Facebook Twitter

საქმე №ას-1203-2020 21 აპრილი, 2021 წელი

ქ. თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატის

შემადგენლობა:

მირანდა ერემაძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),

მოსამართლეები: თამარ ზამბახიძე,

ლევან მიქაბერიძე

საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი განხილვის გარეშე

კერძო საჩივრის ავტორი – თ.ფ–ძე (მოპასუხე)

მოწინააღმდეგე მხარე – ამხანაგობა "ვ.უ–ი", თავმჯდომარე რ.ნ–ი, დ.ქ–ძე, ე.ბ–ძე, ე.ლ–ა, ვ.გ–ძე, ლ.ა–ძე, ო.გ–ძე, მ.ხ–ი, ს.ა–ი, ქ.ჭ–ი, ზ.გ–ძე, გ.მ–ა, ქ.უ–ი, ლ.გ–ძე (მოსარჩელეები)

გასაჩივრებული განჩინება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2020 წლის 10 აგვისტოს განჩინება

კერძო საჩივრის ავტორის მოთხოვნა – გასაჩივრებული განჩინების გაუქმება

დავის საგანი – სესხისა და იპოთეკის ხელშეკრულების ნაწილობრივ გაუქმება, უძრავი ქონების იპოთეკისაგან გათავისუფლება

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი

1. ამხანაგობა „ვერის უბნის“ თავმჯდომარე რ.ნ–მა, დ.ქ–ძემ, ე.ბ–ძემ, ე.ლ–ამ, ვ.გ–ძემ, ლ.ა–ძემ, ო.გ–ძემ, მ.ხ–მა, ს.ა–მა, ქ.ჭ–მა, ზ.გ–ძემ, გ.მ–ამ, ქ.უ–მა და ლ.გ–ძემ (შემდგომში „მოსარჩელეები“) სარჩელი აღძრეს სასამართლოში თ.ფ–ძის (შემდგომში „მოპასუხე“, „აპელანტი“ ან „კერძო საჩივრის ავტორი“) მიმართ სესხისა და იპოთეკის ხელშეკრულების ნაწილობრივ გაუქმებისა და უძრავი ქონების იპოთეკისაგან გათავისუფლების თაობაზე.

2. მოპასუხის გამოუცხადებლობის გამო თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიამ 2019 წლის 16 დეკემბერს მიიღო დაუსწრებელი გადაწყვეტილება სარჩელის დაკმაყოფილების შესახებ.

3. დაუსწრებელ გადაწყვეტილებაზე საჩივარი წარადგინა მოპასუხემ.

4. თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2020 წლის 6 მარტის განჩინებით საჩივარი არ დაკმაყოფილდა, რაც სააპელაციო წესით გაასაჩივრა მოპასუხემ.

5. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2020 წლის 10 აგვისტოს განჩინებით სააპელაციო საჩივარი დარჩა განუხილველი.

6. სააპელაციო სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ 2020 წლის 30 ივნისის განჩინებით აპელანტს სააპელაციო საჩივარზე დაუდგინდა ხარვეზი და განესაზღვრა ვადა მის შესავსებად. ამავე პალატის 2020 წლის 27 ივლისის განჩინებით კი დაკმაყოფილდა აპელანტის შუამდგომლობა და ხარვეზის შესავსებად დაწესებული ვადა გაგრძელდა 7 დღით. აპელანტს დაევალა აღნიშნულ ვადაში წარმოედგინა დაზუსტებული სააპელაციო საჩივარი ელექტრონული ფორმით და სახელმწიფო ბაჟის გადახდის დამადასტურებელი ქვითრის დედანი. ხარვეზის განჩინება აპელანტის ოჯახის წევრს (დას) ჩაბარდა 2020 წლის 31 ივლისს. შესაბამისად, აპელანტს ხარვეზის შევსება შეეძლო 2020 წლის 7 ივლისის ჩათვლით. სასამართლომ დაადგინა, რომ სააპელაციო საჩივრის ავტორმა ხარვეზი შეავსო დაგვიანებით, 2020 წლის 10 აგვისტოს. ამდენად, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 59-ე, 63-ე, 368-ე მუხლების მიხედვით, არსებობდა წარდგენილი სააპელაციო საჩივრის განუხილველად დატოვების საფუძველი.

7. სააპელაციო სასამართლოს განჩინებაზე აპელანტმა შეიტანა კერძო საჩივარი და მოითხოვა მისი გაუქმება.

8. კერძო საჩივრის ავტორის განცხადებით, სასამართლომ ხარვეზის განჩინება ჩააბარა მოხუც ნათესავს, რომელმაც მოგვიანებით გადასცა ადრესატის ოჯახის წევრს, აპელანტის მეუღლეს. სწორედ მეუღლისთის გზავნილის გადაცემიდან აითვალა კერძო საჩივრის ავტორმა ხარვეზის შევსების ვადა და განჩინებით განსაზღვრულ ვადაში შეავსო კიდეც იგი, რის გამოც არ არსებობდა სააპელაციო საჩივრის განუხილველად დატოვების საფუძველი.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი

9. საკასაციო სასამართლო კერძო საჩივრის საფუძვლების ანალიზის, საქმის მასალების შესწავლისა და გასაჩივრებული განჩინების იურიდიული დასაბუთების შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ კერძო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

10. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 420-ე მუხლის თანახმად, კერძო საჩივრების განხილვა ზემდგომ სასამართლოებში წარმოებს შესაბამისად ამ სასამართლოებისათვის გათვალისწინებული წესების დაცვით. ამავე კოდექსის 410-ე მუხლის თანახმად კი, საკასაციო სასამართლო არ დააკმაყოფილებს საკასაციო საჩივარს, თუ: ა) კანონის მითითებულ დარღვევას არა აქვს ადგილი; ბ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებას საფუძვლად არ უდევს კანონის დარღვევა; გ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება არსებითად სწორია, მიუხედავად იმისა, რომ გადაწყვეტილების სამოტივაციო ნაწილი არ შეიცავს შესაბამის დასაბუთებას.

11. კერძო საჩივრის ავტორი სადავოდ ხდის სასამართლოს მიერ გზავნილის სათანადო წესით ჩაბარებას და აცხადებს, რომ კურიერმა განჩინება ჩააბარა მის მოხუც ნათესავს, რომელმაც მოგვიანებით გადასცა იგი ადრესატის ოჯახის წევრს - მეუღლეს. სწორედ მეუღლისთვის გადაცემიდან აითვალა აპელანტმა ხარვეზის შესავსებად განჩინებით განსაზღვრული 7-დღიანი ვადა და ამ ვადაში შეავსო კიდეც ხარვეზი.

12. საკასაციო სასამართლო კერძო საჩივრის ავტორის ზემოხსენებული პრეტენზიის საფუძვლიანობის შემოწმებისას ყურადღებას მიაქცევს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 74-ე მუხლის პირველ ნაწილზე, რომლის მიხედვით, თუ სასამართლო უწყების ჩამბარებელმა სასამართლოში გამოსაძახებელი პირი ვერ ნახა მის მიერ მითითებულ მისამართზე, იგი უწყებას აბარებს მასთან მცხოვრებ ოჯახის რომელიმე ქმედუნარიან წევრს. უწყების ამ ნაწილით გათვალისწინებული პირისათვის ჩაბარება ჩაითვლება უწყების ადრესატისათვის ჩაბარებად, რაც დასტურდება უწყების მეორე ეგზემპლარზე უწყების მიმღების ხელმოწერით. მიმღები ვალდებულია უწყების მეორე ეგზემპლარზე აღნიშნოს თავისი სახელი და გვარი, ადრესატთან დამოკიდებულება.

13. ზემოაღნიშნული ნორმა ადგენს იმის შესაძლებლობას, რომ მხარის მიერ მითითებულ მისამართზე ამ უკანასკნელის არყოფნის შემთხვევაში, უწყება ჩაბარდეს მასთან მცხოვრებ ოჯახის რომელიმე ქმედუნარიან წევრს, რაც ჩაითვლება უწყების ადრესატისათვის ჩაბარებად.

14. განსახილველ შემთხვევაში, საქმის მასალებით დადგენილია, რომ ხარვეზის შესავსებად განსაზღვრული ვადის გაგრძელების შესახებ 2020 წლის 27 ივლისის განჩინების ასლი აპელანტს გაეგზავნა მის მიერ სააპელაციო საჩივარში მითითებულ მისამართზე - ქ. თბილისი,......... ქ. 15 და 2020 წლის 31 ივლისს ჩაბარდა ადრესატის დას, ი.რ–ძეს, რასაც ადასტურებს გზავნილზე მისი ხელმოწერა (იხ. ს.ფ 251).

15. საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ ვინაიდან საქმეში მითითებულ მისამართზე ი.რ–ძემ, როგორც ადრესატის დამ, პრეტენზიის გარეშე ჩაიბარა სასამართლო გზავნილი, რაც დაადასტურა საკუთარი ხელმოწერით, არსებობს პრეზუმფცია, რომ სასამართლო უწყება ჩაიბარა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 74-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებულმა უფლებამოსილმა პირმა – ადრესატის ოჯახის წევრმა. ამ ვარაუდს დამატებით ამყარებს ის გარემოება, რომ საქმეში არსებული სასამართლო გზავნილის ჩაბარების შესახებ შეტყობინების ბარათის მიხედვით, ი.რ–ძემ, აპელანტის მიერ მითითებულ მისამართზე სადავო განჩინების გამოტანამდეც ჩაიბარა თ.ფ–ძისთვის განკუთვნილი სასამართლო გზავნილი (იხ. ს.ფ 245), რომლის საფუძველზეც აპელანტმა შესაბამისი საპროცესო მოქმედებაც განახორციელა (ხარვეზის ვადის გაგრძელების მოთხოვნით მიმართა სასამართლოს (იხ. ს.ფ 246). საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ ზემოხსენებული პრეზუმფციის გაქარწყლების მტკიცების ტვირთი ეკისრება კერძო საჩივრის ავტორს (აპელანტს), რომელმაც სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე და 103-ე მუხლების შესაბამისად, სასამართლოს ვერ წარუდგინა რაიმე მტკიცებულება, რაც მითითებულ პრეზუმფციას გააქარწყლებდა. კერძო საჩივრის ავტორის მხოლოდ ზეპირი სახის განმარტება, რომ გზავნილი ჩაიბარა არაუფლებამოსილმა პირმა - ადრესატის მოხუცმა ნათესავმა, ვერ მიიჩნევა იმგვარ დასაბუთებულ შედავებად, რაც ზემოაღნიშნული დასკვნის გაქარწყლების შესაძლებლობას მისცემდა სასამართლოს.

16. საკასაციო პალატა მიუთითებს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 70-ე მუხლის პირველ ნაწილზე, რომლის თანახმად, სასამართლო შეტყობინების ადრესატისათვის ჩაბარება სასამართლოს მიერ დადგენილი საპროცესო ვადის დენის დაწყების საფუძველს წარმოადგენს. ამავე კოდექსის მე-60 მუხლის მეორე ნაწილის თანახმად, წლებით, თვეებით ან დღეებით გამოსათვლელი საპროცესო ვადის დენა იწყება იმ კალენდარული თარიღის ან იმ მოვლენის დადგომის მომდევნო დღიდან, რომლითაც განსაზღვრულია მისი დასაწყისი. ამავე კოდექსის 61-ე-63-ე მუხლების მიხედვით კი, საპროცესო მოქმედება, რომლის შესასრულებლადაც დადგენილია ვადა, შეიძლება შესრულდეს ვადის უკანასკნელი დღის ოცდაოთხ საათამდე, ხოლო საჩივარი ან საბუთები, რომელიც შეტანილია საპროცესო ვადის გასვლის შემდეგ, განუხილველი დარჩება.

17. ზემოაღნიშნულ ნორმათა ურთიერთშეჯერების საფუძველზე, საკასაციო პალატა ასკვნის, რომ იმ პირობებში, როდესაც აპელანტს სასამართლოს მიერ გაგზავნილი განჩინება ხარვეზის ვადის გაგრძელების შესახებ კანონით დადგენილი წესით ჩაბარდა 2020 წლის 31 ივლისს, ხოლო მან განჩინებით დადგენილი 7-დღიანი ვადის დარღვევით (2020 წლის 7 აგვისტოს ნაცვლად იმავე წლის 10 აგვისტოს) მიმართა სასამართლოს ხარვეზის შევსების მიზნით, სააპელაციო სასამართლომ მართებულად დატოვა განუხილველად სააპელაციო საჩივარი. შესაბამისად, არ არსებობს საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 410-ე მუხლის მიხედვით, კერძო საჩივრის დაკმაყოფილების საფუძველი.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი

საკასაციო პალატამ იხელმძღვანელა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 284-ე, 285-ე, 419-ე, 420-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა

1. თ.ფ–ძის კერძო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;

2. უცვლელად დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2020 წლის 10 აგვისტოს განჩინება;

3. განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

თავმჯდომარე მ. ერემაძე

მოსამართლეები: თ. ზამბახიძე

ლ. მიქაბერიძე