Facebook Twitter

საქმე №ას-422-2021 21 მაისი, 2021 წელი,

ქ. თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატა

შემადგენლობა:

ეკატერინე გასიტაშვილი (თავმჯდომარე, მომხსენებელი),

მოსამართლეები: ზურაბ ძლიერიშვილი,

ნინო ბაქაქური

საქმის განხილვის ფორმა _ ზეპირი განხილვის გარეშე

საჩივრის ავტორი - შპს "G." (მოპასუხე, შეგებებული სარჩელით მოსარჩელე)

მოწინააღმდეგე მხარე – ს.მ–ი (მოსარჩელე, შეგებებული სარჩელით მოპასუხე)

გასაჩივრებული განჩინება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2021 წლის 13 აპრილის განჩინება

საჩივრის ავტორის მოთხოვნა – გასაჩივრებული განჩინების გაუქმება

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

1. ბოლნისის რაიონული სასამართლოს 2020 წლის 27 ნოემბრის გადაწყვეტილებით ს.მ–ის, ს. მ–ისა და გ. მ–ის სარჩელი არ დაკმაყოფილდა, ასევე, არ დაკმაყოფილდა შპს „G.”-ის (შემდეგში: მოპასუხე საწარმო, აპელანტი ან საჩივრის ავტორი) შეგებებული სარჩელი ზემოთ დასახელებული პირების მიმართ.

2. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის წარმოებაშია მოპასუხე საწარმოს სააპელაციო საჩივარი ს.მ–ის მიმართ 3 795 ლარის, ხოლო ს. მ–ის მიმართ - 4120 ლარის დაკისრების მოთხოვნით.

3. ს.მ–ის წარმომადგენელმა ვ.ჩ–მა, 2021 წლის 25 თებერვალს, შუამდგომლობით მიმართა თბილისის სააპელაციო სასამართლოს იმ მოტივით, რომ საქმეზე გამოყენებული უზრუნველყოფის ღონისძიება უკიდურესად ზღუდავდა ს.მ–ის ბიზნეს საქმიანობას და აკრძალვას დაქვემდებარებული უძრავი ქონების ღირებულება მნიშვნელოვნად აღემატებოდა საწარმოსშეგებებული სარჩელით მოპასუხე ს.მ–ისთვის წარდგენილი ფულადი მოთხოვნის მოცულობას და იშუამდგომლა ბოლნისის რაიონული სასამართლოს 2019 წლის 19 ნოემბრის განჩინების მე-2 პუნქტით გამოყენებული უზრუნველყოფის ღონისძიების შეცვლა ს.მ–ის ნაწილში დავის საგნის ღირებულების ოდენობით თანხის - 3 795 ლარის საერთო სასამართლოების სადეპოზიტო ანგარიშზე განთავსებით. შუამდგომლობას ერთვის საგადახდო დავალება 10513209228, რომლის თანახმადაც, სსიპ საერთო სასამართლოების დეპარტამენტის სადეპოზიტო ანგარიშზე (GE07TB7563236020100006) 2021 წლის 25 თებერვალს ვ.ჩ–ის მიერ განთავსებულ იქნა 3 795 ლარი შემდეგი დანიშნულებით: საწარმოს სარჩელის უზრუნველსაყოფად ს.მ–ის მიმართ საქმეზე N2/364-19 განჩინებით გამოყენებული უზრუნველყოფის ღონისძიების სხვა სახის ღონისძიებით შესაცვლელად, ს.მ–ის (პ/ნ ......) შენატანი სასამართლოს სადეპოზიტო ანგარიშზე საქმე N2ბ/731-21.

4. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2021 წლის 26 თებერვლის განჩინებით, შეგებებული სარჩელის მოპასუხე მხარის შუამდგომლობა დაკმაყოფილდა და გაუქმდა ბოლნისის რაიონული სასამართლოს 2019 წლის 19 ნოემბრის განჩინების მე-2 პუნქტით გამოყენებული სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიება, რომლითაც ს.მ–ს (პ/ნ ......) აეკრძალა მის საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების (საკადასტრო კოდი: ......, მისამართი: რაიონი ბოლნისი, სოფელი ........–) გასხვისება და უფლებრივად დატვირთვა; ვ.ჩ–ის მიერ ს.მ–ის სახელით, 2021 წლის 25 თებერვალს, ს.ს. „ს.ბ–ის“ მეშვეობით საერთო სასამართლოების სადეპოზიტო ანგარიშზე (სს ”თ.ბ–ი”, ბანკის კოდი: TBCBGE22, ანგარიშის №: GE07TB7563236020100006 GEL) განთავსებული 3795 ლარი (საგადახდო დავალება 10513209228) დარჩა სსიპ საერთო სასამართლოების დეპარტამენტის სადეპოზიტო ანგარიშზე სასამართლოში მხარეთა შორის დავის დასრულებამდე.

5. სარჩელის უზრუნველყოფის ერთი სახის მეორით შეცვლის შესახებ თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2020 წლის 26 თებერვლის განჩინებაზე საჩივარი წარადგინა აპელანტი საწარმოს წარმომადგენელმა ზ.ლ–ძემ და მოითხოვა სადავო განჩინების გაუქმება შემდეგი დასაბუთებით: სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიების შეცვლა არ იყო განპირობებული ობიექტური მიზეზებით, რადგან არანაირად არ ზღუდავდა მოპასუხე ს.მ–ის ბიზნეს საქმიანობას. სადეპოზიტო ანგარიშზე განთავსებული თანხა ვერ ფარავს ამავე შეგებებულ სარჩელში სახელმწიფო ბაჟის სახით მოთხოვნილ 288 ლარს; მცირე ოდენობის თანხის განთავსება სადეპოზიტო ანგარიშზე საჩივრის ავტორს (აპელანტს) უფლებას ართმევს, აინაზღაუროს სასამართლოსგარეშე ხარჯები, კერძოდ, ადვოკატისთვის გაწეული ხარჯები.

6. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2021 წლის 13 აპრილის განჩინებით აპელანტის საჩივარი არ დაკმაყოფილდა და საქმის მასალებთან ერთად გადმოეგზავნა საკასაციო სასამართლოს.

7. სააპელაციო სასამართლომ საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის (შემდეგში: სსსკ) 1971.2-ე, 196-ე მუხლებზე მიუთითა და განმარტა, რომ ფულადი თანხების გადახდევინების დავაში კანონმდებელი ყოველთვის აძლევს უფლებას მოპასუხეს, რომ გამოყენებული უზრუნველყოფის ღონისძიების სანაცვლოდ, მოსარჩელის მიერ მოთხოვნილი, ანუ დავის საგნის ღირებულების ტოლფასი ოდენობის თანხა განათავსოს სასამართლოს სადეპოზიტო ანგარიშზე და აღნიშნული გზით გაითავისუფლოს თავი სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიების შემზღუდველი ზემოქმედებიდან. მითითებული ნორმა მხარეთა ინტერესებს შორის გონივრული ბალანსის დაცვის აუცილებლობის კლასიკური გამოვლინებაა. ფულადი თანხების მიკუთვნების შესახებ აღძრულ სარჩელში მოსარჩელის ლეგიტიმური ინტერესია, დაიკმაყოფილოს ქონებრივი ინტერესი სასარჩელო მოთხოვნის ტოლფასი ანაზღაურების მიღების გზით და სწორედ ამ მიზნის დაცვის უზრუნველყოფას ემსახურება ამავე დავის ფარგლებში მოპასუხის მიმართ გამოყენებული ნებისმიერი შემზღუდავი ღონისძიება, რათა დავის წარმოების პროცესში მოპასუხის ქონებრივი მდგომარეობის უარყოფითმა ცვლილებამ კითხვის ნიშნის ქვეშ არ დააყენოს მოსარჩელის ლეგიტიმური ინტერესი მის სასარგებლოდ გამოტანილი სასამართლო გადაწყვეტილების აღსრულებასთან დაკავშირებით. სწორედ ამ მიზნით იქნა გამოყენებული შეგებებული სარჩელით მოპასუხე ს.მ–ის კუთვნილ უძრავ ნივთზე გასხვისებისა და უფლებრივად დატვირთვის აკრძალვა ბოლნისის რაიონული სასამართლოს მიერ, თუმცა სააპელაციო ინსტანციის სასამართლოში სასამართლოს სადეპოზიტო ანგარიშზე დეპონირებული ფულადი თანხის სახით წარმოშობილია ფაქტობრივი გარემოება, რომელიც სრულად ხსნის დღის წესრიგიდან ესოდენ შემზღუდავი ღონისძიების ძალაში დატოვების აუცილებლობას, როგორიც არის უძრავი ქონების განკარგვის აკრძალვა.

8. სსსკ-ის 196-ე მუხლი ფულადი თანხებიდან წარმოშობილ დავებში დეპონირების ინიციატორ მხარეს მტკიცების ტვირთს არ აკისრებს, ამდენად, არც სასამართლოა უფლებამოსილი, იკვლიოს, რეალურად უშლის თუ არა ხელს უზრუნველყოფის ღონისძიება მოვალეს საქმიანობის წარმართვაში. იმ პირობებში, როდესაც საკუთრების უფლების სამი კომპონენტიდან - ფლობა, სარგებლობა და განკარგვა აკრძალულია ესოდენ დიდი მნიშვნელობის უფლება განკარგვის სახით, იმთავითვე ნაგულისხმევია, რომ მესაკუთრე საკუთრების უფლების ჯეროვან რეალიზებას ვერ ახორციელებს.

9. სააპელაციო სასამართლომ არ გაიზიარა საჩივრის ავტორის მოსაზრება, რომ სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიება, დავის საგნის გარდა, სხვა მოთხოვნათა, მათ შორის, სახელმწიფო ბაჟისა და წარმომადგენლის დახმარებისთვის გაწეული ხარჯების ანაზღაურების უზრუნველყოფის საშუალებას წარმოადგენს და სსსკ-ის 191-ე მუხლის პირველ ნაწილის თანახმად განმარტა, რომ სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიებების გამოყენებით ხდება უშუალოდ დავის საგნის დაცვა და არა მასთან დაკავშირებული დამატებითი ხარჯების გადახდევინების გარანტირება.

10. იმ პირობებში, როდესაც ს.მ–ის მიმართ შეგებებული სარჩელის მოთხოვნა მხოლოდ 3 795 ლარს შეადგენს და დეპონირებული თანხის ოდენობაც იდენტურია, სასამართლომ მიიჩნია, რომ შერჩეულია ეფექტიანი, პროპორციული და გამოსადეგი ღონისძიება, რომელიც, ერთი მხრივ, იცავს მოსარჩელის კანონიერ ინტერესს და, მეორე მხრივ, ყველაზე ნაკლები დოზით ზღუდავს მოპასუხის უფლებებს.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლო აპელანტის საჩივრის იურიდიული დასაბუთებულობის შემოწმებისა და საქმის მასალების შესწავლის შედეგად, მივიდა დასკვნამდე, რომ წარმოდგენილი საჩივარი უსაფუძვლოა და არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგი არგუმენტაციით:

11. სსსკ-ის 399-ე მუხლის საფუძველზე, საქმის განხილვა საკასაციო სასამართლოში წარმოებს იმ წესების დაცვით, რომლებიც დადგენილია სააპელაციო სასამართლოში საქმეთა განხილვისათვის, გარდა იმ გამონაკლისებისა, რომელთაც სსსკ-ის XLIL თავი შეიცავს. სსსკ-ის 1971-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, ზემდგომი ინსტანციის სასამართლოში საჩივარი განიხილება ამავე კოდექსის 419-ე და 420-ე მუხლებით დადგენილი წესებით.

12. საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ განსახილველ შემთხვევაში, აპელანტი სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2020 წლის 26 თებერვლის განჩინების გაუქმებას მოითხოვს წინამდებარე განჩინების მე-5 პუნქტში მითითებულ არგუმენტებზე დაყრდნობით.

13. საკასაციო სასამართლო იზიარებს გასაჩივრებული განჩინების მითითებას სსსკ-ის 196-ე მუხლზე, რომელიც ითვალისწინებს სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიების ერთი სახის მეორით შეცვლის შესაძლებლობას, აღნიშნული კი საქმის განხილვის ნებისმიერ სტადიაზეა დასაშვები მხარის შუამდგომლობის საფუძველზე, თუმცა, ეს არ არის მხარის აბსოლუტური უფლება და იგი შეიძლება გამოყენებული იქნეს კანონით გათვალისწინებული შესაბამისი წინაპირობების არსებობისას (შეად. სუსგ # ას-824-2019, 06.12.2020 წ.). სარჩელის უზრუნველყოფის ინსტიტუტის მომწესრიგებელ ნორმებზე დაყრდნობით სავსებით დასაბუთებულად იქნა უარყოფილი აპელანტი საწარმოს საჩივარი სააპელაციო სასამართლოს 2021 წლის 13 აპრილის განჩინებით, რომლითაც უცვლელად დარჩა იმავე სასამართლოს 2020 წლის 26 თებერვლის განჩინება სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიების ერთი სახის მეორით შეცვლის თაობაზე.

14. სარჩელის უზრუნველყოფის მიზნებისა და ამ ინსტიტუტის დანიშნულებაზე სააპელაციო სასამართლოს მსჯელობას და დასკვნებს, რაც ასახულია წინამდებარე განჩინების 7-10 პუნქტებში, სავსებით იზიარებს საკასაციო სასამართლო და დამატებით აღნიშნავს, რომ მხარეთა ლეგიტიმური ინტერესების შეპირისპირების გათვალისწინებით, გამართლებულია სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიების ერთი სახის მეორით შეცვლა სსსკ-ის 196-ე მუხლის მოთხოვნების შესაბამისად, რადგან შეგებებული სარჩელის მოპასუხემ - ს.მ–მა ზუსტად იმ ოდენობის თანხა განათავსა სასამართლოს დეპოზიტზე, რასაც მას აპელანტი ედავება, რაც ორივე მხარის ინტერესების გათვალისწინებასა და შეგებებული სარჩელით მოსარჩელის სასარგებლოდ დაკმაყოფილებული გადაწყვეტილების მიღების შემთხვევაში მის აღსრულებას უზრუნველყოფს. ამდენად, ს.მ–მა მართებულად გამოიყენა საპროცესო კოდექსით დადგენილი სამართლებრივი შესაძლებლობა.

15. საჩივრის ავტორის არგუმენტების დაუსაბუთებლობის გამო უარყოფილია საწარმოს საჩივრის დაკმაყოფილება, რაც თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2020 წლის 26 თებერვლის განჩინების უცვლელად დატოვების საფუძველია.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 284-ე, 285-ე, 399-ე, 372-ე მუხლებით, 1971-ე მუხლის მე-4 ნაწილით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

1. შპს "G."-ის საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;

2. უცვლელად დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2021 წლის 13 აპრილის განჩინება, ამავე სასამართლოს 2020 წლის 26 თებერვლის განჩინების უცვლელად დატოვების შესახებ;

3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

თავმჯდომარე ე. გასიტაშვილი

მოსამართლეები: ზ. ძლიერიშვილი

ნ. ბაქაქური