Facebook Twitter

საქმე №ას-124-116-2017 23 ივლისი, 2020 წელი,

ქ. თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატა

შემადგენლობა:

ეკატერინე გასიტაშვილი(თავმჯდომარე,მომხსენებელი),

მოსამართლეები: ზურაბ ძლიერიშვილი,

ბესარონ ალავიძე

საქმის განხილვის ფორმა - ზეპირი განხილვის გარეშე

კასატორი (მოსარჩელე) – შპს „რ.ტ.პ–ი“

მოწინააღმდეგე მხარე (მოპასუხე) – მ.ც–ძე

გასაჩივრებული განჩინება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2016 წლის 25 ნოემბრის განჩინება

კასატორის მოთხოვნა – გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილება

დავის საგანი – თანხის დაკისრება

საკითხი, რომელზედაც მიღებულია განჩინება - საკასაციო საჩივრის უარყოფა

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

1. რუსთავის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2016 წლის 7 მარტის გადაწყვეტილებით შპს „რ.ტ.პ–ის“ (შემდეგში: მოსარჩელე, საწარმო, აპელანტი ან კასატორი) სარჩელი მ.ც–ძის (შემდეგში: მოპასუხე ან წარმომადგენელი) მიმართ თანხის, 2015 წლის 8 ოქტომბრის მდგომარეობით არსებული დავალიანების, 2214 ლარის დაკისრების შესახებ არ დაკმაყოფილდა; მოსარჩელეს ასევე უარი ეთქვა მოპასუხის მიმართ წაყენებულ შემდეგ მოთხოვნებზე: 2015 წლის 8 ოქტომბრიდან დარიცხული დავალიანების გადახდა გადაწყვეტილების კანონიერ ძალაში შესვლამდე ყოველდღიურად 3 ლარის ოდენობით, რაც ავტომანქანის ყოველდღიული შენახვის საზღაურია და, ზიანის ანაზღაურების სახით, ყოველდღიურად 3 ლარის დაკისრება მოპასუხისათვის გადაწყვეტილების კანონიერ ძალაში შესვლიდან მოსარჩელის ტერიტორიის გამოთავისუფლებამდე, ავტოსატრანსპორტო საშუალებისაგან - „Citroen”, ვინ კოდი: VF7SO...., ვტტ: 50.....

2. პირველი ინსტანციის სასამართლოს მითითებით, მოცემულ საქმეში მ.ც–ძე არ წარმოადგენს სათანადო მოპასუხეს.

3. 2013 წლის 10 ოქტომბრის მიბარების ხელშეკრულებას ხელს აწერენ, ერთი მხრივ, მოსარჩელე საწარმოს (იხ. წინამდებარე განჩინების პირველი პუნქტი) წარმომადგენელი დ.ჯ–ი და, მეორე მხრივ, მ.ც–ძე. თუმცა ხელშეკრულებაში მითითებულია, რომ ხელშეკრულების მხარეებს წარმოადგენენ მოსარჩელე საწარმო, როგორც შემსრულებელი და ფიზიკური პირი - ნ.კ–ძე (შემდეგში: მარწმუნებელი, ავტომანქანის მესაკუთრე), როგორც დამკვეთი, რომელსაც შემოჰყავს ავტომანქანა.

4. წარმომადგენლის განმარტებით, აღნიშნული ხელშეკრულება მოგვიანებით იქნა ხელმოწერილი, მას შემდეგ, რაც მარწმუნებელმა მას 2014 წლის 3 ივლისს მისცა მინდობილობა, ამავე დროს ხელი მოაწერა დაზიანების აქტსაც. ავტომანქანა მოპასუხედ დასახელებულ პირს არ შემოუყვანია საქართველოში და იგი არც ავტომანქანის მესაკუთრეს წარმოადგენს. მოპასუხედ დასახელებულმა პირმა ხელშეკრულებაზე ხელი მოაწერა როგორც მარწმუნებლის წარმომადგენელმა, ამ უკანასკნელისავე თხოვნით.

5. მოსარჩელე მხარის მიერ სასამართლო სხდომაზე წარდგენილი საწარმოში გამოცხადების შესახებ ცნობით ირკვევა, რომ გამოცხადების დრო არის 2013 წლის 10 ოქტომბერი, ხოლო ავტომანქანის შემომყვანი არის ნ.კ–ძე. ამ დოკუმენტში მითითებულია ნ.კ–ძის პირადი ნომერი და ტელეფონის ნომერი, ასევე ავტომანქანის მახასიათებლები.

6. პირველი ინსატანციის სასამართლომ მიუთითა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის (შემდეგში: სსსკ) 102-ე მუხლზე, რომლის თანახმად, თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებები, რომლებზეც იგი ამყარებს თავის მოთხოვნებსა და შესაგებელს. ამ გარემოებათა დამტკიცება შეიძლება თვით მხარეთა (მესამე პირთა) ახსნა-განმარტებით, მოწმეთა ჩვენებით, წერილობითი თუ ნივთიერი მტკიცებულებებითა და ექსპერტთა დასკვნებით. საქმის გარემოებები, რომლებიც კანონის თანახმად უნდა დადასტურდეს გარკვეული სახის მტკიცებულებებით, არ შეიძლება დადასტურდეს სხვა სახის მტკიცებულებებით. მითითებული ნორმა ადგენს მხარის ვალდებულებას, საჭირო მტკიცებულებების წარდგენის გზით დაადასტუროს ყველა ის ფაქტობრივი გარემოება, რომელსაც მისი მოთხოვნები ეფუძნება. კანონის აღნიშნული დანაწესი უთითებს იმ მტკიცებულებების რიგზე, რომლებიც მხარემ თავისი მოთხოვნის საფუძვლიანობის დასამტკიცებლად შეიძლება წარადგინოს, თუმცა გარკვეული ფაქტების დადასტურება შესაძლებელია არა ნებისმიერი, არამედ მხოლოდ კონკრეტული, სათანადო მტკიცებულებებით. სსსკ-ის 105-ე მუხლის თანახმად, სასამართლო აფასებს მტკიცებულებებს თავისი შინაგანი რწმენით, რომელიც უნდა ემყარებოდეს სასამართლო სხდომაზე მათ ყოველმხრივ, სრულ და ობიექტურ განხილვას, რის შედეგადაც მას გამოაქვს დასკვნა საქმისათვის მნიშვნელობის მქონე გარემოებების არსებობის ან არ არსებობის შესახებ.

7. ზემოაღნიშნული მტკიცებულებების შეფასებით, პირველი ინსტანციის სასამართლომ დაასკვნა რომ წარმომადგენელი არ წარმოადგენს ხელშეკრულების მხარეს, შესაბამისად, სათანადო მოპასუხეს აღნიშნულ დავაში, სათანადო მოსარჩელეა -მარწმუნებელი, რომელიც სამოქალაქო რეესტრის მონაცემებით გარდაცვლილი არის, შესაბამისად, მისი უფლებამონაცვლეობის საკითხი უნდა გადაწყდეს.

8. სსსკ-ის 85-ე მუხლის თანახმად, თუ საქმის განხილვისას სასამართლო დაადგენს, რომ სარჩელი აღძრულია არა იმ პირის წინააღმდეგ, რომელმაც პასუხი უნდა აგოს სარჩელზე, მას შეუძლია მოსარჩელის თანხმობით შეცვალოს თავდაპირველი მოპასუხე სათანადო მოპასუხით. თუ მოსარჩელე არ არის თანახმა თავდაპირველი მოპასუხის სათანადო მოპასუხით შეცვლაზე, სასამართლო თავისი გადაწყვეტილებით უარს ეტყვის მოსარჩელეს სარჩელის დაკმაყოფილებაზე.

9. საქალაქო სასამართლოს შეფასებით, წარმომადგენელი არ წარმოადგენს სათანადო მოპასუხეს, ამასთან, მოსარჩელე საწარმომ უარი განაცხადა მოპასუხის სათანადო მოპასუხით შეცვლაზე, რის გამოც, მოსარჩელეს უარი ეთქვა სარჩელის დაკმაყოფილებაზე.

10. სააპელაციო საჩივრის მოთხოვნა და საფუძვლები

10.1.რუსთავის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2016 წლის 7 მარტის გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა საწარმომ, რომელმაც გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და, ახალი გადაწყვეტილების მიღებით, სარჩელის დაკმაყოფილება მოითხოვა.

10.2. აპელანტის განმარტებით, საწარმოს ტერიტორიაზე მოპასუხედ დასახელებულმა პირმა საკუთარი სურვილით შეიყვანა ავტომობილი და გააფორმა „პარკირების მომსახურების შესახებ“ ხელშეკრულება - მიბარების ხელშეკრულება. შესაბამისად, ხელშეკრულებაზე ხელის მოწერით პირადად იკისრა ვალდებულება მოსარჩელის წინაშე;

10.3. აპელანტის მითითებით პირველი ინსტანციის სასამართლომ მთავარ სხდომაზე დააკმაყოფილა შუამდგომლობა მტკიცებულებების გამოთხოვის შესახებ, კერძოდ, საქართველოს ნოტარიუსთა პალატიდან გამოითხოვა მინდობილობა, რითაც დაარღვია სსსკ-ის 215-ე მუხლის მე-2 ნაწილი. მოპასუხემ ვერ დაასაბუთა, თუ რატომ არ იქნა დაყენებული აღნიშნული შუამდგომლობა საქმის მოსამზადებელ ეტაპზე. ამ შუამდგომლობის დაკმაყოფილებამ კი გავლენა იქონია საქმის შედეგზე, რადგან სასამართლომ გადაწყვეტილებაში სწორედ ამ მინდობილობაზე მიუთითა და მასზე მითითებით დააკმაყოფილა შუამდგომლობა არასათანადო მოპასუხის სათანადო მოპასუხით შეცვლაზე. ამასთან, სასამართლომ არ შეაფასა მინდობილობის შინაარსი, თუ რა უფლებამოსილება მიენიჭა მ.ც–ძეს, აღნიშნული უფლებამოსილება ითვალისწინებდა თუ არა მოსარჩელესთან სახელშეკრულებო ურთიერთობაში შესვლას; არც ის შეაფასა სასამართლომ, თუ რითი აიხსნება მინდობილობასა და მოსარჩელესთან გაფორმებულ ხელშეკრულებაში დროის სხვაობა, არის თუ არა არსებულ მინდობილობაში გარიგების მოწონების პირობები, რადგან წარმოდგენილი მინდობილობით დასტურდება მხოლოდ ნებართვა გარიგების გაფორმებაზე და მხოლოდ შეზღუდული/სპეციალური სახით. აღნიშნული განჩინებით სასამართლომ დაარღვია მხარეთა შეჯიბრებითობის პრინციპი. სასამართლომ არ გასცა პასუხი მნიშვნელოვან კითხვებს იმის შესახებ, თუ ვინ შევიდა სამართლებრივ ურთიერთობაში მოსარჩელესთან, თუ ნ.კ–ძე შევიდა, სასამართლოს უნდა მიეთითებინა, თუ რის საფუძველზე მოხდა გარიგების მოწონება, რადგან ხელშეკრულების გაფორმებასა და მინდობილობის გაცემას შორის სხვაობა შეადგენს 8 თვეს, ხოლო ასეთ შემთხვევაში, მიმნდობი ან იწონებს გარიგებას ან/და სამართლებრივი შედეგები წარმოიშვება წარმოდგენილი პირისათვის;

10.4. სასამართლომ არ შეაფასა აპელანტის მიერ წარდგენილი მტკიცებულება, კერძოდ, მოპასუხის მიერ მოსარჩელისათვის მიწერილი წერილი, სადაც მოპასუხე აღიარებს ვალდებულების არსებობას და ადასტურებს ამ ვალდებულების შესრულების მზაობას. სსსკ-ის 105-ე მუხლის საფუძველზე სასამართლომ თავისი მოსაზრებები, რომელსაც ემყარება მისი შინაგანი რწმენა, უნდა ასახოს გადაწყვეტილებაში, ამასთან ერთად სსსკ-ის 249-ე მუხლის საფუძველზე სასამართლომ უნდა შეაფასოს მტკიცებულებები, რომლებსაც ემყარება სასამართლოს დასკვნები.

11. სააპელაციო სასამართლოს განჩინება და დასკვნები

11.1. ქ. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2016 წლის 25 ნოემბრის განჩინებით საწარმოს სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა და უცვლელად დარჩა გასაჩივრებული გადაწყვეტილება.

11.2.სააპელაციო სასამართლომ აღნიშნა, განსახილველ შემთხვევაში პირველი ინსტანციის სასამართლომ მიიჩნია, რომ სარჩელი აღძრულია არასათანადო მოპასუხის მიმართ. შესაბამისად, სააპელაციო საჩივრის ფარგლებში უნდა შეფასდეს არსებობს თუ არა სსსკ-ის 85-ე მუხლის კვალიფიკაციის საფუძველი.

11.3. სააპელაციო სასამართლომ განმარტა, რომ საწარმოს მოთხოვნა თანხის დაკისრების თაობაზე ემყარება 2013 წლის 10 ოქტომბერს გაფორმებულ მიბარების ხელშეკრულებას. საქმის მასალებში წარმოდგენილია 2013 წლის 10 ოქტომბრის ხელშეკრულება საბაჟო კონტროლის ზონაში პარკირების მომსახურების წესის შესახებ, რომლის თანახმად, ერთი მხრივ, აპელანტი საწარმოს (შემსრულებელი) დირექტორის მინდობილ პირს დ.ჯ–სა და ფიზიკურ პირს - ნ.კ–ძეს (მარწმუნებელი; დამკვეთი) შორის გაფორმდა ხელშეკრულება, რომლის თანახმად, შემსრულებელმა აიღო ვალდებულება, უზრუნველეყო დამკვეთის სატრანსპორტო საშუალების წვდომა შემსრულებლის ტერიტორიაზე, ასევე უზრუნველეყო ავტოტრანსპორტის განლაგება დამკვეთის ღია მოედანზე. ავტომანქანის მონაცემებია: ვინ კოდი VF7SOK....., NT..... მითითებულ ხელშეკრულებას ხელს აწერს მოპასუხედ დასახელებული მ.ც–ძე (იხ. ტ.1. ს.ფ. 40-41); საქმეში ასევე წარმოდგენილია საწარმოს ე.წ. გამოცხადების შესახებ აქტი, რომლის თანახმად გამოცხადების დრო არის 2013 წლის 10 ოქტომბერი, ავტომანქანის შემომყვანი (მფლობელი) - ნ.კ–ძე. აღიშნულ დოკუმენტში მითითებულია ნ.კ–ძის პირადი ნომერი, ტელეფონის ნომერი, ასევე ავტომანქანის მახასიათებლები (იხ. ტ.1. ს.ფ. 110). 2013 წლის 10 ოქტომბრით დათარიღებულ დაზიანების N1-325 აქტს (ა/სატრანსპორტო საშუალების ნომერი TR-7516, ა/მოწმობის ნომერი 5....), მფლობელის სახით, ხელს ასევე მოპასუხედ დასახელებული წარმომადგენელი აწერს (იხ. ტ.1. ს.ფ. 42).

11.4. სააპელაციო სასამართლომ არ გაიზიარა აპელანტის პრეტენზია ქვემდგომი ინსტანციის სასამართლოს მიერ სსსკ-ის 215-ე მუხლის მე-2 ნაწილის დარღვევასთან დაკავშირებით, ასევე დაუსაბუთებლად მიიჩნია აპელანტის მტკიცება შეჯიბრებითობის პრინციპის დარღვევის შესახებ, რადგან წარმოდგენილი სააპელაციო საჩივარი ამის შესახებ, რაიმე დასაბუთებულ პრეტენზიას არ შეიცავს.

11.5. რუსთავის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2016 წლის 18 თებერვლის განჩინებით, მოპასუხის წარმომადგენლის შუამდგომლობა დაკმაყოფილდა; საქართველოს ნოტარიუსთა პალატიდან გამოთხოვილ იქნა ნ.კ–ძესა (პ/ნ ......) და მ.ც–ძეს (პ/ნ ......) შორის გაფორმებულ სანოტარო აქტი (რწმუნებულება/მინდობილობა), ასეთის არსებობის შემთხვევაში.

11.5.1. სსსკ-ის 215-ე მუხლის მეორე ნაწილის თანახმად, მხარეთა და მათ წარმომადგენელთა შუამდგომლობები და განცხადებები ახალ მტკიცებულებათა წარმოდგენის ან გამოთხოვის შესახებ სასამართლომ შეიძლება განიხილოს მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ საქმის მოსამზადებელ სტადიაზე მხარეს არ შეეძლო მათი წარმოდგენა, აგრეთვე თუ მათ შესახებ მისთვის ობიექტური მიზეზებით ვერ იქნებოდა ცნობილი და მათი წარმოდგენის საფუძველი წარმოიშვა მთავარ სხდომაზე, ან თუ მხარემ საპატიო მიზეზით ვერ უზრუნველყო შესაბამისი შუამდგომლობებისა და განცხადებების წარმოდგენა საქმის მოსამზადებელ სტადიაზე.

11.5.2. განსახილველ შემთხვევაში, დგინდება, რომ საქმისათვის მნიშვნელობის მქონე გარემოებების სწორად დადგენის მიზნით, საქმის ზეპირი განხილვისას, სასამართლოს მთავარ სხდომაზე გამოიკვეთა, მტკიცებულების გამოთხოვის აუცილებლობა, რაც სააპელაციო სასამართლოს შეფასებით, სწორად იქნა დაკმაყოფილებული პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ (18.02.2016წ. სასამართლო სხდომის ოქმი ტ.1. ს.ფ. 66-78).

11.6. სააპელაციო სასამართლომ გასაჩივრებული განჩინების სსსკ-ის 377-ე მუხლის ფარგლებში შემოწმების შედეგად დაასკვნა, რომ არ არსებობს გადაწყვეტილების წინმსწრები, პირველი ინსტანციის სასამართლოს 2016 წლის 18 თებერვლის განჩინების გაუქმების საფუძველი, რამდენადაც პირველი ინსტანციის სასამართლოს დასახელებული განჩინება ფაქტობრივ-სამართლებრივი თვალსაზრისით კანონიერია და სააპელაციო საჩივარში მითითებული გარემოებები არ ქმნის სსსკ-ის 393-ე და 394-ე მუხლებით გათვალისწინებულ განჩინების გაუქმების პროცესუალურ-სამართლებრივ საფუძვლებს; კერძოდ, სააპელაციო სასამართლო სსსკ-ის 103-ე, 136-ე და 215-ე მუხლებზე დაყრდნობით იზიარებს პირველი ინსტანციის სასამართლოს შეფასებას იმის შესახებ, რომ გასაჩივრებული განჩინების საფუძველზე ნოტარიუსთა პალატიდან გამოთხოვილი დოკუმენტი (მინდობილობა) მნიშვნელოვან მტკიცებულებას წარმოადგენს საქმისათვის მნიშვნელობის მქონე ფაქტობრივი გარემოებების დასადგენად. სააპელაციო სასამართლოს შეფასებით ამ საპროცესო მოქმედებით და შესაბამისი მტკიცებულების გამოთხოვით მხარეთა შეჯიბრებითობის პრინციპი არ დარღვეულა;

11.7. წარმოდგენილი მინდობილობით, რომელიც გაცემულია 2014 წლის 3 ივლისს, ნ.კ–ძემ (მარწმუნებელმა) მ.ც–ძეს (რწმუნებულს; მოპასუხედ დასახელებულ პირს) მიანიჭა მინდობილობა, რათა ამ უკანასკნელმა საბაჟო ტერმინალიდან გამოიყვანოს და განაბაჟოს მარწმუნებლის კუთვნილი ავტომანქანა „Citroen”, საიდენტიფიკაციო კოდი: VF7.....; აიღოს ავტომანქანის სარეგისტრაციო მოწმობა. მართოს და განკარგოს აღნიშნული ავტომანქანა, რისთვისაც რწმუნებულს მიენიჭა უფლებამოსილება, იყოს მარწმუნებლის წარმომადგენელი სხვადასხვა დაწესებულებაში; ხელი მოაწეროს მარწმუნებლის მაგივრად და შეასრულოს ყველა მოქმედება, რაც დაკავშირებულია ზემოთ მითითებული დავალების შესრულებასთან (იხ. ტ.1, ს.ფ.88).

11.8. სსკ-ის 103-ე მუხლის შესაბამისად, გარიგება შეიძლება დაიდოს წარმომადგენლის მეშვეობითაც. წარმომადგენლის უფლებამოსილება ან კანონიდან გამომდინარეობს ანდა წარმოიშობა დავალების (მინდობილობის) საფუძველზე. ამავე კოდექსის 104-ე მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით, იმ გარიგებით, რომელსაც წარმომადგენელი დებს თავისი უფლებამოსილების ფარგლებში და იმ პირის სახელით, რომელსაც იგი წარმოადგენს, უფლებები და მოვალეობები წარმოეშობა მხოლოდ წარმოდგენილ პირს. სსკ-ის 107-ე მუხლის მიხედვით, უფლებამოსილების (რწმუნებულების) მიცემა ხდება რწმუნებულის ან იმ მესამე პირის მიმართ ნების გამოვლენით, რომელთანაც უნდა შედგეს წარმომადგენლობა. სსსკ-ის 85-ე მუხლის თანახმად, თუ საქმის განხილვისას სასამართლო დაადგენს, რომ სარჩელი აღძრულია არა იმ პირის წინააღმდეგ, რომელმაც პასუხი უნდა აგოს სარჩელზე, მას შეუძლია მოსარჩელის თანხმობით შეცვალოს თავდაპირველი მოპასუხე სათანადო მოპასუხით. თუ მოსარჩელე არ არის თანახმა თავდაპირველი მოპასუხის სათანადო მოპასუხით შეცვლაზე, სასამართლო თავისი გადაწყვეტილებით უარს ეტყვის მოსარჩელეს სარჩელის დაკმაყოფილებაზე.

11.9. სააპელაციო სასამართლოს შეფასებით, პირველი ინსტანციის სასამართლომ მართებულად მიიჩნია, რომ წარმომადგენელი (განსახილველ დავაში მოპასუხედ დასახელებული პირი) არ წარმოადგენს ხელშეკრულების მხარეს. საქმის მასალების შესწავლის შედეგად სასამართლო დადასტურებულად მიიჩნევს მოპასუხის პოზიციას იმის შესახებ, რომ განსახილველ სამართლებრივ ურთიერთობაში, წარმომადგენელი წარმოადგენდა ავტომობილის მესაკუთრეს - მარწმუნებელს, საქმის მასალებში წარმომადგენელი მინდობილობის საფუძველზე.

11.10. დადგენილია, რომ საბაჟო კონტროლის ზონაში პარკირების მომსახურების წესის შესახებ 2013 წლის 10 ოქტომბრის ხელშეკრულებას ხელს აწერს მოპასუხე წარმომადგენელი, თუმცა ხელშეკრულების თანახმად, შეთანხმების მხარეებს წარმოადგენენ, ერთი მხრივ, მოსარჩელე საწარმოს (შემსრულებელი) დირექტორის მინდობილი პირი დ.ჯ–ი და, მეორე მხრივ, ავტომობილის მფლობელი (მარწმუნებელი; დამკვეთი). 2013 წლის 10 ოქტომბერს შედგენილი დაზიანების N1-325 აქტს წარმომადგენელი ხელს აწერს, როგორც ა/სატრანსპორტო საშუალების მფლობელი. ასევე, დადგენილია, რომ 2014 წლის 3 ივლისის, მინდობილობით წარმომადგენელს მარწმუნებლისაგან მინიჭებული ჰქონდა საბაჟო ტერმინალიდან მისი კუთვნილი ავტომანქანის (CITROEN, საიდენტიფიკაციო N VF7SO......) გამოყვანისა და განბაჟების უფლება; მინდობილობის თანახმად, წარმომადგენელს მიენიჭა უფლებამოსილება მართოს და განკარგოს აღნიშნული ავტომანქანა და იყოს მარწმუნებლის წარმომადგენელი სხვადასხვა დაწესებულებებში. ხელი მოაწეროს მარწმუნებლის მაგივრად და შეასრულოს ყველა მოქმედება, რაც დაკავშირებულია ზემოთ მითითებული დავალების შესრულებასთან (ტ.1, ს.ფ. 88);

11.11. საქმეში წარმოდგენილი ზემოთ მითითებული მტკიცებულებების ერთობლივად შეფასების შედეგად, სააპელაციო სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ მოპასუხედ დასახელებული წარმომადგენელი არ წარმოადგენს ხელშეკრულების მხარეს, რის გამოც იგი არასათანადო მოპასუხედ მართებულად იქნა მიჩნეული და ვინაიდან, მოსარჩელემ უარი განაცხადა თავდაპირველი მოპასუხის სათანადო მოპასუხით შეცვლაზე, შესაბამისად, მოსარჩელეს სწორად ეთქვა უარი სარჩელის დაკმაყოფილებაზე.

11.12. მტკიცების ტვირთის განაწილების ზოგადი პროცესუალური წესი მოცემულია სსსკ-ის 102-ე მუხლში, რომლის პირველი ნაწილის მიხედვით, თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებანი, რომლებზედაც იგი ამყარებს თავის მოთხოვნებსა და შესაგებელს, ხოლო სსსკ-ის მე-4 მუხლთან ერთობლივად განხილვის შედეგად, სააპელაციო სასამართლო მივიდა დასკვნამდე, რომ მხარეს, რომელმაც სასამართლოს მიმართა მოთხოვნით, აწევს როგორც ამ მოთხოვნის საფუძვლად არსებული ფაქტების მითითების, ასევე მათი დამტკიცების, ანუ მტკიცებულებების წარდგენის ტვირთი. როგორც წესი, ფაქტის მითითების და მისი დამტკიცების ტვირთი მჭიდრო კავშირშია ერთმანეთთან, თუმცა არც ისაა გამორიცხული, რომ მატერიალურ-სამართლებრივი ნორმით ერთ მხარეს მხოლოდ ფაქტის მითითების ტვირთი ეკისრებოდეს, ხოლო მეორე მხარეს - საწინააღმდეგოს დამტკიცების ტვირთი. აპელანტი, მართალია მიუთითებს, რომ წარმომადგენელი თვითონვე წარმოადგენდა სადავო გარიგების მხარეს, თუმცა ამის დამადასტურებელი რაიმე მტკიცებულება მოპასუხეს სასამართლოსთვის არ წარუდგენია. აპელანტის შეფასებით, ვალდებულების არსებობას ადასტურებს ასევე, მოპასუხის მხრიდან ამ ვალდებულების შესრულების მზაობა, რაც დაფიქსირებულია მოსარჩელე საწარმოს მიერ მოპასუხედ დასახელებული პირისადმი 26.06.2015წ. გაგზავნილ წერილში. სასამართლოს შეფასებით, მითითებულ წერილში წარმომადგენლის მიერ დაფიქსირებული პოზიცია განხილულ უნდა იქნეს 03.07.2014წ. მინდობილობის საფუძველზე, როგორც, მარწმუნებლის მიერ წარმომადგენლისათვის მინიჭებული უფლებამოსილების ფარგლებში, წარმომადგენლის მიერ გამოთქმული მოსაზრება, რა დროსაც წარმომადგენელი მოქმედებდა მარწმუნებლის სახელით. შესაბამისად, სააპელაციო სასამართლოს შეფასებით, აღნიშნული წერილი ვერ გახდება, 2013 წლის 10 ოქტომბრის პარკირების მომსახურების წესის შესახებ ხელშეკრულებიდან წარმოშობილ დავალიანებაზე, წარმომადგენლის პასუხისმგებელ პირად მიჩნევის საფუძველი.

12. საკასაციო სამართალწარმოების ეტაპი

12.1. მოსარჩელე საწარმომ საკასაციო წესით გაასაჩივრა სააპელაციო სასამართლოს განჩინება, მისი გაუქმება და, ახალი გადაწყვეტილების მიღებით, სარჩელის დაკმაყოფილება მოითხოვა.

12.2. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის განჩინებით საწარმოს საკასაციო საჩივარი დასაშვებად იქნა ცნობილი სსსკ-ის 391-ე მუხლის მე-5 ნაწილის „ა“ და „ე“ ქვეპუნქტების საფუძველზე და მიღებულ იქნა არსებითად განსახილველად.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლო საქმის შესწავლის, მტკიცებულებათა გაანალიზების, მხარეთა ახსნა-განმარტებების შემოწმებისა და მოსარჩელის საკასაციო საჩივრის სამართლებრივი დასაბუთებულობის არსებითად განხილვის შედეგად მივიდა დასკვნამდე, რომ საწარმოს საკასაციო განაცხადი დაუსაბუთებულია და არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგი არგუმენტაციით:

13. სსსკ-ის 404-ე მუხლის პირველი ნაწილით, საკასაციო სასამართლო გადაწყვეტილებას ამოწმებს საკასაციო საჩივრის ფარგლებში, ამავე კოდექსის 407-ე მუხლის პირველი ნაწილით, საკასაციო სასამართლო იმსჯელებს მხარის მხოლოდ იმ ახსნა-განმარტებაზე, რომელიც ასახულია სასამართლო გადაწყვეტილებებსა და სხდომის ოქმებში. გარდა ამისა, შეიძლება მხედველობაში იქნეს მიღებული ამ კოდექსის 396-ე მუხლის პირველი ნაწილის „ვ“ ქვეპუნქტში მითითებული ფაქტები; ამავე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, სააპელაციო სასამართლოს მიერ დამტკიცებულად ცნობილი ფაქტობრივი გარემოებები სავალდებულოა საკასაციო სასამართლოსათვის, თუ წამოყენებული არ არის დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია (შედავება). საკასაციო სასამართლოს შეფასებით კასატორს ასეთი დასაბუთებული საკასაციო შედავება არ აქვს წარმოდგენილი.

14. საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე-6 მუხლის პირველი პარაგრაფი ავალდებულებს სასამართლოს, დაასაბუთოს თავისი გადაწყვეტილება, რაც არ უნდა იქნეს გაგებული თითოეულ არგუმენტზე დეტალური პასუხის გაცემად (იხ. ჯღარკავა საქართველოს წინააღმდეგ, # 7932/03; Van de Hurk v. Netherlands, par.61, Garcia Ruiz v. Spain [GC] par.26; Jahnke and Lenoble v France (dec.); Perez v France [GC], par. 81). საკასაციო სასამართლო იზიარებს სააპელაციო სასამართლოს მსჯელობასა და დასკვნებს, რაც საკასაციო პრეტენზიის არსებითად განხილვის ეტაპზე, საკასაციო საჩივრის უარყოფისა და გასაჩივრებული განჩინების უცვლელად დატოვების საფუძველია.

15. საკასაციო სასამართლო იზიარებს სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს და სწორედ ამ ფარგლებში არსებითად განიხილავს და ამოწმებს საკასაციო პრეტენზიის დასაბუთებულობას (სსსკ-ის 407-ე მუხლი), ამასთან, მიაჩნია, რომ საქმეზე გადაწყვეტილების მისაღებად არ ვლინდება სააპელაციო სასამართლოსათვის საქმის ხელახლა განსახილველად დაბრუნების საფუძველი (სსსკ-ის 412-ე მუხლი).

16. სააპელაციო სასამართლომ მართებულად მიუთითა მის მიერ საკვლევ ძირითად გარემოებებზე, რაც იმაში გამოიხატება, რომ მოპასუხედ დასახელებული პირი არასათანადო მხარედ იქნა მიჩნეული მოცემულ დავაში; საქალაქო სასამართლოს მიერ 2016 წლის 18 თებერვლის განჩინება საქართველოს ნოტარიუსთა პალატიდან მტკიცებულების - მინდობილობის გამოთხოვის შესახებ შეესაბამება სამოქალაქო საპროცესო კანონმდებლობის მოთხოვნებს და არ დარღვეულა მხარეთა შეჯიბრებითობის პრინციპი; იმსჯელა წარმომადგენელზე გაცემული მინდობილობით განსაზღვრული უფლებამოსილების ფარგლებში მოპასუხედ დასახელებული პირის წერილზე მოსარჩელე საწარმოს წერილის პასუხად, რაც მარწმუნებლის სახელით მითითებულ პოზიციად შეაფასა. მოცემულ შემთხვევაში მოსარჩელე საწარმომ მოპასუხედ დასახელებული პირისაგან მოითხოვა 2013 წლის 10 ოქტომბრის პარკირების მომსახურების წესის შესახებ ხელშეკრულებიდან წარმოშობილი დავალიანების გადახდა, რაც არ დააკმაყოფილა პირველი ინსტანციის სასამართლომ (იხ. წინამდებარე განჩინების პირველი პუნქტი) და გადაწყვეტილება უცვლელად დატოვა სააპელაციო სასამართლომ.

17. საკასაციო სასამართლო არაერთ გადაწყვეტილებაში/განჩინებაში უთითებს, რომ სასამართლოს უპირველესი ამოცანაა, დაადგინოს, თუ რას ითხოვს მოსარჩელე მოპასუხისაგან და რის საფუძველზე, ანუ რომელ ფაქტობრივ გარემოებებზე ამყარებს თავის მოთხოვნას. სასამართლომ მხარის მიერ მითითებული მოთხოვნის ფარგლებში უნდა მოძებნოს ის სამართლებრივი ნორმა (ნორმები), რომელიც იმ შედეგს ითვალისწინებს, რისი მიღწევაც მხარეს სურს. ამასთან, მოთხოვნის სამართლებრივ საფუძვლად განხილული ნორმა (ან ნორმები) შეიცავს იმ აღწერილობას (ფაქტობრივ შემადგენლობას), რომლის შემოწმებაც სასამართლოს ვალდებულებაა და რომელიც უნდა განხორციელდეს ლოგიკური მეთოდების გამოყენების გზით, ანუ სასამართლომ უნდა დაადგინოს, ნორმაში მოყვანილი აბსტრაქტული აღწერილობა რამდენად შეესაბამება კონკრეტულ ცხოვრებისეულ სიტუაციას და გამოიტანოს შესაბამისი დასკვნები. ის მხარე, რომელსაც აქვს მოთხოვნა მეორე მხარისადმი, სულ მცირე, უნდა უთითებდეს იმ ფაქტობრივ შემადგენლობაზე, რომელსაც სამართლის ნორმა გვთავაზობს. აქედან გამომდინარე, შეგვიძლია დავასკვნათ, რომ მოთხოვნის სამართლებრივი საფუძვლის რომელიმე ფაქტობრივი წანამძღვრის (სამართლებრივი წინაპირობის) არარსებობა გამორიცხავს მხარისათვის სასურველი სამართლებრივი შედეგის დადგომას.

18. საქმის განმხილველი სასამართლო შეზღუდულია მხოლოდ მხარის მიერ მითითებული ფაქტობრივი გარემოებებით, რაც შეეხება სამართლის ნორმების გამოყენებას, სასამართლო, საქმეზე დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების შეფასებით, ადგენს თუ რა სამართლებრივი ურთიერთობა არსებობს მხარეთა შორის და ამ ურთიერთობის მარეგულირებელი სამართლებრივი ნორმების საფუძველზე აკმაყოფილებს ან არ აკმაყოფილებს სარჩელს. მხარეთა შორის არსებული ურთიერთობის შეფასება შედის სასამართლოს კომპეტენციაში, თუმცა საქმეზე გადაწყვეტილება მიღებულ უნდა იქნეს შეჯიბრებითობის პრინციპის სრულად რეალიზაციის პირობებში.

19. მოთხოვნის საფუძველი სამოქალაქო სამართალში, ზოგადად არის სამართლის ის ნორმა, რომელიც დამოუკიდებლად ან სხვა მოთხოვნის საფუძვლებთან ერთობლიობაში აფუძნებს ამა თუ იმ მოთხოვნას ანუ სამოქალაქო სამართლებრივი ურთიერთობის მონაწილეთა კონკრეტულ უფლება-მოვალეობებს (იხ. ბოელინგი/ჭანტურია, სამოქალაქო საქმეებზე სასამართლო გადაწყვეტილებათა მიღების მეთოდიკა, მეორე გამოცემა, თბ., 2004, 38.) კერძო-სამართლებრივი ურთიერთობის მომწესრიგებელი მატერიალურ-სამართლებრივი ნორმების დანიშნულებაა ურთიერთობაში მონაწილე სუბიექტების უფლებების განსაზღვრა და მათი განხორციელების უზრუნველყოფა. მოთხოვნა უფლების რეალიზაციის კანონით გათვალისწინებული შესაძლებლობაა.

20. საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ მოთხოვნა პირის ნებას დაქვემდებარებული და სხვა პირისაკენ მიმართული უფლებაა, რომელიც მისი პროცესუალური განხორციელებისაგან მკვეთრად იმიჯნება. მოთხოვნა ძირითადად მატერიალურ-სამართლებრივი მნიშვნელობის მატარებელია. მოთხოვნა, საპროცესო-სამართლებრივი გაგებით, ყოველთვის მიმართულია სასამართლო გადაწყვეტილების დადგომისაკენ. მოთხოვნის სამართლებრივი საფუძველი არის სამართლის ნორმა, რომლის სამართლებრივი შედეგით გათვალისწინებულია სამართლებრივ ურთიერთობაში მონაწილე პირის მიერ რაიმე მოქმედების განხორციელებისა თუ მოქმედების შესრულებისაგან თავის შეკავების ვალდებულება. თითოეული მოთხოვნის დამფუძნებელი სამართლის ნორმა განსაზღვრავს მოთხოვნის სამართლებრივ საფუძველს, თუმცა მისი განმარტება და ფაქტობრივ გარემოებებზე მისადაგება სასამართლოს უფლებამოსილება. მოთხოვნის საფუძველი ორი ნაწილისაგან შედგება: ა) ნორმის შემადგენლობა, რომელიც მოიცავს ცალკეულ წინაპირობას და ბ) სამართლებრივი შედეგი, რომელიც კანონის საფუძველზე დადგება იმ შემთხვევაში, თუ სახეზეა ნორმის შემადგენლობით განსაზღვრული ყველა წინაპირობა.

21. მოთხოვნა და მოთხოვნის საფუძველი სხვადასხვა ცნებებია და მათი აღრევა არიდებული უნდა იქნეს. ამ გამიჯვნას განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს იმის გათვალისწინებით, რომ მოთხოვნათა შორის არჩევანის უფლება, მოსარჩელის უფლებამოსილებაა, ხოლო მოსარჩელის მიერ წარდგენილი მოთხოვნის დამფუძნებელი მოთხოვნის სამართლებრივ საფუძველთა შორის ერთ-ერთის მისადაგება სასამართლოს უფლებამოსილება და ვალდებულებაცაა (იხ. ბოელინგი /ჭანტურია, სამოქალაქო საქმეებზე სასამართლო გადაწყვეტილებათა მიღების მეთოდიკა, მეორე გამოცემა, თბ., 2004, 42.)

22. მოთხოვნის საფუძვლის (საფუძვლების) ძიებისას, სასამართლოსათვის ამოსავალია ის კონკრეტული ფაქტები და გარემოებები, რომლებზედაც მოსარჩელე ამყარებს თავის მოთხოვნას. სწორედ მოსარჩელის მიერ მითითებული ფაქტები და გარემოებები განსაზღვრავენ მისი მოთხოვნის შინაარსს. სასამართლომ, ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში, სარჩელში მითითებული ფაქტობრივი გარემოებების შეფასებით, უნდა გაარკვიოს, თუ საიდან გამომდინარეობს მოსარჩელის მოთხოვნის სამართლებრივი საფუძველი, კერძოდ, სახელშეკრულებო შეთანხმებებიდან თუ სხვა ვალდებულებითი ურთიერთობებიდან.

23. საკასაციო სასამართლო მიუთითებს, რომ მოსარჩელის მოთხოვნის შინაარსის განმსაზღვრელია სარჩელში მითითებული ფაქტები და გარემოებები. სარჩელის ინდივიდუალიზაცია სარჩელის ელემენტების მეშვეობითაა შესაძლებელი. სსსკ-ის მე-3, მე-4, 83-ე და 178-ე მუხლების ანალიზით შესაძლებელია, დავასკვნათ, რომ სარჩელი შედგება ორი ელემენტისგან: სარჩელის საგნისა და სარჩელის საფუძვლისგან. სარჩელის საგანია მოსარჩელის მოთხოვნა მოპასუხისადმი (სსსკ-ის 178.1 მუხლის „ზ“ ქვეპუნქტი), ხოლო სარჩელის საფუძველი – კონკრეტული ფაქტები და გარემოებები, რომლებზედაც მოსარჩელე ამყარებს თავის მოთხოვნას (სსსკ-ის 178.1 მუხლის „ე“ ქვეპუნქტი).

24. ყოველი კონკრეტული სამოქალაქო საქმის გადაწყვეტა სასამართლოში, დაკავშირებულია გარკვეული ფაქტების დადგენასთან. ფაქტების დადგენის აუცილებლობა განპირობებულია იმით, რომ სასამართლო იხილავს და წყვეტს მხარეთა შორის წარმოშობილ დავებს, რომლებიც სამართლით რეგულირებული ურთიერთობებიდან წარმოიშობიან. სამართლებრივი ურთიერთობა კი, როგორც ეს ცნობილია, შეიძლება აღმოცენდეს, განვითარდეს ან შეწყდეს მხოლოდ იურიდიული ფაქტების საფუძველზე. სწორედ მტკიცების ტვირთსა და მის სწორ განაწილებაზეა დამოკიდებული დასაბუთებული და კანონიერი გადაწყვეტილების მიღება.

25. განსახილველ შემთხვევაში საკასაციო პრეტენზია საქალაქო სასამართლოს მიერ 2016 წლის 18 თებერვლის განჩინების საფუძველზე საქართველოს ნოტარიუსთა პალატიდან მტკიცებულების - მინდობილობის გამოთხოვის შესახებ არ არის გაზიარებული, რადგან მოსარჩელის მიერ მითითებული ფაქტობრივი გარემოებებისა და სარჩელზე თანდართული მტკიცებულებები, მათ შორის საბაჟო კონტროლის ზონაში პარკირების მომსახურების წესის შესახებ 2013 წლის 10 ოქტომბრის ხელშეკრულების (იხ. ტ.1, ს.ფ.40-41) კონტრაჰენტთა გარკვევის მიზნით, მართებულად დააკმაყოფილა პირველი ინსტანციის სასამართლომ მოპასუხედ დასახელებული პირის შუამდგომლობა, რომელიც განსახილველი დავისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე, დასაშვები და განკუთვნადი მტკიცებულებაა. საგულისხმოა, რომ სარჩელის პასუხად წარდგენილ წერილობით შესაგებელში მოპასუხემ შედავება განახორციელა სწორედ იმ კუთხით, რომ ის არ იყო სათანადო მოპასუხე, ავტომობილის მესაკუთრის წარმომადგენელი იყო, მინდობილობის საფუძველზე მოქმედებდა და მისი გადაუმოწმებელი ინფორმაციით უკვე გარდაცვლილია ავტომობილის მესაკუთრე (იხ. შესაგებელი - ტ.1, ს.ფ.55).

26. საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2017 წლის 2 მარტის დიდი პალატის გადაწყვეტილებაში (საქმეზე N ას-664-635-2016; პუნქტი 201) მითითებულია: „2007 წლის 28 დეკემბერს საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსში განხორციელებული ცვლილებების მიხედვითთ, მოპასუხის მიერ პასუხის (შესაგებლის) წარდგენა სავალდებულო ხასიათს ატარებს (საქართველოს 28.12.2007წ.-ის კანონი N5669-სსმ), რაც იმაში გამოიხატება, რომ აღნიშნული საპროცესო ვალდებულების შეუსრულებლობა მხარისათვის უარყოფით საპროცესოსამართლებრივ შედეგებს იწვევს. კერძოდ, სარჩელში მითითებული ფაქტობრივი გარემოებები ითვლება შეუდავებლად და, შესაბამისად, დამტკიცებულად. სსსკ-ის 201-ე მუხლის მე-7 ნაწილით გათვალისწინებული შესაგებლის წარუდგენლობის ფაქტი თავისთავად განსაზღვრავს მტკიცების საგანს, რადგანაც მოსარჩელე თავისუფლდება სარჩელში მითითებული ფაქტების მტკიცებისაგან. აღნიშნული გარემოება დაუსწრებელი გადაწყვეტილების გამოტანის წინაპირობაცაა. საპროცესო კანონმდებლობით დადგენილია მოპასუხის მიერ კონკრეტული შესაგებლის წარდგენის ვალდებულება, კერძოდ, სსსკ-ის 201-ე მუხლის მე-4 ნაწილის შინაარსიდან გამომდინარე, დგინდება, რომ მოპასუხე უნდა შეედავოს მოსარჩელის გამართულ, დასაბუთებულ მოთხოვნას ანუ დავის გადაწყვეტისათვის სამართლებრივად მნიშვნელოვან ფაქტობრივ გარემოებებს, წინააღმდეგ შემთხვევაში, მოსარჩელის მიერ მითითებული ფაქტები (და არა მისი სამართლებრივი შეხედულებები) დამტკიცებულად ითვლება“. განსახილველ შემთხვევაში სარჩელში მოპასუხედ დასახელებულმა პირმა არსებითი შედავება სწორედ იმ თვალსაზრისით განახორციელა, რომ იგი არ იყო სათანადო მოპასუხე.

27. საქალაქო სასამართლოს 2016 წლის 18 თებერვლის განჩინებაში დასაბუთებულა მხარის მიერ მთავარ სხდომაზე დაყენებული შუამდგომლობის მტკიცებულების გამოთხოვის თაობაზე, დაკმაყოფილების საფუძველი, რადგან გამოსათხოვ მტკიცებულებას შესაძლოა გადამწყვეტი მნიშვნელობა ჰქონოდა საქმისათვის მნიშვნელოვანი ფაქტობრივი გარემოებების გამოსაკვლევად და აღნიშნული მტკიცებულების გამოთხოვის თაობაზე შუამდგომლობის დაკმაყოფილება არ დაარღვევდა მხარეთა უფლებებს (იხ. ტ.1, ს.ფ.80), რაც სავსებით გაზიარებულია სააპელაციო სასამართლოს მიერ (იხ. წინამდებარე განჩინების 11.6 ქვეპუნტი). საკასაციო სასამართლო დამატებით განმარტავს, რომ აღნიშნული მტკიცებულების გამოთხოვის მიზანი იყო მხარეთა (მოსარჩელისა და მოპასუხის) მიერ მითითებული ფაქტობრივი გარემოებების საფუძველზე წარმომადგენლობითი უფლებამოსილების ფარგლებისა და შინაარსის დადგენა, რასაც გადამწყვეტი მნიშვნელობა ჰქონდა საქმეზე დასაბუთებული და კანონიერი გადაწყვეტილების მისაღებად. იმ პირობებში, როდესაც შესაგებლის წარდგენის ეტაპზევე მოპასუხემ მისი საპროცესო სტატუსის სათანადოობა გახადა სადავო და მიუთითა, რომ მხოლოდ წარმომადგენლობითი უფლებამოსილების ფარგლებში მოქმედებდა, მოპაუხის მიერ მითითებული ფაქტების კვალობაზე, პირველი ინსტანციის სასამართლომ, სადავო სამართალურთიერთობის იურიდიული კვალიფიკაციის მიზნებისათვის, მართებულად დააკმაყოფილა შუამდგომლობა მტკიცებულების გამოთხოვის შესახებ, რასაც გავლენა არ მოუხდენია მხარეთა შეჯიბრებითობის პრინციპზე და მათი საპროცესო უფლებების ხელყოფა არ გამოვლენილა.

28. დადგენილია, რომ საბაჟო კონტროლის ზონაში პარკირების მომსახურების წესის შესახებ 2013 წლის 10 ოქტომბრის ხელშეკრულებას ხელს აწერს მოპასუხე წარმომადგენელი, თუმცა ხელშეკრულების თანახმად, შეთანხმების მხარეებს წარმოადგენენ, ერთი მხრივ, მოსარჩელე საწარმოს (შემსრულებელი) დირექტორის მინდობილი პირი დ.ჯ–ი და, მეორე მხრივ, ავტომობილის მფლობელი (მარწმუნებელი; დამკვეთი). 2013 წლის 10 ოქტომბერს შედგენილი დაზიანების N1-325 აქტს წარმომადგენელი ხელს აწერს, როგორც ა/სატრანსპორტო საშუალების მფლობელი. ასევე, დადგენილია, რომ 2014 წლის 3 ივლისის, მინდობილობით წარმომადგენელს მარწმუნებლისაგან მინიჭებული ჰქონდა საბაჟო ტერმინალიდან მისი კუთვნილი ავტომანქანის (CITROEN, საიდენტიფიკაციო N VF7.....) გამოყვანისა და განბაჟების უფლება; მინდობილობის თანახმად, წარმომადგენელს მიენიჭა უფლებამოსილება მართოს და განკარგოს აღნიშნული ავტომანქანა და იყოს მარწმუნებლის წარმომადგენელი სხვადასხვა დაწესებულებებში. ხელი მოაწეროს მარწმუნებლის მაგივრად და შეასრულოს ყველა მოქმედება, რაც დაკავშირებულია ზემოთ მითითებული დავალების შესრულებასთან (ტ.1, ს.ფ. 88); სსკ-ის 104-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, წარმომადგენლის (მოპასუხედ დასახელებული პირის) მიერ ქმედების განხორციელების მიუხედავად, უფლებები და მოვალეობები წარმოეშობა წარმომადგენელს. „ეს დათქმა წარმოადგენს წარმომადგენლობით დადებული გარიგების განსაზღვრის უმთავრეს კრიტერიუმს, რომლითაც გარიგების მონაწილე მხარის ვინაობა დგინდება. შედეგად, ასეთ შემთხვევაში სახეზეა სამი პირის (წარმოდგენილი, წარმომადგენელი და მეორე მხარე) მიერ გამოვლენილი ნება“ (იხ. სერგი ჯორბენაძე, სამოქალაქო კოდექსის კომენტარი, წიგნი I, ჭანტურია (რედ.). 2017, მუხლი 104, ველი 2). წარმომადგენლის მიერ დადებული გარიგების სამართლებრივი შედეგები დამოკიდებულია წარმომადგენლობით უფლებამოსილებაზე. გარიგებითი წარმომადგენლობის საფუძველს წარმოადგენს მინდობილობა, რომელშიც გამოიხატება ამა თუ იმ პირისათვის წარმომადგენლობითი უფლებამოსილების მინიჭება. წარმომადგენლობის დროს, მართალია, სამართალურთიერთობაში მონაწილეობს წარმომადგენელი, მაგრამ ამ ურთიერთობის სამართლებრივი შედეგები დგება უშუალოდ წარმოდგენილი პირის მიმართ, სწორედ ამ უკანასკნელს წარმოეშობა უფლება-მოვალეობები. წარმომადგენლობის თავისებურება იმაში გამოიხატება, რომ წარმომადგენლის მიერ თავისი უფლებამოსილების ფარგლებში დადებული გარიგებით უფლებები და მოვალეობები წარმოეშობა მხოლოდ წარმოდგენილ პირს. ეს განპირობებულია იმით, რომ წარმომადგენელი მოქმედებს სხვისი სახელითა და სხვისი ინტერესებისათვის. წარმომადგენლის გარიგება ეს ნების იმგვარი გამოვლენაა, რომლის შედეგადაც წარმოშობილი ურთიერთობების სუბიექტები ხდებიან წარმოდგენილი და მესამე პირი (შეად. სუსგ N ას-127-124-2011, 05.09.2012წ.).

29. სსსკ-ის მე-3 მუხლის მიხედვით, მხარეები იწყებენ საქმის წარმოებას სასამართლოში, ამ კოდექსში ჩამოყალიბებული წესების შესაბამისად, სარჩელის ან განცხადების შეტანის გზით. ისინი განსაზღვრავენ დავის საგანს და თვითონვე იღებენ გადაწყვეტილებას სარჩელის (განცხადების) შეტანის შესახებ. მხარეებს შეუძლიათ საქმის წარმოება მორიგებით დაამთავრონ. მოსარჩელეს შეუძლია უარი თქვას სარჩელზე, ხოლო მოპასუხეს – ცნოს სარჩელი. ამავე კოდექსის მე-4 მუხლის მიხედვით სამართალწარმოება მიმდინარეობს შეჯიბრებითობის საფუძველზე. მხარეები სარგებლობენ თანაბარი უფლებებითა და შესაძლებლობებით, დაასაბუთონ თავიანთი მოთხოვნები, უარყონ ან გააქარწყლონ მეორე მხარის მიერ წამოყენებული შესაგებლები, მოსაზრებები თუ მტკიცებულებები. მხარეები თვითონვე განსაზღვრავენ, თუ რომელი ფაქტები უნდა დაედოს საფუძვლად მათ მოთხოვნებს ან რომელი მტკიცებულებებით უნდა იქნეს დადასტურებული ეს ფაქტები.

30. მტკიცების ტვირთს აწესრიგებს სსსკ-ის 102-ე მუხლის პირველი ნაწილი, რომლის მიხედვითაც თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებანი, რომლებზედაც იგი ამყარებს თავის მოთხოვნებსა და შესაგებელს. მოსარჩელემ უნდა ამტკიცოს ის გარემოებები, რომლებზედაც დაფუძნებულია სასარჩელო მოთხოვნა, ხოლო მოპასუხემ გარემოებები, რომლებსაც მისი შესაგებელი ემყარება. მტკიცების ტვირთი არის სამოქალაქო სამართალწარმოებაში საქმის სწორედ გადაწყვეტისათვის მნიშვნელოვანი ფაქტების დამტკიცების მოვალეობის დაკისრება მხარეებზე, რომლის შესრულება უზრუნველყოფილია მატერიალურ-სამართლებრივი თვალსაზრისით არახელსაყრელი გადაწყვეტილების გამოტანით იმ მხარის მიმართ, რომელმაც ეს მოვალეობა სათანადოდ არ (ვერ) შეასრულა. მხარეთა მტკიცებითი საქმიანობის საბოლოო მიზანი – ესაა სასამართლოს დარწმუნება საქმის სწორად გადაწყვეტისათვის მნიშვნელობის მქონე გარემოებების არსებობაში. სასამართლოს დაურწმუნებლობა კი, მხარისათვის არახელსაყრელ შედეგს იწვევს. მტკიცების ტვირთი დამოკიდებულია არა მხარის როლზე პროცესში, არამედ მოთხოვნის საფუძველზე. ის ვინც ითხოვს ვალდებულების შესრულებას, უნდა დაამტკიცოს მოთხოვნის საფუძვლის არსებობა არა მხოლოდ მაშინ, როდესაც იგი ითხოვს თავისი მოთხოვნის შესრულებას, ან აღიარებას, არამედ მაშინაც, როდესაც იგი თავს იცავს მოწინააღმდეგე მხარის ნეგატიური აღიარებითი სარჩელისაგან (მოთხოვნისაგან). მტკიცების ტვირთისაგან უნდა გაიმიჯნოს ფაქტების მითითების ტვირთი, როგორც მხარის ფაკულტატური მოვალეობა. მხარეები სსსკ-ის მე-4 მუხლის თანახმად სრულიად თავისუფალნი არიან მიუთითონ ნებისმიერ ფაქტზე. ეს მათი უფლებაა, მაგრამ მათ მიერ მითითებული ფაქტობრივი გარემოებების სამართლებრივი შეფასება, ე.ი. იმის დადგენა და გარკვევა, თუ რამდენად ასაბუთებენ ეს ფაქტები იურიდიულად მხარეთა მოთხოვნებს და შესაგებელს – ეს უკვე სასამართლოს პრეროგატივაა. ამასთან, საკმარისი არ არის, რომ მხარემ ზოგადად გამოთქვას მოსაზრება საქმისათვის მნიშვნელობის მქონე გარემოებაზე, მაგალითად, განაცხადოს, რომ იგი მთლიანად უარყოფს მეორე მხარის მიერ მოხსენებულ საქმის ფაქტობრივ გარემოებებს. მხარის მიერ წარმოდგენილი მოსაზრებები კონკრეტულად და დეტალურად უნდა ჩამოყალიბდეს და ეხებოდეს საქმის გადაწყვეტისათვის მნიშვნელობის მქონე ყველა გარემოებას. მხარეთა მიერ წარმოდგენილი ახსნა-განმარტებები უნდა იყოს დასაბუთებული და ეხებოდეს იმ გარემოებებს, რომლებსაც უშუალო კავშირი აქვს დავასთან.

31. საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ კრიტერიუმი, რომლითაც უნდა იხელმძღვანელოს სასამართლომ იმისათვის, რომ სწორად განსაზღვროს მხარეთა მიერ მითითებული ფაქტებიდან, თუ რომელი ამართლებს სამართლებრივად მხარეთა მოთხოვნებს (შესაგებელს) და რომელი არა, ესაა – სარჩელის საგანი (მოსარჩელის მოთხოვნის შინაარსი), მოპასუხის შესაგებელი და შესაბამისი მატერიალურ სამართლებრივი ნორმა. მტკიცების საგანში შემავალი გარემოებებიდან ერთი ნაწილი უნდა დაამტკიცოს მოსარჩელემ, მეორე ნაწილი კი – მოპასუხემ. ამასთან ერთად, დამტკიცების ტვირთის განაწილების საფუძველზე, მოსარჩელე თავისუფლდება იმ ფაქტების დადგენისაგან, რომელიც მოპასუხემ უნდა დაამტკიცოს და პირიქით, მოპასუხე თავისუფლდება იმ ფაქტების დადგენისაგან, რომელიც მოსარჩელემ უნდა დაამტკიცოს. მტკიცების ტვირთის მხარეთა შორის განაწილების ინსტიტუტი მიუთითებს არა მარტო იმაზე, თუ რომელმა მხარემ რა ფაქტები უნდა დაადგინოს, არამედ იმაზეც, თუ რომელი ფაქტების დადგენის მოვალეობისაგან თავისუფლდება ესა თუ ის მხარე. შესაბამისად, მოსარჩელემ, როგორც წესი, უნდა დაამტკიცოს ყველა გარემოება, რომელიც წარმოადგენს მოთხოვნის წარმოშობის საფუძველს, ხოლო მოპასუხემ კი – ყველა გარემოება, რომელიც წარმოადგენს მოთხოვნის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის საფუძველს (იხ. ჰაინ ბიოლინგი, ლადო ჭანტურია, სამოქალაქო საქმეებზე გადაწყვეტილებათა მიღების მეთოდიკა, თბ., 2003, გვ.64).

32. ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვეციის მე-6 მუხლით გათვალისწინებული სამართლიანი სასამართლოს უფლების რეალიზება უმეტესწილად დამოკიდებულია და გულისხმობს სასამართლოს მიერ დასაბუთებული, მტკიცებულებათა ურთიერთშეჯერებისა და გაანალიზების საფუძველზე მიღებული გადაწყვეტილების მიღებას. მტკიცების ტვირთის როლი განსაკუთრებით ვლინდება სამოქალაქო სამართალწარმოებაში, სადაც მხარეთა ნების ავტონომიას გადამწყვეტი მნიშვნელობა ენიჭება. შესაძლებელია მხარის მოთხოვნა საფუძვლიანი იყოს, მაგრამ შეუძლებელია მხარემ მიიღოს თავისი სასარგებლო გადაწყვეტილება, თუ ვერ დაამტკიცებს თავის სასარგებლო გარემოებებს საპროცესო სამართლით დადგენილი წესით. ამიტომაც, ერთ-ერთ მნიშვნელოვან ფაქტორს წარმოადგენს მტკიცების ტვირთის მართებული გადანაწილება მოდავე მხარეებს შორის.

33. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლო არაერთ გადაწყვეტილებაში უთითებს, რომ ეროვნული სასამართლოს გადაწყვეტილება უნდა პასუხობდეს მხარის მიერ სამართლებრივ და პროცედურულ საკითხებთან დაკავშირებით წარმოდგენილი არგუმენტების ძირითად ასპექტებს (Ruiz Torija v. Spain, Application no. 18390/91; §§ 29-30). შესაბამისად, უფლება მოსმენაზე მოიცავს არა მხოლოდ სასამართლოს წინაშე არგუმენტების წარდგენის შესაძლებლობას, არამედ სასამართლოს ვალდებულებას, გადაწყვეტილების დასაბუთებაში მიუთითოს მიზეზები, რომელთა საფუძველზეც გაიზიარა ან უარყო შესაბამისი არგუმენტები. სასამართლომ შეიძლება აუცილებლად არ მიიჩნიოს იმგვარ არგუმენტებზე პასუხის გაცემა, რომლებიც აშკარად არარელევანტური, დაუსაბუთებელი ან სხვაგვარად დაუშვებელია მსგავსი არგუმენტების მიმართ არსებული სამართლებრივი დებულებების ან მყარად დადგენილი სასამართლო პრაქტიკის საფუძველზე, თუმცა, ყველა გადაწყვეტილება უნდა იყოს ნათელი და საქმეში მონაწილე მხარეებს შესაძლებლობას უნდა აძლევდეს გაიგონ, თუ რატომ გაითვალისწინა სასამართლომ მხოლოდ კონკრეტული გარემოებები და მტკიცებულებები (Seryavin and Others v. Ukraine §§ 55-62). სასამართლოს აქვს ვალდებულება, სათანადოდ იმსჯელოს მხარეთა მიერ წარდგენილ დოკუმენტებზე, არგუმენტებსა და მტკიცებულებებზე (Kraska v. Switzerland, § 30; Van de Hurk v. the Netherlands, § 59; Perez v. France, § 80). ამასთან, მხარეებს უნდა ჰქონდეთ არა მხოლოდ იმის შესაძლებლობა, რომ იცოდნენ იმ მტკიცებულებათა შესახებ, რომლებიც მათ სჭირდებათ თავიანთი სარჩელის წარმატებისათვის, არამედ იცოდნენ და ჰქონდეთ კომენტარის გაკეთების საშუალება ყველა იმ მტკიცებულებასთან და მოსაზრებასთან დაკავშირებით, რომლებიც წარდგენილია სასამართლოს აზრის ფორმირებაზე ზეგავლენის მოხდენის მიზნით (Milatova and others v. The Czech republic §59; niderost-huber v. Switzerland, § 24; k.s. v. finland § 21; ასევე, სუსგ №ას-1191-1133-2014, 14 მაისი, 2015 წელი).

34. კასატორმა ვერ შეძლო დასაბუთებული საკასაციო შედავების წარდგენა, რაც მისი მტკიცების გაზიარების შესაძლებლობას მისცემდა სასამართლოს, მოცემულ შემთხვევაში, მხარისათვის უარყოფითი სამართლებრივი შედეგის დადგომა განპირობებულია იმით, რომ მოსარჩელემ არასათანადო პირი დაასახელა მოპასუხედ, ხოლო მისი სათანადო მოპასუხით შეცვლაზე უარი განაცხადა. საქმის არსებითი განხილვის შედეგად უარყოფილია საკასაციო საჩივრის დასაბუთებლობა და არ უნდა დაკმაყოფილდეს, რაც სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის გასაჩივრებული განჩინების უცვლელად დატოვების საფუძველია.

35. სსსკ-ის 55.2-ე მუხლის პირველი წინადადების თანახმად ვინაიდან საკასაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა კასატორის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟი დარჩება სახელმწიფო ბიუჯეტში.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 410-ე მუხლით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

1. შპს "რ.ტ.პ–ის" საკასაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;

2. უცვლელად დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2016 წლის 25 ნოემბრის განჩინება;

3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

თავმჯდომარე ე. გასიტაშვილი

მოსამართლეები: ზ. ძლიერიშვილი

ბ. ალავიძე