Facebook Twitter

საქმე №ას-88-2019 9 მარტი, 2021 წელი

ქ. თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატა

შემადგენლობა:

ნინო ბაქაქური (თავმჯდომარე, მომხსენებელი),

ზურაბ ძლიერიშვილი, ეკატერინე გასიტაშვილი

საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი განხილვის გარეშე

საკასაციო საჩივრის ავტორი – რ.გ–ძე (მოსარჩელე)

მოწინააღმდეგე მხარეები – ს.ჩ–ი, გ.ჩ–ი (მოპასუხეები)

გასაჩივრებული განჩინება – ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2018 წლის 20 ნოემბრის განჩინება

კასატორის მოთხოვნა – გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის სრულად დაკმაყოფილება

დავის საგანი – ნაგებობის დემონტაჟი, პირვანდელ მდგომარეობაში აღდგენა

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი

1. რ.გ–ძემ (შემდგომში - „მოსარჩელე“, „აპელანტი“ ან „კასატორი“) სარჩელი აღძრა სასამართლოში ს.ჩ–ისა (შემდგომში - „პირველი მოპასუხე“) და გ.ჩ–ის (შემდგომში - „მეორე მოპასუხე“) მიმართ და მოითხოვა: 1) სამი ხაზობრივი მზიდი სვეტისა და განივი საყრდენი ხის ძელის პირვანდელ მდგომარეობაში აღდგენა; 2) მეორე მოპასუხის სახლის სახურავის მოსარჩელის სახლისაგან მოშორება და სახლის ახალი კედლის გასწვრივ გაკეთება; 3) მოსარჩელის სახლის პირველ სართულზე შესული და მეორე მოპასუხის სახლის კუთხით წინა ფასადის კედელზე მიშენებული მეორე მოპასუხის სახლის კედლის დანგრევა და ხელახლა აშენება; 4) სახლის დასავლეთ მხარეს მდებარე დაზიანებული კედლის გამაგრება; 5) სარდაფების ამოვსება; 6) მოსარჩელის მხარეს უკანონოდ ამოშენებული ყრუ კედლის დაშლა; 7) სახლის წინა კედლიდან გიორგი მღვდელაძის (შემდგომში - „მეზობელი“) სახლის კედლის ტიხრამდე მეორე მოპასუხის მიერ უკანონოდ გაკეთებული ფანჯრისა და კარის დაშლა; 8) უკანონოდ მითვისებული მიწის ფართის განთავისუფლება; 9) მეორე მოპასუხის უკანონო მფლობელობიდან მოსარჩელის სახლის პირველ სართულზე მდებარე ღია აივნის ფართებისა და კონსტრუქციების გამოთხოვა.

2. სარჩელი ემყარება შემდეგ ფაქტობრივ გარემოებებს:

2.1. მოსარჩელე ცხოვრობს ქ. ქუთაისში, ......... ქუჩა №8-ში მდებარე შენობის მეორე სართულზე. მას პირველ სართულზე აქვს ერთი არასაცხოვრებელი ოთახი. ასევე, ჰქონდა მიწის ფართი მეორე სართულზე არსებული შუშაბანდის ქვემოთ, სამ ხაზობრივ მზიდ სვეტსა და მეზობლის ბინის კედლის ნაწილს შორის;

2.2. პირველი მოპასუხე ცხოვრობდა აღნიშნული ორსართულიანი შენობის გვერდით, ორი მეტრის მოშორებით მდებარე ხის ფიცრებისგან აგებულ, ამორტიზებულ სახლში. მოპასუხეებმა ყოველგვარი ნებართვის გარეშე ააშენეს კაპიტალური სახლი, რომლის კედლები და სახურავი აამაღლეს და მიადგეს ორსართულიანი შენობის მეორე სართულის შუშაბანდს, რაც მას აზიანებს. ამასთან, სახლის წინა კედელი კუთხით შეიყვანეს ორსართულიანი შენობის პირველ სართულზე და დამატებით მოაწყვეს სარდაფი; მოსარჩელის მხარეს, მეზობლის სახლის კედელსა და საკუთარ კედელს შორის ამოაშენეს ყრუ კედელი, ხოლო მათი სახლის წინა მხარეს, მეზობლის სახლის კედლის ტიხრამდე უკანონოდ გააკეთეს ფანჯარა და კარი, უკანონოდ მიითვისეს აღნიშნული მიწის ფართი;

2.3. გარდა ზემოაღნიშნულისა, პირველმა მოპასუხემ მოთხარა და გამოიღო მოსარჩელის შუშაბანდის ქვემოთ პირველ სართულზე მდებარე სამი ხაზობრივი საყრდენი ბოძი და განივი მზიდი ძელი. ასევე, პირველი სართულის ქვემოთ მოაწყო სარდაფები, რამაც გამოიწვია ორსართულიანი სახლის დასავლეთ მხარეს, ფანჯრის ზემოთ და ქვემოთ კედლის გახსნა.

3. მოპასუხეებმა სარჩელი არ ცნეს.

4. ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2017 წლის 31 ოქტომბრის გადაწყვეტილებით სარჩელი არ დაკმაყოფილდა.

5. მოსარჩელემ პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილებაზე წარადგინა სააპელაციო საჩივარი. მან მოითხოვა გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილება.

6. ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2018 წლის 20 ნოემბრის განჩინებით სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა.

7. სააპელაციო პალატამ დადგენილად მიიჩნია შემდეგი ფაქტობრივი გარემოებები:

7.1. ქუთაისში, ......... ქ. №8-ში მდებარე მიწის ნაკვეთზე განთავსებული საცხოვრებელი სახლი შედგება ორზე მეტი ინდივიდუალური საკუთრების საგნისაგან;

7.2. აღნიშნულ მისამართზე 132,56 კვ.მ. ფართის მქონე ბინა ეკუთვნის რ.გ–ძეს, ხოლო 146,22 კვ.მ. ფართის მქონე ბინა გ.ჩ–ს.

8. სააპელაციო სასამართლომ იხელმძღვანელა „ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-3 მუხლის „გ“ ქვეპუნქტით და წინამდებარე განჩინების 7.1. პუნქტში მითითებული ფაქტობრივი გარემოების გათვალისწინებით, მიიჩნია, რომ ზემოაღნიშნულ მისამართზე მდებარე სახლი არის მრავალბინიანი, ხოლო მოდავე მხარეები წარმოადგენენ ბინათმესაკუთრეებს.

9. სააპელაციო პალატის მითითებით, აპელანტი მოწინააღმდეგე მხარისაგან ითხოვდა „ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობის შესახებ“ საქართველოს კანონის 21-ე მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული ვალდებულების შესრულებას, შესაბამისად, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე მუხლის პირველ ნაწილის თანახმად, ამ ვალდებულების არსებობის მტკიცების ტვირთი სწორედ მას ეკისრებოდა.

10. სააპელაციო სასამართლოს მოსაზრებით, აპელანტს არ წარუდგენია მისი მოთხოვნის დამადასტურებელი მტკიცებულებები. ხოლო, საქმეში არსებული მტკიცებულებებით არ დასტურდებოდა მოპასუხეების მიერ სახლის საყრდენი სვეტების ან კედლების დაზიანების ან მოშლის ფაქტი, ასევე ის გარემოება, რომ პირველი მოპასუხის კუთვნილი ნაგებობა აზიანებს აპელანტის საკუთრებას.

11. სადავო საკითხის გადასაწყვეტად ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს 2018 წლის 13 მარტის განჩინებით საქმეზე დაინიშნა ექსპერტიზა. სააპელაციო პალატის განმარტებით, სსიპ ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს 06.07.2018წ. დასკვნით აპელანტის მოთხოვნის ფაქტობრივი საფუძვლები ვერ დადგინდა. კერძოდ, ექსპერტებმა ვერ დაადგინეს აპელანტის კუთვნილი სახლის დაზიანების მიზეზი. ასევე, ვერ დაადგინეს არსებობდა თუ არა საყრდენი სვეტები, იყო თუ არა ისინი გამოღებული და უქმნიდა თუ არა ეს საფრთხეს აპელანტის კუთვნილი სახლის მდგრადობას. იმავდროულად, ექსპერტთა დასკვნით დადასტურდა, რომ სადავო სახურავი მთლიანად მდებარეობს მოპასუხის კუთვნილი სათავსოების ზემოთ და აპელანტის კუთვნილი სათავსოების საზღვრებში არ გადადის.

12. სააპელაციო სასამართლომ, ასევე აღნიშნა, რომ მოპასუხეთა მიერ სამართალდარღვევის ჩადენისა და აპელანტის ქონების დაზიანების ფაქტი არ დადასტურდა არც ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტის მერიის 2015 წლის 25 სექტემბრის №01/7450 წერილით.

13. სააპელაციო სასამართლოს მითითებით, დადგენილია, რომ №…... საკადასტრო კოდით რეგისტრირებული უძრავი ქონების მესაკუთრეა მეორე მოპასუხე. საჯარო რეესტრის ეს მონაცემი აპელანტს სადავოდ არ გაუხდია. ექსპერტთა ზემოთხსენებული დასკვნის თანახმად, უძრავი ქონების არსებული მდგომარეობა ტექ. ბიუროს გეგმის მიხედვით არსებულ, 1956 წლის მონაცემებს შეესაბამება. ამასთან, იმის დამადასტურებელი მტკიცებულება, რომ აპელანტს მოპასუხის საკუთრებით რაიმე სახის ზიანი ადგება, საქმეში წარდგენილი არ არის. შესაბამისად, სააპელაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 170-ე მუხლის პირველი ნაწილით და მიიჩნია, რომ მოპასუხე არ არის ვალდებული დაშალოს თავისი ბინის კედელი, გააუქმოს ფანჯარა და კარი.

14. სააპელაციო პალატის მითითებით, სსიპ ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს 06.07.2018წ. დასკვნით დგინდება, რომ სარდაფები, რომელთა ამოვსებასაც ითხოვს აპელანტი, სრულად განთავსებულია მეორე მოპასუხის კუთვნილი სათავსოების ქვედა ნაწილში, რაც ნიშნავს იმას, რომ ეს უკანასკნელი ამ ქონების მესაკუთრეა და უფლება აქვს ისარგებლოს საკუთრებით.

15. სააპელაციო სასამართლო არ დაეთანხმა საქალაქო სასამართლოს პოზიციას მოსარჩელის მოთხოვნის ხანდაზმულობასთან დაკავშირებით (საქალაქო სასამართლოს განმარტებით, მოცემულ შემთხვევაზე ვრცელდება უძრავ ნივთებთან დაკავშირებული სახელშეკრულებო მოთხოვნების ექვსწლიანი ხანდაზმულობის ვადა) და განმარტა, რომ მესაკუთრეს ყოველთვის შეუძლია მოითხოვოს საკუთრებით სარგებლობაში ხელშეშლის აღკვეთა, თუმცა, ამ გარემოებას საქმის განხილვის შედეგზე არსებითი გავლენა არ მოუხდენია.

16. სააპელაციო სასამართლოს ზემოაღნიშნულ განჩინებაზე მოსარჩელემ წარადგინა საკასაციო საჩივარი. მან მოითხოვა გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილება.

17. საკასაციო საჩივარი ემყარება შემდეგ საფუძვლებს:

17.1. მეორე მოპასუხემ უკანონოდ ააშენა ეზოში სახლი. მისი სახლის კედელი შესულია მოსარჩელის სახლის პირველ სართულზე კუთხით და მიშენებულია კუთხით წინა ფასადის კედელზე. ასევე, მეორე მოპასუხის სახლის სახურავი გამოგრძელებულია და მიდგმულია მოსარჩელის სახლზე, რაც აზიანებს მისი სახლის მეორე სართულის აივანს და კედლებს. მოსული ნალექი (თოვლი, წვიმა) ესხურება მოსარჩელის სახლის კედლებს, ხოლო უხვი ნალექის შემთხვევაში, მოპასუხეების მიერ ჩაკეტილი კედელი წყალს არ ატარებს და აზიანებს მოსარჩელის საცხოვრებელი სახლის პირველ და მეორე სართულს;

17.2. მოსარჩელის საცხოვრებელი სახლის პირველ სართულზე მოპასუხეებმა მოთხარეს სამი ხაზობრივი საყრდენი სვეტი და გამოიღეს განივი საყრდენი ძელი, რამაც გამოიწვია საცხოვრებელი სახლის კედლის დაზიანება და კედლის დეფორმირება;

17.3. მოსარჩელის სახლი საჭიროებს კაპიტალურ შეკეთებას, რაც გამოწვეულია მოპასუხეთა მიერ განხორციელებული უკანონო მშენებლობებით, თუმცა მას არ აქვს სარემონტო სამუშაოების ჩატარების საშუალება, რადგან მოპასუხეთა სახლის სახურავი ისეა მიდგმული მოსარჩელის სახლზე, რომ მას ყოველგვარი ქმედება აქვს შეზღუდული;

17.4. რაც შეეხება ექსპერტიზის დასკვნას, ექსპერტების პასუხები არის ზოგადი. მათ დასმულ კითხვებზე კონკრეტული პასუხის გაცემას შეგნებულად აარიდეს თავი;

17.5. არასწორია ექსპერტის მიერ დასკვნაში გაკეთებული მითითება იმასთან დაკავშირებით, რომ მეორე მოპასუხის კუთვნილი სახლის სახურავი არ არის გადასული მოსარჩელის (დასკვნაში ყველგან მითითებულია დ.გ–ძე, რომელიც არის მოსარჩელის მამკვიდრებელი) კუთვნილი სათავსოების საზღვრებში. მეორე მოპასუხის სახლის სახურავი ორი მეტრით იყო დაშორებული მოსარჩელის სახლის პირველი სართულის ღია აივნიდან, ახლა კი მიდგმულია მის სახლზე;

17.6. ექსპერტიზის დასკვნის თანახმად, ვიზუალური დათვალიერებით ვერ დადგინდა აზიანებს თუ არა მეორე მოპასუხის სახლის სახურავი მოსარჩელის კუთვნილ სახლს, რაც, ასევე, არ შეესაბამება სინამდვილეს. კერძოდ, ექსპერტიზის დასკვნაში აღნიშნულია, რომ მოსარჩელის კუთვნილი სახლის დასავლეთ მხარეს მდებარე კედელი არის დაზიანებული. ეს სწორედ ის მხარეა, სადაც მოსარჩელის სახლს უკანონოდ აქვს მიშენებული მეორე მოპასუხის სახლის სახურავი. აღნიშნული მიშენება უკანონოა იმდენად, რანდენადაც იგი პირდაპირ არის მიდგმული მოსარჩელის სახლის მეორე სართულის შემინულ აივანზე, ამასთან მშენებლობის თაობაზე არ არსებობდა მესაკუთრეთა თანხმობა. გარდა ამისა, დასკვნის საწინააღმდეგოდ, სასამართლო სხდომაზე გამოცხადებულმა ექსპერტმა განაცხადა, რომ მეორე მოპასუხის სახლის სახურავი აზიანებს მოსარჩელის სახლს;

17.7. ექსპერტიზის დასკვნაში მითითებულია, რომ ექსპერტიზისათვის არ არის ცნობილი იყო თუ არა საყრდენი სვეტები მოწყობილი პირველ სართულზე (შემინული აივნის ქვემოთ). საინტერესოა რომელი სახლი შენდებოდა და შენდება საყრდენი სვეტების გარეშე. აქედან დასტურდება, რომ საყრდენი სვეტები მოთხრილია;

17.8. ექსპერტიზის დასკვნის თანახმად, იმის გამო, რომ შემინული აივნის ქვედა ნაწილი დაფარულია მეორე მოპასუხის სახლის გადახურვის შეფიცვრით, შეუძლებელია დადგინდეს გამოღებულია თუ არა განივი საყრდენი ხის ძელი. ექსპერტები ვალდებულები იყვნენ აღნიშნული შეემოწმებინათ და ისე გაეცათ კითხვაზე პასუხი. ეს გარემოება ადასტურებს, რომ გამოღებულია ხის საყრდენი ძელი. ექსპერტებმა შეგნებულად არ გასცეს პასუხი საქმისათვის მნიშვნელოვან შეკითხვებს. თუმცა, ფაქტობრივი მდგომარეობა სახეზეა და მისი იგნორირება შეუძლებელია. საქმეშია მოპასუხეთა უკანონო ქმედებების დამადასტურებელი უამრავი მტკიცებულება;

17.9. სააპელაციო სასამართლოს მტკიცება, რომ „ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-4 მუხლის "გ" ქვეპუნქტის შესაბამისად, სახლის საყრდენი ბოძები და კედლები ინდივიდუალური ამხანაგობის წევრთა საერთო საკუთრებაა, მოკლებულია სამართლებრივ საფუძველს, ვინაიდან საქმეში არსებული მასალებით დასტურდება, რომ ამ მისამართზე იდგა ერთი ორსართულიანი შენობა, რომელიც ეკუთვნოდა დ.გ–ძეს (მოსარჩელის მამკვიდრებელი). ხოლო, პირველი მოპასუხე ცხოვრობდა ამ ორსართულიანი შენობის გვერდით, ორი მეტრის მოშორებით მდებარე, ხის ფიცრებისაგან აგებულ, ამორტიზებულ სახლში, რომლის ნაცვლად მან ნებართვის გარეშე ააშენა კაპიტალური სახლი. მათ არ ჰქონიათ საერთო საყრდენი ბოძები და კედლები, როგორც ამას სააპელაციო სასამართლო მიუთითებს. დღესაც არ არსებობს საერთო კედლები და საყრდენი ბოძები. პირიქით, სახლი რომ აეშენებინათ მოპასუხეებმა მოსარჩელის საკუთრება დააზიანეს;

17.10. სასამართლო თვლის, რომ მოსარჩელის მოთხოვნა დაუსაბუთებელია, თუმცა, ამის საწინააღმდეგოდ საქმეში არსებობს უამრავი მტკიცებულება, რომელიც მოსარჩელის მოთხოვნის საფუძვლიანობას ადასტურებს, რაც სასამართლომ არ გაითვალისწინა.

18. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2019 წლის 01 თებერვლის განჩინებით საკასაციო საჩივარი მიღებულ იქნა წარმოებაში, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მიხედვით, დასაშვებობის შესამოწმებლად.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი

19. საკასაციო სასამართლო საქმის შესწავლისა და საკასაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მოთხოვნებს, რის გამოც მიჩნეულ უნდა იქნეს დაუშვებლად.

20. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მე-5 ნაწილის თანახმად, საკასაციო საჩივარი ქონებრივ ან არაქონებრივ დავაზე დასაშვებია, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს; ზ) გასაჩივრებულია სააპელაციო სასამართლოს მეორე დაუსწრებელი გადაწყვეტილება ან განჩინება დაუსწრებელი გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების თაობაზე.

21. საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლით გათვალისწინებული არცერთი საფუძვლით.

22. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 407-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, სააპელაციო სასამართლოს მიერ დამტკიცებულად ცნობილი ფაქტობრივი გარემოებები სავალდებულოა საკასაციო სასამართლოსათვის, თუ წამოყენებული არ არის დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია (შედავება). დასაბუთებულ პრეტენზიაში იგულისხმება მითითება იმ პროცესუალურ დარღვევებზე, რომლებიც დაშვებული იყო სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვის დროს და რამაც განაპირობა ფაქტობრივი გარემოებების არასწორად შეფასება-დადგენა, მატერიალურ-სამართლებრივი ნორმის არასწორად გამოყენება ან/და განმარტება.

23. საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ კასატორს სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებთან მიმართებით არ წარმოუდგენია დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია (შედავება).

24. განსახილველ შემთხვევაში, საკასაციო სასამართლოს მსჯელობის საგანია ახორციელებს თუ არა მეორე მოპასუხე თავისი უძრავი ქონებით იმგვარ სარგებლობას, რაც იწვევს მოსარჩელის საკუთრების ხელყოფას, სხვაგვარ ხელშეშლას ან/და ზიანს.

25. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 170-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, მესაკუთრეს შეუძლია, კანონისმიერი ან სხვაგვარი, კერძოდ, სახელშეკრულებო შებოჭვის ფარგლებში თავისუფლად ფლობდეს და სარგებლობდეს ქონებით (ნივთით), არ დაუშვას სხვა პირთა მიერ ამ ქონებით სარგებლობა, განკარგოს იგი, თუკი ამით არ ილახება მეზობლების ან სხვა მესამე პირთა უფლებები, ანდა, თუ ეს მოქმედება არ წარმოადგენს უფლების ბოროტად გამოყენებას. იმავე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, უფლების ბოროტად გამოყენებად ჩაითვლება საკუთრებით ისეთი სარგებლობა, რომლითაც მხოლოდ სხვებს ადგებათ ზიანი ისე, რომ არ არის გამოკვეთილი მესაკუთრის ინტერესის უპირატესობა, და მისი მოქმედების აუცილებლობა გაუმართლებელია.

26. იმავე კოდექსის 172-ე მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, თუ საკუთრების ხელყოფა ან სხვაგვარი ხელშეშლა ხდება ნივთის ამოღების ან მისი ჩამორთმევის გარეშე, მაშინ მესაკუთრეს შეუძლია ხელის შემშლელს მოსთხოვოს ამ მოქმედების აღკვეთა. თუ ამგვარი ხელშეშლა კვლავ გაგრძელდება, მესაკუთრეს შეუძლია მოითხოვოს მოქმედების აღკვეთა სასამართლოში სარჩელის შეტანის გზით. აღნიშნული ნორმით გათვალისწინებული საკუთრების ხელყოფის ან სხვაგვარი ხელშეშლის აღკვეთის მოთხოვნა წარმოადგენს ნეგატორულ სარჩელს, რომელიც, მესაკუთრის დაცვის მიზნით, მიმართულია უფლების დამრღვევი პირის წინააღმდეგ. სასამართლო ამ ტიპის სარჩელის განხილვისას ადგენს არა რაიმე ახალ უფლებას (აწესებს, ცვლის, წყვეტს და სხვა), არამედ მოდავე სუბიექტთა უფლებრივი მდგომარეობის შეუცვლელად ახდენს სამოქალაქო უფლების სწორი რეალიზაციის წესის განსაზღვრას. ასეთი ტიპის სარჩელი დაკმაყოფილდება ისეთ შემთხვევაში, როდესაც არსებობს ნივთის მესაკუთრე, რომლის საკუთრების ხელყოფა ან საკუთრების გამოყენებაში სხვაგვარი ხელშეშლა ხორციელდება სხვა პირის უკანონო მოქმედებით (იხ. სუსგ საქმე №ას-843-809-2016, 26 ოქტომბერი, 2016 წელი; №ას-674-2019, 30 სექტემბერი, 2019 წელი).

27. საკასაციო სასამართლო, ასევე განმარტავს, რომ სამოქალაქო სამართალწარმოება მიმდინარეობს მხარეთა თანასწორობისა (სსსკ-ის მე-5 მუხლი) და შეჯიბრებითობის (სსსკ-ის მე-4 მუხლი) ფუნდამენტურ პრინციპებზე დაყრდნობით. სამოქალაქო პროცესში მხარეები ვალდებულნი არიან სათანადო მტკიცებულებების წარდგენის გზით დაადასტურონ მათი პოზიციის გასამყარებლად მითითებული გარემოებების არსებობა (სსსკ-ის 102-ე მუხლი). მოსარჩელემ უნდა ამტკიცოს ის გარემოებები, რომლებზედაც დაფუძნებულია სასარჩელო მოთხოვნა, ხოლო მოპასუხემ გარემოებები, რომლებსაც მისი შესაგებელი ემყარება. მტკიცების ტვირთი - ესაა სამოქალაქო სამართალწარმოებაში საქმის სწორად გადაწყვეტისათვის მნიშვნელოვანი ფაქტების დამტკიცების მოვალეობის დაკისრება მხარეებზე, რომლის შესრულება უზრუნველყოფილია მატერიალურ-სამართლებრივი თვალსაზრისით არახელსაყრელი გადაწყვეტილების გამოტანით იმ მხარის მიმართ, რომელმაც ეს მოვალეობა არ (ვერ) შეასრულა. მხარეთა მტკიცებითი საქმიანობის საბოლოო მიზანი - ესაა სასამართლოს დარწმუნება საქმის სწორად გადაწყვეტისათვის მნიშვნელობის მქონე გარემოებების არსებობაში. სასამართლოს დაურწმუნებლობა კი, მხარისათვის არახელსაყრელ შედეგს იწვევს (იხ. მაგ. სუსგ საქმე №ას-867-834-2016, 22 ნოემბერი, 2018 წელი; №ას-833-833-2018, 16 ნოემბერი, 2018 წელი).

28. ამდენად, იმ გარემოების მტკიცების ტვირთი, რომ მოპასუხეები ახორციელებენ მოსარჩელის საკუთრების ხელყოფას ან/და ხელშეშლას სწორედ ამ უკანასკნელს ეკისრებოდა.

29. მოცემულ შემთხვევაში დადგენილია, რომ ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს 2018 წლის 13 მარტის განჩინებით სადავო საკითხის გადასაწყვეტად დაინიშნა ექსპერტიზა. ექსპერტიზის დასკვნით არ დადასტურდა, რომ მეორე მოპასუხის კუთვნილი სახლის სახურავი, კედელი ან/და სარდაფები იჭრება მოსარჩელის კუთვნილი სახლის საზღვრებში და აზიანებს მას; ვერ დადგინდა მოსარჩელის კუთვნილი სახლის დასავლეთ მხარეს მდებარე კედლის დაზიანების გამომწვევი კონკრეტული მიზეზები; ასევე, ვერ დადასტურდა იყო თუ არა მოწყობილი და მოთხრილია თუ არა ორსართულიანი სახლის პირველ სართულზე (შემინული აივნის ქვემოთ) საყრდენი სვეტები (დღეის მდგომარეობით აღნიშნულ ადგილას საყრდენი სვეტები არ არის), გამოღებულია თუ არა განივი საყრდენი ხის ძელი და უქმნის თუ არა ეს გარემოებები საფრთხეს მოსარჩელის კუთვნილი სახლის მდგრადობას.

30. კასატორი დავობს, რომ ექსპერტიზის დასკვნაში მითითებული პასუხები არის ზოგადი და არ შეესაბამება სინამდვილეს. აღნიშნულთან დაკავშირებით, საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ თუკი მოსარჩელე არ ეთანხმებოდა ექსპერტიზის დასკვნას და ის არასრულად ან/და დაუსაბუთებლად მიაჩნდა, სამოქალაქო სამართალწარმოებაში მოქმედი შეჯიბრებითობის პრინციპიდან გამომდინარე, მას შეეძლო თავად შეექმნა მტკიცებულება და დამატებით ჩაეტარებინა ექსპერტიზა, რაც არ გაუკეთებია. სააპელაციო სასამართლომ გაიზიარა ექსპერტიზის დასკვნა, ხოლო საკასაციო სასამართლოს არ აქვს საფუძველი ეჭვი შეიტანოს მის მართებულობაში.

31. დადგენილია ასევე, რომ მეორე მოპასუხე წარმოადგენს ქუთაისში, ......... ქ. №8-ში მდებარე მიწის ნაკვეთზე განთავსებული 146,22 კვ.მ. საცხოვრებელი ფართის მესაკუთრეს, მოსარჩელეს საჯარო რეესტრის ეს მონაცემები სადავოდ არ გაუხდია, შესაბამისად, საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 312-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად [რეესტრის მონაცემების მიმართ მოქმედებს უტყუარობისა და სისრულის პრეზუმფცია, ე. ი. რეესტრის ჩანაწერები ითვლება სწორად, ვიდრე არ დამტკიცდება მათი უზუსტობა], მის მიმართ მოქმედებს უტყუარობისა და სისრულის პრეზუმფცია, ხოლო იმავე კოდექსის 170-ე მუხლის საფუძველზე, მესაკუთრე/მეორე მოპასუხე უფლებამოსილია კანონისმიერი ან სხვაგვარი, კერძოდ, სახელშეკრულებო შებოჭვის ფარგლებში თავისუფლად ფლობდეს და სარგებლობდეს აღნიშნული ქონებით (ნივთით). კასატორის მითითება ზემოაღნიშნული სახლის უკანონოდ აშენების თაობაზე, ვერ აბათილებს საჯარო რეესტრში რეგისტრირებული მესაკუთრის უფლებას უძრავ ქონებაზე, გარდა ამისა, ეს საკითხი სცდება განსახილველი დავის ფარგლებს.

32. აღნიშნულიდან გამომდინარე საკასაციო სასამართლო იზიარებს სააპელაციო სასამართლოს მსჯელობას, რომ მეორე მოპასუხე არ არის ვალდებული დაშალოს თავისი ბინის კედელი ან/და გააუქმოს ფანჯარა და კარი.

33. ამდენად, ექსპერტიზის დასკვნით არ დადგინდა მოპასუხეთა მხრიდან უკანონო ხელშეშლის ან/და ზიანის მიყენების ფაქტი. ამასთან, მოსარჩელეს არ წარუდგენია სხვა მტკიცებულებები, რომლებიც სათანადოდ და უტყუარად დაადასტურებდა აღნიშნულ გარემოებებს.

34. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო ეთანხმება სააპელაციო სასამართლოს დასკვნას, რომ მოსარჩელის მოთხოვნა დაუსაბუთებელია და არ არსებობს მისი დაკმაყოფილების ფაქტობრივ-სამართლებრივი საფუძვლები.

35. საკასაციო პალატა დამატებით განმარტავს, რომ განსახილველი დავა, მისი შინაარსიდან გამომდინარე, სამეზობლო სამართლის მოწესრიგების სფეროს განეკუთვნება. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 174-ე მუხლის შესაბამისად, მეზობელი მიწის ნაკვეთის ან სხვა უძრავი ქონების მესაკუთრენი ვალდებულნი არიან პატივი სცენ ერთმანეთს. გარდა ამისა, მათ ერთმანეთის მიმართ აქვთ კონკრეტული უფლება-მოვალეობები, რომელთა შორის მნიშვნელოვანია სამეზობლო ზემოქმედებათა თმენის ვალდებულება. თუმცა, იმ შემთხვევაში, როცა ზემოქმედება აღემატება კონკრეტულ ადგილას ჩვეულებრივად მიჩნეულ სარგებლობას და ეკონომიკურად დასაშვებ ფარგლებს, მიწის ნაკვეთის ან სხვა უძრავი ქონების მესაკუთრეს შეუძლია ზემოქმედების გამომწვევი ნაკვეთის მესაკუთრეს მოსთხოვოს შესაბამისი ფულადი კომპენსაცია (სსკ-ის 175-ე მუხლი). საკასაციო პალატა ყურადღებას ამახვილებს იმ გარემოებაზე, რომ მოცემულ შემთხვევაში, მოსარჩელის მოთხოვნას წარმოადგენს ხელშეშლის აღკვეთა და არა თმენის კომპენსაცია.

36. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ მოცემულ შემთხვევაში კასატორს არ წარმოუდგენია იმგვარი დასაშვები და დასაბუთებული საკასაციო პრეტენზია, რომელიც გასაჩივრებული განჩინებით დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების გაბათილებისა და საკასაციო საჩივრის არსებითად განსახილველად დაშვების შესაძლებლობას მისცემდა სასამართლოს.

37. სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმე არ არის განხილული საპროცესო დარღვევებით, ვერც საკასაციო საჩივრის ავტორი მიუთითებს რაიმე ისეთ დარღვევაზე, რომელსაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე.

38. ამასთან, გასაჩივრებული განჩინება არ განსხვავდება ამ კატეგორიის საქმეებზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან (იხ. მაგ. სუსგ საქმე №ას-1250-2018, 21 დეკემბერი, 2018 წელი; №ას-674-2019, 30 სექტემბერი, 2019 წელი), რის გამოც საკასაციო საჩივრის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების თვალსაზრისით. არც დასაბუთებული პოზიციაა წარმოდგენილი ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციასთან ან/და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალთან წინააღმდეგობის საფუძვლით.

39. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო არ არის უფლებამოსილი დაუშვას საკასაციო საჩივარი, რის გამოც მას უარი უნდა ეთქვას განხილვაზე.

40. კასატორმა იშუამდგომლა საკასაციო საჩივრის ზეპირი მოსმენით განხილვის შესახებ. აღნიშნულთან დაკავშირებით საკასაციო პალატა განმარტავს, რომ საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2019 წლის 01 თებერვლის განჩინებით საკასაციო საჩივარი, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის შესაბამისად, მიღებულ იქნა წარმოებაში და დადგინდა დასაშვებობის შემოწმება ზეპირი მოსმენის გარეშე, რის თაობაზეც ეცნობათ მხარეებს.

41. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ამ კოდექსის 391-ე მუხლით დადგენილ მოთხოვნათა შესაბამისად საკასაციო საჩივრის დასაშვებობას ამოწმებს სასამართლოს კოლეგიური შემადგენლობა. კოლეგია უფლებამოსილია აღნიშნული საკითხი ზეპირი განხილვის გარეშე გადაწყვიტოს. საკასაციო საჩივრის დასაშვებად ცნობის შემთხვევაში კი, სასამართლო მსჯელობს საქმის ზეპირი მოსმენით განხილვის მიზანშეწონილობაზე.

42. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, ვინაიდან საკასაციო საჩივარი დაუშვებლად იქნა მიჩნეული, ვერ დაკმაყოფილდება შუამდგომლობა მისი ზეპირი მოსმენით განხილვის შესახებ.

43. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 46-ე მუხლის პირველი ნაწილის „ვ“ ქვეპუნქტის თანახმად, კასატორი გათავისუფლებულია სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე, 401-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა

1. რ.გ–ძის საკასაციო საჩივარი, როგორც დაუშვებელი, დარჩეს განუხილველი;

2. რ.გ–ძის შუამდგომლობა საქმის ზეპირი მოსმენით განხილვის თაობაზე არ დაკმაყოფილდეს;

3. კასატორი გათავისუფლებულია სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან;

4. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.

თავმჯდომარე ნ. ბაქაქური

მოსამართლეები: ზ. ძლიერიშვილი

ე. გასიტაშვილი