საქმე№ა-2590-შ-66-2021 30 ივნისი, 2021 წელი
ქ. თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატა
შემადგენლობა:
მირანდა ერემაძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
მოსამართლეები: ვლადიმერ კაკაბაძე,
ლევან მიქაბერიძე
საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი განხილვის გარეშე
შუამდგომლობის ავტორი – თ.ჯ–ა
გადაწყვეტილება, რომლის საქართველოს ტერიტორიაზე ცნობას მხარე მოითხოვს – გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის ნიურნბერგის საქალაქო სასამართლოს საოჯახო საქმეთა განყოფილების №121F2824/19 გადაწყვეტილება
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი
1. გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის ნიურნბერგის საქალაქო სასამართლოს საოჯახო საქმეთა განყოფილების №121F2824/19 გადაწყვეტილებით თ.ჯ–ა გამოცხადდა ცოლ-ქმრის ს. პ.ი–სა და გ.პ–ის საერთო შვილად. ნაშვილების გვარი განისაზღვრა - პ.
2. საქართველოს უზენაეს სასამართლოს, შუამდგომლობით მომართა შვილად აყვანილის წარმომადგენელმა, მოითხოვა დასახელებული უცხო ქვეყნის გადაწყვეტილებისა საქართველოს ტერიტორიაზე ცნობა და აღსრულება.
3. შუამდგომლობაზე დართული დოკუმენტებით დასტურდება, რომ გადაწყვეტილება შესულია კანონიერ ძალაში.
4. საკასაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2021 წლის 7 ივნისის განჩინებით განმცხადებლის შუამდგომლობა მიღებულია განსახილველად.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი
საკასაციო სასამართლო გაეცნო წარმოდგენილ შუამდგომლობას, უცხო ქვეყნის სასამართლოს გადაწყვეტილებას და თანდართულ მასალებს და მივიდა დასკვნამდე, რომ განმცხადებლის შუამდგომლობა უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგი არგუმენტაციით:
5. განსახილველ შემთხვევაში, საქმეში არსებული უცხო ქვეყნის გადაწყვეტილებითა და მშვილებელის განცხადების მიხედვით ირკვევა, რომ განცხადება შვილად აყვანის თაობაზე წარდგენილია მშვილებლებისა და შვილად ასაყვანის მიერ ერთობლივად, ხოლო განსახილველი შუამდგომლობა წარმოდგენილია შვილად აყვანილის მიერ.
6. ამავე გადაწყვეტილებით დადგენილია, რომ შვილად ასაყვანი დაბადებულია 1976 წელს, ხოლო მშვილებლები დაბადებული არიან 1935 და 1945 წელს. ამასთან, დადგენილია, რომ შვილად აყვანის შესახებ განცხადების შეტანის შემდეგ, ერთ-ერთი მშვილებელი გარდაიცვალა.
7. გადაწყვეტილებითვე დადგენილია, რომ მშობლებს ბიოლოგიური ვაჟი ჰყავთ, რომელიც შვილების წინააღმდეგი იყო. სასამართლოს განმარტებით, საგულისხმო იყო, რომ მიუხედავად იმისა, რომ შვილად აყვანის პროცედურა არ დასრულებულა, მშვილებლების მიერ უკვე იყო შედგენილი ანდრეძი, შვილად ასაყვანის მიმართ. საყურადღებო იყო, აგრეთვე, რომ ბიოლოგიური ვაჟის სამემკვიდრეო წილი მცირდებოდა, თუმცა, ასევე მცირდებოდა მისი ვალდებულება მშობლებზე ზრუნვის საკითხში.
8. უცხო ქვეყნის გადაწყვეტილებით დადგენილია, რომ მხარეებს მნიშვნელოვანი ემოციური კავშირი გააჩნიათ, რაც მოწვეული იყო შვილად ასაყვანის მიერ, მშვილებლების მიმართ სანიმუშო ზრუნვით. შვილად ასაყვანის ბიოლოგიურმა მშობლებმა, თანხმობა განაცხადეს შვილად აყვანის შესახებ.
9. „საერთაშორისო კერძო სამართლის შესახებ“ საქართველოს კანონის 68-ე მუხლის პირველი და მე-5 პუნქტების შესაბამისად, საქართველო ცნობს უცხო ქვეყნის კანონიერ ძალაში შესულ სასამართლო გადაწყვეტილებებს, ხოლო უცხო ქვეყნის სასამართლო გადაწყვეტილების ცნობის საკითხს იხილავს საქართველოს უზენაესი სასამართლო.
10. მითითებული ნორმის მე-2, მე-3 და მე-4 პუნქტებით, კანონმდებელმა განსაზღვრა ის წინაპირობები, რომელთა არსებობის შემთხვევაში, უცხო ქვეყნის გადაწყვეტილების ცნობა არ ხდება. საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ ასეთი დამაბრკოლებელი გარემოებები საქმის მასალების მიხედვით არ არის წარმოდგენილი.
11. ამდენად, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი შუამდგომლობისა და თანდართული მასალების შესწავლის შედეგად დასტურდება შუამდგომლობის მოთხოვნის შესაბამისობა საქართველოს კანონმდებლობასთან „საერთაშორისო კერძო სამართლის შესახებ“ საქართველოს კანონის 52-ე მუხლი - შვილად აყვანა წესრიგდება იმ ქვეყნის სამართლით, რომელსაც განეკუთვნება მშვილებელი შვილად აყვანის დროს. შვილად აყვანა ერთ-ერთი ან ორივე მეუღლის მიერ ექვემდებარება იმ ქვეყნის სამართალს, რომელიც ქორწინების ზოგადი შედეგების მიმართ გამოიყენება; სსკ-ის 1239-ე მუხლის 2-ე ნაწილი - „სრულწლოვანი პირის შვილობა შესაძლებელია, თუ მშვილებელსა და შვილად ასაყვანს შორის უკვე არსებობდა მშობლისა და შვილის ფაქტობრივი ურთიერთობა, იგი არ ეწინააღმდეგება მშვილებლის ან შვილად ასაყვანის ინტერესებს და შვილება ზნეობრივად გამართლებულია“;, აგრეთვე მშვილებლისა და შვილად აყვანილს შორის ასაკობრივი სხვაობა აკმაყოფილებს სსკ-ის 1250-ე მუხლით დადგენილ მოთხოვნას „მშვილებელსა და გასაშვილებელ ბავშვს შორის ასაკობრივი სხვაობა არ უნდა იყოს 16 წელზე ნაკლები“.
12. „საერთაშორისო კერძო სამართლის შესახებ“ საქართველოს კანონის 69-ე მუხლის მე-2 პუნქტის თანახმად, საქართველოს უზენაესი სასამართლოს გადაწყვეტილება უცხო ქვეყნის გადაწყვეტილების ცნობის შესახებ სავალდებულოა.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა „საერთაშორისო კერძო სამართლის შესახებ“ საქართველოს კანონის 68-ე, 69-ე მუხლებით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 284-ე, 285-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა
1. თ.ჯ–ას შუამდგომლობა დაკმაყოფილდეს.
2. საქართველოს ტერიტორიაზე ცნობილ იქნეს გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის ნიურნბერგის საქალაქო სასამართლოს საოჯახო საქმეთა განყოფილების №121F2824/19 გადაწყვეტილება, რომლითაც თ.ჯ–ა გამოცხადდა ცოლ-ქმრის სილვია პ.ი–სა და გ.პ–ის საერთო შვილად. ნაშვილების გვარი განისაზღვრა - პ.;
3. განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე: მ. ერემაძე
მოსამართლეები: ვ. კაკაბაძე
ლ. მიქაბერიძე