საქმე №ას-1250-2019 2 ოქტომბერი, 2020 weli,
ქ. თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატა
შემადგენლობა:
ეკატერინე გასიტაშვილი (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
მოსამართლეები: ზურაბ ძლიერიშვილი,
ბესარიონ ალავიძე
საქმის განხილვის ფორმა _ ზეპირი განხილვის გარეშე
კასატორი – შპს "ა.", შპს "ა.ს.წ." (მოპასუხეები, შეგებებული სარჩელით მოსარჩელეები)
მოწინააღმდეგე მხარე – შპს "ბ–სი" (მოსარჩელე, შეგებებული სარჩელით მოპასუხე)
გასაჩივრებული განჩინება – ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2019 წლის 27 ივნისის განჩინება, ამავე სასამართლოს 2018 წლის 25 ივნისის განჩინება და 2019 წლის 23 მაისის საოქმო განჩინება
კასატორის მოთხოვნა – ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2019 წლის 27 ივნისის განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით ძირითადი სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა და შეგებებული სარჩელის დაკმაყოფილება; ამავე სასამართლოს 2018 წლის 25 ივნისის ექსპერტიზის დანიშვნის შესახებ განჩინების გაუქმება, 2019 წლის 23 მაისის საოქმო განჩინების გაუქმება
დავის საგანი - თანხის დაკისრება, უკანონო მფლობელობიდან ნივთის გამოთხოვა და ზიანის ანაზღაურება
საკითხი, რომელზედაც მიღებულია განჩინება - საკასაციო საჩივრის დაუშვებლად ცნობა
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :
1. შპს ,,ბ–სა’’ (შემდეგში: მოსარჩელე, შეგებებული სარჩელით მოპასუხე ან შემსრულებელი) და შპს ,,ა–ს’’ ფილიალი საქართველოს რესპუბლიკაში (შემდეგში: პირველი მოპასუხე, პირველი აპელანტი, პირველი კასატორი, დამკვეთი, ფილიალი ან შეგებებული სარჩელის ავტორი) შორის, 2015 წლის 17 აპრილს, გაფორმდა ხელშეკრულება მომსახურების გაწევის თაობაზე (შემდეგში: მომსახურების ხელშეკრულება). აღნიშნული ხელშეკრულების თანახმად შემსრულებელს დამკვეთისათვის უნდა განეხორციელებინა შემდეგი სახის მომსახურება: VOLVOBL61 №10-.. ბორბლებიან დამტვირთველზე ახალი ძრავის ჩადგმა, ბატარიის წინა და გვერდითი საქარე მინის, საქოქი გასაღების და წინა საბურავების შეცვლა, ელექტროობის შემოწმება და შეკეთება და ქიმწმენდის ჩატარება. ამავე ხელშეკრულებით მხარეები ასევე შეთანხმდნენ, რომ ავტომანქანა მწყობრიდან იყო გამოსული და პირველადი დათვალიერების საფუძველზე ზ/აღნიშნული ნაწილები და მომსახურების გაწევა ესაჭიროებოდა. ხელშეკრულების 1.4 პუნქტის თანახმად, მხარეები შეთანხმდნენ, რომ სამუშაოების დასრულების შემდეგ შედგებოდა მიღება-ჩაბარების და დეფექტური აქტები, ამავე ხელშეკრულების 2.1 პუნქტის თანახმად, შესასრულებელი სამუშაოების ღირებულება განისაზღვრა 22 000 აშშ დოლარის ეკვივალენტით ლარში.
2. მომსახურების ხელშეკრულების 2.3 პუნქტის მიხედვით, დამკვეთი იღებდა ვალდებულებას, გადაეხადა შემსრულებლისათვის კუთვნილი თანხა შესრულებული სამუშაოს დასრულებისა და ძრავის მუშაობაში მოყვანის შემდგომ არა უგვიანეს ერთი კვირისა. ამავე ხელშეკრულების 4.3 პუნქტით განისაზღვრა, რომ თუ დამკვეთი არ გადაიხდიდა მიღება-ჩაბარების აქტის გაფორმებიდან არა უგვიანეს ერთი კვირის განმავლობაში თანხას, მაშინ მას ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე პირგასამტეხლოს სახით დაერიცხებოდა 200 ლარი. მოპასუხეს თანხა 2015 წლის 3 ივნისამდე უნდა გადაეხადა.
3. შემსრულებელი კომპანიის დირექტორს ა.ბ–ძესა და დამკვეთი კომპანიის ტექნიკის სპეციალისტ რ.ბ–ს შორის, 2015 წლის 27 მაისს, შედგა მიღება-ჩაბარების აქტი შემსრულებლის მიერ გაწეული მომსახურების შესახებ, რომელშიც აღნიშნულია, რომ დამკვეთს შემსრულებელთან არ გააჩნია რაიმე სახის შენიშვნა და პრეტენზია, რასაც ადასტურებენ აღნიშნულ აქტზე ხელმოწერით, თუმცა ამავე აქტზე პირველი მოპასუხის წარმომადგენელმა გააკეთა შენიშვნა, რომ ძრავი არ იყო ახალი და ის გარემონტებული იყო, რასაც არ დაეთანხმა მოსარჩელის წარმომადგენელი.
4. მოსარჩელე კომპანიის დირექტორმა ა.ბ–ძემ გამოითხოვა ძრავის მიმწოდებელი კომპანიისგან დოკუმენტაცია, რომლითაც დასტურდება, რომ სადავო ძრავი 2015 წლის 11 მარტს არის გამოშვებული.
5. სსიპ ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს (შემდეგში: ექსპერტიზის ბიურო) 2016 წლის 3 ივნისის დასკვნაში მითითებულია, რომ VOLVO..., საიდენტიციკაციო №VCE00... ბორბლებიან დამტვირთველში ქარხანადამამზადებლის მიერ კონსტრუქციულად გათვალისწინებული “VOLVO D4D” მოდელის ძრავის ნაცვლად დამონტაჟებულია “DEUTZ BF4M2012” მოდელის ძრავი. ამავე დასკვნის თანახმად, დამონტაჟებული “DEUTZ BF4M2012” მოდელის ძრავი ტექნიკური მახასიათებლებით არ მოდის შესაბამისობაში ქარხანადამამზადებლის მიერ კონსტრუქციულად გათვალისწინებული “VOLVO D4D” მოდელის ძრავის ტექნიკურ მახასიათებლებთან. კერძოდ: “DEUTZ BF4M2012” მოდელის ძრავის მონაცემებია: სიმძლავრე 101,8 ცხ.ძ., ხოლო “VOLVO D4D” მოდელის ძრავის მონაცემებია: 83 ცხ.ძ.
6. VOLVO-BL61, საიდენტიციკაციო №VCE00B61.... ბორბლებიან დამტვირთველში შემსრულებლის მიერ ჩადგმულია ”DEUTZ BF4M2012” მოდელის ახალი ძრავი, რომელიც კონსტრუქციულად უნივერსალურ ძრავს წარმოადგენს და მისი დამონტაჟება ტექნიკური თვალსაზრისით შესაძლებელია სხვადასხვა სახის სპეცტექნიკაზე, მათ შორის მისი დამონტაჟება შესაძლებელი იყო სადავო ბორბლებიან დამტვირთველ VOLVO-BL61-ზე და აღნიშნული ძრავით სავსებით შესაძლებელია სადავო ტექნიკის დანიშნულებისამებრ გამოყენება (მხარეთა ახსნა-განმარტება, მოწმეთა ჩვენება, ექსპერტიზის დასკვნა, ექსპერტის ჩვენება).
7. მოსარჩელე კომპანიამ (შემსრულებელმა) მომსახურების ხელშეკრულებით გათვალისწინებული ვალდებულება შეასრულა, კერძოდ: მან შპს ”ა–ს” (შემდეგში: მეორე მოპასუხე, მეორე აპელანტი, მეორე კასატორი, შპს ან შეგებებული სარჩელის ავტორი) კუთვნილ VOLVO-BL61№10-L613 ბორბლებიან დამტვირთველში ჩადგა ახალი ძრავი, შეცვალა ბატარიის წინა და გვერდითი საქარე მინა, საქოქი გასაღები და წინა საბურავები, შეამოწმა ელექტროობა, შეაკეთა სადავო ტექნიკა და ჩაუტარა ქიმწმენდა.
8. დამკვეთმა შემსრულებელს სარჩელის წარდგენის დღემდე, ხელშეკრულებით გათვალისწინებული მომსახურების ღირებულება 22 000 აშშ დოლარი არ გადაუხადა. ასევე, დამკვეთის კუთვნილი VOLVO-BL61№10-L613 ბორბლებიანი დამტვირთველი მოსარჩელის (შემსრულებლის) მფლობელობაშია.
9. ექსპერტიზის ბიუროს 2016 წლის 19 მაისის ექსპერტიზის დასკვნის თანახმად, ბორბლებიანი დამტვირთველი VOLVO-BL61-ის მძღოლისა და საწვავის ჩათვლით გაქირავების ერთი დღის ქირის ღირებულება საორიენტაციოდ შეადგენს 350 ლარს.
10. სარჩელი, შეგებებული სარჩელი და შესაგებლები
10.1. შემსრულებელმა კომპანიამ სარჩელით მიმართა ბათუმის საქალაქო სასამართლოს პირველი და მეორე მოპასუხეების მიმართ და მოითხოვა მათთვის, მოსარჩელის სასარგებლოდ, მომსახურების ხელშეკრულებიდან გამომდინარე თანხის - 22 000 აშშ დოლარისა და პირგასამტეხლოს - 8 100 ლარის დაკისრება.
10.2. მოპასუხეებმა წერილობით წარდგენილი შესაგებლით სარჩელი არ ცნეს და განმარტეს, რომ მათ არაჯეროვანი შესრულება მიიღეს, რაც იმაში გამოიხატა, რომ თვითმცვლელში დამონტაჟებული ძრავი არ იყო ახალი, ამასთან იგი არ იყო იმავე ტექნიკის მარკისა და მოდელის. .
10.3. მოპასუხეებმა შეგებებული სარჩელი წარადგინეს შემსრულებელი კომპანიის მიმართ და მოითხოვეს უკანონო მფლობელობიდან ნივთის გამოთხოვა და დამკვეთისათვის კუთვნილი ვოლვოს მარკის „ბლ-61“ მოდელის დამტვირთველის პირდაპირ მფლობელობაში გადაცემა; ასევე ზიანის - 66 000 ლარის ანაზღაურება.
10.4. შეგებებული სარჩელით მოპასუხე შემსრულებელმა კომპანიამ შეგებებული სასარჩელო მოთხოვნები არ ცნო და მიუთითა, რომ მან ჯეროვნად შეასრულა ხელშეკრულებით გათვალისწინებული ვალდებულებები, თუმცა მიუხედავად ამისა დამკვეთმა შეთანხმებული საზღაური არ გადაუხადა. შესაბამისად, მათ გამოიყენეს კანონით მინიჭებული უფლება და თანხის ანაზღაურებამდე უარი განაცხადეს ნივთის დაბრუნებაზე.
11. საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება
11.1. ბათუმის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2017 წლის 3 ოქტომბრის გადაწყვეტილებით შემსრულებლის სარჩელი დაკმაყოფილდა; მოპასუხეებს, მოსარჩელის სასარგებლოდ, 22 000 აშშ დოლარისა და 8 100 ლარის გადახდა დაეკისრათ, მოპასუხეთა შეგებებული სარჩელი არ დაკმაყოფილდა.
11.2. საქალაქო სასამართლომ ძირითადი სარჩელის დაკმაყოფილებისა და შეგებებული სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის სამართლებრივ საფუძვლად საქართველოს სამოქალაქო კოდექსის (შემდეგში: სსკ) 170-ე, 172-ე, 316-ე, 317-ე, 319-ე, 327-ე, 361-ე, 394-ე, 395-ე, 411-ე, 412-ე, 415-ე, 417-ე, 418-ე, 629-ე, 633-ე, 634- ე, 639-ე, 641-ე, 649-ე მუხლებსა და საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის (შემდეგში: სსსკ) მე-4 და 102-ე მუხლებზე მიუთითა.
12. სააპელაციო სასამართლოს განჩინება და დასკვნები
12.1. ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2019 წლის 27 ივნისის განჩინებით მოპასუხეთა სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა და უცვლელად დარჩა გასაჩივრებული გადაწყვეტილება.
12.2. სააპელაციო სასამართლომ გაიზიარა საქალაქო სასამართლოს მიერ დადგენილი, ამ განჩინების 1-9 პუნქტებში ასახული ფაქტობრივი გარემოებები და დამატებით მიუთითა, რომ დამკვეთს შემსრულებელთან არ გააჩნდა რაიმე სახის შენიშვნა და პრეტენზია, რაც მხარეებმა აქტზე ხელმოწერით დაადასტურეს, თუმცა იმავე აქტზე მოპასუხის წარმომადგენელმა გააკეთა შენიშვნა, რომ ძრავი არ იყო ახალი და ის გარემონტებული იყო, რასაც არ დაეთანხმა მოსარჩელის წარმომადგენელი.
12.3. დამკვეთი კომპანიის დირექტორმა ვ. ისმალოვმა, 2015 წლის 29 მაისს, წერილით მიმართა შემსრულებელი კომპანიის დირექტორს, სადაც მათი 2015 წლის 27 მაისის წერილის პასუხად აცნობა, რომ მათ კომპანიებს შორის გაფორმებული მომსახურების ხელშეკრულების შესაბამისად მათ უნდა დაეყენებინათ ექსკავატორ VOLVO-BL61№10-L613-სათვის ახალი ძრავი. მათ 2015 წლის 27 მაისის წერილში აცნობეს, რომ ძრავი აქვთ შეძენილი DEUTZ-ის ოფიციალური დილერი კომპანიიდან თურქეთში T.M.L.S.-G.. მათთან იმყოფებოდა დამკვეთი კომპანიის თანამშრომელი სპეციალისტი, რომელმაც VOLVO-BL61№10-L613 დაათვალიერა და მასში ჩაყენებული ძრავის მიმართ გამოთქვა ეჭვი, რომ ძრავი არ იყო ახალი. ამასთან დაკავშირებით დამკვეთმა შემსრულებელს სთხოვა, წარმოედგინა წარმოშობის სერტიფიკატი, დეკლარაცია და ძრავის პასპორტი. გარდა ამისა, შემსრულებელს უნდა განეხორციელებინა სხვადასხვა სამუშაოები, კერძოდ: ჩაეყენებინა შუშა, შეეცვალა წინა ბორბალი, შეემოწმებინა ელექტროობა, რაც არ იყო გაკეთებული. აღნიშნულის გამო დამკვეთმა მხარემ შემსრულებელს მოსთხოვა დოკუმენტების წარდგენა და ხარვეზების გამოსწორება. აღნიშნული წერილით სააპელაციო სასამართლომ დადასტურებულად მიიჩნია ის ფაქტობრივი გარემოება, რომ რ.ბ–ი იყო დამკვეთი საწარმოს უფლებამოსილი წარმომადგენელი, რომელიც კომპანიამ წარგზავნა შესაბამისი უფლებამოსილებითა და დავალებით.
12.4. შპს ,,ე.მ–ის“ 2016 წლის 11 მაისის წერილის თანახმად, ეს უკანასკნელი მოსარჩელის (შემსრულებლის) წერილის პასუხად შემსრულებელ კომპანიას აცნობებს, რომ კომპანია ,,ე.მ–მა“, როგორც ვოლვოს სამშენებლო ტექნიკის ოფიციალურმა დილერმა საქართველოში, შეადარა მათ მიერ მოთხოვნილი ტექნიკის ვოლვოს BL61 მარკის ძრავი მოდელის ტექნიკური მახასიათებლები ჩანაცვლებული DEUTZ მარკის ძრავის მახასიათებლებს და დაადგინა, რომ აღნიშნული ძრავების მოდელი ერთნაირია, განსხვავებაა მხოლოდ ორ ტექნიკურ მახასიათებელს შორის, კერძოდ ჩანაცვლებული ძრავის სიმძლავრე და ბრუნვათა რიცხვი 74 KW და 2300 RPM, ხოლო ვოლვოს ოფიციალური პროგრამის მიხედვით ექსპლუატაციისათვის განსაზღვრულია მინიმუმ 64 KW და 2200 RPM. აქედან გამომდინარე, ზემოაღნიშნული ძრავი არ შეუქმნის პრობლემას ვოლვო BL61 მარკის ტექნიკის შემდგომ ექსპლოატაციას.
12.5. ექსპერტიზის ბიუროს დასკვნის მიხედვით იმ საკითხის გადაწყვეტა, კვლევისათვის წარდგენილი “VOLVO BL61” მარკის დამტვირთველში მოთავსებული “DEUTZ BF4M2012” ძრავი ახალი არის, თუ ექსპლუატაციაშია ნამყოფი, შეუძლებელია, ვინაიდან აღნიშნული საკითხის გადაწყვეტა მინიმუმ ძრავის ზედა და ქვედა ხუფის მოხსნას და ძრავის მაკომპლექტებელი დეტალების ვიზუალურ დათვალიერებას მოითხოვს. გამოსაკვლევად წარდგენილი ძრავი კონსტრუქციულად უნივერსალურ ძრავს წარმოადგენს, შესაბამისად, მისი დამონტაჟება ტექნიკური თვალსაზრისით შესაძლებელია სხვადასხვა-სახის სპეცტექნიკაზე (ტრაქტორები, დიზელ-გენერატორები და სხვა) ყოველგვარი მოდიფიცირებისა და გადაკეთების გარეშე.
12.6. ექსპერტიზის ბიუროს №005815818 სატრანსპორტო ტექნიკურ-ტრასოლოგიური ექსპერტიზის, 2018 წლის 21 აგვისტოს, დასკვნის თანახმად, გამოსაკვლევად წარმოდგენილ ტექნიკას - “VOLVO BL61” ჩატარებული აქვს აღდგენითი სამუშაოები, საქმეში განთავსებული 2015 წლის 27 მაისით დათარიღებული სამუშაოს მიღება-ჩაბარების აქტის შესაბამისად და ასევე დამატებით დამონტაჟებულია ჰიდრავლიკური სისტემის ერთი ცალი, მაღალი წნევის მილი, ხოლო ნაცვლად მეორადი მოხმარების ანთების ბატარეისა, დამონტაჟებულია ახალი ანთების ბატარეა; გამოსაკვლევად წარმდგენილ ტექნიკის გადაცემათა კოლოფის ტექნიკური მახასიათებლები აღემატება მოსარჩელის მიერ დამონტაჟებული ძრავის ტექნიკურ მახასიათებლებს, რაც მოცემულ კონკრეტულ შემთხვევაში მხოლოდ აუმჯობესებ, ბორბლებიანი დამტვირთველის ტექნიკურ მახასიათებლებს და ექსპლუატაციის პირობებში რაიმე სახის ტექნიკურ გაუმართაობასარ გამოიწვევს. ტექნიკას ჩატარებული აქვს აღდგენითი სამუშაოები, საქმეში განთავსებული 2015 წლის 27 მაისით დათარიღებული სამუშაოს მიღება-ჩაბარების აქტის შესაბამისად და, ასევე, დამატებით დამონტაჟებული იქნა ჰიდრავლიკური სისტემის ერთი ცალი, მაღალი წნევის ახალი მილი, ხოლო ნაცვლად მეორადი მოხმარების ანთების ბატარეისა, დამონტაჟებული იქნა ახალი ანთების ბატარეა.
12.7. ექსპერტიზის ბიუროს 2018 წლის 03 ოქტომბრის №006908918 სასაქონლო ექსპერტიზის დასკვნის თანახმად, “VOLVO BL61” მარკა/მოდელის ბორბლებიან დამტვირთველზე გაწეული, 2015 წლის 27 მაისით დათარიღებული შესრულებული სამუშაოს მიღება-ჩაბარების აქტში მითითებული სამუშაოების მთლიანი საბაზრო ღირებულება, საქონლის და მომსახურების ღირებულების ჩათვლით, საორიენტაციოდ 37 420 ლარს შეადგენდა. შესრულებული სამუშაოების ჩამონათვალი თითოეული დასახელების მიხედვით და მათი საორიენტაციო საბაზრო ღირებულებების შესახებ მონაცემები მოცემული იქნა დასკვნაზე თანდართულ დანართში №1. აღნიშნული დანართის თანახმად, ძველი ძრავი შეცვლილია ახალი - ,,DEUTZBF4M2012” ძრავით, რომლის საბაზრო ღირებულებაა 35 000 ლარი.
12.8. ექსპერტიზის ბიუროს ექსპერტმა დ.ს–ძემ დაადასტურა 21.08.2018წ. მის მიერ გაცემულ ექსპერტიზის დასკვნაში მითითებული გარემოებები და დამატებით განმარტა, რომ ვიზუალური დაკვირვების შედეგად მან დაადგინა, რომ ძრავი იყო ახალი.ექსპერტის განმარტებით ძრავი ხანგრძლივი ექსპლუატაციის პირობებში იკეთებს ნადებს, რაც მოცემულ თვითმცლელში დამონტაჟებულ ძრავს არ ჰქონდა, რაც იმაზე მიუთითებს, რომ იგი ექპლუატაციაში ნამყოფი არ იყო. ძველი და დამონტაჟებული ახალი ძრავი ურთიერთავსებადი და იდენტურია, რადგან იგი გამოშვებულია ერთი და იმავე მწარმოებლის მიერ, კონსტრუქციულად გათვლილი, ქარხნულად გათვალისწინებული ანალოგიური დეტალებით, ორივე ძრავი არის ერთი და იგივე ზომის, ფორმის, მოყვანილობის, უბრალოდ მათი გამოშვების პერიოდიდან გამომდინარე, ახალი ძრავი უკეთესი და რამდენიმე კილოვატით ძლიერია ძველზე. ,ფაქტობრივად ძრავები ფუნქციურად იდენტური არის, ოღონდ - სხვადასხვა სახელებით. დამონტაჟებული ახალი ძრავი სრულად თავსებადია ავტომობილთან. ექსპერტის განმარტებით, თუ ძრავი თავსებადია გადაცემათა კოლოფთან, ის არ იწვევს სხვა ნაწილების რაიმე სახის დაზიანებას, შესაბამისად, რაიმე სახის დაზიანება გამორიცხულია.
12.9. სააპელაციო სასამართლომ სსკ-ის 629-ე მუხლზე მითითებით განმარტა, რომ მხარეთა შორის ნარდობის სამართლებრივი ურთიერთობა არსებობდა. სასამართლომ სსკ-ის 361-ე, 636-ე, 641-ე მუხლებზე მიუთითა და აღნიშნა, რომ მხარეთა შორის გაფორმებული ხელშეკრულების თანახმად, ბორბლებიან დამტვირთველში ჩაიდგმებოდა ახალი ძრავი. ხელშეკრულებაში არაფერია ნათქვამი იმაზე, ეს ,,ახალი ძრავი“ გულისხმობს იმავე მარკისა და მოდელის ძრავის სიახლეს რაც მშობლიური იყო სპეც. ტექნიკისთვის, თუ შეთანხმება გულისხმობდა იმგვარ ახალ ძრავს, რომელიც შესაძლოა არ ყოფილიყო იმავე მარკის, მაგრამ გამოყენებისთვის ა სრულიად ვარგისი იქნებოდ.
12.10. სსსკ-ის 102.1-ე, 103.1-ე მუხლებით დადგენილი მოწესრიგების თანახმად, მოცემული დავის ფარგლებში, მოპასუხეთა მტკიცების ტვირთს წარმოადგენდა იმ გარემოების დადასტურება, რომ ადგილი ჰქონდა მოსარჩელის მიერ სამუშაოს არაჯეროვან შესრულებას.
12.11. სააპელაციო სასამართლომ არ გაიზიარა დამკვეთი საწარმოს წარმომადგელის განმარტება იმის თაობაზე, რომ რ.ბ–ი არ იყო მათი თანამშრომელი და, უფრო მეტიც, ისინი მას საერთოდ არ იცნობენ, შესაბამისად, მის მიერ ხელმოწერილი მიღება-ჩაბარების აქტი არ წარმოადგენდა სათანადო მტკიცებულებას. აღნიშნულის საწინააღმდეგოდ საქმეში წარმოდგენილია მათ მიერ შედგენილი 2015 წლის 29 მაისის წერილი, სადაც მოპასუხე კომპანიის (დამკვეთის) დირექტორი წერს მოსარჩელე კომპანიის (შემსრულებლის) დირექტორს, რომ მათთან იმყოფებოდა კომპანიის თანამშრომელი სპეციალისტი, რომელმაც VOLVO-BL61№10-L613 დაათვალიერა და მასში ჩაყენებული ძრავის მიმართ გამოთქვა ეჭვი, რომ ძრავი არ იყო ახალი. აღსანიშნავია, რომ მიღება-ჩაბარების აქტი გაფორმებული იქნა 2 დღით ადრე 2015 წლის 27 მაისს. აღნიშნულ გარემოებას ასევე ამყარებდა მოპასუხის 21.09.2015წ. შესაგებელი, სადაც იგი არაფერს ამბობდა რ.ბ–ის არაუფლებამოსილებისა და არაკომპეტენტურობის თაობაზე, მხოლოდ იმას მიუთითებდა, რომ რ.ბ–ი არ ფლობდა ქართულ ენას და შესაბამისად, ქართულ ენაზე შედგენილი და რ.ბ–ის მიერ ხელმოწერილი მიღება-ჩაბარების აქტი ვერ იქნებოდა გაზიარებული.
12.12. მოცემულ შემთხვევაში, დამკვეთი საწარმო უარს აცხადებს შეთანხმებული საზღაურის გადახდაზე იმ მოტივით, რომ მან მიიღო არაჯეროვანი შესრულება. მისი პრეტენზია ძირითადად მიმართულია იმ გარემოებაზე, რომ დამონტაჟებული ძრავი არ იყო ახალი, თუმცა აღნიშნული გარემოება მის მიერ დადასტურებული ვერ იქნა. ამ მხრივ მოპასუხე მხოლოდ მიღება-ჩაბარების აქტზე არსებულ მინაწერზე უთითებს, ხოლო ამის საწინააღმდეგოდ, საქმეში წარმოდგენილია ძრავის შესყიდვის დოკუმენტაცია, ექსპერტიზის დასკვნები, თვით ექსპერტის ჩვენება, საიდანაც ცალსახად დასტურდება, რომ დამკვეთის კუთვნილ სპეცტექნიკაზე დამონტაჟებული ძრავი იყო ახალი.
12.13. სსკ-ის 649-ე, 633-ე, 417-ე, 418-ე, 631-ე, 369-ე, 172-ე, 394-ე მუხლებზე დაყრდნობით სააპელაციო სასამართლომ განმარტა, რომ მოპასუხეთა მიერ ადგილი აქვს ხელშეკრულებით გათვლისწინებული ვალდებულების დარღვევას, რაც გამოიხატა ხელშეკრულებით შეთანხმებული ნარდობის საზღაურის დადგენილ ვადაში გადაუხდელობით. ამდენად, მათზე პირგასამტეხლოს დაკისრების სამართლებრივი საფუძვლები არსებობს. ამასთან, დავის ხანგრძლივობისა და სხვა გარემოებათა შეფასებით სასამართლომ მიიჩნია, რომ დაკისრებული პირგასამტეხლო გონივრულია, სამართლიანია და არ არსებობს მისი შემცირების საფუძვლები.
12.14. დადგენილია, რომ დამკვეთ საწარმოს მოსარჩელისათვის (შემსრულებლისათვის) არ აქვს გადახდილი ნარდობის ხელშეკრულებით გათვალისწინებული საფასური. შესაბამისად, სსკ-ის 634-ე მუხლის შინაარსიდან გამომდინარე, შემსრულებელს უფლება აქვს, მისი მოთხოვნის უზრუნველყოფის მიზნით, სადავო ნივთზე გირავნობის უფლება გამოიყენოს და არ დაუბრუნოს მესაკუთრეს ნივთი მანამ, ვიდრე არ იქნება შესრულებული შემკვეთის მიერ ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულება სრულად და არ იქნება გადახდილი შესრულებული სამუშაოს ღირებულება.
12.15. შემსრულებელს (მენარდეს) არ ეკისრება პასუხისმგებლობა ვალდებულების დარღვევისათვის, კერძოდ, ნივთის დაკავებისათვის. შესაბამისად, არ არსებობს მართლსაწინააღმდეგო და ბრალეული ქმედება, რაც გამორიცხავს რაიმე სახის ზიანის ანაზღაურების შესაძლებლობას.
13. მოპასუხეთა საკასაციო საჩივრის საფუძვლები
13.1. მოპასუხეებმა საკასაციო წესით გაასაჩივრეს სააპელაციო სასამართლოს განჩინება, მისი გაუქმება და, ახალი გადაწყვეტილების მიღებით, თავდაპირველი სარჩელის უარყოფა და შეგებებული სარჩელის დაკმაყოფილება მოითხოვეს.
13.2. კასატორთა განმარტებით, მიღება-ჩაბარების აქტში დამკვეთის წარმომადგენლად მითითებულია ვინმე რ.ბ–ი, რომელიც არა თუ დამკვეთის წარმომადგენლობის უფლებით აღჭურვილი პირი არ არის, არამედ, არასოდეს უმუშავია კომპანიაში. შესაბამისად, მითითებული პიროვნების დამკვეთის წარმომადგენლად გამოცხადება, ხოლო მის მიერ ხელმოწერილი (თუ ასეთს მართლა ჰქონდა ადგილი) აქტის, დამკვეთის ნების გამომხატველი დოკუმენტად შეფასება, აშკარა აბსურდია. გარიგებებში სამეწარმეო სუბიექტის წარმომადგენლობაზე უფლებამოსილია დირექტორი, ან დადგენილი წესით საამისოდ უფლებამოსილი პირი, ნების გამოვლენის დელეგირება კანონით განსაზღვრული ფორმით უნდა განხორციელდეს, რასაც კონკრეტულ შემთხვევაში ადგილი არ ჰქონია.
13.3. კასატორთა განმარტებით, სახეზეა გადაწყვეტილების გაუქმების კანონით გათვალისწინებული აბსოლუტური საფუძველი, რადგან სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებულ განჩინებას ხელს აწერს ერთი პირი და არა ის სამი მოსამართლე, რომლებიც განჩინებაში არიან მითითებულნი.
13.4. კასატორები მიიჩნევენ, რომ სააპელაციო სასამართლომ ექსპერტიზის დანიშვნით საპროცესო კანონმდებლობა დაარღვია. ამასთან, არასრულყოფილად და არამართებულად იქნა შეფასებული საქმეში არსებული ექსპერტიზის დასკვნები.
14. საკასაციო სამართალწარმოების ეტაპი
14.1. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატამ აპელანტთა საკასაციო საჩივარი წარმოებაში მიიღო სსსკ-ის 391-ე მუხლის მიხედვით დასაშვებობის წინაპირობების შესამოწმებლად.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლო საქმის შესწავლის, მტკიცებულებათა გაანალიზების, საკასაციო საჩივრის დასაშვებობის იურიდიული დასაბუთებულობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ მოპასუხეთა საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს სსსკ-ის 391-ე მუხლის მოთხოვნებს, რის გამოც ის დაუშვებელია, შემდეგი არგუმენტაციით:
15. სსსკ-ის 391-ე მუხლის მეხუთე ნაწილის შესაბამისად, საკასაციო საჩივარი ქონებრივ და სხვა არაქონებრივ დავებში დასაშვებია, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს; ზ) გასაჩივრებულია სააპელაციო სასამართლოს მეორე დაუსწრებელი გადაწყვეტილება ან განჩინება დაუსწრებელი გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების თაობაზე. ზემოაღნიშნული ნორმები განსაზღვრავს იმ მოთხოვნებს, რომელთაც საკასაციო საჩივარი უნდა შეიცავდეს და ეფუძნებოდეს.
16. საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სსსკ-ის 391-ე მუხლით გათვალისწინებული არც ერთი ზემოხსენებული საფუძვლით.
17. საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ საკასაციო საჩივარი დასაშვებიც რომ ყოფილიყო, მას არა აქვს წარმატების პერსპექტივა შემდეგ გარემოებათა გამო:
ა) განსახილველ შემთხვევაში, არ არსებობს სსსკ-ის 391-ე მუხლის მეხუთე ნაწილის "ე" ქვეპუნქტით დადგენილი საკასაციო საჩივრის დასაშვებობის წინაპირობაც, რომლის მიხედვითაც, საკასაციო საჩივარი დასაშვებია, თუ სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმე განხილულია მნიშვნელოვანი საპროცესო დარღვევით, რომელსაც შეეძლო, არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე.
ბ) სსსკ-ის 407.2-ე მუხლის თანახმად, სააპელაციო სასამართლოს მიერ დამტკიცებულად ცნობილი ფაქტობრივი გარემოებები სავალდებულოა საკასაციო სასამართლოსათვის, თუ წამოყენებული არ არის დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია. სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილად ცნობილ ფაქტობრივ გარემოებებთან დაკავშირებით კასატორებს ასეთი დასაბუთებული პრეტენზია არ წარმოუდგენიათ.
18. საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე-6 მუხლის პირველი პარაგრაფი ავალდებულებს სასამართლოს, დაასაბუთოს თავისი გადაწყვეტილება, რაც არ უნდა იქნეს გაგებული თითოეულ არგუმენტზე დეტალური პასუხის გაცემად (იხ. ჯღარკავა საქართველოს წინააღმდეგ, # 7932/03; Van de Hurk v. Netherlands, par.61, Garcia Ruiz v. Spain [GC] par.26; Jahnke and Lenoble v France (dec.); Perez v France [GC], par. 81).
19. საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ მოპასუხეთა ძირითადი საკასაციო პრეტენზია მიღება-ჩაბარების აქტზე ხელმომწერი პირის არაუფლებამოსილებაა. კასატორები სადავოდ ხდიან მოსარჩელის მიერ ვალდებულების ჯეროვნად შესრულების ფაქტს და მტკიცებულებათა არასწორად შეფასებაზე მიუთითებენ.
20. საკასაციო სასამართლო არ იზიარებს კასატორთა პრეტენზიებს უსაფუძვლობისა და დაუსაბუთებლობის გამო და მიიჩნევს, რომ სააპელაციო სასამართლომ სრულად და ობიექტურად შეაფასა საქმის გარემოებები, მხარეთა მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებები და სწორი სამართლებრივი შეფასება მისცა მათ. კასატორები აცხადებენ, რომ მოსარჩელემ არაჯეროვნად შეასრულა მომსახურების ხელშეკრულებით გათვალისწინებული ვალდებულება, თუმცა მოსარჩელის სასარგებლოდ საქმეში არსებულ მტკიცებულებათა გასაქარწყლებლად მხოლოდ საკუთარი ახსნა-განმარტებით შემოიფარგლნენ.
21. ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვეციის მე-6 მუხლით გათვალისწინებული სამართლიანი სასამართლოს უფლების რეალიზება უმეტესწილად დამოკიდებულია და გულისხმობს სასამართლოს მიერ დასაბუთებული, მტკიცებულებათა ურთიერთშეჯერებისა და გაანალიზების საფუძველზე მიღებული გადაწყვეტილების მიღებას. მტკიცების ტვირთის როლი განსაკუთრებით ვლინდება სამოქალაქო სამართალწარმოებაში, სადაც მხარეთა ნების ავტონომიას გადამწყვეტი მნიშვნელობა ენიჭება. შესაძლებელია მხარის მოთხოვნა საფუძვლიანი იყოს, მაგრამ შეუძლებელია მხარემ მიიღოს თავისი სასარგებლო გადაწყვეტილება, თუ ვერ დაამტკიცებს თავის სასარგებლო გარემოებებს საპროცესო სამართლით დადგენილი წესით. ამიტომაც, ერთ-ერთ მნიშვნელოვან ფაქტორს წარმოადგენს მტკიცების ტვირთის მართებული გადანაწილება მოდავე მხარეებს შორის.
22. მტკიცების ტვირთს აწესრიგებს სსსკ-ის 102-ე მუხლის პირველი ნაწილი, რომლის მიხედვითაც თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებანი, რომლებზედაც იგი ამყარებს თავის მოთხოვნებსა და შესაგებელს. მოსარჩელემ უნდა ამტკიცოს ის გარემოებები, რომლებზედაც დაფუძნებულია სასარჩელო მოთხოვნა, ხოლო მოპასუხემ გარემოებები, რომლებსაც მისი შესაგებელი ემყარება. მტკიცების ტვირთი არის სამოქალაქო სამართალწარმოებაში საქმის სწორად გადაწყვეტისათვის მნიშვნელოვანი ფაქტების დამტკიცების მოვალეობის დაკისრება მხარეებზე, რომლის შესრულება უზრუნველყოფილია მატერიალურ-სამართლებრივი თვალსაზრისით არახელსაყრელი გადაწყვეტილების გამოტანით იმ მხარის მიმართ, რომელმაც ეს მოვალეობა სათანადოდ არ (ვერ) შეასრულა. მხარეთა მტკიცებითი საქმიანობის საბოლოო მიზანი – ესაა სასამართლოს დარწმუნება საქმის სწორად გადაწყვეტისათვის მნიშვნელობის მქონე გარემოებების არსებობაში. სასამართლოს დაურწმუნებლობა კი, მხარისათვის არახელსაყრელ შედეგს იწვევს. მტკიცების ტვირთი დამოკიდებულია არა მხარის როლზე პროცესში, არამედ მოთხოვნის საფუძველზე. ის ვინც ითხოვს ვალდებულების შესრულებას, უნდა დაამტკიცოს მოთხოვნის საფუძვლის არსებობა არა მხოლოდ მაშინ, როდესაც იგი ითხოვს თავისი მოთხოვნის შესრულებას, ან აღიარებას, არამედ მაშინაც, როდესაც იგი თავს იცავს მოწინააღმდეგე მხარის ნეგატიური აღიარებითი სარჩელისაგან (მოთხოვნისაგან). მტკიცების ტვირთისაგან უნდა გაიმიჯნოს ფაქტების მითითების ტვირთი, როგორც მხარის ფაკულტატური მოვალეობა. მხარეები სსსკ-ის მე-4 მუხლის თანახმად სრულიად თავისუფალი არიან მიუთითონ ნებისმიერ ფაქტზე. ეს მათი უფლებაა, მაგრამ მათ მიერ მითითებული ფაქტობრივი გარემოებების სამართლებრივი შეფასება, ე.ი. იმის დადგენა და გარკვევა, თუ რამდენად ასაბუთებენ ეს ფაქტები იურიდიულად მხარეთა მოთხოვნებს და შესაგებელს – ეს უკვე სასამართლოს პრეროგატივაა. ამასთან, საკმარისი არ არის, რომ მხარემ ზოგადად გამოთქვას მოსაზრება საქმისათვის მნიშვნელობის მქონე გარემოებაზე, მაგალითად, განაცხადოს, რომ იგი მთლიანად უარყოფს მეორე მხარის მიერ მოხსენებულ საქმის ფაქტობრივ გარემოებებს. მხარის მიერ წარმოდგენილი მოსაზრებები კონკრეტულად და დეტალურად უნდა ჩამოყალიბდეს და ეხებოდეს საქმის გადაწყვეტისათვის მნიშვნელობის მქონე ყველა გარემოებას. მხარეთა მიერ წარმოდგენილი ახსნა-განმარტებები უნდა იყოს დასაბუთებული და ეხებოდეს იმ გარემოებებს, რომლებსაც უშუალო კავშირი აქვს დავასთან. მოსარჩელემ, როგორც წესი, უნდა დაამტკიცოს ყველა გარემოება, რომელიც წარმოადგენს მოთხოვნის წარმოშობის საფუძველს, ხოლო მოპასუხემ კი – ყველა გარემოება, რომელიც წარმოადგენს მოთხოვნის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის საფუძველს (იხ. ჰაინ ბიოლინგი, ლადო ჭანტურია, სამოქალაქო საქმეებზე გადაწყვეტილებათა მიღების მეთოდიკა, თბ., 2003, გვ.64) - იხ. შეად. სუსგ-ებს N ას-1298-2018; 22.03.2019წ; N ას-1329-2018, 22.02.2019წ; N ას-1610-2019, 07.02.2020წ.).
23. საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ სსკ-ის 629-ე, 633-ე, 639-ე, 641-ე და 649-ე მუხლები მართებულად იქნა გამოყენებული სარჩელის დასაკმაყოფილებლად, ხოლო სსკ-ის 634-ე, 172-ე მუხლები - შეგებებული სარჩელის უარსაყოფად.
24. რ.ბ–ის არაუფლებამოსილებასთან დაკავშირებით საკასაციო სასამართლო არ იზიარებს კასატორთა პრეტენზიას და სრულად ეთანხმება სააპელაციო სასამართლოს, ამ განჩინების 12.11 ქვეპუნქტში ასახულ, მსჯელობას, რასაც კასატორები ვერ აქარწყლებენ მათ მიერ წარმოდგენილი არაკვალიფიციული საკასაციო საჩივრით.
25. საკასაციო სასამართლო არ იზიარებს კასატორთა მითითებას გადაწყვეტილების გაუქმების კანონით გათვალისწინებულ აბსოლუტურ საფუძველზე, რადგან პრეტენზია გასაჩივრებულ განჩინებაზე სამი მოსამართლის ნაცვლად ერთი პირის მიერ განხორციელებული ხელმოწერის თაობაზე არათუ არავითარ მტკიცებულებას, არამედ დასაბუთებულ ვარაუდსაც კი არ ეფუძნება (იხ სააპელაციო სასამართლოს განჩინების სარეზოლუციო ნაწილი - ტ.3, ს.ფ.311-312, დასაბუთებული განჩინება - ს.ფ. 313-339).
26. საკასაციო სასამართლო სსსკ-ის 162.1-ე მუხლზე მითითებით განმარტავს, რომ თუ საქმის განხილვასთან დაკავშირებულ საკითხზე მოსამართლეს სპეციალური ცოდნა არ გააჩნია, სასამართლოს შეუძლია თავისი ინიციატივით დანიშნოს ექსპერტიზა საქმის განხილვის ნებისმიერ სტადიაზე, მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ აღნიშნული საკითხის განმარტებას არსებითი მნიშვნელობა აქვს საქმის გადაწყვეტისათვის და მის გარეშე გადაწყვეტილების გამოტანა შეუძლებელია. საკასაციო სასამართლო კასატორთა პრეტენზიის საპასუხოდ განმარტავს, რომ განსახილველი საქმე სწორედ ის შემთხვევაა, როდესაც დავის გადასაწყვეტად აუცილებელია, გაირკვეს შემსრულებლის მიერ ვალდებულების ჯეროვნად შესრულების საკითხი (ძრავის მდგომარეობა), რაც სპეციალურ ცოდნას მოითხოვს. „სსსკ-ის 162-ე მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით, მოსამართლე უფლებამოსილია თავისი ინიციატივით დანიშნოს ექსპერტიზა ისეთ საკითხზე, რომლის განმარტებასაც არსებითი მნიშვნელობა აქვს საქმის გადაწყვეტისთვის და ამ საკითხზე მოსამართლეს სპეციალური ცოდნა არ გააჩნია“ (სუსგ №ას-60-60-2018, 24.07.2018 წელი, პ-20). ამდენად, საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ სააპელაციო სასამართლოს სრული უფლება ჰქონდა სადავო საკითხის გადასაწყვეტად დაენიშნა ექსპერტიზა თავისი ინიციატივით სსსკ-ის 162-ე და 173-ე მუხლის მე-3 ნაწილის საფუძველზე, რაც განსახილველი დავის გადაწყვეტისათვის იყო აუცილებელი (იხ. სუსგ N ას-867-834-2016, 22.11.2018წ.; შეად. სუსგ N ას-894-2019, 30.09.2019წ; პუნქტი 64).
27. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება კანონიერია, ხოლო მოპასუხეთა საკასაციო საჩივარი დაუსაბუთებელი, რაც გამორიცხავს მისი არსებითად განსახილველად დაშვების სამართლებრივ შესაძლებლობას.
28. სსსკ-ის 401-ე მუხლის მე-4 პუნქტის საფუძველზე, თუ საკასაციო საჩივარი დაუშვებლად იქნება ცნობილი, პირს დაუბრუნდება, მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 70 პროცენტი.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 284-ე, 285-ე, 391-ე, 401-ე, 408.3-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. შპს "ა–ს" და შპს "ა–ს ს.წ–ბის" საკასაციო საჩივარი, როგორც დაუშვებელი, დარჩეს განუხილველად;
2. შპს "ა–ს" (ს/კ .....) და შპს "ა.ს ს.წ–ს" (ს/კ ......) სახელმწიფო ბიუჯეტიდან (ქ.თბილისი, „სახელმწიფო ხაზინა“, ბანკის კოდი TRESGE22, მიმღების ანგარიშის №200122900, სახაზინო კოდი 300773150) დაუბრუნდეთ საკასაციო საჩივარზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟის, 3705 ლარის (საგადახდო დავალება N0, გადახდის თარიღი 2020 წლის 29 მაისი), 70% – 2593,5 ლარი და 3350,93 ლარის (საგადახდო დავალება N0, გადახდის თარიღი 2020 წლის 3 ივლისი), 70% – 2345,65 ლარი;
3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე ე. გასიტაშვილი
მოსამართლეები: ზ. ძლიერიშვილი
ბ. ალავიძე