Facebook Twitter

საქმე №ას-1146-2020 10 თებერვალი, 2021 წელი

ქ. თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატის

შემადგენლობა:

მირანდა ერემაძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),

მოსამართლეები: ვლადიმერ კაკაბაძე,

ლევან მიქაბერიძე

საქმის განხილვის ფორმა _ ზეპირი განხილვის გარეშე

საკასაციო საჩივრის ავტორი – სს ,,ს.რ–ა“ (მოპასუხე)

მოწინააღმდეგე მხარე - თ.გ–ი (მოსარჩელე)

გასაჩივრებული განჩინება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2020 წლის 8 ივლისის განჩინება

კასატორის მოთხოვნა – გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა

დავის საგანი – ბრძანების ბათილად ცნობა, სამსახურში აღდგენა, იძულებითი განაცდურის ანაზღაურება, დისკრიმინაციული მოპყრობის ფაქტის დადგენა

საკითხი, რომელზედაც მიღებულ უნდა იქნეს განჩინება - საკასაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმება

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი

1. თ.გ–ი (შემდეგში: მოსარჩელე, პირველი აპელანტი, დასაქმებული) 2006 წლის 1 თებერვლიდან 2017 წლის 13 მარტამდე დასაქმებული იყო სს ,,ს.რ–აში“ (შემდეგში: მოპასუხე, მეორე აპელანტი, საწარმო, დამსაქმებელი ან კასატორი) სხვადასხვა ხელმძღვანელობით თანამდებობაზე: სექტორის უფროსი, ვენტრის უფროსი, სამსახურის უფროსი.

2. დამსაქმებლის 2013 წლის 1 მარტის N418 ბრძანებით მოსარჩელე დაინიშნა უვადოდ, საწარმოს ,,მგზავრთა გადაყვანა“ ოპერაციათა მართვის დეპარტამენტში, დეპარტამენტის უფროსის მოადგილის პოზიციაზე, სამატარებლო ერთეულების მართვისა და უზრუნველყოფის დარგში, განუსაზღვრელი ვადით. მისი ყოველთვიური შრომის ანაზღაურება შეადგენდა 3 100 ლარს (დარიცხული).

3. საწარმოს დირექტორთა საბჭოს 2014 წლის 11 ივნისის N11/33 დადგენილებით დამტკიცებული მგზავრთა მომსახურების დეპარტამენტის უფროსის მოადგილის მაგისტრალური მიმოსვლის განვითარების დარგში, სამუშაო აღწერილობის 1.1. მუხლის მიხედვით სამუშაოს აღწერილობა წარმოადგენდა საწარმოს შიდა ნორმატიულ დოკუმენტს და განსაზღვრავდა მგზავრთა მომსახურების დეპარტამენტის უფროსის, მოადგილის მაგისტრალური მიმოსვლის განვითარების დარგში საქმიანობასთან დაკავშირებულ საკითხებს. 1.2. მუხლით, მგზავრთა მომსახურების დეპარტამენტის უფროსის მოადგილე მაგისტრალური მიმოსვლის განვითარების დარგში თავის საქმიანობას წარმართავდა საქართველოს მოქმედი კანონმდებლობისა და ნორმატიული აქტების, კომპანიის წესდების, შინაგანაწესისა და წინამდებარე სამუშაოს აღწერილობის შესაბამისად. სამუშაო აღწერილობის მე-2 მუხლში გაიწერა თანამდებობის დანიშნულება, რომლის მიხედვითაც, მგზავრთა მომსახურების დეპარტამენტის უფროსის მოადგილემ მაგისტრალური მიმოსვლის განვითარების დარგში, თავისი საქმიანობის პროცესში უნდა შეასრულოს შემდეგი დანიშნულება: უზრუნველყოს მაგისტრალურ მიმოსვლაში მგზავრთა მომსახურების ხარისხის გაუმჯობესება/განვითარებაზე ზრუნვა (2.1. მუხლი); მაგისტრალური მიმოსვლის განვითარებისათვის საჭირო შესყიდვებისთვის საჭირო ტექნიკური დავალებების მომზადებას უზრუნველყოფა (2.2. მუხლი). მგზავრთა მომსახურების დეპარტამენტის უფროსის მოადგილემ თავისი საქმიანობის პროცესში უნდა გადაჭრას შემდეგი ამოცანები: მგზავრთა მოთხოვნის შესწავლის სამუშაოების ორგანიზება და კონკრეტულ მიმართულებაზე არსებული ვითარების გაანალიზება (3.1. მუხლი). მატარებლებში მგზავრთა კულტურული მომსახურების სრულყოფისათვის შესაბამისი ღონისძიებების დაგეგმვისა და განხორციელების უზრუნველყოფა (3.2. მუხლი). მე-4 მუხლით განისაზღვრა მგზავრთა მომსახურების დეპარტამენტის უფროსის მოადგილის ფუნქცია-მოვალეობები, რომლის მიხედვითაც საკუთარი დანიშნულებიდან, ამოცანებიდან გამომდინარე, უნდა შეასრულოს შემდეგი ფუნქციები და მოვალეობები: მგზავრთა მოთხოვნების და კონკურენტული გარემოს შესწავლის სამუშაოების ორგანიზაციული უზრუნველყოფა (4.1. მუხლი); მოპოვებული მასალების გაანალიზება, შესაბამისი წინადადებების მომზადება და შემდგომი განხილვისათვის წარდგენა (4.2.მუხლი); მაგისტრალური მიმოსვლის განვითარების მიზნით, თანამშრომელთა ტრენინგების, სწავლების, შესაბამისი სერვისების შეთავაზების დაგეგმვისა და განხორციელების ღონისძიებების უზრუნველყოფა (4.3. მუხლი); ხელმძღვანელობს საზოგადოების ერთიანი პოლიტიკის პრინციპებით და იცავს საზოგადოების პოფესიული და მორალურ-ზნეობრივ სტანდარტებს (4.4.მუხლი); ასრულებს ხელმძღვანელის დავალებებს ორგანიზაციის ინტერესებიდან გამომდინარე, იცავს შრომის დაცვისა და ტექნიკური უსაფრთხოების წესებს, აგრეთვე საზოგადოებაში მოქმედი სხვა ნორმატიული აქტებით განსაზღვრულ მოთხოვნებს (4.5. მუხლი); იცავს შრომის შინაგანაწესს და დისციპლინას (4.6. მუხლი).

4. საწარმოს 2017 წლის 13 მარტის N147 ბრძანებით, მოსარჩელე იმავე დღიდან გათავისუფლდა საწარმოს ფილიალის მგზავრთა გადაყვანა, მიმდინარე ხარისხის მომსახურება, მგზავრთა მომსახურების დეპარტამენტის უფროსის მოადგილის პოზიციიდან მაგისტრალური მიმოსვლის განვითარების დარგში, სშკ-ის 37-ე მუხლის პირველი ნაწილის ,,ა“ ქვეპუნქტის საფუძველზე, კომპანიაში განხორციელებული ორგანიზაციული ცვლილებების შედეგად.

5. იმავე ბრძანების საფუძველზე, მიეცა კომპენსაცია 2 თვის შრომის ანაზღაურება და 2016-2017 წლების გამოუყენებელი 27 დღის საშვებულებო ანაზღაურება. ბრძანების გამოცემის საფუძვლად მიეთითა საწარმოს დირექტორთა საბჭოს 2017 წლის 1 მარტის 24/11 დადგენილება. შრომითი ურთიერთობის შეწყვეტის შესახებ ბრძანების გამოცემამდე, 2017 წლის 7 მარტის N1370 წერილით მოსარჩელეს ეცნობა, რომ საწარმოს 2017 წლის 13 მარტიდან წყვეტდა მასთან შრომით ხელშეკრულებას. ხელშეკრულების შეწყვეტის საფუძვლად მიეთითა სშკ-ის 37-ე მუხლის ,,ა“ ქვეპუნქტი - ეკონომიკური გარემოებები, ტექნოლოგიური ან ორგანიზაციული ცვლილებები, რომლებიც აუცილებელს ხდიდა სამუშაო ძალის შემცირებას.

6. საწარმოს ფილიალ მგზავრთა გადაყვანას სტრუქტურული ქვედანაყოფების საქმიანობის სრულყოფის პრიორიტეტების მიხედვით, სტრუქტურის გადაწყობის მიზნით, რათა უზრუნველყოფილი ყოფილიყო სტრუქტურული ერთეულების ოპერატიული და სრულყოფილი მუშაობა, საშტატო ოპტიმიზაცია, საკადრო რესურსის ეფექტური გამოყენება. წერილის თანახმად, საწარმოს დირექტორთა საბჭოს 2017 წლის 1 მარტის 24/11 დადგენილებით მიზანშეწონილად ჩაითვალა ორგანიზაციული, სტრუქტურული და საკადრო ცვლილებების განხორციელება, რომლებიც სხვადასხვა სტრუქტურული ქვედანაყოფის შერწყმის, გაყოფის, გადაადგილებისა და საჭიროების შემთხვევაში გაუქმების გზით, შესაძლებელს გახდიდა მინიმალური რესურსის დახარჯვის პირობებში, მომსახურების ხარისხის გაუმჯობესებას, აგრეთვე, ინფრასტრუქტურისა და მოძრავი შემადგენლობის, კადრებისა და პროცედურების შემდგომ განვითარებას. დასახელებული წერილი მოსარჩელეს 2017 წლის 9 მარტს ჩაბარდა, რაც მისივე ხელმოწერითაა დადასტურებული.

7. საწარმოს N2018 წერილით მოსარჩელეს 2017 წლის 3 აპრილის წერილის პასუხად ეცნობა, რომ შრომითი ხელშეკრულების შეწყვეტის საფუძველი იყო საწარმოს ფილიალ მგზავრთა გადაყვანის სტრუქტურისა და საშტატო განრიგის ოპტიმიზაცია, რის თაობაზეც წერილობითი დასაბუთება ჩაბარდა 2017 წლის 9 მარტს. ამავე წერილით განიმარტა, რომ რეორგანიზაცია შეეხო ფილიალ მგზავრთა გადაყვანას მხოლოდ გარკვეულ სტრუქტურულ ერთეულებს, რის შესახებაც მოსარჩელეს, მისი მოთხოვნის საფუძველზე გადაეგზავნა საწარმოს დირექტორთა საბჭოს 2017 წლის 1 მარტის N24/11 დადგენილება.

8. შრომითი ურთიერთობის განხორციელებისას მოსარჩელეს მიღებული აქვს საწარმოს გენერალური დირექტორის მადლობის წერილი, მგზავრთა გადაყვანის დირექტორის ბრძანებით გამოცხადებული აქვს მადლობა, აქვს მაღალი შეფასება, მათ შორის, 2016 წლის მე-2 კვარტალში ფილიალის დირექტორისგან შეფასება - აჭარბებს მოლოდინებს, ასეთივე შეფასება და დამატებით პრემია მე-3 კვარტალში. 2016 წლის 21 ნოემბერს მოძრაობის უსაფრთხოების დარგში ჩატარებულ ტესტირებაში მიიღო 30 ქულიდან მაქსიმალური, 100%-იანი შედეგი.

9. შპს ,,რუსთავის ფოლადის“ (შემდეგში: ახალი დამსაქმებელი/საწარმო) 2018 წლის 29 მაისის N0253 ცნობის მიხედვით, მოსარჩელე 2017 წლის 22 მაისიდან 2018 წლის 3 იანვრამდე დასაქმებული იყო განვითარების სამსახურის, პროექტების მენეჯერის პოზიციაზე. თანამდებობრივი სარგო შეადგენდა 2 250 ლარს საშემოსავლო გადასახადის ჩათვლით. 2018 წლის 3 იანვრიდან იგი მუშაობს ახალი დამსაქმებლის ადმინისტრაციის ხელმძღვანელის პოზიციაზე. მისი თანამდებობრივი სარგო 3 500 ლარია.

10. სარჩელის მოთხოვნა

10.1. დასაქმებულმა, სარჩელი აღძრა სასამართლოში, 2017 წლის 26 ივნისს საწარმოს წინააღმდეგ, მოითხოვა:

10.1.1. საწარმოს 2017 წლის 13 მარტის, დასაქმებულის თანამდებობიდან გათავისუფლების შესახებ №147 ბრძანების ბათილად ცნობა;

10.1.2. დასაქმებულის აღდგენა, საწარმოს ფილიალში მგზავრთა მომსახურების დეპარტამენტის უფროსის მოადგილის ტოლფას - მგზავრთა მომსახურების დეპარტამენტის უფროსის თანამდებობაზე;

10.1.3. საწარმოსთვის, მოსარჩელის სასარგებლოდ იძულებითი განაცდურის ანაზღაურების დაკისრება, შრომითი ურთიერთობის შეწყვეტიდან, გადაწყვეტილების აღსრულებამდე, ყოველთვიურად 3 100 ლარი;

10.1.4. ასაკობრივი ნიშნით დისკრიმინაციის ფაქტის დადგენა;

11. თბილისის საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება

11.1. თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2019 წლის 21 თებერვლის გადაწყვეტილებით სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ:

11.1.1. ბათილად იქნა ცნობილი საწარმოს 2017 წლის 13 მარტის, დასაქმებულის თანამდებობიდან გათავისუფლების შესახებ №147 ბრძანება;

11.1.2. საწარმოს, მოსარჩელის სასარგებლოდ დაეკისრა კომპენსაცია 15 000 ლარი;

11.2. სარჩელი, სამუშაოზე აღდგენის, იძულებითი განაცდური ანაზღაურებისა და დისკრიმინაციის ფაქტის დადგენის შესახებ არ დაკმაყოფილდა;

12. მხარეთა სააპელაციო საჩივრები

12.1. თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2019 წლის 21 თებერვლის გადაწყვეტილება, სააპელაციო წესით გაასაჩივრეს მხარეებმა, მოსარჩელემ, გასაჩივრებული გადაწყვეტილების ნაწილობრივ გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის სრულად დაკმაყოფილება, ხოლო, დამსაქმებელმა, გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა მოითხოვა.

13. სააპელაციო სასამართლოს განჩინება და დასკვნები

13.1. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2020 წლის 8 ივლისის განჩინებით მხარეთა სააპელაციო საჩივრები არ დაკმაყოფილდა, გასაჩივრებული გადაწყვეტილება დარჩა უცვლელი.

13.2. სააპელაციო სასამართლომ გაიზიარა საქალაქო სასამართლოს მიერ დადგენილი გარემოებები (საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის, შემდეგში: სსსკ, 390.3-ე მუხლის „გ“ ქვეპუნქტი) და მიუთითა მათზე.

13.3. სასამართლომ ზემოაღნიშნულ ფაქტებთან (იხ. წინამდებარე განჩინების 1-9 პუნქტები) ერთად დამატებით, დამატებით გარემოებებზე მიუთითა.

13.4. დადგენილია, რომ დასაქმებულის სადავო ბრძანებით გათავისუფლებას საფუძვლად დაედო, კომპანიაში განხორციელებული ცვლილებების შედეგად, მოსარჩელის თანამდებობის გაუქმება.

13.5. სააპელაციო სასამართლოს განმარტებით, პირველი ინსტანციის სასამართლომ მართებულად დაადგინა, რომ საწარმოს მგზავრთა გადაყვანის ფილიალში განხორციელებულ ორგანიზაციულ ცვლილებებთან დაკავშირებით საქმეში წარდგენილი მასალებით ირკვეოდა მოძრავი შემადგენლობისა და ინფრასტრუქტურის დარგში ფილიალის დირექტორის მოადგილის, მიმდინარე ხარისხის მომსახურების დარგში ფილიალის დირექტორის მოადგილისა და ოპერაციათა მართვის დეპარტამენტის უფროსის მოადგილის 01.03.2017 წლის 9250 მოხსენებით ბარათში აღნიშნული იყო, საწარმოს ფილიალ „მგზავრთა გადაყვანის“ სტრუქტურული ქვედანაყოფების საქმიანობის სრულყოფის, პრიორიტეტების მიხედვით სტრუქტურის გადაწყობის მიზნით, უზრუნველყოფილი რომ ყოფილიყო სტრუქტურული ერთეულების ოპერატიული და სრულყოფილი მუშაობა, საშტატო ოპტიმიზაცია, საკადრო რესურსის ეფექტური გამოყენება, მიზანშეწონილი იყო გარკვეული ორგანიზაციული, სტრუქტურული და საკადრო ცვლილებების განხორციელება, რომლებიც სხვადასხვა სტრუქტურული ქვედანაყოფის შერწყმის, გაყოფის, გადაადგილებისა და საჭიროების შემთხვევაში გაუქმების გზით, შესაძლებელს გახდიდა მინიმალური რესურსის დახარჯვის პირობებში, მომსახურების ხარისხის გაუმჯობესებას, აგრეთვე, ინფრასტრუქტურისა და მოძრავი შემადგენლობის, კადრებისა და პროცედურების შემდგომ განვითარებას.

13.6. აღნიშნულ წერილში განმარტებული იყო, რომ ძალიან დიდი იყო კონკურენცია მგზავრთა გადაყვანის სფეროში და რაც ყველაზე მთავარია, ტენდენცია იყო მზარდი. ამ ფონზე ფილიალის უპირველესი მიზანია გააძლიეროს მუშაობა მარკეტინგის კუთხით. აუცილებელი იყო საზოგადოებასთან აქტიური კომუნიკაცია მგზავრთა სარკინიგზო გადაყვანების უპირატესობის წარმოსაჩენად. ამ ფონზე აუცილებელი იყო ასევე, ფილიალის სტრუქტურაში ფილიალის დირექტორის ახალი მოადგილის შტატი (ფილიალ „მგზავრთა გადაყვანის“ დირექტორის მოადგილე კომუნიკაციისა და მარკეტინგის დარგში) შექმნილიყო, რომელიც უშუალო ხელმძღვანელობას და მეთვალყურეობას გაუწევდა კომუნიკაციისა და მარკეტინგის მიმართულებას და რომელსაც დაექვემდებარებოდა აღნიშნული პროფილის სტრუქტურული ერთეულები.

13.7. ამავე წერილის მიხედვით, „მოძრავი შემადგენლობისა და ინფრასტრუქტურის დარგში ფილიალის დირექტორის მოადგილის საკურატორო სფეროში შედის ქონების მართვისა და ინფრასტრუქტურის სამსახური. აღნიშნული სამსახურის შემადგენლობაში არის 10 (ათი) თანამშრომელი. აღსანიშნავია ის ფაქტი, რომ სს „ს.რ–აში“ უკვე არსებობს ერთი ცენტრალიზებული სამსახური - სამშენებლო პროექტების ადმინისტრირების სამსახური, რომელიც კურირებს მთელი რკინიგზის მაშტაბით მიმდინარე მშენებლობებს, ასევე რკინიგზა სარგებლობს გარეშე პირის მომსახურებით (ე.წ. „აუთსორსინგი“), რომელიც უშუალოდ აკონტროლებს კონტრაქტორების მიერ ნაკისრი სამშენებლო-სარემონტო სამუშაოების შესრულების პროცესს და აღნიშნულის თაობაზე რკინიგზას წარუდგენს წერილობით დასკვნას, ხოლო როგორც სამშენებლო პროექტების, ასევე შესრულებული სამუშაოების ფინანსური და ტექნიკური ხარისხობრივი ექსპერტიზა ხორციელდება რკინიგზის კონტრაქტორი სსიპ „ლ. სამხარაულის სახელობის სასამრთლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს“ მიერ. ამ ფონზე ქონების მართვისა და ინფრასტრუქტურის სამსახურის საქმიანობა შემოიფარგლება მხოლოდ ადმინისტრირების ფუნქციით. აღნიშნული ფუნქციის განხორციელებას არ სჭირდება იმ რაოდენობის საკადრო რესურსი, რაც დღეისთვის არის ამ სამსახურში აკუმულირებული, რის გამოც მიზანშეწონილია ამ რესურსის შემცირება. ასევე მიზანშეწონილია, რომ ქონების მართვისა და ინფრასტრუქტურის სამსახური სტრუქტურულად არ შედიოდეს დირექტორის არც ერთი მოადგილის დაქვემდებარებაში, ვინაიდან აღნიშნული სამსახურის საქმიანობის სფერო ფარავს მთელი ფილიალის მასშტაბს. მონიტორინგის დეპარტამენტის შემადგენლობაში არსებული ხარისხის მართვის სამსახურის ფუნქციები ხშირ შემთხვევაში დუბლირებულია ამავე დეპარტამენტის სხვა სამსახურების - ფუნქციებთან, რის გამოც მიზანშეწონილია აღნიშნული სამსახურის გაუქმება. ფილიალის საოპერაციო საქმიანობის ცენტრალიზებულად და კოორდინირებულად წარმართვის მიზნით, მიზანშეწონილია გაუქმდეს ადმინისტრაციული სამსახური და შეიქმნას ოპერაციათა მართვის დეპარტამენტი, რომელსაც დაექვემდებარება ისეთი ცენტრალიზებული სამსახურები, როგორიც არის: ფილიალის იურიდიული სამსახური, ფილიალის შესყიდვების მართვის სამსახური, ფილიალის ქონების მართვისა და ინფრასტრუქტურის სამსახური და ფილიალის სამეურნეო სექტორი. ამასთან, აღსანიშნავია ისიც, რომ საშტატო ოპტიმიზაცია უნდა განხორციელდეს როგორც ზემოთ აღინიშნა ქონების მართვისა და ინფრასტრუქტურის სამსახურში, ასევე იურიდიულ სამსახურში, კერძოდ იურიდიულ სამსახურში, ფილიალის წარმოებაში არსებული სასამართლო დავების რაოდენობიდან გამომდინარე უნდა გაუქმდეს ერთი იურისტის საშტატო ერთეული. ასევე უნდა მოხდეს ფინანსური დეპარტამენტის დაქვემდებარებაში არსებული ეკონომიკური სამსახურის რეორგანიზაცია, კერძოდ, უნდა გაუქმდეს ეკონომიკური სამსახურის შემადგენლობაში არსებული ეკონომიკური ჯგუფი, ხოლო ბიუჯეტირების სექტორი პირდაპირ დაექვემდებაროს ფინანსურ დეპარტამენტს, ხოლო შესყიდვების მართვის სამსახური ფილიალის ოპერაციათა მართვის დეპარტამენტს. სტრუქტურული და საშტატო ცვლილებები ასევე ითვალისწინებს ფილიალის აპარატის - თანამშრომელთა რაოდენობრივ ოპტიმიზაციას, რომელიც რეკომენდირებული იყო საწარმოს ფილიალ „მგზავრთა გადაყვანის’’ 01.01.2014-01.01.2016 წლების პერიოდის საფინანსო-სამეურნეო საქმიანობის დოკუმენტური შემოწმების აქტით. კომპანიის ხარჯების ოპტიმიზაციის მიზნით ასევე მიზანშეწონილია მართვის ცენტრალური აპარატის საშტატო განრიგშიც განხორციელდეს შესაბამისი ცვლილება, კერძოდ, გაუქმდეს გენერალური დირექტორის მოადგილის ერთი საშტატო ერთეული, თანამდებობრივი სარგოთი 8 023 ლარი. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, ფილიალის დირექტორს წარედგინა საწარმოს დირექტორთა საბჭოს დადგენილების პროექტი ფილიალ „მგზავრთა გადაყვანისა“ და მართვის ცენტრალური აპარატის შესაბამისი სტრუქტურული ერთეულების რეორგანიზაციის და საშტატო განრიგებსა და სახელშეკრულებო ფონდში ცვლილების შეტანის შესახებ, რომელიც ჯამურად საშტატო რიცხოვნების 22 ერთეულით (ფილიალი მგზავრთა გადაყვანა 21 საშტატო ერთეული, ხოლო მართვის ცენტრალურ აპარატში ერთი - გენერალური დირექტორის მოადგილის საშტატო ერთეული) აგრეთვე წლიური სახელფასო ფონდის 455 076 ლარით შემცირებას ითვალისწინებდა“ (ტ.1, ს.ფ. 37-39).

13.8. სააპელაციო სასამართლოს განმარტებით, საქმეში არსებული მტკიცებულებებით ირკვევა, რომ მოგვიანებით კვლავ განხორციელდა სტრუქტურული ცვლილებები და როგორც 2018 წლის 7 ივნისის საშტატო ნუსხით ირკვევა, აღნიშნული მონაცემით ფილიალ მგზავრთა გადაყვანაში დასაქმებულ თანამშრომელთა საერთო რიცხვმა შეადგინა 1 287 ერთეული (ტ.1 ს.ფ.304-323), ანუ გაიზარდა მისი რაოდენობა 75 ერთეულით 2017 წლის 28 თებერვლის მდგომარეობით (მოსარჩელის გათავისუფლებამდე მდგომარეობა) არსებულ მონაცემთან შედარებით, რა დროსაც, შტატების საერთო რაოდენობა იყო 1 212 ერთეული (ტ.1,ს.ფ.282-303). აღნიშნული, თავის მხრივ, მიუთითებს სახელფასო ფონდის გაზრდაზეც.

13.9. სააპელაციო სასამართლომ, გაიზიარა საქალაქო სასამართლოს შეხედულება, რომ დასაქმებული დისკრიმინაციული მოტივით არ გათავისუფლებულა დაკავებული თანამდებობიდან. აღნიშნულ ფაქტთან დაკავშირებით, მოსარჩელეს, მტკიცებულებები არ წარუდგენია სასამართლოსთვის, რომელიც ასაკობრივი დისკრიმინაციული ქმედების განხორციელების ვარაუდს შექმნიდა, საპირისპიროდ კი საწარმომ წარადგინა ცნობები, რომლითაც დასტურდება, რომ 65 წელს გადაცილებულ თანამშრომელთა დასაქმების მაღალი სტატისტიკური მაჩვენებელია საწარმოში.

13.10. სააპელაციო სასამართლომ ყურადღება გაამახვილა აგრეთვე სარჩელის ხანდაზმულობის თაობაზე, მოპასუხის მითითებაზე და განმარტა, რომ 2017 წლის 3 მარტის წერილით მოსარჩელეს ეცნობა, რომ მასთან ხელშეკრულება შეწყდებოდა 2017 წლის 13 მარტიდან. აღნიშნული ბრძანება იმავე წლის 9 მარტს ჩაბარდა ადრესატს, ხოლო, 2017 წლის 13 მარტის ბრძანებით მოსარჩელესთან შეწყდა შრომითი ხელშეკრულება. ამავე ბრძანების შესახებ, დასაქმებულმა, 2017 წლის 3 აპრილს მიმართა საწარმოს, სადავო ბრძანების არგუმენტირებული დასაბუთების მოთხოვნით. აღნიშნულ, მოთხოვნაზე მოსარჩელეს 2017 წლის 11 აპრილს ეცნობა პასუხი, ხოლო, სარჩელი წარდგენილია 2017 წლის 8 მაისს, რის გამოც მოპასუხის დასახელებული პოზიცია დაუსაბუთებელია.

13.11. ამდენად, სააპელაციო სასამართლომ გაიზიარა პირველი ინსტანციის სასამართლოს შეფასება, რომ განსახილველ შემთხვევაში დისკრიმინაციული მოპყრობის ფაქტს ადგილი არ ჰქონია, სადავო ბრძანება არამართლზომიერი იყო, თუმცა, იმის გამო, რომ მოსარჩელის იმავე ან ტოლფას თანამდებობაზე აღდგენა ვერ ხერხდებოდა, კომპენსაციის გზით უფლებრივი რესტიტუცია შესაბამისობაში იქნებოდა კანონის მოთხოვნებთან.

14. დამსაქმებლის საკასაციო საჩივარი

14.1. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2020 წლის 8 ივლისის განჩინება სააპელაციო წესით გაასაჩივრა დამსაქმებელმა, გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა მოითხოვა.

14.2. კასატორის განმარტებით, გასაჩივრებული განჩინება დაუსაბუთებელია და მიღებული სათანადო გამოკვლევის გარეშე. სამსახურში არაერთი დეპარტამენტია, რომელიც ერთი და იმავე ფუნქციების მატარებელია, რის გამოც, ხარჯების შემცირების მიზნით, მუდმივად ხდება კადრების ოპტიმიზაცია, განსახილველ შემთხვევაშიც, არსებობდა მაგისტრალური მიმოსვლის სამსახურის უფროსის საშტატო ერთეულიც, რომელიც ფარავდა მოსარჩელის თანამდებობის უფლებამოსილებასაც, რის გამოც გაუქმდა მოსარჩელის შტატი. საგულისხმოა ის გარემოებაც, რომ სააპელაციო სასამართლომ დაადგინა შტატების გაზრდის ფაქტი, თუმცა, არ უმსჯელია რა სახის შტატები გაუქმდა და რომელი გაიზარდა.

15. საკასაციო სამართალწარმოების ეტაპი

15.1. საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2021 წლის 16 ოქტომბერი განჩინებით დამსაქმებლის საკასაციო საჩივარი წარმოებაში იქნა მიღებული სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მიხედვით დასაშვებობის შესამოწმებლად.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი

საკასაციო სასამართლო საქმის შესწავლის, მტკიცებულებათა გაანალიზების, საკასაციო საჩივრის დასაშვებობის იურიდიული დასაბუთებულობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ დამსაქმებლის საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს სსსკ-ის 391-ე მუხლის მოთხოვნებს, რის გამოც დაუშვებელია, შემდეგი არგუმენტაციით:

16. სსსკ-ის 391-ე მუხლის მეხუთე ნაწილის შესაბამისად, საკასაციო საჩივარი ქონებრივ და სხვა არაქონებრივ დავებში დასაშვებია, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს; ზ) გასაჩივრებულია სააპელაციო სასამართლოს მეორე დაუსწრებელი გადაწყვეტილება ან განჩინება დაუსწრებელი გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების თაობაზე. ზემოაღნიშნული ნორმები განსაზღვრავს იმ მოთხოვნებს, რომელთაც საკასაციო საჩივარი უნდა შეიცავდეს და ეფუძნებოდეს.

17. საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სსსკ-ის 391-ე მუხლით გათვალისწინებული არც ერთი ზემოხსენებული საფუძვლით.

18. საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ საკასაციო საჩივარი დასაშვებიც რომ ყოფილიყო, მას არა აქვს წარმატების პერსპექტივა შემდეგ გარემოებათა გამო:

ა) განსახილველ შემთხვევაში, არ არსებობს სსსკ-ის 391-ე მუხლის მეხუთე ნაწილის "ე" ქვეპუნქტით დადგენილი საკასაციო საჩივრის დასაშვებობის წინაპირობაც, რომლის მიხედვითაც, საკასაციო საჩივარი დასაშვებია, თუ სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმე განხილულია მნიშვნელოვანი საპროცესო დარღვევით, რომელსაც შეეძლო, არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე.

ბ) სსსკ-ის 407.2-ე მუხლის თანახმად, სააპელაციო სასამართლოს მიერ დამტკიცებულად ცნობილი ფაქტობრივი გარემოებები სავალდებულოა საკასაციო სასამართლოსათვის, თუ წამოყენებული არ არის დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია. სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილად ცნობილ ფაქტობრივ გარემოებებთან დაკავშირებით კასატორს ასეთი დასაბუთებული პრეტენზია არ წარმოუდგენია.

19. საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ სააპელაციო სასამართლოს საქმის გადასაწყვეტად სამართლებრივად მნიშვნელოვანი ყველა გარემოება აქვს გამოკვლეული.

20. საქართველოში შრომითი ურთიერთობების შეწყვეტა მოწესრიგებულია საქართველოს სშკ-ის 37-ე და 38-ე მუხლებით (შენიშვნა: იხ. მოქმედი რედაქციის 47-ე-48-ე მუხლები). რომელთაგან, პირველი მოიცავს შრომითი ხელშეკრულების შეწყვეტის საფუძვლებს, ხოლო მეორე არეგულირებს შეწყვეტის პროცესუალურ მხარეს. აღნიშნული მუხლების კუმულაციური საფუძვლით შეგვიძლია ვთქვათ, რომ შრომითი ურთიერთობის შეწყვეტისას დამსაქმებლის პოზიტიური ვალდებულებაა დაასრულოს დასაქმებულთან შრომითი ურთიერთობა მხოლოდ ლეგიტიმური გზებით, ხოლო ნეგატიური ვალდებულება წარმოადგენს იმას, რომ დამსაქმებელს არ უნდა შეეძლოს დასაქმებულის სამსახურიდან გაშვება შესაბამისი და გამართლებული საფუძვლის გარეშე, ამიტომ შრომითი ურთიერთობის შეწყვეტის იმ რეგულაციებს, რომლებიც სშკ-ის 37-ე და 38-ე მუხლებშია მოცემული, აქვთ ერთგვარი ,,შემაკავებელი ეფექტი“, რომლის საფუძველიც არის წინაპირობა შრომის ურთიერთობათა მხარეების თვითნებური, გაუმართლებელი გადაწყვეტილებების აღკვეთისთვის. სამოქალაქო კოდექსის 115-ე მუხლი წარმოადგენს უფლების ბოროტად გამოყენების აღკვეთის საკანონმდებლო იმპერატივს, რომლის მიხედვითაც, აკრძალულია უფლების ბოროტად გამოყენება მარტოოდენ იმ მიზნით, რომ ზიანი მიადგეს სხვას. აღნიშნული ნორმაცია სშკ-ის შესაბამის ნორმებთან ერთად ქმნის საკანონმდებლო რეგულირების იმ ბადეს, რომელიც ერთის მხრივ იცავს დასაქმებულს - გაუმართლებლად არ მოხდეს მისი გათავისუფლება და მეორე მხრივ - დამსაქმებელს - შრომითი ურთიერთობის დარღვევისათვის დაითხოვოს თანამშრომელი. ასე, რომ აღნიშნული ნორმები ქმნიან მოქმედების იმ ჩარჩოს, რომლის ფარგლებშიც შესაძლებელია გამართლებული იყოს როგორც პირის სამსახურიდან დათხოვნა, ისე სამსახურში აღდგენა, თუმცა აღნიშნული შედეგების რეალიზებისთვის აუცილებელია ყურადღება გამახვილდეს მტკიცების ტვირთზე, რადგან სამოქალაქო სამართლებრივი მტკიცების კლასიკური ტვირთი შრომის დავებში სპეციფიკურადაა წარმოჩენილი და ხშირ შემთხვევაში მიმართულია ერთგვარად ,,სუსტი მხარის“ ანუ დასაქმებულის პროცესუალური თანადგომისაკენ, თუმცა, ეს არ უნდა მივიჩნიოთ შეჯიბრებითობისა და პროცესუალური თანასწორობის კონსტიტუციური უფლების დარღვევად, რადგან ასეთი ტიპის დავებში სწორედ რომ უთანასწორო დამოკიდებულებაში მყოფი სუბიექტების ერთგვარი პროცესუალური გათანაბრება ხდება მის ოპონენტთან. აქედან გამომდინარე, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე მუხლის ფარგლებში, სშკ-ის 37-ე მუხლის პირველი ნაწილის ,,ა“ ქვეპუნქტის ფაქტობრივი გარემოების არსებობის მტკიცების ტვირთი გადადის არა დასაქმებულზე არამედ დამსაქმებელზე, რომელმაც უნდა შეძლოს რეორგანიზაციაში არსებული ცვლილებებისა და მოსარჩელის სამსახურიდან გაშვებას შორის არსებული მიზეზობრივი კავშირის დადგენა და საკუთარი გადაწყვეტილების (ხელშეკრულების შეწყვეტის) ლეგიტიმურობის დასაბუთება (შეადრ: სუსგ 2015 წლის 29 ივნისი, საქმე Nას-414-391-2014, რომლის მიხედვით, იმისათვის, რომ დასაქმებულის გათავისუფლება ლეგიტიმურად ჩაითვალოს, სშკ-ის 37(1) ,,ა“ ქვეპუნქტის შემთხვევის დასადგომად, დამსაქმებელმა აუცილებლად უნდა დაიცვას კუმულაციურად ორი მოთხოვნა მაინც: 1) უნდა არსებობდეს ეკონომიკური გარემოებები, ტექნოლოგიური ან ორგანიზაციული ცვლილებები და 2) აღნიშნულის შედეგად აუცილებელი უნდა იყოს სამუშაო ძალის შემცირება. ამასთან, პირველი ელემენტი შესაძლოა დამოუკდებლად არსებობდეს, თუმცა იმისთვის, რომ შრომის ხელშეკრულების შეწყვეტა მოხდეს, აუცილებელია მეორე ელემენტის არსებობა) (იხ. სუსგ: №ას-1513-2019, 16.12.2019).

21. საკასაციო სასამართლოს არაერთ განჩინებასა თუ გადაწყვეტილებაში აქვს განმარტებული, რომ რეორგანიზაცია შრომითი ხელშეკრულების შეწყვეტის ფორმალურსამართლებრივი საფუძველი ვერ გახდება, „ვინაიდან რეორგანიზაცია მუშაკთან ხელშეკრულების შეწყვეტის ფორმალური საფუძველი არ არის და ორგანიზაციაში მიმდინარე სტრუქტურული, ორგანიზაციული ცვლილებები არ უნდა იქცეს უმართებულო გადაწყვეტილების, რაც პირდაპირ ეწინააღმდეგება დასაქმებულთა უფლებებს, მიღების კანონისმიერ საფუძვლად. დასაქმებულის სამუშაო ადგილიდან დათხოვნისას, სშკ-ის 37-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული წინაპირობების განხორციელების შემთხვევაშიც, უნდა არსებობდეს გათავისუფლების გონივრული საფუძველი. საკასაციო სასამართლომ არაერთ საქმეში განმარტა, რომ დასაქმებულთა სამუშაოდან გათავისუფლების საფუძველი შეიძლება გახდეს საწარმოში განხორციელებული არა ყოველგვარი, არამედ ისეთი რეორგანიზაცია, რომელსაც თან სდევს შტატების შემცირება ან ახალი საშტატო ნუსხით გათვალისწინებული თანამდებობებისათვის დაწესებული ისეთი ფუნქციები, რომლებიც არსებითად განსხვავდება რეორგანიზაციამდე არსებული შესაბამისი თანამდებობებისათვის დაწესებული ფუნქციებისგან“ (იხ. სუსგ. №ას-665-636-2016, 9.12.2016)“.

22. საკასაციო სასამართლომ არაერთ საქმეზე განმარტა: „საქართველოში განხორციელებული შრომის კანონმდებლობის რეფორმის ერთ-ერთი მიზანი სწორედ დასაქმებულის უფლებების დაცვა იყო, ამასთან, მნიშვნელოვანია, რომ შრომის სამართალი დაკავშირებულია ქვეყნის ეკონომიკურ განვითარებასთან და თითოეული დასაქმებულის საქმის ინდივიდუალური შეფასებისას გამოყენებული უნდა იქნეს ე.წ. „favor prestatoris“ პრინციპი, რაც დასაქმებულთათვის სასარგებლო წესთა უპირატესობას ნიშნავს. სწორედ აღნიშნული პრინციპის გამოყენებისას, საჭიროა დამსაქმებლისა და დასაქმებულის მოთხოვნებისა და ინტერესების წონასწორობის დაცვა სამართლიანობის, კანონიერებისა და თითოეული მათგანის ქმედების კეთილსინდისიერების კონტექსტში“ (იხ. სუსგ # ას-941-891-2015, 29.01.2016წ.).

23. კასატორის კიდევ ერთი პრეტენზია, სარჩელის ხანდაზმულობას ეხება, რომლის პასუხადაც საკასაციო სასამართლო იზიარებს სააპელაციო სასამართლოს მსჯელობასა და დასკვნას (იხ. წინამდებარე განჩინების 13.10 ქვეპუნქტი), და დამატებით განმარტავს, რომ განსახილველ შემთხვევაში, სადავო ბრძანების დასაბუთების მოთხოვნაზე დასაქმებულმა პასუხი 2017 წლის 11 აპრილს მიიღო, ხოლო სარჩელი 30 დღის გასვლამდე - 2017 წლის 8 მაისს აღძრა, მიხედავად იმისა, რომ აღნიშნული სარჩელის მიღებაზე მოსარჩელეს უარი ეთქვა, შესაბამისი განჩინების მიღებიდან 6 თვის ვადაში მოსარჩელემ კვლავ მიმართა სარჩელით სასამართლოს, რომელიც წინამდებარე განხილვის საგანია, შესაბამისად საკასაციო სასამართლო იზიარებს ქვემდგომი ინსტანციის სასამართლოების დასკვნას, რომ სარჩელი არ იყო ხანდაზმული.

24. დადგენილი სასამართლო პრაქტიკის მიხედვით „მართალია, სამოქალაქო კოდექსის 140-ე მუხლში მითითებულია სარჩელის განუხილველად დატოვების და არა საქმის განხილვის შეწყვეტის თაობაზე, მაგრამ საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ ნორმა უნდა განიმარტოს მისი დანიშნულების გათვალისწინებით და არა გამოყენებული ტერმინების სიტყვასიტყვითი მნიშვნელობიდან გამომდინარე. საპროცესო კანონმდებლობის შესაბამისად, პირველი ინსტანციის სასამართლოში სარჩელის რეგისტრაციაზე უარის თქმის ან განუხილველად დატოვების შემთხვევაში, პირს შეუზღუდავად შეუძლია, ახალი სარჩელის აღძვრა, თუ აღმოიფხვრება სარჩელის წარმოებაში მიღების დამაბრკოლებელი გარემოებები. სწორედ ასეთი შემთხვევისათვის ადგენს სამოქალაქო კოდექსის 140-ე მუხლი, რომ სარჩელის განუხილველად დატოვების შემთხვევაში, ხანდაზმულობის ვადის დენა არ შეწყდება, მაგრამ, თუ პირი განუხილველად დატოვებიდან 6 თვის განმავლობაში აღძრავს ახალ სარჩელს, რომელსაც სასამართლო წარმოებაში მიიღებს და განიხილავს, ხანდაზმულობის ვადა შეწყვეტილად ითვლება პირველი სარჩელის წარდგენის მომენტიდან” (იხ. სუსგ საქმე №ას-1586-1489-2012, 22 აპრილი, 2013 წელი).

25. სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილი ფაქტების ფარგლებში, რაც სავალდებულოა საკასაციო სასამართლოსათვის (სსსკ-ის 407-ე მუხლი), კასატორმა ვერ შეძლო დასაბუთებული საკასაციო პრეტენზიის წარმოდგენა, რითაც ვერ დაძლია გასაჩივრებული განჩინების ფაქტობრივსამართლებრივი დასაბუთება და ვერ შეძლო მისი გაბათილება სარწმუნო მტკიცებულებებით.

26. სსსკ-ის 401-ე მუხლის მე-4 ნაწილის მიხედვით საკასაციო საჩივრის დაუშვებლად ცნობის შემთხვევაში პირს დაუბრუნდება მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 70%.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 284-ე, 285-ე, 391-ე, 401-ე, 408.3-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა

1. სს „ს.რ–ის“ საკასაციო საჩივარი, როგორც დაუშვებელი დარჩეს განუხილველი;

2. სს „ს.რ–ის“ სახელმწიფო ბიუჯეტიდან (ქ.თბილისი, „სახელმწიფო ხაზინა“, ბანკის კოდი TRESGE22, მიმღების ანგარიშის №200122900, სახაზინო კოდი 300773150) დაუბრუნდეს საკასაციო საჩივარზე, მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 750 ლარის (საგადახდო დავალება N22623, გადახდის თარიღი 2020 წლის 17 აგვისტო), 70% – 525 ლარი;

3. განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

თავმჯდომარე: მ. ერემაძე

მოსამართლეები: ვ. კაკაბაძე

ლ. მიქაბერიძე