საქმე №ას-1448-2020 5 ივლისი, 2021 წელი,
ქ. თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატა
შემადგენლობა:
ეკატერინე გასიტაშვილი (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
მოსამართლეები: ზურაბ ძლიერიშვილი,
ნინო ბაქაქური
საქმის განხილვის ფორმა _ ზეპირი განხილვის გარეშე
განმცხადებელი – მ.ბ–ი (მოსარჩელე)
მოწინააღმდეგე მხარე– თბილისის მუნიციპალიტეტის მერია (მოპასუხე)
განმცხადებლის მოთხოვნა – დამატებითი განჩინების გამოტანა
დავის საგანი – იძულებით განაცდურის აღიარება
საკითხი, რომელზედაც მიღებულია განჩინება - განცხადების დაკმაყოფილება
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :
1. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2021 წლის 5 თებერვლის განჩინებით ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის საკასაციო საჩივარი, თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2020 წლის 13 ოქტომბრის გადაწყვეტილებაზე, რომლითაც თბილისის მუნიციპალიტეტის მერიას მ.ბ–ის სასარგებლოდ 5 049 ლარის გადახდა დაეკისრა, როგორც დაუშვებელი, დარჩა განუხილველად
2. საკასაციო სასამართლოს 2021 წლის 13 მაისს განცხადებით მომართა მ.ბ–ის წარმომადგენელმა ი.პ–მა და დამატებითი განჩინების გამოტანა იშუამდგომლა იმ საფუძვლით, რომ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის საკასაციო საჩივარზე საკასაციო სასამართლოში მიღებული შემაჯამებელი განჩინებით არ იქნა განხილული და გადაწყვეტილი, მ.ბ–ის მიერ საკასაციო შესაგებელში წარმოდგენილი, შუამდგომლობა სასამართლოსგარეშე პროცესის ხარჯის კასატორისათვის დაკისრებასთან დაკავშირებით, რომელიც დაკმაყოფილებას ექვემდებარებოდა საქმის მერიის საწინააღმდეგოდ გადაწყვეტის გამო.
3. განმცხადებელი, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის (შემდეგში: სსსკ) 261-ე მუხლის საფუძველზე, დამატებითი განჩინების გამოტანასა და მერიისათვის ადვოკატის მომსახურებისათვის გაწეული ხარჯის - 2 000 ლარის დაკისრებას ითხოვს.
4. ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიას 2021 წლის 29 ივნის ჩაჰბარდა განცხადების ასლი და ეცნობა განცხადების ზეპირი მოსმენის გარეშე განხილვის თაობაზე. მერიას მოსაზრება არ წარმოუდგენია.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლო წარმოდგენილი განცხადების დასაბუთებულობის შესწავლის შედეგად მიიჩნევს, რომ განცხადება დამატებითი განჩინების მიღების შესახებ ნაწილობრივ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
5. სსსკ-ის 261-ე მუხლის პირველი ნაწილის „გ“ ქვეპუნქტის თანახმად, გადაწყვეტილების გამომტან სასამართლოს შეუძლია თავისი ინიციატივით ან მხარეთა თხოვნით, ზეპირი მოსმენის გარეშე, გამოიტანოს დამატებითი გადაწყვეტილება, თუ სასამართლოს არ გადაუწყვეტია სასამართლო ხარჯების საკითხი. ამავე მუხლის 31 ნაწილის შესაბამისად, ამ მუხლის პირველი ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული საკითხი განიხილება ზეპირი მოსმენის გარეშე. სასამართლოს შეუძლია დაადგინოს ზეპირი განხილვაც, თუ ეს საჭიროა და ხელს უწყობს საქმის გარემოებების გარკვევას. ზეპირი განხილვის შემთხვევაში მხარეებს ეცნობებათ სხდომის ჩატარების დრო და ადგილი, მაგრამ მათი გამოუცხადებლობა ვერ დააბრკოლებს სასამართლოს მიერ საკითხის განხილვასა და გადაწყვეტას.
6. მოცემულ შემთხვევაში საკასაციო სასამართლოს მიზანშეწონილად არ მიაჩნია წინამდებარე განცხადების ზეპირი მოსმენით განხილვა.
7. საკასაციო სასამართლო ნაწილობრივ იზიარებს განმცხადებლის მოთხოვნას და მიიჩნევს, რომ არსებობს დამატებითი განჩინების მიღების წინაპირობა. მ.ბ–ის წარმომადგენელმა მერიის მიერ წარმოდგენილ საკასაციო საჩივარზე წარდგენილ საკასაციო შესაგებელში იშუამდგომლა ადვოკატის მომსახურების ხარჯის ანაზღაურების შესახებ - 2 000 ლარის ოდენობით.
8. სსსკ-ის 53-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, იმ მხარის მიერ გაღებული ხარჯების გადახდა, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, ეკისრება მეორე მხარეს, თუნდაც ეს მხარე გათავისუფლებული იყოს სახელმწიფო ბიუჯეტში სასამართლო ხარჯების გადახდისაგან. თუ სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, მაშინ ამ მუხლში აღნიშნული თანხა მოსარჩელეს მიეკუთვნება სარჩელის იმ მოთხოვნის პროპორციულად, რომელიც სასამართლოს გადაწყვეტილებით იქნა დაკმაყოფილებული, ხოლო მოპასუხეს – სარჩელის მოთხოვნის იმ ნაწილის პროპორციულად, რომელზედაც მოსარჩელეს უარი ეთქვა. იმ მხარის წარმომადგენლის დახმარებისათვის გაწეულ ხარჯებს, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, სასამართლო დააკისრებს მეორე მხარეს გონივრულ ფარგლებში, მაგრამ არაუმეტეს დავის საგნის ღირებულების 4 პროცენტისა, ხოლო არაქონებრივი დავის შემთხვევაში – განსახილველი საქმის მნიშვნელობისა და სირთულის გათვალისწინებით, 2 000 ლარამდე.
9. მითითებული ნორმის დისპოზიცია იმგვარად არის ფორმულირებული, რომ არ ადგენს გაწეული ხარჯის სანაცვლო ანაზღაურების ერთმნიშვნელოვან ოდენობას, არამედ ამ ოდენობის გონივრულად განსაზღვრის უფლებას უტოვებს სასამართლოებს. კანონმდებლის ამგვარი მიდგომა განპირობებულია იმ მოსაზრებით, რომ ადვოკატის მომსახურებაში გადახდილი ხარჯების სანაცვლო ანაზღაურებამ დაუსაბუთებლად არ უნდა შეზღუდოს პროცესის მონაწილე მხარის უფლება და არ უნდა შექმნას წარმომადგენლის დახმარებისათვის გაწეული ხარჯების ოდენობის ხელოვნურად გაზრდის პროცესუალური საფუძველი; ნორმის ამგვარი შინაარსის მიზანია პროცესის მონაწილე მეორე მხარის უფლებების დაუსაბუთებელი შეზღუდვის თავიდან აცილება. გონივრულობის კრიტერიუმად კი, კანონმდებელი მიიჩნევს დავის საგნის ღირებულების არაუმეტეს 4%-ს. ნიშანდობლივია, რომ დავის საგნის ღირებულების 4% წარმოადგენს ზედა ზღვარს (კანონით დადგენილ მაქსიმალურ ოდენობას), რომლის ფარგლებშიც ხდება ხარჯების ოდენობის სასამართლოსმიერი განსაზღვრა და ამ თვალსაზრისით, მხედველობაში მიიღება კონკრეტულად რა იურიდიული მნიშვნელობის მქონე ქმედებები იქნა განხორციელებული ადვოკატის მიერ, რა სახის ადამიანური რესურსი დაიხარჯა, საქმის წარმოების რომელ ეტაპზე პროცესის მონაწილე რომელმა მხარემ გასწია იგი და სხვა (სუსგ №ას-739-707-2016, 24.10.2016წ.).
10. მოცემულ შემთხვევაში, განმცხადებელს არ წარმოუდგენია მტკიცებულება მის მიერ მოთხოვნილი ოდენობით ხარჯის რეალურად გაწევის თაობაზე. საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ სსსკ-ის 215-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, მხარე ვალდებულია, სასამართლოს დასაბუთებული შუამდგომლობით მიმართოს, მან უნდა წარადგინოს მისი მოთხოვნის დამადასტურებელი სათანადო მტკიცებულებები, თუმცა მოცემულ შემთხვევაში სასამართლო მხედველობაში იღებს საქმეში წარმოდგენილი სანოტარო წესით დამოწმებულ მინდობილობას, რომლის თანახმადაც, მოსარჩელემ წარმომადგენელს მიანიჭა მისი ინტერესების სასამართლოში დაცვის უფლება და საქმის მასალებით დგინდება წარმომადგენლის მონაწილეობა საპროცესო მოქმედებებში, ეს გარემოებები თავისთავად მიანიშნებს მხარეთა შორის საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 709-ე მუხლით განსაზღვრული დავალების ხელშეკრულების არსებობაზე, რომელიც შეიძლება ზეპირადაც დაიდოს. ასეთ შემთხვევაში, სასამართლოს მხარის მოთხოვნის საფუძველზე თვითონაც შეუძლია, გონივრულ ფარგლებში განსაზღვროს დახმარებისათვის გაწეული ხარჯების ოდენობა, თუკი აშკარაა, რომ, პირის უფლების დარღვევის აღკვეთის მიზნით, ხარჯი გაღებულია (ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილება „პინკოვა და პინკი ჩეხეთის რესპუბლიკის წინააღმდეგ“). სასამართლომ მხარეს ხარჯების ანაზღაურება უნდა დააკისროს მხოლოდ იმ ოდენობით, რა ოდენობითაც ისინი რეალურად და საჭიროებისამებრ იქნა გაღებული იმ მიზნით, რომ აღკვეთილიყო სამოქალაქო უფლების დარღვევა (ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილება „ასანიძე საქართველოს წინააღმდეგ“). ამდენად, სასამართლომ ხარჯების განსაზღვრისას უნდა მოახდინოს მხარის სამართლიანი დაკმაყოფილება. აღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ სასამართლოს შეხედულებით ხარჯების ოდენობის განსაზღვრისას, დავის საგნის ღირებულებიდან გამომდინარე, პროცენტული ცენზის დადგენა გამორიცხავს ხარჯების ხელოვნურად გაზრდას და უზრუნველყოფს იმ მხარის ინტერესების დაცვას, რომელსაც ხარჯების გადახდა უნდა დაეკისროს (სუსგ 30.10.2015წ. საქმე №ას-444-423-2015).
11. საკასაციო სასამართლო ყურადღებას გაამახვილებს იმ გარემოებაზე, რომ განსახილველ შემთხვევაში მ.ბ–ის წარმომადგენელმა კვალიფიციური შეპასუხება წარმოადგინა მერიის საკასაციო საჩივარზე, რაც საქმე ზეპირი მოსმენის გარეშე იქნა განხილული.
12. ამდენად, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ მოცემულ საქმეზე მ.ბ–ის წარმომადგენლის მხრიდან საკასაციო შესაგებლის წარმოდგენა დროისა და ინტელექტუალური რესურსის დახარჯვას მოითხოვდა, რაც უთუოდ უნდა იქნეს გათვალისწინებული წარმომადგენლის ანაზღაურების ოდენობის განსაზღვრისას. შესაბამისად, დავის საგნის ღირებულებისა (განსახილველ შემთხვევაში მერიას 5 049 ლარის გადახდა დაეკისრა მ.ბ–ის სასარგებლოდ) და კანონით განსაზღვრული ზღვრული პროცენტული ნიხრის გათვალისწინებით (სსსკ-ის 53-ე მუხლი), საკასაციო სასამართლოს გონივრულ ოდენობად მიაჩნია, რომ მერიას მოწინააღმდეგე მხარის სასარგებლოდ საადვოკატო მომსახურების ხარჯის ანაზღაურება 200 ლარის ოდენობით დაეკისროს.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე, 261-ე, 284-ე, 285-ე, 372-ე, 399-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. მ.ბ–ის წარმომადგენელ ი.პ–ის განცხადება დამატებითი განჩინების მიღების შესახებ ნაწილობრივ დაკმაყოფილდეს;
2. ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიას მ.ბ–ის სასარგებლოდ დაეკისროს წარმომადგენლის მომსახურებისათვის გაწეული ხარჯის 200 (ორასი) ლარის ანაზღაურება;
3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.
თავმჯდომარე ე. გასიტაშვილი
მოსამართლეები: ზ. ძლიერიშვილი
ნ. ბაქაქური