Facebook Twitter

საქმე №ას-1659-2018 23 ივლისი, 2020 წელი,

ქ. თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატა

შემადგენლობა:

ეკატერინე გასიტაშვილი (თავმჯდომარე, მომხსენებელი),

მოსამართლეები: ზურაბ ძლიერიშვილი,

ბესარიონ ალავიძე

საქმის განხილვის ფორმა _ ზეპირი განხილვის გარეშე

კასატორი – სსიპ „სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტო“ (მოსარჩელე)

მოწინააღმდეგე მხარე – ზ.კ–ძე (მოპასუხე)

გასაჩივრებული გადაწყვეტილება – ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2018 წლის 23 თებერვლის გადაწყვეტილება

კასატორის მოთხოვნა – გასაჩივრებული გადაწყვეტილების ნაწილობროვ გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით, სარჩელის სრულად დაკმაყოფილება

დავის საგანი – თანხის დაკისრება

საკითხი, რომელზედაც მიღებულია გადაწყვეტილება - საკასაციო საჩივრის ნაწილობრივ დაკმაყოფილება

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

1. ამბროლაურის რაიონული სასამართლოს 2017 წლის 11 მაისის გადაწყვეტილებით სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს (შემდეგში: მოსარჩელე, სააგენტო, მეიჯარე, პირველი აპელანტი ან კასატორი) სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ;

2. ზ.კ–ძეს (შემდეგში: მოპასუხე, მოიჯარე ან მეორე აპელანტი) სააგენტოს სასარგებლოდ, 2015 წლის 7 ივლისს დადებული იჯარის ხელშეკრულების საფუძველზე საიჯარო ქირის 4839,91 (2015 წლის საიჯარო ქირა–2834,33+2016 წლის საიჯარო ქირა 2005,58 ლარი) ლარის გადახდა დაეკისრა;

3. ამავე გადაწყვეტილებით მოპასუხეს, მოსარჩელის სასარგებლოდ, იჯარის ხელშეკრულებიდან გამომდინარე პირგასამტეხლო- 300 ლარი დაეკისრა; ასევე, სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ, სახელმწიფო ბაჟის–154,20 (ას ორმოცდათოთხმეტი ლარი და ოცი თეთრი) ლარის გადახდა.

4. სააგენტოსა და მოპასუხეს შორის, 2015 წლის 07 ივლისს, გაფორმდა იჯარის ხელშეკრულება, რომლის მიხედვით, მეიჯარემ მის საკუთრებაში არსებული, ამბროლაურის მუნიციპალიტეტის სოფელ .......... მდებარე 219216.00 კვ.მ. სასოფლო-სამეურნეო (სახნავი) დანიშნულების მიწის ნაკვეთი საკადასტრო კოდი ...... (იხ. ს/ფ. 14-21) მოიჯარეს 15 წლის ვადით, სარგებლობაში გადასცა.

5. იჯარის ხელშეკრულების 2.1 პუნქტის თანახმად, მოიჯარის მიერ ქონებით სარგებლობისათვის გადასახდელი ყოველწლიური საიჯარო ქირა 6050 ლარს შეადგენს; 2.2 პუნქტის საფუძველზე მოიჯარის მიერ ბე-ს სახით გადახდილი 1375 ლარი საბოლოო ანგარიშსწორებისას ჩაითვლება; 2.3 პუნქტის მიხედვით, მოიჯარე ქონებით სარგებლობისათვის ყოველწლიურად იხდის საიჯარო ქირას, ყოველი წლის 31 დეკემბრამდე, მეიჯარის საბანკო ანგარიშზე ჩარიცხვის გზით;

6. იჯარის ხელშეკრულების 3.1.1. პუნქტის მიხედვით, მოიჯარე ვალდებულია, უზრუნველყოს ხელშეკრულებით გადაცემულ ქონებაზე ყოველი წლის დეკემბრის თვეში საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტროსათვის ინფორმაციის წარდგენა ხელშეკრულების №2 დანართის შესაბამისად; ხელშეკრულების 6.2. პუნქტი განსაზღვრავს საიჯარო ქირის გადაუხდელობის შემთხვევაში მოიჯარისათვის პირგასამტეხლოს დაკისრებას გადაუხდელი თანხის 0.1%-ის ოდენობით, დარღვევის დღიდან ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე; 6.3. პუნქტის მიხედვით - ხელშეკრულების 3.1.1. მუხლით გათვალისწინებული ვალდებულების შეუსრულებლობის შემთხვევაში მოიჯარეს ეკისრება პირგასამტეხლო 500 ლარის ოდენობით; ხოლო 6.6. პუნქტით, მოიჯარის მიერ, ხელშეკრულებით გათვალისწინებული ვალდებულებების განმეორებით (დამატებით ვადაში) შეუსრულებლობის და/ან დაწესებულ ვადაში, პირგასამტეხლოს გადაუხდელობის შემთხვევაში, მეიჯარეს უფლება აქვს ცალმხრივად მოშალოს ხელშეკრულება. ამ შემთხვევაში, მოიჯარეს არ აუნაზღაურდება მის მიერ გაწეული დანახარჯები;

7. ხელშეკრულების 7.1.2. პუნქტის მიხედვით, ხელშეკრულება წყდება მეიჯარის მიერ ამ ხელშეკრულების 6.6. მუხლით განსაზღვრული ხელშეკრულების მოშლის უფლების განხორციელების შემთხვევაში (იხ. ს/ფ. 14-21);

8. სააპელაციო სამართალწარმოების ეტაპი

8.1 ამბროლაურის რაიონული სასამართლოს 2017 წლის 11 მაისის გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრეს როგორც მეიჯარემ (პირველი აპელანტი), ისე- მოიჯარემ (მეორე აპელანტი).

8.2 პირველმა აპელანტმა მოითხოვა რაიონული სასამართლოს გადაწყვეტილების იმ ნაწილის შეცვლა, რომლითაც არ დაკმაყოფილდა მისი სასარჩელო მოთხოვნა და შესაბამისად - სარჩელის სრულად დაკმაყოფილება;

8.3 მეორე აპელანტმა მოითხოვა რაიონული სასამართლოს გადაწყვეტილების იმ ნაწილის გაუქმება, რომლითაც ნაწილობრივ დაკმაყოფილდა მეიჯარის სარჩელი და შესაბამისად - სარჩელის სრულად უარყოფა.

9. სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება და დასკვნები

9.1. ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2018 წლის 23 თებერვლის გადაწყვეტილებით მეიჯარისა და მოიჯარის სააპელაციო საჩივრები ნაწილობრივ დაკმაყოფილდა;

9.2. გაუქმდა ამბროლაურის რაიონული სასამართლოს 2017 წლის 11 მაისის გადაწყვეტილება და მიღებულ იქნა ახალი გადაწყვეტილება;

9.2.1. სააგენტოს (პირველი აპელანტი, მეიჯარე) სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ; მეიჯარის სასარგებლოდ მოიჯარეს დაეკისრა 4725 ლარის გადახდა (საიდანაც საიჯარო ქირა არის 4675 ლარი და პირგასამტეხლო - 50 ლარი);

9.2.2. მოიჯარეს, სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ დაეკისრა სახელმწიფო ბაჟი 141,75 ლარი.

9.3. სააპელაციო სასამართლომ წინამდებარე გადაწყვეტილების 4-7 ქვეპუნქტებში ასახულ ფაქტობრივ გარემოებებზე მიუთითა და დამატებით აღნიშნა:

9.3.1. დადგენილია, რომ მოიჯარეს მხარეთა შორის დადებული 2015 წლის 7 ივლისის ხელშეკრულებით განსაზღვრული საიჯარო ქირა არ გადაუხდია, რითაც დაირღვა აღნიშნული ხელშეკრულება; მოიჯარის მიერ საიჯარო ქირის გადაუხდელობის გამო, მას მეიჯარის 2016 წლის 17 მარტის №13/12594 წერილით ეცნობა, რომ დაერიცხა პირგასამტეხლო და ეთხოვა ამ წერილის მიღებიდან 5 დღის ვადაში გადაეხადა საიჯარო ქირა და პირგასამტეხლო, წარედგინა მისი გადახდის დამადასტურებელი დოკუმენტი, წინააღმდეგ შემთხვევაში, გატარებული იქნებოდა კანონით გათვალისწინებული ღონისძიებები. მითითებული წერილი მოიჯარეს 22.03.2016 წელს პირადად ჩაჰბარდა (იხ. ს/ფ, 28, 31);

9.3.2. მეიჯარის 2016 წლის 29 ივლისის №13/39091 წერილით მოიჯარეს განმეორებით ეცნობა, რომ გადასახდელად ეკისრებოდა საიჯარო ქირა - 6050 ლარი, რომელიც წერილის ჩაბარებიდან 5 დღის ვადაში უნდა გადაეხადა, წინააღმდეგ შემთხვევაში, ვადამდე შეწყდებოდა ხელშეკრულება, ამასთანავე ეცნობა, რომ ხელშეკრულების შეწყვეტა მოიჯარეს არ ათავისუფლებდა საიჯარო ქირისა და პირგასამტეხლოს გადახდის ვალდებულებისაგან (იხ. ს/ფ. 27);

9.3.3. მეიჯარის 2016 წლის 9 დეკემბრის №1/3–1163 ბრძანებით, ცალმხრივად მოიშალა სააგენტოსა და მოიჯარეს შორის გაფორმებული 2015 წლის 7 ივლისის იჯარის ხელშეკრულება (იხ. ს/ფ. 32-33);

9.3.4. სოფლის მეურნეობის სამინისტროს 2015 წლის 29 დეკემბრის N7902/01 წერილით დასტურდება, რომ 2015 წლის 7 ივლისს გაფორმებული იჯარის ხელშეკრულების შესაბამისად, მოიჯარემ წარადგინა ინფორმაცია სოფლის მეურნეობის სამინისტროში, შემდგომში სააგენტოს ინფორმირების მიზნით.

9.4. მოცემული ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, სააპელაციო სასამართლო ნაწილობრივ დაეთანხმა და გაიზიარა აპელანტების ფაქტობრივი და სამართლებრივი შეფასებები და აღნიშნა, რომ ამბროლაურის რაიონული სასამართლომ სწორად არ შეაფასა საქმეში არსებული ფაქტობრივი გარემოებები;

9.5. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის (შემდეგში: სსკ) 581-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, იჯარის ხელშეკრულებით, მეიჯარე მოვალეა გადასცეს მოიჯარეს განსაზღვრული ქონება დროებით სარგებლობაში და საიჯარო დროის განმავლობაში, უზრუნველყოს ნაყოფის მიღების შესაძლებლობა, თუ იგი მიღებულია მეურნეობის სწორი გაძღოლის შედეგად, შემოსავლის სახით. მოიჯარე მოვალეა გადაუხადოს მეიჯარეს დათქმული საიჯარო ქირა. საიჯარო ქირა შეიძლება განისაზღვროს როგორც ფულით, ისე ნატურით. მხარეებს შეუძლიათ შეთანხმდნენ საიჯარო ქირის განსაზღვრის სხვა საშუალებებზედაც. ამავე მუხლის მე-2 ნაწილის მიხედვით, იჯარის ხელშეკრულების მიმართ, გამოიყენება ქირავნობის ხელშეკრულების წესები, თუ 581-606-ე მუხლებით სხვა რამ არ არის განსაზღვრული. ამავე კოდექსის 558-ე მუხლის თანახმად, გამქირავებელს შეუძლია ხელშეკრულება მოშალოს ვადამდე, თუ დამქირავებელმა ქირა არ გადაიხადა სამი თვის განმავლობაში;

9.6. სსკ-ის 355–ე მუხლის თანახმად, ხელშეკრულებიდან გასვლა ხდება ხელშეკრულების მეორე მხარისათვის შეტყობინებით. ხოლო ამავე კოდექსის 356–ე მუხლის თანახმად, თუ ხელშეკრულებიდან გასვლის ვადა არ არის დადგენილი, მაშინ შეიძლება გამსვლელ პირს ხელშეკრულების მეორე მხარისაგან განესაზღვროს ასეთი ვადა. ვადა უნდა იყოს გონივრული. ხელშეკრულებიდან გასვლის უფლება ქარწყლდება, თუ უარი ვადის გასვლამდე არ იქნება გაცხადებული; სსკ-ის 316-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ვალდებულების ძალით, კრედიტორი უფლებამოსილია მოსთხოვოს მოვალეს რაიმე მოქმედების შესრულება. შესრულება შეიძლება გამოიხატოს მოქმედებისაგან თავის შეკავებაშიც, ხოლო იმავე კოდექსის 317-ე მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით, ვალდებულების წარმოშობისათვის აუცილებელია მონაწილეთა შორის ხელშეკრულება, გარდა იმ შემთხვევებისა, როცა ვალდებულება წარმოიშობა ზიანის მიყენების (დელიქტის), უსაფუძვლო გამდიდრების, ან კანონით გათვალისწინებული სხვა საფუძვლებიდან. ამავე კოდექსის 361-ე მუხლის თანახმად, ყოველი შესრულება გულისხმობს ვალდებულების არსებობას. ვალდებულება უნდა შესრულდეს ჯეროვნად, კეთილსინდისიერად, დათქმულ დროსა და ადგილას;

9.7. საქართველოს უზენაესი სასამართლო 2017 წლის 25 ოქტომბრის ანალოგიურ დავაზე მიღებულ №ას-1163-1083-2017 გადაწყვეტილებაში განმარტავს, როგორც სახელშეკრულებო ურთიერთობის მონაწილეთა, აგრეთვე, კონკრეტულად, საიჯარო ურთიერთობის მონაწილეთა ქცევის კეთილსინდისიერების სტანდარტის დაცულობაზე, რომელიც საიჯარო ურთიერთობის ცალმხრივად შეწყვეტის უფლების გამოყენების მართზომიერებას შეეხება (იხ. სუსგ №ას-862-828-2016, 24 თებერვალი, 2017 წელი). აღნიშნულ გადაწყვეტილებაში საკასაციო სასამართლომ იმსჯელა სამართლებრივი ურთიერთობის მონაწილეთა ქცევის კეთილსინდისიერების პრობლემაზე, რომელსაც მაშინაც აქვს ადგილი, როდესაც პირის მოთხოვნა ან ქმედება ფორმალურად შეესაბამება მოქმედ მატერიალურ კანონმდებლობას, მაგრამ მისი განხორციელება რომელიმე კონკრეტულ შემთხვევაში უსამართლოა (იხ. სუსგ №ას-528-501-2015, 2015 წლის 4 ნოემბრის გადაწყვეტილება). შესაბამისად, კეთილსინდისიერად ქცევის ფუნქცია აშკარად უსამართლო შედეგების თავიდან აცილებაა, რაც პირდაპირ უკავშირდება სამოქალაქო ურთიერთობათა სტაბილურობასა და სიმყარეს. საკასაციო სასამართლოს შეფასებით, კეთილსინდისიერების პრინციპიდან გამომდინარე, ვალდებულებით-სამართლებრივი ურთიერთობის მონაწილე მხარეთა თანამშრომლობა, მეორე მხარის ინტერესების გათვალისწინება, მეორე მხარის უფლებებისა და ქონებისადმი განსაკუთრებული გულისხმიერების გამოჩენა საჭიროა ამ ურთიერთობის ნორმალურად განვითარებისათვის. ასეთ შემთხვევაში, ორივე მხარე იქნება კმაყოფილი: კრედიტორი - ვალდებულების შესრულების მიღებით, ხოლო მოვალე - ვალდებულებისაგან გათავისუფლებით. აღსანიშნავია სსკ-ის 316-ე მუხლის მე-2 ნაწილის დანაწესის ფუნქციაც, რომელიც ხელშეკრულების ყოველ მხარეს, ვალდებულების შინაარსისა და ხასიათის გათვალისწინებით, ავალდებულებს გამოიჩინოს მეორე მხარის ქონებისა და უფლებებისადმი გულისხმიერება. გულისხმიერების ვალდებულება მხარეებისათვის დამატებითი ვალდებულების დაკისრებას არ გულისხმობს, ყოველთვის ვალდებულების შინაარსშივე მოიაზრება და ერთგვარ მორალურ კატეგორიას განეკუთვნება. მოცემულ შემთხვევაში, მეიჯარის მართლზომიერი ქცევის განმსაზღვრელი იყო სახელშეკრულებო ურთიერთობის მონაწილის კეთილსინდისიერებისა და მეორე მონაწილის უფლებებისა და ქონებისადმი განსაკუთრებული გულისხმიერების ვალდებულება და არა მარტოოდენ იჯარის ხელშეკრულების ცალმხრივად მოშლის უფლების რეალიზება მისი შეხედულებით. საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ მხარეთა შორის დადებული იჯარის ხელშეკრულების მოშლის (შეწყვეტის) საფუძველი წარმოიშვა ქირის გადაუხდელობისას. იმავდროულად, მხარე არაერთხელ იქნა გაფრთხილებული ხელშეკრულების ცალმხრივად შეწყვეტის უფლების გამოყენების შესახებ. საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ სსკ-ის 561-ე მუხლის თანახმად, ხელშეკრულების მოშლის ვადა შეადგენს სამ თვეს, გარდა იმ შემთხვევებისა, როცა საქმის გარემოებებიდან ან მხარეთა შეთანხმებიდან სხვა რამ არ გამომდინარეობს. შესაბამისად, საქმის გარემოებების გათვალისწინებით, მეიჯარეს შეეძლო გონივრულ ვადაში, მოეშალა იჯარის ხელშეკრულება ხელშეკრულებისა და სსკ-ის 558-ე და 561-ე მუხლების საფუძველზე;

9.8. მოცემულ შემთხვევაში, დადგენილია, რომ იჯარის ხელშეკრულება დაიდო 2015 წლის 7 ივლისს, ხოლო მისი რეგისტრაცია საჯარო რეესტრში იმავე წლის 13 ივლისს მოხდა, შესაბამისად, სწორედ 13 ივლისიდან უნდა მოხდეს საიჯარო წლის ვადის ათვლა. მხარეთა შორის გაფორმებული ხელშეკრულების თანახმად, მოიჯარის მიერ ქონებით სარგებლობისათვის გადასახდელი ყოველწლიური საიჯარო ქირა შეადგენს 6050 ლარს. ვინაიდან, მოიჯარეს არ გადაუხდია საიჯარო ქირა, მეიჯარემ მას 2016 წლის 17 მარტის წერილით შეატყობინა, რომ საიჯარო ქირის გადაუხდელობის გამო, დაერიცხა პირგასამტეხლო და ეთხოვა აღნიშნული წერილის მიღებიდან - 5 (ხუთი) დღის ვადაში გადაეხადა თანხა. დადგენილია, რომ მოიჯარემ არ გადაიხადა აღნიშნული თანხა, რის შემდეგაც მას 2016 წლის 29 ივლისის წერილით განმეორებით ეცნობა, რომ ეკისრებოდა საიჯარო ქირა 6050 ლარის ოდენობით, რომელიც უნდა გადაეხადა წერილის ჩაბარებიდან - 5 (ხუთი) დღის ვადაში, წინააღმდეგ შემთხვევაში, ვადამდე შეწყდებოდა ხელშეკრულება, ამასთანავე ეცნობა, რომ ხელშეკრულების შეწყვეტა არ ათავისუფლებდა საიჯარო ქირისა და პირგასამტეხლოს გადახდისაგან. საფოსტო შეტყობინებიდან ირკვევა, რომ აღნიშნული წერილი ადრესატს 02.08.2016წ. ჩაჰბარდა. დადგენილია, რომ წერილის ჩაბარებიდან 5 (ხუთი) დღის ვადაშიც არ გადაუხდია მოიჯარეს საიჯარო ქირის დავალიანება და პირგასამტეხლო;

9.9. სააპელაციო სასამართლოს შეფასებით, მოცემულ შემთხვევაში, იჯარის ხელშეკრულების 6.6. მუხლი მეიჯარეს უფლებას აძლევდა, ცალმხრივად მოეშალა ხელშეკრულება. შესაბამისად, იჯარის ხელშეკრულება ვადამდე შეწყვეტილად უნდა ჩაითვალოს, არა ბრძანების გამოცემიდან, არამედ მეორე წერილის ჩაბარებიდან 5 (ხუთი) დღის უშედეგოდ გასვლის შემდეგ. სასამართლომ დაასკვნა, რომ საქმის გარემოებების გათვალისწინებით, მოცემულ შემთხვევაში მეიჯარემ გონივრულ ვადაში მოშალა იჯარის ხელშეკრულება, ხელშეკრულების 6.6. პუნქტისა და სსკ-ის 558-ე და 561-ე მუხლების საფუძველზე. აღნიშნულიდან გამომდინარე, ზ.კ–ძეს უნდა დაჰკისრებოდა ხელშეკრულებით გათვალისწინებული 1 წლის საიჯარო ქირის, ანუ 6050 ლარის გადახდა. მოცემულ შემთხვევაში, აღნიშნულ ურთიერთობებს სრულად არეგულირებს სსკ-ი. მიუღებელია ზოგადი ადმინისტრაციული ნორმების ანალოგიით გამოყენება სამოქალაქო ურთიერთობებში; სსკ-ის 416-ე მუხლის თანახმად, მხარეებს შეუძლიათ ვალდებულების შესრულების უზრუნველსაყოფად, ხელშეკრულებით გაითვალისწინონ დამატებითი საშუალებებიც: პირგასამტეხლო, ბე და მოვალის გარანტია; სსკ-ის 421-ე მუხლის თანახმად, ,,ბე’’-დ მიიჩნევა ფულადი თანხა, რომელსაც ხელშეკრულების ერთი მხარე აძლევს მეორე მხარეს და ამით დასტურდება ხელშეკრულების დადების ფაქტი. ამავე კოდექსის 422-ე მუხლის თანახმად, ბე ჩაითვლება ვალდებულებით გათვალისწინებული გადასახდელის ანგარიშში, ხოლო, თუ არ ჩაითვლება, - ხელშეკრულების შესრულების შემდეგ იგი უკან უნდა დაბრუნდეს; დადგენილია, რომ მოიჯარის მიერ გადახდილია ,,ბე’’ - 1375 ლარის ოდენობით. ხელშეკრულების 2.2. პუნქტის თანახმად, მოიჯარის მიერ გადახდილი ,,ბე’’ - 1375 ლარი უნდა ჩაითვალოს საბოლოო ანგარიშსწორებისას. კანონისა და ხელშეკრულების ჩანაწერის მიხედვით, მოიჯარის მიერ გადასახდელ თანხას უნდა გამოაკლდეს ,,ბე’’-ს სახით გადახდილი - 1375 ლარი, რაც საბოლოო ჯამში 4675 ლარს (6050-1375=4675) შეადგენს;

9.10. სსკ-ის 417-ე მუხლის შესაბამისად, პირგასამტეხლო - მხარეთა შეთანხმებით განსაზღვრული ფულადი თანხა - მოვალემ უნდა გადაიხადოს ვალდებულების შეუსრულებლობის ან არაჯეროვნად შესრულებისათვის. ამავე კოდექსის 418-ე მუხლის თანახმად, ხელშეკრულების მხარეებს შეუძლიათ თავისუფლად განსაზღვრონ პირგასამტეხლო, რომელიც შეიძლება აღემატებოდეს შესაძლო ზიანს. შეთანხმება პირგასამტეხლოს შესახებ მოითხოვს წერილობით ფორმას. სსკ-ის 420-ე მუხლის თანახმად, სასამართლოს შეუძლია საქმის გარემოებათა გათვალისწინებით, შეამციროს შეუსაბამოდ მაღალი პირგასამტეხლო. მოცემულ შემთხვევაში, მეიჯარე სააპელაციო საჩივარში უთითებს, რომ პირგასამტეხლოს - 500 ლარის დაკისრებას იგი ითხოვს ვალდებულების არაჯეროვანი შესრულების გამო, იჯარის ხელშეკრულების 3.1.7. პუნქტიდან გამომდინარე, კერძოდ, სოფლის მეურნეობის სამინისტროსათვის ინფორმაციის დაგვიანებით წარდგენის გამო. სასამართლოს მიაჩნია, რომ პირგასამტეხლო აღნიშნული ოდენობით შეუსაბამოდ მაღალი არის, რადგან დადგენილია, რომ ინფორმაციის წარდგენა დაგვიანებით მოხდა, რასაც არანაირი ზიანი არ გამოუწვევია. შესაბამისად, საქმის გარემოებათა გათვალისწინებით, სააპელაციო სასამართლომ პირგასამტეხლოს გონივრულ ოდენობად 50 ლარი მიიჩნია; სასამართლომ უსაფუძვლოდ მიიჩნია მეორე აპელანტის (მოიჯარის) მითითება იმის შესახებ, რომ სასამართლომ უნდა იმსჯელოს იჯარით გადაცემული ნივთის ნაკლზე, რადგან მოიჯარის მტკიცება, რომ იჯარის ობიექტი ნაკლის მქონე, დამოუკიდებელი დავის საგანია და ამ დავასთან კონკრეტული სამართლებრივი შედეგის განმაპირობებელი ვერ იქნება. ამ გარემოებების გათვალისწინებით სააპელაციო სასამართლომ ნაწილობრივ დააკმაყოფილა მეიჯარისა და მოიჯარის სააპელაციო საჩივრები (იხ. წინამდებარე გადაწყვეტილების 9.2.1-9.2.2 ქვეპუნქტები).

10. საკასაციო სამართალწარმოების ეტაპი

10.1. სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება საკასაციო წესით გაასაჩივრა მეიჯარემ, რომელმაც გასაჩივრებული გადაწყვეტილების ნაწილობრივ გაუქმება სააგენტოს სასარჩელო მოთხოვნის დაუკმაყოფილებელ ნაწილში და სარჩელის სრულად დაკმაყოფილება მოითხოვა.

10.2. საკასაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის განჩინებით სააგენტოს საკასაციო საჩივარი დასაშვებად იქნა ცნობილი სსსკ-ის 391-ე მუხლის მე-5 ნაწილის „ე“ ქვეპუნატის საფუძველზე და მიღებულ იქნა არსებითად განსახილველად.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

მეიჯარის საკასაციო საჩივრის სამართლებრივი საფუძვლიანობის არსებითად განხილვის, საქმის მასალების შესწავლისა და მტკიცებულებათა ერთობლივად გაანალიზების შედეგად, საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, მოცემულ შემთხვევაში კასატორის განაცხადის ნაწილობრივ დაკმაყოფილების საფუძველი არსებობს შემდეგი არგუმენტაციით:

11. სსსკ-ის 404-ე მუხლის პირველი ნაწილით, საკასაციო სასამართლო გადაწყვეტილებას ამოწმებს საკასაციო საჩივრის ფარგლებში, ამავე კოდექსის 407-ე მუხლის პირველი ნაწილით, საკასაციო სასამართლო იმსჯელებს მხარის მხოლოდ იმ ახსნა-განმარტებაზე, რომელიც ასახულია სასამართლო გადაწყვეტილებებში და სხდომის ოქმებში. გარდა ამისა, შეიძლება მხედველობაში იქნეს მიღებული ამ კოდექსის 396 - ე მუხლის პირველი ნაწილის „ვ“ ქვეპუნქტში მითითებული ფაქტები; ხოლო ამავე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, სააპელაციო სასამართლოს მიერ დამტკიცებულად ცნობილი ფაქტობრივი გარემოებები სავალდებულოა საკასაციო სასამართლოსათვის, თუ წამოყენებული არ არის დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია (შედავება). დასაბუთებულ პრეტენზიაში იგულისხმება მითითება იმ პროცესუალურ დარღვევებზე, რომლებიც დაშვებული იყო სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვის დროს და რამაც განაპირობა ფაქტობრივი გარემოებების არასწორად შეფასება, მატერიალურ-სამართლებრივი ნორმის არასწორად გამოყენება ან/და განმარტება. დასაბუთებული შედავებისას, კანონი იმპერატიულად ადგენს საკასაციო სასამართლოს ვალდებულებას, შეამოწმოს სასამართლოს მიერ დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების შესაბამისობა საქმეში არსებულ მტკიცებულებებთან, ანუ შეამოწმოს, გადაწყვეტილების გამოტანისას დაცულია თუ არა სსსკ-ის 105-ე და 249-ე მუხლების მოთხოვნები.

12. განსახილველ დავაში საკასაციო სასამართლო კასატორის საკასაციო პრეტენზიის და სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმეზე დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების ფარგლებში აფასებს გასაჩივრებულ გადაწყვეტილებას (სსსკ-ის 407-ე მუხლი), ამასთან, აღნიშნავს, რომ არ არსებობს საქმის სააპელაციო სასამართლოსათვის ხელახლა განსახილველად დაბრუნების სამართლებრივი საფუძველი (სსსკ-ის 412-ე მუხლი).

13. მოსარჩელე სააგენტო (მეიჯარე) საკასაციო საჩივარში პირველ არგუმენტად უთითებს, რომ მოპასუხე მოიჯარემ სარჩელი ცნო 9534,59 ლარის ნაწილში, რაც ყოველგვარი შეფასებისა და გამოკვლევის გარეშე ექვემდებარებოდა დაკმაყოფილებას. კასატორი უთითებს სსსკ-ის 131-ე მუხლზე „ერთი მხარის მიერ ისეთი გარემოების არსებობის ან არარსებობის დადასტურება (აღიარება), რომელზედაც მეორე მხარე ამყარებს თავის მოთხოვნებსა თუ შესაგებელს, სასამართლომ შეიძლება საკმარის მტკიცებულებად ჩათვალოს და საფუძვლად დაუდოს სასამართლო გადაწყვეტილებას“.

14. სასამართლოსათვის ამოსავალია ის კონკრეტული ფაქტები და გარემოებები, რომლებზედაც მოსარჩელე ამყარებს თავის მოთხოვნას. სწორედ მოსარჩელის მიერ მითითებული ფაქტები და გარემოებები განსაზღვრავენ მისი მოთხოვნის შინაარსს. საკასაციო სასამართლო მიუთითებს, რომ მოსარჩელის მოთხოვნის შინაარსის განმსაზღვრელია სარჩელში მითითებული ფაქტები და გარემოებები. სარჩელის ინდივიდუალიზაცია სარჩელის ელემენტების მეშვეობითაა შესაძლებელი. სსსკ-ის მე-3, მე-4, 83-ე და 178-ე მუხლების ანალიზით შესაძლებელია, დავასკვნათ, რომ სარჩელი შედგება ორი ელემენტისგან: სარჩელის საგნისა და სარჩელის საფუძვლისგან. სარჩელის საგანია მოსარჩელის მოთხოვნა მოპასუხისადმი (სსსკ-ის 178.1 მუხლის „ზ“ ქვეპუნქტი), ხოლო სარჩელის საფუძველი – კონკრეტული ფაქტები და გარემოებები, რომლებზედაც მოსარჩელე ამყარებს თავის მოთხოვნას (სსსკ-ის 178.1 მუხლის „ე“ ქვეპუნქტი). საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2017 წლის 2 მარტის დიდი პალატის გადაწყვეტილებაში (საქმეზე N ას-646-635-2016; პუნქტი 201) მითითებულია: „2007 წლის 28 დეკემბერს საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსში განხორციელებული ცვლილებების მიხედვითთ, მოპასუხის მიერ პასუხის (შესაგებლის) წარდგენა სავალდებულო ხასიათს ატარებს (საქართველოს 28.12.2007წ.-ის კანონი N5669-სსმ), რაც იმაში გამოიხატება, რომ აღნიშნული საპროცესო ვალდებულების შეუსრულებლობა მხარისათვის უარყოფით საპროცესოსამართლებრივ შედეგებს იწვევს. კერძოდ, სარჩელში მითითებული ფაქტობრივი გარემოებები ითვლება შეუდავებლად და, შესაბამისად, დამტკიცებულად. სსსკ-ის 201-ე მუხლის მე-7 ნაწილით გათვალისწინებული შესაგებლის წარუდგენლობის ფაქტი თავისთავად განსაზღვრავს მტკიცების საგანს, რადგანაც მოსარჩელე თავისუფლდება სარჩელში მითითებული ფაქტების მტკიცებისაგან. აღნიშნული გარემოება დაუსწრებელი გადაწყვეტილების გამოტანის წინაპირობაცაა. საპროცესო კანონმდებლობით დადგენილია მოპასუხის მიერ კონკრეტული შესაგებლის წარდგენის ვალდებულება, კერძოდ, სსსკ-ის 201-ე მუხლის მე-4 ნაწილის შინაარსიდან გამომდინარე, დგინდება, რომ მოპასუხე უნდა შეედავოს მოსარჩელის გამართულ, დასაბუთებულ მოთხოვნას ანუ დავის გადაწყვეტისათვის სამართლებრივად მნიშვნელოვან ფაქტობრივ გარემოებებს, წინააღმდეგ შემთხვევაში, მოსარჩელის მიერ მითითებული ფაქტები (და არა მისი სამართლებრივი შეხედულებები) დამტკიცებულად ითვლება“. განსახილველ შემთხვევაში მოპასუხემ წერილობით წარდგენილ შესაგებელში ნაწილობრივ- 9534, 59 ლარის (ცხრა ათას ხუთას ოცდათოთხმეტი და ორმოცდაცხრამეტი) ფარგლებში ცნო მის წინააღმდეგ აღძრული სარჩელი (იხ. ს/ფ 48 და 55). სსსკ-ის მე-3 მუხლის მიხედვით, მხარეები იწყებენ საქმის წარმოებას სასამართლოში, ამ კოდექსში ჩამოყალიბებული წესების შესაბამისად, სარჩელის ან განცხადების შეტანის გზით. ისინი განსაზღვრავენ დავის საგანს და თვითონვე იღებენ გადაწყვეტილებას სარჩელის (განცხადების) შეტანის შესახებ. მხარეებს შეუძლიათ საქმის წარმოება მორიგებით დაამთავრონ. მოსარჩელეს შეუძლია უარი თქვას სარჩელზე, ხოლო მოპასუხეს – ცნოს სარჩელი. ამავე კოდექსის მე-4 მუხლის მიხედვით სამართალწარმოება მიმდინარეობს შეჯიბრებითობის საფუძველზე. მხარეები სარგებლობენ თანაბარი უფლებებითა და შესაძლებლობებით, დაასაბუთონ თავიანთი მოთხოვნები, უარყონ ან გააქარწყლონ მეორე მხარის მიერ წამოყენებული შესაგებლები, მოსაზრებები თუ მტკიცებულებები. მხარეები თვითონვე განსაზღვრავენ, თუ რომელი ფაქტები უნდა დაედოს საფუძვლად მათ მოთხოვნებს ან რომელი მტკიცებულებებით უნდა იქნეს დადასტურებული ეს ფაქტები.

15. ერთ-ერთ საქმეზე, რომელიც სარჩელის ცნობისა და მისი თანმდევი შედეგების განმარტების საკითხს ეხებოდა, საკასაციო სასამართლომ მიუთითა სსსკ-ის მე-3 მუხლით განმტკიცებულ საპროცესო სამართლის ამოსავალ პრინციპზე - დისპოზიციურობაზე და განმარტა შემდეგი: „დასახელებული ნორმა განამტკიცებს იმ საპროცესო მოქმედებათა ჩამონათვალს, რომელშიც ვლინდება მხარის უფლება, საკუთარი შეხედულებისამებრ განკარგოს მისი საპროცესო უფლებები, იგი ნების ავტონომიის საპროცესო გამოხატულებაა და წარმოადგენს მხარის საპროცესო უფლებათა იმგვარი რეალიზაციის საშუალებას, როდესაც საქმეზე მისაღები გადაწყვეტილება უმთავრესად მხარის ნებაზეა ორიენტირებული. ნორმა იძლევა უფლებათა შემდეგ კლასიფიკაციას: პირი, რომელსაც მიაჩნია, რომ დაირღვა მისი უფლება, თავად წყვეტს ამ უფლების სასამართლო წესით დაცვას საპროცესო კანონმდებლობით შემოთავაზებული წესების დაცვით; თავად განსაზღვრავს დავის საგანს და იმას, თუ რა ფაქტებსა და გარემოებებზე დაამყაროს მოთხოვნა; მოსარჩელეს შეუძლია უარი თქვას სარჩელზე. ჩამოთვლილთაგან უმეტესი ნაწილი მიმართულია მოსარჩელის უფლებებისაკენ, თუმცა პირთა თანასწორობაზე დამყარებული სამოქალაქო საპროცესო სამართალი ანალოგიურ პირობებს უქმნის მოპასუხეს და ადგენს მის უფლებას, შეთანხმების შემთხვევაში, დავა დაასრულოს მორიგებით, მას ასევე შეუძლია ცნოს სარჩელი. მოპასუხის მიერ სარჩელის ცნობა უფლების განმკარგავი აქტია, რომელიც შეიძლება განხილულ იქნას მხოლოდ მის სამართლებრივ შედეგთან ერთიანობაში, სარჩელის ცნობა შეუქცევადია და მას ამ ნაწილში გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილება მოჰყვება შედეგად იმდენად, რამდენადაც სარჩელის ცნობას საფუძვლად ედება პრეზუმფცია, რომ მოპასუხე აღიარებს მის მიმართ წარდგენილ პრეტენზიას და არ აპირებს ამ მოთხოვნისაგან თავდაცვის საპროცესო საშუალების გამოყენებას“ (იხ. სუსგ №ას-64-58-2015, 8 აპრილი, 2015 წელი, შდრ. # ას-276-262-2016, 27.05.2016 წ; შეად. სუსგ № 398-398-2018, 25 დეკემბერი, 2018წ.).

16. საკასაციო სასამართლოს შეფასებით მოპასუხემ (მოიჯარემ) მის მიმართ წაყენებული სასარჩელო მოთხოვნის ნაწილობრივ ცნობით, იმ ფარგლებში, რაც წერილობითი მტკიცების სტადიაზე - შესაგებელშია მითითებული, განკარგა საკუთარი საპროცესო უფლება, ხოლო შემდეგ სასარჩელო მოთხოვნის ნაწილში გარკვეული კორექტირების (ცვლილების) შეტანა დაუშვებელია, ამიტომ სწორედ ამ ფარგლებში უნდა დაკმაყოფილდეს საკასაციო მოთხოვნა.

17. კასატორის სხვა პრეტენზიებთან დაკავშირებით, რომელიც უკავშირდება პირგასამტეხლოს დაკისრებას, საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ დასაბუთებული პრეტენზიის არარსებობის პირობებში, ამ მიმართებით გაზიარებული უნდა იქნეს გასაჩივრებული გადაწყვეტილების მსჯელობა და დასკვნები და უარყოფილია საკასაციო საჩივარი, რაც იმას ნიშნავს, რომ სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება დანარჩენ ნაწილში უცვლელად დარჩა.

18. სსსკ-ის 55.1-ე მუხლის თანახმად სასამართლოს მიერ საქმის განხილვასთან დაკავშირებით გაწეული ხარჯები და სახელმწიფო ბაჟი, რომელთა გადახდისაგან გათავისუფლებული იყო მოსარჩელე, გადახდება მოპასუხეს ბიუჯეტის შემოსავლის სასარგებლოდ, მოთხოვნათა იმ ნაწილის პროპორციულად, რომელიც დაკმაყოფილებულია.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 411-ე მუხლით და

გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა:

1. სსიპ „სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს“ საკასაციო საჩივარი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ:

2. ნაწილობრივ გაუქმდეს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2018 წლის 23 თებერვლის გადაწყვეტილება და მიღებულ იქნას ახალი გადაწყვეტილება;

3. სსიპ „სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს“ სარჩელი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ;

4. სსიპ „სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს“ (ს/კ .....) ზ.კ–ძის სასარგებლოდ დაეკისროს - 9534,59 (ცხრა ათას ხუთას ოცდათოთხმეტი და ორმოცდაცხრამეტი) ლარის გადახდა;

5. ზ.კ–ძეს სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ დაეკისროს სახელმწიფო ბაჟის - 476,73 ლარის გადახდა;

7. დანარჩენ ნაწილში ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2018 წლის 23 თებერვლის გადაწყვეტილება დარჩეს უცვლელად;

8. საკასაციო სასამართლოს გადაწყვეტილება საბოლოოა და არ საჩივრდება.

თავმჯდომარე ე. გასიტაშვილი

მოსამართლეები: ზ. ძლიერიშვილი

ბ. ალავიძე