1 ივლისი, 2021 წელი, №ას-564-2021 თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატა
მოსამართლე: გიორგი მიქაუტაძე
საქმის განხილვის ფორმა - ზეპირი განხილვის გარეშე
კასატორი - ხ.ხ–ვა
მოწინააღმდეგე მხარე - სს „ს.ბ–ის“ უფლებამონაცვლე შპს „ფ.ბ–ო“
გასაჩივრებული განჩინება: ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2021 წლის 31 მარტის განჩინება
კასატორის მოთხოვნა: გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით პირგასამტეხლოს დაკისრებისა და გირავნობით დატვირთული ქონების რეალიზაციიდან ამონაგები თანხით სესხის სრულად დაუფარაობის შემთხევაში, მოვალის სხვა ქონების სარეალიზაციოდ მიქცევის თაობაზე სასარჩელო მოთხოვნის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა.
დავის საგანი: ფულადი ვალდებულების შესრულება
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
1. 2018 წლის 12 ნოემბერს, სს „ს.ბ–მა“ (შემდგომში - კრედიტორი, მოსარჩელე) სარჩელით მიმართა სასამართლოს და მოითხოვა ხ.ხ–ვასთვის (შემდგომში - მოვალე, მოპასუხე, კასატორი) სასესხო დავალიანების - 13 714.67 ლარის დაკისრება, საიდანაც სესხის ძირითადი თანხა შეადგენდა - 8507,49 ლარს, სესხის სარგებელი - 1589,62 ლარს, ხოლო პირგასამტეხლო - 3617,56 ლარს. ამავდროულად, კრედიტორმა მოითხოვა, როგორც გირავნობით დატვირთული ქონების, ასევე, მოვალის სხვა არაუზრუნველყოფილი ქონების რეალიზაცია იმ შემთხვევაში, თუ გირავნობის საგნიდან ამონაგები თანხა საკმარისი არ იქნებოდა დავალიანების დასაფარად.
2. სენაკის რაიონული სასამართლოს 2020 წლის 3 თებერვლის გადაწყვეტილებით, კრედიტორის სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, მოპასუხეს დაეკისრა 10 714.67 ლარის გადახდა მოსარჩელის სასარგებლოდ. სასამართლომ მოპასუხისათვის დასაკისრებელი პირგასამტეხლოს ოდენობა 617.56 ლარით განსაზღვრა. სასამართლოს გადაწყვეტილებით სარეალიზაციოდ მიექცა გირავნობით დატვირთული მოპასუხის ავტომანქანა და განისაზღვრა, თუ გირავნობით დატვირთული ქონების რეალიზაციით ამონაგები თანხა სრულად არ დაფარავდა ვალდებულებას, სარეალიზაციოდ მიქცეულიყო მოვალის სხვა ქონებაც.
3. აღნიშნული გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა მოპასუხემ და მოითხოვა სადავო გადაწყვეტილების ნაწილობრივ გაუქმება, პირგასამტეხლოს დაკისრებისა და სასესხო დავალიანების დაფარვის მიზნით მოვალის სხვა ქონების სარეალიზაციოდ მიქცევის განსაზღვრის ნაწილში.
4. ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს, სამოქალაქო საქმეთა პალატის, 2021 წლის 31 მარტის განჩინებით, მოვალის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა; უცვლელად დარჩა სენაკის რაიონული სასამართლოს 2020 წლის 3 თებერვლის გადაწყვეტილება.
5. აღნიშნული განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრა აპელანტმა, რომელმაც მოითხოვა გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით პირგასამტეხლოს დაკისრებისა და გირავნობით დატვირთული ქონების რეალიზაციიდან ამონაგები თანხით სესხის სრულად დაუფარაობის შემთხევაში, მოვალის სხვა ქონების სარეალიზაციოდ მიქცევის თაობაზე სასარჩელო მოთხოვნის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა
6. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2021 წლის 7 ივნისის განჩინებით, საკასაციო საჩივარს დაუდგინდა ხარვეზი და კასატორს დაევალა, მოცემული განჩინების ჩაბარებიდან 5 დღის ვადაში საქართველოს უზენაეს სასამართლოში სახელმწიფო ბაჟის - 300 ლარის გადახდის დამადასტურებელი ქვითრის დედანის წარმოდგენა.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი
საქართველოს უზენაესი სასამართლო მიიჩნევს, რომ საკასაციო საჩივარი განუხილველად უნდა დარჩეს შემდეგი გარემოებების გამო:
7. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 63-ე მუხლის თანახმად, საპროცესო მოქმედების შესრულების უფლება გაქარწყლდება კანონით ან სასამართლოს მიერ დადგენილი ვადის გასვლის შემდეგ. საჩივარი ან საბუთები, რომლებიც შეტანილია საპროცესო ვადის გასვლის შემდეგ, განუხილველად დარჩება.
8. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 396-ე მუხლის მესამე ნაწილის შესაბამისად, თუ საკასაციო საჩივარი არ უპასუხებს ამ მუხლში ჩამოთვლილ მოთხოვნებს ან სახელმწიფო ბაჟი არ არის გადახდილი, სასამართლო ავალებს საჩივრის შემტან პირს, შეავსოს ხარვეზი, რისთვისაც უნიშნავს მას ვადას. თუ ამ ვადაში ხარვეზი არ იქნება შევსებული ან საკასაციო საჩივარი არ არის შეტანილი კანონით დადგენილი ვადის მიხედვით, საკასაციო საჩივარი განუხილველად დარჩება.
9. განსახილველ შემთხვევაში, საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2021 წლის 7 ივნისის განჩინებით კასატორს დაევალა, მოცემული განჩინების ჩაბარებიდან 5 (ხუთი) დღის ვადის დაცვით საქართველოს უზენაეს სასამართლოში წარმოედგინა - სახელმწიფო ბაჟის - 300 (სამასი) ლარის გადახდის დამადასტურებელი ქვითრის დედანი.
10. ხარვეზის შესახებ განჩინება გაეგზავნა კასატორის წარმომადგენელს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 70-ე-78-ე მუხლების მოთხოვნათა შესაბამისად, საკასაციო საჩივარში მითითებულ მისამართზე. საქმეში წარმოდგენილი შეტყობინებით დგინდება, რომ გზავნილი ადრესატის ოჯახის წევრს (მამას) ჩაბარდა 2021 წლის 11 ივნისს (ტ. 1, ს.ფ. 301)
11. საკასაციო პალატა მიუთითებს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-60 მუხლის მეორე ნაწილზე, რომლითაც დადგენილია საპროცესო ვადის დენის დასაწყისი და მიიჩნევს, რომ ხარვეზის განჩინებით განსაზღვრული ხუთდღიანი ვადის დენა დაიწყო 2021 წლის 12 ივნისს და ამოიწურა 2021 წლის 16 ივნისს. ამ დროის განმავლობაში კასატორს ხარვეზი არ გამოუსწორებია და არც რაიმე შუამდგომლობით მოუმართავს სასამართლოსათვის, რაც საკასაციო საჩივრის განუხილველად დატოვების საფუძველია.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი
პალატამ იხელმძღვანელა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 63-ე, 284-ე, 285-ე მუხლებით, 396-ე მუხლის მე-3 ნაწილით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. ხ.ხ–ვას საკასაციო საჩივარი ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2021 წლის 31 მარტის განჩინებაზე დარჩეს განუხილველად;
2. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
მოსამართლე: გ.მიქაუტაძე