Facebook Twitter

საქმე №ას-635-2021 28 ივნისი, 2021 წელი,

თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატა

შემადგენლობა:

ლევან მიქაბერიძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),

მირანდა ერემაძე, ვლადიმერ კაკაბაძე

საქმის განხილვის ფორმა - ზეპირი განხილვის გარეშე

საჩივრის ავტორები - გ.მ–ძე, ო.ო–ი

მოწინააღმდეგე მხარე - შპს ,,ს.ო.კ–ი“

გასაჩივრებული განჩინება - თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2019 წლის 14 იანვრის განჩინება

საჩივრის ავტორების მოთხოვნა - გასაჩივრებული განჩინების გაუქმება

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :

1. შპს ,,ს.ო.კ–მა“ (შემდგომ– განმცხადებელი, კრედიტორი) საარბიტრაჟო სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიების გამოყენების თაობაზე განცხადებით მიმართა თბილისის სააპელაციო სასამართლოს და მოითხოვა ო.ო–სა (შემდგომ – პირველი საარბიტრაჟო მოპასუხე, პირველი საჩივრის ავტორი) და გ.მ–ძეს (შემდგომ – მეორე საარბიტრაჟო მოპასუხე, მეორე საჩივრის ავტორი) საარბიტრაჟო სარჩელის უზრუნველყოფის მიზნით აეკრძალოთ მათ საკუთრებაში არსებული უძრავი ქონებების გასხვისება და იპოთეკით დატვირთვა.

2. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2019 წლის 14 იანვრის განჩინებით, განცხადება დაკმაყოფილდა; საარბიტრაჟო მოპასუხეებს აეკრძალათ მათ საკუთრებაში არსებული უძრავი ქონებების (მდებარე: ხაშურში, სოფელ ......... (ს/კ ......); ხაშურში, სოფელ ......... (ს/კ ......)) გასხვისება და იპოთეკით დატვირთვა.

3. სააპელაციო სასამართლოს ზემოაღნიშნული განჩინების გაუქმების მოთხოვნით საარბიტრაჟო მოპასუხეებმა საჩივარი წარადგინეს.

4. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2019 წლის 18 აპრილის განჩინებით, საჩივარი თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2019 წლის 14 იანვრის განჩინებაზე მიჩნეულ იქნა დაუშვებლად და საქმის მასალებთან ერთად გადმოეგზავნა საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატას.

5. სააპელაციო სასამართლომ იხელძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის (შემდგომ - სსსკ) 35613-ე, 35618-ე, 7.2-ე, 372-ე, 374-ე მუხლებით, იმავე კოდექსის 70-ე და 74-ე მუხლების პირველი ნაწილებით და საჩივარი მიიჩნია დაუშვებლად დადგენილ ვადაში ხარვეზის შეუვსებლობის მოტივით.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

6. საკასაციო სასამართლო საქმის მასალების შესწავლის შედეგად მიიჩნევს, რომ საჩივარი დაუშვებელია შემდეგი გარემოებების გამო:

7. სსსკ-ის 1971 მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, ზემდგომი ინსტანციის სასამართლოში საჩივარი განიხილება ამ კოდექსის 419-ე და 420-ე მუხლებით დადგენილი წესებით. ამავე კოდექსის 420-ე მუხლის თანახმად, კერძო საჩივრების განხილვა ზემდგომ სასამართლოებში წარმოებს შესაბამისად ამ სასამართლოებისათვის გათვალისწინებული წესების დაცვით, თავის მხრივ, სსსკ-ის 410-ე მუხლით დადგენილია, რომ საკასაციო სასამართლო არ დააკმაყოფილებს საკასაციო საჩივარს თუ: ა) კანონის მითითებულ დარღვევას არა აქვს ადგილი; ბ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებას საფუძვლად არ უდევს კანონის დარღვევა; გ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება არსებითად სწორია, მიუხედავად იმისა, რომ გადაწყვეტილების სამოტივაციო ნაწილი არ შეიცავს შესაბამის დასაბუთებას.

8. მოცემულ შემთხვევაში, საკასაციო პალატის შეფასების საგანია საარბიტრაჟო სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიების შესახებ სააპელაციო სასამართლოს განჩინებაზე შეტანილი საჩივრის დასაშვებობის საკითხი.

9. საქმის მასალების თანახმად, თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2019 წლის 26 თებერვლის განჩინებით, საჩივარს დაუდგინდა ხარვეზი სახელმწიფო ბაჟის გადაუხდელობის გამო და მის ავტორებს სახელმწიფო ბაჟის, 50 ლარის, გადახდის დამადასტურებელი დოკუმენტის წარსადგენად 5 დღე განესაზღვრათ, რაც სსსკ-ის 39.1 მუხლის „ე“ ქვეპუნქტის, 1971 მუხლის პირველი ნაწილისა და 368-ე მუხლის საფუძველზე, სავსებით მართებულია.

10. საკასაციო პალატა მიუთითებს საქმეში არსებულ მასალებზე, რომლითაც დასტურდება, რომ ხარვეზის დადგენის შესახებ განჩინება პირველ საჩივრის ავტორს გაეგზავნა საჩივარში მითითებულ მისამართზე და 2019 წლის 29 მარტს მის მამას - ვ.ო–ს ჩაჰბარდა, ხოლო მეორე საჩივრის ავტორისათვის გაგზავნილი გზავნილი პირადად ამ უკანასკნელს 2019 წლის 2 აპრილის ჩაჰბარდა (ს.ფ. 45-49), რაც დადასტურებულია გზავნილის მიმღების ხელმოწერით.

11. საკასაციო პალატა მიუთითებს სსსკ-ის 70-ე-78-ე მუხლებზე, რომლებიც განსაზღვრავს სასამართლო უწყების მხარისათვის ჩაბარების წესს. კერძოდ, სსსკ-ის 70-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, მხარეს ან მის წარმომადგენელს სასამართლო უწყებით ეცნობება სასამართლო სხდომის ან ცალკეული საპროცესო მოქმედების შესრულების დრო და ადგილი. უწყება მხარისათვის ან მისი წარმომადგენლისათვის ჩაბარებულად ითვლება, თუ იგი ჩაჰბარდება ერთ-ერთ მათგანს ან ამ კოდექსის 74-ე მუხლით გათვალისწინებულ სუბიექტებს.

12. სსსკ-ის 71-ე მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით, სასამართლო უწყება ადრესატს ბარდება მხარის მიერ მითითებული ძირითადი მისამართის (ფაქტობრივი ადგილსამყოფლის), ალტერნატიული მისამართის, სამუშაო ადგილის, სასამართლოსთვის ცნობილი სხვა მისამართის ან მხარეთა შეთანხმებით გათვალისწინებული ჩაბარების განსხვავებული წესის მიხედვით.

13. იმავე კოდექსის 74-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, თუ სასამართლო უწყების ჩამბარებელმა სასამართლოში გამოსაძახებელი პირი ვერ ნახა მხარის მიერ მითითებულ მისამართზე, იგი უწყებას აბარებს მასთან მცხოვრებ ოჯახის რომელიმე ქმედუნარიან წევრს. უწყების მიმღები ვალდებულია, უწყების მეორე ეგზემპლარზე აღნიშნოს თავისი სახელი და გვარი, ადრესატთან დამოკიდებულება და დაკავებული თანამდებობა. უწყების მიმღები ასევე ვალდებულია უწყება დაუყოვნებლივ ჩააბაროს ადრესატს. უწყების ამ ნაწილით გათვალისწინებული პირისათვის ჩაბარება ჩაითვლება უწყების ადრესატისათვის ჩაბარებად, რაც დასტურდება უწყების მეორე ეგზემპლარზე უწყების მიმღების ხელმოწერით.

14. ზემოაღნიშნული ნორმა ადგენს იმის შესაძლებლობას, რომ მხარის მიერ მითითებულ მისამართზე ამ უკანასკნელის არყოფნის შემთხვევაში, გზავნილი ჩაჰბარდეს მასთან მცხოვრებ ოჯახის რომელიმე ქმედუნარიან წევრს, რაც ამავე დოკუმენტის თავად მხარისათვის ჩაბარებას უთანაბრდება (ითვლება გზავნილის ადრესატისათვის ჩაბარებად) და სასამართლოს შეუძლია, განახორციელოს შესაბამისი საპროცესო მოქმედება. მართალია, ნორმა ითვალისწინებს მხარის ოჯახის წევრის მიერ მიღებული დოკუმენტის მხარისათვის გადაცემის ვალდებულებას, თუმცა მის მიერ მითითებული ვალდებულების შეუსრულებლობით გამოწვეული რისკი თავად მხარეს ეკისრება.

15. საკასაციო პალატა მიუთითებს, რომ საჩივრის ავტორებს ხარვეზის შესახებ განჩინება ჩაჰბარდათ საპროცესო კოდექსით დადგენილი წესისამებრ და არ არის გაქარწყლებული შეტყობინების კანონით დადგენილი წესით ჩაბარების პრეზუმფცია.

16. სსსკ-ის მე-60 მუხლის მეორე ნაწილის თანახმად, წლებით, თვეებით ან დღეებით გამოსათვლელი საპროცესო ვადის დენა იწყება იმ კალენდარული თარიღის ან იმ მოვლენის დადგომის მომდევნო დღიდან, რომლითაც განსაზღვრულია მისი დასაწყისი. ამავე კოდექსის 61-ე-63-ე მუხლების მიხედვით კი, საპროცესო მოქმედება, რომლის შესასრულებლადაც დადგენილია ვადა, შეიძლება შესრულდეს ვადის უკანასკნელი დღის ოცდაოთხ საათამდე, ხოლო საჩივარი ან საბუთები, რომელიც შეტანილია საპროცესო ვადის გასვლის შემდეგ, განუხილველი დარჩება.

17. საქმეში არსებული მასალების შესაბამისად, საკასაციო პალატა იზიარებს სააპელაციო სასამართლოს დასკვნას, რომ პირველი საჩივრის ავტორისათვის ხარვეზის შესავსებად დადგენილი 5-დღიანი საპროცესო ვადის დენა დაიწყო ხარვეზის განჩინების მისთვის ჩაბარების მომდევნო დღეს − 2019 წლის 30 მარტს და ამოიწურა იმავე წლის 3 აპრილს, ხოლო მეორე საჩივრის ავტორისათვის საპროცესო ვადის დენა - 2019 წლის 3 აპრილს დაიწყო და იმავე წლის 8 აპრილს ამოიწურა.

18. პალატა მიიჩნევს, რომ საჩივრის ავტორებს გონივრული ვადა (5 დღე) მიეცათ ხარვეზის გამოსასწორებლად, თუმცა სასამართლოს მიერ დადგენილ ვადაში იგი არ გამოუსწორებიათ და არც საპროცესო ვადის გაგრძელების შესახებ ან რაიმე სხვა სახის შუამდგომლობით არ მიუმართავთ სააპელაციო პალატისათვის.

19. სსსკ-ის 59-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, საპროცესო მოქმედება სრულდება კანონით დადგენილ ან სასამართლოს მიერ განსაზღვრულ ვადაში. ამავე კოდექსის 63-ე მუხლის თანახმად, საპროცესო მოქმედების შესრულების უფლება ქარწყლდება კანონით დადგენილი ან სასამართლოს მიერ დანიშნული ვადის გასვლის შემდეგ. საჩივარი ან საბუთები, რომელიც შეტანილია საპროცესო ვადის გასვლის შემდეგ, განუხილველი დარჩება. ამ ნორმებიდან გამომდინარეობს, რომ მხარე ვალდებულია, სასამართლოს მიერ განსაზღვრული ვადის მიხედვით შეასრულოს დავალებული საპროცესო მოქმედება, წინააღმდეგ შემთხვევაში, იგი კარგავს შესაბამისი მოქმედების შესრულების უფლებას.

20. მოცემულ შემთხვევაში, ვინაიდან საჩივრის ავტორებმა სასამართლოს მიერ განსაზღვრული ვადის დაცვით არ შეავსეს ხარვეზი, ამიტომ მათი საჩივარი მართებულად იქნა დაუშვებლად მიჩნეული სსსკ-ის 1971 მუხლის მე-2 ნაწილისა და 368-ე მუხლის მე-5 ნაწილის შესაბამისად.

21. საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ საპროცესო კოდექსით დადგენილი მოწესრიგება, რომელიც იმპერატიულად ადგენს ფორმალურ წესებსა და ვადებს, სავალდებულოა არა მხოლოდ მხარეებისათვის, არამედ სასამართლოსათვისაც და ამ რეგულაციების შეცვლა ან განსხვავებული ინტერპრეტაცია მხარეთა ნებაზე დამოკიდებული ვერ იქნება (იხ. სუსგ საქმე №ას-470-438-2017, 2017 წლის 2 ივნისის განჩინება).

22. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ გასაჩივრებული განჩინება კანონიერია და არ არსებობს მისი გაუქმების სსსკ-ის 393-ე-394-ე მუხლებით გათვალისწინებული წინაპირობები.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 399-ე, 372-ე, 1971, 419-ე, 420-ე, 284-ე, 285-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

1. ო.ო–ისა და გ.მ–ძის საჩივარი, თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2019 წლის 14 იანვრის განჩინების გაუქმების თაობაზე არ დაკმაყოფილდეს;

2. უცვლელად დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2019 წლის 14 იანვრის განჩინება.

3. განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.

მოსამართლეები: ლევან მიქაბერიძე

მირანდა ერემაძე

ვლადიმერ კაკაბაძე