საქმე №ას-1973-2018 26 თებერვალი, 2021 წელი,
ქ. თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატა
შემადგენლობა:
ეკატერინე გასიტაშვილი (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
მოსამართლეები: ზურაბ ძლიერიშვილი
ნინო ბაქაქური
საქმის განხილვის ფორმა _ ზეპირი განხილვის გარეშე
კასატორი - შპს “G.R.” (მოპასუხე)
მოწინააღმდეგე მხარე – შპს „ფ–ი“ (მოსარჩელე)
გასაჩივრებული განჩინება – ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2018 წლის 16 ოქტომბრის განჩინება
კასატორის მოთხოვნა – გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და, ახალი გადაწყვეტილების მიღებით, სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა
დავის საგანი – თანხის დასკისრება
საკითხი რომელზედაც მიღებულია განჩინება - საკასაციო საჩივრის უარყოფა
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
1. ბათუმის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2016 წლის 11 ივლისის გადაწყვეტილებით შპს ფ–ის (შემდეგში: მოსარჩელე, საწარმო ან მენარდე) სასარჩელო მოთხოვნა შპს G.R.-ის (შემდეგში: მოპასუხე, აპელანტი, შემკვეთი ან კასატორი) მიმართ თანხის დაკისრების თაობაზე დაკმაყოფილდა. მოპასუხეს, მოსარჩელის სასარგებლოდ, დავალიანების - 20 288,70 ლარის გადახდა დაეკისრა.
2. საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა მოპასუხემ, რომელმაც მისი გაუქმება და, ახალი გადაწყვეტილების მიღებით, მენარდის სარჩელის უარყოფა მოითხოვა.
3. ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს 2018 წლის 16 ოქტომბრის განჩინებით მოპასუხის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა და უცვლელად დარჩა გასაჩივრებული გადაწყვეტილება.
4. სააპელაციო სასამართლომ მოცემულ საქმეზე შემდეგი გარემოებები დაადგინა:
4.1. მენარდე საწარმოსა და შემკვეთს შორის, 2012 წლის 8 ოქტომბერს, გამარტივებული წესით დაიდო ხელშეკრულება სახელმწიფო შესყიდვის შესახებ;
4.2. ხელშეკრულების საგანს წარმოადგენდა კურორტ „გ“-ზე შემკვეთი საწარმოს კუთვნილი ადმინისტრაციული და სასტუმროს მშენებლობის სამუშაოების შესყიდვა საპროექტო-სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაციის შესაბამისად. ხელშეკრულება დაიდო 2012 წლის 30 დეკემბრის ჩათვლით. ხელშეკრულების ჯამური ღირებულება, დამატებითი ღირებულების გადასახადის ჩათვლით, 751 795 ლარს შეადგენდა. ანაზღაურება უნდა მომხდარიყო უნაღდო ანგარიშსწორების წესით, ეტაპობრივად, მენარდის მიერ შესრულებული სამუშაოს პროპორციულად;
4.3. ხელშეკრულებაში 2013 წლის 9 იანვარს შევიდა ცვლილება და მისი მოქმედების ვადა 2013 წლის 31 ივლისამდე განისაზღვრა, ხელშეკრულების დანარჩენი პუნქტები დარჩა უცვლელი;
4.4. მენარდე საწარმო ხელშეკრულებით გათვალისწინებულ სამუშაოს ეტაპობრივად ასრულებდა და შემკვეთი საწარმო (აპელანტი) შესრულებული სამუშაოს ღირებულებას ნაწილ-ნაწილ, უნაზღაურებდა.
4.5. საბოლოოდ მენარდემ სამუშაო 2013 წლის 31 ივლისს დაასრულა და ამ დროისათვის შესრულებული სამუშაოს ღირებულებამ 30 032,68 ლარი შეადგინა. შესრულებული სამუშაოს მოცულობა და ხარისხი დაამოწმა აპელანტის (შემკვეთის) მიერ დანიშნულმა ტექნიკურმა ზედამხედველმა, შპს „გ–მა“ (შემდეგში: ტექნიკური ზედამხედველი). ამის საფუძველზე, მენარდემ გამოწერა საგადასახადო ანგრიშფაქტურა №ეა-701496495, რომელიც შემკვეთმა დაადასტურა და თანხის ნაწილი - 9743 ლარი გადაიხადა კიდეც, ხოლო დანარჩენი თანხა აღარ გადაუხდია. შესაბამისად, შემკვეთის დავალიანება მენარდის მიმართ 30032.68- 9743=20289.68 ლარია. მენარდემ სასარჩელო მოთხოვნა მხოლოდ 20 288,70 ლარის ფარგლებში დაუყენა მოპასუხეს (შემკვეთს).
5. სააპელაციო სასამართლო დაეთანხმა აპელანტს (შემკვეთს), რომ გამარტივებული წესით სახელმწიფო შესყიდვისას გაწეული მომსახურების ანაზღაურების წესს საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის 2012 წლის 12 ივლისის №1-1/1463 ბრძანება არეგულირებს. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის (შემდეგში: სსკ) მე-2 მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, სამოქალაქო ურთიერთობების მოსაწესრიგებლად კანონქვემდებარე ნორმატიული აქტები გამოიყენება მხოლოდ მაშინ, თუ ისინი ავსებენ კანონის ნორმებს. თუ ეს აქტები ეწინააღმდეგება კანონს, მოქმედებს კანონი. „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-13 მუხლის პირველი პუნქტის მიხედვით, კანონის საფუძველზე გამოცემული მინისტრის ბრძანება კანონქვემდებარე ნორმატიული აქტია;
6. ზემოხსენებული ბრძანება „სამშენებლო საქმიანობის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-8 მუხლის მე-2 პუნქტის შესაბამისად გამოიცა და იგი აწესრიგებს იმგვარ ურთიერთობას, რომელიც საქართველოს სამოქალაქო კოდექსით ცალკე დარეგულირებული არ არის, ე.ი. იგი კანონის ნორმებს ავსებს. ამის შესაბამისად, სახელმწიფო შესყიდვის დროს გაწეული მომსახურების ანაზღაურება სწორედ ამ ნორმატიული აქტის საფუძველზე უნდა მოხდეს (შეად. საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2017 წლის 6 ივნისის განჩინება საქმეზე №ას-487-455-2017). აღნიშნული ნორმატიული აქტის მე-3 მუხლის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად, სამშენებლო სამუშაოების გამარტივებული შესყიდვის დროს შესრულებული სამუშაოების ღირებულება ფაქტობრივი დანახარჯების მიხედვით უნდა განისაზღვროს;
7. სააპელაციო სასამართლოს შეფასებით, უდავოა, რომ აპელანტმა (შემკვეთმა) მოწინააღმდეგე მხარისაგან სამშენებლო სამუშაოები გამარტივებული ფორმით შეისყიდა, ამიტომ მას გადახდის ვალდებულებაც, სწორედ, ფაქტობრივი დანახარჯების მიხედვით ეკისრებოდა. მნიშვნელოვანია, რომ ეს გათვალისწინებული იყო მხარეთა შორის დადებული ხელშეკრულების 8.3. პუნქტითაც, რომლის მიხედვითაც ხელშეკრულების ფარგლებში უნდა ანაზღაურებულიყო მხოლოდ იმ შესრულებული სამუშაოების ღირებულება, რომლის მოცულობასა და ხარისხზე უშუალოდ შემსყიდველის და საამისოდ შერჩეული პირის (ტექნიკური ზედამხედველის) მიერ დადასტურებული აქტი იარსებებდა. თუმცა, იმავდროულად, არც ზემოხსენებული ბრძანება და არც ხელშეკრულება ამ დანახარჯების განსაზღვრას მაინცდამაინც სსიპ ლევან სამზარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს ექსპერტის დასკვნის საფუძველზე არ ითვალისწინებდა;
8. სააპელაციო სასამართლოშ შეფასებით, მხარეთა შორის დადებული ხელშეკრულების 8.3 და 10.2 პუნქტების თანახმად, სამშენებლო სამუშაოების ინსპექტირება შემკვეთის მიერ „სპეციალურად დაქირავებულ პირს“, ტექნიკურ ზედამხედველს უნდა განეხორციელებინა. მასვე უნდა დაედგინა შესრულებული სამუშაოს მოცულობა, ხარისხი და ხელშეკრულების პირობებთან შესაბამისობა. ამის შესაბამისად, აშკარაა, რომ, ხელშეკრულების მიხედვით, ფაქტობრივი დანახარჯების დადგენა სწორედ, ტექნიკური ზედამხედველის მოვალეობა იყო.
9. სააპელაციო სასამართლომ იმსჯელა საქმის მასალებში მოთავსებულ მასალებზე და მიუთითა აპელანტის 2013 წლის 1 აგვისტოს წერილზე, რომელშიც საუბარია მის (შემკვეთის) მიერ მენარდე საწარმოსათვის საბოლოო ანგარიშსწორებამდე გადახდილი საზღაურის თაობაზე, თუმცა ექსპერტის დასკვნა ნახსენები არ არის. მსგავსი მტკიცებულება აპელანტს არც სასამართლოსათვის წარუდგენია - საქმეში არსებული 2014 წლის 20 მარტის დასკვნა არა მოსარჩელეს , არამედ სხვა საწარმოს ეხება. ამრიგად, სააპელაციო სასამართლოს შეფასებით ნათელია, რომ რეალურადაც, ხელშეკრულების მოქმედების პერიოდში ანაზღაურება სწორედ ტექნიკური ზედამხედველის მიერ შედგენილი საბუთების საფუძველზე ხორციელდებოდა.
10. საქმის მასალების მიხედვით, აპელანტის მიერ დანიშნულმა ტექნიკურმა ზედამხედველმა ფაქტობრივი დანახარჯების საფუძველზე (ს.ფ. 33-48), აპელანტის (შემკვეთი საწარმოს) ვალდებულების მოცულობა განსაზღვრა (ს.ფ. 31-32), სწორედ ამის საფუძველზე შეადგინა მოსარჩელემ (მენარდემ) საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურა, რომელიც აპელანტმა (შემკვეთმა_ დაადასტურა და მომსახურების ნაწილი აანაზღაურა კიდეც.
11. სსკ-ის 325-ე მუხლის თანახმად, მხარეთა შეთანხმებით მესამე პირის მიერ ვალდებულების შესრულების პირობების დადგენა შესაძლებელია. ეს ნიშნავს, რომ აპელანტის ვალდებულება წარმოშობილია და მან იგი უნდა შეასრულოს.
12. სააპელაციო სასამართლომ დამატებით აღნიშნა, რომ მსგავსი კატეგორიის საქმეზე 2016 წლის 28 იანვარს გამოტანილ გადაწყვეტილებაში საქმეზე №ას-468-442-2014 საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატამ მიუთითებს: „სააპელაციო სასამართლომ სწორად განმარტა საზედამხედველო კომპანიისა და ინჟინრის ხელშეკრულებით განსაზღვრული ფუნქცია და უფლება-მოვალეობები, რომელთაგან შესრულებული სამუშაოების განსაზღვრის შედეგად საბოლოო გადახდის სერთიფიკატის გამოცემა ერთი-ერთი არსებითი პირობათაგანი იყო... მოცემულ შემთხვევაში, სასამართლოს კვლევის საგანი არ უნდა გახდეს რეალურად რა სამუშაოები შესრულდა და რას შეადგენს მათი ღირებულება. ამისათვის მხარეებმა ხელშეკრულებით ინჟინერი მიიჩნიეს კომპეტენტურ პირად. ხოლო შემკვეთი, რომელიც სადავოდ ხდის თავისივე დანიშნული ინჟინერის კომპეტენციასა და კეთილსინდისიერებას, უფლებამოსილი იყო, აღნიშნულის თაობაზე ამ უკანასკნელთან ედავა. ამდენად, ხელშეკრულებიდან გამომდინარეობს, რომ გადახდის სერტიფიკატი საბოლოო იყო მენარდესთან და არა - ინჟინერთან მიმართებით. არ შეიძლება, მენარდემ პასუხი აგოს შემკვეთის მიერ დანიშნულ და მისივე სახელით მოქმედ ინჟინრის მიერ თუნდაც უსწოროდ შედგენილ სერტიფიკატზე. აღნიშნული გამომდინარეობს ვალდებულების შესრულების პირობათა სამართლიანი განსაზღვრის პრინციპიდანაც, რომელსაც სსკ-ის 425.1 მუხლი ადგენს (თუ ვალდებულების შესრულების პირობები უნდა განისაზღვროს ხელშეკრულების ერთ-ერთი მხარის ან მესამე პირის მიერ, მაშინ საეჭვოობისას ივარაუდება, რომ ამგვარი განსაზღვრა უნდა მოხდეს სამართლიანობის საფუძველზე)“. ამრიგად, დადგენილია, რომ მოსარჩელემ ხელშეკრულებით გათვალისწინებული სამუშაო შეასრულა, მისი მოცულობა მხარეთა მიერ შეთანხმებულმა პირმა დაადგინა და იგი აპელანტმა ფაქტობრივად მიიღო კიდეც. აქედან გამომდინარე, სსკ-ის 629-ე მუხლის პირველი ნაწილისა და 648-ე მუხლის საფუძველზე, შემკვეთმა (მოპასუხემ) მენარდეს (მოსარჩელეს) ხელშეკრულებით შეთანხმებული საზღაური უნდა გადაუხადოს.
13. სააპელაციო სასამართლომ მოცემულ საქმეზე ფაქტობრივი დანახარჯების ოდენობის განსასაზღვრად ექსპერტიზა დანიშნა, რომელიც ვერ ჩატარდა, რადგან ექსპერტიზის ჩატარებისათვის საჭირო საბუთები იმყოფებოდა საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურში. ექსპერტიზის ეროვნული ბიუროსათვის 2014 წლის 6 თებერვალს გაგზავნილი #13 წერილიდან (ს.ფ. 92) დგინდება, რომ ეს ფაქტი აპელანტისთვისაც იმთავითვე იყო ცნობილი. აქედან გამომდინარე, ექსპერტიზის ჩატარებისათვის მხარეებს ხელი არ შეუშლიათ და ეს გარემოება მათთვის საზიანო სამართლებრივ შედეგს ვერ გამოიწვევს.
14. სააპელაციო სასამართლოს შეფასებით აპელანტმა ვერ დაამტკიცა, რომ მოსარჩელემ სამუშაო ხარვეზით შეასრულა. ტექნიკური ზედამხედველის მიერ შედგენილ სერთიფიკატში აღნიშნულის თაობაზე მითითება არ არის. პირიქით, 2013 წლის 31 ივლისის წერილით ტექნიკურმა ზედამხედველმა დაადასტურა, რომ სამუშაო შესრულებული იყო პროექტის მიხედვით და ხარისხიანად და შემკვეთს „ანგარიშსწორების უზრუნველყოფა“ სთხოვა. რაც შეეხება 2013 წლის 30 ივლისის „დეფექტური აქტს“, იგი თავად აპელანტი საწარმოს დირექტორის, მენეჯერისა და ბუღალტრის მიერ არის შედგენილი. აქტში ასახული ხარვეზების ნამდვილობა არც მენარდეს და არც ტექნიკურ ზედამხედველს დაუდასტურებიათ. ამის შესაბამისად, აქტი დამოუკიდებელი მტკიცებულება არ არის და მხოლოდ მის საფუძველზე შესრულებული სამუშაოს ხარვეზის დადგენა შეუძლებელია. საკუთარი პოზიციის დამადასტურებელი სხვა მტკიცებულებები კი აპელანტს სასამართლოსათვის არ წარუდგენია. ასეც რომ არ იყოს, აპელანტს ნივთის ნაკლის გამო გადასახდელი საზღაურის შემცირება არ მოუთხოვია. ამიტომ, „დეფექტურ აქტში“ ასახული ხარვეზები, დადასტურების შემთხვევაშიც კი, ანაზღაურების ვალდებულებაზე გავლენას ვერ მოახდენდა. ამის გამო, გასაჩივრებული გადაწყვეტილების შეცვლის საფუძვლები არ არსებობს და იგი უცვლელი უნდა დარჩეს.
15. საკასაციო სამართალწარმოების ეტაპი
15.1. სააპელაციო სასამართლოს განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრა შემკვეთმა საწარმომ, რომელმაც მისი გაუქმება და, ახალი გადაწყვეტილების მიღებით, მენარდის სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა მოითხოვა.
15.2. საკასაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის განჩინებით შემკვეთის საკასაციო საჩივარი დასაშვებად იქნა ცნობილი სსსკ-ის 391-ე მუხლის მე-5 ნაწილის „ე“ ქვეპუნქტის საფუძველზე და მიღებულ იქნა არსებითად განსახილველად.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლო საქმის შესწავლის, მტკიცებულებათა გაანალიზების, მხარეთა ახსნა-განმარტებების შემოწმებისა და მოპასუხის საკასაციო საჩივრის სამართლებრივი დასაბუთებულობის არსებითად განხილვის შედეგად მივიდა დასკვნამდე, რომ შემკვეთი საწარმოს საკასაციო განაცხადი დაუსაბუთებულია და არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგი არგუმენტაციით:
16. სსსკ-ის 404-ე მუხლის პირველი ნაწილით, საკასაციო სასამართლო გადაწყვეტილებას ამოწმებს საკასაციო საჩივრის ფარგლებში, ამავე კოდექსის 407-ე მუხლის პირველი ნაწილით, საკასაციო სასამართლო იმსჯელებს მხარის მხოლოდ იმ ახსნა-განმარტებაზე, რომელიც ასახულია სასამართლო გადაწყვეტილებებსა და სხდომის ოქმებში. გარდა ამისა, შეიძლება მხედველობაში იქნეს მიღებული ამ კოდექსის 396-ე მუხლის პირველი ნაწილის „ვ“ ქვეპუნქტში მითითებული ფაქტები; ამავე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, სააპელაციო სასამართლოს მიერ დამტკიცებულად ცნობილი ფაქტობრივი გარემოებები სავალდებულოა საკასაციო სასამართლოსათვის, თუ წამოყენებული არ არის დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია (შედავება). საკასაციო სასამართლოს შეფასებით კასატორს ასეთი დასაბუთებული საკასაციო შედავება არ აქვს წარმოდგენილი.
17. საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე-6 მუხლის პირველი პარაგრაფი ავალდებულებს სასამართლოს, დაასაბუთოს თავისი გადაწყვეტილება, რაც არ უნდა იქნეს გაგებული თითოეულ არგუმენტზე დეტალური პასუხის გაცემად (იხ. ჯღარკავა საქართველოს წინააღმდეგ, # 7932/03; Van de Hurk v. Netherlands, par.61, Garcia Ruiz v. Spain [GC] par.26; Jahnke and Lenoble v France (dec.); Perez v France [GC], par. 81). საკასაციო სასამართლო იზიარებს სააპელაციო სასამართლოს მსჯელობასა და დასკვნებს, რაც საკასაციო პრეტენზიის არსებითად განხილვის ეტაპზე, საკასაციო საჩივრის უარყოფისა და გასაჩივრებული განჩინების უცვლელად დატოვების საფუძველია.
18. საკასაციო სასამართლო იზიარებს სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს და სწორედ ამ ფარგლებში არსებითად განიხილავს და ამოწმებს საკასაციო პრეტენზიის დასაბუთებულობას (სსსკ-ის 407-ე მუხლი), ამასთან, მიაჩნია, რომ საქმეზე გადაწყვეტილების მისაღებად არ ვლინდება სააპელაციო სასამართლოსათვის საქმის ხელახლა განსახილველად დაბრუნების საფუძველი (სსსკ-ის 412-ე მუხლი).
19. მოცემულ შემთხვევაში მოსარჩელის მოთხოვნის სამართლებრივი საფუძველია სსკ-ის 629-ე, 648-ე, 319-ე, 327-ე, 361.2-ე და 317-ე მუხლები. ამასთან, საკასაციო სასამართლო კასატორის მხოლოდ იმ ძირითად პრეტენზიებზე გაამახვილებს ყურადღებას, რასაც შესაძლოა საქმისათვის გადამწყვეტი მნიშვნელობა ჰქონოდა იმ შემთხვევაში, თუკი შემკვეთი საწარმო დაამტკიცებდა საკუთარი პოზიციის დასაბუთებულობას.
20. სასამართლოსათვის ამოსავალია ის კონკრეტული ფაქტები და გარემოებები, რომლებზედაც მოსარჩელე ამყარებს თავის მოთხოვნას. სწორედ მოსარჩელის მიერ მითითებული ფაქტები და გარემოებები განსაზღვრავენ მისი მოთხოვნის შინაარსს. საკასაციო სასამართლო მიუთითებს, რომ მოსარჩელის მოთხოვნის შინაარსის განმსაზღვრელია სარჩელში მითითებული ფაქტები და გარემოებები. სარჩელის ინდივიდუალიზაცია სარჩელის ელემენტების მეშვეობითაა შესაძლებელი. სსსკ-ის მე-3, მე-4, 83-ე და 178-ე მუხლების ანალიზით შესაძლებელია, დავასკვნათ, რომ სარჩელი შედგება ორი ელემენტისგან: სარჩელის საგნისა და სარჩელის საფუძვლისგან. სარჩელის საგანია მოსარჩელის მოთხოვნა მოპასუხისადმი (სსსკ-ის 178.1 მუხლის „ზ“ ქვეპუნქტი), ხოლო სარჩელის საფუძველი – კონკრეტული ფაქტები და გარემოებები, რომლებზედაც მოსარჩელე ამყარებს თავის მოთხოვნას (სსსკ-ის 178.1 მუხლის „ე“ ქვეპუნქტი). მოსარჩელის სტადიის შემდეგ, სასამართლომ უნდა შეამოწმოს მოპასუხის სტადია, რაც მოსაჩელის მიერ მითითებული ფაქტობრივი გარემოებების პასუხად შესაგებელში შედავებული გარემოებების კვალიფიციურობაზეა დამოკიდებული. საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2017 წლის 2 მარტის დიდი პალატის გადაწყვეტილებაში (საქმეზე N ას-64-634-2016; პუნქტი 201) მითითებულია: „2007 წლის 28 დეკემბერს საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსში განხორციელებული ცვლილებების მიხედვითთ, მოპასუხის მიერ პასუხის (შესაგებლის) წარდგენა სავალდებულო ხასიათს ატარებს (საქართველოს 28.12.2007წ.-ის კანონი N5669-სსმ), რაც იმაში გამოიხატება, რომ აღნიშნული საპროცესო ვალდებულების შეუსრულებლობა მხარისათვის უარყოფით საპროცესოსამართლებრივ შედეგებს იწვევს. კერძოდ, სარჩელში მითითებული ფაქტობრივი გარემოებები ითვლება შეუდავებლად და, შესაბამისად, დამტკიცებულად. სსსკ-ის 201-ე მუხლის მე-7 ნაწილით გათვალისწინებული შესაგებლის წარუდგენლობის ფაქტი თავისთავად განსაზღვრავს მტკიცების საგანს, რადგანაც მოსარჩელე თავისუფლდება სარჩელში მითითებული ფაქტების მტკიცებისაგან. აღნიშნული გარემოება დაუსწრებელი გადაწყვეტილების გამოტანის წინაპირობაცაა. საპროცესო კანონმდებლობით დადგენილია მოპასუხის მიერ კონკრეტული შესაგებლის წარდგენის ვალდებულება, კერძოდ, სსსკ-ის 201-ე მუხლის მე-4 ნაწილის შინაარსიდან გამომდინარე, დგინდება, რომ მოპასუხე უნდა შეედავოს მოსარჩელის გამართულ, დასაბუთებულ მოთხოვნას ანუ დავის გადაწყვეტისათვის სამართლებრივად მნიშვნელოვან ფაქტობრივ გარემოებებს, წინააღმდეგ შემთხვევაში, მოსარჩელის მიერ მითითებული ფაქტები (და არა მისი სამართლებრივი შეხედულებები) დამტკიცებულად ითვლება“.
21. საკასაციო სასამართლო არაერთ გადაწყვეტილებაში/განჩინებაში უთითებს, რომ ყოველი კონკრეტული სამოქალაქო საქმის გადაწყვეტა სასამართლოში, დაკავშირებულია გარკვეული ფაქტების დადგენასთან. ფაქტების დადგენის აუცილებლობა განპირობებულია იმით, რომ სასამართლო იხილავს და წყვეტს მხარეთა შორის წარმოშობილ დავებს, რომლებიც სამართლით რეგულირებული ურთიერთობებიდან წარმოიშობიან. სამართლებრივი ურთიერთობა კი, როგორც ეს ცნობილია, შეიძლება აღმოცენდეს, განვითარდეს ან შეწყდეს მხოლოდ იურიდიული ფაქტების საფუძველზე. სწორედ მტკიცების ტვირთსა და მის სწორ განაწილებაზეა დამოკიდებული დასაბუთებული და კანონიერი გადაწყვეტილების მიღება.
22. ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვეციის მე-6 მუხლით გათვალისწინებული სამართლიანი სასამართლოს უფლების რეალიზება უმეტესწილად დამოკიდებულია და გულისხმობს სასამართლოს მიერ დასაბუთებული, მტკიცებულებათა ურთიერთშეჯერებისა და გაანალიზების საფუძველზე მიღებული გადაწყვეტილების მიღებას. მტკიცების ტვირთის როლი განსაკუთრებით ვლინდება სამოქალაქო სამართალწარმოებაში, სადაც მხარეთა ნების ავტონომიას გადამწყვეტი მნიშვნელობა ენიჭება. შესაძლებელია მხარის მოთხოვნა საფუძვლიანი იყოს, მაგრამ შეუძლებელია მხარემ მიიღოს თავისი სასარგებლო გადაწყვეტილება, თუ ვერ დაამტკიცებს თავის სასარგებლო გარემოებებს საპროცესო სამართლით დადგენილი წესით. ამიტომაც, ერთ-ერთ მნიშვნელოვან ფაქტორს წარმოადგენს მტკიცების ტვირთის მართებული გადანაწილება მოდავე მხარეებს შორის.
23. სსსკ-ის მე-3 მუხლის მიხედვით, მხარეები იწყებენ საქმის წარმოებას სასამართლოში, ამ კოდექსში ჩამოყალიბებული წესების შესაბამისად, სარჩელის ან განცხადების შეტანის გზით. ისინი განსაზღვრავენ დავის საგანს და თვითონვე იღებენ გადაწყვეტილებას სარჩელის (განცხადების) შეტანის შესახებ. მხარეებს შეუძლიათ საქმის წარმოება მორიგებით დაამთავრონ. მოსარჩელეს შეუძლია უარი თქვას სარჩელზე, ხოლო მოპასუხეს – ცნოს სარჩელი. ამავე კოდექსის მე-4 მუხლის მიხედვით სამართალწარმოება მიმდინარეობს შეჯიბრებითობის საფუძველზე. მხარეები სარგებლობენ თანაბარი უფლებებითა და შესაძლებლობებით, დაასაბუთონ თავიანთი მოთხოვნები, უარყონ ან გააქარწყლონ მეორე მხარის მიერ წამოყენებული შესაგებლები, მოსაზრებები თუ მტკიცებულებები. მხარეები თვითონვე განსაზღვრავენ, თუ რომელი ფაქტები უნდა დაედოს საფუძვლად მათ მოთხოვნებს ან რომელი მტკიცებულებებით უნდა იქნეს დადასტურებული ეს ფაქტები.
24. მტკიცების ტვირთს აწესრიგებს სსსკ-ის 102-ე მუხლის პირველი ნაწილი, რომლის მიხედვითაც თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებანი, რომლებზედაც იგი ამყარებს თავის მოთხოვნებსა და შესაგებელს. მოსარჩელემ უნდა ამტკიცოს ის გარემოებები, რომლებზედაც დაფუძნებულია სასარჩელო მოთხოვნა, ხოლო მოპასუხემ გარემოებები, რომლებსაც მისი შესაგებელი ემყარება. მტკიცების ტვირთი არის სამოქალაქო სამართალწარმოებაში საქმის სწორედ გადაწყვეტისათვის მნიშვნელოვანი ფაქტების დამტკიცების მოვალეობის დაკისრება მხარეებზე, რომლის შესრულება უზრუნველყოფილია მატერიალურ-სამართლებრივი თვალსაზრისით არახელსაყრელი გადაწყვეტილების გამოტანით იმ მხარის მიმართ, რომელმაც ეს მოვალეობა სათანადოდ არ (ვერ) შეასრულა. მხარეთა მტკიცებითი საქმიანობის საბოლოო მიზანი – ესაა სასამართლოს დარწმუნება საქმის სწორად გადაწყვეტისათვის მნიშვნელობის მქონე გარემოებების არსებობაში. სასამართლოს დაურწმუნებლობა კი, მხარისათვის არახელსაყრელ შედეგს იწვევს. მტკიცების ტვირთი დამოკიდებულია არა მხარის როლზე პროცესში, არამედ მოთხოვნის საფუძველზე. ის ვინც ითხოვს ვალდებულების შესრულებას, უნდა დაამტკიცოს მოთხოვნის საფუძვლის არსებობა არა მხოლოდ მაშინ, როდესაც იგი ითხოვს თავისი მოთხოვნის შესრულებას, ან აღიარებას, არამედ მაშინაც, როდესაც იგი თავს იცავს მოწინააღმდეგე მხარის ნეგატიური აღიარებითი სარჩელისაგან (მოთხოვნისაგან). მტკიცების ტვირთისაგან უნდა გაიმიჯნოს ფაქტების მითითების ტვირთი, როგორც მხარის ფაკულტატური მოვალეობა. მხარეები სსკ-ის მე-4 მუხლის თანახმად სრულიად თავისუფალი არიან მიუთითონ ნებისმიერ ფაქტზე. ეს მათი უფლებაა, მაგრამ მათ მიერ მითითებული ფაქტობრივი გარემოებების სამართლებრივი შეფასება, ე.ი. იმის დადგენა და გარკვევა, თუ რამდენად ასაბუთებენ ეს ფაქტები იურიდიულად მხარეთა მოთხოვნებს და შესაგებელს – ეს უკვე სასამართლოს პრეროგატივაა. ამასთან, საკმარისი არ არის, რომ მხარემ ზოგადად გამოთქვას მოსაზრება საქმისათვის მნიშვნელობის მქონე გარემოებაზე, მაგალითად, განაცხადოს, რომ იგი მთლიანად უარყოფს მეორე მხარის მიერ მოხსენებულ საქმის ფაქტობრივ გარემოებებს. მხარის მიერ წარმოდგენილი მოსაზრებები კონკრეტულად და დეტალურად უნდა ჩამოყალიბდეს და ეხებოდეს საქმის გადაწყვეტისათვის მნიშვნელობის მქონე ყველა გარემოებას. მხარეთა მიერ წარმოდგენილი ახსნა-განმარტებები უნდა იყოს დასაბუთებული და ეხებოდეს იმ გარემოებებს, რომლებსაც უშუალო კავშირი აქვს დავასთან. მოსარჩელემ, როგორც წესი, უნდა დაამტკიცოს ყველა გარემოება, რომელიც წარმოადგენს მოთხოვნის წარმოშობის საფუძველს, ხოლო მოპასუხემ კი – ყველა გარემოება, რომელიც წარმოადგენს მოთხოვნის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის საფუძველს (იხ. ჰაინ ბიოლინგი, ლადო ჭანტურია, სამოქალაქო საქმეებზე გადაწყვეტილებათა მიღების მეთოდიკა, თბ., 2003, გვ.64) - იხ. შეად. სუსგ-ებს N ას-1298-2018; 22.03.2019წ; N ას-1329-2018, 22.02.2019წ; N ას-1610-2019, 07.02.2020წ.
25. განსახილველ შემთხვევაში მოსარჩელის მიერ აღძრული სასარჩელო მოთხოვნის პასუხად შემკვეთა საწარმომ მის მიერ წარდგენილ შესაგებელში მიუთითა შესრულებული სამუშაოს ხარვეზებზე და ამასთან დაკავშირებული მხარეთა შორის ნაწარმოები მიმოწერა დაურთო შესაგებელს (იხ. ტ.2, ს.ფ. 58-103), თუმცა, საკასაციო სასამართლოს შეფასებით შემკვეთმა ვერ შეძლო საკუთარი მტკიცების ტვირთის დაძლევა. საკასაციო სასამართლო ყურადღება ამახვილებს მხარეთა შორის 2012 წლის 8 ოქტომბერს ხელმოწერილი ხელშეკრულების 7.5 პუნქტზე, რომლის თანახმად „შემსყიდველი უფლებამოსილია ნებისმიერ დროს განახორციელოს მიმწოდებლის მიერ ნაკისრი ვალდებულებების შესრულებისა და ხარისხის ინსპექტირება“, რომელიც შემკვეთ საწარმოს, ყოველგვარი წინაპირობის გარეშე, მენარდის მიერ შესრულებული სამუშაოების შემოწმების უფლებამოსილებას ნებისმიერ დროს ანიჭებდა, თუმცა, დადგენილი ფაქტია, რომ ასეთი უფლებით მას არ უსარგებლია, ყოველ შემთხვევაში საქმეზე დადგენილი გარემოებების მიხედვით ირკვევა, რომ ტექნიკური ზედამხედველის მიერ შედგენილი დოკუმენტაციის საფუძველზე გამოწერა მენარდემ საგადასახადო ანგრიშფაქტურა №ეა-701496495, რომელიც შემკვეთმა დაადასტურა და თანხის მხოლოდ ნაწილი - 9743 ლარი გადაიხადა კიდეც, ხოლო დანარჩენი თანხა არ გადაუხდია; იმ სახის მტკიცებულება, რომელიც დაადასტურებდა, რომ შესრულებული სამუშაოების ინსპექტირების უფლებით ისარგებლა შეკვეთმა და ამის თაობაზე დოკუმენტაცია წარუდგინა სასამართლოს, საქმეში არ მოიპოვება. მხარეთა შორის შეთანხმებული ზემოხსენებული 7.5 პუნქტით დადგენილი მოწესრიგება გავლენას ახდენს ამავე ხელშეკრულებით დადგენილ ანგარიშსწორების წესზეც, რადგან 8.3 პუნქტით დადგენილია, რომ „ხელშეკრულების ფარგლებში ანაზღაურებული იქნება მხოლოდ იმ შესრულებული სამუშაოების ღირებულება, რომლის მოცულობასა და ხარისხზე არსებობს უშუალოდ შემსყიდველისა და საამისოდ შერჩეული პირის (ტექნიკური ზედამხედველის) მიერ დადასტურებული აქტი“. იმ პირობებში, როდესაც დადგენილია, რომ შემკვეთს არ უსარგებლია ხელშეკრულებით შეთანხმებული შესრულებული სამუშაოების ხარისხის ინსპექტირების უფლებამოსილებით, ამასთან, სწორედ შემკვეთის მიერ დანიშნულმა ტექნიკურმა ზედამხედველმა ჩაიბარა სამუშაოები, რაც დასტურდება მის მიერ შემკვეთისათვის გაგზავნილი მასალით ობიექტზე შესრულებული ადმინისტრაციული შენობის სამშენებლო სამუშაოების დამოწმებული ფორმით N 2-და სერთიფიკატით, რომლითაც ზედამხედველმა დაადასტურა, რომ პროექტის მიხედვით და ხარისხიანად შესრულდა სამუშაო, სრულიად დაუსაბუთებელია მოპასუხის (კასატორის) მხრიდან მენარდის მიერ ფაქტობრივად შესრულებული სამუშაოებისათვის მხოლოდ ნაწილი თანხის გადახდა, რადგან გადაუხდელი ნაწილის დასაბუთებულობა გამოვლენილი არ არის საქმეში მოპასუხის მიერ წარდგენილი შესატყვისი მტკიცებულებებით. ამასთან, როგორც ეს სააპელაციო სასამართლომ მართებულად მიუთითა, შესრულებული სამუშაოს ხარვეზების გამოვლენის შემთხვევაც კი არ ათავისუფლებს სრულად შემკვეთს პასუხისმგებლობისაგან, რადგან ნარდობის მარეგულირებელი ნორმები ადგენს პრეზუმფციას, რომ თუ მენარდემ შეასრულა მისი ვალდებულება, მას უნდა აუნაზღაურდეს შესრულების საფასური. თუმცა, როგორც ნებისმიერ პრეზუმფციას, ამ უკანასკნელსაც გამოეცლება სამართლებრივი საფუძველი, თუკი დადგინდება, რომ შემკვეთი, არაჯეროვანი შესრულებიდან გამომდინარე, გონივრულ ვადაში მოითხოვს ნაკლოვანების აღმოფხვრას, ან, თავად გამოასწორებს ნაკლს და მენარდისაგან მოითხოვს გაწეული ხარჯის ანაზღაურებას. თუ შემკვეთი არ განახორციელებს ამგვარ ქმედებას/მოთხოვნას, მას შეუძლია, ნაკლოვანი შესრულების პროპორციულად მოითხოვოს მენარდისათვის გადასახდელი თანხის შემცირება; შემკვეთს ასევე შეუძლია ამტკიცოს, რომ შესრულებული სამუშაო უხარისხო და გამოუსადეგარია. მოცემულ საქმეზე სავსებით სწორად არის გადანაწილებული მხარეთა შორის მტკიცების ტვირთი (ამგვარ დავებში მოთხოვნის დამფუძნებელი (როგორც აღმჭურველი, ისე გამომრიცხველი) ნორმების აბსტრაქტული შემადგენლობისა და შესაბამისი მტკიცების ტვირთის განაწილების შესახებ იხილეთ: სუსგ-ებები: N ას-1115-2019; N ას-959-2019; Nას-796-2019; N ას-589-2019; N ას-203-203-2018)- იხ. სუსგ N ას-1975-2018);
26. საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ ნარდობის სამართლებრივი ურთიერთობის მომწესრიგებელი ნორმები, ამ ტიპის ხელშეკრულების სპეციფიკურობის გამო, იმის გათვალისწინებით, რომ პრეზუმირებულია გარკვეული ნაკლისა თუ ხარვეზის აღმოჩენა/გამოვლენა, შემკვეთის მიერ დამატებითი შესრულების მოთხოვნის შესაძლებლობასაც ადგენს სსკ-ის 642-ე მუხლით, თუმცა, ეს არაა ერთადერთი რეგულაცია, რადგან დამატებითი შესრულებისათვის განსაზღვრული ვადის უშედეგოდ გასვლის შემთხვევაში, კანონმდებელი ადგენს შესაძლებლობას, შემკვეთმა თვითონ აღმოფხვრას ნაკლი და მოითხოვოს გაწეული ხარჯების ანაზღაურება (სსკ-ის 643-ე მუხლი), ასევე, ნაკეთობის ნაკლის გამო, შემკვეთს სსკ-ის 405-ე მუხლის მიხედვით, შეუძლია უარი თქვას ხელშეკრულებაზე (სსკ-ის 644-ე მუხლი), ხოლო, თუკი შემკვეთი არც ხელშეკრულების დამატებით შესრულებას მიიღებს საამისოდ განსაზღვრული ვადის გასვლის შემდეგ და არც უარს განაცხადებს ხელშეკრულებაზე, შეუძლია შეამციროს საზღაური იმ თანხით, რა თანხითაც ნაკლი ამცირებს ნაკეთობის ღირებულებას (სსკ-ის 645-ე მუხლი). დასახელებულ ნორმათა ანალიზის საფუძველზე, საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ სამოქალაქო ბრუნვის სტაბილურობისა და მის მონაწილეთა კეთილსინდისიერების ნაგულვები პრეზუმფციის (სსკ-ის მე-8 მუხლის მე-3 ნაწილი) გათვალისწინებით, მოცემულ შემთხვევაში, შემკვეთის მიერ კანონით განსაზღვრულ შესაძლებლობათაგან დამატებითი შესრულების მოთხოვნის არჩევა, კანონითაა დადგენილი და ნორმალური სამოქალაქო ბრუნვის შემადგენელი ელემენტია (იხ. სუსგ N ას-164-160-2016, 28.07.2016; შეად. სუსგ-ას N ას-1975-2018, 26.06.2020წ.)
27. კასატორის ერთ-ერთი პრეტენზია იმასაც უკავშირდება, რომ საქმე განხილულია განსჯადობის წესების დარღვევით, რომელზეც, კასატორის მითითებით, საერთოდ არ უმსჯელია სასამართლოს. საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ სსსკ-ის 404-ე მუხლის მე-3 ნაწილი, რომელიც საკასაციო სასამართლოში გადაწყვეტილების შემოწმების ფარგლებს განსაზღვრავს ადგენს, რომ „საკასაციო სასამართლომ უნდა შეამოწმოს, ექვემდებარება თუ არა საქმე სასამართლოს უწყებრივად და აქვს თუ არა მას მოცემულ კონკრეტულ საქმეზე საერთაშორისო კომპეტენცია. პირველი ინსტანციის სასამართლოს ტერიტორიულ და საგნობრივ განსჯადობას საკასაციო სასამართლო შეამოწმებს მხოლოდ მოპასუხის მოთხოვნით. ასეთი მოთხოვნა დასაშვებია, თუ იგი საქმის სააპელაციო სასამართლოში განხილვისას იყო წამოყენებული მოპასუხის მიერ, ან თუ არსებობს საპატიო მიზეზი, რის გამოც ასეთი მოთხოვნა ვერ იქნა წამოყენებული სააპელაციო სასამართლოში“. განსახილველ შემთხვევაში შემკვეთმა საწარმომ სააპელაციო საჩივრით, სხვა გარემოებებთან ერთად, სადავო გახადა პირველი ინსტანციის სასამართლოში საქმის არაგანსჯადი სასამართლოს მიერ განხილვა და ამ საფუძვლით სარჩელის განუხილველად დატოვება მოითხოვა (იხ. სააპელაციო საჩივარი- ტ.2, ს.ფ.187). ამრიგად გამოვლენილია საპროცესო კოდექსით დადგენილი წინაპირობა, კერძოდ, მოპასუხის მოთხოვნით საქმის განმხილველი სასამართლოს ტერიტორიული და საგნობრივი განსჯადობის შემოწმების თაობაზე. საქმის მასალების მიხედვით დადგენილია, რომ ორივე საწარმოს (შემკვეთისა და მენარდის) იურიდიული მისამართია ქ. ბათუმი (იხ. ამონაწერები სამეწარმეო რეესტრიდან - ტ.2. ს.ფ.17-20), მხარეთა შორის ხელმოწერილი ხელშეკრულების მიხედვით, მენარდის მიერ შესასრულებელი სამუშაოს ანგარიშსწორება ხორციელდება შემკვეთის მიერ უნაღდო ანგარიშსწორებით (იხ. ხელშეკრულების მე-8 მუხლი - ტ.2, ს.ფ.26), ამდენად, განსახილველი შემთხვევის სპეციფიკურობა იმაში ვლინდება, რომ შემკვეთის მიერ ხელშეკრულებით გადასახდელი ფულადი თანხის ნაწილი უკვე გადახდილია და ფაქტობრივად განხორციელებული სამუშაოს ღირებულება მენარდე საწარმომ, როგორც ქ. ბათუმში მდებარე იურიდიულმა პირმა, უნაღდო ანგარიშსწორებით მიიღო. საკასაციო სასამართლო განმატავს, რომ მენარდის მხრიდან შესასრულებელი სამუშაოს ანაზღაურებისათვის ფულადი ვალდებულებაა შესასრულებელი, რაც უნაღდო ანგარიშსწორებით ერთხელ უკვე განხორციელდა და შესრულდა, მოსარჩელეს მიღებული აქვს თანხა უნაღდო ანგარიშსწორებით, რაც სადავო არაა. ამ შემთხვევაში დარჩენილი დავალიანების გადახდაც, ცხადია, რომ იმავე წესით უნდა განხორციელდეს და ქ. ბათუმში მდებარე იურიდიული მისამართის მქონე საწარმომ უნდა მიიღოს, ეს კი იმას ნიშნავს, რომ ფულადი ვალდებულების შესრულების შესახებ სარჩელი განსჯადობის წესების დაცვით განიხილა ქ. ბათუმის სასამართლომ და არ არსებობს ამ ნაწილში საკასაციო პრეტენზიის გაზიარების საფუძველი. სსკ-ის 386-ე მუხლი ფულადი ვალდებულების შესრულების ადგილს განსაზღვრავს, რომლის თანახმად, “1. შესრულების ადგილის საეჭვოობისას ფულადი ვალდებულება უნდა შესრულდეს კრედიტორის ადგილსამყოფლის (საცხოვრებელი ადგილი ან იურიდიული მისამართი) მიხედვით. 2. თუ კრედიტორს აქვს ფულის ჩარიცხვისათვის გამიზნული საბანკო ანგარიში იმ ადგილას ან იმ ქვეყანაში, სადაც გადახდა უნდა მოხდეს, მაშინ მოვალეს შეუძლია ამ ანგარიშზე ჩარიცხვით შეასრულოს თავისი ფულადი ვალდებულება, გარდა იმ შემთხვევისა, როცა კრედიტორი ამის წინააღმდეგია” (იხ. სუსგ: N ას-648-614-2015; 26.11.2015წ).
28. კასატორის ერთ-ერთი პრეტენზია იმას უკავშირდება, რომ სააპელაციო სასამართლო სათათბირო ოთახიდან „გამოვიდა“ და დაბრუნდა მტკიცებულებათა გამოკვლევის ეტაპზე, რაც ასევე დაუსაბუთებელია, რადგან სსსკ-ის 216-ე მუხლის პირველი ნაწილით განსაზღვრულია, რომ „საქმის განხილვის გადადება დასაშვებია მხოლოდ კანონით გათვალისწინებულ შემთხვევებში, გონივრული ვადით. თუ საქმის სრულყოფილად გამოკვლევა და დამთავრება შეუძლებელია იმავე სხდომაზე, საქმის განხილვა მისი გადადების შემთხვევაში გრძელდება იმ სტადიიდან, რომელზედაც იგი გადაიდო. სასამართლო აგრეთვე უფლებამოსილია, საქმის განხილვა გააგრძელოს იმ სტადიიდან, რომელსაც მიზანშეწონილად მიიჩნევს. მხარეები ვალდებული არიან, ხელი შეუწყონ სასამართლოში საქმის დადგენილ ვადაში განხილვას“. ამდენად, საქმის ყოველმხრივ და ობიექტურად განხილვის მიზნიდან გამომდინარე, სააპელაციო სასამართლოს არ დაურღვევია მხარეთა უფლებები, მათ შორის საქმის გადაწყვეტისათვის მნიშვნელობის მქონე მტკიცებულების გამოთხოვით (იხ. სსსკ-ის 380-ე მუხლი);
29. კასატორი ითხოვს შუამდგომლობის დაკმაყოფილებას და მენარდე საწარმოსაგან მტკიცებულებების გამოთხოვას, რაც დაუშვებელია საკასაციო სამართალწარმოების ეტაპზე, რადგან საკასაციო სასამართლოსათვის სავალდებულოა სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილი ფაქტობრივი გარემოებები და მხოლოდ მათ ფარგლებში მოწმდება საკასაციო პრეტენზიის დასაბუთებულობა (იხ. სსსკ-ის 407-ე მუხლი).
30. კასატორმა ვერ შეძლო დასაბუთებული საკასაციო შედავების წარდგენა, რაც მისი მტკიცების გაზიარების შესაძლებლობას მისცემდა სასამართლოს. საქმის არსებითი განხილვის შედეგად უარყოფილია შემკვეთი საწარმოს საკასაციო საჩივრის დასაბუთებლობა და არ უნდა დაკმაყოფილდეს, რაც სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის გასაჩივრებული განჩინების უცვლელად დატოვების საფუძველია.
31. სსსკ-ის 55.2-ე მუხლის პირველი წინადადების თანახმად ვინაიდან საკასაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა კასატორის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟი დარჩება სახელმწიფო ბიუჯეტში.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 410-ე მუხლით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. შპს “G.R.”-ის საკასაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;
2. უცვლელად დარჩეს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2018 წლის 16 ოქტომბრის განჩინება;
3. განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე ე. გასიტაშვილი
მოსამართლეები: ზ. ძლიერიშვილი
ნ. ბაქაქური