Facebook Twitter

საქმე №ას-1374-2020 17 მარტი, 2021 წელი

ქ. თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატის

შემადგენლობა:

მირანდა ერემაძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),

მოსამართლეები: ვლადიმერ კაკაბაძე,

ლევან მიქაბერიძე

საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი განხილვის გარეშე

კერძო საჩივრის ავტორი – სსიპ სახელმწიფო ზრუნვისა და ტრეფიკინგის მსხვერპლთა, დაზარალებულთა დახმარების სააგენტო (მოპასუხე)

მოწინააღმდეგე მხარე – დ.კ–ვი (მოსარჩელე)

გასაჩივრებული განჩინება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2020 წლის 21 ოქტომბრის განჩინება

კერძო საჩივრის ავტორის მოთხოვნა – გასაჩივრებული განჩინების გაუქმება

დავის საგანი – ბრძანების ბათილად ცნობა, სამუშაოზე აღდგენა, იძულებითი განაცდურის ანაზღაურება

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი

1. დ.კ–მა სარჩელი აღძრა სასამართლოში სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს მიმართ ბრძანების ბათილად ცნობის, სამუშაოზე აღდგენისა და იძულებითი განაცდურის ანაზღაურების მოთხოვნით.

2. მოპასუხემ სარჩელი არ ცნო.

3. თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2019 წლის 18 დეკემბრის გადაწყვეტილებით სარჩელი არ დაკმაყოფილდა, რაც სააპელაციო წესით გაასაჩივრა მოსარჩელემ.

4. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2020 წლის 21 ოქტომბრის საოქმო განჩინებით მოპასუხის უფლებამონაცვლედ ცნობილ იქნა სსიპ - სახელმწიფო ზრუნვისა და ტრეფიკინგის მსხვერპლთა, დაზარალებულთა დახმარების სააგენტო.

5. სააპელაციო სასამართლომ დაადგინა, რომ მთავრობის 2020 წლის 29 იანვრის #58 დადგენილებით დამტკიცდა საჯარო სამართლის იურიდიული პირის - სახელმწიფო ზრუნვისა და ტრეფიკინგის მსხვერპლთა, დაზარალებულთა დახმარების სააგენტოს დებულება, რომლის მე-2 მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად, სსიპ სახელმწიფო ზრუნვისა და ტრეფიკინგის მსხვერპლთა, დაზარალებულთა დახმარების სააგენტო განისაზღვრა სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს უფლებამონაცვლედ მეურვეობისა და მზრუნველობის, აგრეთვე, საერთაშორისო შვილად აყვანის მიმართულებით საქართველოს კანონმდებლობით მისთვის მინიჭებული უფლებამოსილებების ფარგლებში.

6. სააპელაციო სასამართლომ მიიჩნია, რომ მითითებული დებულების შესაბამისად არსებობდა უფლებამონაცვლეობის დაშვების საფუძველი.

7. სააპელაციო სასამართლოს განჩინებაზე კერძო საჩივარი წარადგინა სსიპ სახელმწიფო ზრუნვისა და ტრეფიკინგის მსხვერპლთა, დაზარალებულთა დახმარების სააგენტომ.

8. კერძო საჩივრის ავტორის განცხადებით, სააპელაციო სასამართლომ არასწორად გადაწყვიტა საპროცესო უფლებამონაცვლეობის საკითხი. საჩივრის ავტორისათვის გაუგებარია, წარდგენილი სარჩელის დაკმაყოფილების შემთხვევაში, რატომ უნდა დაეკისროს მას განაცდურის გადახდა, მაშინ როდესაც ცალმხრივი ნება სამუშაოდან დასაქმებულის გათავისუფლების შესახებ გამოვლენილია სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს მიერ.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი

9. საკასაციო სასამართლო კერძო საჩივრის საფუძვლების ანალიზის, საქმის მასალების შესწავლისა და გასაჩივრებული განჩინების იურიდიული დასაბუთების შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ კერძო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

10. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 420-ე მუხლის თანახმად, კერძო საჩივრების განხილვა ზემდგომ სასამართლოებში წარმოებს შესაბამისად ამ სასამართლოებისათვის გათვალისწინებული წესების დაცვით. ამავე კოდექსის 410-ე მუხლის თანახმად კი, საკასაციო სასამართლო არ დააკმაყოფილებს საკასაციო საჩივარს, თუ: ა) კანონის მითითებულ დარღვევას არა აქვს ადგილი; ბ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებას საფუძვლად არ უდევს კანონის დარღვევა; გ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება არსებითად სწორია, მიუხედავად იმისა, რომ გადაწყვეტილების სამოტივაციო ნაწილი არ შეიცავს შესაბამის დასაბუთებას.

11. მოცემულ შემთხვევაში კერძო საჩივრით სადავოდაა გამხდარი საკითხი იმის შესახებ, არსებობდა თუ არა აპელანტის მოწინააღმდეგე მხარის (მოპასუხის) უფლებამონაცვლეობის საფუძველი.

12. საპროცესო უფლებამონაცვლეობის საფუძვლებს განსაზღვრავს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 92-ე მუხლი, რომლის თანახმად, სადავო ან სასამართლოს გადაწყვეტილებით დადგენილი სამართლებრივი ურთიერთობიდან ერთ-ერთი მხარის გასვლის შემთხვევაში (მოქალაქის გარდაცვალება, იურიდიული პირის რეორგანიზაცია, მოთხოვნის დათმობა, ვალის გადაცემა და სხვა), სასამართლო დაუშვებს ამ მხარის შეცვლას მისი უფლებამონაცვლით. უფლებამონაცვლეობა შესაძლებელია პროცესის ყოველ სტადიაზე. საკასაციო პალატა განმარტავს, რომ საპროცესო უფლებამონაცველობის საფუძველია უფლებამონაცვლეობა მატერიალურ სამართალში, როდესაც, მატერიალური სამართლის ნორმების მიხედვით, დასაშვებია სამართლებრივ ურთიერთობაში უფლებებისა და მოვალეობების სუბიექტების შეცვლა, როდესაც ახალი სუბიექტი მთლიანად ან ნაწილობრივ თავის თავზე იღებს თავისი წინამორბედის უფლებებს ან მოვალეობებს. შესაბამისად, თუ უფლებამონაცვლეობა მატერიალური სამართლის მიხედვით დასაშვებია, მაშინ დასაშვებია საპროცესო უფლებამონაცვლეობაც (შდრ. იხ. სუსგ საქმე №ას-1477-1397-2017, 30.01.2018).

13. საკასაციო პალატა ყურადღებას ამახვილებს საქართველოს მთავრობის 2020 წლის 29 იანვრის #58 დადგენილებაზე, რომლითაც დამტკიცდა სსიპ - სახელმწიფო ზრუნვისა და ტრეფიკინგის მსხვერპლთა, დაზარალებულთა დახმარების სააგენტოს დებულება. დებულების მე-2 მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის შესაბამისად, სსიპ - სოციალური მომსახურების სააგენტოს უფლებამონაცვლედ განისაზღვრა სსიპ სახელმწიფო ზრუნვისა და ტრეფიკინგის მსხვერპლთა, დაზარალებულთა დახმარების სააგენტო მეურვეობისა და მზრუნველობის, აგრეთვე საერთაშორისო შვილად აყვანის მიმართულებით საქართველოს კანონმდებლობით მისთვის მინიჭებული უფლებამოსილებების ფარგლებში.

14. საკასაციო სასამართლო ვერ გაიზიარებს კერძო საჩივრის ავტორის მოსაზრებას იმის შესახებ, რომ მოცემულ დავაში, ვინაიდან ცალმხრივი ნება სამუშაოდან დასაქმებულის გათავისუფლების შესახებ გამოვლენილია არა მისი, არამედ სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს მიერ, სარჩელის დაკმაყოფილების შემთხვევაში, არ არსებობს აღნიშნული სარჩელით მოთხოვნილი განაცდურის ანაზღაურების მისთვის (კერძო საჩივრის ავტორისთვის) დაკისრების საფუძველი.

15. საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ სამოქალაქო საპროცესო კანონმდებლობა (რომელიც განსაზღვრავს უფლებამონაცვლეობის წესსა და საფუძვლებს) ითვალისწინებს საქმეში უფლებამონაცვლედ სწორედ იმ პირის ჩაბმას, რომელიც მთლიანად ან ნაწილობრივ თავის თავზე იღებს თავისი წინამორბედის უფლებებს ან მოვალეობებს და თავდაპირველი მესაკუთრის შეცვლის პირობებში, ამ უკანასკნელისათვის დაკისრებული ყველა ვალდებულების მატარებელი სუბიექტი უფლებამონაცვლე ხდება. ამდენად, გამომდინარე იქიდან, რომ საქმეში წარმოდგენილია მთავრობის დადგენილება, რომელმაც სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს უფლებამონაცვლედ განსაზღვრა სსიპ - სახელმწიფო ზრუნვისა და ტრეფიკინგის მსხვერპლთა, დაზარალებულთა დახმარების სააგენტო (მეურვეობისა და მზრუნველობის, აგრეთვე საერთაშორისო შვილად აყვანის მიმართულებით საქართველოს კანონმდებლობით მისთვის მინიჭებული უფლებამოსილებების ფარგლებში), საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ სააპელაციო პალატამ მართებულად გამოიყენა შესაბამისი საპროცესო ნორმა (სსსკ 92-ე მუხლი) და მართებულად დაასკვნა, რომ არსებობდა მოპასუხის უფლებამონაცვლედ სსიპ სახელმწიფო ზრუნვისა და ტრეფიკინგის მსხვერპლთა, დაზარალებულთა დახმარების სააგენტოს საქმეში ჩაბმის საპროცესი-სამართლებრივი წინაპირობა. ამრიგად, არ არსებობს სამოქალაქო საპროცესო კოდქსის 410-ე მუხლის მიხედვით, კერძო საჩივრის დაკმაყოფილებისა და გასაჩივრებული საოქმო განჩინების გაუქმების საფუძველი.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი

საკასაციო პალატამ იხელმძღვანელა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 284-ე, 285-ე, 419-ე, 420-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა

1. სსიპ სახელმწიფო ზრუნვისა და ტრეფიკინგის მსხვერპლთა, დაზარალებულთა დახმარების სააგენტოს კერძო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;

2. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2020 წლის 21 ოქტომბრის განჩინება დარჩეს უცვლელი;

3. განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

თავმჯდომარე მ. ერემაძე

მოსამართლეები: ვ. კაკაბაძე

ლ. მიქაბერიძე