Facebook Twitter

საქმე №ას-556-2019 23 აპრილი, 2021 წელი

ქ.თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატა

შემადგენლობა:

ბესარიონ ალავიძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი)

მოსამართლეები:

ეკატერინე გასიტაშვილი, ზურაბ ძლიერიშვილი

საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი მოსმენის გარეშე

კასატორები – ლ.დ–ი, ლ. და ნ. ზ–ები (მოსარჩელე)

მოწინააღმდეგე მხარე – შპს „ო.ჩ–ი “, შპს „ი.ს.გ–ი“, ქ.ქუთაისის მუნიციპალიტეტის მერია (მოპასუხე)

კასატორი _ შპს „ო.ჩ–ი +“ (მოპასუხე)

მოწინააღმდეგე მხარე _ ლ.დ–ი, ლ. და ნ. ზ–ები (მოსარჩელე)

გასაჩივრებული გადაწყვეტილება – ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2019 წლის 30 იანვრის გადაწყვეტილება

კასატორების მოთხოვნა: 1. გასაჩივრებული გადაწყვეტილების ნაწილობრივ გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის სრულად დაკმაყოფილება;

2. გასაჩივრებული გადაწყვეტილების ნაწილობრივ გაუქმება და სარჩელის უარყოფა

დავის საგანი – თანხის დაკისრება, ვალდებულების შესრულება, ზიანის ანაზღაურება

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

1. მოსარჩელეების მოთხოვნა და სარჩელის ფაქტობრივი საფუძვლები:

1.1. ლ.დ–მა, ლ. და ნ. ზ–ებმა (შემდგომში _ პირველი, მეორე და მესამე მოსარჩელე, აგრეთვე ტექსტში წოდებული, როგორც შეგებებული სააპელაციო საჩივრის ავტორები ან პირველი კასატორები) სარჩელი აღძრეს სასამართლოში ქ.ქუთაისის მუნიციპალიტეტის მერიის, შპს „ო.ჩ–ი ..-ისა“ და შპს „ი.ს.გ–ის“ (შემდგომში _ პირველი, მეორე და მესამე მოპასუხე, ტექსტში პირველი მოპასუხე წოდებული, როგორც მერია, მეორე მოპასუხე, როგორც პირველი კომპანია, მესამე მოპასუხე _ როგორც მეორე კომპანია, აგრეთვე პირველი და მეორე მოპასუხე, როგორც აპელანტები, ხოლო მეორე მოპასუხე _ როგორც მეორე კასატორი) მიმართ და მოითხოვეს სამეზობლო ზემოქმედებათა თმენის ვალდებულების გამო პირველი და მეორე მოპასუხისათვის სოლიდარული 19 000 აშშ დოლარის დაკისრებაზე, მოსარჩელეთა საცხოვრებელი ბინის (მდებარე ქ.ქუთაისში, ......) ეზოს მხარეს არსებული შუშაბანდის ფასადის ახალი მასალით შეცვლისა და აივანზე გასასვლელი კარის მოწყობის, დავალდებულება ფულადი კომპენსაციის _ 19 000 აშშ დოლარის დროულად გადაუხდელობის გამო მიუღებელი შემოსავლის სახით მიყენებული ზიანის _ ამ თანხის წლიური 5%-ის სოლიდარულად დაკისრება 2014 წლის 1 იანვრიდან თანხის დაფარვამდე, პირველ და მეორე კომპანიას შორის 2017 წლის 30 ივნისს დადებული აღნაგობისა და ინვესტირების ხელშეკრულების ბათილად ცნობა, ასევე, სამივე მოპასუხისათვის ქ.ქუთაისში, .......... ქ#5-ში მდებარე 615 კვ.მ მიწის ნაკვეთსა (ს/კ #......., ქუთაისის თვითმმართველი ერთეულის კუთვნილი უძრავი ქონება) და ქ.ქუთაისში, .......... ქ#7-ში მდებარე 1009 კვ.მ (ს/კ #........., მხარეთა თანასაკუთრებაში არსებული უძრავი ქონება) მიწის ნაკვეთზე უკანონოდ აშენებული ნაგებობის ექსპლუატაციის აკრძალვა, ასევე, ისეთი ახალი ნაგებობის აშენების აკრძალვა, რომელიც ძველის მსგავსად, დაუშვებლად ხელყოფს მეზობელი ნაკვეთის მესაკუთრეების _ მოსარჩელეების უფლებას.

1.2. სარჩელი ემყარება შემდეგ ფაქტობრივ გარემოებებს:

მოსარჩელეები არიან ერთი ოჯახის წევრები. 2008 წლის ზაფხულიდან, მას შემდეგ, რაც დაიწყო ქ.ქუთაისის ისტორიული ცენტრის რეაბილიტაციის პირველი ეტაპის სამუშაოები, ქ.ქუთაისში, .......... ქ#7-ში მცხოვრებ მოსარჩელეებს არაერთხელ შეხვდა იმერეთის იმდროინდელი გუბერნატორი მ.ჩ–ძე, ქ.ქუთაისის იმდროინდელი მერი ნ.შ–ა, სხვა ხელმძღვანელი თანამდებობის პირები და პირველი კომპანიის წარმომადგენლები. ისინი არწმუნებდნენ მოსარჩელეებს, რომ აუცილებელი იყო მათ მეზობლად, ჩრდილოეთის მხარეს ახალი ნაგებობის მშენებლობა, რასაც ქ.ქუთაისის მერია და შპს „ო.ჩ–ი“ ერთობლივად განახორციელებდნენ ქ.ქუთაისის თვითმმართველი ერთეულის საკუთრებაში არსებულ მიწის ნაკვეთზე კანონით დადგენილი წესის შესაბამისად შეთანხმებული სამშენებლო დოკუმენტის პროექტისა და მშენებლობის ნებართვის საფუძველზე. ახალი შენობა-ნაგებობის მშენებლობა, მათი აზრით, მოითხოვდა მათ საცხოვრებელ ბინაზე მიშენებული 12 მეტრი სიგრძისა და 1,5 მეტრი სიგანის ღია აივნის მოშლას, მასზე გამომავალი კარებისა და ფანჯრების ფუნქციის პრაქტიკულად დაკარგვით, რაც ნიშნავდა მათი საკუთრების უფლების მნიშვნელოვნად შეზღუდვას და რაზედაც აუცილებელი იყო მათი ნებართვა. სანაცვლოდ, პირდებოდნენ ერთჯერადი კომპენსაციის მიცემას და ეზოს მხარეს ავარიული შუშაბანდის ფასადის შეცვლას ახალი მასალით, აგრეთვე, აივანზე გამოსასვლელი კარის მოწყობას. აღნიშნულის გამო, პირველ და მეორე მოპასუხეს შორის 2008 წლის 21 ივლისს დადებულ #257 აღნაგობის ხელშეკრულებაში 2008 წლის 26 აგვისტოს #266 ხელშეკრულების 3.3. მუხლით შევიდა ცვლილება და მოაღნაგემ (პირველი კომპანია ) იკისრა ვალდებულება, სარგებლობაში გადაცემულ ქონებაზე მესამე პირთათვის გადაეხადა კომპენსაცია 12 000 აშშ დოლარის ეკვივალენტი ლარის ოდენობით. ასევე, გამოეცვალა სარგებლობაში გადაცემული ქ.ქუთაისში, .......... ქ#7-ში მდებარე მიწის მიმდებარედ არსებული სახლის მობინადრეებისათვის ფანჯრები და კეთილმოეწყო აივანი, რაც ქ.ქუთაისის მერის 2008 წლის 23 ოქტომბრის #2311 ბრძანებისა და 2008 წლის 21 ნოემბრის #311 ხელშეკრულების 3.3. მუხლის საფუძველზე, დაზუსტდა.

2008 წლის 29 ოქტომბერს მოსარჩელეებსა და პირველ კომპანიას შორის სანოტარო წესით დადასტურდა შეთანხმება იმის შესახებ, რომ 2008 წლის 26 აგვისტოს #266 ხელშეკრულებისა და ქ.ქუთაისის მერის 2008 წლის 23 ოქტომბრის #2311 ბრძანების საფუძველზე, პირველი კომპანია 2008 წლის 31 დეკემბრამდე კომპენსაციის სახით გადასცემდა 12.000 აშშ დოლარს, ხოლო, 2009 წლის 30 მაისამდე შეცვლიდა შუშაბანდის ფასადს ახალი მასალით და მოაწყობდა აივანზე გამოსასვლელ კარს, იმის სანაცვლოდ, რომ საცხოვრებელი სახლის ჩრდილოეთ მხარეს ამოქოლილი იქნებოდა ფანჯრები.

2011 წლის 23 დეკემბერს მოსარჩელეებსა და მეორე მოპასუხეს შორის სანოტარო წესით გაფორმდა შეთანხმება 2008 წლის 29 ოქტომბრის შეთანხმებაში ცვლილებების შეტანის შესახებ, რომლითაც პირველმა კომპანიამ იკისრა ვალდებულება, რომ მოსარჩელეებს 2012 წლის 30 აგვისტოს გადასცემდა 12 000 აშშ დოლარს, ხოლო 7 000 აშშ დოლარს _ არა უგვიანეს 2012 წლის 31 დეკემბრისა, ე.ი სულ მოსარჩელეებს აუნაზღაურდებოდათ 19 000 აშშ დოლარი, აგრეთვე, მათ კუთვნილ ფართში შეიცვლებოდა შუშაბანდის ფასადი ახალი მასალით და მოეწყობოდა აივანზე გამოსასვლელ კარი 2013 წლის 31 დეკემბრამდე.

არაერთი მოთხოვნის მიუხედავად, პირველი და მეორე მოპასუხე უარს ამბობენ, ნებაყოფლობით, სოლიდარულად აუნაზღაურონ მოსარჩელეებს სამეზობლო ზემოქმედებათა თმენის ვალდებულების გამო, შეთანხმებული ერთჯერადი ფულადი კომპენსაცია 19 000 აშშ დოლარი, რომელიც მათ უნდა გადაეხადათ 2013 წლის ბოლომდე. შედეგად მოსარჩელეები ყოველწლიურად განიცდიან ზიანს მიუღებელი შემოსავლის სახით 760 აშშ დოლარის ეკვივალენტი ლარის ოდენობით (19 000 აშშ დოლარის 4%). ისინი ასევე არ ასრულებენ შუშაბანდის ფასადის ახალი მასალით შეცვლისა და აივანზე გამოსასვლელი კარის მოწყობის ვალდებულებას.

ნაცვლად ვალდებულების კეთილსინდისიერად შესრულებისა, მეორე მოპასუხემ, მერიის ხელშეწყობით, 2017 წლის 30 ივნისს მეორე კომპანიასთან (ორივე ეს კომპანია რეალურად წამოადგენს ერთი და იგივე ოჯახის წევრთა საკუთრებას) გააფორმა აღნაგობისა და ინვესტირების კანონსაწინააღმდეგო და მოჩვენებითი ხელშეკრულება, რათა თავი აარიდოს მოსალოდნელ სამოქალაქოსამართლებრივ პასუხისმგებლობას. ეს მაშინ, როცა მოსარჩელეთა უფლებები დაუშვებლად არის ხელყოფილი მათ მეზობლად უკანონოდ და თვითნებურად აშენებული ნაგებობის გამო, რომელიც, ე–ზის დასკვნის თანახმად, ქმნის ჩამონგრევის რეალურ საფრთხეს.

2. მოპასუხეების პოზიცია:

2.1. პირველმა მოპასუხემ მოთხოვნის გამომრიცხველი შესაგებლით სარჩელი არ ცნო. მისი განმარტებით, მერიას რაიმე ვალდებულება არ აუღია მოსარჩელეების წინაშე და არც უნდა დაეკისროს კომპენსაციის გადახდა, ასევე უსაფუძვლოა მოთხოვნა შუშაბანდის ფასადის ახალი მასალით შეცვლისა და აივანზე გამოსასვლელი კარის მოწყობის თაობაზე, რადგან ქ.ქუთაისის მუნიციპალიტეტის მერიას ხელშეკრულების ფარგლებში მისი შესრულება არ ეკისრება;

2.2. მეორე მოპასუხის განმარტებით, კომპანიის პასუხისმგებლობას გამორიცხავს ის გარემოება, რომ მერიამ არ შეასრულა ნაკისრი ვალდებულებები, რის გამოც მოაღნაგეს, მისგან დამოუკიდებელ მიზეზთა გამო, არ მიეცა შესაძლებლობა, შეესრულებინა ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულება, კერძოდ: ქ.ქუთაისში, .......... ქ#7-ში მდებარე შენობა-ნაგებობების გამოყოფილი ნაწილი (189.53 კვ.მ) და .......... ქ#5-ში/ ...... ქ#15-ში მდებარე არასასოფლო-სამეურნეო მიწის ნაკვეთი (76 კვ.მ) მოაღნაგისათვის დღემდე არ გადმოუცია. რაც შეეხება სადავო თანხას, მხარეთა შორის არსებული ხელშეკრულება ითვალისწინებდა კომპენსაციის სახით მხოლოდ 12 000 აშშ დოლარის გადახდას. ამასთანავე, კომპანიას უნებართვო სამუშაოები არ ჩაუტარებია;

2.3. მესამე მოპასუხის შესაგებლის თანახმად, კომპანიებს შორის დაიდო ნამდვილი გარიგება, რომლის საფუძველზეც მხარეებს წარმოეშვათ უფლება-მოვალეობები. შეთანხმება არ არის მოჩვენებითი. ხელშემკვრელი მხარეები პირნათლად ასრულებენ ნაკისრ ვალდებულებას, ხოლო მოსარჩელეები არ არიან ამ ურთიერთობის მონაწილენი და მათ არ ადგებათ რაიმე ზიანი.

3. პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი:

ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2018 წლის 9 ივლისის გადაწყვეტილებით სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, პირველ და მეორე მოპასუხეს მოსარჩელეების სასარგებლოდ სამეზობლო ზემოქმედებათა თმენის ვალდებულებისათვის სოლიდარულად დაეკისრათ ერთჯერადი ფულადი კომპენსაციის სახით 12 000 აშშ დოლარის ეკვივალენტი ლარის გადახდა, მოსარჩელეთა თანასაკუთრებაში არსებული საცხოვრებელი სახლის ეზოს მხარეს ფასადზე შუშაბანდის შეცვლა ახალი მასალითა და აივანზე გასასვლელი კარის მოწყობა, ბათილად იქნა ცნობილი მეორე და მესამე მოპასუხეს შორის 2017 წლის 30 ივნისს დადებული აღნაგობისა და ინვესტირების ხელშეკრულება. სამივე მოპასუხეს აეკრძალა ქ.ქუთაისში, .......... ქ#5-ში მდებარე 615 კვ.მ (ს/კ #....... ქ.ქუთაისის თვითმმართველი ერთეულის საკუთრებაში არსებული ქონება) და .......... ქ#7-ში მდებარე 1009 კვ.მ (ს/კ # ....... თანასაკუთრების საგანი) მიწის ნაკვეთზე თვითნებურად და უკანონოდ აგებული შენობა-ნაგებობის ექსპლუატაცია და ახალი ისეთი ნაგებობის აშენება, რომელიც ძველის მსგავსად, დაუშვებლად ხელყოფს მეზობლად მცხოვრები მოსარჩელეების ნაკვეთით სარგებლობას. ამავე გადაწყვეტილებით, პირველი და მეორე მოპასუხისათვის მიუღებელი შემოსავლის სახით მიყენებული ზიანის სოლიდარულად ანაზღაურების მოთხოვნის ნაწილში სარჩელი უარყოფილ იქნა.

4. აპელანტების მოთხოვნა:

საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრეს პირველმა და მეორე მოპასუხემ, მოითხოვეს სარჩელის დაკმაყოფილების ნაწილში მისი გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის უარყოფა.

სააპელაციო სასამართლოს შეგებებული სააპელაციო საჩივრით მიმართეს მოსარჩელეებმა, მოითხოვეს სარჩელის უარყოფის ნაწილში გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის სრულად დაკმაყოფილება.

5. გასაჩივრებული გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი:

ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2019 წლის 30 იანვრის გადაწყვეტილებით პირველი მოპასუხის სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდა, გაუქმდა გასაჩივრებული გადაწყვეტილება მუნიციპალიტეტის მერიისათვის მოსარჩელეების სასარგებლოდ სამეზობლო ზემოქმედებათა თმენის ვალდებულებისათვის ერთჯერადი კომპენსაციის _ 12 000 აშშ დოლარის ეკვივალენტი ლარის სოლიდარულად დაკისრების, სახლის ფასადზე შუშაბანდის ახლით შეცვლის, აივანზე გასასვლელი კარის მოწყობისა და პროცესის ხარჯების ნაწილში და ახალი გადაწყვეტილებით ხსენებული სასარჩელო მოთხოვნები პირველი მოპასუხის მიმართ არ დაკმაყოფილდა. მეორე მოპასუხის სააპელაციო საჩივარი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, გასაჩივრებული გადაწყვეტილება მეორე და მესამე მოპასუხეს შორის 2017 წლის 30 ივნისს დადებული აღნაგობისა და ინვესტირების ხელშეკრულების ბათილად ცნობის, ასევე, ქ.ქუთაისში, .......... ქ#5-სა და #7-ში მდებარე მიწის ნაკვეთზე აშენებული ნაგებობის ექსპლუატაციისა და ახალი ისეთი ნაგებობის აშენების ნაწილში, რომელიც ძველის მსგავსად, დაუშვებლად ხელყოფს მოსარჩელეების მეზობელი ნაკვეთით სარგებლობას და ხსენებული სასარჩელო მოთხოვნები მეორე მოპასუხის მიმართ არ დაკმაყოფილდა. ამავე გადაწყვეტილებით ნაწილობრივ დაკმაყოფილდა შეგებებული სააპელაციო საჩივარი, ზიანის ანაზღაურებაზე უარის თქმის ნაწილში გასაჩივრებული გადაწყვეტილება გაუქმდა და ახალი გადაწყვეტილებით ამ ნაწილში სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, პირველ კომპანიას მოსარჩელეების სასარგებლოდ 2014 წლის 1 იანვრიდან ფულადი კომპენსაციის _ 12 000 აშშ დოლარის სრულად გადახდამდე მიუღებელი შემოსავლის სახით დაეკისრა ამ თანხის წლიური 5%-ის ანაზღაურება. დანარჩენ ნაწილში გასაჩივრებული გადაწყვეტილება დარჩა უცვლელად.

6. კასატორების მოთხოვნა:

სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება საკასაციო წესით გაასაჩივრეს მხარეებმა, პირველმა კასატორებმა (მოსარჩელეები) მოითხოვეს გასაჩივრებული გადაწყვეტილების ნაწილობრივ გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის სრულად დაკმაყოფილება, ხოლო, მეორე კასატორმა (პირველი კომპანია) _ ამავე გადაწყვეტილების ნაწილობრივ გაუქმება და სარჩელის უარყოფა.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლომ შეისწავლა საქმის მასალები, გასაჩივრებული გადაწყვეტილების დასაბუთებულობა, საკასაციო საჩივრების საფუძვლები და მიიჩნევს, რომ პირველი საკასაციო საჩივარი ნაწილობრივ უნდა დაკმაყოფილდეს, ხოლო, მეორე საკასაციო საჩივარი უსაფუძვლოა შემდეგი გარემოებების გამო:

1. გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმების დასაბუთება:

1.1. საკასაციო პრეტენზიების მოცულობა და საკასაციო განხილვის ფარგლები:

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 404-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად (საკასაციო სასამართლო ამოწმებს გადაწყვეტილებას საკასაციო საჩივრის ფარგლებში. საკასაციო სასამართლოს არ შეუძლია თავისი ინიციატივით შეამოწმოს საპროცესო დარღვევები, გარდა 396-ე მუხლის პირველი ნაწილის „ვ“ ქვეპუნქტში მითითებული ფაქტებისა), საკასაციო სასამართლო გასაჩივრებული გადაწყვეტილების კანონიერებას საკასაციო საჩივარში გამოთქმული პრეტენზიების შესაბამისად შეამოწმებს. საკასაციო საჩივრების თანახმად კი:

i. პირველი კასატორების პრეტენზიები:

სააპელაციო სასამართლომ მოპასუხე კომპანიებს შორის დადებული ხელშეკრულების ბათილად ცნობაზე უარის თქმით არასწორად დაადგინა ამ სამართლებრივი შედეგის მიმართ მოსარჩელეთა იურიდიული ინტერესის არარსებობა და აღნიშნულით ხელი შეუწყო მეორე მოპასუხეს, თავი აარიდოს იმ ვალდებულების შესრულებას, რომლის არსებობაც თავად დაადასტურა სასამართლომ. ამ მხრივ არასწორად იქნა შეფასებული ხელშეკრულების 2.6. მუხლი, გარდა ამისა, დავის პროცესში, ვალდებულების თავიდან არიდების მიზნით სადავო ხელშეკრულების საჯარო რეესტრში დარეგისტრირებით ორივე უძრავი ქონება გადასცა მესამე მოპასუხეს, რამაც განაპირობა ამ უკანასკნელის თანამოპასუხედ ჩაბმა. ამ პერიოდში მერიასა და მესამე მოპასუხეს შორის დადებული ხელშეკრულებით ცვლილება შევიდა სადავო გარიგების 2.6. პუნქტში და პირველ კომპანიას დარჩა ხელშეკრულებით მანამდე ნაკისრი შესრულების ვალდებულება, ხოლო, ქონება გადაეცა მესამე მოპასუხეს. ამგვარი ცვლილება განაპირობა სასამართლოს კანონიერ ძალაში შესულმა განჩინებამ, რომლის საფუძველზეც ქ.ქუთაისის მერია და შპს „ო.ჩ–ი “ მორიგდნენ. ამ განჩინების შესაბამისად, ქ.ქუთაისის მერიამ თანხმობა განაცხადა შპს „ო.ჩ-ს“ მესამე პირისათვის გადაეცა აღნაგობის უფლება იმ პირობით, რომ აღნაგობის უფლების შემძენი დაიკავებდა აღნაგობის უფლების გამსხვისებლის ადგილს და მასზე გადავიდოდა აღნაგობის უფლებიდან გამომდინარე უფლებები და ვალდებულებები. საქმის მასალებით დასტურდება, რომ შპს „ო.ჩ-ს“ რაიმე ქონება საკუთრებაში აღარ გააჩნია, ორივე უძრავი ნივთი შეზღუდული უფლებით გადაეცა მესამე მოპასუხეს, ამ უკანასკნელს კი, აღნაგობის ქირის გადახდის ვალდებულება გააჩნია მესაკუთრის და არა აღნაგობის უფლების გამცემის მიმართ. ამდენად, მეორე და მესამე მოპასუხეს შორის დადებული ხელშეკრულება პირდაპირ და უშუალოდ ეხება მოსარჩელეთა ინტერესებს. გარდა ამისა, უდავოა, რომ ამ ხელშეკრულების საფუძველზე მესამე მოპასუხისათვის გადაცემული ერთ-ერთი მიწის ნაკვეთი წარმოადგენს საზიარო საგანს და მისი განკარგვისათვის, სამოქალაქო კოდექსის 234-ე მუხლის პირველი ნაწილის, 235-ე მუხლის, 173-ე მუხლის მე-2 ნაწილის, 953-ე, 956-ე-957-ე და 959-ე მუხლების თანახმად, გარდა ქ.ქუთაისის მუნიციპალიტეტის მერიისა, საჭირო იყო სხვა თანამესაკუთრეთა თანხმობა, ამგვარი თანხმობა გაცემული არ არის. სადავო ხელშეკრულების საგანს წარმოადგენს ასევე უნებართვოდ აშენებული ნაგებობები, რომლებზეც მოსარჩელეთა მოთხოვნის საფუძველზე, სარჩელის უზრუნველყოფის მიზნით ყადაღის დადებაც კი შეუძლებელი აღმოჩნდა, ვინაიდან ნაგებობები არ არის რეგისტრირებული საჯარო რეესტრში დადგენილი წესით;

სააპელაციო პალატამ დაადგინა და ცხადია, მესაკუთრეს უფლება აქვს, მოითხოვოს ხელშეშლის აღკვეთა, თუმცა, ხელშეშლის ფაქტის მტკიცების თვალსაზრისთ, სააპელაციო პალატამ სრულიად უმართებულოდ დაიწუნა საქმეში წარმოდგენილი შპს „ა-ე-ის“ დასკვნა. ამ მხრივ სასამართლომ არასწორად გამოიყენა „აის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-2 მუხლის პირველი პუნქტის „ნ“ ქვეპუნქტი;

სააპელაციო პალატამ სრულად გამორიცხა ქ.ქუთაისის მერიის პასუხისმგებლობა მოცემულ დავაში, მიუხედავად იმისა, რომ გადაწყვეტილების სამართლებრივი დასაბუთებისას იხელმძღვანელა სამოქალაქო კოდექსის 317-ე მუხლის პირველი ნაწილითა და 175-ე მუხლის მე-3 ნაწილით. პალატის დასკვნით, ქ.ქუთაისის მერიასა და შპს „ო.ჩ–ს“ შორის 2008 წლის 21 ივლისს დადებული ხელშეკრულება წარმოადგენდა მესამე პირების _ მოსარჩელეების სასარგებლოდ დადებულ გარიგებას, თუმცა, სოლიდარული პასუხისმგებლობის მოთხოვნას მოსარჩელეები არ ამყარებენ სახელშეკრულებო მოთხოვნაზე. მათთან მოსალაპარაკებლად შპს „ო.ჩ-ის“ დირექტორთან ერთად დადიოდა ქ.ქუთაისის იმდროინდელი მერი და გუბერნატორი, რომლებმაც რეაბილიტაციის ფარგლებში იკისრეს ვალდებულება, მშენებლობის დადგენილი წესისა და გაცემული ნებართვის შესაბამისად წარმოებაზე. რომ არა თანამდებობის პირთა ჩართულობა სახელშეკრულებო პირობებში, მოსარჩელეები არ დათანხმდებოდნენ შეთავაზებას. ამდენად, სოლიდარული პასუხიმგებლობის საფუძველი არა სამოქალაქო კოდექსის 349-ე მუხლი, არამედ, ზეპირი შეთანხმება და სამოქალაქო კოდექსის 175-ე მუხლის მე-3 ნაწილია. მოცემულ შემთხვევაში, სახეზეა შემთხვევა, როდესაც მოსარჩელეების, ასევე, ქ.ქუთაისის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებულ მიწაზე მეაღნაგისა და მოაღნაგის ერთობლივი შეთანხმების საფუძველზე აშენდა ნაგებობა. შენობის ექსპლუატაცია იწვევს არა მხოლოდ სამეზობლო ზემოქმედებათა თმენის ვალდებულების, არამედ, საკუთრების უფლების დარღვევასაც, შესაბამისად, სახეზეა სოლიდარული პასუხისმგებლობისათვის სამოქალაქო კოდექსის 463-ე-446-ე მუხლებით გათვალისწინებული წინაპირობები;

სასამართლოს დასკვნით, მოსარჩელეებმა ვერ დაადასტურეს, რომ უკანონოდ აშენებული ნაგებობა ხელყოფს მათ უფლებებს. ამ მხრივ შეფასება არ მისცემია საქმეში წარმოდგენილ ტექნიკური ე–ზის #27 დასკვნას, რომლითაც დასტურდება, რომ ატმოსფერული ნალექები ჩაედინება შენობის საძირკველში, აზიანებს მას და იძლევა მოსარჩელეთა კუთვნილი შენობის ჩამოქცევის საფრთხეს. საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილებით დადგინდა ამ ნაგებობის ექსპლუატაციის, ასევე, სხვა უკანონო ნაგებობის აშენების აკრძალვა და გადაწყვეტილების ხსენებული პუნქტი მესამე მოპასუხის მიმართ შესულია კანონიერ ძალაში;

სააპელაციო პალატამ დამატებითი გადაწყვეტილებით კასატორებს არასწორად დააკისრა 902,44 ლარის გადახდა, ამ შემთხვევაში სასამართლომ არასწორად იანგარიშა დავის საგნის ღირებულება, უფრო მეტიც, ქ.ქუთაისის მერიის სააპელაციო საჩივრის საგანს კომპენსაციის სოლიდარულად დაკისრებაზე უარის თქმა წარმოადგენდა, ამ ნაწილში სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა, არამედ, მერიას მოსარჩელეების სასარგებლოდ დაეკისრა მიუღებელი შემოსავლის ანაზღაურებაც, შესაბამისად, 902,44 ლარის მოსარჩელეებისათვის დაკისრება გაუმართლებელია.

ii მეორე კასატორის პრეტენზიები:

სააპელაციო პალატამ არასწორად გაანაწილა მხარეთა შორის მტკიცების ტვირთი, რამდენადაც მხოლოდ მეორე კასატორი არ იყო ვალდებული, დაემტკიცებინა ჰქონდა თუ არა მას სრულად შესრულებული ვალდებულება, რომელსაც თავის მხრივ წინ უძღოდა მოსარჩელეთა მხრიდან განსახორციელებელი ქმედება. მარტო ერთი მხარის დავალდებულებას რაიმე ქმედების განხორცილებაზე, მხარეთა შორის არსებული შეთანხმება არ ითვალისწინებდა. ფულადი კომპენსაციის გადახდაზე შპს „ო. ჩ–ი“ თანახმა მხოლოდ იმ შემთხვევაში იყო, თუ სანაცვლოდ აღნაგობის წესით, შეთანხმებით განსაზღვრულ უძრავ ქონებას მიიღებდა, რის ხელშეშლასაც დღემდე თავად მოსარჩელეები ახორციელებენ. ქვემდგომი ინსტანციის სასამართლოებმა დადასტურებულად მიიჩნიეს, შპს „ო.ჩ–ის“ ვალდებულება, სამეზობლო ზემოქმედებათა თმენის ვალდებულების გამო, მოსარჩელეებს გადაუხადოს ფულადი კომპენსაცია, რაც არასწორია, რადგანაც 2008 წლის გარიგების პირობების განსაზღვრა არ მომხდარა სამართლიანობის საფუძველზე და მხარეები წინასწარი განზრახვით მოატყუეს. მეორე კასატორისათვის რეალურად არსებული გარემოება ცნობილი გახდა გარიგების დადების შემდეგ. არც ერთი ინსტანციის სასამართლოს სრულყოფილად არ გამოუკვლევია გარიგების დადების წინაპირობები. გარიგების სადავოობისას, ნების ნაკლს, მხარის არასწორი წარმოდგენა განაპირობებს დასადები გარიგების შინაარსთან დაკავშირებით, ასევე იმ გარემოებების არასწორი აღქმა, რაც გარიგების დადებას დაედო საფუძვლად. ხელშეკრულების გაფორმების პროცესში, ცხადია, რომ მხარეები შეგნებულად დუმდნენ იმ გარემოებათა გამო, რომელთა გამჟღავნების დროსაც შპს „ო. ჩ–ი“ არ გამოავლენდა ნებას და არავითარ შეთანხმებას არ გააფორმებდა თუ მისთვის ცნობილი იქნებოდა რომ ვერ მიიღებდა სასურველ შედეგს, კერძოდ არ გადაეცემოდა მიწის ნაკვეთი, რომლის გადაცემასაც იგი დღემდე უშედეგოდ ითხოვს. კომპენსაციის გაცემასა და გარკვეული სამუშაოების შესრულებაზე შპს „ო.ჩ–მა“ თანხმობა იმიტომ განაცხადა, რომ მას სანაცვლოდ აღნაგობის უფლებით უნდა გადასცემოდა მიწის ნაკვეთი, რომელიც მოწინააღმდეგე მხარისა და ქუთაისის მერიის თანასაკუთრებაა. გარიგების დადებამდე, ქუთაისის მერია განმარტავდა, რომ კომპენსაციის გადახდისა და გარკვეული სამუშაოების შესრულების სანაცვლოდ, მოსარჩელეები მას თანხმობას მისცემდნენ თანასაკუთრებაში არსებული მიწის ნაკვეთიდან მოპასუხისათვის ფართის გამოყოფაზე. მიუხედავად ასეთი დაპირებისა, მიწის ნაკვეთის გამოყოფაზე დავა მიმდინარეობს ქუთაისის მერიასა და მოწინააღმდეგე მხარეებს შორის, რაც ყოველდღიურ მატერიალურ ზიანს აყენებს კასატორს.

სააპელაციო პალატამ, კომპენსაციის დაკისრებისას არასწორად განმარტა სამოქალაქო კოდექსის 175-ე მუხლი, რის გამოც, გაუგებარია, თუ რა ფაქტობრივი გარემოების საფუძველზე წარმოეშვა მოწინააღმდეგე მხარეს სამეზობლო ზემოქმედებათა თმენის ვალდებულება. წინამდებარე დავის პირობებში კომპენსაციის გადახდის წინაპირობა სამეზობლო თმენის ვალდებულება კი არ იყო, არამედ 1) საცხოვრებელი სახლის ჩრდილოეთ მხარეს ფანჯრების ამოქოლვა და 2) მიწის ნაკვეთის თანასაკუთრებიდან გამოყოფა და მოაღნაგისათვის გადმოცემა.

როგორც უკვე ითქვა, გარიგების დადება მოწინააღმდეგე მხარეთა მიერ მიწის ნაკვეთის საკუთრებაში გადაცემაზე იყო დამოკიდებული, ხოლო, მოგვიანებით ამ პირობის დაცვა მხარის ინტერესებში არ შედიოდა და თავის მხრივ, პირობის განხორციელებაც შეუძლებელი იყო, რადგან მიწის ნაკვეთს გარდა ამ სამი პირისა, ჰყავს სხვა თანამესაკუთრეებიც. აღნიშნულის გამო, სამოქალაქო კოდექსის 91-ე მუხლის საფუძველზე, სადავო გარიგება ბათილია რომელიც რაიმე კომპენსაციის დაკისრებას გამორიცხავს.

საქალაქო სასამართლომ ქუთაისის მერია მოცემულ დავაზე ვალდებულ პირად სწორად მიიჩნია და მართებულად აღნიშნა, რომ სწორედ 2018 წლის 21 ივლისის #257 ხელშეკრულების (შემდგომი ცვლილებებითა და დამატებებით) საფუძველზე იკისრა შპს „ო.ჩ-მა“ მესამე პირების საკომპენსაციოდ 12 000 აშშ დოლარის ანაზღაურება, მოსარჩელეთა თანასაკუთრებაში არსებულ საცხოვრებელ ბინაში შუშაბანდის ფასადის შეცვლა ახალი მასალით და აივანზე გამოსასვლელი კარების მოწყობა. პირველი ინსტანციის სასამართლომ ასევე დადგენილად მიიჩნია, რომ ბინის მესაკუთრეებთან მოლაპარაკებაში მონაწილეობდნენ და შესაბამისი პასუხისმგებლობა იკისრეს, როგორც შპს „ო.ჩ-ის“, ისე _ ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტის მერიის ხელმძღვანელებმა, ვინაიდან შენობა-ნაგებობა უნდა აშენებულიყო ადგილობრივი თვითმმართველობის საკუთრებაში რიცხულ მიწის ნაკვეთზე და სამშენებლო დოკუმენტის პროექტი უნდა დაემტკიცებინა ქ.ქუთაისის მერიას. ამ მსჯელობის მიხედვით გაუგებარია, თუ რატომ ჩათვალა სასამართლომ რომ მხარეთა შორის დადებული შეთანხმება არ ითვალისწინებდა ქუთაისის მერიის მხრიდან კასატორისათვის ქონების სარგებლობაში გადაცემას მაშინ, როცა შეთანხმების ტექსტში ხაზგასმითაა აღნიშნული, რომ იგი დაიდო #266 ხელშეკრულების, 2008 წლის 21 ივლისის #257 შეთანხმების შესაბამისად, რაც უძრავი ნივთის სარგებლობაში გადაცემას გულისხმობდა.

სააპელაციო სასამართლომ უსაფუძვლოდ დააკმაყოფილა მოსარჩელეთა შეგებებული სააპელაციო საჩივარი მიუღებელი შემოსავლის ანაზღაურების მოთხოვნის ნაწილში, რამდენადაც საკომპენსაციო თანხის დაკისრება კანონიერი ქმედების შედეგი შეიძლება იყოს, რაც გამორიცხავს ზიანის ანაზღაურების წინაპირობების არსებობას. გარდა ამისა, მხარეთა შორის წარმოშობილი სახელშეკრულებო ურთიერთობა არ ითვალისწინებდა ზიანის ანაზღაურების ვალდებულებას. სააპელაციო პალატის მსჯელობა სამოქალაქო კოდექსის 411-ე მუხლთან დაკავშირებით არ შეესაბამება საქართველოს უზენაესი სასამართლოს პრაქტიკას (საქმე #ას–459–438–2015). გარდა ამისა, სარჩელში მითითებული ფაქტები არ ამართლებენ მოთხოვნას, რამდენადაც ზიანის ანაზღაურების მოთხოვნას მოსარჩელეები სახელშეკრულებო ვალდებულებათა დარღვევაზე ამყარებენ. სარჩელის დაკმაყოფილებისათვის კი, უნდა გაირკვეს მიყენებული ზიანის შინაარსი და მისი ანაზღაურებისათვის სამოქალაქო კოდექსით დადგენილი წინაპირობების არსებობა (სკ-ის 394-ე მუხლი). მოცემულ შემთხვევაში, ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულება დაარღვია არა კასატორმა, არამედ _ მოწინააღმდეგე მხარემ, შესაბამისად, სახეზეა სამოქალაქო კოდექსის 412-ე მუხლით განსაზღვრული ზიანის ანაზღაურების გამომრიცხველი გარემოებები (#ას-630-593-2012; #ას-307-291-2011). ანალოგიურ დათქმებს შეიცავს ევროპული სახელშეკრულებო სამართლის პრინციპების 8:101-ე (2) და უნიდრუას სახელშეკრულებო პრინციპების 7.1.7-ე (1) მუხლები.

1.2. ქვემდგომი ინსტანციის სასამართლოს მიერ დადგენილი ფაქტობრივი გარემოებები და მათი სავალდებულობა საკასაციო პალატის წინამდებარე გადაწყვეტილების მიმართ:

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 407-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, სააპელაციო სასამართლოს მიერ დამტკიცებულად ცნობილი ფაქტობრივი გარემოებები სავალდებულოა საკასაციო სასამართლოსათვის, თუ წამოყენებული არ არის დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია (შედავება). ხსენებული ნორმიდან გამომდინარე, დასაბუთებულ შედავებად განიხილება მხარის პრეტენზია, რომელიც შეიცავს მითითებას იმ პროცესუალურ დარღვევებზე, რომლებიც დაშვებული იყო სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვის დროს და რამაც განაპირობა ფაქტობრივი გარემოებების არასწორად შეფასება-დადგენა, მატერიალურ-სამართლებრივი ნორმის არასწორად გამოყენება ან/და განმარტება. მოცემულ შემთხვევაში, ქვემდგომი სასამართლოების მიერ დადგენილი, დავის გადაწყვეტისათვის მნიშვნელობის მქონე შემდეგი ფაქტები მხარეთა მიერ შედავებული არ არის:

1.2.1. ქ.ქუთაისში, .......... ქუჩის #7-ში, მე-3 სართულზე მდებარე 250,79 კვ.მ ბინა (ს/კ #.......), საჯარო რეესტრში საკუთრების უფლებით ირიცხება ლ.დ–ის (1/2 ნაწილი), ნ.და ლ.ზ–ების (1/2 ნაწილი) სახელზე. ბინას ჩრდილოეთის მხარეს მიშენებული აქვს 18 კვ.მ ღია აივანი, სიგრძით 12 მეტრი და სიგანით 1,50 მეტრი;

1.2.2. 2008 წლს 21 ივლისსქ.ქუთაისის მერიასა და შპს „ო.ჩ–ს“ შორის გაფორმდა #257 ხელშეკრულება ქ.ქუთაისის თვითმმართველი ერთეულის საკუთრებაში არსებული ქონების პირდაპირი განკარგვის წესით, აღნაგობის ფორმით სარგებლობაში გადაცემის შესახებ. ხელშეკრულების თანახმად (მუხლი 3.1.), ქ.ქუთაისის მერის 2008 წლის 30 ივნისის #1460 ბრძანების საფუძველზე, მეაღნაგემ (ქ.ქუთაისის მერია), მოაღნაგეს (შპს „ო.ჩ–ი“) გადასცა თვითმმართველი ერთეულის, ქ.ქუთაისის მერიის საკუთრებაში არსებული შემდეგი ქონება:

ა) .......... ქ#7-ში მდებარე სკვერის გამოყოფილი ნაწილი, ფართობი 184,0 კვ.მ (ამონაწერი საჯარო რეესტრიდან, სარეგისტრაციო #03.....);

ბ) .......... ქ#5-ის სამხრეთით მდებარე ტროტუარი, ფართობი 105,0 კვ.მ (ამონაწერი საჯარო რეესტრიდან, სარეგისტრაციო #0......).

ქონების სარგებლობაში გადაცემა მოხდა 50 წლის ვადით (მუხლი 5.1.).

მოაღნაგემ (შპს „ო.ჩ–ი+“) იკისრა ვალდებულება, შეესრულებინა შემდეგი პირობები (6.5. მუხლი):

ა) სარგებლობაში გადაცემულ ქონებაზე შენობის აშენება ქ.ქუთაისის ისტორიული ცენტრის რეაბილიტაციის პროექტთან შესაბამისობაში შეთანხმებული პროექტის მიხედვით;

ბ) ქ.ქუთაისის ისტორიული ცენტრის რეაბილიტაციის პროექტთან შესაბამისობაში შეთანხმებული პროექტის მიხედვით აშენებულ შენობაში ბიზნესის მხარდაჭერისა და განვითარების ცენტრის განთავსება;

გ) ქონების სარგებლობაში გადაცემიდან ერთი წლის განმავლობაში, არანაკლებ ერთი მილიონი ლარის ინვესტიციის განხორციელება;

დ) ბიზნესის მხარდაჭერისა და განვითარების ცენტრში, არანაკლებ 80 ადამიანის დასაქმება;

ე) შენობის გარე ფასადის მოწყობა 2008 წლის 15 სექტემბრამდე;

ვ) ამ ხელშეკრულებით სარგებლობაში გადაცემული ქონების მიღება და მისი გამოყენება ამავე ხელშეკრულების საფუძველზე, საკუთარი მიზნების განსახორციელებლად.

1.2.3. 2008 წლის 21 ივლისის #257 ხელშეკრულებაში მხარეებმა მოგვიანებით არაერთხელ შეიტანეს ცვლილებები, კერძოდ, აღნაგობის უფლებით გადაცემულ ქონებას დაემატა .......... ქ#7-ში მდებარე შენობა-ნაგებობის გამოყოფილი 189,53 კვ.მ ნაწილი (ამონაწერი საჯარო რეესტრიდან, სარეგისტრაციო #03.....), ასევე, .......... ქ#5/ ...... ქ#15-ში მდებარე არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების 76 კვ.მ მიწის ნაკვეთი (ამონაწერი საჯარო რეესტრიდან, სარეგისტრაციო #0......). თავის მხრივ, მოაღნაგემ (შპს „ო.ჩ–ი“) იკისრა ვალებულება, სარგებლობაში გადაცემულ ქონებაზე მშენებლობის დროს, მესამე პირთათვის საკომპენსაციოდ გადაეხადა 12 000 აშშ დოლარის ეკვივალენტი ლარი და .......... ქ#7-ის მიმდებარედ არსებული სახლის მობინადრეებისათვის შეეცვალა კუთვნილი შუშაბანდის ფასადი ახალი მასალით, ასევე, მოეწყო აივანზე გამოსასვლელი კარი;

1.2.4. 2008 წლის 29 ოქტომბერს მოსარჩელეებსა და პირველ კომპანიას შორის სანოტარო წესით დამოწმდა შეთანხმება იმის შესახებ, რომ #257 აღნაგობის ხელშეკრულებისა და მასში ცვლილებების საფუძველზე, შპს „ო.ჩ–ი“ იმის სანაცვლოდ, რომ მოსარჩელეთა საცხოვრებელი სახლის ჩრდილოეთ მხარეს დაიხურებოდა (ამოიქოლებოდა) ფანჯრები, 2008 წლის 31 დეკემბრამდე კომპენსაციის სახით ლ.დ–ს, ლ.ზ–სა და ნ.ზ–ს გადასცემდა 12 000 აშშ დოლარს, ხოლო, 2009 წლის 30 მაისამდე შეცვლიდა მათი სახლის შუშაბანდის ფასადს ახალი მასალით და მოაწყობდა აივანზე გასასვლელ კარს;

1.2.5. 2011 წლის 23 დეკემბერს ამავე მხარეებს შორის სანოტარო წესით დამოწმდა შეთანხმება 2008 წლის 29 ოქტომბრის შეთანხმებაში ცვლილებების შეტანის შესახებ, რომლითაც შპს „ო.ჩ-მა“ იკისრა ვალდებულება, რომ მოსარჩელეებს გადასცემდა 12 000 აშშ დოლარს, არა უგვიანეს 2012 წლის 30 აგვისტოსი, ხოლო, 7 000 აშშ დოლარს _ არა უგვიანეს 2012 წლის 31 დეკემბრისა, ასევე, 2013 წლის 31 დეკემბრამდე მოსარჩელეების კუთვნილ ფართში შუშაბანდის ფასადს შეცვლიდა ახალი მასალით და მოაწყობდა აივანზე გამოსასვლელ კარს;

1.2.6. 2013 წლის 7 აგვისტოს #19 ხელშეკრულებით (მუხლი 3.1.), აღნაგობის უფლების მიმღებ პირს _ შპს „ო.ჩ-ს“, აღნაგობის ფორმით სარგებლობაში გადაეცა ქ.ქუთაისის თვითმმართველი ერთეულის საკუთრებაში რიცხული უძრავი ქონება: .......... ქ#5-ში მდებარე 615 კვ.მ სკვერი (ს/კ #...., ნაკვეთის წინა #....; ......; .....; .....; .....) და .......... ქ#7-ში მდებარე შენობა-ნაგებობის გამოყოფილი ნაწილი _ 189,53 კვ.მ (ს/კ #....., ნაკვეთის წინა #......);

1.2.7. შპს „ა-ე-ის“ მიერ გაცემული საინჟინრო-ტექნიკური ე–ზის 2015 წლის 10 ივნისის #27 დასკვნის მიხედვით, ქ.ქუთაისში, .......... ქ#7-ში მდებარე, მოსარჩელეების თანასაკუთრებაში რიცხული საცხოვრებელი ბინის მეზობლად, .......... ქ#5-სა და #9-ში მდებარე მიწის ნაკვეთზე 2008-2010 წლებში აშენებული შენობა-ნაგებობა, რომელიც ამჟამად წარმოადგენს ქ.ქუთაისის თვითმმართველი ერთეულის საკუთრებას, არ აკმაყოფილებს საქართველოში მოქმედი სამშენებლო ნორმებისა და წესების მოთხოვნებს. ახალ შენობა-ნაგებობაზე (შენობას დღემდე არ მოეძებნა სახელი) არ არსებობს სათანადო ადმინისტრაციული ორგანოს მიერ გაცემული მშენებლობის ნებართვა. ქ.ქუთაისის მუნიციპალიტეტის მერიის არქიტექტურისა და ზედამხედველობის სამსახურის 2015 წლის 4 მაისის #დ-702 წერილით, აღნიშნული სახლის მშენებლობა-რეკონსტრუქციის პროექტის შეთანხმების, სამშენებლო პირობების დადგენისა და მშენებლობის ნებართვის გაცემის შესახებ ქ.ქუთაისის მერიის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის შესახებ ინფორმაცია ქ.ქუთაისის მუნიციპალიტეტის მერიის არქიტექტურისა და ზედამხედველობის სამსახურისათვის ცნობილი არ არის. იმავე სამსახურის მეორე, 2015 წლის 23 აპრილის #დ-642 წერილის თანახმად კი, „ზემოთ აღნიშნულზე სამსახურის მიერ მშენებლობის ნებართვა გაცემული არ არის“. არსებობს პროექტის მხოლოდ პირველი ეტაპი, არქიტექტურულ-სამშენებლო ნაწილი, რომელიც არ არის საკმარისი. შესაბამისი ადმინისტრაციული ორგანოს მიერ გაცემული მშენებლობის ნებართვა და სრულყოფილი საპროექტო დოკუმენტაცია სავალდებულო იყო ჰქონოდა შენობა-ნაგებობის ამშენებელ შპს „ო.ჩ–ს“, როგორც მოაღნაგეს და ქ.ქუთაისის მერიას, როგორც მიწის ნაკვეთის მესაკუთრესა და მეაღნაგეს. ქ.ქუთაისში, .......... ქუჩის #5-სა და #9-ში მდებარე მიწის ნაკვეთზე 2008-2010 წლებში აშენებული შენობა-ნაგებობა განეკუთვნება მესამე კლასს და ხასიათდება რისკის საშუალო ფაქტორით. არსებულ შენობაზე არ არსებობს არც დამტკიცებული საპროექტო დოკუმენტაცია და არც მშენებლობის ნებართვა. მისი მშენებლობის ფაქტობრივად განხორციელებით არსებითად შეიზღუდა ქ.ქუთაისში, .......... ქ#7-ში, მესამე სართულზე მცხოვრები თანამესაკუთრე მეზობლების: ლ.დ–ის, ნ.ზ–ძის და ლ. ზ–ძის უფლებები, რაც გამოიხატება შემდეგში:

- შენობა-ნაგებობის მშენებლობის პროცესში ადგილი ჰქონდა აღნიშნულ თანამესაკუთრეთა საცხოვრებელ ბინაზე მიშენებული ღია აივნის მოშლას, სიგრძით 7,0 მეტრი, განით 1,50 მეტრი;

- აივნის დანარჩენმა 5-მა მეტრმა დაკარგა ფუნქციური დანიშნულება;

- მოხდა ამავე აივანზე არსებული 1 ცალი ორფრთიანი ხის კარისა და 2 ცალი ორფრთიანი ფანჯრის ფუნქციის მოშლა-დაკარგვა;

- გარდა ამისა, ახალაშენებული შენობა-ნაგებობის ქვეშ მოწყობილია სარდაფი, რომლის სიმაღლე, წარმოდგენილი პირველი ეტაპის პროექტით გათვალისწინებულია 2,70 მეტრი. სარდაფის ფაქტიური სიმაღლის დადგენა ვერ მოხერხდა, ვინაიდან მასში იდგა წყალი. ატმოსფერული ნალექების დროს, მასში აუცილებლად ჩადგება, ისევე როგორც ამჟამადაც ჩამდგარია წვიმის წყალი, რაც უარყოფითად მოქმედებს მეზობელი შენობების საძირკველზე. ასეთი მდგომარეობა საფრთხეს უქმნის მეზობელი თანამესაკუთრეების, მათ შორის, მოსარჩელეების უძრავ ქონებას;

- ლ.დ–ის, .ზ–ძის და ლ. ზ–ძის საცხოვრებელი ბინის შუშაბანდის (აივნის) ფასადი, რომელიც მდებარეობს ეზოს მხარეს, ავარიულ მდგომარეობაშია და წარმოადგენს მომეტებულ რისკს ადამიანის სიცოცხლის, ჯანმრთელობის, საკუთრებისა და გარემოსათვის. ხის აივანი გადაუდებლად საჭიროებს რეკონსტრუქციას/განახლებას;

1.2.8. ქ.ქუთაისის მუნიციპალიტეტის მერის 2015 წლის 13 თებერვლის #223 ბრძანებით, აღნაგობის ქირის გადაუხდელობის გამო, 2015 წლის 16 თებერვლიდან ცალმხრივად გაუქმდა ქ.ქუთაისის მერიასა და შპს „ო.ჩ-ს“ შორის 2008 წლის 21 ივლისს დადებული „ქალაქ ქუთაისის საკუთრებაში არსებული ქონების პირდაპირი განკარგვის წესით აღნაგობის უფლებით სარგებლობაში გადაცემის შესახებ“ #257 ხელშეკრულება;

1.2.9. კანონიერ ძალაში შესული ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2017 წლის 9 მარტის განჩინებით, შპს „ო.ჩ–ი“ და ქ.ქუთაისის მუნიციპალიტეტის მერია ადმინისტრაციულ საქმეზე მორიგდნენ, რომლითაც ძალადაკარგულად გამოცხადდა ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტის მერის 2015 წლის 13 თებერვლის #223 ბრძანება, აღდგა 2008 წლის 21 ივლისის #257 ხელშეკრულება და ქ.ქუთაისის მუნიციპალიტეტის მერიამ თანხმობა განაცხადა, აღნაგობის უფლების მიმღებმა (შპს „ო.ჩ–ი“), მესამე პირს გადასცეს ქონებაზე აღნაგობის უფლება. ამასთან, აღნაგობის უფლების შემძენი იკავებს აღნაგობის უფლების მიმღების (შპს „ო.ჩ–ი“) ადგილს და მასზე გადადის აღნაგობის ურთიერთობიდან გამომდინარე უფლებები და მოვალეობები (პუნქტი 7);

1.2.10. შპს „ო.ჩ–ი+-ის“ დამფუძნებელ პარტნიორთა კრების 2017 წლის 29 ივნისის გადაწყვეტილებითა და შპს „ი.ს.გ–ის“ დამფუძნებელ პარტნიორთა კრების 2017 წლის 30 ივნისის გადაწყვეტილებით დადგინდა, შპს „ი.ს.გ–ს“, შპს „ო.ჩ–სგან“ მიეღო აღნაგობის უფლება უძრავ ქონებებზე: ს/კ #..... და ს/კ #......;

1.2.11. ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2017 წლის 9 მარტის განჩინების საფუძველზე, ს/კ #....... (615 კვ.მ მიწის ნაკვეთსა და მასზე უნებართვოდ აშენებულ ნაგებობაზე) და ს/კ #..... უძრავ ქონებაზე (1009 კვ.მ თანასაკუთრების მიწის ნაკვეთზე განთავსებულ 189,53 კვ.მ არასაცხოვრებელ ფართზე (ყოფილი მუზეუმი, რომელიც აღარ არსებობს და იგი თავისუფალი სივრცეა)), შპს „ო.ჩ-ის“ ნაცვლად, რეგისტრირებულია შპს „ი.ს.გ–ის“ (მოაღნაგე) შეზღუდული სარგებლობა;

1.2.12. სამეწარმეო რეესტრის ამონაწერების თანახმად, შპს „ო.ჩ–ი“ რეგისტრირებულია ქ.ქუთაისში, მ–ძის ქ#16-ში. მისი დამფუძნებელი პარტნიორები არიან: ნ.გ–ი _ 70% და ხ.ღ–ძე _ 30%, ხოლო, დირექტორია ნ.კ–ვა. შპს „ი.ს.გ–ი“ რეგისტრირებულია ქ.ქუთაისში, მ–ძის ქ#14-ში. კომპანიის ალტერნატიული მისამართია ქ.ქუთაისი, ჭავჭავაძის გამზ.#67. დამფუძნებელი პარტნიორია ოთარი კოსტავა _ 100%, დირექტორი _ ელენა ანდრიაძე-ლომსიანიძე;

1.2.13. 2017 წლის 30 ივნისს, შპს „ო.ჩ–ი+-სა“ და შპს „ი.ს.გ–ს“ შორის გაფორმებული აღნაგობისა და ინვესტირების ხელშეკრულების თანახმად, შპს „ი.ს.გ–ს“, შპს „ო.ჩ-ისაგან“ გადაეცა ქ.ქუთაისში, .......... #5-ში, 615 კვ.მ ფართის მიწის ნაკვეთსა (ს/კ №........) და .......... #7-ში მდებარე უძრავ ქონებაზე (1009 კვ.მ მიწის ნაკვეთზე თანასაკუთრება., ფართი: 189.53 კვ.მ ს/კ #.......) აღნაგობის უფლება. ხელშეკრულების 2.6. პუნქტის თანახმად, აღნაგობის უფლების გამცემი პირი ადასტურებს, რომ აღნაგობის უფლების მიმღებ პირს წინამდებარე ხელშეკრულების საფუძველზე ეკისრება შესაბამისი საინვესტიციო ვალდებულებები, რომლებიც განსაზღვრულია მე-3 მუხლით, როგორც მესაკუთრის, ასევე ნებისმიერი სხვა მესამე პირის წინაშე. მხოლოდ აღნაგობის უფლების გამცემი პირი რჩება ვალდებულ პირად, აღნაგობის ხელშეკრულებასთან დაკავშირებული ნებისმიერი ვალდებულებებისათვის, რომლებიც წარმოშობილია წინამდებარე ხელშეკრულების გაფორმებამდე.

1.3. საკასაციო სასამართლოს შეფასებები და სამართლებრივი დასკვნები:

1.3.1. საკასაციო სასამართლოს შეფასების საგანს წარმოადგენს სამეზობლო ზემოქმედებათა თმენის ვალდებულების გამო, კომპენსაციის სოლიდარულად დაკისრების, ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულების (ფასადის ცვლილება) შესრულების, თანხის დაყოვნების გამო, მიუღებელი შემოსავლის ანაზღაურების, შენობის ექსპლუატაციის აკრძალვისა და აღიარებითი სარჩელის (ხელშეკრულების ბათილად ცნობა) წარმატებულობა.

1.3.2. საკასაციო პალატა იზიარებს სააპელაციო სასამართლოს შეფასებას მოსარჩელეებსა და მეორე მოპასუხეს შორის სანივთო სამართლიდან გამომდინარე მოთხოვნის წარმოშობის თაობაზე და განმარტავს, რომ მოთხოვნის დამფუძნებელ ნორმას სამოქალაქო კოდექსის 175-ე მუხლის მე-3 ნაწილი წარმოადგენს. ხსენებული ნორმის თანახმად, თუ მესაკუთრე მოვალეა ითმინოს არსებითი ზემოქმედება, მას შეუძლია ზემოქმედების გამომწვევი ნაკვეთის მესაკუთრეს მოსთხოვოს შესაბამისი ფულადი კომპენსაცია იმ შემთხვევაში, როცა ზემოქმედება აღემატება მოცემულ ადგილას ჩვეულებრივად მიჩნეულ სარგებლობას და ეკონომიკურად დასაშვებ ფარგლებს. მოხმობილი ნორმის აღწერილობითი ნაწილიდან გამომდინარე, მოთხოვნის წარმატებისათვის სავალდებულოა დადგინდეს, რომ მხარეები წარმოადგენენ მეზობელი მიწის ნაკვეთის მესაკუთრეებს (სკ-ის 174-ე მუხლის ბოლო წინადადება), ერთ-ერთი მეზობლის მიერ საკუთრებით სარგებლობა უნდა იწვევდეს კანონით დაცული მეორე მეზობლის უფლებაში არსებითი ხასიათის ჩარევას, რომელიც სცდება საკუთრებით სარგებლობისათვის ზოგადად დასაშვებ ფარგლებს. მოცემულ შემთხვევაში, საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ მოთხოვნა განხორციელებადია, ვინაიდან მისი წინაპირობები დადგენილია, ამასთანავე, ყურადღება უნდა გამახვილდეს იმ ფაქტორზე, რომ არსებითი ხასიათის ზემოქმედება მხარეთა შორის გაფორმებული სანივთო გარიგებიდან გამომდინარე მიჩნეულ იქნა დასაშვებად და მისი არსებითი ხასიათის გათვალისწინებით, ხელშემკვრელმა მხარეებმა განსაზღვრეს კომპენსაციის, როგორც ნატურით, ისე _ ფულადი ანაზღაურება. აქვე ხაზი უნდა გაესვას იმ გარემოებას, რომ მართალია, მოთხოვნა ქ.ქუთაისის მუნიციპალიტეტის მერიასა და შპს „ო.ჩ-ს“ შორის დადებული #257 ხელშეკრულებიდან და მასში ცვლილების შეტანის შეთანხმებიდან გამომდინარეობს, თუმცა, სააპელაციო პალატამ ეს ხელშეკრულება მართებულად მიიჩნია სამოქალაქო კოდექსის 349-ე მუხლით განსაზღვრულ მესამე პირის სასარგებლოდ დადებულ გარიგებად, რომლის ფარგლებშიც ვალდებულება იკისრა არა ქ.ქუთაისის მერიამ, არამედ მოაღნაგე შპს „ო.ჩ-მა“, ამასთანავე, სააპელაციო პალატამ მართებულად დაასკვნა, რომ სასარჩელო მოთხოვნა მომდინარეობს არა მესაკუთრის, არამედ მოაღნაგის მიერ აშენებული ნაგებობიდან, რომელიც აღნაგობის უფლების არსებითი შემადგენელი ნაწილია (სკ-ის 234.2 მუხლი) და საჯარო რეესტრში რეგისტრირდება აღნაგობის უფლების მქონე პირის საკუთრებად. ამდენად, #257 გარიგება, ასევე, მოსარჩელეებსა და პირველ კომპანიას შორის დადებული შეთანხმება წარმოადგენს კანონისმიერი უფლების დისპოზიციურ მოწესრიგებას და მეორე კასატორს წარმოუშობს ვალდებულებას, გადაუხადოს მოსარჩელეებს ფულადი კომპენსაცია შეთანხმებული ოდენობით, ასევე, შეასრულოს შეპირებული მოქმედება: აივნის ფასადის ცვლილება (შუშაბანდის შეცვლა ახალი მასალით, კარის ღიობის მოწყობა). ამ თვალსაზრისით ვერ იქნება გაზიარებული მეორე კასატორის პრეტენზიები მერიის მხრიდან ვალდებულებათა დარღვევისა თუ გარკვეული ფართის გადაუცემლობის თაობაზე, რამდენადაც, თავად მოსარჩელეები არ წარმოადგენენ ვალდებულების დამრღვევ მხარეს და მათ სრული უფლება აქვთ, მოითხოვონ ხელყოფის ინტენსიური ხასიათიდან გამომდინარე ზემოქმედებათა თმენის კომპენსირება.

1.3.3. საკასაციო პალატა ვერ გაიზიარებს პირველი კასატორების პრეტენზიას ქუთაისის მუნიციპალიტეტის მერიისა და შპს „ო.ჩ-ის“ სოლიდარული პასუხისმგებლობის თაობაზე და განმარტავს, რომ სამოქალაქო კანონმდებლობა ითვალისწინებს, როგორც სახელშეკრულებო, ისე _ კანონისმიერი ვალდებულებიდან ნაწარმოებ სოლიდარულ პასუხისმგებლობას, პირველ შემთხვევაში მოთხოვნა განხორციელებადია, თუკი სახეზეა სამოქალაქო კოდექსის 464-ე მუხლით განსაზღვრული წინაპირობები _ პასუხისმგებლობა უნდა გამომდინარეობდეს: ხელშეკრულებიდან. რაც შეეხება მეორე შემთხვევას, მისი ნამდვილობა უნდა შეფასდეს ამავე კოდექსის 998-ე მუხლის ფარგლებში: სახეზე უნდა იყოს მართლსაწინააღმდეგო, ბრალეული ქმედებით გამოწვეული ქონებრივი დანაკლისი, ამ მოვლენის დადგომაში უნდა მონაწილეობდეს ორი ან მეტი პირი (არა მხოლოდ ქმედების უშუალოდ განმახორციელებელი, არამედ დამხმარე, სარგებლის მიმღები და სხვა). განსახილველ შემთხვევაში, ქ.ქუთაისის მერიის მიმართ კანონით განსაზღვრული პასუხისმგებლობა არც ერთი წინაპირობა არ არსებობს, რაც კომპენსაციის ვალდებულებაზე მის სოლიდარულ პასუხისმგებლობას გამორიცხავს. ამასთანავე, ხაზი უნდა გაესვას იმ ფაქტს, რომ მხარეთა შორის წარმოშობილი ურთიერთობა კერძო ხასიათისაა და სამეზობლო სამართლიდან გამომდინარეობს. მხარეებს ზემოქმედების კომპენსირების საკითხი სანივთო გარიგებით მოაწესრიგეს, რომელშიც ქ.ქუთაისის მერია არ წარმოადგენს ანაზღაურებაზე ვალდებულ მხარეს, შესაბამისად, ის ფაქტი, რომ შესაძლოა წინასახელშეკრულებო ურთიერთობაში მონაწილეობდა ადმინისტრაციული ორგანოს წარმომადგენელი, მას რაიმე სამოქალაქო ხასიათის ვალდებულებას არ წარმოუშობს, მისი მოქმედებები, კერძო სამართლის ფარგლებში ვერ იქნება განხილული მაგ: ადმინისტრაციულ დაპირებად, რომლის მიმართაც მოქმედებს კანონიერი ნდობის პრინციპი და ამ დაშვებას გამორიცხავს სწორედ საკუთრებით სარგებლობის ბოჭვიდან გამომდინარე კომპენსაციის მოთხოვნა.

1.3.4. საკასაციო პალატა ზემოთ განხილული სოლიდარული პასუხისმგებლობის წინაპირობების არარსებობის გამო, ვერ გაიზიარებს პირველი კასატორების პრეტენზიას მიუღებელი შემოსავლის ანაზღაურების ვალდებულების ასევე ქ.ქუთაისის მუნიციპალიტეტის მერიისათვის დაკისრების თაობაზე და აღნიშნავს, რომ მიუხედავად სახელშეკრულებო ვალდებულებათა მომწესრიგებელი ნორმების არასახელშეკრულებო ვალდებულებების მიმართ გამოყენების შესაძლებლობისა (სკ-ის 326-ე მუხლი), ვერც სანივთო გარიგებიდან და ვერც კანონისმიერი ვალდებულების სხვა საფუძვლიდან გამომდინარე, მუნიციპალიტეტი ვერ გახდება პასუხისმგებელი შპს „ო.ჩ-ის“ მიერ კომპენსაციის დროულად გადახდის საკითხზე. ამასთანავე, უდავოა, რომ თავად მოთხოვნას საფუძვლად გარიგების პირობის დარღვევა უდევს (შპს „ო.ჩ–მა“ დროულად არ გადაუხადა მოსარჩელეებს საკომპენსაციო თანხა), შესაბამისად, იმ დაშვების პირობებშიც კი, ქ.ქუთაისის მერია რომ მიგვეჩნია კანონისმიერი ვალდებულებიდან გამომდინარე პასუხისმგებელ პირად, იგი სოლიდარულ მოვალედ მაინც ვერ განიხილება, რადგანაც სოლიდარული ვალდებულების წესებიდან გამომდინარე, სხვადასხვა საფუძვლიდან ორი პირის მიმართ მოთხოვნის წაყენების შესაძლებლობა, სოლიდარულ პასუხისმგებლობას გამორიცხავს (მაგ: სახელშეკრულებო ვალდებულების დარღვევა და დელიქტური პასუხისმგებლობა). ამ მხრივ პირველი კასატორების პრეტენზიები სამართლებრივად გაუმართლებელია.

1.3.5. პალატა აქვე ყურადღებას გაამახვილებს მეორე კასატორის პოზიციაზე მიუღებელი შემოსავლის ანაზღაურებასთან დაკავშირებით და განმარტავს, რომ სამოქალაქო სამართალწარმოების ფარგლებში საკასაციო სასამართლო გადაწყვეტილების კანონიერებას ამოწმებს საჩივარში გამოთქმული ფაქტობრივი და სამართლებრივი ხასიათის პრეტენზიების ფარგლებში, რაც შეჯიბრებითობის გამოხატულებაა და სასამართლოს არ აქვს უფლება, თავად შეედავოს იმგვარ ფაქტებს, რომლებიც მხარეს სადავო არ გაუხდია. მოცემულ შემთხვევაში, სააპელაციო პალატამ, იმ უდავო გარემოების გათვალისწინებით, რომ შპს „ო.ჩ-ს“ დადგენილ ვადაში არ გადაუხდია სამეზობლო ზემოქმედებათა თმენისათვის კომპენსაცია, დაადგინა, რომ მოსარჩელეებს მიადგათ ზიანი მიუღებელი შემოსავლის სახით. სამოქალაქო კოდექსის 411-ე მუხლის მიზნებისათვის, პასუხისმგებლობის წარმოშობისათვის საკმარისია არა მხოლოდ ვალდებულების დარღვევა, რამედ ამ დარღვევის შედეგად სავარაუდო მოგების მიღების შანსის დაკარგვა. სააპელაციო პალატის დასკვნით, ნორმის წინაპირობები არსებობდა, თუმცა, ამ კუთხით საკასაციო საჩივარი არ არის დასაბუთებული, არამედ, შპს „ო.ჩ–ი “ პრეტენზიას აცხადებს ზიანის წინაპირობების იმ კუთხით არარსებობაზე, რომ მას ანაზღაურების ვალდებულება არ წამოშობია, რაც ზემოთ განვითარებულ მსჯელობაში არ გაიზიარა საკასაციო სასამართლომ, შესაბამისად, ე.წ ანაცდენი ზიანის წინაპირობები, ასევე, მისი წლიური განაკვეთის ოდენობა შედავებული არ არის და ვერც საკასაციო პალატა იმსჯელებს ამ კუთხით გასაჩივრებული გადაწყვეტილების კანონიერებაზე.

1.3.6. აღიარებითი მოთხოვნის საკითხთან დაკავშირებით პალატა სრულად იზიარებს პირველი კასატორების პრეტენზიას და ყურადღებას გაამახვილებს შემდეგზე: მოსარჩელეები სადავოდ ხდიან პირველ და მეორე კომპანიას შორის დადებულ გარიგებას, რომლის საფუძველზეც აღნაგობისა და ინვესტირების ხელშეკრულებიდან გამომდინარე უფლება-მოვალეობები, ასევე, აღნაგობის უფლება და მასთან დაკავშირებული აქტივები გადაეცა მეორე კომპანიას, ხოლო, ხელშეკრულების დადებამდე წარმოშობილი ვალდებულებები კვლავ პირველ კომპანიას დარჩა შესასრულებლად. ხსენებული მოთხოვნის საფუძვლად მოსარჩელეები მიუთითებენ მოპასუხეთა ერთობლივ ქმედებაზე, თავი აარიდონ ვალდებულების შესრულებას, ასევე, საკასაციო საჩივრით შედავებულია საზიარო საგნის თანამესაკუთრეთა ნების არსებობა. სააპელაციო პალატის დასკვნით, მოსარჩელეებს არ გააჩნდათ ხსენებული მოთხოვნის მიმართ იურიდიული ინტერესი. საკასაციო პალატა ვერ გაიზიარებს ამ შეფასებას და განმარტავს, რომ მოთხოვნის წარმატებულობა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 180-ე მუხლის ფარგლებში უნდა შეფასდეს და უპირველესად დადგინდეს იურიდიული ინტერესის არსებობის საკითხი. ამ მხრივ მნიშვნელოვანია ხაზი გაესვას პრეცედენტული სამართლით დადგენილ საქმის სამართლიანი განხილვის უფლებას. ადამიანის უფლებათა და თავისუფლებათა დაცვის ევროპული კონვენციის მე-6 მუხლით აღიარებულია რა საქმის სამართლიანი განხილვის უფლება, ევროსასამართლომ პრეცედენტული სამართლის ფარგლებში დაადგინა, რომ აღსრულება სამართლიანი განხილვისა და სასამართლო ხელმისაწვდომობის უფლების განუყოფელი ნაწილია. საქმეზე „აპოსტოლი საქართველოს წინააღმდეგ“ სასამართლომ მართალია, აღსრულების ხელმისაწვდომობა გაუთანაბრა მე-6 მუხლით დაცულ სიკეთეს, თუმცა, ამ შემთხვევაში, გადაწყვეტილება მნიშვნელოვანია იმ კონტექსტში, რომ აღსრულების საშუალების არსებობა თავისთავად კონვენციის მე-6 მუხლით დაცულ სიკეთესთანაა გაიგივებული. მოსარჩელეები დავობენ, რომ ქონების გადაცემით და ვალდებულების პირველი კომპანიისათვის დატოვებით მეორე კომპანიის პასუხისმგებლობა გამოირიცხა, ხოლო, ქონების არარსებობის პირობებში შეუძლებელია გადაწყვეტილება აღსრულდეს, რაც საკასაციო პალატის შეფასებით სწორედ მოსარჩელეთა იურიდიულ ინტერესს წარმოადგენს. რაც შეეხება ბათილობის წინაპირობას, ზემოთ დასახელებული ორი საფუძვლიდან ერთ-ერთი სწორედ სამოქალაქო კოდექსის 56-ე მუხლის პირველი ნაწილის გამოყენებაზე მიუთითებს, რამეთუ ეჭვქვეშ აყენებს ეკონომიკური თუ იურიდიული თვალსაზრისით იმ გარიგების ნამდვილობას, როდესაც დავის დაწყების შემდგომ, ხელშეკრულების საფუძველზე ყველა აქტივი გადაეცემა ერთ კომპანიას, ხოლო, მანამდე წარმოშობილი ვალდებულებები რჩება მეორეს. ამ მხრივ მოსარჩელეთა მითითების ტვირთი დაძლეულია, რაც ფაქტობრივად გაიზიარა კიდევაც სააპელაციო პალატამ გასაჩივრებული გადაწყვეტილებით, ხოლო, მტკიცება იმისა, რომ ამგვარი გარიგების დადება მხარეთა კანონიერ და არა მოჩვენებით ნებას ასახავდა, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-4 და 102-ე მუხლების შესაბამისად, ეკისრებოდათ თავად გარიგების მხარეებს. ამ თვალსაზრისით საქმეში წარმოდგენილი შესაგებლები კვალიფიციურ შედავებას არ შეიცავენ, შესაბამისად, პალატა ასკვნის, რომ სახეზეა გარიგების ბათილად ცნობის სამოქალაქო კოდექსის 56-ე მუხლის პირველი ნაწილით განსაზღვრული წინაპირობები. ამასთან, იმ გარემოებიდან გამომდინარე, რომ ხსენებული ნორმის ფარგლებში სასარჩელო მოთხოვნის საფუძვლიანობა დადასტურებულია, ამ გარიგებასთან დაკავშირებით თანამესაკუთრეთა უფლების დარღვევის კონტექსტში საკასაციო საჩივარში გამოთქმულ პრეტენზიებს პალატა შეფასების გარეშე ტოვებს.

1.3.7. საკასაციო პალატა უარყოფს პირველი კასატორების პრეტენზიას აღნაგობის უფლებით გაცემულ მიწაზე არსებული შენობის ექსპლუატაციისა და ახალი ნაგებობის აღმართვის აკრძალვის თაობაზე და მიიჩნევს, რომ ამ ნაწილში გასაჩივრებული გადაწყვეტილება კანონიერია. პალატის შეფასებით, ხსენებული მოთხოვნის სამართლებრივი საფუძვლები სამოქალაქო კოდექსის 170-ე მუხლის პირველი ნაწილი, 172-ე მუხლის პირველი ნაწილი და 176-ე მუხლებია, რომელთა ფარგლებში უმთავრესია დადგინდეს მეზობელ ნაკვეთზე არსებული ან ასაშენებელი ნაგებობიდან მომდინარე დაუშვებელი ხელყოფის საფრთხის არსებობა. ამ ფაქტის მტკიცება, სამოქალაქო კოდექსის 102-ე მუხლის შესაბამისად, მოსარჩელეს ეკისრება. მართალია, ამ მხრივ მოსარჩელეებმა წარმოადგინეს წერილობითი მტკიცებულება _ აორული დასკვნა, თუმცა, ისინი არ ეთანხმებიან ამ დასკვნის გამცემის კომპეტენციასთან მიმართებით სააპელაციო პალატის შეფასებებს და მიიჩნევენ, რომ სასამართლომ არასწორად იხელმძღვანელა „აის შესახებ“ საქართველოს კანონით. საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ კასატორთა ხსენებული პოზიციის გაზიარების პირობებშიც კი, არ იარსებებს გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმების სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 393-ე მუხლით განსაზღვრული რომელიმე წინაპირობა, ვინაიდან, ამავე კოდექსის 105-ე მუხლის თანახმად, კანონი არც ერთ მტკიცებულებას წინასწარ დადგენილ ძალას არ ანიჭებს, არამედ, მოითხოვს მოსამართლის მხრიდან მტკიცებულებათა ყოველმხრივ, სრულ და ობიექტურ კვლევას როგორც ინდივიდუალურად, ისე _ საქმის სხვა მასალებთან ერთობლიობაში, რაც სადავო ფაქტის არსებობის თაობაზე სასამართლოს შინაგანი რწმენის ჩამოყალიბების წინაპირობაა. ამ თვალსაზრისით სააპელაციო პალატამ შეისწავლა საქმეში წარმოდგენილი სადავო დოკუმენტი და მართებულად დაადგინა, რომ მოთხოვნის განმაპირობებელ ფაქტებს ეს დოკუმენტი არ ადასტურებს, არამედ, მასში გადმოცემულია, რომ 2008-2010 წლებში აშენებული ნაგებობა არ აკმაყოფილებს საქართველოში მოქმედი სამშენებლო ნორმებისა და წესების მოთხოვნებს, მასზე არ არსებობს სათანადო ადმინისტრაციული ორგანოს მიერ გაცემული მშენებლობის ნებართვა, არსებობს პროექტის მხოლოდ პირველი ეტაპი-არქიტექტურულ-სამშენებლო ნაწილი, რომელიც არ არის საკმარისი; შენობა-ნაგებობა განეკუთვნება მესამე კლასს და ხასიათდება რისკის საშუალო ფაქტორით. მისი მშენებლობის განხორციელებით არსებითად შეიზღუდა მოსარჩელეთა უფლებები, რაც გამოიხატება შემდეგში: შენობა-ნაგებობის მშენებლობის პროცესში ადგილი ჰქონდა თანამესაკუთრეთა საცხოვრებელ ბინაზე მიშენებული ღია აივნის მოშლას, სიგრძით 7,0 მეტრი, განით-1,50 მეტრი; აივნის დანარჩენმა 5-მა მეტრმა დაკარგა თავისი ფუნქციური დანიშნულება; მოხდა ამავე აივანზე არსებული 1 ცალი ორფრთიანი ხის კარის და 2 ცალი ორფრთიანი ფანჯრის ფუნქციის მოშლა-დაკარგვა. გარდა ამისა, ახლად აშენებული შენობა-ნაგებობის ქვეშ მოწყობილია სარდაფი, რომლის სიმაღლე, წარმოდგენილი პირველი ეტაპის პროექტით გათვალისწინებულია 2,70 მეტრი. სარდაფის ფაქტიური სიმაღლის დადგენა ვერ მოხერხდა, ვინაიდან მასში იდგა წყალი. ატმოსფერული ნალექების დროს, მასში აუცილებლად ჩადგება, ისევე როგორც ამჟამადაც ჩამდგარია წვიმის წყალი, რაც უარყოფითად მოქმედებს მეზობელი შენობების საძირკველზე. ასეთი მდგომარეობა საფრთხეს უქმნის მეზობელი თანამესაკუთრეების, მათ შორის, ლ.დ–ის, ნ. და ლ. ზ–ების უძრავ ქონებას. საკასაციო პალატა მხედველობაში იღებს იმ გარემოებას, რომ მოსარჩელეთა საკუთრების ბოჭვის ფარგლები (აივნის ფუნქციის გარკვეულწილად შეზღუდვა) მხარეთა შორის წარმოშობილი სახელშეკრულებო ურთიერთობის საგანია, რაც შეეხება მშენებლობისათვის საჯარო კანონმდებლობით დადგენილი მოთხოვნების შეუსაბამობას (მშენებლობის ნებართვის არარსებობა და სხვა), დასკვნაში მოცემულია მხოლოდ ზოგადი ხასიათის განმარტებები შესაძლო რისკებთან დაკავშირებით, ხსენებული, ისევე, როგორც ატმოსფერული ნალექების სარდაფში ჩადინება, არა შენობის ექსპლუატაციის აკრძალვის, არამედ, მაგ: სამოქალაქო კოდექსის 177-ე მუხლით განსაზღვრული საფრთხის აღკვეთის მოთხოვნის საფუძველი შეიძლება იყოს. პალატა აქვე ყურადღებას გაამახვილებს იმ გარემოებაზე, რომ როგორც საქართველოს კონსტიტუციით, ისე _ სამოქალაქო საპროცესო კანონმდებლობით განსაზღვრული უფლების სასამართლო წესით დაცვის პრინციპი მოიაზრებს არა ამ უფლების პრევენციული მიზნებით გამოყენებას, არამედ პირი ამ უფლებით აღიჭურვება უფლების დარღვევის თუ მისი სადავოდ ქცევის პირობებში, შესაბამისად, მხარის ჰიპოთეტური მოთხოვნა ახალი ნაგებობის აშენების აკრძალვის თაობაზე სამართლებრივ საფუძველსაა მოკლებული და ვერ იქნება გაზიარებული სასამართლოს მხრიდან.

1.4. ნაწილობრივ ახალი გადაწყვეტილების მიღების/გასაჩივრებული გადაწყვეტილების ნაწილობრივ უცვლელად დატოვების პროცესუალური დასაბუთება:

1. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო პალატა, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 393-ე მუხლის მე-3 ნაწილის საფუძველზე, აუქმებს გასაჩივრებულ გადაწყვეტილებას შპს „ო.ჩ–სა“ და შპს „ი.ს.გ–ს“ შორის 2017 წლის 30 ივნისს დადებული ხელშეკრულების ბათილად ცნობის ნაწილში, ასევე, 2019 წლის 27 თებერვლის დამატებით გადაწყვეტილებას და ვინაიდან არ არსებობს საქმის იმავე სასამართლოსათვის ხელახლა განსახილველად დაბრუნების კანონით გათვალისწინებული წინაპირობები, ამავე კოდექსის 411-ე მუხლის შესაბამისად, თავად იღებს ახალ გადაწყვეტილებას, ხოლო, სხვა მოთხოვნათა ნაწილში პალატა თვლის, რომ გასაჩივრებული გადაწყვეტილება კანონიერია, რის გამოც, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 410-ე მუხლის თანახმად, იგი ძალაში უნდა იქნას დატოვებული.

2. პროცესის ხარჯები:

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე მუხლის თანახმად, იმ მხარის მიერ გაღებული ხარჯების გადახდა, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, ეკისრება მეორე მხარეს, თუნდაც ეს მხარე განთავისუფლებული იყოს სახელმწიფო ბიუჯეტში სასამართლო ხარჯების გადახდისაგან. თუ სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, მაშინ ამ მუხლში აღნიშნული თანხა მოსარჩელეს მიეკუთვნება სარჩელის იმ მოთხოვნის პროპორციულად, რომელიც სასამართლოს გადაწყვეტილებით იქნა დაკმაყოფილებული, ხოლო მოპასუხეს – სარჩელის მოთხოვნის იმ ნაწილის პროპორციულად, რომელზედაც მოსარჩელეს უარი ეთქვა. ამ მუხლში აღნიშნული წესები შეეხება აგრეთვე სასამართლო ხარჯების განაწილებას, რომლებიც გასწიეს მხარეებმა საქმის სააპელაციო და საკასაციო ინსტანციებში წარმოებისას. თუ სააპელაციო ან საკასაციო სასამართლო შეცვლის გადაწყვეტილებას ან გამოიტანს ახალ გადაწყვეტილებას, იგი შესაბამისად შეცვლის სასამართლო ხარჯების განაწილებასაც. მოცემულ შემთხვევაში, ვინაიდან საკასაციო პალატის წინამდებარე გადაწყვეტილებით შეიცვალა სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება, ხოლო, დამატებითი გადაწყვეტილება, ისევე, როგორც შემაჯამებელი გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის მე-14 პუნქტი შეეხებოდა პროცესის ხარჯების განაწილებას, პალატა აუქმებს მათ და საბოლოოდ დაკმაყოფილებული მოთხოვნის პროპორციულად მიიჩნევს, რომ შპს „ო.ჩ–სა“ და შპს „ი.ს.გ–ს“ მოსარჩელეების სასარგებლოდ უნდა დაეკისროთ 928,05 ლარის გადახდა. რაც შეეხება მხარეთა მიერ უკვე გაღებულ ხარჯებს, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 55-ე მუხლის შესაბამისად, ეს თანხები უნდა დარჩეს სახელმწიფო ბიუჯეტში.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე, 55-ე, 410-ე, 411-ე მუხლებით და

გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა:

1. ლ.დ–ის, ლ. და ნ. ზ–ების საკასაციო საჩივარი ნაწილობრივ დაკმაყოფილდეს.

2. შპს „ო.ჩ–ის“ საკასაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს.

3. გაუქმდეს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2019 წლის 30 იანვრის გადაწყვეტილება შპს „ო.ჩ-სა“ და შპს „ი.ს.გ–ს“ შორის 2017 წლის 30 ივნისს დადებული ხელშეკრულების ბათილად ცნობის ნაწილში, ასევე, გაუქმდეს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2019 წლის 27 თებერვლის დამატებითი გადაწყვეტილება და მიღებულ იქნას ახალი გადაწყვეტილება:

3.1. ლ.დ–ის, ლ. და ნ. ზ–ების სარჩელი შპს „ო.ჩ–ი-სა“ და შპს „ი.ს.გ–ს“ შორის 2017 წლის 30 ივნისს დადებული ხელშეკრულების ბათილად ცნობისა და პირვანდელი მდგომარეობის აღდგენის მოთხოვნის ნაწილში დაკმაყოფილდეს.

3.2. ბათილად იქნას ცნობილი შპს „ო.ჩ-სა“ და შპს „ი.ს.გ–ს“ შორის 2017 წლის 30 ივნისს დადებული აღნაგობისა და ინვესტირების ხელშეკრულება და აღდგეს პირვანდელი მდგომარეობა.

3.3. დანარჩენ ნაწილში გასაჩივრებული გადაწყვეტილება დარჩეს უცვლელად.

3.4. შპს „ო.ჩ-სა“ (ს/კ #......) და შპს „ი.ს.გ–ს“ (ს/კ #.....) ლ.დ–ის (პ/#6......), ლ. ზ–ძისა (პ/#6......) და ნ. ზ–ძის (პ/#......) სასარგებლოდ დაეკისროთ 928,05 ლარის გადახდა.

3.5. დანარჩენ ნაწილში გასაჩივრებული გადაწყვეტილება დარჩეს უცვლელად.

4. საკასაციო სასამართლოს გადაწყვეტილება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.

თავმჯდომარე ბ. ალავიძე

მოსამართლეები: ე. გასიტაშვილი

ზ. ძლიერიშვილი