საქმე №ას-289-2021 20 მაისი, 2021 წელი
ქ. თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატა
შემადგენლობა:
ზურაბ ძლიერიშვილი (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
ეკატერინე გასიტაშვილი, ბესარიონ ალავიძე
საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი მოსმენის გარეშე
კერძო საჩივრის ავტორი – ს.შ–ი (მოპასუხე)
მოწინააღმდეგე მხარე – მ.შ.კ. (მოსარჩელე)
გასაჩივრებული განჩინება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2021 წლის 1 თებერვლის განჩინება
კერძო საჩივრის ავტორის მოთხოვნა – გასაჩივრებული განჩინების გაუქმება
დავის საგანი – სამკვიდრო მოწმობაში ცვლილების შეტანა, მესაკუთრედ ცნობა
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
სასარჩელო მოთხოვნა:
1. მ.შ.კ.მ (შემდგომ – მოსარჩელე) სარჩელი აღძრა სასამართლოში ს.შ–ის (შემდგომ – მოპასუხე) მიმართ და მოითხოვა, ნაწილობრივ ბათილად იქნეს ცნობილი სამკვიდრო მოწმობა და ცვლილება შევიდეს ნოტარიუსის 2014 წლის 8 აპრილს გაცემულ სამკვიდრო მოწმობაში, საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოში უძრავი ქონების რეგისტრირებულ მონაცემებში მოსარჩელის სახელზე რეგისტრირებული 1/6 წილი გაიზარდოს და საბოლოოდ იგი ცნობილ იქნეს უძრავი ქონების სადავო უძრავი ქონების 3/4 წილის მესაკუთრედ, შესაბამისი ცვლილება განხორციელდეს საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოს ჩანაწერებში.
სარჩელის საფუძვლები:
2. მოსარჩელის განმარტებით, საგარეჯოს რაიონის, სოფელ ...... მისი მეუღლის სახელზე 1960 წლიდან ირიცხება 1366 კვ.მ მიწის ნაკვეთი და მასზე არსებული შენობა-ნაგებობები. საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ცნობა-დახასიათების მიხედვით, ხსენებული უძრავი ქონების მესაკუთრედ მითითებულია მოსარჩელის მეუღლე. მოსარჩელე დაქორწინდა 1955 წლის 13 იანვარს. ქონებაზე მეუღლეებმა საკუთრების უფლება მოიპოვეს თანაცხოვრების პერიოდში. შესაბამისად, მოსარჩელეს საკუთრების უფლება წარმოეშვა მეუღლეთა თანაცხოვრების პერიოდში შეძენილი უძრავი ქონების ½ ნაწილზე.
3. 2014 წლის 8 აპრილს მოპასუხის სახელზე გაიცა სამკვიდრო მოწმობა, რომლის საფუძველზეც საჯარო რეესტრში დარეგისტრირდა მის სახელზე საგარეჯოს რაიონი, სოფელ ...... მდებარე მთელი უძრავი ქონების ½ ნაწილი. მოსარჩელე, როგორც 1994 წლის 11 მარტს გარდაცვლილი პირის მეუღლე ზემოთ მითითებული უძრავი ქონების თანამესაკუთრე და მეუღლის კანონისმიერი პირველი რიგის მემკვიდრეა.
4. სიღნაღის რაიონული სასამართლოს 2014 წლის 30 დეკემბრის გადაწყვეტილებით მოსარჩელე ცნობილ იქნა გარდაცვლილი მეუღლის სამკვიდრო აქტივის საგარეჯოს რაიონის სოფელ ....... არსებული უძრავი ქონების 1/6 წილის მემკვიდრედ და მესაკუთრედ. მოსარჩელემ 2015 წლის 2 დეკემბერს მიმართა ნოტარიუსს და მოთხოვა 1994 წლის 11 მარტს გარდაცვლილი მეუღლის კუთვნილ სამკვიდროში ღიად დარჩენილ მიუღებელ სამკვიდრო წილზე სამკვიდრო მოწმობის გაცემა. ნოტარიუსის 2016 წლის 15 თებერვლის დადგენილებით სანოტარო მოქმედების შესრულებაზე უარის თქმის შესახებ მოსარჩელეს უარი ეთქვა სანოტარო მოქმედების შესრულებაზე.
მოპასუხის პოზიცია:
5. მოპასუხემ სარჩელი არ ცნო და მიუთითა, რომ უძრავი ქონება, რომელიც ტექინვენტარიზაციის არქივში დაცული დოკუმენტის საფუძველზე აღრიცხულია მოსარჩელის მეუღლის სახელზე, აშენებულია მისი მშობლების მიერ, ხოლო იმ დროისათვის, როდესაც მოხდა ტექინვენტარიზაცია, მოსარჩელის მეუღლის მშობლები გარდაცვლილნი იყვნენ და უძრავი ქონება აღირიცხა მათი შვილის სახელზე. ქორწინების მოწმობიდან ირკვევა, რომ მოსარჩელე დაქორწინდა 1955 წელს, მაგრამ აღნიშნული ქონება არ არის თანაცხოვრების დროს შეძენილი, ეკუთვნოდა მოსარჩელის მეუღლის მშობლების კომლს, რომლის გარდაცვალების შემდგომ – 1988 წელს ტექინვენტარიზაციის დროს უძრავი ნივთი აისახა მათი შვილის საკუთრებად.
6. მოსარჩელის განმარტებით, სიღნაღის რაიონული სასამართლოს 2014 წლის 30 დეკემბრის გადაწყვეტილებით დადგინდა, რომ სადავო უძრავი ქონება ფაქტობრივი დაუფლების გზით მიიღო მოსარჩელემ.
პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი:
7. სიღნაღის რაიონული სასამართლოს 2019 წლის 26 ნოემბრის გადაწყვეტილებით სარჩელი დაკმაყოფილდა, რაც მოპასუხემ გაასაჩივრა სააპელაციო წესით.
სააპელაციო სასამართლოს განჩინების სარეზოლუციო ნაწილი და ფაქტობრივ-სამართლებრივი დასაბუთება:
8. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2020 წლის 24 ნოემბრის დაუსწრებელი გადაწყვეტილებით, აპელანტის გამოუცხადებლობის გამო, სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა, რაზეც მოპასუხემ შეიტანა საჩივარი.
9. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2021 წლის 1 თებერვლის განჩინებით საჩივარი დარჩა განუხილველად შემდეგ გარემოებათა გამო:
10. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის (შემდგომ – სსსკ) 372-ე მუხლის, 373-ე მუხლის პირველი ნაწილის, 374-ე მუხლის პირველი ნაწილის, 237-ე მუხლისა და 239-ე მუხლის მესამე ნაწილის მიხედვით, სააპელაციო პალატამ დაადგინა, რომ მოპასუხემ თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2020 წლის 24 ნოემბრის დაუსწრებელი გადაწყვეტილება 2020 წლის 4 დეკემბერს ჩაბარდა (ტ.2, ს.ფ. 50). შესაბამისად, დაუსწრებელი გადაწყვეტილების გასაჩივრების 10-დღიანი ვადა 2020 წლის 14 დეკემბერს ამოიწურა. მოპასუხემ საჩივარი წარადგინა 2020 წლის 22 დეკემბერს (ტ. 2, ს.ფ. 51-53).
11. სსსკ-ის 59-ე მუხლის, მე-60 მუხლის პირველი, მეორე ნაწილების შესაბამისად, 61-ე და 63-ე მუხლების შესაბამისად, სააპელაციო სასამართლომ მიიჩნია, რომ საჩივარი შეტანილია კანონით დადგენილი საპროცესო ვადის გასვლის შემდეგ და იგი განუხილველად უნდა დარჩეს დაუშვებლობის გამო.
კერძო საჩივრის მოთხოვნა და საფუძვლები:
12. სააპელაციო სასამართლოს განჩინებაზე მოპასუხემ შეიტანა კერძო საჩივარი და მოითხოვა მისი გაუქმება შემდეგი საფუძვლებით:
13. კერძო საჩივრის ავტორმა მიიჩნია, რომ საქმის განხილვაზე გამოცხადება ვერ შეძლო, კორონავისრუსის გავრცელების თავიდან აცილების მიზნით, თვითიზოლაციაში ყოფნის გამო.
14. მხარის განმარტებით, სააპელაციო პალატამ დაარღვია მოპასუხისათვის დაუსწრებელი გადაწყვეტილებისა და უწყების ჩაბარების სსსკ-ის 70-ე მუხლით გათვალისწინებული წესი. სასამართლოსათვის ცნობილი იყო, რომ მოპასუხე არ ფლობდა ქართულ ენას. საქმის განხილვისას მხარის ინტერესებს წარმოადგენდა წარმომადგენელი, რომლისთვისაც მინდობილობა გაფორმდა როგორც ქართულ, ისე აზერბაიჯანულ ენაზე. დაუსწრებელი გადაწყვეტილება შედგენილი იყო ქართულად.
15. მხარემ მიუთითა „სახელმწიფო ენის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-9 მუხლის მე-2, მე-3 ნაწილებზე და მიიჩნია, რომ ...... მოსახლეობა წარმოადგენს ეროვნულ უმცირესობას და აზერბაიჯანულ ენაზე საუბრობს. სახელმწიფო ვალდებული იყო, კერძო საჩივრის ავტორისათვის გაეგზავნა საპროცესო დოკუმენტი მისთვის გასაგებ ენაზე. ამასთან, მხარემ დაგვიანებით გააცნო დაუსწრებელი გადაწყვეტილება წარმომადგენელს, რადგან ვერ გაიგო მისი შინაარსი.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
16. საკასაციო სასამართლო კერძო საჩივრის საფუძვლების შესწავლისა და გასაჩივრებული განჩინების იურიდიული დასაბუთების შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ კერძო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს, სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება კი დარჩეს უცვლელად შემდეგ გარემოებათა გამო:
17. განსახილველი კერძო საჩივრის ფარგლებში საკასაციო სასამართლო მსჯელობს მხოლოდ დაუსწრებელი გადაწყვეტილების გაუქმებისა და საქმის წარმოების განახლების თაობაზე წარდგენილი საჩივრის დასაშვებობის საკითხზე, შესაბამისად, საკასაციო სასამართლო ყურადღებას შემდეგ ფაქტებსა და სამართლებრივ საკითხებზე გაამახვილებს:
18. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2020 წლის 24 ნოემბრის დაუსწრებელი გადაწყვეტილებით, აპელანტის გამოუცხადებლობის გამო, სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა, რაზეც მოპასუხემ შეიტანა საჩივარი.
19. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2020 წლის 24 ნოემბრის დაუსწრებელი გადაწყვეტილება მოპასუხეს 2020 წლის 4 დეკემბერს ჩაბარდა (ტ.2, ს.ფ. 50).
20. საკასაციო პალატა განმარტავს, რომ სსსკ-ის 236-ე მუხლი იმ მხარის უფლებადამცავი ნორმაა, რომლის წინააღმდეგაც გამოტანილია დაუსწრებელი გადაწყვეტილება. განსახილველი მუხლის თანახმად, მას უფლება აქვს, დაუსწრებელი გადაწყვეტილების გამომტან სასამართლოში შეიტანოს საჩივარი დაუსწრებელი გადაწყვეტილების გაუქმებისა და საქმის განახლების შესახებ. ამავე კოდექსის 237-ე მუხლით კი, დადგენილია, რომ დაუსწრებელი გადაწყვეტილების გასაჩივრების ვადაა 10 დღე. ამ ვადის ათვლა იწყება იმ დღიდან, როდესაც მხარეს ამ კოდექსის 70-ე-78-ე მუხლებით დადგენილი წესით ჩაბარდა დაუსწრებელი გადაწყვეტილების ასლი. ამ ვადის გასვლის შემდეგ დაუსწრებელი გადაწყვეტილება შედის კანონიერ ძალაში.
21. სსსკ-ის მე-60 მუხლის მეორე ნაწილის თანახმად, წლებით, თვეებით ან დღეებით გამოსათვლელი საპროცესო ვადის დენა იწყება იმ კალენდარული თარიღის ან იმ მოვლენის დადგომის მომდევნო დღიდან, რომლითაც განსაზღვრულია მისი დასაწყისი. ამავე კოდექსის 61-ე მუხლის მეორე და მესამე ნაწილების მიხედვით კი, საპროცესო მოქმედება, რომლის შესასრულებლადაც დადგენილია ვადა, შეიძლება შესრულდეს ვადის უკანასკნელი დღის ოცდაოთხ საათამდე. თუ ვადის უკანასკნელი დღე ემთხვევა უქმე და დასვენების დღეს, ვადის დამთავრების დღედ ჩაითვლება მისი მომდევნო პირველი სამუშაო დღე.
22. ამდენად, სააპელაციო პალატამ მართებულად აითვალა საჩივრის შეტანის 10-დღიანი ვადა 2020 წლის 4 დეკემბრიდან და აღნიშნული ვადა ამავე წლის 14 დეკემბერს ამოიწურა. მოპასუხემ კი საჩივარი წარადგინა 2020 წლის 22 დეკემბერს (ტ. 2, ს.ფ. 51-53).
23. შესაბამისად, სააპელაციო სასამართლომ 2021 წლის 1 თებერვლის განჩინებით საჩივარი კანონიერად დატოვა განუხილველად.
24. საკასაციო სასამართლო ვერ გაიზიარებს კერძო საჩივრის ავტორის მითითებას, რომ სააპელაციო პალატას დაუსწრებელი გადაწყვეტილება მისთვის უნდა გაეგზვნა აზერბაიჯანულ ენაზე, ვინაიდან მხარე, როგორც კერძო საჩივრითაც დაადასტურა, საქმის განხილვაში მონაწილეობდა ქართულენოვანი წარმომადგენლის მეშვეობით (იხ. რწმუნებულოება ტომი 1, ს.ფ 99). შესაბამისად, სასამართლომ საპროცესო დოკუმენტების მიღების შემდეგ დაუბრკოლებლად შეეძლო, მათი შინაარსი და სამართლებრივი მნიშვნელობა შეეტყო წარმომადგენლისათვის მათი გადაცემის გზით.
25. ამავდროულად, საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ სააპელაციო სასამართლოს არ გააჩნდა საფუძველი, კერძო საჩივრის ავტორი ქართული ენის არმცოდნე პირად ჩაეთვალა, რადგან მხარეს აღნიშნულის შესახებ მანამდე არ განუცხადებია. მან უზრუნველყო სასამართლოსათვის შესაბამისი საპროცესო დოკუმენტების ქართულ ენაზე წარდგენა. მეტიც, საქმის მასალებს ერთვის მისი ქართულ ენაზე შედგენილი განცხადება ხარვეზის შევსების შესახებ, რომელზეც მხარე ხელს აწერს ქართულად (ტომი 2, ს.ფ 10). აგრეთვე საქმის მასალებში განთავსებულია კერძო საჩივრის ავტორის მიერ ხელმოწეილი ქართულ ენაზე შედგენილი საჩივარი დაუსწრებელი გადაწყვეტილების გაუქმებისა და საქმის განახლების შესახებ (ტ.2, ს.ფ.51). შესაბამისად, მხარისათვის სასამართლოს ხელმისაწვდომობის უფლების შეზღუდვა სახელმწიფო ენის არცოდნის გამო, მოცემულ საქმეზე არ დადასტურდა.
26. სსსკ-ის 420-ე მუხლის თანახმად, კერძო საჩივრის განხილვა ზემდგომ სასამართლოებში წარმოებს შესაბამისად ამ სასამართლოებისათვის გათვალისწინებული წესების დაცვით. ამავე კოდექსის 410-ე მუხლის თანახმად კი, საკასაციო სასამართლო არ დააკმაყოფილებს საკასაციო საჩივარს, თუ: ა) კანონის მითითებულ დარღვევას არა აქვს ადგილი; ბ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებას საფუძვლად არ უდევს კანონის დარღვევა; გ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება არსებითად სწორია, მიუხედავად იმისა, რომ გადაწყვეტილების სამოტივაციო ნაწილი არ შეიცავს შესაბამის დასაბუთებას.
27. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ სააპელაციო პალატის გასაჩივრებული განჩინების გაუქმების სამართლებრივი საფუძველი არ არსებობს, ხოლო წარმოდგენილ კერძო საჩივარს უარი უნდა ეთქვას დაკმაყოფილებაზე.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 419-ე, 420-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. ს.შ–ის კერძო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს.
2. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2021 წლის 1 თებერვლის განჩინება დარჩეს უცვლელად.
3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.
თავმჯდომარე ზ. ძლიერიშვილი
მოსამართლეები: ე. გასიტაშვილი
ბ. ალავიძე