საქმე №ას-837-2020 8 აპრილი, 2021 წელი
ქ. თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატის
შემადგენლობა:
მირანდა ერემაძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
მოსამართლეები: ვლადიმერ კაკაბაძე,
ლევან მიქაბერიძე
საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი განხილვის გარეშე
კასატორი - ი.ა–ძე (მოსარჩელე, შეგებებული სარჩელის მოპასუხე)
მოწინააღმდეგე მხარე – ნ.ც–ძე (მოპასუხე, შეგებებული სარჩელის მოსარჩელე)
მესამე პირი - სსიპ სახელმწიფო ზრუნვისა და ტრეფიკინგის მსხვერპლთა, დაზარალებულთა დახმარების სააგენტო
გასაჩივრებული გადაწყვეტილება და განჩინება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2019 წლის 12 აპრილის დაუსწრებელი გადაწყვეტილება და 2020 წლის 30 ივნისის განჩინება
კასატორის მოთხოვნა – გასაჩივრებული დაუსწრებელი გადაწყვეტილებისა და განჩინების გაუქმება და საქმის წარმოების განახლება
დავის საგანი – არასრულწლოვანი ბავშვის საცხოვრებელი ადგილის განსაზღვრა
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი
1. სასარჩელო მოთხოვნა
1.1. ი.ა–ძემ (შემდგომში „მოსარჩელე“, „აპელანტი“, „საჩივრის ავტორი“, „კასატორი“ ან „საკასაციო საჩივრის ავტორი“) სარჩელი აღძრა სასამართლოში ნ.ც–ძის (შემდგომში „მოპასუხე“) მიმართ და მოითხოვა არასრულწლოვანი ბავშვების საცხოვრებელი ადგილის განსაზღვრა, ასევე, არასრულწლოვნ ბავშვებთან ურთიერთობის წესის განსაზღვრა.
2. მოპასუხის პოზიცია
2.1. მოპასუხემ წარდგენილი შესაგებლით სარჩელი არ ცნო.
3. შეგებებული სარჩელის ავტორის პოზიცია
3.1. მოპასუხემ სარჩელზე წარადგინა შეგებებული სარჩელი და მოითხოვა ბავშვების საცხოვრებელ ადგილად დედის საცხოვრებელი ადგილის განსაზღვრა, ასევე მოპასუხისთვის ალიმენტის გადახდის დაკისრება.
4. საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება
4.1. თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 21 ნოემბრის გადაწყვეტილებით როგორც სარჩელი, ასევე შეგებებული სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ.
5. მოსარჩელის სააპელაციო საჩივარი
5.1. საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილებაზე სააპელაციო საჩივრი წარადგინა მოსარჩელემ, მოითხოვა გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და სარჩელის სრულად დაკმაყოფილება.
6. სააპელაციო სასამართლოს დაუსწრებელი გადაწყვეტილება და დასკვნები
6.1. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2019 წლის 12 აპრილის სხდომაზე დაკმაყოფილდა აპელანტის მოწინააღმდეგე მხარის (მოპასუხის) შუამდგომლობა და აპელანტის გამოუცხადებლობის გამო მიღებული იქნა დაუსწრებელი გადაწყვეტილება, რომლითაც მოსარჩელის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა.
6.2. სასამართლომ დადგენილად მიიჩნია შემდეგი ფაქტობრივი გარემოებები:
6.2.1. მოსარჩელის სააპელაციო საჩივრის განხილვის მიზნით სააპელაციო სასამართლოში 2019 წლის 12 აპრილს 13:00 საათზე დანიშნული სასამართლო სხდომაზე არ გამოცხადდა აპელანტი, რომელიც პროცესზე მოწვეული იყო სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 70-ე-78-ე მუხლებით დადგენილი წესით.
6.2.2. სასამართლო სხდომაზე არ გამოცხადდა აპელანტი და მას არც გამოუცხადებლობის საპატიო მიზეზის შესახებ უცნობებია სასამართლოსთვის.
6.2.3. აპელანტის მოწინააღმდეგე მხარემ იშუამდგომლა დაუსწრებელი გადააწყვეტილების მიღების თაობაზე.
6.3. საპელაციო სასამართლომ იხელმძღვანელა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 70-ე-78-ე მუხლებით, ამავე კოდექსის 233-ე, 387-ე მუხლებით და დაასკვნა, რომ ვინაიდან აპელანტს სასამართლო უწყება ჩაბარდა კანონმდებლობით დადგენილი წესით, ხოლო მას სასამართლოსთვის არ უცნობებია რაიმე ისეთი გარემოების შესახებ, რაც არსებითად გაართულებდა ან შეუძლებელს გახდიდა სასამართლო სხდომაზე მის გამოცხადებას, არსებობდა აპელანტის მოწინააღმდეგე მხარის მიერ წარდგენილი შუამდგომლობის დაკმაყოფილებისა და აპელანტის გამოუცხადებლობის გამო სააპელაციო საჩივარზე უარის თქმის ფაქტობრივ-სამართლებრივი საფუძველი.
7. აპელანტის საჩივარი
7.1. თბილისის სააპელაციო სასამართლოს დაუსწრებელ გადაწყვეტილებაზე საჩივარი წარადგინა აპელანტმა, მოითხოვა გასაჩივრებული დაუსწრებელი გადაწყვეტილების გაუქმება და საქმის წარმოების განახლება.
8. სააპელაციო სასამართლოს განჩინება და დასკვნები
8.1. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2020 წლის 30 ივნისის განჩინებით საჩივარი არ დაკმაყოფილდა. უცვლელი დარჩა სააპელაციო სასამართლოს დაუსწრებელი გადაწყვეტილება.
8.2. სააპელაციო სასამართლომ არ გაიზიარა საჩივრის ავტორის პრეტენზია იმის შესახებ, რომ სასამართლო პროცესზე მისი წარმომადგენლის გამოუცხადებლობა გამოწვეული იყო საპატიო მიზეზით - ავადმყოფობით.
8.3. სასამართლომ იხელმძღვანელა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე, 215-ე, 233-ე მუხლებით, შეაფასა საჩივარზე დართული დოკუმენტის - აპელანტის წარმომადგენლის, (მ.შ–ას) ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ ცნობის - შინაარსი და დაასკვნა, რომ ცნობაში მითითებული პაციენტის ანამნეზით არ ირკვევა აპელანტის წარმომადგენლის ჯანმრთელობის მდგომარეობის იმგვარი გაუარესება, რაც ხელს შეუშლიდა მას სასამართლო სხდომაზე გამოცხადებაში ან/და სასამართლოსთვის სხდომაზე გამოუცხადებლობის საპატიო მიზეზის თაობაზე ინფორმირებაში. ამასთან, მითითებული დოკუმენტი არ არის შედგენილი სათანადო წესის დაცვით (არ არის დაბეჭდილი ტიტულოვან ფურცელზე, მასზე არ არის დასმული სამკურნალო დაწესებულების სარეგისტრაციო შტამპი და რეგისტრაციის ნომერი) და მისი ნამდვილობა ვერც თავად სამკურნალო დაწესებულებიდან გამოთხოვილი ინფორმაციით დგინდება.
9.აპელანტის საკასაციო საჩივარი
9.1. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2020 წლის 30 ივნისის განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრა აპელანტმა და მოითხოვა გასაჩივრებული განჩინების გაუქმება.
9.2. საკასაციო საჩივრის ავტორის განცხადებით, 2019 წლის 12 აპრილს, 13:00 საათზე დანიშნულ სასამართლო სხდომაზე აპელანტის წარმომადგენელი ვერ გამოცხადდა საპატიო მიზეზით, კერძოდ, დილით, დაახლოებით 09:30 საათზე მან თავი შეუძლოდ იგრძნო, ჰქონდა ჰაერის უკმარისობა და სისუსტე, რამდენიმე წამით გონებაც კი დაკარგა. ვინაიდან გონების დაკარგვა მისთვის არ იყო პირველი შემთხვევა, ფიქრობდა, რომ იმავე დღეს 13:00 საათზე დანიშნულ სასამართლო სხდომაზე გამოცხადებას ჩვეულებრივ შეძლებდა, თუმცა მეზობელი ექიმის რეკომენდაციით, მან მიმართა კარდიოლოგს, რადგან სახლის პირობებში პულსის გაზომვისას მისი ინტენსივობა ჰგავდა პარკუჭოვანი ელექტროცისტოლების ამოვარდნას, რაც აუცილებლად იმ პერიოდისთვის უნდა შემოწმებულიყო, რომ არ გამქრალიყო არსებული სურათი. კარდიოლოგთან ვიზიტისას საჭირო გახდა სათანადო კვლევების ჩატარება სპეციალური კარდიოლოგიური აპარატურის მეშვეობით, რის გამოც პაციენტმა ვერ მოახერხა სასამართლოს დროული ინფორმირება სხდომაზე შესაძლო გამოუცხადებლობის თაობაზე. თავად მარწმუნებლისთვის შეტყობინება კი აზრს კარგავდა, ვინაიდან აპელანტი ცხოვრობს ბათუმში და მოკლე დროში თბილისში ჩამოსვლას ვერ შეძლებდა. იგი ვერც ახალ წარმომადგენელზე გაცემდა მინდობილობას. რაც შეეხება მეორე ადვოკატს, დ.გ–ას, მას შეწყვეტილი ჰქონდა ადვოკატის უფლებამოსილება პრეზიდენტის საპარლამენტო მდივნად გამწესების გამო და ვერც ის შეძლებდა პროცესზე დასწრებას.
10. საკასაციო სამართალწარმოების ეტაპი
10.1. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2020 წლის 19 ოქტომბრის განჩინებით საკასაციო საჩივარი წარმოებაში იქნა მიღებული სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მიხედვით დასაშვებობის შესამოწმებლად, ხოლო ამავე პალატის 2021 წლის 5 მარტის განჩინებით იგი დასაშვებად იქნა ცნობილი.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი
საკასაციო სასამართლომ შეისწავლა საკასაციო საჩივრის საფუძვლიანობა, საქმის მასალები, შეამოწმა გასაჩივრებული დაუსწრებელი გადაწყვეტილებისა და ამ გადაწყვეტილების ძალაში დატოვების შესახებ განჩინების სამართლებრივი დასაბუთება და მიიჩნევს, რომ საკასაციო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს.
11. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 410-ე მუხლის თანახმად, საკასაციო სასამართლო არ დააკმაყოფილებს საკასაციო საჩივარს, თუ: ა) კანონის მითითებულ დარღვევას არა აქვს ადგილი; ბ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებას საფუძვლად არ უდევს კანონის დარღვევა; გ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება არსებითად სწორია, მიუხედავად იმისა, რომ გადაწყვეტილების სამოტივაციო ნაწილი არ შეიცავს შესაბამის დასაბუთებას.
12. სასამართლოში საქმის განხილვისას დაუსწრებელი გადაწყვეტილების მიღების წესსა და წინაპირობებს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 387-ე მუხლი განსაზღვრავს. ამ ნორმით გაუთვალისწინებელ შემთხვევებში კი გამოიყენება ამ კოდექსში ჩამოყალიბებული ნორმები პირველი ინსტანციის სასამართლოში დაუსწრებელი გადაწყვეტილების გამოტანის შესახებ. ნორმის პირველი და მე-2 ნაწილებით განსაზღვრულია აპელანტის ან მოწინააღმდეგე მხარის გამოუცხადებლობის სამართლებრივი შედეგები, ხოლო მე-3 ნაწილით დადგენილია დაუსწრებელი გადაწყვეტილების გამოტანის მარეგულირებელი ყველა იმ წესის გამოყენების აუცილებლობა, რაც სპეციალურ მოწესრიგებას (სსსკ 387-ე მუხლის პირველი და მე-2 ნაწილები) არ ეწინააღმდეგება.
13. იმისათვის, რათა სააპელაციო სასამართლოში აპელანტის გამოუცხადებლობისას გამოტანილ იქნას დაუსწრებელი გადაწყვეტილება, უნდა შემოწმდეს, არსებობს თუ არა 387-ე მუხლის პირველი ნაწილით დადგენილი წინაპირობები: ა) საქმის ზეპირ განხილვაზე არ უნდა გამოცხადდეს სააპელაციო საჩივრის აღმძვრელი პირი; ბ) გამოცხადებული მოწინააღმდეგე მხარე უნდა შუამდგომლობდეს დაუსწრებელი გადაწყვეტილების გამოტანის გზით სააპელაციო საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის თაობაზე. ამ გარემოებათა ერთობლივად არსებობა წარმოადგენს დაუსწრებელი გადაწყვეტილების გამოტანის ფორმალურ წინაპირობას, თუმცა ზემოაღნიშნული ნორმის მე-3 ნაწილის დათქმიდან გამომდინარე, სასამართლო ყოველთვის არის ვალდებული, შეამოწმოს, ხომ არ არსებობს დაუსწრებელი გადაწყვეტილების გამოტანის დამაბრკოლებელი გარემოებები, კერძოდ სახეზე ხომ არ არის შემდეგი: ა) გამოუცხადებელი მხარე მოწვეული არ იყო სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 70-ე–78-ე მუხლებით დადგენილი წესით; ბ) სასამართლოსათვის ცნობილი გახდა, რომ ადგილი ჰქონდა დაუძლეველ ძალას ან სხვა მოვლენებს, რომელსაც (რომლებსაც) შეეძლო ხელი შეეშალა სასამართლოში მხარის დროულად გამოცხადებისათვის; გ) გამოუცხადებელ მხარეს დროულად არ ეცნობა საქმის ფაქტობრივი გარემოებები; დ) არ არსებობს სარჩელის აღძვრის წინაპირობები (სსსკ 233.1 მუხლი).
14. როგორც დაუსწრებელი გადაწყვეტილების გაუქმების თაობაზე წარდგენილი საჩივრის შესწავლით დასტურდება, მხარე მის გაუქმებას მოითხოვს საპატიო მიზეზის არსებობით, საპატიო მიზეზად კი, იგი მიიჩნევს პროცესის დღეს წარმომადგენლის ჯანმრთელობის მდგომარეობის იმგვარ გაუარესებას, რაც, მისი სხდომაზე გამოცხადების შეუძლებლობას ქმნიდა. კერძოდ: ა) 2019 წლის 12 აპრილს, დილით, დაახლოებით 09:30 საათზე აპელანტის წარმომადგენელმა, მ.შ–ამ თავი შეუძლოდ იგრძნო, ჰქონდა ჰაერის უკმარისობა და სისუსტე, რამდენიმე წამით გონებაც კი დაკარგა. მეზობელი ექიმის რეკომენდაციით, მიმართა კარდიოლოგს, ხოლო ექიმთან ვიზიტისას საჭირო გახდა სათანადო კვლევების ჩატარება სპეციალური კარდიოლოგიური აპარატურის მეშვეობით, რის გამოც მან ვერ მოახერხა სასამართლო სხდომაზე გამოცხადება და ვერც სასამართლოს დროული ინფორმირება სხდომაზე შესაძლო გამოუცხადებლობის თაობაზე.
15. საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ მიღებული დაუსწრებელი გადაწყვეტილების გაუქმების მარეგულირებელ ნორმას წარმოადგენს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 241-ე მუხლი, რომლის თანახმად, დაუსწრებელი გადაწყვეტილება უნდა გაუქმდეს და საქმის განხილვა განახლდეს, თუ არსებობს 233-ე მუხლით გათვალისწინებული საფუძვლები, ან თუ მხარის გამოუცხადებლობა გამოწვეული იყო სხვა საპატიო მიზეზით, რომლის შესახებაც მას არ შეეძლო თავის დროზე ეცნობებინა სასამართლოსთვის.
16. თავის მხრივ, იმას, თუ რა განიხილება სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მიზნებისათვის საპატიო მიზეზად, განსაზღვრავს ამავე კოდექსის 215-ე მუხლის მე-3 ნაწილი, რომლის თანახმად, საპატიო მიზეზად ჩაითვლება მხარის მიერ შუამდგომლობისა და განცხადების წარდგენის შეუძლებლობა, რაც გამოწვეულია ავადმყოფობით, ახლო ნათესავის გარდაცვალებით ან სხვა განსაკუთრებული ობიექტური გარემოებით, რომელიც მისგან დამოუკიდებელი მიზეზით შეუძლებელს ხდის სასამართლო პროცესზე გამოცხადებას ან/და შუამდგომლობისა და განცხადების წარდგენას. ავადმყოფობა დადასტურებული უნდა იქნეს სამედიცინო დაწესებულების ხელმძღვანელის მიერ ხელმოწერილი დოკუმენტით, რომელიც პირდაპირ მიუთითებს სასამართლო პროცესზე გამოცხადების შეუძლებლობაზე.
17. დასახელებული ნორმის დეფინიციიდან გამომდინარე, იმისათვის, რომ სასამართლომ პროცესზე მხარის გამოუცხადებლობა ან სასამართლოსთვის შუამდგომლობისა და განცხადების წარუდგენლობა საპატიოდ მიიჩნიოს, უნდა არსებობდეს სამი წინაპირობა: 1. გამოუცხადებლობა გამოწვეული უნდა იყოს ავადმყოფობით ან განსაკუთრებული ობიექტური გარემოებით; და 2. აღნიშნული ავადმყოფობა ან განსაკუთრებული ობიექტური გარემოება მხარისაგან დამოუკიდებელი მიზეზით შეუძლებელს უნდა ხდიდეს მხარის პროცესზე გამოცხადებას ან/და გამოცხადების შეუძლებლობის შესახებ სასამართლოსთვის შეტყობინებას (ეს უკანასკნელი შეფასების ობიექტს განეკუთვნება და იმისათვის, რათა სასამართლომ მხარის მიერ მითითებული მიზეზი გამოუცხადებლობის საპატიო მიზეზად მიიჩნიოს, უნდა შეექმნას მხარის გამოცხადების ობიექტური შეუძლებლობის მყარი შინაგანი რწმენა); 3. ავადმყოფობა დადასტურებული უნდა იქნეს სამედიცინო დაწესებულების ხელმძღვანელის მიერ ხელმოწერილი დოკუმენტით, რომელიც პირდაპირ მიუთითებს სასამართლო პროცესზე გამოცხადების შეუძლებლობაზე. აღნიშნული ჩანაწერი იმპერატიულია და სასამართლოს ავალდებულებს გამოიკვლიოს გამოუცხადებლობის დამადასტურებელ დოკუმენტზე ხელმომწერი პირისა და მასში გამოუცხადებლობის შეუძლებლობაზე მითითების არსებობა
18. საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 215-ე მუხლის მე-3 ნაწილის დათქმა – „პირდაპირ მიუთითებს სასამართლო პროცესზე გამოცხადების შეუძლებლობაზე“, გულისხმობს, რომ სამედიცინო ცნობაში გასაგებად უნდა იკითხებოდეს მხარის ჯანმრთელობის ისეთი მძიმე მდგომარეობის არსებობა, რომელიც რეალურად შეუშლის ხელს მხარეს გადაადგილებაში და სასამართლოსთან კომუნიკაციაში. ასევე, გასათვალისწინებელია სამედიცინო დოკუმენტში მითითებული დიაგნოზი, რომელიც, თავისთავად მეტყველებს პაციენტის ჯანმრთელობის მდგომარეობის სიმძიმეზე (ავადმყოფობის გამო მხარის სასამართლო პროცესზე გამოუცხადებლობის საპატიოდ მიჩნევის თაობაზე არსებობს უზენაესი სასამართლოს მყარი პრაქტიკა, რომლის შესაბამისად, დადგენილია, რომ სასამართლო სხდომაზე მხარის ავადმყოფობის გამო გამოუცხადებლობის შემთხვევაში ავადმყოფობა დადასტურებული უნდა იქნას სამედიცინო დაწესებულების ხელმძღვანელის მიერ ხელმოწერილი დოკუმენტით, რომელიც პირდაპირ მიუთიუთებს სასამართლო პროცესზე გამოცხადების შეუძლებლობაზე (იხ. სუსგ №ას-500-468-2017, 30 ივნისი, 2017 წელი; №ას-206-195-2017, 16 მაისი, 2017 წელი; №ას-668-639-2016, 13 მარტი, 2017 წელი; №ას-594-560-2012, 7 ივნისი, 2012 წელი; №ას-519-754-08, 16 ივლისი, 2008 წელი).
19. განსახილველ შემთხვევაში, აპელანტის მიერ წარდგენილ, სამედიცინო დაწესებულება შპს „ა–ის“ მიერ გაცემულ, 2019 წლის 12 აპრილით დათარიღებულ ცნობაში აღნიშნულია, რომ მ.შ–ა (აპელანტის წარმომადგენელი) მითითებულ კლინიკაში იმყოფებოდა მიღებაზე ექიმ-კარდიოლოგთან დიაგნოზით - სინუსური ტაქიკარდია. მოკლე ანამნეზში მითითებულია შემდეგი: „პაციენტი თავს თვლის პრაქტიკულად ჯანმრთელად, პერიოდულად აქვს გულის აჩქარება, საერთო სისუსტე, გულის ფრიალი, ჩივილები ეხსნება სპონტანურად. დილიდან დაეწყო გულისცემის აჩქარება, გულის ფრიალი, ჰაერის უკმარისობა, ჩივილებმა მიიღო მზარდი ხასიათი, რის გამოც მომართა ჩვენს კლინიკას....“ აღსანიშნავია, რომ მოცემულ დოკუმენტში არსადაა მითითება სასამართლო პროცესზე მხარის გამოცხადების შეუძლებლობაზე, ამასთან, არც დოკუმენტში ასახული პაციენტის ზოგადი მდგომარეობის ანალიზით ირკვევა, რომ მას ექიმთან მიმართვისას ჯანმრთელობის იმგვარი გაუარესება აღენიშნებოდა, რაც პროცესზე მისი გამოცხადების შეუძლებლობას დაადასტურებდა, ან, როგორც მინიმუმ, მიუთითებდა სხდომაზე სავარაუდო გამოუცხადებლობის შესახებ სასამართლოს ინფორიმირების შეუძლებლობაზე. სამედიცინო ცნობიდან ირკვევა, რომ ექიმთან მიმართვისას, პაციენტის ცნობიერება იყო ნათელი, კონტაქტური და ადექვატური, ხოლო სტანციონარიდან გაწერისას, მას მხოლოდ ოჯახის ექიმის ამბულატორული მეთვალყურეობის შესახებ რეკომენდაცია გაეწია (იხ. ტ. 2, ს.ფ 133-134).
20. ამრიგად, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ მოცემულ შემთხვევაში, თუნდაც დგინდებოდეს, 2019 წლის 12 აპრილს 13:00 საათზე დანიშნულ სხდომაზე აპელანტის წარმომადგენლის გამოცხადების შეუძლებლობა ამ დროისათვის მისი სამკურნალო დაწესებულებაში ყოფნის გამო, მხარეს ევალებოდა სათანადო და რელევანტური მტკიცებულებების წარდგენით დაედასტურებინა, თუ რატომ ვერ მოახერხა მან პროცესის დაწყებამდე გონივრულ ვადაში სასამართლოს ინფორმირება თუნდაც სატელეფონო შეტყობინების გზით (მით უფრო მაშინ, როდესაც საქმის მასალებით დადგენილია, რომ სასამართლო სხდომა დანიშნული იყო 13:00 საათზე, ხოლო კლინიკას მ. შ–ამ მიმართა დილის 11:00 საათზე, სხდომამდე 2 საათით ადრე (იხ. ტ. 2, ს.ფ 133-134)). ამასთან, საჩივრის ავტორი, თავადვე მიუთითებს საჩივარში, რომ ჩივილები (როგორიცაა გულისცემის აჩქარება, საერთო სისუსტე, ჰაერის უკმარისობა და ა.შ.), რის გამოც მიმართა კლინიკას, უჩვეულო არ იყო მისთვის, რაც დამატებით ქმნის იმ დასკვნის გაკეთების საფუძველს, რომ პროცესის დღეს არ იკვეთებოდა აპელანტის წარმომადგენლის ჯანმრთელობის მდგომარეობის იმგვარი გაუარესება, რაც სხდომაზე მხარის გამოუცხადებლობის საპატიო მიზეზის არსებობაში დაარწმუნებდა სასამართლოს.
21. ყოველივე ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ სააპელაციო პალატამ მართებულად მიიღო დაუსწრებელი გადაწყვეტილება აპელანტის პროცესზე არასაპატიო მიზეზით გამოუცხადებლობის მოტივით და მართებულად დატოვა იგი ძალაში. კასატორს კი არ წარმოუდგენია იმგვარი დასაშვები და დასაბუთებული საკასაციო პრეტენზია, რაც სასამართლოს მითითებული ქმედების მიზანშეუწონლობას დაადასტურებდა. ამრიგად, საკასაციო საჩივარი უსაფუძვლოა და მას უარი უნდა ეთქვას დაკმაყოფილებაზე.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 410-ე მუხლით და
დ ა ა დ გ ი ნ ა
1. ი.ა–ძის საკასაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;
2. უცვლელად დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2020 წლის 30 ივნისის განჩინება და იმავე სასამართლოს 2019 წლის 12 აპრილის დაუსწრებელი გადაწყვეტილება;
3. განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე: მ. ერემაძე
მოსამართლეები: ვ. კაკაბაძე
ლ. მიქაბერიძე