3გ-ად-5-ა-02 1 ოქტომბერი, 2002 წ., ქ. თბილისი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციული და
სხვა კატეგორიის საქმეთა პალატა
შემადგენლობა: ბ. მეტრეველი (თავმჯდომარე),
მ. ვაჩაძე,
ნ. სხირტლაძე
დავის საგანი: ახლად აღმოჩენილ გარემოებათა გამო გადაწყვეტილების გაუქმება და საქმის წარმოების განახლება..
აღწერილობითი ნაწილი:
18.10.99წ. ჭიათურის რაიონულ სასამართლოს სასარჩელო განცხადებით მიმართეს ჭიათურის ავტოსადგურის თანამშრომლებმა: თ. მ-ემ, ნ. ა-ემ, ნ. ბ-ემ, მ. გ-მა, გ. მ-ემ. მოსარჩელეებმა მოითხოვეს ს.ქ.მ. ჭიათურის სამმართველოსა და თ. გ-ს შორის 04.09.98წ. დადებული ხელშეკრულების გაუქმება და იჯარა-გამოსყიდვის უპირატესი უფლების აღდგენა. საქმე აცილების წესით განიხილა ზესტაფონის რაიონულმა სასამართლომ, რომელმაც 25.12.2000წ. გადაწყვეტილებით უარი თქვა ავტოსადგურის თანამშრომლების სარჩელის დაკმაყოფილებაზე. სასამართლომ ავტოსადგურის კოლექტივის წევრები მიიჩნია არასათანადო მოსარჩელეებად, ვინაიდან კოლექტივის წევრებს, მიუხედავად იმისა, რომ იცოდნენ პრივატიზების შესახებ, მონაწილეობა პრივატიზების პროცესში არ მიუღიათ, შესაბამისად სასამართლომ მიიჩნია, რომ მათ უფლება არ ჰქონდათ მოეთხოვათ ობიექტის საკონკურსო წესით პრივატიზების შედეგების ბათილობა. გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გასაჩივრდა ჭიათურის შრომითი კოლექტივის წევრების მიერ.
ქუთაისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა სააპელაციო პალატის 17.07.01წ. გადაწყვეტილებით ავტოსადგურის შრომითი კოლექტივის წევრების სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ, გაუქმდა ზესტაფონის რაიონული სასამართლოს 25.12.2000წ. გადაწყვეტილება, ბათილად იქნა ცნობილი ს.ქ.მ. ჭიათურის სამმართველოს და თ. გ-ს შორის 04.09.99წ. დადებული ხელშეკრულება. უპირატესი უფლების აღდგენის ნაწილში სარჩელის დაკმაყოფილებაზე შრომით კოლექტივს უარი ეთქვა.
ქუთაისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა სააპელაციო პალატის 17.07.01წ. გადაწყვეტილება საკასაციო წესით გასაჩივრდა ავტოსადგურის შრომითი კოლექტივის ნაწილის და ჭაითურის ს.ქ.მ. სამმართველოს მიერ. კასატორებმა მოითხოვეს ახალი გადაწყვეტილების გამოტანით მათი მოთხოვნების მთლიანად დაკმაყოფილება.
სააპელაციო პალატის 17.07.01წ. გადაწყვეტილება საკასაციო წესით გასაჩივრდა აგრეთვე ჭიათურის ს.ქ.მ. სამმართველოს მიერ, რომელმაც მოითხოვა 17.07.01წ. გადაწყვეტილების იმ ნაწილის გაუქმება, რომლითაც ბათილად იქნა ცნობილი ს.ქ.მ. სამმართველოსა და თ. გ-ს შორის 04.09.99წ. დადებული ხელშეკრულება, ახალი გადაწყვეტილების მიღებით ჭიათურის ავტოსადგურის შრომითი კოლექტივის წევრებისათის 04.09.99წ. ხელშეკრულების ბათილად ცნობის მოთხოვნაზე უარის თქმა.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციული და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატის 2002წ. 5 აპრილის გადაწყვეტილებით თ. მ-ის, ნ. ა-ის, მ. გ-ის, ვ. ტ-ის, ნ. ფ-ას და თ. ბ-ის საკასაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა, დაკმაყოფილდა ჭიათურის სახელმწიფო ქონების მართვის სამმართველოს საკასაციო საჩივარი, ქუთაისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა პალატის 17.07.01წ. გადაწყვეტილება შრომითი კოლექტივის უპირატესი უფლების აღდგენაზე უარის თქმის ნაწილში დარჩა უცვლელად, ხოლო გასაჩივრებული გადაწყვეტილება ჭიათურის სახელმწიფო ქონების მართვის სამმართველოსა და თ. გ-ს შორის 04.09.99წ. დადებული ხელშეკრულების ბათილად ცნობის ნაწილში გაუქმდა და ამ ნაწილში მიღებულ იქნა ახალი გადაწყვეტილება, რომლითაც სარჩელი არ დაკმაყოფილდა.
მოსარჩელეებმა: თ. მიროტაძემ, ნ. ა-ემ, მ. გ-მა, ვ. ტ-ემ, ნ. ფ-ამ და თ. ბ-ემ განცხადებით მომართეს საქართველოს უზენაეს სასამართლოს და ახლად აღმოჩენილ გარემოებათა გამო ადმინისტრაციული და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატის 2002წ. 5 აპრილის გადაწყვეტილების გაუქმება და საქმის წარმოების განახლება მოითხოვეს იმ საფუძვლით, რომ საკასაციო სასამართლომ არასწორად განმარტა ჭიათურის რაიონული სასამართლოს 1997წ. 16 ოქტომბრის გადაწყვეტილება და „მეწარმეთა შესახებ“ კანონი.
სამოტივაციო ნაწილი:
საკასაციო სასამართლო გაეცნო საქმის მასალებს, შეამოწმა თ. მ-ის, ნ. ა-ის, მ. გ-ის, ვ. ტ-ის, ნ. ფ-ას და თ. ბ-ის განცხადების საფუძვლიანობა და მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი განცხადება ახლად აღმოჩენილ გარემოებათა გამო ადმინისტრაციული და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატის 2002წ. 5 აპრილის გადაწყვეტილების გაუქმებისა და საქმის წარმოების განახლების თაობაზე უსაფუძვლოა და არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 423-ე მუხლის თანახმად, კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს ახლად აღმოჩენილ გარემოებათა გამო საქმის წარმოების განახლების მოთხვნით, თუ: ა) აღმოჩნდება, რომ დოკუმენტი, რომელსაც გადაწყვეტილება ემყარება, ყალბია; ბ) დადგენილია მოწმის შეგნებულად ცრუ ჩვენება, ექსპერტის დასკვნა, შეგნებულად არასწორი თარგმანი, რასაც მოჰყვა უკანონო ან დაუსაბუთებელი გადაწყვეტილების მიღება; გ) დადგენილია ამ საქმეზე მხარეთა და მათ წარმომადგენელთა დანაშაულებრივი ქმედება ან მოსამართლის დანაშაულებრივი ქმედება; დ)სასამართლო განაჩენი, გადაწყვეტილება, განჩინება ან სხვა ორგანოს დადგენილება, რომელიც საფუძვლად დაედო ამ გადაწყვეტილებას, გაუქმდა; ე) მხარე წარუდგენს სასამართლოს კანონიერ ძალაში შესულ გადაწყვეტილებას, რომელიც გამოტანილია იმავე სარჩელის მიმართ; ვ) მხარისათვის ცნობილი გახდა ისეთი გარემოებები და მტკიცებულებები, რომლებიც საქმის განხილვის დროს რომ ყოფილიყო წარდგენილი სასამართლოში, გამოიწვევდა მისთვის ხელსაყრელი გადაწყვეტილების გამოტანას.
ყოველივე ზემოთქმულის გათვალისწინებით, სასამართლო მხარის ყ-დღებას მიაქცევს იმ გარემოებას, რომ ახლად აღმოჩენილ გარემოებათა გამო გადაწყვეტილების გაუქმებისა და საქმის წარმოების განახლების სხვა საფუძვლებს საპროცესო კანონმდებლობა არ ითვალისწინებს. აქვე, ნიშანდობლივია, ამავე მუხლის მე-3 ნაწილიც, რომლის თანახმად, მხარის მიერ მითითებული ახალი გარემოებები მხოლოდ იმ შემთხვევაში შეიძლება მიჩნეულ იქნენ გადაწყვეტილების გაუქმებისა და საქმის განახლების საფუძვლად, თუ დადგენილი იქნება, რომ მხარეს თავისი ბრალის გარეშე არ ჰქონდა შესაძლებლობა საქმის განხილვისა და გადაწყვეტილების მიღების დროს მიეთითებინა ახალ გარემოებებსა და მტკიცებულებებზე.
საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ ჭიათურის ავტოსადგურის თანამშრომლების მიერ წარმოდგენილ განცხადებაში გადაწყვეტილების გაუქმებისა და საქმის წარმოების განახლების კანონით გათვალისწინებული არც ერთი საფუძველი მითითებული არ არის. განცხადება, ერთგვარად, საკასაციო სასამართლოს გადაწყვეტილებას ასაჩივრებს საერთო წესით და მიუთითებს, რომ საკასაციო სასამართლომ საქმეში არსებული ფაქტები და მტკიცებულებები არასწორად განმარტა და არაობიექტური შეფასება მისცა მათ.
საკასაციო სასამართლო, მხარის ყ-დღებას გაამახვილებს იმ გარემოებაზე, რომ სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 264-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, საკასაციო სასამართლოს გადაწყვეტილება (განჩინება) კანონიერ ძალაში შედის დაუყოვნებლივ, მისი გამოცხადებისთანავე. ამავე კოდექსის 265-ე მუხლი კი განსაზღვრავს, რომ კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილების გაუქმება და შეცვლა დასაშვებია მხოლოდ იმ შემთხვევაში და იმ წესით, რაც დადგენილია სამოქალაქო საპროცესო კოდექსით.
ამდენად, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ თ. მ-ის, ნ. ა-ის, მ. გ-ის, ვ. ტ-ის, ნ. ფ-ას და თ. ბ-ის განცხადება ახლად აღმოჩენილ გარემოებათა გამო ადმინისტრაციული და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატის 2002წ. 5 აპრილის გადაწყვეტილების გაუქმებისა და საქმის წარმოების განახლების თაობაზე არ აკმაყოფილებს კანონის მოთხოვნებს, უსაფუძვლოა და არ უნდა დაკმაყოფილდეს.
სარეზოლუციო ნაწილი:
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 1-ლი და სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 264-ე, 265-ე და 423-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. ჭიათურის ყოფილი ავტოსადგურის თანამშრომლების: თ. მ-ის, ნ. ა-ის, მ. გ-ის, ვ. ტ-ის, ნ. ფ-ას და თ. ბ-ის განცხადება ახლად აღმოჩენილ გარემოებათა გამო ადმინისტრაციული და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატის 2002წ. 5 აპრილის გადაწყვეტილების გაუქმებისა და საქმის წარმოების განახლების თაობაზე არ დაკმაყოფილდეს.
2. უზენაესი სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.