საქმე №ას-488-2021 31 მაისი, 2021 წელი
ქ. თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატა
მოსამართლე: ზურაბ ძლიერიშვილი
საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი განხილვის გარეშე
საკასაციო საჩივრის ავტორი – გ.კ–ა
მოწინააღმდეგე მხარე – გ.კ–ი, ლ.ა–ი
გასაჩივრებული განჩინება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2021 წლის 18 მარტის განჩინება
კასატორის მოთხოვნა – გასაჩივრებული განჩინების გაუქმება
დავის საგანი – სააღსრულებო ფურცელში ცვლილების შეტანა, გადასახდელი თანხის ოდენობის განსაზღვრა
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :
გ.კ–მა სარჩელი აღძრა სასამართლოში მოპასუხეების – გ.კ–ის, ლ.ა–ის და დამოუკიდებელი სასარჩელო მოთხოვნის გარეშე მესამე პირების – ა.ქ–ძისა და გ.კ–ას მიმართ სააღსრულებო ფურცელში ცვლილების შეტანისა და გადასახდელი თანხის ოდენობის განსაზღვრის თაობაზე.
მოპასუხეებმა და მესამე პირებმა სარჩელია არ ცნეს.
გურჯაანის რაიონული სასამართლოს 2019 წლის 12 აპრილის გადაწყვეტილებით გ.კ–ის სარჩელი მოპასუხე გ.კ–ის მიმართ სააღსრულებო ფურცელში ცვლილების შეტანის თაობაზე დაკმაყოფილდა 2016 წლის 24 ოქტომბერს გაცემულ №161224946 სააღსრულებო ფურცელში და დავალიანებულ ძირ თანხაზე - 12 800 აშშ დოლარზე პირგასამტეხლოს ოდენობა ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე ნაცვლად 19.2 აშშ დოლარისა განისაზღვრა 5 აშშ დოლარით (რაც დღეში 0,039%-ს შეადგენს), 2014 წლის 10 ივლისიდან აღსრულებამდე. გ.კ–ის სარჩელი მოპასუხე ლ.ა–ის მიმართ არ დაკმაყოფილდა.
აღნიშნული გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრეს გ.კ–მა, გ.კ–მა და მოითხოვეს მისი გაუქმება.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2021 წლის 18 მარტის განჩინებით გ.კ–ისა და გ.კ–ის სააპელაციო არ დაკმაყოფილდა.
სააპელაციო სასამართლოს განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრა მესამე პირმა გ.კ–ამ და მოითხოვა მისი გაუქმება.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო სასამართლო საქმის მასალების შესწავლის შედეგად მიიჩნევს, რომ გ.კ–ას საკასაციო საჩივარი განუხილველად უნდა დარჩეს შემდეგ გარემოებათა გამო:
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 396-ე მუხლის მე-4 ნაწილის მიხედვით, საკასაციო საჩივრის შემოსვლიდან 10 დღის ვადაში მომხსენებელმა მოსამართლემ უნდა შეამოწმოს, შეტანილია თუ არა საკასაციო საჩივარი ამ კოდექსის 396-ე მუხლის მოთხოვნათა დაცვით. საკასაციო საჩივრის წარმოებაში მიღების ეტაპზე, სხვა საკითხებთან ერთად, საკასაციო პალატა ამოწმებს შეტანილია თუ არა საკასაციო საჩივარი უფლებამოსილი პირის მიერ.
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის პირველი ნაწილი იმპერატიულად ადგენს იმ პირთა წრეს, რომელთაც საპროცესო კანონმდებლობის საფუძველზე უფლება აქვთ სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმეზე მიღებული გადაწყვეტილება (განჩინება) გაასაჩივრონ საკასაციო წესით. დასახელებული ნორმის თანახმად, სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება მხარეებმა და მესამე პირებმა დამუკიდებელი სასარჩელო მოთხოვნით შეიძლება გაასაჩივრონ საკასაციო წესით. გარდა ამისა, საკასაციო საჩივრის შეტანის უფლება უნდა მიეცეთ იმ პირებსაც, რომელთა უფლება-მოვალეობებიც ერთ-ერთი მხარის მიმართ განსაზღვრა სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებამ. ამასთან, ზემოხსენებულ პირებს საკასაციო წესით გადაწყვეტილების გასაჩივრების უფლება აქვთ მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ მათი უფლება-მოვალეობები ერთ-ერთი მხარის მიმართ განსაზღვრულია (დადგენილია) გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილით, ვინაიდან გადაწყვეტილების მხოლოდ სამოტივაციო ნაწილის გასაჩივრება დაუშვებელია (იხ. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2009 წლის 7 სექტემბრის განჩინება, №ას-710-1011-09).
განსახილველ შემთხვევაში დადგენილია, რომ გურჯაანის რაიონული სასამართლოს 2018 წლის 15 მარტის საოქმო განჩინებით გ.კ–ა საქმეში ჩაბმულ იქნა მესამე პირად დამოუკიდებელი მოთხოვნის გარეშე, შესაბამისად, იგი არ წარმოადგენს სსკ-ის 391-ე მუხლით განსაზღვრულ საკასაციო საჩივრის შეტანის უფლების მქონე პირს. ამასთან, აღსანიშნავია, რომ სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინების სარეზოლუციო ნაწილი არ ადგენს გ.კ–ას რაიმე ვალდებულებას ერთ-ერთი მხარის მიმართ. გასაჩივრებას ექვემდებარება გადაწყვეტილება, თუ სადავოა მისი სარეზოლუციო ნაწილით და არა აღწერილობითი ან სამოტივაციო ნაწილით დადგენილი ფაქტი. აქედან გამომდინარე, გ.კ–ა არ წარმოადგენს საკასაციო საჩივრის უფლების სუბიექტს და, შესაბამისად, მისი საკასაციო საჩივარი განუხილველად უნდა დარჩეს.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 396-ე მუხლის მე-3 ნაწილით, 284-ე მუხლით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. გ.კ–ას საკასაციო საჩივარი დარჩეს განუხილველად.
2. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.
მოსამართლე ზურაბ ძლიერიშვილი