში არ მიიღო ის გარემოება, რომ კასატორის ძმას (პირველ მოპასუხეს) აქვს ფსიქიკური ჯანმრთელობის პრობლემები; კასატორსა და მის მეორე ძმას ერთად უწევთ პირველი მოპასუხის მოვლა, რამაც ხელი შეუშალა სასამართლოში მეორე მოპასუხის გამოცხადებას; საკასაციო საჩივრის ავტორს არ ჰქონდა საშუალება წარმომადგენლის დაქირავებისა და არც საკამრისი ცოდნა საპროცესო მოქმედებების განსახორციელებლად. სასამართლომ კი არ განუმარტა და მიუთითა იურიდიული დახმარების შესახებ საქართველოს კანონზე;
19.2. სააპელაციო სასამართლომ არასწორად გამოიყენა და განმარტა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 241-ე მუხლი. სასამართლოს მეორე მოპასუხისათვის უნდა მიეცა საშუალება წარედგინა გამოუცხადებლობის მიზეზის დამადასტურებელი მტკიცებულებები;
19.3. საქმის მასალებში მოიპოვება იმ გარემოების დამადასტურებელი მტკიცებულება, რომ პირველი მოპასუხე (კასატორის ძმა) არის ფსიქიკურად დაავადებული, რაც ნიშნავს იმას, რომ მისი მდგომარეობა, მოულოდნელად, სხვადასხვა პერიოდში მწვავდება და ესაჭიროება თვალყურის დევნება, ისევე როგორც შესაბამისი მკურნალობა. სწორედ ამის გამო კასატორის ყურადღება მთლიანად კონცენტრირებულია ძმის მოვლაზე, რის გამოც მან ვერ შეძლო პროცესზე გამოცხადება. ასეთ შემთხვევებში, შეუძლებელია ექიმის გამოძახება. პირველი მოპასუხე შესაბამის დაწესებულებაშიც გადიოდა მკურნალობას და მოხდა მისი მხარდამჭერის მიმღებად აღიარებაც;
19.4. სადავო უძრავი ქონება, საიდანაც დადგინდა მოპასუხეთა გამოსახლება, პირველი მოპასუხის საკუთრება იყო. სადავო უძრავი ქონების რეალიზაცია ისე მოხდა, რომ მხარდამჭერის მიმღები აღნიშნულის შესახებ არ ფლობდა ინფორმაციას. საბანკო სესხი ისე გაფორმდა ფსიქიკურად დაავადებულ ადამიანთან, რომ სხვა არავინ იყო საქმის კურსში. მხარდამჭერის მიმღებს 1 248 ლარის გამო გაუყიდეს 0, 25 ჰა მიწის ნაკვეთი და სადავო უძრავი ქონება. შესაბამისად, ეს ყველაფერი არ არის კანონიერი და სარჩელის აღძვრის შემთხვევაში უნდა მოხდეს აუქციონის შედეგების გაბათილება, რაც გამორიცხავს მოპასუხეთა მფლობელობიდან სადავო უძრავი ქონების გამოთხოვას.
20. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2021 წლის 29 იანვრის განჩინებით საკასაციო საჩივარი მიღებულ იქნა წარმოებაში, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მიხედვით, დასაშვებობის შესამოწმებლად.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი
21. საკასაციო სასამართლო საქმის შესწავლისა და საკასაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მოთხოვნებს, რის გამოც მიჩნეულ უნდა იქნეს დაუშვებლად.
22. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მეხუთე ნაწილის შესაბამისად, საკასაციო საჩივარი ქონებრივ და სხვა არაქონებრივ დავაზე დასაშვებია, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს; ზ) გასაჩივრებულია სააპელაციო სასამართლოს მეორე დაუსწრებელი გადაწყვეტილება ან განჩინება დაუსწრებელი გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების თაობაზე.
23. საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლით გათვალისწინებული არცერთი ზემოთ მითითებული საფუძვლით.
24. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 407-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, სააპელაციო სასამართლოს მიერ დამტკიცებულად ცნობილი ფაქტობრივი გარემოებები სავალდებულოა საკასაციო სასამართლოსათვის, თუ წამოყენებული არ არის დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია (შედავება).
25. საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ კასატორს სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებთან მიმართებით არ წარმოუდგენია დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია (შედავება).
26. საკასაციო საჩივრის დასაბუთებულობის შემოწმების მიზნით, საკასაციო სასამართლო პირველ რიგში საჭიროდ მიიჩნევს განმარტოს მოპასუხის პროცესზე გამოუცხადებლობის, სამოქალაქო საპროცესო კანონმდებლობით განსაზღვრული, სამართლებრივი შედეგები.
27. საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ დაუსწრებელი გადაწყვეტილების მიღებისათვის უნდა არსებობდეს 230-ე მუხლის შემადგენლობის ყველა ელემენტი: ა) მოპასუხისათვის საქმის განხილვის შესახებ ინფორმაციის შეტყობინება გონივრულ ვადაში; ბ) მოპასუხის საქმის განხილვაზე გამოუცხადებლობა; გ) გამოუცხადებლობის საპატიო მიზეზის არარსებობა; დ) მოსარჩელის შუამდგომლობა დაუსწრებელი გადაწყვეტილების გამოტანის შესახებ. აღნიშნული საფუძვლების კუმულატიურად არსებობა ქმნის დაუსწრებელი გადაწყვეტილების გამოტანის ფორმალურ წინაპირობას (იხ. სუსგ №ას-152-148-2016, 3 ივნისი, 2016 წელი).
28. სასამართლო ყოველთვის არის ვალდებული, შეამოწმოს, ხომ არ არსებობს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 233-ე მუხლის პირველი ნაწილით განსაზღვრული, დაუსწრებელი გადაწყვეტილების გამოტანის დამაბრკოლებელი გარემოებები, კერძოდ, სახეზე ხომ არ არის შემდეგი: ა) გამოუცხადებელი მხარე მოწვეული არ იყო სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 70-ე–78-ე მუხლებით დადგენილი წესით; ბ) სასამართლოსათვის ცნობილი გახდა, რომ ადგილი ჰქონდა დაუძლეველ ძალას ან სხვა მოვლენებს, რომელსაც (რომლებსაც) შეეძლო ხელი შეეშალა სასამართლოში მხარის დროულად გამოცხადებისათვის; გ) გამოუცხადებელ მხარეს დროულად არ ეცნობა საქმის ფაქტობრივი გარემოებები; დ) არ არსებობს სარჩელის აღძვრის წინაპირობები.
29. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 241-ე მუხლის თანახმად, დაუსწრებელი გადაწყვეტილება უნდა გაუქმდეს და საქმის განხილვა განახლდეს, თუ არსებობს 233-ე მუხლით გათვალისწინებული საფუძვლები, ან თუ მხარის გამოუცხადებლობა გამოწვეული იყო სხვა საპატიო მიზეზით, რომლის შესახებაც მას არ შეეძლო თავის დროზე ეცნობებინა სასამართლოსათვის. ამრიგად, კანონმდებელი ავალდებულებს მხარეს, წინასწარ აცნობოს სასამართლოს სხდომაზე მისი გამოცხადების შეუძლებლობისა და მიზეზის შესახებ, გარდა იმ შემთხვევებისა, როცა ასეთი შეტყობინება სხდომამდე შეუძლებელია. იმ გარემოებათა დამტკიცების ტვირთი, რომლებზეც მიუთითებს მხარე თავის საჩივარში, როგორც გამოუცხადებლობის საპატიო მიზეზზე, ეკისრება მომჩივანს, ხოლო გარემოებათა შეფასება იმ თვალსაზრისით, თუ რამდენად საპატიოა მხარის გამოუცხადებლობა – სასამართლოს უფლებამოსილებაა (იხ. სუსგ №ას-803-803-2018, 27 სექტემბერი, 2018 წელი; №ას-1445-1459-2011, 31 ოქტომბერი, 2011 წელი; №ას-1410-1330-2017, 30 იანვარი, 2018 წელი).
30. მოცემულ შემთხვევაში, საკასაციო სასამართლოს შეფასების საგანს სააპელაციო სასამართლოს მიერ მეორე მოპასუხის მიმართ გამოტანილი განმეორებითი დაუსწრებელი გადაწყვეტილების ძალაში დატოვების მართლზომიერება წარმოადგენს. პრაქტიკაში არ არის გამორიცხული შემთხვევები, როცა მხარე, რომელმაც შეიტანა საჩივარი დაუსწრებელი გადაწყვეტილების გაუქმებისა და საქმის განახლების შესახებ, კვლავ არ გამოცხადდება დანიშნულ დროს იმ სასამართლო სხდომაზე, რომელზეც პირველი დაუსწრებელი გადაწყვეტილების გაუქმების შემდეგ საქმე განიხილება არსებითად. ასეთ შემთხვევაში, სასამართლო გამოიტანს მის მიმართ განმეორებით (მეორე) დაუსწრებელ გადაწყვეტილებას. განმეორებითი დაუსწრებელი გადაწყვეტილება არის გადაწყვეტილება, რომელიც მეორედაა გამოტანილი ერთი და იმავე პირის (მხარე) მიმართ სასამართლო სხდომაზე დაუსწრებლობის გამო (იხ. სუსგ საქმე №ას-953-2020, 2 აპრილი, 2021 წელი).
31. განმეორებითი (მეორე) დაუსწრებელი გადაწყვეტილების გამოტანისათვის საჭიროა შემდეგი წინაპირობების არსებობა: ა) იმავე პირის მიმართ, რომელმაც შეიტანა საჩივარი დაუსწრებელ გადაწყვეტილებაზე, უკვე არსებობს ერთი დაუსწრებელი გადაწყვეტილება; ბ) მიმდინარეობს სასამართლო სხდომა არა საჩივრის დასაშვებობის შემოწმების მიზნით, არამედ ამ საჩივრის საფუძვლიანობის შემოწმების მიზნით, ან სხდომა, რომელზეც დაუსწრებელი გადაწყვეტილების გაუქმების შემდეგ განიხილება საქმე არსებითად; გ) არსებობს დაუსწრებელი გადაწყვეტილების ყველა წინაპირობა ანუ არ არსებობს მისი გამოტანისათვის კანონით გათვალისწინებული, ხელისშემშლელი გარემოებები (სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 233-ე მუხლი).
32. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 242-ე მუხლის მეორე ნაწილის თანახმად, პირველი ინსტანციის სასამართლოს განმეორებით დაუსწრებელ გადაწყვეტილებაზე შეიძლება მხოლოდ სააპელაციო საჩივრის შეტანა. სააპელაციო საჩივარი დასაშვებია მხოლოდ ისეთი დაუსწრებელი გადაწყვეტილების მიმართ, რომელიც გამოტანილია განმეორებით დაუსწრებლობის შემდეგ, რის გამოც იგი აღარ შეიძლება გასაჩივრდეს ამ გადაწყვეტილების გამომტან სასამართლოში. ასეთი გადაწყევტილება შეიძლება გასაჩივრდეს მხოლოდ იმ საფუძვლით, რომ არ არსებობდა განმეორებითი დაუსწრებელი გადაწყვეტილებისათვის შესაბამისი სამართლებრივი წინაპირობები.
33. მოცემულ შემთხვევაში დადგენილია, რომ რუსთავის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიამ 2018 წლის 2 ოქტომბერს მეორე მოპასუხის მიმართ მიიღო დაუსწრებელი გადაწყვეტილება; ასევე დადგენილია, რომ ზემოაღნიშნული გადაწყვეტილების გაუქმების მოთხოვნით მეორე მოპასუხემ წარადგინა საჩივარი, რომელიც რუსთავის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2019 წლის 14 თებერვლის განჩინებით დაკმაყოფილდა, საქმის განხილვა განახლდა; საქმის მასალებით დასტურდება, რომ რუსთავის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2019 წლის 23 აპრილის სხდომას, რომელზეც გამოცხადდა სასამართლოს მთავარი სხდომის თარიღი (2019 წლის 10 მაისი, 16:30 საათი) ესწრებოდა მეორე მოპასუხე; საქმის მასალებში ასევე არსებობს ხელწერილი, რომლითაც დგინდება, რომ მეორე მოპასუხისათვის ცნობილი იყო მთავარი სხდომის თარიღისა და სხდომაზე გამოუცხადებლობის სამართლებრივი შედეგების შესახებ. მიუხედავად ზემოაღნიშნულისა, მოპასუხე სასამართლოს სხდომაზე არ გამოცხადებულა და არც გამოუცხადებლობის შესახებ უცნობებია სასამართლოსთვის. მოსარჩელე მხარემ იშუამდგომლა დაუსწრებელი გადაწყვეტილების მიღების შესახებ.
34. წინამდებარე საქმეში, მეორე მოპასუხე სასამართლოს სხდომაზე გამოუცხადებლობის საპატიო მიზეზად მისი ძმისა (პირველი მოპასუხე) და ამ უკანასკნელის მხარდამჭერის ავად ყოფნას ასახელებს. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 215-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, ამ კანონის მიზნებისათვის, საპატიო მიზეზად ჩაითვლება მხარის მიერ შუამდგომლობისა და განცხადების წარდგენის შეუძლებლობა, რაც გამოწვეულია ავადმყოფობით, ახლო ნათესავის გარდაცვალებით ან სხვა განსაკუთრებული ობიექტური გარემოებით, რომელიც მისგან დამოუკიდებელი მიზეზით შეუძლებელს ხდის სასამართლო პროცესზე გამოცხადებას ან/და შუამდგომლობისა და განცხადების წარდგენას. ამავე კოდექსის 102-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებანი, რომლებზედაც იგი ამყარებს თავის მოთხოვნებსა და შესაგებელს. კანონმდებლის აღნიშნული მითითებები ემყარება მხარეთა თანასწორობის პრინციპს, რადგანაც შეჯიბრებითი სამოქალაქო საპროცესო სამართლის ფარგლებში სასამართლო მხოლოდ მხარის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებების ფარგლებში ადგენს ფაქტებს და ახდენს მათ სამართლებრივ შეფასებას.
35. საკასაციო საჩივარში მითითებულია, რომ საქმის მასალებში მოიპოვება მტკიცებულება კასატორის ძმის (პირველი მოპასუხე) ფსიქიკური ჯანმრთელობის პრობლემების შესახებ. საკასაციო სასამართლო მიუთითებს, რომ ზემოაღნიშნული დოკუმენტი დამოუკიდებლად არ არის საკმარისი იმ გარემოების დასადასტურებლად, რომ სხდომის გამართვის დღეს პირველი მოპასუხე და მისი მხარდამჭერი ავად იყვნენ და მათი ავადმყოფობის გამო მეორე მოპასუხისათვის შეუძლებელი იყო სხდომაზე გამოცხადება. ასევე არ დასტურდება, რომ არსებობდა ისეთი გარემოებები, რომლებიც გამოუცხადებლობის შეუძლებლობასთან ერთად, ასევე შეუძლებელს ხდიდა სასამართლოს ინფორმირებას. შესაბამისად, საკასაციო საჩივრის ავტორმა ვერ გასწია მასზე დაკისრებული მტკიცების ტვირთი, მარტოოდენ მისი ახსნა-განმარტებით სასამართლოზე საპატიო მიზეზით გამოუცხადებლობის ან სასამართლოსათვის შუამდგომლობის ან განცხადების წარდგენის ფაქტის დადგენა კი შეუძლებელია.
36. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, არსებობს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 230-ე მუხლის შემადგენლობის ყველა ელემენტი. ამასთან, არ იკვეთება ხსენებული მუხლის მეორე ნაწილით განსაზღვრული, სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის განმაპირობებელი გარემოება. ასევე აღსანიშნავია, რომ საქმეზე სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 233-ე მუხლით გათვალისწინებული, დაუსწრებელი გადაწყვეტილების გამოტანის დამაბრკოლებელი არცერთი გარემოება არ დადგენილა.
37. საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ სარჩელის დაუსწრებელი გადაწყვეტილების გამოტანის გზით დააკმაყოფილებისთვის, მოსამართლე ვალდებულია გამოარკვიოს, კანონის ძალით დადგენილად მიჩნეული ფაქტობრივი გარემოებები ამართლებს თუ არა იურიდიული თვალსაზრისით მოთხოვნას. მოთხოვნის იურიდიული მართებულობის კვლევა, თავის მხრივ, მოიაზრებს მოსარჩელის მოთხოვნის მარეგულირებელი მატერიალურ-სამართლებრივი ნორმის სწორად განსაზღვრას და იმის უტყუარად დადგენას, სარჩელში მითითებული და კანონის ძალით დადგენილად მიჩნეული გარემოებების სამართლებრივი შეფასება იძლევა თუ არა მოთხოვნის მარეგულირებელი მატერიალური ნორმის შემადგენლობას.
38. საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ დაუსწრებელი გადაწყვეტილების ფარგლებში არ ხდება საქმეში არსებული მტკიცებულებების შეფასება, სასამართლოს მიერ მოწმდება მხოლოდ ფაქტობრივი გარემოებებისა და სასარჩელო მოთხოვნის ურთიერთმიმართება. სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული გადაწყვეტილება შეიცავს მსჯელობას იმის შესახებ, რომ სარჩელში მითითებული ფაქტობრივი გარემოებები იურიდიულად ამართლებდა სასარჩელო მოთხოვნას.
39. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო კასატორის წინამდებარე განჩინების 19.4 პუნქტში მითითებულ პრეტენზიასთან დაკავშირებით აღნიშნავს, რომ განმეორებითი დაუსწრებელი გადაწყვეტილების შეფასებისას სასამართლო მოკლებულია შესაძლებლობას იმსჯელოს მიღებულ გადაწყვეტილებაზე არსებითად, რამდენადაც, როგორც უკვე აღინიშნა, სასამართლო განმეორებითი დაუსწრებელი გადაწყვეტილების მიღებისას არ იხილავს მტკიცებულებებს და არ შედის მათ კვლევაში, არამედ სასამართლოს მსჯელობის საგანია სარჩელის შინაარსიდან გამომდინარე, სარჩელში მითითებული ფაქტები იურიდიულად ამართლებს თუ არა სასარჩელო მოთხოვნას.
40. საკასაციო სასამართლო ყურადღებას გაამახვილებს იმ გარემოებაზე, რომ პირველი ინსტანციის სასამართლომ სამოქალაქო კოდექსის 168-ე, 170-ე-172-ე მუხლებზე დაყრდნობით საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიერ დადგენილი პრაქტიკის შესაბამისად, სწორად შეაფასა დადგენილად მიჩნეულ გარემოებებთან მიმართებით სასარჩელო მოთხოვნის მართებულობა (იხ. სუსგ №ას-1501-2018, 13 ნოემბერი, 2019 წელი; № ას-1610-2018, 13 მაისი, 2019 წელი). შესაბამისად, სახეზეა პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ მიღებული დაუსწრებელი გადაწყვეტილების ძალაში დატოვების სამართლებრივი საფუძველი.
41. საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმე არ არის განხილული საპროცესო დარღვევებით, ვერც კასატორი მიუთითებს რაიმე ისეთ საპროცესო დარღვევაზე, რომელსაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე.
42. საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები არც სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილების საკასაციო სასამართლოს სტაბილური პრაქტიკისგან განსხვავების არსებობის საფუძვლით, ვინაიდან სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული გადაწყვეტილება არ განსხვავდება საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისგან (იხ. სუსგ საქმე №ას-749-749-2018, 23 იანვარი 2019 წელი; საქმე №ას-175-175-2018, 19 ივლისი 2018 წელი). კასატორს აგრეთვე არ წარმოუდგენია დასაბუთებული პოზიცია სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილების ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას ან/და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალთან წინააღმდეგობის საფუძვლით გადაწყვეტილების გაუქმებასთან დაკავშირებით.
43. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო არ არის უფლებამოსილი, დაუშვას წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი, რის გამოც მას უარი უნდა ეთქვას განხილვაზე.
44. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, თუ საკასაციო საჩივარი დაუშვებლად იქნება ცნობილი, პირს დაუბრუნდება მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 70 პროცენტი. ამდენად, საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ კასატორს უნდა დაუბრუნდეს მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის, 150 ლარის 70% - 105 ლარი.
45. რაც შეეხება საკასაციო სასამართლოში კასატორის მიერ წარმოდგენილ მტკიცებულებებს, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ ისინი უნდა დაუბრუნდეს კასატორს, რადგან სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 407-ე მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით, საკასაციო სასამართლო იმსჯელებს მხარის მხოლოდ იმ ახსნა-განმარტებაზე, რომელიც ასახულია სასამართლოთა გადაწყვეტილებებში ან სხდომათა ოქმებში. აღნიშნული ნორმა ადგენს საკასაციო სასამართლოს მიერ ფაქტობრივი გარემოებების შეფასების პროცესუალურ ფარგლებს და მისი შინაარსიდან გამომდინარეობს, რომ საკასაციო სასამართლოში ახალ ფაქტებზე მითითება და ახალი მტკიცებულებების წარმოდგენა არ დაიშვება. შესაბამისად, ახალი მტკიცებულება ვერც სასამართლოს მიერ იქნება გაზიარებული, მიუხედავად იმისა, მხარეს ობიექტურად ჰქონდა თუ არა შესაძლებლობა სასამართლოსათვის მანამდე წარმოედგინა იგი.
46. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 104-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სასამართლო არ მიიღებს, არ გამოითხოვს ან საქმიდან ამოიღებს მტკიცებულებებს, რომლებსაც საქმისათვის მნიშვნელობა არა აქვთ. აღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ კასატორს უნდა დაუბრუნდეს საკასაციო სასამართლოში მის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებები (2017 წლის 12 ოქტომბრის ბრძანება; 2018 წლის 21 მაისის განკარგულება; 2018 წლის 25 ივნისის განკარგულება; 2018 წლის 16 თებერვლის დასკვნა; 2020 წლის 2 დეკემბრის მიმართვები; 2018 წლის 26 თებერვლის დასკვნა; საფოსტო გზავნილის ჩაბარების დასტურები), მთლიანობაში „13“ ფურცლად (ტ. 1, ს.ფ. 308-320);
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე, 401-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა
1. კ.ხ–ის საკასაციო საჩივარი, როგორც დაუშვებელი, დარჩეს განუხილველი;
2. კ.ხ–ს (პ/ნ: ......) დაუბრუნდეს გ.ი–ის (პ/ნ: .....) მიერ 2021 წლის 13 იანვარს №1 საგადასახადო დავალებით გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 150 (ას ორმოცდაათი) ლარის 70% – 105 (ას ხუთი) ლარი შემდეგი ანგარიშიდან: ქ. თბილისი, „სახელმწიფო ხაზინა“ ბანკის კოდი TRESGE22, მიმღების ანგარიშის №200122900, სახაზინო კოდი 3 0077 3150;
3. კ.ხ–ს დაუბრუნდეს საკასაციო სასამართლოში მის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებები (2017 წლის 12 ოქტომბრის ბრძანება; 2018 წლის 21 მაისის განკარგულება; 2018 წლის 25 ივნისის განკარგულება; 2018 წლის 16 თებერვლის დასკვნა; 2020 წლის 2 დეკემბრის მიმართვები; 2018 წლის 26 თებერვლის დასკვნა; საფოსტო გზავნილის ჩაბარების დასტურები), მთლიანობაში „13“ ფურცლად (ტ. 1, ს.ფ. 308-320);
4. ი.ა–ს დაუბრუნდეს საკასაციო სასამართლოში მის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებები (დანიშნულების ფურცელი; დავალიანების ცნობა; დადგენილება დაზარალებულად ცნობის შესახებ), მთლიანობაში „3“ ფურცლად (ტ. 1, ს.ფ. 360-362);
5. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.
თავმჯდომარე ნ. ბაქაქური
მოსამართლეები: ზ. ძლიერიშვილი
ე. გასიტაშვილი