საქმე №ა-3171-შ-68-2020 30 ივნისი, 2021 წელი,
ქ. თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატა
შემადგენლობა:
მირანდა ერემაძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი)
მოსამართლეები: ვლადიმერ კაკაბაძე
ლევან მიქაბერიძე
საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი განხილვის გარეშე
შუამდგომლობის ავტორი – შპს „ბ.ი–კა“ (მოსარჩელე)
მოწინააღმდეგე მხარე – შპს ი.ჯ–ა“ (მოპასუხე)
გადაწყვეტილება, რომლის საქართველოს ტერიტორიაზე ცნობასა და აღსრულებას მოითხოვს მხარე – უკრაინის სავაჭრო-სამრეწველო პალატასთან არსებული საერთაშორისო კომერციული არბიტრაჟის 2018 წლის 17 ივლისის #209გ/2017 და 2018 წლის 19 ნოემბრის #11/2018 გადაწყვეტილებები
დავის საგანი – თანხის დაკისრება
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :
1. შპს „ი.ჯ–ა“-ს (ს/ნ ......) (შემდეგში: მოპასუხე, მყიდველი) და შპს „ბ.ი–კა“-ს (ს/ნ .......) (შემდეგში: მოსარჩელე, შუამდგომლობის ავტორი, გამყიდველი) შორის, 2017 წლის 22 და 27 მარტს დაიდო №BI-IG/01/17CT და № BI-IG/02/17CT ნასყიდობის ხელშეკრულებები, მეორე ხელშეკრულების მიხედვით, გამყიდველმა, მყიდველს მიაწოდა 37 514.92 აშშ დოლარის ღირებულების 9.958.96 კგ ინდაურის ხორცი. მყიდველმა ვალდებულება ნაწილობრივ შეასრულა, 2017 წლის 26 მაისს გადაიხადა 2 191.97 აშშ დოლარი. დავალიანებამ შეადგინა 35 322.97 აშშ დოლარი. პირველი ხელშეკრულებიდან გამომდინარე, მყიდველს არ გადაუხდია ხელშეკრულების საფასურიდან 4 785.07 აშშ დოლარი.
2. დასახელებული ხელშეკრულებების მიხედვით, მხარეთა შორის წარმოშობილი დავა უნდა გადაეწყვიტა უკრაინის სავაჭრო-სამრეწველო პალატასთან არსებულ საერთაშორისო კომერციულ არბიტრაჟს.
3. უკრაინის სავაჭრო-სამრეწველო პალატასთან არსებული საერთაშორისო კომერციული არბიტრაჟის 2018 წლის 17 ივლისის №209გ/2017 გადაწყვეტილებით მყიდველს, გამყიდველის სასარგებლოდ დაეკისრა ჯამში 39 119.43 აშშ დოლარის გადახდა. აღნიშნული თანხიდან 35 322.95 აშშ დოლარი წარმოადგენს მიწოდებული საქონლის ღირებულებას, 1 088.72 აშშ დოლარი ფულადი ვალდებულების დარღვევისათვის დაკისრებულ წლიურ პროცენტს, ხოლო 2 707.76 აშშ დოლარი საარბიტრაჟო მოსაკრებელს.
4. იმავე არბიტრაჟის 2018 წლის 19 ნოემბრის №11/2018 გადაწყვეტილებით მოპასუხეს მოსარჩელის სასარგებლოდ დაეკისრა 7 281.31 აშშ დოლარი, საიდანაც 4 785.07 აშშ დოლარი წარმოადგენს მიწოდებული საქონლის ღირებულებას, 1 056.24 აშშ დოლარი ფულადი ვალდებულების დარღვევისათვის დაკისრებულ წლიურ პროცენტს, ხოლო 1 440 აშშ დოლარი საარბიტრაჟო მოსაკრებელს.
5. ამდენად, წარმოდგენილი მასალების მიხედვით, მყიდველს ჯამში დაეკისრა - 46 400.74 აშშ დოლარი.
6. მხარეთა შორის არსებული, შუამდგომლობაზე დართული, ხელშეკრულების მიხედვით, დავების, მოლაპარაკების გზით მოუგვარებლობის შემთხვევაში დავა უნდა გადაწყვეტილიყო უკრაინის ვაჭრობისა და მრეწველობის პალატასთან არსებული საერთაშორისო სავაჭრო საარბიტრაჟო სასამართლოს მიერ.
7. საქართველოს უზენაეს სასამართლოს, 2020 წლის 7 სექტემბერს, შუამდგომლობით მომართა გამყიდველმა, მოითხოვა დასახელებული უცხო ქვეყნის საარბიტრაჟო გადაწყვეტილებების საქართველოს ტერიტორიაზე ცნობა და აღსრულება.
8. შუამდგომლობაზე დართული გადაწყვეტილებით დასტურდება, რომ დასახელებული გადაწყვეტილება კანონიერ ძალაშია შესული მიღებისთანავე და არ აღსრულებულა მისი მიმღები ქვეყნის ტერიტორიაზე.
9. შუამდგომლობის წარმოებაში მიღების შესახებ განჩინებისა და შუამდგომლობისა და თანდართული დოკუმენტების ასლები მოწინააღმდეგე მხარეს გაეგზავნა ორჯერ ფოსტის მეშვეობით, ასევე, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ტერიტორიული საუბნო სამსახურის მეშვეობით მოპასუხისათვის გზავნილის (განჩინების) ჩაბარების მიზნით.
10. საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ქ. თბილისის პოლიციის დეპარტამენტის ძველი თბილისის მთავარი სამმართველოს პოლიციის VII სამმართველოს უფროსის 2021 წლის 19 აპრილის მომართვისა და თანდართული ხელწერილის მიხედვით ირკვევა, რომ ადრესატმა, მყიდველი კომპანიის დირექტორმა - დ.მ–ძემ, ჩაიბარა შუამდგომლობა, თანდართულ მასალებთან ერთად.
11. აღსანიშნავია, რომ შუამდგომლობის ავტორის მოწინააღმდეგე მხარეს, შუამდგომლობის ჩაბარების შემდეგ საქართველოს უზენაესი სასამართლოსთვის არ მოუმართავს, არც რაიმე სახის წერილობითი ან სხვაგვარი პოზიცია წარმოუდგენია. 2021 წლის 24 ივნისს, შუამდგომლობის ავტორს, სატელეფონო კომუნიკაციის მეშვეობით ეცნობა, საქმის განხილვის თარიღი, შემადგენლობა და საქმის განხილვის ფორმა.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი
საკასაციო სასამართლო წარმოდგენილი შუამდგომლობისა და მასზე დართული დოკუმენტების გაცნობის შემდეგ მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი შუამდგომლობა უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
12. საკასაციო სასამართლო დადგენილად მიიჩნევს, რომ უკრაინის სავაჭრო-სამრეწველო პალატასთან არსებული საერთაშორისო კომერციული არბიტრაჟის 2018 წლის 17 ივლისის #209გ/2017 და 2018 წლის 19 ნოემბრის #11/2018 გადაწყვეტილებებით, მყიდველს, გამყიდველის სასარგებლოდ დაეკისრა ჯამში - 46 400.74 აშშ დოლარი.
13. საქმის მასალებით დადგენილია, რომ ზემოაღნიშნული გადაწყვეტილება კანონიერ ძალაშია შესული.
14. „საერთაშორისო კერძო სამართლის შესახებ“ საქართველოს კანონის 731 მუხლის თანახმად, საქართველოს ფარგლებს გარეთ გამოტანილი საარბიტრაჟო გადაწყვეტილების ცნობა და აღსრულება ხდება „არბიტრაჟის შესახებ“ საქართველოს კანონით დადგენილი წესით. „არბიტრაჟის შესახებ“ საქართველოს კანონის 44-ე მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, იმ ქვეყნის მიუხედავად, სადაც გამოტანილ იქნა საარბიტრაჟო გადაწყვეტილება, იგი შესასრულებლად სავალდებულოა და სასამართლოში წერილობითი შუამდგომლობის წარდგენის შემთხვევაში უნდა აღსრულდეს ამ მუხლისა და ამ კანონის 45-ე მუხლის დებულებათა გათვალისწინებით. საქართველოში გამოტანილ გადაწყვეტილებებთან დაკავშირებით ამ მუხლისა და ამ კანონის 45-ე მუხლის მიზნებისათვის უფლებამოსილ სასამართლოდ ითვლება სააპელაციო სასამართლოები, ხოლო საქართველოს ფარგლებს გარეთ გამოტანილ გადაწყვეტილებებთან დაკავშირებით – საქართველოს უზენაესი სასამართლო.
15. საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ მოცემულ შემთხვევაში „არბიტრაჟის შესახებ“ საქართველოს კანონში მითითებული დამაბრკოლებელი გარემოებები არ არსებობს, აგრეთვე წარმოდგენილი მოთხოვნა და დადგენილი გარემოებები არ ეწინააღმდეგება საარბიტრაჟო გადაწყვეტილებების ცნობისა და აღსრულების შესახებ ნიუ იორკის კონვენციას.
16. შესაბამისად, საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატა ცნობს უკრაინის სავაჭრო-სამრეწველო პალატასთან არსებული საერთაშორისო კომერციული არბიტრაჟის 2018 წლის 17 ივლისის #209გ/2017 და 2018 წლის 19 ნოემბრის #11/2018 გადაწყვეტილებებს საქართველოს ტერიტორიაზე.
17. ამავდროულად, არსებობს დასახელებული გადაწყვეტილებების საქართველოს ტერიტორიაზე აღსასრულებლად მიქცევის კანონით გათვალისწინებული საფუძველი, კერძოდ, მოცემული თვალსაზრისით შუამდგომლობა ასევე აკმაყოფილებს „არბიტრაჟის შესახებ“ საქართველოს კანონის მოთხოვნებს.
18. ამდენად, შუამდგომლობის ავტორის მოთხოვნა უცხო ქვეყნის საარბიტრაჟო გადაწყვეტილების საქართველოს ტერიტორიაზე ცნობისა და აღსრულების შესახებ საფუძვლიანია და უნდა დაკმაყოფილდეს.
19. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, იმ მხარის მიერ გაღებული ხარჯების გადახდა, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, ეკისრება მეორე მხარეს, თუნდაც ეს მხარე გათავისუფლებული იყოს სახელმწიფო ბიუჯეტში სასამართლო ხარჯების გადახდისგან.
20. განსახილველ შემთხვევაში საქმეში არსებული საბანკო გადახდის ქვითრით დასტურდება, რომ შუამდგომლობის ავტორს გადახდილი აქვს 150 ლარი, რის გამოც მოწინააღმდეგე მხარეს უნდა დაეკისროს აღნიშნული ბაჟის შუამდგომლობის ავტორის სასარგებლოდ გადახდა.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა „არბიტრაჟის შესახებ“ საქართველოს კანონის 44-ე, 45-ე მუხლებით, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 284-ე მუხლით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. შპს „ბ. ი–ას“ შუამდგომლობა უკრაინის სავაჭრო-სამრეწველო პალატასთან არსებული საერთაშორისო კომერციული არბიტრაჟის 2018 წლის 17 ივლისის #209გ/2017 და 2018 წლის 19 ნოემბრის #11/2018 გადაწყვეტილებების საქართველოს ტერიტორიაზე ცნობისა და აღსრულების შესახებ დაკმაყოფილდეს;
2. საქართველოს ტერიტორიაზე ცნობილ იქნეს და აღსასრულებლად მიექცეს უკრაინის სავაჭრო-სამრეწველო პალატასთან არსებული საერთაშორისო კომერციული არბიტრაჟის 2018 წლის 17 ივლისის #209გ/2017 და 2018 წლის 19 ნოემბრის #11/2018 გადაწყვეტილებები, რომლითაც:
2.1. შპს „ი.ჯ–ას“ შპს „ბ. ი–ას“ სასარგებლოდ დაეკისრა 46 400.74 აშშ დოლარის გადახდა;
2.2. შპს „ი.ჯ–ას“ შპს „ბ. ი–ას“ სასარგებლოდ დაეკისროს სახელმწიფო ბაჟის - 150 ლარის გადახდა;
3. განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე: მ. ერემაძე
მოსამართლეები: ვ. კაკაბაძე
ლ. მიქაბერიძე