Facebook Twitter

საქმე №ა-3009-გან-3-2021 5 ივლისი, 2021 წელი,

ქ. თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატა

შემადგენლობა:

ეკატერინე გასიტაშვილი (თავმჯდომარე, მომხსენებელი),

მოსამართლეები: ზურაბ ძლიერიშვილი,

ნინო ბაქაქური

საქმის განხილვის ფორმა _ ზეპირი განხილვის გარეშე

განმცხადებელი - ხ.ს–ძე (მოსარჩელე)

განმცხადებლის მოთხოვნა – საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2021 წლის 28 აპრილის გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის განმარტება

საკითხი, რომელზეც მიღებულია განჩინება - განცხადების დაკმაყოფილება

პ ა ლ ა ტ ა მ გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა:

1. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2021 წლის 28 აპრილის გადაწყვეტილებით ხ.ს–ძის საკასაციო საჩივარი დაკმაყოფილდა, თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2020 წლის 30 სექტემბრის განჩინება გაუქმდა და მიღებულ იქნა ახალი გადაწყვეტილება, ხ.ს–ძის სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა; შპს "ს–ს", ხ.ს–ძის სასარგებლოდ, დაეკისრა კომპენსაციის სახით 84 000 ლარის გადახდა.

2. საკასაციო სასამართლოს, 2021 წლის 18 ივნისს, განცხადებით მომართა ხ.ს–ძემ და მოითხოვა ზემოხსენებული გადაწყვეტილების განმარტება, კერძოდ, იმის განსაზღვრა, გადაწყვეტილებით მის სასარგებლოდ დაკისრებული თანხა წარმოადგენდა ხელზე ასაღებს თუ უნდა დაექვითა დამსაქმებელს, რადგანაც განმცხადებლის განმარტებით, მოვალემ გადაწყვეტილება ნებაყოფლობით აღასრულა, თუმცა, კრედიტორს მოგებული თანხა 20%-ის დაქვითვით აუნაზღაურა. შესაბამისად, შპს "ს–მა" ხ.ს–ძეს 68 880 ლარი გადაუხადა კომპენსაციის სახით, 84 000 ლარის 20 % - 16 800 ლარი კი საშემოსავლო გადასახადის სახით გადაიხადა სახელმწიფო ბიუჯეტში.

3. საკასაციო სასამართლო გაეცნო განცხადებას, შეამოწმა მისი საფუძვლიანობა, შეისწავლა საქმის მასალები და მიიჩნევს, რომ მოსარჩელის მოთხოვნა გადაწყვეტილების განმარტების თაობაზე საფუძვლიანია შემდეგი გარემოებების გამო:

4. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის (შემდეგში: სსსკ) 262-ე მუხლის პირველი ნაწილის პირველი წინადადების თანახმად, გადაწყვეტილების გამომტან სასამართლოს უფლება აქვს მხარეთა ან აღმასრულებლის განცხადებით, გადაწყვეტილების აღსრულების ხელშეწყობის მიზნით განმარტოს გადაწყვეტილება სარეზოლუციო ნაწილის შეუცვლელად მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის შინაარსი ბუნდოვანია. დასახელებული საკანონმდებლო დათქმიდან გამომდინარე, შეიძლება ითქვას, რომ ამ საპროცესო ინსტიტუტის გამოყენება ემსახურება აღსრულების პროცესში იმ უფლების ზუსტ რეალიზაციას, რომელიც სასამართლოს კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილების საფუძველზე აქვს მოპოვებული უფლებადარღვეულ პირს, ამასთანავე, უმთავრესი პირობაა ის, რომ გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი ერთმნიშვნელოვან დასკვნას არ უნდა იძლეოდეს აღსასრულებლად მიქცეული უფლების თაობაზე. მოცემულ შემთხვევაში, კრედიტორი ადასტურებს, რომ მოვალემ აღასრულა გადაწყვეტილება, თუმცა, დაუქვითა მოქმედი კანონმდებლობით გათვალისწინებული საშემოსავლო გადასახადი, შესაბამისად, მხარეთა შორის დავას იწვევს გადაწყვეტილებით განსაზღვრული თანხა ექვემდებარება თუ არა დაბეგვრას.

5. საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ სსსკ-ის 262-ე მუხლის შემდგომი წინადადება, რომ განცხადების შეტანა გადაწყვეტილების განმარტების შესახებ დასაშვებია, თუ გადაწყვეტილება ჯერ არ არის აღსრულებული და თუ არ გასულა ვადა, რომლის განმავლობაშიც გადაწყვეტილება შეიძლება აღსრულდეს, განცხადების განხილვის მიმართ დამაბრკოლებელი ვერ გახდება, რადგანაც ეს საკანონმდებლო დათქმა არ უნდა იქნეს ვიწრო პროცესუალური თვალსაზრისით განმარტებული. ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციის მე-6 მუხლი ამკვიდრებს რა სამართლიანი სასამართლოს პრინციპს, იგი არა მხოლოდ საქმის სამართლიანი განხილვის, არამედ, ამ განხილვის შედეგად მოპოვებული უფლების რეალიზაციასაც მოიცავს. ამავე კონვენციის მე-13 მუხლით რეგულირებულია ქმედითი სამართლებრივი მისაგებლის უფლება, რომელიც აღიარებულ ძირითად უფლებასთან, მათ შორის მე-6 მუხლთან შესაბამისობაში შემოწმებას ექვემდებარება და თუკი გადაწყვეტილების აღსრულების ეტაპზე დაირღვა კრედიტორის ინტერესები, მე-6 მუხლით გარანტირებული უფლებით დაცულ სფეროში ჩარევა გაუმართლებლად მიიჩნევა (იხ. სუსგ №ას-684-638-2017, 7 ივლისი, 2017 წელი).

6. საკასაციო სასამართლო მხედველობაში იღებს იმ გარემოებას, რომ საქართველოს შრომის კოდექსის 38-ე მუხლის მე-8 ნაწილის შესაბამისად, ვინაიდან შრომითი ურთიერთობის მოშლის თაობაზე დამსაქმებლის ცალმხრივი ნება მართლსაწინააღმდეგოდ იქნა მიჩნეული, ხ.ს–ძის დარღვეული უფლების აღდგენისათვის სასამართლომ სამართლიან ზომად პირისათვის კომპენსაციის მინიჭება მიიჩნია. თავად საკასაციო სასამართლოს გადაწყვეტილების სამოტივაციო ნაწილშია განმარტებული, რომ კომპენსაცია, როგორც დარღვეული უფლების აღდგენის საშუალება, წარმოადგენს არა ხელფასს, იძულებით განაცდურს ან სხვა რაიმე გასაცემელს, არამედ, ის თანხაა, რომელიც შრომითი ურთიერთობის უკანონოდ შეწყვეტის გამო დასაქმებულის ინტერესების დაცვის საკანონმდებლო საშუალებაა და თავის თავში მოიცავს ზემოთ ჩამოთვლილ ყველა გასაცემელს. მოცემულ შემთხვევაში, საკასაციო სასამართლოს 2021 წლის 28 აპრილის გადაწყვეტილების არც სამოტივაციო და არც სარეზოლუციო ნაწილი არ შეიცავს მითითებას, რომ ეს თანხა ექვემდებარება რაიმე სახის დაბეგვრას, რის გამოც, გამართლებულია განმცხადებლის არგუმენტი მოთხოვნილი თანხის სრულად ანაზღაურების თაობაზე (შეად. სუსგ #ა-2851-გან-5-2019, 21.06.2019 წ.).

7. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ ამავე სასამართლოს 2021 წლის 28 აპრილის გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის მე-4 პუნქტი უნდა განიმარტოს იმგვარად, რომ შპს „ს–ისათვის“ ხ.ს–ძის სასარგებლოდ დაკისრებული კომპენსაცია _ 84 000 ლარი წარმოადგენს არა დარიცხულ, არამედ _ ხელზე ასაღებ თანხას.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 262-ე, 372-ე, 399-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. ხ.ს–ძის განცხადება გადაწყვეტილების განმარტების თაობაზე დაკმაყოფილდეს;

2. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2021 წლის 28 აპრილის გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის მე-4 პუნქტი განიმარტოს იმგვარად, რომ შპს „ს–ისათვის“ ხ.ს–ძის სასარგებლოდ დაკისრებული კომპენსაცია _ 84 000 ლარი წარმოადგენს არა დარიცხულ, არამედ _ ხელზე ასაღებ თანხას;

3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.

თავმჯდომარე ე. გასიტაშვილი

მოსამართლეები: ზ. ძლიერიშვილი

ნ. ბაქაქური